„ქართული ოცნების“ ორი დეპუტატი, გიორგი ჭყონია და ვიქტორ ჯაფარიძე საბაჟო-გამშვებ პუნქტებთან მოწყობილი ლიცენზირებულ TIR PARK-ებს ფლობენ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევის თანახმად, დეპუტატი გიორგი ჭყონია სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტთან, ბათუმში, აფსაროსის გზატკეცილის #2-ში მოწყობილი TIR PARK-ის, შპს „ფიგოილის“ 50% წილის მფლობელია.
გიორგი ჭყონია „ქართული ოცნების” მსხვილი შემწირველია.
შპს „ფიგოილთან“ დაკავშირებულმა პირებმა, „ქართულ ოცნებას“ და სალომე ზურაბიშვილს, 2014 წლიდან დღემდე, ჯამში 797, 000 ლარი შესწირეს.
კიდევ ერთ დეპუტატთან, ვიქტორ ჯაფარიძის სახელთანაა დაკავშირებული წითელ ხიდთან არსებული TIR PARK-ი.
„წითელ ხიდის საბაჟო გამშვებ პუნქტთან, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჟბადინში მოწყობილი TIR PARK-ის, შპს „ტირ პარკ მარნეული 2014-ის” ყოფილი მეწილეები არიან „ხალხის ძალის“ და პროპაგანდისტული არხის, „პოსტივის“ დამფუძნებლის, საქართველოს არალეგიტიმური პარლამენტის წევრის, ვიქტორ ჯაფარიძის მეუღლე ნათია ხვისტანი და მათ ოჯახთან დაახლოებული ბიზნესმენი – ოთარ ჩართოლანი.
ორივემ, 2016-2018 წლებში, როდესაც ამ კომპანიის წილებს ფლობდნენ, „ქართულ ოცნებას“ და სალომე ზურაბიშვილს, 208 000 ლარი შესწირეს,“ – ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევაში.
კვლევის მიხედვით, საბაჟო-გამშვებ პუნქტებთან მოწყობილი 8 ლიცენზირებული TIR PARK-ის მოქმედი და ყოფილი მეწილეები და დირექტორები „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და მათთან დაკავშირებული პირები არიან. მათ „ქართულ ოცნებას“ და მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს, 2014 წლიდან დღემდე, ჯამში 1 991 000 ლარი შესწირეს.
გარდა „ქართული ოცნების“ დეპუტატებისა, ლიცენზირებულ ტირ პარკებს ფლობენ პარტია „ქართული ოცნების“ სხვა მსხვილი შემწირველებიც.
„გუგუთის (სოფელ პატარა დმანისში) და სადახლოს საავტომობილო (სოფელ სადახლოში) საბაჟო გამშვებ პუნქტებთან მოწყობილი TIR PARK-ების, შპს „გუგუთი ვერტექსის” და შპს „პარკ ვერტექსის” მეწილეები და ხელმძღვანელი არიან თბილისის მერთან, კახა კალაძესთან და სანქცირებულ ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრთან, ვახტანგ გომელაურთან დაახლოებული ბიზნესმენები, ძმები გიორგი და რომან აბრამიშვილები.
მათ, 2018 წლიდან დღემდე, „ქართულ ოცნებას“ და სალომე ზურაბიშვილს, 774 000 ლარი შესწირეს.
ლაგოდეხის საბაჟო გამშვებ პუნქტთან, სოფელ მაწიმში მოწყობილი TIR PARK-ის, შპს „ნიუ ჯორჯიას” 30% წილის ყოფილი მფლობელია, „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერი და მათთან დაახლოებული ბიზნესმენი, მინდია საბანაძე, რომელმაც 2016-2017 წლებში, ამ კომპანიაში 30% ფლობის დროს, „ქართულ ოცნებას“ 100 000 ლარი შესწირა“, – ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევაში.
საქართველოში სულ 35 ლიცენზირებული TIR PARK-ია და ისინი 9 საბაჟო გამშვები პუნქტის – სარფის, ყაზბეგის, წითელი ხიდის, სადახლოს (საავტომობილო), ლაგოდეხის, გუგუთის, ნინოწმინდას, ვალესა და კარწახის, მიმდებარედ არის მოწყობილი.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2014 წლიდან საბაჟო გამშვებ პუნქტებთან არსებული რიგების მოწესრიგების და შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, სატვირთო ავტომობილი, იმის მიუხედავად, ცარიელია ის თუ დატვირთული, საბაჟო გამშვებ პუნქტში გამოცხადებამდე ვალდებულია განთავსდეს სახელმწიფო საზღვრებთან არსებულ იმ ავტოსადგომებში, ე.წ TIR PARK-ებში, რომლებიც ლიცენზირებულნი არიან შემოსავლების სამსახურის მიერ და ჩართულნი არიან ავტოსატრასნპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში.
ამ TIR PARK-ების მომსახურების საფასური ერთეულ ტრაილერზე შეადგენს 80 ლარს, რის სანაცვლოდ ისინი არანაირ სერვის არ იღებენ, გარდა რიგის მართვის მომსახურებისა. ამ საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, სატვირთო ავტომობილების მძღოლებს ეკრძალებათ სახელმწიფო საზღვრისკენ მოძრაობა და შემდგომში საზღვრის გადაკვეთა, რასაც საპატრულო პოლიციის მორიგე ეკიპაჟები მუდმივად აკონტროლებენ.






