რეკლამა,სიახლეები

ზრუნვა გარემოზე სკოლიდან – „აჭარისწყალი ჯორჯიამ“ გარემოს დაცვის კვირეული მოსწავლეებთან ერთად აღნიშნა

13.06.2026
ზრუნვა გარემოზე სკოლიდან – „აჭარისწყალი ჯორჯიამ“ გარემოს დაცვის კვირეული მოსწავლეებთან ერთად აღნიშნა

გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული კვირეული, კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიამ“, ტრადიციულად, შუახევი ჰესის არეალში მცხოვრებ მოსახლეობასთან ერთად აღნიშნა.

კვირეულის ფარგლებში კომპანიის წარმომადგენლები ამჯერად სხალთის საჯარო სკოლასა და საბავშვო ბაღს ეწვივნენ, სადაც მოსწავლეებსა და პედაგოგებს ქაღალდისა და პლასტიკის ნარჩენების სეპარირებული შეგროვებისთვის განკუთვნილი ურნები გადასცეს და პირობაც დადეს, რომ უზრუნველყოფენ შეგროვებული დახარისხებული ნარჩენების გატანასა და შესაბამის გადამამუშავებელ პუნქტებში ტრანსპორტირებას.

„ჩვენი მიზანია ბავშვებთან ერთად ვისაუბროთ გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე, ნარჩენების დახარისხებაზე და მის გადამუშავებაზე. გვინდა ბავშვებს ვუთხრათ, რომ პატარა ნაბიჯებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად, ჩვენ მათ გადავეცით ქაღალდის და პლასტიკის ურნები, რათა თავიანთ სკოლაში შეაგროვონ ნარჩენები, ჩვენი კომპანია კი უზრუნველყოფს შეგროვებული ნარჩენების მიტანას შესაბამის პუნქტამდე, სადაც მოხდება მათი გადამუშავება. 

მიგვაჩნია, რომ მსგავს შეხვედრებს, ცნობიერების ამაღლებას და პატარა უნარ-ჩვევების გამომუშავებას დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოს დაცვის კუთხით“ – განაცხადა ნინო გაგუამ, კომპანიის გარემოსდაცვით რეგულაციებთან შესაბამისობის ხელმძღვანელმა.

2026 წლის გარემოს დაცვის დღის მთავარი თემა იყო კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა, კამპანიის მთავარი გზავნილი კი იყო – #NowForClimate („ახლა კლიმატისთვის“).

ვიზიტის ფარგლებში, კომპანიის წარმომადგენლებმა მოსწავლეებისთვის სწორედ ამ გზავნილსა და კამპანიასთან დაკავშირებული ინტერაქტიული პრეზენტაცია ჩაატარეს. შეხვედრაზე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, განახლებადი ენერგიის განვითარება, ნარჩენების მართვა, ჰაერისა და წყლის დაბინძურება, ტყეების დაცვა, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება და ბუნებრივი რესურსების მაღალი პასუხისმგებლობით გამოყენება.

„ჩვენი სკოლა უკვე მრავალი წელია წარმატებით თანამშრომლობს კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიასთან“ სხვადასხვა გარემოსდაცვითი და საგანმანათლებლო ინიციატივის ფარგლებში. განსაკუთრებით აღსანიშნავია სკოლის ტერიტორიის გამწვანების პროექტი, რის ფარგლებშიც კომპანიამ სკოლას ნერგები გადასცა, ხოლო მათი დარგვის პროცესში ჩვენი მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი“ – ამბობს სხალთას საჯარო სკოლის დირექტორი, თემურ შაინიძე.

მისივე თქმით, გარემოს დაცვის კვირეულის ფარგლებში ჩატარებული ეს შეხვედრაც საინტერესო და ინტერაქტიული იყო:

„მოსწავლეებმა მიიღეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია გარემოს დაცვის, ნარჩენების მართვისა და კლიმატის ცვლილების საკითხებზე, ამავდროულად თავადაც აქტიურად მონაწილეობდნენ დისკუსიებში და საკუთარ მოსაზრებებს გვიზიარებდნენ. დისკუსიის მიმდინარეობის კი დაგეგმეს, მომავალში რა აქტივობებს განახორციელებენ გარემოსდაცვითი მიმართულებით“ – ამბობს სხალთის საჯარო სკოლის დირექტორი. 

საინფორმაციო შეხვედრას ესწრებოდნენ: ენერგო კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, შუახევი ჰესის ხელმძღვანელი და მიმართულების მენეჯერები.

„აჭარისწყალი ჯორჯია“ გარემოს დაცვასა და მდგრად განვითარებას კომპანიის საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტად მიიჩნევს და ადგილობრივ მოსახლეობასთან თანამშრომლობით რეგულარულად ახორციელებს გარემოსდაცვით და საგანმანათლებლო ინიციატივებს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: