მთავარი,სიახლეები

პენსია სესხად – „ყველი მოგვიკითხეს, პური გვაქვს. ჩაის დავლევთ“ I Video

12.11.2021 • 2742
პენსია სესხად – „ყველი მოგვიკითხეს, პური გვაქვს. ჩაის დავლევთ“ I Video

„წამლებს ვეღარ ვყიდულობდით და ამიტომ ავიღე საპენსიო სესხი. ჩემი ქმარი დაბადებიდან ყრუ-მუნჯია, ბოლო წლებია უსინათლოც გახდა… გვერდები სულ დალურჯებული აქვს, ყველაფერს ეჯახება… არც მე ვარ ჯანმრთელი,“ – გვიყვება ქობულეთში, სოფელ კვირიკეში მცხოვრები ლეილა ღაღაიშვილი.

ამ მოხუც ცოლ-ქმარს, რომელიც უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს და სოციალური შემწეობაც კი არ აქვს, 2025 წლამდე საპენსიო სესხი აქვს დასაფარი. ისინი მხოლოდ საბანკო სესხის პროცენტში გადაიხდიან 2527 ლარს. უსინათლო და ყრუ-მუნჯს კაცსაც სესხი 35 პროცენტად მისცეს.

კიდევ ერთი პენსიონერი, რომელსაც ქობულეთში ვესაუბრეთ, უსახლკაროა. ნათელა მარკოიძეც ამბობს, რომ სესხი იმიტომ აიღო, რომ „წამლებში ფული აღარ ეყო“.

2020 წლის მონაცემებით, საქართველოში 783 ათასი პენსიონერია და მათ თითქმის ნახევარს – 380 403 ადამიანს საპენსიო სესხი აქვს. ხელისუფლება ბოლო წლებია პენსიონერებს საპენსიო სესხის გაიაფებას ჰპირდება. ამ კუთხით პარლამენტში სამუშაო ჯგუფიც შეიქმნა, თუმცა ამ დრომდე პენსიონერებს, რომლებიც ძირითადად სიღარიბის გამო იღებენ ვალს, ყველაზე მაღალ პროცენტად, სტანდარტულად – 35, 36 პროცენტად აძლევენ სესხს.

  • სმენისარმქონე და უსინათლო პენსიონერი, რომელიც სესხში 35 პროცენტს იხდის

„ყველი მოგვიკითხა ახლობელმა. პური გვაქვს. ჩაის დავლევთ დღეს,“ – გვიყვება ლეილა ღაღაიშვილი და თან რეცეპტებთან ერთად, საპენსიო სესხის ხელშეკრულებას ეძებს მაგიდის ერთ კუთხეში მიმოფანტულ დოკუმენტებში.

ლეილა და ავთანდილ ღაღაიშვილები კვირიკეში „ჩაის ფაბრიკის“ ძველ ბინაში ცხოვრობენ. ბინა ურემონტოა. თვალის შევლებისთანავე ყურადღებას ავეჯი იქცევს, მაგალითად, მორყეული მდივნის გვერდით შედარებით ძვირადღირებული განჯინა.

„ნათესავები გვჩუქნიან, ვეცოდებით. ეს საათიც მაჩუქეს… სოციალურმა აგენტმაც მაღალი ქულები ჩაგვიწერა, დახმარებას წლებია აღარ გვაძლევენ,“ – ამბობს ლეილა და საძინებლიდან გამოყვანილ მეუღლეს მდივანზე დაჯდომაში ეხმარება. ავთანდილი ხელების მოძრაობით გამოხატავს, რომ მხარი სტკივა. ლეილას ავთანდილის ტუჩებთან თითი მიაქვს და მეორე ხელს მაჯაზე უჭერს.

ავთანდილ ღაღაიშვილი

„ასე ვაგებინებ, რომ წამლის დალევის დროა. ჩვენ ჩვენი ენა გვაქვს, მხოლოდ ჩვენ გვესმის,… არავის უსწავლებია, მაგრამ, აბა, 43 წელი ერთად ვართ უკვე, ადრე ფეხს რომ ვაბრახუნებდი ძლიერად, გრძნობდა. ახლა ესეც აღარ შველის,“ – ამბობს ლეილა და ავთანდილს წამალს ასმევს.

„ლიბერთი ბანკთან“ გაფორმებული სესხის ხელშეკრულების მიხედვით, ავთანდილ ღაღაიშვილმა სესხი 2021 წლის 19 ივლისს აიღო. ავთანდილს 3433 ლარი მისცეს და ჯამში 5960 ლარი უნდა დააბრუნოს 2025 წლისთვის. მხოლოდ პროცენტში სმენისა და მეტყველების უნარების არმქონე, უსინათლო პენსიონერი 2527 ლარს გადაიხდის. ყოველთვიურად ავთანდილს პენსიიდან 125 ლარი ეჭრება.

ავთანდილ ღაღაიშვილს ბანკმა სესხი 35.36 ეფექტური საპროცენტო განაკვეთით მისცა.

უსინათლო, სმენისა და მეტყველების არმქონე პენსიონერის სესხის საპროცენტო განაკვეთი 35 პროცენტია

„მანამდე მე მქონდა სესხი,“ – დასძინა ლეილა ღაღაიშვილმა, როცა სესხის ხელშეკრულებას ვეცნობოდით“. – „მე რამდენი მქონდა არ მახსოვს, მაგრამ ახლა გაგვიერთიანეს და ამიტომ გამოვიტანე ავთანდილის სახელზე…“ – ამბობს ლეილა და მერე ცალ-ცალკე ავთანდილისთვის და მისთვის გამოწერილ რეცეპტებსაც გვაცნობს.

„ძვირია ძალიან,“ – მოკლედ მპასუხობს, როცა ვეკითხები, დაახლოებით რამდენი ლარი სჭირდება მხოლოდ წამლებში და იხსენებს, რომ ახლახან მხოლოდ ერთი კვირის წამლები იყიდა და 80 ლარი დაუჯდა.

ლეილა ღაღაიშვილის თქმით, სესხი იმიტომ აიღო, რომ წამლების გამო დავალიანება ბევრი დაუგროვდა.

„ყველგან ვალი მქონდა, ყველგან, რა მექნა?

სოციალურს არ მაძლევენ, მაგრამ უფასო სასადილოთი ვსარგებლობ. ყოველდღე „მარშუტკით“ ჩავდივარ ქობულეთში და კონტეინერებით მომაქვს სადილი. გზაში მხოლოდ 1 ლარი მჭირდება – 50 თეთრი იქეთ, 50 თეთრი – უკანა გზაზე.

თვე-ნახევარია არ ჩავსულვარ სასადილოში, კოვიდი გვქონდა ორივეს და ძლივს გადავრჩით. მე უფრო გამიჭირდა, რადგან თრომბიც მაქვს, 15 წელია ასთმა მაქვს, სასუნთქი აპარატის გარეშე სუნთქვა მიჭირს, ბალონს მაძლევდა მთავრობა, მაგრამ ახლა მაგასაც ვერ მაძლევენ, რა ვიცი, აღარ გამოდისო,“ – გვითხრა ლეილა ღაღაიშვილმა და დასძინა აუცილებლად აღნიშნოთ, რომ მთავრობას საახალწლოდ და ზოგჯერ სხვა დროსაც საკვები პროდუქტები მიაქვს.

ლეილას და ავთანდილს ორი შვილი ჰყავთ.

„გოგო კახეთში გათხოვდა, ბიჭი 40 წლისაა, უმუშევარია. რა ქნას? მუშის ადგილიც აღარაა, ხან სადაა და ხან – სად,“ – დასძინა ლეილა ღაღაიშვილმა.

  • „სულ ყურადღება სჭირდება, მოვლა, მარტო ვერაფერს იზამს“ – როგორ უვლის ქმარს პენსიონერი ცოლი 

„არ მინდა, რომ ნახოთ,“ – კატეგორიულია ლეილა ღაღაიშვილი, როცა სველი წერტილების მდგომარეობით ვინტერესდებით. ლეილა ამბობს, რომ დღითიდღე უჭირს უსინათლო და სმენისარმქონე ქმრის მოვლა, მით უფრო მაშინ, როცა პენსიიდან 125 ლარი სესხში მიდის.

„18 წლისა ვიყავი, როცა გამათხოვეს. არ ვიცოდი, თუ ყრუ – მუნჯი იყო,“ – იხსენებს ლეილა ღაღაიშვილი. – „ქორწინებიდან კიდევ 2 დღე ვერ მივხვდი, თუ ყრუ-მუნჯი იყო, ვიფიქრე, ალბათ, მორიდებული კაცია-მეთქი.

მერე მივხვდი, ძმა რომ ხელებით ელაპარაკებოდა, სულელი ხომ არ ვიყავი. მაშინაც ჰქონდა მხედველობის პრობლემა, მაგრამ ასე ძლიერად არა.

დედაჩემი მოვიდა გადარეული, არ დავტოვებ ჩემ შვილსო. დედამთილმა ოთახში გამომკეტა და გასაღები ჯიბეში ჩაიდო. უკვე მეც არ მინდოდა წასვლა, ხომ გესმით, როგორ იციან ჩვენთან თქმა…

საქმის კეთება შეეძლო, სულ მუშაობდა, ჩხირკედელაობა იცოდა, სანტექნიკას აკეთებდა, სინათლის გაყვანილობას. რვა კლასი დამთავრებული აქვს. ქუთაისში ისწავლა სპეციალურ სასწავლებელში.

ხუთჯერ, ზუსტად ხუთჯერ გავიქეცი ამისგან, ვიდრე პირველ შვილს გავაჩენდი, კაი გოგო ვიყავ, არ ვტრაბახობ… ვიდრე გავთხოვდებოდი ქობულეთის კულტურის სახლში დავდიოდი, მბეჭდაობა მასწავლეს, მარა ვინ მამუშავა?

დედ-მამის ოჯახში როცა ვიყავი, ვიგებდი, რომ სულ ტიროდა უჩემოდ და უკან ვბრუნდებოდი. ასე შევაბერდით ერთმანეთს,“ – დაასრულა ლეილა ღაღაიშვილმა, რომელმაც კატეგორიული უარი განაცხადა ფოტოს გადაღებაზე.

  • უსახლკარო პენსიონერი: „როცა ქმარი მიკვდებოდა, მაშინ ავიღე სესხი“ 

მარტოხელა და უსახლკარო 63 წლის ნათელა მარკოიძისთვის პენსია ერთადერთი შემოსავლის წყაროა. მესამე წელია 240-ლარიანი პენსიიდან თვეში მხოლოდ 155 ლარს იღებს. ნათელა მარკოიძესაც საპენსიო სესხი აქვს.

ნათელა მარკოიძე ქოხში ცხოვრობს, რომელიც სახელმწიფოს მიწაზე ააშენა. ქოხი ქობულეთის რკინიგზის სადგურის მიმდებარედაა, ლიანდაგებთან ახლოს.

„შეიძლება ჩავარდე, ფეხი ფრთხილად უნდა დაადგა,“ – გვაფრთხილებს ქალი, რომელიც ქოხის შესასვლელთან გვხდება ჯოხზე დაყრდნობილი.

ნათელა მარკოიძე

ფიცრული ქოხი რამდენიმე ბოძზე დაუდგამთ. ალაგ-ალაგ ხის ფიცრებზე თუნუქის ფილებია გაკრული, თუმცა ერთი შეხედვით იოლი წარმოსადგენია, რამდენად აუტანელი შეიძლება იყოს იქ ცხოვრება ავდარში, ან როგორ შეიძლება დაიცვა თავი ქვეწარმავლებისგან.

„წვიმა და თოვლი კი არა, როცა ქარია, გარეთ გავდივარ და აი, იმ შენობასთან ვჩერდები, მეშინია…“ – თითით გვანიშნებს მოშორებით მეზობლის სახლებისკენ პენსიონერი და აგრძელებს, – „სულ პატარა წვიმის დროსაც კი, ამ ეზოში წელამდე წყალი დგას. ამას წინათ, მეზობელმა წამიყვანა და მასთან გავათიე ღამე,“ – ამბობს ის და დაჭაობებულ ეზოს გვაჩვენებს, რომლის გავლა ყოველდღე უწევს პენსიონერს იმისთვის, რომ როცა ახლობელი სასადილოდან საჭმელს მოუტანს, ჭურჭელი ეზოში მოწყობილ ონკანთან გარეცხოს.

მარტოხელა პენსიონერს ქოხში სველი წერტილი არ აქვს.

„მე და ჩემი ქმარი დაახლოებით 15 წელი ნანგრევებში ვცხოვრობდით,“ – ნათელა მარკოიძეს ვთხოვეთ გაეხსენებინა, თუ რის გამო მოუწია საპენსიო სესხის აღება:

„ნანგრევებში ამაზე უარესი მდგომარეობა იყო, წურბელები, მორიელები, თაგვები… მანამდე სოფელში ვცხოვრობდით, კონფლიქტი იყო ოჯახში… ჩემი ქმარი ტრაქტორისტად მუშაობდა და რამდენიმე წელი ნაქირავებში ვიყავით.

ნანგრევებში ცხოვრების შედეგად ავად გახდა ქმარი, ბრონქულმა ასთმამ შეუტია. ინფარქტიც დაემატა.

ქობულეთის საავადმყოფომ ეს ჩვენი პაციენტი არ არისო, ბათუმში ხუთი დღე იყო მარტო უფასო, მერე გადასახდელი იყო, მედიკამენტები იყო საჭირო, ამ დროს ავიღე სესხი 1800 ლარი. ეს იყო სამი წლის წინ.

ავიღე სესხი და რამდენიმე დღეში ის მოკვდა.

სესხი უკან დამებრუნებია, კაი ის იყო, მაგრამ ვერ დავაბრუნე. მკვდარსაც პატრონობა ხომ უნდოდა?“ – მზერა ნანგრევისკენ გადააქვს ქალს და მერე იხსენებს, როგორ გაყიდა ერთადერთი მარჩენალი ძროხა, ქოხი რომ აეშენებია.

ნათელა მარკოიძეს სოციალური დახმარების მიღება შეუწყვიტეს. თუმცა ამბობს, რომ ხელახლა შეამოწმეს და ამ თვეში დახმარებას ისევ ელოდება.

„პირველ რიგში, წამალს ვყიდულობ. ადრე 120 – 130 ლარს ვხარჯავდი აფთიაქში, როცა სრულად ვიღებდი პენსიას.

ახლა 20 ლარს თუ დავხარჯავ, ისაა. მერე რაც დამრჩება, იმის მიხედვით, ხან კომბოსტოს ვიყიდი, ზეთს, კარტოფილს, პურის ფქვილს ვყიდულობ და სახლში ვაცხობ. პური ძალიან ძვირია, თან ისე პატარაა, რომ ერთ ცალ პურს, მე რომ მოხუცი ქალი ვარ, ერთ ჭამაზე შევჭამ.

პენსიონერთან მეზობლები ჩნდებიან. ისინი ქოხის გამაგრებას ცდილობენ.

მარტო მცხოვრები პენსიონერი ქალის ქოხი

რა უნდა გააკეთოს მთავრობამ, რომ ასე მაღალი პროცენტის გადახდა არ უწევდეს პენსიონერს? – ვეკითხებით ნათელა მარკოიძეს, რომელიც პარკში გახვეულ დოკუმენტებში ეძებს ბანკის ხელშეკრულებას.

„მახსოვს, 36 პროცენტად ავიღე სესხი, სამმაგს გადამახდიებენ,“ – გაღიმებას ცდილობს მოხუცი. – „მინდობილობა აქვს ახლობელს და იმას გამოაქვს ჩემი პენსია. ბანკში ამას წინათ ვიყავი და ვიკითხე, რატომ არ დამთავრდა ჩემი სესხი. მითხრეს, რომ ეს ფული რასაც იხდით, პროცენტი იფარება, ძირი არაო, ასეთია ახალი კანონებიო.

პრეზიდენტი რომ გამოვიდა და თქვა, რომ ვინც ნემსს არ გაიკეთებს, უფასო მკურნალობა არ ერგებაო, გაჭირვებულს რომ ამხელა პროცენტს უწესებენ, ის მიხვდეს,“ – ერთადერთი ფანჯრიდან სივრცის ჰორიზონტს აჩერდება ქალი, რომელიც მარტო ცხოვრობს.

___

მთავარი ფოტო: ნათელა მარკოიძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: