„მინდა, რომ ჩემს შვილებს სახლი ჰქონდეთ, მეტს არაფერს არ ვითხოვ,“ – ამბობს 30 წლის ირმა მამულაძე. იგი მარტოხელა დედაა, 4 მცირეწლოვანი შვილი ჰყავს და ბათუმში, ბარაკული ტიპის სახლში ცხოვრობს.
ირმა მამულაძე ბინას ითხოვს. იგი რამდენჯერმე იყო ბათუმში გამართულ აქციაზე, სადაც უსახლკაროებმა ბინა მოითხოვეს. მარტოხელა დედის თქმით, 4 შვილთან ერთად მერიასთან მისულ დედასაც კი არ შეხვდა ბათუმის მერი. გაუგებარია, რატომ იქცევა ასე ბათუმის მერიო – წუხს ირმა მამულაძე და ბარაკში შევყავართ – ვიწრო და ღარიბულად მოწყობილ მისაღებში შესვლისთანავე მძაფრად იგრძნობა ნესტის სუნი.
ბარაკი, სადაც ოჯახი ცხოვრობს, ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარეობს, ბათუმის მერიის ერთ-ერთი ადმინისტრაციული შენობიდან ორ ნაბიჯში. აქ რამდენიმე ოჯახი წლებია ბარაკში ცხოვრობს.
ირმა მამულაძე გვიყვება, რომ მეოთხე შვილის გაჩენის შემდეგ იძულებული გახდა, მოძალადე ქმრის ოჯახიდან წამოსულიყო და ბებიასთან დაბრუნებულიყო, ბარაკებში.


ირმა მამულაძე ჩვენს წინ ჯდება დივანზე. დედასთან სხდებიან შვილებიც, ერთ-ერთი მათგანი მიყვება, ჩემს თოჯინასაც მარიამი ჰქვია, ანუ ჩემი სახელი, ყველაზე პატარა დაიკო საბავშვო ბაღშია და საღამოს ერთად უნდა მივაკითხოთ, ბებია კი, სტუმრად არის წასულიო.
ოჯახის შემოსავლის წყარო სოციალური შემწეობაა – თვეში 1050 ლარი, ამას ემატება მარტოხელა დედის პენსია. ირმა მამულაძე ამბობს, რომ ჯანმრთელობის პრობლემის გამო მას შშმ პირის სტატუსი აქვს და თვეში 250 ლარს იღებს:
„აქედან 200 ლარი უკვე დავხარჯე გუშინ წამლებში, 50 ლარი დამრჩა, რა ვიყიდო?“ – კითხულობს ირმა მამულაძე და წამლების შეფუთვას გვაჩვენებს.

ირმა მამულაძის სამზარეულო
„ღარიბი ვინცაა და დახმარება სჭირდება, მართლა რომ გადასცენ ბინა და დაეხმარონ, არ შეიძლება?“ – გვეკითხება მარტოხელა დედა და სამზარეულოსაც გვაჩვენებს: დღესაც სასადილოდან მოვიტანეთ სადილი, მაცივარი კი გაფუჭებულია, წლებია კარადად ვიყენებთო.
„მთავრობა არაფერში არ დამხმარებია, მხოლოდ სოციალურს ვიღებ. მამაჩემი მეხმარებოდა, ხანდახან ჯართს გაყიდდა, ან ფქვილის ტომრებს დაცლიდა… მამაჩემიც გარდაიცვალა ამ წლის დასაწყისში, სიმსივნე ჰქონდა, მე ვუვლიდი.
ბავშვების მამა კი, არათუ ალიმენტს იხდის, ბავშვებს საერთოდ არ ნახულობს… ჩემი ერთი ძმა „ოცნების ქალაქშია“, მეორე – ციხეში. ეს ბარაკი ბებიას ეკუთვნის, აქ არც იცხოვრება, სავსეა აქაურობა ნესტით და ნაგვით… მეც აქ დავიბადე, ამ ბარაკში, როდის აშენდა, არ ვიცი,“ – ამბობს ირმა მამულაძე და ვიწრო გასასვლელიდან ჯერ საერთო, მოუწესრიგებელ ეზოში გავყავართ: ნახეთ, არსად არაა ბავშვებისთვის სათამაშო ადგილიო, მერე ბარაკში სახელდახელოდ მოწყობილ აბაზანას გვაჩვენებს. ირმა მამულაძე გვიხსნის, რომ სამზარეულოში აცხელებს წყალს და ის შეაქვს აბაზანაში.
„ესეც ჩვენი საძინებელია, რომელსაც ფანჯარაც არ აქვს, მხოლოდ ვიწრო ღრიჭოა… როცა წვიმს, კიდევ უფრო საშინლად დგება ნესტის სუნი. მე და ჩემი შვილები, ხუთივე, ამ ერთ ოთახში ვიძინებთ 2 საწოლზე, კარადა არ გვაქვს, მეორე ოთახში ბებია იძინებს და სათავსოა,“ – გვიყვება ირმა მამულაძე.

საძინებელი, სადაც მარტოხელა დედას 4 შვილთან ერთად სძინავს
„არ მყოფნის საჭმელზე ფული, ბავშვებს ხან ტკბილეული უნდათ, ხან ნაყინი. დედა ნაყინი მინდაო და ვერ ვყიდულობ, სხვებმა ჭამონ და ჩემმა შვილებმა უყურონ?
დილით ავდგები და ესენი მიმყავს ბაღში და სკოლაში, მერე მოვლა სჭირდებათ, მუშაობას ვერ ვახერხებ. მე-9 კლასი დავამთავრე და მეტი არ მისწავლია. მინდა, რომ ჩემმა შვილებმა ისწავლონ. 18 წლისა დავოჯახდი,“ – გვიყვება ირმა მამულაძე.
„მე მასწავლებელი გამოვალ,“ – გვეუბნება ირმას უფროსი შვილი.
„შუათანა პირველ კლასში რომ გავუშვი, უფროსი გოგოს დაპატარავებული ტანსაცმელი ჩავაცვი, სად მრჩება ტანსაცმლის ფული?
ვისაც ბინა აქვს, იმას ეხმარებიან და ჩემს შვილებს სასადილოდან მოტანილ საჭმელს ვაჭმევ, იმიტომ არის ხალხი აჯანყებული, არ გავჩერდებით, სანამ ბინებს არ მივიღებთ. მთელი სასადილოს ხალხი ვიყავით მერიასთან მისული,“ – გვითხრა ირმა მამულაძემ.

ირმა შვილებთან ერთად






