მთავარი,სიახლეები

როგორ გაუყიდეს ოჯახებს კერძო საკუთრებასთან მისასვლელი – მოქალაქეები მერიის წინააღმდეგ

13.06.2026
როგორ გაუყიდეს ოჯახებს კერძო საკუთრებასთან მისასვლელი –  მოქალაქეები მერიის წინააღმდეგ

ბათუმში, გიორგი ბრწყინვალეს #63-ში მცხოვრებ მოქალაქეებს: ანზორ ძირკვაძესა და ლამარა აბაშიძეს მერიამ კომერციულ საკუთრებამდე მისასვლელი გაუყიდა. კომერციული ფართობების მესაკუთრეები აცხადებენ, რომ მერიამ ისინი აჭარის ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი მანველიძის ოჯახის ბიზნესპარტნიორის სასარგებლოდ დაჩაგრა.

გაყიდული მუნიციპალური ქონებისთვის დავა უფრო და უფრო მწვავდება.

„ბათუმელებმა“ ამ თემაზე 22 მაისს გამოაქვეყნა ვრცელი სტატია და ვიდეო მასალაც.

ახლახან კომერციული ფართობების მესაკუთრეებს სარჩელი ჩაჰბარდათ – მათ სასამართლოში უჩივიან.

„სარჩელი ჩამბარდა. ჩემი მაღაზიის შესასვლელის მყიდველი ამბობს, რომ მისი ქონებით ვსარგებლობ და 2900 ლარი უნდა გადავუხადო თვეში. ჯამში ჩემთვის 43 500 ლარის დაკისრებას და ანგარიშების დაყადაღებას ითხოვს. სარჩელში წერს, რომ შეიძლება დავა 3 წელი არ დასრულდეს და მისი ქონება ამ წლებში დაგროვილ ვალს არ ეყოფა, ამიტომ ქონება და ანგარიშებიც დაუყადაღეთო“, – გვიყვება ანზორ ძირკვაძე.

დავის საგანია მცირე ზომის რამდენიმე ფართობი, ჯამში 128 კვ.მეტრი, რომელიც მერიამ ელექტრონულ აუქციონზე გაიტანა და გაყიდა. ამ გადაწყვეტილებით მესაკუთრეებს კომერციულ ფართობებამდე მისასვლელის გარეშე რომ ტოვებდა, მერიამ ამის შესახებ კარგად იცოდა. 

სასამართლო სარჩელის პარალელურად საქმეში ჩაერთო ბათუმის მუნიციპალური ინსპექციაც – კომერციული ფართობის მესაკუთრე ანზორ ძირკვაძე ადმინისტრაციულ სხდომაზე დაიბარეს და შეატყობინეს, რომ უპირებენ დაჯარიმებას და შესაძლოა საურავიც დააკისრონ. 11 ივნისს, მუნიციპალურმა ინსპექციამ ის ადმინისტრაციულ განხილვაზე დაიბარა.

მუნიციპალური ინსპექციის შეტყობინება

საქმე ისაა, რომ 2019 წელს, ანზორ ძირკვაძემ თავის საკუთრების კედლის მიჯნაზე, მერიასთან შეთანხმებით მოაწყო ფართობი და როგორც თვითონ ამბობს, შუშები ჩასვა უნებართვოდ. ანზორ ძირკვაძის თქმით, რადგან ადგილი „არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირების“ თავშეყრის ადგილად იქცა, მეზობლები ბრაზობდნენ, ამიტომაც იძულებული გახდა ეს სივრცე შუშის ვიტრაჟით შეეფუთა.

„მეზობლები წუხდნენ და მეუბნებოდნენ ასეთი რა თანხა დაგეხარჯება, ეს რომ მოაგვაროო. დანაგვიანებული იყო ადგილი და იყო ხმაურიც, ამიტომაც ჩავსვი ვიტრაჟი. შეთანხმებული ესკიზიდან 1 სანტიმეტრი გადაცდომაც კი არ მაქვს, არც სიმაღლე, არც სიგანე. ბაწარიც კი გავავლე, არაფერი გადამიჭარბებია“, – ამბობს ანზორ ძირკვაძე.

ანზორ ძირკვაძის თქმით, 2019 წელს ჩადენილ დარღვევაზე მერიამ პასუხი ექვსი წლის, ანუ მას შემდეგ მოსთხოვა, რაც ამ ადგილით მშენებელი კომპანიების მესაკუთრე ბექა თვალაძე დაინტერესდა და დაჰპირდა მას, რომ „ჯარიმებით აავსებდა“:

„გვითხრა, თქვენზე იმდენ ჯარიმას გამოვაწერინებ აქეთ შემეხვეწებით, რომ თქვენი ფართობი ვიყიდოო“ – ამბობს ანზორ ძირკვაძე. 

ანზორ ძირკვაძემ მუნიციპალურ ინსპექციას განუმარტა, რომ ადგილი, სადაც მან დამატებითი ფართობი მოაწყო, მერიამ უკვე სხვაზე გაყიდა. სწორედ ამიტომ არ შეუძლია სხვის ტერიტორიაზე ვიტრაჟის დემონტაჟი. მით უფრო, რომ ამჟამინდელ მესაკუთრესთან აქვს კონფლიქტი და დაძაბულობა.

„ერთადერთი დარღვევა მაქვს ის, რომ შუშა ჩავსვი, აგიხსენით რატომაც. რაც შეეხება მითითებას, მიჩივის ეს კაცი ყველაფერზე – მართალია, ასმათ ასამბაძეა მფლობელი, მაგრამ ჩვენ მისი სიძე, ბექა თვალაძე დაგვემუქრა. თუ მე იქ ნგრევას დავიწყებ, შეიძლება უფრო გამწვავდეს სიტუაცია, კონფლიქტი მოხდეს. ჯერ სასამართლოშია ამ ადგილის საქმე, როცა გადაწყდება, შესაბამისად ვიმოქმედებ“, – უთხრა ანზორ ძირკვაძემ მუნიციპალურ ინსპექციას სხდომაზე, 11 ივნისს.

როგორც ჩანს, მცირე ზომის მიწის ნაკვეთების ფაქტობრივ მყიდველს, ბექა თვალაძეს იმედი ჰქონდა, რომ მეზობლად არსებული კომერციული ფართობების მესაკუთრეებს მარტივად და იაფად დაათმობინებდა კერძო საკუთრებას, შემდეგ კი, ამ ადგილზე მიწის ნაკვეთების გაერთიანების შედეგად, კორპუსის მშენებლობის ნებართვის მიღებაზე დაიწყებდა ზრუნვას.

მაგრამ უარი მიიღო, როგორც ძირკვაძისგან, ისე აბაშიძისგან.

როგორც ამას კომერციული ფართობების მესაკუთრეები გვიყვებიან, უარის შემდეგ ბექა თვალაძე მუქარებზე გადავიდა, შემდეგ კი, რაც მუქარამ არ გაჭრა და არც მუნიციპალური ინსპექციის ჩართულობამ, მყიდველი 128 კვ.მეტრით სარგებლობის საფასურს სასამართლოს წესით ითხოვს.

სარჩელის მიხედვით, ანზორ ძირკვაძემ მყიდველს თვეში 2900 ლარი უნდა გადაუხადოს. სარჩელში აღნიშნულია, რომ 2025 წლის თებერვლიდან 2026 წლის მაისამდე სარგებლობის საფასურის სახით მოსარჩელე ჯამში 43 500 ლარის გადახდას ითხოვს.  

კომერციული ფართობების მესაკუთრეები, რომლებიც უკვე 15 წელზე მეტია სარგებლობენ მერიის მიერ გაყიდული ფართობებით, დანებებას არ აპირებენ და არ გამორიცხავენ, რომ მერიას სასამართლოში უჩივლონ.

მერიის უკანონო ქმედებების გამო ზიანი ადგება ჩემს მარწმუნებელს, ამიტომ არ არის გამორიცხული მერიის წინააღმდეგ შევიტანოთ სარჩელი. ანზორ ძირკვაძეს მიმართული ჰქონდა მერიისთვის, იმ ფართობის საკუთრებად აღიარებისთვის, მაგრამ არ უღიარეს. რეალურად, ეს ადგილი ერთადერთი შესასვლელია ძირკვაძის კერძო საკუთრებაში. ქუჩაში გამვლელი გლეხი რომ გააჩერო, გეტყვის, რომ ამის გაკეთება არ შეიძლებოდა. როგორ შეიძლება კაცს კერძო ქონების შესასვლელი გაუყიდო?“ – ამბობს კომერციული ფართობების მესაკუთრეების ადვოკატი ირაკლი შავაძე.

სარჩელში ასევე ვკითხულობთ, რომ მოსარჩელე მხარე სასამართლოს სთხოვს ყადაღა დაედოს ანზორ ძირკვაძის ანგარიშებს იმისთვის, რომ თუ ძირკვაძე კომერციულ ფართობს გაასხვისებს, მოსარჩელე სარგებლის გარეშე არ დარჩეს.

ბათუმი, გიორგი ბრწყინვალეს #63 – საუბარია შენობასა და ტროტუარს შორის ფართობზე, რომელსაც კომერციული ფართობის მესაკუთრე შესასვლელად და გარკვეული ნივთების განსათავსებლად იყენებს.

ბათუმი, გიორგი ბრწყინვალეს #63. წითელი ფერით მონიშნული ანზორ ძირკვაძის და ლამარა აბაშიძის საკუთრება, მწვანე ფერით კი 3 მცირე ზომის მიწის ნაკვეთი, რომელიც მერიამ გაყიდა

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, მერიამ 2024 წელს ანზორ ძირკვაძის საკუთრების წინ 41 კვ. მეტრი და 64 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთები გაასხვისა. მისი მეზობლის, ლამარა აბაშიძის კომერციული ფართობის წინ კი – 23 კვ.მეტრი. ეს ჯამში 128 კვ.მეტრია.

ეს ნაკვეთები ანზორ ძირკვაძეს და ლამარა აბაშიძე 15 წელზე მეტია სარგებლობაში აქვთ. მერიას მისი საკუთრებაში დაკანონებაც მოსთხოვეს, იმ კანონის შესაბამისად, რომელიც თვითნებურად დაკავებული ფართობების საკუთრებაში დარეგისტრირებას ითვალისწინებს.

ადვოკატი ირაკლი შავაძე დარწმუნებულია, რომ ბექა თვალაძე [სადაო მიწის ნაკვეთის ოფიციალური მყიდველის სიძე] მერიასთან ერთად მოქმედებს:

„შეუძლებელი იყო მერიას გაეყიდა, თუ არ იქნებოდნენ წინასწარ შეთანხმებული მასთან, ვინც აუქციონზე ეს მიწა იყიდა და რატომ? – ეს ქონება რეალურად მდებარეობს ფეხით მოსიარულეთა ტროტუარსა და ჩემი მარწმუნებლის საკუთრების კედლის მიჯნაზე. მისი გასხვისება ჯერ ერთი იმიტომ არ შეიძლებოდა, რომ საკუთრების უფლება მოიცავს არა მხოლოდ საკუთრების ქონას, არამედ თავის თავში მოიცავს საკუთრებით სარგებლობას და ფლობას, ანუ, ეს არის ერთადერთი ფეხით მისასვლელი გზა.

ამ მცირე ზომის ნაკვეთების გაყიდვით საკუთრების უფლება დაირღვა, კონსტიტუციით გარანტირებული მე-19 მუხლი. ფაქტობრივად, მიწის ფართობის სიმცირიდან გამომდინარე, მოქალაქე იქ ვერაფერს ვერ ააშენებდა და ვერც ჩადგამდა. იქ რომ რაიმე  ჩადგა, შესასვლელს უნდა მოაშორო.

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცულია საკუთრების უფლება. ამ შემთხვევაში ბათუმის მერიამ ქონება გაასხვისა ისე, რომ საკუთრების უფლებით სარგებლობა შეუზღუდა ჩემს მარწმუნებელს და ფაქტობრივად მოახდინა დანაშაულის პროვოცირებაც.

ასეთი რამ ბუნებაში არ ხდება, რომ კომერციული ფართობი გაქვს წლების მანძილზე საკუთრებაში და შესასვლელი 40 კვადრატი გაგიყიდონ, შემდეგ ვიღაცამ ამისთვის ფული მოგთხოვოს… შეთანხმებული იყო, სხვა შემთხვევაში არ იყიდდა.

ვინც ამას ყიდულობდა და ამხელა თანხა გადაიხადა ამ მცირე მიწის ნაკვეთებში, დარწმუნებული იყო, რომ შემდგომში ბათუმის მერია აიძულებდა ჩემს მარწმუნებელს დაეთმო საკუთრების უფლება, შემდეგ კი გასცემდნენ კორპუსის მშენებლობის ნებართვას“, – განმარტავს ადვოკატი.

„ბათუმელებმა“ ამჯერადაც სცადა ბექა თვალაძესთან დაკავშირება, მან ჩვენს სატელეფონო ზარებს ისევ არ უპასუხა, სამაგიეროდ დაგვიკავშირდა ასმათ არძენაძის ადვოკატი, ნათია გოგიჩაიშვილი.

ადვოკატის განმარტებით, მან როგორც კეთილსინდისიერი მყიდველის ადვოკატმა, კომერციული ფართობების მესაკუთრეებთან მოლაპარაკება არაერთხელ სცადა, თუმცა ისინი „უკმაყოფილო დარჩნენ შეთავაზებული კოეფიციენტით“ და მიუხედავად არაერთი მცდელობისა „დადებითი უკუკავშირი მოლაპარაკების არცერთ დეტალთან დაკავშირებით არ დაუფიქსირებიათ“.

„შეთავაზება წერილობითაც კი არის გადაგზავნილი ბატონ ანზორთან. დაახლოებით ხუთი თვის განმავლობაში ვცდილობდით მორიგებით დაგვესრულებინა, ორივე მხარის ინტერესი გათვალისწინებული ყოფილიყო, თუმცა უშედეგოდ. შეთავაზებული კოეფიციენტი მათთვის მიუღებელი იყო. ჩართული იყო არაერთი წარმომადგენელი ბატონი ანზორის მხრიდან. ვინაიდან მხარესთან შეუძლებელია მოლაპარაკებაზე საუბარი და ჩვენ გვსურს საკუთარი უძრავი ქონებით მოვახდინოთ გარკვეული ბიზნესინტერესების გათვალისწინება – ეს პროექტი იქნება თუ სხვა რაიმე სახის ბიზნესი, ვითხოვდით აღნიშნული ფართობის გამოთავისუფლებას.

2024 წლის მიწურულს მივმართეთ ბათუმის საქალაქო სასამართლოს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე, ვინაიდან ბატონი ანზორი დღემდე სარგებლობს აღნიშნული ნივთით.

დაახლოებით ერთი თვის უკან, ბათუმის საქალაქო სასამართლოში შევიტანეთ დამატებითი სარჩელი, სადაც ვითხოვთ საიჯარო ქირის გადახდას. აუდიტორული დასკვნა ერთვის სარჩელს – რის საფუძველზე და რა გაანგარიშებით ვითხოვთ აღნიშნულ თანხას.

რაც შეეხება ქალბატონ ლამარას, სასამართლოს მივმართეთ 2026 წლის 27 მაისს და ვითხოვთ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვასა და საიჯარო ქირის გადახდას, ვინაიდან მხარეს ადგება ზიანი. ის ვერ სარგებლობს თავის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონებით“.

ადვოკატის ინფორმაციით, მოლაპარაკება სცადეს მას შემდეგაც, როცა მათთვის ცნობილი გახდა, რომ ანზორ ძირკვაძემ და ლამარა აბაშიძემ მიმართეს სასამართლოს სარჩელით, რომლითაც ითხოვდნენ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობას.

„ბათუმის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე. ის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა ანზორ ძირკვაძემ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ ძალაში დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. ჩვენთვის ცნობილია, რომ გასაჩივრებულია უზენაეს სასამართლოში და ველოდებით გადაწყვეტილებას“, – ამბობს ნათია გოგიჩაიშვილი.

ადვოკატს ვკითხეთ, თუ იცოდა ასმათ არძენაძემ, როგორი იყო მის მიერ უკვე შესყიდული ნაკვეთების კონფიგურაცია და დაინტერესდა თუ არა მიწის შესყიდვამდე მომიჯნავედ არსებული კომერციული ფართობების მეპატრონეების პოზიციით.

„აუქციონი ჩვენზე დამოკიდებული არ არის, ის იდება გარკვეული პირობებით და ვადით. დროში შეზღუდული ვიყავით, როცა მივიღეთ გადაწყვეტილება“, – განგვიმარტა ნათია გოგიჩაიშვილმა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: