9 ივნისს, საზოგადოებრივი არხის ეთერში პირდაპირი ეთერის დროს, კონცერტის მსვლელობისას 10 წლის გოგონა სცენაზე მოწყვეტით დაეცა. თუმცა არც კონცერტი და არც პირდაპირი ეთერი არ შეწყვეტილა.
ბავშვის დაცემის ვიდეო გუშინ, 10 ივნისს გაავრცელა ბავშვის ბებიამ ფეისბუქით, დღეს კი მედიასაშუალებებში გავრცელდა.
ვიდეოს აღწერაში ბავაშვის ბებია წერდა, რომ ბავშვი სამი წუთის განმავლობაში უყურადღებოდ იწვა იატაკზე.
„ამ სამი წუთის განმავლობაში არავინ იცოდა, ჰქონდა თუ არა თავის ტრავმა, სჭირდებოდა თუ არა სასწრაფო დახმარება ან საერთოდ რა მდგომარეობაში იყო, მაგრამ ბავშვის უსაფრთხოება მაინც ყურადღების მიღმა დარჩა.
სიმღერა დასრულდა და ბავშვები დაიხარნენ არა წინასწარ განსაზღვრული წერტილისკენ, არამედ ანკას სიმაღლის მთელ პერიმეტრზე. ამას იმიტომ ვაკონკრეტებ, რომ ამ შემთხვევის ოდნავ შემამსუბუქებელი ფაქტიც კი არ არსებობს. მიუხედავად ამისა, მაინც ითქვა: დავინახეთ, რომ ბავშვი წამოჯდა, ვიფიქრეთ, არაფერი იყო და ამიტომ გავაგრძელეთო. ვერ წამოჯდა ბავშვი.
ღმერთმა გადმოგვხედა და ბავშვი კარგად არის. თითები აქვს ნატკენი, დღეს დავასურათებთ და ყველა საჭირო კვლევა აქვს ჩანიშნული, რათა ყველაფერი ცუდი გამოირიცხოს“, – წერს ბავშვის ბებია ნინო კუხალეიშვილი ფეისბუქზე.
„ბათუმელები“ ბებიას დაუკავშირდა, რომელმაც გვითხრა, რომ ბავშვს დაცემისას თითები დაუზიანდა, თუმცა ახლა თავს ნორმალურად გრძნობს.
„როგორც გვითხრა, სცენაზე უჰაერობა იყო და ამიტომ იგრძნო თავი ცუდად“, – გვეუბნება ბებია.
ბავშვის დაცემის ვიდეო მშობლებს თავად აკადემიამ გადაუგზავნა.
„ბევრად უფრო ღირებული იქნებოდა, ბავშვებსაც და უფროსებსაც რომ ჰქონოდათ ემპათია, თანაგრძნობა და ერთმანეთის შემჩნევის უნარი, რომ ადამიანი არის უპირველესი ფასეულობა.
სიმღერის აკადემიას, რაც კი გაკვეთილი ჩაუტარებია გუშინდელ დღემდე, ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი გაკვეთილი სწორედ გუშინ მიეცა. მაგრამ ეს გაკვეთილი ვერ ჩაატარეს. ყველაზე მთავარი გამორჩათ – ადამიანი, ბავშვი“, – წერს ბებია.
მას შემდეგ, რაც ლაივში ბავშვის სცენაზე დაცემის ვიდეო მედიაში გავრცელდა, „სიმღერის აკადემიამ“ ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალური განმარტება გაავრცელა ფეისბუქით.
ტექსტში წერია, რომ გავრცელებული ვიდეო პირდაპირი ეთერის დროს მომხდარ შემთხვევას ასახავს.
„თუმცა, გავრცელებული არაოფიციალური (დარბაზიდან გადაღებული) კადრები და მასზე საზოგადოების მხრიდან თანდართული ინტერპრეტაციები, თითქოს ბავშვი უყურადღებოდ შეგნებულად დარჩა პასუხისმგებელი პირების მხრიდან, არ შეესაბამება სიმართლეს.
რეალობის სრულფასოვნად აღქმისთვის აუცილებელია განვმარტოთ შემდეგი გარემოებები:
პირდაპირი ეთერის დროს, სცენის განათების, ხმამაღალი მუსიკისა და დინამიკის გამო, ხელმძღვანელების მხრიდან უშუალოდ წაქცევის მომენტის დანახვა ვერ მოხდა.
სატელევიზიო ეთერში ეს მომენტი საერთოდ არ ჩანს – ხელმძღვანელებმა გაიგეს მხოლოდ დაცემის ხმა და როდესაც დაცემის ხმის მიმართულებით გაიხედეს, დაინახეს მომღერალ თანაგუნდელებს შორის წამომჯდარი ბავშვი.
მოკვლევის შემდეგ გავარკვიეთ, რომ ერთადერთი, ვინც უშუალოდ დაცემის მომენტი დაინახა, მის გვერდით მდგარი ბავშვები იყვნენ, რომლებმაც მყისიერადვე მიაქციეს ყურადღება და გამოელაპარაკნენ მას.
სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრები არის არა სატელევიზიო ეთერიდან, არამედ დარბაზში მყოფი ერთ-ერთი მშობლის ტელეფონით გადაღებული ჩანაწერი. მას შემდეგ, რაც ჩვენთვის ცნობილი გახდა ამ კადრების არსებობის შესახებ, სწორედ ჩვენი გუნდის ხელმძღვანელებმა გადაუგზავნეს აღნიშნული ვიდეო ბავშვის მშობლებს.
ეს ნაბიჯი გადაიდგა ერთი მიზნით – მშობლებს სრულყოფილად სცოდნოდათ, როგორ წაიქცა ბავშვი, რათა არცერთი დეტალი არ დარჩენილიყო სამედიცინო ყურადღების მიღმა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თავად ბავშვი მორიდების გამო რამეს დამალავდა“მ – წერია „სიმღერის აკადემიის“ განცხადებაში.
ამავე ტექსტის მიხედვით, მომხდარი წუთიდან დღემდე, გუნდის ხელმძღვანელობა მუდმივ, უწყვეტ კონტაქტზეა ოჯახთან, ვინტერესდებით ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობით და ჩვენს ხელთ არსებულ ყველა რესურსს მივმართავთ მათი მხარდაჭერისთვის“.






