„პენსიას უნდა ვიღებდე 495 ლარს და მერიცხება 280 ლარი… ეკონომიკური წინსვლააო, რომ ამბობენ, სადაა? პენსიონერი ქალი თურქეთში დავდივარ, რომ ლუკმა-პურის ფული ვიშოვო“, – ეს 71 წლის პენსიონერმა გვითხრა, რომელიც ერთ-ერთია იმ ასიათასობით მოქალაქეს შორის, ვისაც საქართველოში ყველაზე ძირიანი, ანუ საპენსიო სესხი აქვს.
ქალბატონ ფატის [მან გვარის დასახელება არ ისურვა] შემთხვევით ავტობუსის გაჩერებასთან შევხვდით აეროპორტის გზატკეცილზე, დაღლილი პენსიონერი თურქეთიდან ბრუნდებოდა ხელვაჩაურში.
ფატის საპენსიო სესხი 4 წლის წინ აუღია – 960 ლარი.

„მაშინ 960 ლარი გამოვიტანე შვილის საქორწინოდ – გოგოს ქორწილი იყო და ხომ იცით, ჩვენი ტრადიციები, რამდენი რამ გჭირდება.
თავის დროს 32 პროცენტად მომცეს სესხი, მერე მითხრეს 8 პროცენტი დავაკელითო.
ჩვენს ქვეყანაში ვინც მდიდარია, ის მდიდრდება ისევ, ჩვენთვის არაფერი იცვლება, ხომ ხედავთ, რა დღეში ვართ?“ – კითხულობს პენსიონერი და მიგვანიშნებს, მოსაცდელიც კი არაა მოწყობილი, ჩრდილს რომ შევაფარო თავი, ვიდრე ავტობუსი მოვაო.
საპენსიო სესხი აქვს ნაზი თაფაქიძესაც. იგი 73 წლისაა, ონკოპაციენტი და ბათუმში ცხოვრობს:
„370 ლარს ვიღებ პენსიას, როცა თვეში 495 ლარს უნდა ვიღებდე. 120 ლარამდე ყოველთვიურად საპენსიო სესხში მიდის,“ – გვიყვება ნაზი თაფაქიძე. – „წამლების გამო დამჭირდა სესხის აღება, ონკოპაციენტი ვარ, წლების წინ წამლების გამო დამჭირდა ამ სესხის აღება… როცა დამიდგინეს სიმსივნე, ძალიან ბევრი გამოკვლევა დამჭირდა, წამლები. არ მეყო ფული. ახლა საერთოდ ვეღარ ვყიდულობ წამალს. მოცემით წამალს ვინ მოგცემს? კიდევ კარგი, მთავრობამ ოპერაცია დამიფინანსა.
სიარულიც მიჭირს, რომ ბანკში მივიდე და გავიგო, როდის სრულდება ეს სესხი. ამას წინათ, მიპასუხეს 2027 წელს დასრულდებაო.
შვილთან ერთად ვცხოვრობ, მაგრამ შვილსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. შვილი ახერხებს მუშაობას და საჭმელი არ მაკლია, მაგრამ წამალი ხომ იცით, როგორი ძვირია? ექიმთან ვეღარ მივდივარ,“ – უთხრა ნაზი თაფაქიძემ „ბათუმელებს“.

ნაზი თაფაქიძე
ამ ქვეყანაში პენსიონერები რომ მძიმე პირობებში ცხოვრობენ, ამას სტატისტიკაც ადასტურებს – ყველა მე-3 პენსიონერს ყველაზე მაღალპროცენტიანი სესხი აქვს, ანუ საპენსიო სესხი. საქართველოში 2025 წელს 888 ათასამდე პენსიონერი ცხოვრობდა, მათგან 266 636 პენსიონერსა და სოციალური შემწეობის მიმღებს საპენსიო სესხი ჰქონდა.
წამლის საყიდლად, თუ თავის გადასარჩენად პენსიონერებს ისევ უწევთ ყველაზე ძვირადღირებული სესხის აღება. წინა მოწვევის პარლამენტმა ამ კუთხით გარკვეული ნაბიჯები გადადგა და პენსიონერების სესხს რამდენიმე პროცენტი ჩამოაკლდა, თუმცა საპენსიო სესხი საქართველოში, სხვა სესხებთან შედარებით, ისევ ყველაზე ძვირია – იპოთეკური თუ სამომხმარებლო სესხისგან განსხვავებით, პენსიონერები სესხში დაახლოებით 26 %-მდე იხდიან.
წლებია „ოცნება“ საპენსიო სესხზე აღარ საუბრობს. „ოცნების“ პარლამენტი რეპრესიული კანონების მიღებითაა დაკავებული და არა, მაგალითად, პენსიონერის რეალური პრობლემების მოგვარებით.
- რა შეიცვალა საპენსიო სესხში?
ღარიბ პენსიონერებს საქართველოში ყველაზე მაღალ პროცენტს ახდევინებენ საბანკო სესხში. როცა იპოთეკური სესხი საშუალოდ 12-16 %-ად გაიცემა, ხოლო სამომხმარებლო სესხის განაკვეთია საშუალოდ 15-18 %, ამ დროს ღარიბ პენსიონერს ახდევინებენ სესხში 26%-ს.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში 266 636 პენსიონერსა და სოციალური შემწეობის მიმღებს აქვს აღებული საპენსიო სესხი. ამ სესხების მოცულობა, ჯამურად, 497 მილიონ 790 ათას 386 ლარია. პენსიონერები 2023 წლამდე სესხში 30-32%-ზე მეტს იხდიდნენ, 2023 წლიდან კი, განისაზღვრა მაქსიმალური ზღვარი – 26%.
ნაზი თაფაქიძის შემთხვევა რომ ავიღოთ: 70 წელს გადაცილებული პენსიონერის თვიური პენსიის 495 ლარის 26 % [ანუ საპენსიო სესხის მაქსიმალური ზღვარი] არის 128.7 ლარი. ნაზი თაფაქიძეს თვეში 120 ლარს აჭრიან. ყოველთვიურად პენსიიდან 120 ლარის ჩამოჭრა სიღარიბეში მცხოვრებს პენსიონერისთვის ძალიან მძიმე ტვირთია.
„ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“ 2020 წლიდან პერიოდულად აქვეყნებდა სხვადასხვა პენსიონერის მძიმე ისტორიას რუბრიკაში „პენსია სესხად“. მაგალითად, ქობულეთში 2021 წელს ავთანდილ ღაღაიშვილმა მაშინ გვაჩვენა „ლიბერთი ბანკთან“ გაფორმებული სესხის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, პენსიონერს 3433 ლარი სესხად მისცეს და მას ჯამში 5960 ლარი უნდა დაებრუნებინა. სმენისა და მეტყველების უნარების არმქონე, უსინათლო პენსიონერს 2527 ლარის გადახდა უწევდა მხოლოდ პროცენტში.
ამ პრობლემის გააქტიურების შემდეგ პარლამენტში სხვადასხვა კომიტეტის სხდომა გაიმართა, ასევე საგანგებო მოსმენა „მოქალაქეების“ ინიციატივით. 2023 წელს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით საპენსიო სესხის ეფექტურ საპროცენტო განაკვეთად 26 % განისაზღვრა, თუმცა სახალხო დამცველის მიერ მომზადებული 2024 წლის შეფასებით, პენსიონერებს 2023 წლამდე აღებულ სესხებში ისევ მაღალი პროცენტის გადახდა უწევთ.
რატომ აღარ მუშაობს პარლამენტი საპენსიო სესხებზე? – „ბათუმელებმა“ პარლამენტის პრესსამსახურს მიმართა თხოვნით, რომ „ოცნების“ რომელიმე დეპუტატი ჩაგვეწერა, თუმცა უშედეგოდ.
- „ლიბერთი ბანკში“ ახალი მენეჯმენტია – ეს ბანკი გასცემს საპენსიო სესხებს
„ლიბერთი ბანკი“ გასცემს საქართველოში ძირითადად საპენსიო სესხებს. ეს ბანკი ემსახურება პენსიონერებს.
„ლიბერთი ბანკი“ ირაკლი რუხაძემ – „ქართული ოცნების“ პროპაგანდის მანქანა 2026 წელს გაყიდა. რა ფასად გაიყიდა ლიბერთი ბანკი, უცნობია. „ბაზის ბანკის“ მთავარი მფლობელი ჩინური „ჰუალინგ ჯგუფია“.
„ლიბერთი ბანკის“ გასხვისების შესახებ მაშინდელი მფლობელი ირაკლი რუხაძემ 2025 წლის ივნისში განაცხადა. ირაკლი რუხაძე 2026 წლის თებერვლის დასაწყისში პროპაგანდისტულ ტელეკომპანია „იმედს“ კი 1000 ლარად დაემშვიდობა – 2026 წლის 24 თებერვალს დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანია „იმედი“ დაასანქცირა.
რა შეიცვალა საპენსიო სესხში? აპირებს „ლიბერთი ბანკის“ მენეჯმენტი საპენსიო სესხის პირობების გადახედვას? – „ბათუმელებმა“ შეკითხვებით მიმართა „ლიბერთი ბანკის“ პრესცენტრს. პასუხის მიღების შემთხვევაში, სტატია განახლდება.
- „მომხმარებლები სოციალურ სესხებს, ძირითადად, სწორედ იმ სასიცოცხლო მნიშვნელობის პროდუქტების შესაძენად იყენებენ“
„ნებისმიერი ქვეყნის შეფასება შეიძლება იმით, როგორ ექცევიან ბავშვებს და მოხუცებს. ბავშვებისთვის და მოხუცისთვისაც გვაქვს ძალიან უგრძნობი, ცარიელი სახელმწიფო“, – მიიჩნევს იურისტი ვახტანგ ნაცვლიშვილი. საპენსიო სესხებსა და ოვერდრაფტზე 2023 წელს კვლევა მოამზადა კონკრეტულ ისტორიებზე დაყრდნობით საზოგადოებრივმა მოძრაობამ „ხმა“. ამ კვლევის ავტორია ვახტანგ ნაცვლიშვილი.
2023 წლის კვლევის მიხედვით, „ლიბერთი ბანკი“ პენსიონერების უმეტესობისთვის უცნობია ორ პროდუქტს – საპენსიო სესხსა და ოვერდრაფტს შორის განსხვავება, „ბანკი კი მომხმარებლებს ხელშეკრულების პირობებს სათანადოდ არ აცნობს.“
„კვლევის ერთ-ერთი მიგნება იყო ოვერდრაფტების და სესხის აღრევა – ეს ოვერდრაფტი ისეთი ფორმაა სესხის, ამ შემთხვევაში პენსიონერებისთვის, როცა ყოველ თვეში იხდი პროცენტს, მაგრამ ძირ თანხას არაფერი არ აკლდება… თვითონ ჰყვებოდნენ „ლიბერთი ბანკის“ თანამშრომლები კვლევის ფარგლებში, რომ ოვერდრაფტის გაცემა პენსიონერზე უფრო მაღალ ბონუსს აძლევდა მათ, ვიდრე ჩვეულებრივი საპენსიო სესხის გაცემა პენსიონერზე. შეიძლება ითქვას, რომ „ლიბერთი ბანკმა“ თავისი თანამშრომლები აქცია თანამზრახველებად.
ასევე იყო ხელშეკრულებების თვითნებური ცვლილებები პანდემიის შემდეგ პერიოდში, გამოიკვეთა, რომ ბანკს ჰქონდა არაკეთილსინდისიერი საბანკო პრაქტიკა, მაგრამ ამას არ მოჰყოლია ადეკვატური რეაქცია… ამ ინფორმაციას უნდა მოჰყოლოდა ეროვნული ბანკის მხრიდან კონკრეტული ქმედებები – ეს ყველაზე მინიმალური, თორემ შეიძლება სისხლის სამართლის დანაშაულთანაც გვქონოდა საქმე. ეს ეხება ასიათასობით პენსიონერს…“ – მიიჩნევს იურისტი ვახტანგ ნაცვლიშვილი.
რა შეიცვალა საპენსიო სესხში საპროცენტო განაკვეთის დაკლებით?
„საპროცენტო განაკვეთი დაიწიაო, რომ ვამბობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისევ ყველაზე მაღალია საპენსიო სესხის საპროცენტო განაკვეთი. არავის უნდა ეგონოს, რომ პენსიონერებს თითქოს შეღავათები დაუწესეს,“ – გვიყვება ვახტანგ ნაცვლიშვილი. – „მეტიც, სესხის განაკვეთი არასდროს არ ყოფილა ამ სისტემის მთავარი პრობლემა. მთავარი პრობლემა იყო ის, რომ იმდენად დაუზღვეველია პენსიონერის რისკები და ცხოვრება, რომ საბაზისო საჭიროებისთვის უწევს პენსიონერს სესხის აღება.
წამლისთვის, ექიმთან მისასვლელად და სამკურნალოდ რომ სესხის აღება დაგჭირდება, რა თქმა უნდა, სასურველია, რომ უკეთეს საპროცენტო განაკვეთში აიღო სესხი, მაგრამ სურათს ეს არ შეცვლის. თუ საბაზისო საჭიროებებისთვის სესხი გჭირდება, ესე იგი, ძალიან ცუდად ცხოვრობ და პრობლემა მარტო სესხის განაკვეთშია კი არ არის, ხანდაზმულთათვის ზრუნვის პოლიტიკაში არის პრობლემა და ეს არსებითად არ გადახედილა,“ – გვითხრა ვახტანგ ნაცვლიშვილმა.
2023 წელს „ლიბერთი ბანკს“ უჩივლეს სახალხო დამცველთანაც.
ერთ-ერთი ასეთი საქმე, რომელიც სოციალურ სესხს ეხებოდა, სახალხო დამცველმა 2022 წელს შეისწავლა. მაშინ სახალხო დამცველმა გამოცემული ზოგადი წინადადებით სოციალური ე.წ. საპენსიო სესხების საპროცენტო განაკვეთის შემცირება მოითხოვა. განმცხადებელი დევნილის სტატუსის მქონე პირი იყო, რომელსაც 2021 წელს აუღია სესხი 568 ლარი. მას 30,69 %-ად მისცეს სესხი და 568 ლარის ნაცვლად, ჯამში 993,60 ლარი უნდა დაებრუნებინა.
დევნილის შემწეობიდან თვეში 45 ლარიდან 20.70 ლარი სესხის დასაფარად მიდიოდა.
რა ჩაწერა სახალხო დამცველმა ამ საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაში:
„როგორც განსახილველი საქმის ფარგლებში გამოვლინდა, სოციალური სესხის მომხმარებლებს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მათი საარსებო საშუალებებისთვის გამიზნული სახელმწიფო გასაცემელების არცთუ მცირე ნაწილით უწევთ სესხის დაფარვა. ამავდროულად, სესხის ვადის განმავლობაში ჯამურად გადასახდელი თანხა [მოცემულ შემთხვევაში, 993.60 ლარი – ძირი და პროცენტი] სესხის სახით მიღებულ თანხას [მოცემულ შემთხვევაში, 568 ლარი] დაახლოებით 75%-ით აღემატება…
სხვადასხვა დროს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით ნათელია, რომ მომხმარებლები სოციალურ სესხებს, ძირითადად, სწორედ იმ სასიცოცხლო მნიშვნელობის პროდუქტების შესაძენად იყენებენ, რომელთათვისაც სხვადასხვა სახელმწიფო გასაცემელი საკმარისი არ არის. ესენია: მედიკამენტები, შეშა, სურსათი და სხვა საარსებო საშუალებები.
აღნიშნულს ადასტურებს ის გარემოებაც, რომ სოციალური თუ სხვა სახის სარგოს მიმღებ პირებზე გაცემული სესხის საშუალო თანხა 1000 ლარის ფარგლებშია, რაც, ბუნებრივია, ვერ იქნება მიმართული ფუფუნების საგნების შესაძენად. მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც მედიკამენტებსა და სათანადო კვებაზე ხელმისაწვდომობის პრობლემა საქართველოსთვის აღიარებულ გამოწვევებს წარმოადგენს.
სოციალური სესხისგან განსხვავებით, სამომხმარებლო სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი ლარში 11.85%-დან იწყება,“ – ვკითხულობთ სახალხო დამცველის მიერ 2022 წელს მიღებულ გადაწყვეტილებაში.
იურისტ ვახტანგ ნაცვლიშვილს ვკითხეთ „ლიბერთი ბანკის“ აქამდე გაჟღერებულ, მთავარ არგუმენტზე, რომ საპენსიო სესხი მაღალი რისკის შემცველია და ამიტომაცაა საბაზრო პროცენტი მაღალი.
„იმისთვის, რომ ჩვენ დავრწმუნდეთ რისკებში, უნდა ვნახოთ რეალური ფორმულა, როგორ გამოთვლიან პროცენტს. ამ წლების მანძილზე რამდენი მილიონის მოგება ნახეს, რის ხარჯზე ნახეს და ასე შემდეგ… არგუმენტი, რომელსაც ზურგს არაფერი უმაგრებს, უფრო მითოლოგიას ჰგავს. თუ უნდათ, რომ ეს არგუმენტი სათვალავში იყოს მიღებული, მაშინ მეტი ინფორმაცია უნდა გაასაჯაროონ,“ – მიიჩნევს ვახტანგ ნაცვლიშვილი და ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ამ საკითხს არ უნდა შევხედოთ, როგორც მხოლოდ ბანკთან დაკავშირებულ პრობლემას:
„საპენსიო სესხები მარტო ასაკით პენსიონერებზე კი არ გაიცემა, გაიცემა ყველაზე, ვინც იღებს სახელმწიფოს გასაცემელს. უფრო ფართო სურათის დანახვაა საჭირო. ჯანდაცვის სისტემის რეფორმის გარეშე, წამლების პოლიტიკის რეფორმის გარეშე, შეუძლებელი იქნება პენსიონერი გაუმკლავდეს იმ ხარჯებს, რაც მას აქვს…
როცა მთავრობა საუბრობს ეკონომიკურ ზრდაზე, ეკონომიკური ზრდა მაშინ აისახება მოსახლეობის ფართო ჯგუფებზე, როდესაც სახელმწიფოს აქვს გადანაწილებითი და ინტერვენციული პოლიტიკა, როცა მიღებულ ეკონომიკურ სარგებელს აბანდებს ზრუნვის სერვისებში, აბანდებს საჯარო ინტერესში, ჯანდაცვაში, განათლებაში და ასე შემდეგ.
კვლევებით დადასტურებულია, რომ ეკონომიკური ზრდით ავტომატურად ცხოვრების ხარისხი შეიძლება სულ არ გაიზარდოს და საქართველო ამის დასტური: ციფრებით ჩვენთან ყოველწლიურად იზრდება ეკონომიკა, მაგრამ იზრდება სიღარიბეც,“ – გვითხრა ვახტანგ ნაცვლიშვილმა.






