ბათუმში, თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული ადნან ალთაი ალთინორსი, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, სკანდალის ფონზე გაიწვია.
თურქულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გენერალური კონსული ბათუმიდან მას შემდეგ გაიწვიეს, რაც გავრცელდა ფოტო, რომელზეც ასახულია კაზინოში მყოფი ადნან ალთაი ალთინორსი.

კაზინოში გადაღებული ფოტო, რომელიც თურქული მედიის თანახმად კონსულის ვადაზე ადრე გაწვევის მიზეზი გახდა
თურქული პრესა წერს, რომ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კონსულის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს დეტალურად იძიებს.
ადნან ალთაი ალთინორსი გენერალურ კონსულად 2024 წლის შემოდგომაზე დაინიშნა და მას როტაცია ჯერ არ უწევდა.

ადნან ალთაი ალთინორსი
„ბათუმელებმა“ სცადა ინფორმაციის გადამოწმება ბათუმში, თურქეთის გენერალურ საკონსულოში, თუმცა იქ ჩვენს ზარებს არ უპასუხეს.
წერილობით მივმართეთ საქართველოში თურქეთის საელჩოსაც. დავინტერესდით, რატომ გაიწვია სამინისტრომ გენერალური კონსული ბათუმიდან, ვადაზე ადრე.
ოფიციალური პასუხების მიღების შემთხვევაში, ის მასალაში აისახება.
თურქულმა გამოცემებმა ბათუმიდან გენერალური კონსულის გაწვევის შესახებ ინფორმაცია გუშინ, 9 ივნისს გაავრცელეს. ფოტო სავარაუდოდ რამდენიმე თვის წინაა გადაღებული, რადგან ბოლო ორი თვეა ბათუმში გენერალური კონსულის სტატუსით შეხვედრებს ბანუ თერზიოღლუ ესწრება, რომელიც მანამდე თბილისში, თურქეთის საელჩოში, მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ მუშაობდა.
საჯარო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბანუ თერზიოღლუ 2026 წლის 29 აპრილს უკვე გენერალური კონსულის სტატუსით ესწრებოდა საქართველოში თურქეთის ახალი ელჩის, მუსტაფა თურქერ არის შეხვედრას ბათუმის მერთან, გიორგი ცინცაძესთან.

საქართველოში თურქეთის ელჩი მუსტაფა თურქერ არი და გენერალური კონსული ბათუმში ბანუ თერზიოღლუ ბათუმის მერთან, გიორგი ცინცაძესთან შეხვედრაზე
თურქეთის ახალი გენერალური კონსული ბათუმში ბანუ თერზიოღლუ ODTÜ-ს, შუა აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია.
მან თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობა 2005 წელს დაიწყო. წლების განმავლობაში იკავებდა სხვადასხვა თანამდებობებს პროტოკოლის, სამხრეთ აზიისა და ევროკავშირის საქმეთა გენერალურ სამდივნოში.
2016 წლიდან 2019 წლამდე იყო თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ხოლო 2019 წელს გენერალურ კონსულად დაინიშნა კარლსრუეში, გერმანიაში.
ბათუმში გენერალურ კონსულად დანიშვნამდე ბანუ თერზიოღლუ თბილისში, თურქეთის საელჩოში მუშაობდა მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ.

თურქეთის გენერალური კონსული ბათუმში ბანუ თერზიოღლუ და საქართველოში თურქეთის ელჩი მუსტაფა თურქერ არი






