„ეს არის მწამებელი პოლიციელებისთვის სამართლებრივი თავშესაფრის მიცემა, ან სამართლებრივი გადარჩენა, ან მოძალადე სისტემის სამართლებრივი გადარჩენის ოპერაცია“, – განაცხადა იურისტმა მაია მწარიაშვილმა დღეს, 13 ივნისს „ნოდარ მელაძის შაბათის“ ეთერში. მას ქობულეთის პოლიციის შენობაში, პოლიციელების მხრიდან დაკავებულებზე ძალადობის კადრების შეფასება სთხოვეს.
პროკურატურამ მწამებელი პოლიციელების წინააღმდეგ გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით დაიწყო. მაია მწარიაშვილის შეფასებით, სწორედ ეს არის პოლიციელებისთვის „სამართლებრივი თავშესაფარი“.
„საქმე ეხება 2022 წლის ზაფხულში, ქობულეთში, მივლინებით მყოფი, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამ თანამშრომელს, რომლებმაც ჩაიდინეს კადრებში ასახული დანაშაული. ეს კადრები ტელეკომპანია „პირველმა“, კერძოდ „ნოდარ მელაძის შაბათმა“ გაასაჯაროვა.
გადაცემის ანონსის შემდეგ დღეს, დილით, პოლიციამ გაავრცელა განცხადება, რომ აღნიშნული დანაშაული გამოვლინდა მიმდინარე წლის თებერვალში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ, საიდანაც გადაგზავნილი მასალების საფუძველზე დაიწყო გამოძიება და 2026 წლის 23 თებერვალს საქართველოს პროკურატურის მიერ სამივე პოლიციელი დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით“.
მაია მწარიაშვილის შეფასებით, ეს არის პასუხისმგებლობისგან დაცლილი განცხადება:
„არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის მსხვერპლი, როდესაც ამას ჩადის სახელმწიფოს წარმომადგენელი და პოლიციელი კონკრეტულად, ეს არის მიზნით განსაზღვრული დანაშაული. არაერთხელ მითქვამს – წამება არ არის მხოლოდ ის, როდესაც ცოცხალ ადამიანს ფრჩხილებს აძრობენ. წამება არის ძლიერი ფიზიკური და ფსიქიკური ძალადობა, ტანჯვა, მათ შორის, რომლის ამოცანაც არის ნებისმიერი ინფორმაციის მიღება, ჩვენების მიღება. ანგარიშსწორება გარკვეული ქმედებებისთვის, მისი ან სხვისი ქმედებებისთვის.
ეს კლასიკური წამებაა. ნებისმიერ სტუდენტს, რომელიც სამართლის ანა-ბანაში ერკვევა, რომ ჰკითხოთ, გეტყვით, რომ ეს [რაც კადრებში ჩანს] არის კლასიკური წამება. წამებას კლასიკური გეგებით ვერ ჩაიდენს მოქალაქე, აქ სუბიექტი ყოველთვის არის სახელმწიფოს წარმომადგენელი და კონკრეტულად პოლიციელი.“
შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს ტელეკომპანია „პირველის“ მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრების ავთენტურობას. კადრებში ჩანს, რომ განყოფილებაში არაერთი პოლიციელი დაკავებულ პირებზე ჯგუფურად ძალადობს. შსს-ს განცხადებით, ფაქტი 2022 წელს მოხდა, თუმცა დანაშაული მხოლოდ 2026 წლის თებერვალში გამოვლინდა, ანუ 4 წლის შემდეგ, რაც დამატებით კითხვებს აჩენს.
გადაცემის მსვლელობისას ეთერში გაუშვეს ასევე კადრები მზია ამაღლობელის საქმიდან, სადაც ჩანს, როგორ აგინებს და ემუქრება მას ბათუმის პოლიციის მაშინდელი უფროსი ირაკლი დგებუაძე. მზია ამაღლობელმა მისი მხრიდან განხორციელებულ ძალადობასა და ზეწოლაზე უამბო, როგორც სახალხო დამცველს, ასევე სასამართლოს.
ირაკლი დგებუაძეს ძალადობაში ადანაშაულებდა ასევე არაერთი სხვა დაკავებული მოქალაქეც, მათ შორის საპროტესტო აქციების მონაწილეებიც.






