მთავარი,სიახლეები

„მოვითხოვ გამოძიების დაწყებას და ბოდიშს“ – საზმაუს ეთერში დაცემული 10 წლის ბავშვის დედა

12.06.2026
„მოვითხოვ გამოძიების დაწყებას და ბოდიშს“ – საზმაუს ეთერში დაცემული 10 წლის ბავშვის დედა

10 წლის გოგონას დედა, თამარ აკობია საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში კონცერტის მსვლელობისას მისი შვილის დაცემის ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს.

მას იმედი აქვს, რომ გამოძიება დაინტერესდება, შეამჩნიეს თუ არა სტუდიაში მისი შვილის მოწყვეტით დავარდნა გადაცემის წამყვანებმა, „სიმღერის აკადემიის“ წარმომადგენლებმა ან იმ პირებმა, ვინც იმ დროს სტუდიაში იმყოფებოდა.

„წამყვანები, ოპერატორები, მშობლები, „სიმღერის აკადემია“, – ძალიან ბევრი ადამიანი იყო იქ, სადღაც 20-მდე ადამიანი მაინც იქნებოდა. ვინც დაინახა და არ ჰქონდა რეაგირება, გამოიჩინა გულგრილობა, მას უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა. ვინც იმ წუთებში იმყოფებოდა სტუდიაში, ყველას მიმართ მაქვს პრეტენზია. ამიტომ გამოძიება ალბათ დაადგენს ვინ იმყოფებოდა სტუდიაში, ვინ დაინახა ჩემი შვილის მოწყვეტით დავარდნა და ამაზე არ ჰქონდა რეაქცია“, – ამბობს თამარ აკობია „ბათუმელებთან“.

ის ამბობს, რომ გამოძიებისთვის მას ჯერ არ მიუმართავს, თუმცა გავრცელებული ვიდეო და საზოგადოების რეაქციები იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ გამოძიება დაიწყოს მომხდარზე.

თამარ აკობია ასევე ითხოვს ბოდიშის მოხდას „სიმღერის აკადემიის“ ხელმძღვანელებისგან, რადგან მათ წაიყვანეს დილის გადაცემაში მონაწილეობისთვის ბავშვები, მათ შორის 10 წლის ანკა, რომელიც პირდაპირი ეთერის დროს სცენაზე მოწყვეტით დაეცა და რამდენიმე წუთის განმავლობაში ყურადღებას არავინ მიაქცია.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელმა დამირეკა და მომიხადა ბოდიში, ამიტომ ველოდები მათ ბოდიშსაც. ბოდიში მოუხადონ ბავშვს, ოჯახს და ყველა იქ მყოფ ბავშვს იმიტომ, რომ ასეთ მდგომარეობაში ამღერეს ანკას თანაგუნდელები. ამ შემთხვევით დააზიანეს არა მარტო ანკა, მთელი გუნდი, არასრულწლოვნები, მოზარდები დააზიანეს.

ამ ბავშვების მიმართაც იყო კრიტიკა, ამიტომ არ არის ადვილი მოსასმენი კრიტიკა საზოგადოებისგან. თუმცა მნიშვნელოვანია იცოდნენ, როგორ მოიქცნენ კონკრეტულ სიტუაციაში. თუ მშობელი ან ხელმძღვანელი არ ასწავლის, თუ სასწავლო დაწესებულება არ აჩვენებს მაგალითს, ჩვენ, საზოგადოებამ მაინც ვაჩვენოთ რა არის სწორი მაგალითი.

ეს არის ჩემი მიზანი, რომ გაიაზრონ ადამიანებმა თავიანთი შეცდომა და არა ის, რომ ვიღაც გავლანძღო. მიზანია ის, რომ ყველა სასწავლო დაწესებულება გამოფხიზლდეს და გაიგოს, რომ ბავშვებთან ასე უპასუხისმგებლო მოქცევა არ შეიძლება“, – ამბობს თამარ აკობია.

როგორც დედა ამბობს, სცენაზე დაცემის შედეგად მის შვილს დაუზიანდა თითები და ახლა ფიქსატორში აქვს, სხვა რაიმე სერიოზული დაზიანება არ მიუღია 10 წლის ანკას.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა შსს-ს და ჰკითხა, ხომ არ დაუწყიათ გამოძიება საზმაუს ეთერში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. თუმცა, შსს ჯერ-ჯერობით ცვენს შეკითხვებს არ პასუხობს.

_____________________

ამ თემაზე:

„3 წუთი ბავშვი იატაკზე იწვა უყურადღებოდ“ – რა მოხდა პირველი არხის ეთერში

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: