არსამთავრობო ორგანიზაციები „ქართული ოცნების“ ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მიღებული რეპრესიული ნორმატიული აქტების გაუქმებას მოითხოვენ.
განცხადება დღეს, 27 აგვისტოს გავრცელდა.
„ჩვენ ვაპირებთ გამოვიყენოთ ყველა ჩვენს ხელთ არსებული სამართლებრივი ბერკეტი, რათა წინ აღვუდგეთ რეპრესირებულ კანონებს და მოგვეცეს ქართველი ხალხის და სახელმწიფოს სასარგებლო საქმიანობის გაგრძელება.“-აცხადებენ არასამთავრობოები.
განცხადებაში ასევე ვკითხულობთ:
„ივანიშვილ-კუპრაშვილის ანტიკორუფციული ბიუროს მიერ რეპრესირებული ორგანიზაციები მივმართავთ თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოვითხოვთ იმ ნორმატიული აქტის გაუქმებას, რომლითაც დაწყებულია ჩვენს მიმართ ე.წ. მოკვლევა.
2025 წლის 31 მაისის ბრძანებით, რაჟდენ კუპრაშვილმა თავის თავს და ანტიკორუფციულ ბიუროს იმაზე მეტი უფლებამოსილება მიანიჭა ვიდრე ეს განსაზღვრულია „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტში“. მას შეუძლია დაიწყოს მოკვლევა, ინსპექტირება, მიმართოს სასამართლოს ყადაღის დადების მოთხოვნით იმ ორგანიზაციების მიმართ ვისაც მიაჩნია რომ არ უნდა დარეგისტრირდნენ შესაბამის რეესტრში.
ამგვარი უფლებამოსილებები უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტში არ არის გაწერილი და ფორმალური საკანონმდებლო საფუძვლის გარეშე მოხდა მათი მიღება.
აღნიშნული იწვევს ქართველი ხალხის ინტერესების სასარგებლოდ მომუშავე ორგანიზაციების უფლებების დარღვევას, რადგან ჩვენი უფლებები იზღუდება კანონმდებლობისა და კონსტიტუციის დარღვევით მიღებული ნორმების საფუძველზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოსგან ვითხოვთ 2025 წლის 31 მაისის ბრძანების ცალკეული დებულებების ბათილად გამოცხადებას ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის საფუძველზე მათი უკანონობის გამო.
ჩვენ მოთხოვნას სრულად ადასტურებს ევროპის საბჭოსთან არსებული სპეციალური ექსპერტთა საბჭოს (Conference of INGOs) სამართლებრივი დასკვნა, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა.
ამ დასკვნის მიხედვითაც „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ არღვევს გაერთიანების და გამოხატვის თავისუფლებას და პირადი ცხოვრების უფლებას, მათ შორის იმის გამო, რომ კანონში არსებული ბუნდოვანი დებულებები ადამიანის უფლებების მრავალგზის შეზღუდვის შესაძლებლობას ითვალისწინებენ. გარდა აღნიშნულისა, დასკვნაში საუბარია 8 დამატებით მიზეზე, რის გამოც „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ არღვევს ადამიანის უფლებებს, მათ შორის აღნიშნულია სანქციის სიმკაცრე, რომელიც იმაზე უფრო დიდ სასჯელს ითვალისწინებს ვიდრე რუსეთის ფედერაციის კანონი, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ შეფასდა როგორც ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო სწორედ ამ საფუძვლით.
ჩვენ ვაპირებთ გამოვიყენოთ ყველა ჩვენს ხელთ არსებული სამართლებრივი ბერკეტი, რათა წინ აღვუდგეთ რეპრესირებულ კანონებს და მოგვეცეს ქართველი ხალხის და სახელმწიფოს სასარგებლო საქმიანობის გაგრძელება“-ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში“-ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 27 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 078 750 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +920]
ტანკი – 11 135 ერთეული [+1]
ჯავშანტექნიკა – 23 178 ერთეული [+0]
საარტილერიო სისტემა – 32 024 ერთეული [+45]
MLRS – 1 472 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 212 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 422 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 340 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 53 636 ერთეული [+194]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 598 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 59 887 ერთეული [+118]
სპეცტექნიკა – 3 950 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 26 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
665 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
79 664 უპილოტო საფრენი აპარატი
625 საზენიტო სარაკეტო სისტემა
24 797 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 588 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
28 928 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
40 423 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
კატასტროფაა ის, რასაც ამ ქვეყანას უპირებენ, რომ შესაძლოა დავკარგოთ ვიზალიბერალიზაცია, გამოგვაძევონ ევროსაბჭოდან და დავკარგოთ წვდომა ევროპულ სასამართლოზე მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას უნდა ერთ კაცს ემსახუროს“, – ამბობს ხათუნა ყოჩაშვილი, მასწავლებელი რუსთავიდან.
„ბათუმელები“ პედაგოგს ქვეყანაში არსებულ კრიზისზე ესაუბრა.
„გარდა იმისა, რომ პედაგოგი ვარ, ვარ მოქალაქე, ადამიანი, რომელიც ხედავს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, არ შემიძლია ისე გავატარო, თითქოს ეს ყველაფერი ჩემზე არ მოქმედებს.
დიახ, მოქმედებს ყველა ადამიანზე და არ მგონია, რომ ეს იყოს პოზიტიური მოქმედება – ეს ჩანს თვალნათლივ. ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ადამიანები საუბრობენ იმაზე, თუ რამდენად გართულდება ჩვენი ცხოვრება ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლის დაკარგვით. ამბობენ, რომ გართულდება მოგზაურობა, ხელი შეეშლებათ მკურნალობაში, ვეღარ დასაქმებიან, ოჯახები დაიშლება და ასე შემდეგ.
ეს არის პრობლემები, რომელიც ზედაპირზე ცურავს და მეტ-ნაკლებად ყველას ეხება, მაგრამ მე მაინც გავიხსენებ რისმაგ გორდეზიანის სიტყვებს, როცა თქვა, ევროპა ადგილი კი არ არის, ევროპა არის იდეა და იდეა არის ის ღირებულებები, რომლის შესახებ ადამიანებმა შესაძლოა იცოდნენ, მაგრამ ბოლომდე გათავისებული არ ჰქონდეთ.
ევროპული ღირებულება არის თავისუფლება, თანასწორობა, კანონმორჩილება, გახსნილობა, ღიაობა, ინდივიდუალიზმი, პლურალიზმი, მულტიკულტურალიზმი, სეკულარიზმი, ემანსიპაცია, სწრაფვა მშვიდობისკენ და მზადყოფნა ომისთვის.
თავისუფლების მნიშვნელობა თითქოს ყველას ესმის, მაგრამ ჩვენი ქვეყნის შემთხვევაში, ეს თავისუფლება გათელილია. მზია ამაღლობელის, ნინო დათაშვილის, ყველა სინდისის პატიმრის უფლებებია გათელილი. სხვანაირად როგორ შეიძლება აღიქვა, თუ არა ასე?
თანასწორობა ნიშნავს, რომ ეროვნების, რწმენის, რასის, წარმომავლობის, თანამდებობის, ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად, ყველა უნდა იყოს ერთმანეთთან თანასწორი ყველაფრის წინაშე. მაგრამ მე ამ თანასწორობას ვერ ვხედავ, მაგალითად, ანდრო ჭიჭინაძესა და პოლიციელს შორის, ქუჩაში ნაცემ ჟურნალისტებს, მომიტინგეების და პოლიციელებს შორის, რომლებიც ძალადობენ ხალხზე.
თანასწორობას ვერ ვხედავ, ვერ ვგრძნობ ვერსად.
კონსტიტუციაში კი გვიწერია, რომ ყველა ადამიანი თანასწორია, მაგრამ ერთია რა გიწერია, მეორეა – რას ვაკეთებთ და რას ვუწევთ პოპულარიზაციას. ყოველ შემთხვევაში, ვხედავ, რომ სიტყვა და საქმე განსხვავდება ჩვენს ქვეყანაში“, – ამბობს ხათუნა ყოჩაშვილი.
მისი აზრით, დღეს, „ქართული ოცნება“ ღირებულებების აღრევას ცდილობს.
„საკუთარი სურვილების დასაკმაყოფილებლად ცვლიან რეალობას. თეთრს აშავებენ და შავს ათეთრებენ. რატომ აკეთებენ ამას? რა თქმა უნდა, საკუთარი პირადი მიზნების მისაღწევად და ამაში ორი აზრი არ არსებობს.
„ოცნების“ უკან დგას რუსული პოლიტიკა, რუსეთი კი დამპყრობელი იყო ოდითგან. წარსულს თუ გადავხედავთ, არც ერთ პერიოდში რუსეთი ჩვენი მეგობარი არ ყოფილა. რუსმა გენერალმა ტოტლებენმა პირველივე ბრძოლაში უღალატა ერეკლეს, დახმარების ნაცვლად.
უახლოეს წარსულს გადავხედოთ. მე ვარ საბჭოთა მოსწავლე, რომელსაც ეკეთა ყელსახვევი და აღარ მაქვს სურვილი, ჩემი შვილიც ასე, ყელსახვევგაკეთებული გაიზარდოს ერთფეროვნებაში.
წლების განმავლობაში ჩაკეტილ სისტემაში ვიცხოვრეთ. ვხედავდი კორუფციას, ვხედავდი ადამიანების დაჩაგვრას, თანამდებობის ბოროტად გამოყენებას, უთანასწორობას ვხედავდი.
როცა უნივერსიტეტში ვაბარებდი, აღმოჩნდა, რომ ყველა ადგილი გაყიდული იყო და დავიწყეთ პროტესტი. მაშინ მედია დაგვიდგა გვერდით. „რუსთავი 2“, თავისუფალი მედია იყო მაშინ და მე ვერ გავხდებოდი სტუდენტი, მათ რომ არ გაეშუქებინათ ეს ამბავი. ამიტომ გვჭირდება საზოგადოებას თავისუფალი მედია.
სკოლა 89 წელს დავამთავრე და მოვესწარი 9 აპრილსაც. 8 აპრილს რუსთაველზე ვიყავი და ვნახე მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას ანთებული თვალები. ვნახე თავისუფლებისთვის ბრძოლა. ამიტომ აღარ მინდა დავბრუნდე იმ წარსულში, რომელსაც თავი ძლივს დავაღწიეთ.
მინდა ადამიანებს გვქონდეს სახელმწიფო ინსტიტუციების იმედი, გვქონდეს იმედი, რომ ჩვენს ნაშრომებს ობიექტურად შეაფასებენ უნივერსიტეტებში, სკოლებში. დღეს თითქმის ყველა ინსტიტუცია ჩამოშლილია. ვერაფერს მოკიდებ ხელს და ვერ იტყვი, რომ „აი, მე ამას ვენდობი“.
შშმ პირის, 13 წლის მოზარდის მდგომარეობა ვნახეთ ხომ ამ დღეებში, როგორ არ მიიღეს კლინიკებმა. წარმოუდგენელია, რომ ეს ხდება ჩვენს ქვეყანაში, 21-ე საუკუნეში.
ბევრი ისეთი რამ ხდება, რომელზე თვალის დახუჭვაc ნიშნავს ქვეყნის მოშლას და ეს ძალიან ცუდია. ფასეულობების რღვევა მიდის, მაგრამ ჩვენ, მასწავლებლებმა კარგად უნდა გადავხედოთ ჩვენს ეროვნულ მიზნებს და ისე ვიმოქმედოთ“, – ამბობს ხათუნა.
მისი აზრით, ადამიანი თუ თავისუფალია, რეალიზებულია საკუთარ პროფესიაში და არ არის ვიღაცის დახმარებით აღზევებული, ის არასდროს გახდება სხვისი მონა-მორჩილი.
„კატასტროფაა ის, რასაც ამ ქვეყანას უპირებენ, რომ შესაძლოა დავკარგოთ ვიზალიბერალიზაცია, გამოგვაძევონ ევროსაბჭოდან და დავკარგოთ წვდომა ევროპულ სასამართლოზე მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას უნდა, ერთ კაცს ემსახუროს.
ვიზალიბერალიზაცია არის ამ ქვეყნის გადარჩენა დღეს, რადგან უფრო მეტად დაიცლება ქვეყანა. ხომ ხედავთ როგორ იზრდება ემიგრანტების რაოდენობა, 5 500 ბავშვია ქვეყნიდან გასული ბოლო პერიოდში. მიდიან იმიტომ, რომ აქ არაფერი ეიმედებათ. თუ თავისუფალი მიმოსვლაც შეგვიჩერეს, საერთოდ აღარ მოუნდებათ აქ დარჩენა.
მე, უბრალოდ, მიკვირს იმ მასწავლებლების, ვინც დუმს ამ თემაზე. რადგან მასწავლებელი არაფერია, თუ არ არის ბავშვი. დღეს ერთი სკოლა დაიკეტება, ხვალ ორი და შეიძლება დაგვრჩეს ცარიელი სკოლები. 22 წლის ვიყავი, როცა პირველად სკოლაში მუშაობა დავიწყე და მაშინ პირველი ემიგრანტები, ჩემი მოსწავლეების მშობლები იყვნენ და ვხედავდი ამ ბავშვების ტრაგედიებს.
მერე დაიწყო ტვინების გადინება და ეს ყოველთვის პრობლემაა ქვეყნისთვის, რადგან თუ ახალგაზრდობა წავა, ერი დაბერდება და ვერ განვითარდება.
საბჭოთა კავშირი გვიკლავდა მოაზროვნე ადამიანებს, ახლა ქვეყნიდან გარბიან ახალგაზრდები, განათლებული ადამიანები, რადგან აქ არ აძლევენ არსებობის და რეალიზაციის საშუალებას, რომ სრულფასოვან ადამიანებად იგრძნონ თავი.
სამაგიეროდ, შემოდიან რუსეთის მოქალაქეები. საქართველო ქართველების გარეშე, ეს ყოველთვის იყო რუსეთის მიზანი და ამ ხალხს გვინაცვლებენ რუსებით“, – ამბობს ხათუნა ყოჩაშვილი.
მისი თქმით, ქვეყანა გადარჩება მაშინ, თუ ახალგაზრდობა არ დათმობს თავისუფლებას.
„ჩვენ ძალიან კარგი ახალგაზრდობა გვყავს. როდესაც პირველი საპროტესტო ტალღა წამოვიდა და ხალხი გამოვიდა ქუჩებში, ბევრი კარგი ახალგაზრდა გამოჩნდა. თუნდაც სინდისის პატიმრები ავიღოთ, როგორი გონიერი ახალგაზრდები არიან, არა? როგორი თანამედროვე.
როცა მათ ვუყურებ და ვუსმენ, ვფიქრობ ესენი არიან ნიმუში, როგორი უნდა იყოს პატრიოტი მოქალაქე. ვფიქრობ, უნდა გაერთიანდეს ეს ძალა და მართონ ქვეყანა.
ჩვენც უფრო მეტ ადამიანს უნდა დაველაპარაკოთ, კარდაკარ უნდა ვიაროთ, სინდისის პატიმრების დედების მსგავსად და ავუხსნათ ხალხს, რატომ გვჭირდება ევროკავშირი, რატომ არის ის ჩვენი ოცნება და არა ის თავსმოხვეული „ოცნება“, რომელიც გვაშორებს მშვიდობას, განვითარებას და ჩაგრავს უდანაშაულო ადამიანებს.
პარტია „თავისუფლების მოედანი“ საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისა და ახალი პარლამენტის შეკრების შემდეგ ლუსტრაციის კანონის ინიციირებას გეგმავს.
ლუსტრაციის კანონი მე-20 საუკუნის 90-იან წლებში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში შემოიღეს. გერმანიაში, პოლონეთში, ბალტიის ქვეყნებში სპეციალურმა ინსტიტუტებმა შეისწავლეს, თუ ვინ მონაწილეობდა საბჭოთა რეპრესიებში და საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის გამტკიცებაში. შესწავლის შედეგად ეს ადამიანები სახელმწიფო სამსახურებს დროებით ან სამუდამოდ ჩამოშორდნენ.
როგორ გეგმავს „თავისუფლების მოედანი“ საქართველოში ლუსტრაციის კანონის ამოქმედებას?
პარტიის გეგმა ასეთია – პარლამენტის მიერ შეიქმნება „ეროვნული მეხსიერების საბჭო“, რომლის შემადგენლობა დაკომპლექტდება მთავრობის, პარლამენტის, სასამართლოს და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებით; საბჭო შეისწავლის ყოფილი საბჭოთა უშიშროების ორგანოების, კომუნისტური პარტიისა და სხვა ტოტალიტარული ორგანიზაციების არქივებს და გამოავლენს იმ ადამიანებს, ვინც ტოტალიტარული სისტემის განმტკიცებას ემსახურებოდა, მოხალისეობრივად ან იძულებით თანამშრომლობდა სისტემასთან.
„ბათუმელები“ ლუსტრაციის კანონის შესახებ ესაუბრა „თავისუფლების მოედნის“ ერთ-ერთ ლიდერს, ლევან ცუცქირიძეს.
ბატონო ლევან, რატომ სჭირდება საქართველოს ლუსტრაციისკანონი?
გარდა იმისა, რომ საზოგადოებას ვუთხრათ, რატომ უნდა წავიდეს „ქართული ოცნება“ ხელისუფლებიდან, ასევე, უნდა ვუთხრათ რა შეიცვლება სახელმწიფოს მმართველობაში, რა შეიცვლება პოლიტიკაში „ოცნების“ წასვლის შემდეგ.
ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ, არა მხოლოდ სახელების და გვარების ცვლილებისთვის, არამედ პოლიტიკის კეთების ფუნდამენტურად გადააზრებისთვის ამ ქვეყანაში.
„თავისუფლების მოედანში“ ვფიქრობთ, რომ როდესაც გარდამავალი პერიოდი დადგება, რამდენიმე საკვანძო რეფორმა უნდა განხორციელდეს. მათ შორის, ერთ-ერთი არის ლუსტრაციის კანონი.
ჩვენ ლუსტრაციის კანონს ვხედავთ, როგორც დემოკრატიის ერთგვარ იმუნიზაციას ავტორიტარიზმის ვირუსისგან.
ეს აქამდე არასდროს არ გაგვიკეთებია.
სულ გვქონდა რაღაც ძვრები, ცვლილებები, რაღაც ფრაგმენტული რეფორმები, მაგრამ დემოკრატიის გაძლიერება და დემოკრატიის დაცვა ავტორიტარიზმისგან, სამწუხაროდ, არ გვქონია პრიორიტეტად არასდროს.
ახლა აღმოვჩნდით ამ ვითარებაში, როდესაც პირდაპირ კეთდება რუსული სპეცსამსახურების საქმე საქართველოში.
ამიტომ მიგვაჩნია, რომ ლუსტრაციის კანონი არის ერთ-ერთი სასწრაფოდ გასაკეთებელი რამ, რომ სახელმწიფოსთან ურთიერთობას ჩამოვაცილოთ ის ადამიანები, რომლებიც რუსულ, საბჭოთა და რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდნენ ან ახლაც თანამშრომლობენ.
როგორ წარმოგიდგენიათ ლუსტრაციის კანონის მიღება და ამოქმედება ჩვენს ქვეყანაში?
აუცილებელია, ეს ისე გაკეთდეს, რომ ლუსტრაციის პროცესი არ იქცეს ნადირობად პოლიტიკურ ოპონენტებზე ან ადამიანებზე, რომლებსაც არ ვეთანხმებით. არ უნდა დავუშვათ ეს.
როგორ უნდა გაკეთდეს? უპირველეს ყოვლისა, უნდა შეიქმნას ისეთი დამოუკიდებელი ორგანო, რომლის მთავარი ამოცანა იქნება ლუსტრაციის პროცესის გაძღოლა და ხელმძღვანელობა. ჩვენ კანონპროექტში ამას ვუწოდებთ „ეროვნული მეხსიერების საბჭოს,“ რომელიც უნდა დაკომპლექტდეს როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების, ისე საზოგადოების წარმომადგენლებისგან. ამ საბჭოს შექმნისა და დაკომპლექტების პროცესი, ასევე, უნდა იყოს გამჭვირვალე. საბჭოში უნდა აღმოჩნდნენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც ექნებათ საზოგადოების ნდობა. უნდა იყვნენ მიუკერძოებლები და სამართლიანი ადამიანები საკუთარ საქმეში.
გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია კონსენსუსი ამ საკითხზე. ჩვენ თუ გვინდა, რომ ნდობა ჰქონდეს ამ პროცესს, უნდა მოვემზადოთ ამისთვის. ლუსტრაციის პროცესის მომზადება, მანამდე უნდა დავიწყოთ, სანამ ეს უკვე პოლიტიკურად და ტექნიკურად შესაძლებელი იქნება.
ამიტომაც ჩვენ სპეციალისტებთან ერთად ვმართავთ საჯარო შეხვედრებს და საჯარო განხილვებს, რომ აი, ამ კითხვებს გავცეთ პასუხები და ადამიანებს მივცეთ ზუსტი ინფორმაცია იმაზე, როგორ ვხედავთ ლუსტრაციის პროცესს.
თუმცა, მხოლოდ „ეროვნული მეხსიერების საბჭო“ ვერ იქნება მარტო ამის სამართლიანად და ობიექტურად წარმმართველი. ამას სჭირდება, რა თქმა უნდა, დემოკრატიული არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტი, რომელიც საზოგადოების ნდობით სარგებლობს, იმიტომ, რომ პარლამენტში უნდა დაიწყოს ეს პროცესი. ამ პროცესს, ასევე, სჭირდება სხვა ინსტიტუტები, რომელთა რეფორმირებაც არის აუცილებელი. მაგალითად, სასამართლო.
დამოუკიდებელი სასამართლოს გარეშე, ამის გაკეთება რთული იქნება, ისევე, როგორც პარტიული კონტროლისგან თავისუფალი პოლიციის, გამოძიების და ზოგადად ძალოვანი სისტემის გარეშე. ამიტომ, როდესაც ვლაპარაკობთ ლუსტრაციაზე, სინამდვილეში, ასევე, ვგულისხმობთ იმას, რომ სახელმწიფოს გაჯანსაღებაზე ვსაუბრობთ. ლუსტრაცია ამის მნიშვნელოვანი ეტაპია, მაგრამ ის იზოლაციაში ვერ განხორციელდება.
ჩვენი გარდამავალი პერიოდის პროგრამა მოიცავს სწრაფ და საკვანძო რეფორმებს სასამართლოში, შსს-ში, პროკურატურაში, თვითმმართველობებში, საარჩევნო სისტემებში. რამდენიმე სხვა კრიტიკულ საკითხია – მაგალითად, საჯარო სექტორის დეპოლიტიზაცია.
ჯამში, ეს უზრუნველყოფს იმას, რომ ლუსტრაციის პროცესი გახდეს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი.
რა არის ლუსტრაციის კანონის ძირითადიამოცანა და როგორ მიიღწევა ის?
პირველი ამოცანა არის ისტორიული სამართლიანობის აღდგენა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. თუ შევხედავთ საბჭოთა წარსულის მქონე ქვეყნებს, რომლებმაც ლუსტრაციის პროცესი განახორციელეს, დღეს მათ ბევრად უფრო ჯანსაღი სახელმწიფო ორგანიზმი გააჩნიათ, ვიდრე იმ ქვეყნებს, რომლებმაც ეს არ გააკეთეს.
ამიტომ, ისტორიული სამართლიანობის აღდგენა და რთული წარსულისთვის თვალის გასწორება არის ჩვენი იმუნიტეტის აღდგენისთვის, რეაბილიტაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანი რამ.
მეორე ამოცანა აქ არის იმ ადამიანების, ვინც საბჭოთა სისტემის ორგანოებთან თანამშრომლობდა, ჩამოცილება სახელმწიფო მმართველობიდან და არა მხოლოდ მმართველობიდან, არამედ სახელმწიფოსთან რაიმე მნიშვნელოვან შეხებასთან.
მესამე ამოცანა არის ის, რომ დავიცვათ დემოკრატია და აღარ დავუშვათ იმის გამეორება, რაც, მაგალითად, ახლა ხდება საქართველოში.
აი, ეს სამი ძირითადი მიზანი გვაქვს, რასაც გვინდა, მივაღწიოთ.
თქვენ დადიხართ რეგიონებში, ხვდებით ხალხს, აწყობთ საჯარო განხილვებს. რა კითხვები მოდის საზოგადოებიდან ლუსტრაციის კანონის შესახებ?
არცერთ შეხვედრაზე, რაც გვქონდა, არ ყოფილა შემთხვევა ვინმეს ეთქვას, რომ ლუსტრაციის კანონი არ გვჭირდება. პირიქით, საყოველთაო მხარდაჭერა ჰქონდა ამ იდეას. რაც შეეხება შეკითხვებს, ადამიანებს აინტერესებთ, უნდა შეეხოს თუ არა ეს კანონი იმ ადამიანებს, ვინც დღესაც მუშაობს, დღესაც აგრძელებს რუსულ სპეცსამსახურებთან ურთიერთობას და მათ ან პროპაგანდისტულ საქმიანობაში ეხმარება, ან დეზინფორმაციაში, ან ჰიბრიდულ ომში.
ამაზე ჩვენი პასუხია და მეც ვფიქრობ, რომ კი, უნდა შეეხოთ.
მეორე საკითხი, რაზეც კითხვები ისმება – შეეხება თუ არა ლუსტრაციის კანონი იმ ადამიანებს, რომლებიც, წარსულში იყვნენ კომუნისტური პარტიის წევრები.
ადამიანი შეიძლება იყო კომუნისტური პარტიის რიგითი წევრი, ან კომკავშირში იყო, ან უწევდა პარტიული ბილეთის აღება, იმისათვის, რომ სამსახური ეშოვა ან რაღაც ასეთი… რა თქმა უნდა, ეს კანონი მათ არ შეეხებათ.
ლუსტრაციის კანონი შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც პირდაპირ, შეგნებულად იყვნენ ჩართული სპეცსამსახურების საქმიანობაში და მათი მიზნების რეალიზაციაში ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ.
ასევე, არის ხოლმე შეკითხვები ნდობასთან დაკავშირებით.
როგორ შეგვიძლია ვენდოთ სახელმწიფო ინსტიტუტების წარმომადგენლებს.
ლუსტრაციის პროცესის შემთხვევაში, მნიშვნელოვანი როლი ენიჭება შინაგან საქმეთა სამინისტროს, მათ შორის, ჩვენთანაც, რომლის ხელშიც არის არქივების დიდი ნაწილი.
იმ პირობებში, როდესაც აბსოლუტურად მორყეულია რწმენა სამართალდამცავი ინსტიტუტების მიმართ, ეს შეკითხვა ბუნებრივად ჩნდება. ვინ არის ეს ხალხი და რამდენად კეთილსინდისიერად გააკეთებს საქმეს?!
ამიტომაც არის, რომ ჩვენ ამ ლუსტრაციის პროცესს მოვიაზრებ სხვა რეფორმებთან ერთად. ამის ნაწილია შსს-ს და ზოგადად, სამართალდამცავი სისტემის ძირეული და სწრაფი რეფორმა.
ლუსტრაციის პროცესი ვერ მოხდება ვერც ერთი ცალკე პარტიის მიერ, ეს უნდა იყოს ეროვნული შეთანხმების საგანი და ფართო მხარდაჭერა ჰქონდეს საზოგადოებაში. ეს შეხვედრები გვეხმარება, რომ უკეთესი კანონპროექტი მოვამზადოთ.
ახლა რასაც განვიხილავთ, არის პირველი, პრინციპების დონეზე მომზადებული ტექსტი. ამ შეხვედრების რაუნდის შემდეგ, მერე უკვე განახლებულ ტექსტს წარვუდგენთ საზოგადოებას.
რა იქნება ამ საჯარო განხილვების მერე, რა პროცესია რეალურ კანონად ქცევამდე გასავლელი?
ჩვენი მიზანია ახალი არჩევნებისთვის, გვქონდეს რამდენიმე საკვანძო საკითხზე, მათ შორის, ლუსტრაციასთან დაკავშირებით, უკვე შემდგარი კონსენსუსი, ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერა.
გვინდა მოხდეს ინტერპარტიული კონსენსუსი. იმისთვის, რომ სწრაფად მოვახდინოთ გარღვევა, იმ მძიმე დანაკარგების ანაზღაურება, რაც „ქართული ოცნების“ მმართველობამ მოიტანა, ჩვენ წინასწარ რაღაცებზე უნდა შევთანხმდეთ.
ამიტომ, ჩვენი სურვილი და მიზანია ამ დისკუსიების შემდეგ ძალიან მალე განახლებული ტექსტი წარვადგინოთ, შევათანხმოთ პოლიტიკურ აქტორებთან, სხვა დაინტერესებულ მხარეებთან და ვიცოდეთ, რომ როდესაც ჩატარდება ახალი არჩევანი, ეს იქნება ერთ-ერთი პირველი კანონპროექტი, რომლის გატანასაც შევძლებთ.
„თავისუფლების მოედნისთვის“ ეს იქნება ერთ-ერთი პირველი კანონპროექტი, რომელსაც ახალ და თავისუფალ პარლამენტში წარვადგენთ.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, 2024 წლის საყოველთაო აღწერასთან დაკავშირებით დღეს, 2025 წლის 26 აგვისტოს დამატებითი მონაცემები გაავრცელა, სადაც საქართველოს და უცხოეთის მოქალაქეებია გამიჯნული.
საქსტატის მონაცემებით, საყოველთაო აღწერით აღრიცხული მოსახლეობის რიცხოვნობიდან სულ მცირე 93,4 პროცენტი, ანუ 3 მილიონ 657 ათასი ადამიანი საქართველოს მოქალაქეა, ხოლო არა უმეტეს 6,6 პროცენტი, ანუ 257 ათასი ადამიანი – ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქე.
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ მთლიანობაში [უცხოელების ჩათვლით] 3 მილიონ 914 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც 2 მილიონ 78 ათასი [53 პროცენტი] ქალია, ხოლო 1 მილიონ 836 ათასი [47 პროცენტი] – კაცი.
„საერთაშორისო მეთოდოლოგიის მიხედვით, აღწერას დაექვემდებარა ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები საქართველოს ყველა მოქალაქე, ასევე ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც ქვეყანაში ცხოვრობდნენ 12 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში“, – აცხადებს საქსტატი.
საქსტატის განცხადებით „ამ ეტაპზე მიმდინარეობს აღწერის შედეგად მიღებული პირველადი მონაცემების დამუშავება და ვალიდაცია, სხვადასხვა სახის ადმინისტრაციულ მონაცემთა წყაროს საფუძველზე… აღწერის დეტალური [საბოლოო] შედეგები კი გამოქვეყნდება 2026 წლის ივნისში.
აღწერის წინასწარი შედეგები პირველად 2025 წლის 25 ივნისს გამოქვეყნდა. „საქსტატი გამოხატავს მზადყოფნას, პერიოდულად მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია, მონაცემთა დამუშავების პროცესის მიმდინარეობის შესახებ“, – განაცხადა საქსტატმა დღეს, 2025 წლის 26 აგვისტოს.
„საქართველოს 2024 წლის მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერა ჩატარდა 2024 წლის 14 ნოემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში. აღწერამ მოიცვა ქვეყნის მთელი ტერიტორია, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა. მოსახლეობის გამოთვლის მომენტად [აღწერის კრიტიკული მომენტი] განისაზღვრა 2024 წლის 13-14 ნოემბრის შუაღამის 12 საათი, რომლის მიხედვითაც განხორციელდა ფაქტების რეგისტრაცია“, – აღნიშნულია საქსტატის განცხადებაში.
თურქეთში იზმირის პროვინციაში და ადანაში, ტყის ხანძარს ჰაერიდან და ხმელეთიდან ებრძვიან.
თურქული მედიის ცნობით, „სეფერიჰისარის“ კაშხლის მიმდებარე ტყის ტერიტორიაზე ხანძარი უცნობი მიზეზით გაჩნდა.
ახალი ამბების სააგენტო „ანადოლუ“ ცნობით, დღეს, 26 აგვისტოს, ხანძრის ჩასაქრობად ვერტმფრენები, ათეულობით სახმელეთო ტექნიკა და 200 მეხანძრეა მობილიზებული.
ამავე დროს, ტყის ხანძარია ადანას პროვინციაშიც, სადაც, ასევე, ტყის მასივში გაჩენილ ხანძარს ჰაერიდან და ხმელეთიდან ებრძვიან.
მედიის ცნობით, 2025 წლის დასაწყისიდან დღემდე თურქეთში ტყის 5400-ზე მეტი ხანძარი იყო.
„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი აზერბაიჯანელ და უკრაინელ ჟურნალისტებთან ერთად ვაცლავ ჰაველის ადამიანის უფლებათა პრემიის ფინალისტთა სიაშია.
მზია ამაღლობელთან ერთად ფინალისტთა სიაში არიან უკრაინელი ჟურნალისტი მაქსიმ ბუტკევიჩი და აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ულვი ჰასანლი.
ვაცლავ ჰაველის პრემიის მიზანია ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ ადამიანის უფლებათა სფეროში სამოქალაქო საზოგადოების გამორჩეული ქმედებების აღიარება.
„მზია ამაღლობელი 2000 წლიდან პიონერი ქართველი ჟურნალისტია და დამოუკიდებელი მედია საშუალებების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი.
მიუხედავად იმისა, პოლიტიკურად მოტივირებული პატიმრობისა და მკაცრად მოპყრობისა, რაც საპროტესტო აქციების დროს ძალადობის გამოაშკარავებას მოჰყვა, მისმა გაბედულმა ქმედებებმა ხელი შეუწყო მედიის მიმართ რეპრესიებსა და პოლიტიკურ ძალადობაზე ყურადღების მიპყრობას, რაც მიზნად ისახავდა საქართველოს დემოკრატიული მომავლის უზრუნველყოფას.
მისმა დაპატიმრებამ და შემდგომმა განაჩენმა 2025 წელს იგი პრესის თავისუფლებისა და სახელმწიფო რეპრესიების წინაშე მდგრადობის სიმბოლოდ აქცია, რაც ხაზს უსვამს ჟურნალისტების სასიცოცხლო როლს ადამიანის უფლებების დაცვაში“, – ვკითხულობთ მზია ამაღლობელზე პრემიის ფინალისტთა შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
პრემიის ფინალისტია უკრაინელი ჟურნალისტი, მაქსიმ ბუტკევიჩი, ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის „ზმინასა“ და „ჰრომადსკე რადიოს“ თანადამფუძნებელი, პაციფისტი, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მოხალისედ ჩაეწერა და ქვეყნის დასაცავად იბრძოდა, სანამ ტყვედ არ ჩავარდა. მან ორ წელზე მეტი გაატარა რუსეთში, პატიმრობაში, სანამ 2024 წლის ოქტომბერში ტყვეთა გაცვლის დროს გაათავისუფლებდნენ.
ჰაველის პრემიის აზერბაიჯანელი ფინალისტი კი ჟურნალისტი ულვი ჰასანლია, დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციის, „აბზას მედიის“ დირექტორი. 2025 წლის ივნისში ჰასანლის ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და ამჟამად მძიმე პირობებში იმყოფება ციხეში, სადაც ის შიმშილობს და სამარტოო საკანშია.
ვაცლავ ჰაველის სახელობის ადამიანის უფლებათა პრემია 2013 წელს დააარსა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, ვაცლავ ჰაველის ბიბლიოთეკასა და „ქარტა 77“ ფონდთან ერთად.
დაარსების დღიდან ჰაველის პრემია გადაეცათ: მარია კორინა მაჩადოს (ვენესუელა), ოსმან კავალას (თურქეთი), ვლადიმერ კარა-მურზას (რუსეთი), მარია კალესნიკოვას (ბელარუსი), ლუჯაინ ალჰათლოულს (საუდის არაბეთი), ერთობლივად ილჰამ ტოჰტის (ჩინეთი) და ადამიანის უფლებების ახალგაზრდულ ინიციატივას (ბალკანეთი), ოიუბ ტიტიევს (რუსეთი), მურატ არსლანს (თურქეთი), ნადია მურადს (ერაყი), ლუდმილა ალექსეევას (რუსეთი), ანარ მამადლის (აზერბაიჯანი) და ალეს ბიალიაცკის (ბელარუსი).
ვაცლავ ჰაველის სახელობის ადამიანის უფლებათა პრემია გაიცემა ცერემონიაზე, რომელიც იმართება სტრასბურგში, საპარლამენტო ასამბლეის შემოდგომის სესიის ორშაბათს, როგორც წესი, სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის დასაწყისში. პრიზის მფლობელის სახელს აცხადებს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი.
მზია ამაღლობელის საქმე – მოკლედ
6 აგვისტოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს 2- წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
პოლიციელზე თავდასხმის ბრალდება, რითაც პროკურატურა მზია ამაღლობელს ედავებოდა, გადაკვალიფირდა სისხლის სამართლის 353-ე მუხლის პირველ ნაწილზე: პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე, აშკარად უკანონო ქმედებისთვის მისი იძულება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე.
მზია ამაღლობელმა სასამართლოს დასკვნითი სიტყვით 4 აგვისტოს მიმართა. მან თქვა, რომ მისთვის მიუღებელი და შეურაცხმყოფელია პროკურატურის შეთავაზება საპროცესო შეთანხმებაზე.
მზია ამაღლობელი 2025 წლის 12 იანვარს დააკავეს სისხლის სამართლის წესით. იგი 200 დღეზე მეტია წინასწარ პატიმრობაშია. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობდა მისი წინასწარ პატიმრობაში დატოვების სამართლებრივი საფუძველი, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა უკანონო პატიმრობაში დატოვა.
მზია ამაღლობელს პატიმრობაში მხედველობა მკვეთრად დაუქვეითდა.
არდადეგების შემდგომ სკოლისთვის მომზადება, თითქმის ყველასთვის, მოუსვენრობასთან, პოზიტიური სიახლეების მოლოდინთან და განსაკუთრებულ ემოციებთან არის დაკავშირებული. ასეა, 1 სექტემბრის თარიღიც – მრავალი წლის განმავლობაში, სწავლა ყველგან სწორედ ამ დღეს იწყებოდა. მაშინ იშვიათად თუ იტყოდნენ – „სკოლისთვის ვემზადები“, ძირითადად ყველა 1 სექტემბრისთვის ემზადებოდა.
სწავლა უმეტეს სკოლებში დიდი ხანია, 1 სექტემბერს აღარ იწყება, თუმცა ამ თარიღს წელსაც განსაკუთრებული მოლოდინებით უნდა დაელოდოთ, რადგან თიბისიმ ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტებისთვის, ტრადიციულად, განსაკუთრებული შეთავაზებები მოგიმზადათ.
თიბისიმ სტუდენტებზეც იზრუნა და უნივერსიტეტისთვის მომზადება მათაც გაუმარტივა. თუ ხარ 18-დან 23 წლამდე და გაქვს ახალი თიბისი ბარათი, ისარგებლე იდენტური შეთავაზებით და მოემზადე უნივერსიტეტისთვის თიბისისთან ერთად.
მოსწავლის ბარათის და ახალი თიბისი ბარათის მომხმარებლებს შეთავაზებები დაგხვდებათ იქ, სადაც ყველაზე მეტად ელოდით:
„სპეციალური ოპერაციების ძალებმა ჩაატარეს სპეცოპერაცია, რომლის შედეგადაც მწყობრიდან იქნა გამოყვანილი ლოჯისტიკის ობიექტები, რომელიც უზრუნველყოფენ რუსეთის არმიის სამხედრო ნაწილების ფუნქციონირებას და საბრძოლო მომარაგებას“ – წერს „ტელეგრამში“ უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალები.
ამავე დროს, ადგილობრივი ტელეგრამის არხები იუწყებიან აფეთქებების შესახებ ჯანკოიში და დარტყმის შესახებ კრასნოგვარდეისკის რაიონში. „კრიმენერგომ“ გამოაცხადა ელექტროენერგიის საგანგებო გათიშვის შესახებ კრასნოგვარდეისკის რამდენიმე დასახლებაში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დილით რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმის ნახევარკუნძულზე რვა უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.
ყირიმის ტელეგრამ არხებზე დარტყმის ამსახველი რამდენიმე ფოტო ვრცელდება, თუმცა სხვა დეტალების შესახებ ჯერჯერობით უცნობია.
ბათუმის აეროპორტში დღეს, 26 აგვისტოს, თვითმფრინავი, რომელიც ასრულებს თელავივი-ბათუმის რეისს, პირველი მცდელობისას ვერ დაჯდა.
თვითმფრინავი ამ წუთებში [14:10 სთ.] ზღვის თავზე მანევრირებს.
განახლება:
თვითმფრინავი მეორე მცდელობისას [დაახლოებით 14:16 სთ-ზე] დაჯდა ბათუმის აეროპორტში.
თვითმფინავი ბათუმის აეროპორტში პირველი მცდელობისას ვერ დაჯდა / 26.08.2025თვითმფინავი ბათუმის აეროპორტში მეორე მცდელობისას დაჯდა / 26.08.2025
————————
თელავივი-ბათუმის რეისი ბათუმის აეროპორტში 10 აგვისტოს მხოლოდ მესამე მცდელობისას დაჯდა. მაშინ „ბათუმელებს“ ბათუმის აეროპორტში უთხრეს, რომ „ეს იყო ჩვეულებრივი პროცედურული ამბავი ოპერირების ნაწილში“.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 26 აგვისტოს 21 საათიდან 27 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში:
დღისით: 25 – 30 გრადუსი სითბო
ღამით: 17 – 22 გრადუსი სითბო
მაღალმთიან ზონაში:
დღისით: 23– 28გრადუსი სითბო
ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო
ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა კი +27 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, 28-29 აგვისტოს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 26 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 077 830 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +890]
ტანკი – 11 134 ერთეული [+4]
ჯავშანტექნიკა – 23 178 ერთეული [+3]
საარტილერიო სისტემა – 31 979 ერთეული [+33]
MLRS – 1 472 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 211 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 422 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 340 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 53 442 ერთეული [+95]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 598 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 59 769 ერთეული [+97]
სპეცტექნიკა – 3 950 ერთეული [+2]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 24 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
665 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
79 322 უპილოტო საფრენი აპარატი
625 საზენიტო სარაკეტო სისტემა
24 755 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 588 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
28 873 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
40 314 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ დღეს, 26 აგვისტოს, განცხადებას ავრცელებს თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ მიღებული რეპრესიული კანონების გამო, ქარტია ვეღარ გაუწევს მონიტორინგ მედიების მიერ საარჩევნო საკითხების გაშუქებასთან დაკავშირებით.
„2012 წლის შემდეგ პირველად, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია არ გაუწევს მონიტორინგს წინასაარჩევნო პერიოდში მედიასაშუალებების მიერ არჩევნებთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებას პოლიტიკური მიკერძოების გამოსავლენად და პროფესიულ სტანდარტებთან მისი შესაბამისობის დასადგენად.
„ქართული ოცნების“ მიერ მიღებულმა რეპრესიულმა კანონებმა და მის მიერ მედიის მიმართ გატარებულმა დამაზიანებელმა პოლიტიკამ მსგავსი საქმიანობის განხორციელება წელს შეუძლებელი გახადა.
„ქართული ოცნების“ მეცადინეობით ქარტიამ დაკარგა წვდომა იმ დასავლელი დონორების ფინანსებზე, რომელთა მხარდაჭერითაც ქარტია წლების განმავლობაში ახორციელებდა მედიამონიტორინგის მასშტაბურ და კომპლექსურ პროექტებს.
მედიაკონტენტის მონიტორინგი, რომელიც იძლევა არჩევნების სამართლიანობის შესაფასებლად საყურადღებო ინფორმაციას, მნიშვნელოვანია თავად მედიასაშუალებებისთვისაც, შეცდომების დასანახად და სამომავლოდ მათი გამოსწორებისთვის.
საერთაშორისო ექსპერტების ხელშეწყობით შემუშავებული მეთოდოლოგიის გამოყენებით, საარჩევნო კონტენტის მონიტორინგი ქარტიამ პირველად 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს განახორციელა, ხოლო ბოლოს – 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ.
წინა მუნიციპალური არჩევნების დროს, 2021 წელს, ქარტია დააკვირდა ახალი ამბების გაშუქებას და პოლიტიკური ტოკშოუებს ექვს ნაციონალურ ტელეარხზე და ცხრა ონლაინ მედიასაშუალებაში.
ამ ეტაპისთვის ქარტია მოხალისეობრივ საწყისებზე განაგრძობს საბაზისო ფუნქციების შესრულებას, მათ შორის, მოქალაქეთა განცხადებების განხილვას პროფესიული სტანდარტების დარღვევაზე, თუმცა, ის პროექტების განხორციელებას და საზოგადოებისა და ჟურნალისტური თემისათვის ამ და სხვა საჭირო სერვისების მიწოდებას ვეღარ ახერხებს“ – ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.
„თხილის კარგი მოსავალი გვაქვს და ველოდებით, რომ ექსპორტი წელს საკმაოდ გაიზრდება – მინიმუმ 130 მილიონ დოლარამდე. ჩვენი პროდუქციის 80 პროცენტი კი ევროკავშირის ბაზარზე გადის“, – ამბობს „ბათუმელებთან“ თხილის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე, ბიზნესმენი მერაბ ჭითანავა.
საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოდან 100,7 მილიონი აშშ დოლარის თხილია გატანილი.
„ნორმალურად მიდის მოსავლის აღება, ჯერჯერობით ექსპორტი არ დაწყებულა ჩვენთან, სექტემბერში აქტიურდება ეს პროცესი. შესაბამისად, პოზიტიურად ვუყურებთ და ველოდებით, რომ ჩვენი ექსპორტი, წელს საკმაოდ გაიზრდება – მინიმუმ 130 მილიონზე გავა მაჩვენებელი. ვფიქრობთ, რომ ეს კარგი წელია, მაღალი ფასებია თხილზე და ფერმერების გააქტიურებასაც გამოიწვევს მომავალი სეზონისთვისაც,“ – ამბობს მერაბ ჭითანავა.
მისივე თქმით, თხილის ფასი ჯერ არ დარეგულირებულა, თუმცა ყოველდღიურად მატულობს: „ჩვეულებრივად იყიდება თხილი და ხარისხიანი თხილის ფასი დღეს 6-7 ლარია, გააჩნია რა პროდუქციაზეა საუბარი. უხარისხო თხილი კი, სადღაც 5,5-6 ლარის ფარგლებშია“.
მერაბ ჭითანავას ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმებაზეც ვკითხეთ – თუ რა პრობლემების წინაშე შეიძლება დადგეს თხილის ექსპორტიორები.
„რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, გეტყვით, რომ ჩვენი თხილის 80% გადის ევროკავშირის ბაზარზე. შესაბამისად, ჩვენ ინტენსიურად გვაქვს კომუნიკაცია ევროპის ბაზართან. რაც უფრო მარტივად იქნება ჩვენი ექსპორტი, მით უკეთესია, ორი აზრი ამაზე არ არსებობს.
რა თქმა უნდა, ახლა კარგი იქნება ჩვენთვის ეგ [უვიზოს გაუქმება]-მეთქი, ვერ გეტყვით, მაგრამ ნამდვილად ვფიქრობ, რომ ეს არ დადგება. რამდენადაც ვიცი, რაღაც ფორმით ეს საკითხი გადაიდო და პრობლემას არ წარმოადგენს, ჩვეულებრივად გრძელდება უვიზო რეჟიმი, როგორც იყო,” – ამბობს მერაბ ჭითანავა.
მერაბ ჭითანავას ვკითხეთ, როგორ აისახება უვიზო რეჟიმის გაუქმება თხილის ექსპორტზე და რა მნიშვნელობა აქვს ქართული ბიზნესისათვის ევროპულ ბაზარს.
“ძალიან ძნელია მომავალზე საუბარი. ადრე არ გვქონდა უვიზო მიმოსვლა და ვმოძრაობდით, იმიტომ რომ გაცემა არ იყო პრობლემა… ერთადერთი მოცემულობა რაც არის, ისაა, რომ ევროპის ბაზარი არის ჩვენი საექსპორტო ძირითადი ბაზარი და მასთან ურთიერთობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი. ეს ფაქტია.
[უვიზო რეჟიმი] კომფორტია და რა ვიცი, ვაჭრობის შესაძლებლობაა, კომუნიკაციის შესაძლებლობაა, მიმოსვლის შესაძლებლობაა“, – აცხადებს მერაბ ჭითანავა.
მერაბ ჭითანავას თქმით, ქართული თხილის ძირითადი ბაზრები იტალია და გერმანიაა. ქართული თხილი ჩინეთშიც გადის, თუმცა, ჩინეთი ევროპის ბაზრის ალტერნატივა „არავითარ შემთხვევაში არ იქნება“.
თბილისში, 21 აგვისტოს, მის მიღებაზე სამმა საავადმყოფომ განაცხადა უარი.
როგორც მოზარდის დედა, მაია ბარათაშვილი მედიასთან აცხადებდა, მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციის გამო დამძიმდა.
მიუხედავად იმისა, რომ შშმ პირების უფლებები როგორც ეროვნული, ასევე საერთაშორისო კონვენციებითაა დაცული, საქართველოში შშმ პირებს და მათ მშობლებს მაინც უწევთ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ყოფნა.
რატომ ვერ უზრუნველყო სახელმწიფომ შშმ პირის ჯანმრთელობის უფლების დაცვა და რატომ ამბობენ უარს კლინიკები მათთვის მომსახურებაზე? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ბავშვთა უფლებადამცველს და ადვოკატს ანა არგანაშვილს ესაუბრა.
მისი თქმით, ხშირ შემთხვევაში შშმ ბავშვების მომსახურებაზე უარის თქმის მიზეზად ადგილის ან ტექნიკის უქონლობას ასახელებენ კლინიკები, თუმცა რეალური მიზეზი დამოკიდებულებაა.
„ბოლოს დედას დასჭირდა პოლიციის გამოძახება, რომ მისი შვილი მიეღოთ კლინიკაში. პოლიციის გამოძახების შემდეგ გადაიყვანეს გიორგი „ჯეო ჰოსპიტალში“. ამ დროს გიორგის ჰქონდა ძლიერი ტკივილები და ტიროდა, იყო ცუდად.
წინა კლინიკებში, როცა დაინახეს, რომ პაციენტი იყო შშმ, დედას უთხრეს ფსიქიატრიულში წაიყვანეთო. ეს არის სწორედ დისკრიმინაციული მიდგომა, რადგან დაინახავენ თუ არა შშმ პირს, ფიქრობენ, რომ მისი ადგილი ფსიქიატრიულშია და არა ისეთ საავადმყოფოში, სადაც დანარჩენი საზოგადოება დადის“, – ამბობს ანა არგანაშვილი.
მისი თქმით, „ჯეო ჰოსპიტალში“ შეყვანილი მოზარდი, რამდენიმე საათის განმავლობაში იატაკზე ჰყავდათ დაწვენილი.
„ეს ტელევიზიის მიერ გადაღებულ კადრებშიც ჩანს, რომ მოზარდი იატაკზე წევს და მერე თვითონაც აღიარეს კლინიკაში, რომ „სულ რაღაც სამ საათამდეო“. მაგრამ 3 საათზე მეტი ხანი ეწვათ იატაკზე ადამიანი, რომელსაც ძლიერი ტკივილები ჰქონდა და იატაკს თავს ურტყამდა.
ფსიქიატრებსაც ესაუბრა დედა, თუმცა მათაც თქვეს, რომ თუ ტკივილი სომატურია, ვერ დაეხმარებიან. ბოლოს გიორგის გაუკეთეს ანესთეზია და ასე გადაიყვანეს პალატაში“, – გვეუბნება ანა არგანაშვილი.
18 წლის ანზორ (გიო) დავითურის დედა, მაია ბარათაშვილი.
მისი თქმით, პრობლემაა ისიც, რომ მოზარდის დედა, რომელსაც მხოლოდ თავად შეუძლია შვილის საჭიროებების გაგება, გარეთ დატოვეს და არ შეუშვეს პალატაში.
მშობელს არ მიაწოდეს ინფორმაცია, რა პროცედურები ჩაუტარდა მის შვილს. გადაუღეს თუ არა მრტ, რა გამოკვლევები ჩატარდა და დილით ეუბნებიან, რომ თურმე მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა, რომ სუნთქვის პრობლემები აქვს – სიცოცხლესთან შეუთავსებელია ეს სუნთქვის დარღვევაო და ბავშვი გადაიყვანეს მართვით სუნთქვაზე“, – გვეუბნება ანა.
სანამ ანესთეზიას ჩაუტარებდნენ, მანამდე თუ გამოიკვლიეს, შეიძლებოდა თუ არა ამ პროცედურის ჩატარება მოზარდისთვის? – ვკითხეთ ანას. მისი თქმით, ამის თაობაზე ინფორმაცია არავის მიუწოდებია მათთვის.
„პირველად რომ გამოუტანეს მშობელს რაღაც ფურცლები, იქ ყველა გრაფა ცარიელი იყო, ხელმოუწერელი, საიდანაც ვერაფერს გაიგებდი. შემდეგ ვითხოვდით ინფორმაციის საათობრივ განახლებას, ანუ ორ საათში ერთხელ, ერთ საათში ერთხელ, ექვს საათში ერთხელ და ამასაც არ აკეთებდნენ. მაშინ მივხვდით, რომ რაღაც დიდი პრობლემა იყო.
მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა, ჩემი აზრით, არის სისტემაში, რადგან გიორგის შემთხვევა არ არის პირველი, როცა შშმ პირს, კლინიკები არ მოექცნენ სათანადოდ ან დროულად არ აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება“, – ამბობს ანა არგანაშვილი და სხვა ბავშვების ისტორიებსაც იხსენებს.
„ჩვენ გვაქვს ერთ ასეთი შემთხვევა, რომელზეც სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო სამი წლის წინ – შშმ ბავშვი გარდაიცვალა და ზუსტად ასეთივე სიტუაცია იყო, როგორც გიორგის შემთხვევაშია დღეს. თუმცა ვხედავთ, რომ რეალურად, შშმ პირების მიმართ დამოკიდებულება მაინც არ იცვლება კლინიკებში.
პროკურატურასაც გულგრილი დამოკიდებულება აქვს, გამოძიებას იწყებენ და არ ამთავრებენ. იმ შემთხვევაზეც, როცა ბავშვი გარდაიცვალა, არავის ბრალი არ წარუდგინეს, არ მივიდა საქმე სასამართლომდე, რადგან ეს პრობლემა არის არაღიარებული სახელმწიფოს მხრიდან.
როგორც ბავშვთა ქორწინებებს არ აღრიცხავდა სახელმწიფო წლები წინ, როცა ჩვენ ათასობით შემთხვევა გვქონდა, ასეა შშმ პირებთან მიმართებაშიც: არ აღრიცხავენ შშმ პირებთან დაკავშირებულ არასათანადო სამედიცინო მომსახურების შემთხვევებს, რადგან არ უნდათ ასეთი მაგალითები შევიდეს სტატისტიკაში.
როგორ უმკურნალეს, უმკურნალეს თუ არა, რატომ დამძიმდა, ვინ რა არ გააკეთა – ამის ანალიზი არ არსებობს. ეს არის პირდაპირ გაწირვა ამ ადამიანების – სიცოცხლის უფლების დარღვევასთან გვაქვს საქმე და პროტოკოლების ქონა-არქონაზე მეტი დარღვევაა სიცოცხლის უფლების დარღვევა“, – ამბობს ანა.
მსგავს ისტორიებზე წერენ შშმ ბავშვების მშობლები ფეისბუქზეც.
მაგალითად, ერთ-ერთი მშობელი, თეონა ბარბაქაძე წერს, რომ მისი მცირეწლოვანი გოგონა, სწორედ არასათანადო მოპყრობის შედეგად გარდაიცვალა.
„ამიხსენით რატომ უნდა იყოს ჩემი შვილი ანგელოზი. მე ის ცოცხალი და ბედნიერი მინდოდა. ყველაფერს ვაკეთებდი ამისთვის“, – წერს ის.
კიდევ ერთი მშობელი, სახელად მანანა, ეხმიანება გიორგის შემთხვევას და თავის პირად ისტორიასაც იხსენებს.
„18 წლის გიორგიმ, ჩემი ბოლო ერთი წლის ტკივილი განმიახლა. როგორ დაგვარბენინებდნენ მე და 23 წლის ლუკას კლინიკიდან კლინიკაში. როგორ ეჩხუბა სასწრაფოს ექიმს მორიგე ექიმი კლინიკაში, როგორ დავავლე გამწარებულმა ლუკას ხელი და ქარში გავვარდი. არ ვიცი, სად მივდიოდით. სასწრაფოს ექიმმა არ მიგვატოვა და სხვა კლინიკაში გადაგვიყვანეს.
ერთი წელი ჯოჯოხეთი გავიარეთ. შშმ პირის ტკივილს, მშობელზე კარგად ვერავინ აგიხსნით. შვილის გვერდით უნდა იყოს დედა. ისიც გვეყოფა, რომ ყოველდღე ვიბრძვით სიცოცხლის გადასარჩენად, არც მორგებული ჯანდაცვის სისტემაა შშმ პირებზე და არც პენსია ნორმალური“-წერს მანანა.
ანა არგანაშვილიც სწორედ ამ ტიპის გულგრილობასა და დისკრიმინაციაზე საუბრობს.
„ბევრი ისტორიაა ასეთი. ერთი დედა წერდა, რომ საავადმყოფოებს შორის დაატარებდნენ მის შშმ შვილს, რომელიც ვერ ლაპარაკობს. შუა გადასხმიდან მოხსნეს და გააგდეს კლინიკიდან იმიტომ, რომ სხვა პაციენტები ჰყავდათ მისაღები.
დედები გვიყვებიან, რომ მათთვის არ არის ადგილი არც ერთ საავადმყოფოში. ეუბნებიან, რომ „ამ ბავშვს ხელს ვერ მოვკიდებ“, რამე არ დაემართოს. ანუ ერთმანეთში არის არეული შიშიც, უცოდინარობაც და გამოუცდელობაც.
გიორგის შემთხვევაშიც კადრებში ვნახეთ, რომ ანესთეზიას როცა უკეთებენ, დაცვას უჭირავს მოზარდი და ვიზიტორებს, ანუ გამვლელ ხალხს. ეს ნიშნავს, რომ ძალიან სერიოზულია სისტემური პრობლემა. არ იციან, როგორ იმუშაონ შშმ ბავშვთან, როგორ მოექცნენ“, – გვეუბნება ანა არგანაშვილი.
გიორგის ამბავს ფსიქიატრთა ასოციაციაც გამოეხმაურა ფეისბუქზე, სადაც წერენ, რომ არ შეიძლებოდა დედის და გიორგი დაშორება პალატაში შეყვანისას, რადგან ეს წარმოქმნის დამატებით შფოთვებს, უნებლიე მოძრაობებს, უფრო პანიკურია მოზარდის რეაქცია, რადგან ვერავის ვერ აგებინებს რა უნდა, მხოლოდ დედას ესმის და დედაც არ არის მასთან“, – გვეუბნება ანა.
მისი აზრით, ცალკე პრობლემაა შშმ ბავშვის მშობლის მიმართ დამოკიდებულება.
„გიორგის დედა, მაგალითად, ორი ღამე იყო გარეთ, ღია ცის ქვეშ. ასე ხომ ზიანდება მშობლის ორგანიზმიც, არა? ვერ ვხედავთ ჩვენ თანასწორობას, პატივისცემას მშობლის მიმართ.
არც ინფორმაციას აწვდის ვინმე დედას, რა მდგომარეობაშია მისი შვილი, რა სამედიცინო პროცედურები უტარდება, რადგან, მათი აზრით, მაინც ვერ გაიგებს დედა. ანუ არათანაბრად აღიქვამენ ამ დროს შშმ ბავშვის მშობელს და უთანასწორო მდგომარეობაში ამყოფებენ, დამცირებულად აღიქვამენ“, – ამბობს ანა არგანაშვილი.
მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო მას შემდეგ ჩაერია საქმეში, როცა თავად დაუკავშირდა.
„მე თვითონ დავუკავშირდი სამინისტროს, როდესაც გამწვავდა პრობლემა და დაიწყო კრიზისი, მაგრამ ყველა ხომ ვერ დაუკავშირდება სამინისტროს? მაშინ უნდა დადგეს მინისტრი და ყველა ექიმი, კლინიკა ცალ-ცალკე მოიაროს. ეს შეუძლებელია. გამოდის ვწირავთ მათ, ვინც ვერ უკავშირდება მინისტრს.
ის, რომ იატაკზე ეწვინათ პაციენტი, ეგ იმის გამოხატულებაა, რომ არ იცოდნენ რა უნდა ექნათ ამ პაციენტისთვის.
გამოდის, თანასწორად არ აღიქვამენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არც პირებს და არც მათ ოჯახებს, ამიტომ მათ ეზღუდებათ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება, მიიღონ ინფორმაცია და აქედან გამომდინარე მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება. ეს დისკრიმინაცია ნამდვილად გამომდინარეობს იქიდან, რომ პაციენტი შშმ პირია და ის ამ პირის მშობელი. ვფიქრობ, დღემდე ირღვევა ეს უფლებები, რაც საქართველოს კონსტიტუციითაც არის გარანტირებული და სხვა კონვენციებითაც, რომ მშობელი ჩართული იყოს სრულფასოვნად თავისი შვილის სამედიცინო ინტერვენციაში.
ეს სრულფასოვანი ჩართულობა ნიშნავს ინფორმაციის დროულად და სრულყოფილ ქონას, ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებას, მეორე აზრის მოსმენას და ყველა ამასთან დაკავშირებულ სხვა უფლებებს“, – ამბობს ანა არგანაშვილი.
როგორც ანა ამბობს, ამჟამად ყველა ორიენტირებულია იმაზე, რომ შშმ მოზარდის სასიცოცხლო პარამეტრები შენარჩუნდეს.
„როდესაც ჯანდაცვის მინისტრი მოვიდა, თქვა, რომ მოდით, ამ წუთში ყველა ვიყოთ ორიენტირებული ბავშვის სიცოცხლის გადარჩენაზე და შემდეგ გაირკვეს ზუსტად, იყო თუ არა გადაცდომა, ან რაიმე დარღვევა.
რაღაცნაირი კომპრომისი ჩამოყალიბდა და მართალი გითხრა, ალბათ ლოგიკურიც არის: ახლა ნამდვილად ყველა ძალა მიმართულია, რომ მოზარდი გამოვიდეს ამ მძიმე მდგომარეობიდან“, – ამბობს ანა არგანაშვილი.
მისი თქმით, მოზარდის მშობელი ითხოვდა შვილის გადაყვანას უცხოეთში, მაგრამ გადაყვანაზე უარი უთხრეს, „არ არის უსაფრთხოო, იმდენად მძიმეა მისი მდგომარეობა“.
თუმცა მშობელი ითხოვს, რომ მისი შვილის გადარჩენაში ჩაერთონ კვალიფიციური ექიმები. „როგორც ვიცი, იყო საუბარი იმაზე, რომ სხვა კლინიკებიდანაც მოიწვევენ სპეციალისტებს“, – ამბობს ანა.
თიბისი -მ საქართველოს საბანკო სექტორში პირველი გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტი გაუშვა.
ახალი გენერაციული ჩატბოტი წარმოადგენს რევოლუციურ გადაწყვეტას, რომელიც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მომხმარებლებსა და ბანკს შორის ურთიერთობის ხარისხს, ამარტივებს პროცესს და ქმნის საფუძველს მომავალი ტექნოლოგიური განვითარებისთვის.
თიბისის AI, ციფრული განვითარების და ბიზნეს ოპერაციების განვითარების გუნდებმა, მჭიდრო თანამშრომლობით, ერთობლივად შეძლეს ისეთი ინსტრუმენტის შექმნა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებსაც შეესაბამება და ამავდროულად, ითვალისწინებს ქართული ბაზრის სპეციფიკას.
თიბისის მიზანი არა მხოლოდ მორიგი ტექნოლოგიური სიახლის დანერგვა, არამედ სამომხმარებლო გამოცდილების ხარისხობრივი ტრანსფორმაცია და ადამიანების ცხოვრების კიდევ უფრო გამარტივება იყო. გენერაციული ხელოვნური ინტელექტი საშუალებას აძლევს ჩატბოტს, ღრმად გაანალიზოს კლიენტის კითხვები და მიაწოდოს დეტალური პასუხები სხვადასხვა ფინანსურ თემებზე. სისტემა მუდმივად სწავლობს, ვითარდება და ჩატბოტის ფუნქციონალი მუდმივად ფართოვდება. ყოველივე აღნიშნული, ამ ინსტრუმენტს კლიენტებისთვის ნამდვილ AI ასისტენტად აქცევს.
ახალი გენერაციული ჩატბოტი, ამ ეტაპზე, ხელმისაწვდომია ჩვენ ვებგვერდზე – https://tbcbank.ge/ka. უახლოეს მომავალში კი, სისტემა დაინერგება თიბისის ყველა ციფრულ არხში.
ამ მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ნაბიჯით, თიბისიმ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ქართული საბანკო ბაზრის ნამდვილი ლიდერია – მოუსვენარი, გამბედავი, მიზანსწრაფული და მომხმარებელზე ორიენტირებული.
„გული მიჩუყდება, აქ, საფრანგეთში როცა მეუბნებიან, ძალიან ლამაზია თქვენი საქართველოო,“ – გვიყვება საფრანგეთის ქალაქ ნანტში მცხოვრები ინგა ცეკვაშვილი, რომელიც ემიგრაციაში 2018 წელს წავიდა.
ინგა ცეკვაშვილს უვიზო მიმოსვლის შესაძლო გაუქმების საფრთხეზე ვესაუბრეთ – „ოცნების“ არალეგიტიმური მთავრობა ევროკომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებას არ აპირებს, მას ვადა დემოკრატიის გზაზე დასაბრუნებლად 2025 წლის აგვისტოს ბოლომდე აქვს.
საფრანგეთის ქალაქი ნანტი, სადაც არაერთი ქართველი ემიგრანტი ცხოვრობს, თბილისთან ჯერ კიდევ 1979 წელს დაძმობილებული ქალაქია, თუმცა „ქართული ოცნების“ ანტიკონსტიტუციური მთავრობის „რეპრესიების გამო“ ნანტმა თბილისთან მეგობრობა 2025 წელს შეაჩერა.
„ერთი ლამაზი ხიდია, „თბილისის ხიდი“ ჰქვია გაჩერებასაც. ამასწინათ ამომიგდო ფეისბუქმა სტატია – დროებით წყვეტს ნანტი თბილისთან ურთიერთობასო. ძალიან გული დამწყდა, ეს რომ ჩავიკითხე. მაშინ გავიაზრე, რომ რაღაც არ მიდის კარგად და ძალიან ცუდადაა საქმე,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ინგა ცეკვაშვილი.
„იცით, რა მინდა გითხრათ? როცა ამბობენ, რომ ეს მთავრობის პასუხისმგებლობაა, თავისთავად, მთავრობის პასუხისმგებლობა, მაგრამ ხალხს გვაქვს პასუხისმგებლობა. შენ უნდა დაიცვა შენი აზრი, შენი სიტყვის თავისუფლება, უნდა დაიცვა შენი უფლებები. ხალხი არ არსებობს სახელმწიფოს გარეშე და არც სახელმწიფოა ხალხის გარეშე. ეს ერთმანეთზეა დამოკიდებული,“ – მიიჩნევს მოქალაქე ინგა ცეკვაშვილი.
როგორ შეიცვლება ცხოვრება, თუ უვიზო მიმოსვლას ევროკავშირი საქართველოსთან შეაჩერებს?
„მგონი, აღარ არსებობს საქართველოში ოჯახი, რომელსაც ერთი წევრი მაინც არ ჰყავს საზღვარგარეთ.
უვიზო რეჟიმის დროს სამ თვეში ერთხელ მაინც ახერხებენ ემიგრანტები ოჯახის წევრების ნახვას. უვიზო მიმოსვლა თუ აღარ იქნება, მაშინ ისევ საქართველოში უნდა დარჩნენ, ვინც ახლა ემიგრაციაშია და ევროპაში ვეღარ წამოვიდნენ, ან აქ დარჩნენ და წლობით ისევ ვეღარ ნახონ შვილები.
ეს ხდებოდა წლების წინ, რამდენი ასეთი ისტორია გვახსოვს?
მე საფრანგეთში მოქალაქეობის მიღებას ველოდები ახლა და ამიტომ ვერ ვახერხებ ჩამოსვლას 2018 წლის მერე.
შვილი აქ გავაჩინე, საფრანგეთში, ფეხმძიმე ვიყავი, როცა საქართველო დავტოვე. საფრანგეთი, აშშ-სგან და სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, მოქალაქეობას არ ანიჭებს ბავშვს, რომელიც აქ იბადება.
მაგრამ მე იმდენად დამეხმარა საფრანგეთი, როგორც სახელმწიფო და ხალხი, არ ვიცი, როგორ აღვწერო…
საქართველოდან გამოვექეცი მარტოხელა დედის სტატუსს, წამოვედი, ვიდრე მარტოხელა დედა გავხდებოდი,“ – გვიყვება ინგა ცეკვაშვილი და აღწერს, რამდენი სირთულის გადალახვა მოუწია საფრანგეთში ჩამოსულს, როცა არც ფრანგული იცოდა და ფეხმძიმე ქალი თავშესაფარს ითხოვდა.
ემიგრანტის თქმით, საქართველოდან ახლობლების მხრიდან ფსიქოლოგიურ ძალადობას გაერიდა:
„ფიზიკური ანგარიშსწორების საფრთხე არ მქონია, მაგრამ შესაძლებელია, ესეც ყოფილიყო… დეტალებზე საუბარი არ მინდა. ფსიქოლოგიური ძალადობა იყო, სირცხვილის განცდა, არ მინდოდა მე და ჩემი შვილი მუდმივად დაცინვის მსხვერპლი ვყოფილიყავით, მე გამოვერიდე იქაურობას…
დრო გავიდა და ურთიერთობაც გავაგრძელეთ ოჯახთან და ახლობლებთან: მართალია, მე ვერ ჩავედი საქართველოში, რადგან სტატუსს ველოდები, მაგრამ დედაჩემი ორჯერ იყო ჩამოსული ჩემთან. უვიზო რომ ამოქმედდეს, დედა ვეღარ ჩამოვა ჩემთან?
ჩამოსვლისთანავე აქ ძალიან დამეხმარნენ ფიზიკურად, მორალურად, ფსიქოლოგიც დამინიშნეს, მათ შორის, ორსულობის პერიოდში. ძალიან ჰუმანური ხალხი არიან ფრანგები, ძალიან ყურადღებიანი და მზრუნველი. ჩამოსვლისთანავე დავიწყე ფრანგული ენის შესწავლა, დამასაქმეს კიდეც: საბავშვო ბაღში ანიმატორად ვმუშაობდი, მერე ძიძად ვიმუშავე, სახლების დალაგებაზეც ვმუშაობდი…
განათლებით იურისტი ვარ და ახლა მინდა, თუ მოქალაქეობა მივიღე, ჩემი პროფესიით დავიწყო მუშაობა,“ – გვითხრა ინგა ცეკვაშვილმა.
ემიგრანტის დაკვირვებით, „ქართული ოცნების“ მთავრობა მანიპულირებს, როცა, მაგალითად, ლგბტქ პროპაგანდაზე საუბრობს – საფრანგეთში მცხოვრები ქართველები ხშირად იგებენ ამბებს გაღარიბებული საქართველოდან, სადაც ბავშვებსაც კი უწევთ სიღარიბესთან გამკლავება:
„მთავრობას ეს გეი პროპაგანდა თუ ასე ძალიან აინტერესებს, მაშინ ჯერ სხვა რამით უნდა დაინტერესდეს, ხომ? ჯერ მშიერი ბავშვებით დაინტერესდეს, ესაა დაღუპვა,“ – აღნიშნა ინგა ცეკვაშვილმა „ბათუმელებთან“.
რას ნიშნავს ევროპა თქვენთვის? – ესეც ვკითხეთ სოციალურ ქსელში გასაუბრების დროს ემიგრანტს.
„უბრალოებას და თავისუფლებას… საფრანგეთი ჩემთვის უფრო მანერებია – უბრალო და კულტურული მანერები, გულისხმიერება, თავაზიანობა, ასევე დისტანცია – ზედმეტად არავინ არასდროს შეგაწუხებს.
ევროპა არის ჩემთვის ყურადღებით მოსმენა. შეიძლება, ვიღაც ვერ დაგეხმაროს, მაგრამ მოგისმენს. ეს დიდი შველაა.
მინდა, ჩემს საქართველოშიც ასეთი ადამიანები ვნახო,“ – დაგვემშვიდობა ინგა ცეკვაშვილი.
„ათობით ადამიანი პირად თავისუფლებას იმიტომ ვწირავთ, რომ ერთი ვარსკვლავი, ლურჯ მშვიდობისფერ დროშაზე ჩვენი ქვეყნის სახითაც ამოიქარგოს“, – სინდისის პატიმარი ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს და საქართველოში ევროკავშირის ელჩს მიმართავს.
„საქართველო, შენი გემი ევროპისკენ დაძრულია!“ – არც თუ ისე შორეულ წარსულში ეს სიტყვები გახდა შემართების ის მამოძრავებელი ძალა, რომელმაც დღეს მე აქ, ამ რეალობაში მომახვედრა.
თანამედროვე ევროპის ისტორია, რომელშიც დღეს თქვენ იმყოფებით, მრავალ სოციალურ, ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ ქვაკუთხედს აერთიანებს, რომელიც ერთმნიშვნელოვნად არასდროს ყოფილა მხოლოდ დადებითი და სიკეთის მომტანი. შეცდომა ინდივიდის და შეცდომა სოციუმის, მრავალ წარმატებას თან სდევდა კეთროვანი მეგზურის სახით.
თავისუფლება ინდივიდის თუ თავისუფლება სოციუმის, არცთუ ისე მრავალკუთხოვან ტრადიციას ქმნის დასავლეთში. სწორედ ამგვარ ბრძოლებში, მრავალი ჩაგრულის ბრძოლის ისტორია აყალიბებდა დასავლური აზროვნების კულტურას.
თაობათა მძიმე და უსამართლო ბრძოლებს ეწირებოდნენ ერთეული ინდივიდები და ამავე ინდივიდების მიერ შექმნილი სოციალური წრეები, რომლებიც გაბატონებულ კლასებს ებრძოდნენ, მრავალი თავგანწირვის – ბრძოლის თავდადებული მაგალითებით, რომელთაც სწამდათ, რომ თავისუფლების გარეშე ცხოვრებას თავისუფლების მოპოვების გზაზე სიკვდილი სჯობდა.
როდესაც კაცობრიობა პირველი მსოფლიო ომის ქარცეცხლში გაეხვა, მისი დასასრული ზოგისთვის თავისუფლების საბოლოო გამარჯვებად იქნა აღქმული, რომლის დასასრულს თან ახლდა ევროპაში ახალი დემოკრატიების ჩასახვა და ძველი მონარქიების ნგრევა, მაგრამ მალევე აღმოცენდნენ ახალი სისტემები, რომლებმაც მთლიანად უგულებელყვეს მანამდე არსებული მონაპოვარი – ადამიანი.
ახალმა სისტემებმა პირველი მსოფლიო ომის შემდგომ წარმატებით მიითვისეს ადამიანის სასიცოცხლო ყველა ასპექტი. სოციალურ-ეკონომიკური და პირადი ცხოვრების მოსპობით მიღებულმა განუსაზღვრელმა ძალაუფლებამ, მოიპოვა საყოველთაო მორჩილება. როცა ევროპელთა ერთი ნაწილი (მცირე) თავის ნუგეშს იყო მიცემული და ამგვარ მოვლენებს ერთი ინდივიდის ახირებებს აბრალებდა, მეორე ნაწილი მყარი და დამანგრეველი ძალის მქონე სოციუმს აყალიბებდა. მაშინ “ცივილურმა ევროპამ” კონტინენტური ევროპის ნაწილზე მძიმე კომფორმიზმით (მეტიც, თანამონაწილეობის გზით) გზა გაუხსნა ფაშიზმის აყვავებას, რომლის შემდგომი საფრთხეების არიდებაც არაერთი სიცოცხლის მოსპობის ფასად დაუჯდათ.
„საქართველო, შენი გემი ევროპისკენ დაძრულია!“. ეს გემი მძიმე და მძლავრ ზღვაზე არა დღეს, არამედ „აიეტისა და ფარტაძის“ დროსაც იდგა, მაგრამ ზღვა, რომელიც შორი იყო და გადაულახავი ჩანდა. დაახლოვდა, როდესაც ჩვენ მივიღეთ ვიზალიბერალიზაცია.
პირველად კი ამ გემს შტორმიან ზღვაში საბა გაჰყვა, მაგრამ მაშინდელმა ევროპამ არ დაუშვა ჩვენი პატარა გემი თავის ნავსაყუდელში.
ევროპა – ეს იდეაა თავისუფლებისა.
ევროპამ მიაღწია მრავალ სოციალურ და ეკონომიკურ აღმასვლას, რითაც შეძლო „ადამიანის“ წინ წამოწევა, მაგრამ როცა ევროპაში დანტემ შექმნა „ღვთაებრივი კომედია“, ეს ევროპული იდეალები ჩვენთან უკვე გააზრებული იყო „ვეფხისტყაოსნის“ სახით.
როდესაც ევროპული იდეა დგას ისეთ საწყისებზე, როგორიცაა ათენის დემოკრატია, რომის სამართალი და ქრისტეს მორალი, რომლის ქვემდებარედ უნდა მივიჩნიოთ საქართველოსთვის ზურგის შექცევა?!
მთელმა კაცობრიობის ისტორიამ მხოლოდ ერთი ცივილიზაცია შექმნა, რომლის საფუძველიც დასავლური აზროვნების კულტურაა და ჩვენც ვართ ამ ცივილიზაციის თანაავტორები, თუნდაც იმით, რომ გვყავდა რუსთაველი, ვაჟა, ილია და დღეს ყოვლად დაუშვებელია ამ მემკვიდრეობით დავეშვათ ფსკერზე.
„საქართველო, შენი გემი ევროპისკენ დაძრულია!“ – ამ სიტყვების გაჟღერებისას ხომ ნათელი იყო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის პორტრეტი, ის, რომ ამ მოსახლეობის ნაწილი „საბჭოთა საქართველოში“ არის დაბადებული? ნუთუ ეს არ არის ერის ტრამვა?! განა რთულია ამ მძიმე იარების დანახვა, რაც გაგვაჩნია და რაც ასე გვიშლის ხელს ამ გემზე ნიჩბის მოსასმელად?!
ჩვენი აწმყო, როგორც წარსული, ჰგავს დავითისა და გოლიათის შერკინებას.
ათობით ადამიანი პირად თავისუფლებას იმიტომ ვწირავთ, რომ ერთი ვარსკვლავი, ლურჯ მშვიდობისფერ დროშაზე ჩვენი ქვეყნის სახითაც ამოიქარგოს, მაგრამ ის „იზოლაციის“ პერსპექტივა რას გვიქადის, თუ არა რკინის ფარდის მიღმა აღმოჩენას, სადაც ერთხელ უკვე პირისპირ მარტონი დავრჩით ჩრდილოეთისა და აღმოსავლეთის ბოროტ ძალებთან.
ბატონო ელჩო, მოგმართავთ თხოვნით, დაარწმუნოთ ევროპელი ლიდერები, არ გაგვიუქმონ ვიზალიბერალიზაცია და არ გაგვაძევონ ევროსაბჭოდან.
გაახსენეთ ის თითოეული ახალგაზრდა, რომელიც ევროპის ჰიმნით ეგებებოდა მარბიელ რაზმებს. გაახსენეთ, თუ რაოდენ ღირსეულად ეჭირა ქართველ ქალს ერთიანი ევროპის დროშა და გაახსენეთ, რომ ჩვენი პოლიტიკური საზოგადოების ერთადერთ ჭეშმარიტებად კვლავ რჩება სიტყვები – „მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი!“ – წერს ზვიად ცეცხლაძე.
ზვიად ცეცხლაძე 2024 წლის 4 დეკემბერს დააკავეს თბილისში. მაშინ როცა მთელს ქვეყანაში პროევროპული საპროტესტო აქციები ახალი დაწყებული იყო.
19 წლის სტუდენტს, ოფიციალური ბრალის მიხედვით, პროკურატურა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავება. ზვიად ცეცხლაძე ბრალს არ აღიარებს. მეტიც ის დაკავებამდე არ იცნობდა იმ ადამიანებს, ვისთან ერთადაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაშია ბრალდებული.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 25 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 076 940 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +870]
ტანკი – 11 130 ერთეული [+1]
ჯავშანტექნიკა – 23 175 ერთეული [+8]
საარტილერიო სისტემა – 31 946 ერთეული [+48]
MLRS – 1 472 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 211 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 422 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 340 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 53 347 ერთეული [+291]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 598 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 59 672 ერთეული [+79]
სპეცტექნიკა – 3 948 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 24 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
665 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
79 322 უპილოტო საფრენი აპარატი
625 საზენიტო სარაკეტო სისტემა
24 755 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 588 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
28 873 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
40 314 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ბათუმში ცხოველთა მოყვარულებმა, დამცველებმა და კინოლოგებმა 23 აგვისტოს ბათუმის ბულვარში ერთობლივი აქცია გამართეს. მათ მიუსაფარი/მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამა გააპროტესტეს, რომელიც, მათივე თქმით, დაუგეგმავად დაიწყო და გაუმჭვირვალედ მიმდინარეობს.
მეტიც, აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ საპილოტე პროგრამის ამოქმედების შემდეგ „ბათუმში ასობით ძაღლი გაქრა და მათ ვერსად მიაგნეს“.
ამ პროგრამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4,8 მილიონი ლარი იხარჯება. პროგრამას სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს სამ რეგიონში, მათ შორის აჭარაში.
ცხოველთა დამცველების აქცია ბათუმის ბულვარში / 23.08.2025
ნონა ჯიქია, ცხოველთა მოყვარული: „მე მიკედლებული მყავს უამრავი ძაღლი, ყველა არის კასტრირებული, აცრილები, პასპორტებით, ყელსაბამებით. ამ ძაღლებიდან ნახევარი გაქრა. მითხრეს ქუთაისის თავშესაფარში უნდა იყოს გადაყვანილიო, მაგრამ ბევრს იქაც ვერ ვპოულობ. არც ცოცხლებში არიან, არც მკვდრებში. სად გააქრეს ეს ძაღლები ნამდვილად არ ვიცი. ბათუმიდან, რაც მარტო მე ვიცი და ვცნობ, ალბათ გაყვანილია 300-ზე მეტი ცუგა. არც ერთი უკან დაბრუნებული არ არის ბათუმის ლოკაციაზე.“
ნონა ჯიქიას თქმით, საპილოტე პროგრამა ბათუმში ისე დაიწყეს, რომ ცხოველთა დამცველებმა არაფერი იცოდნენ: „არავის არ შეგვატყობინეს, რომ ეს პროგრამა იგეგმებოდა ბათუმში. ხომ შეეძლოთ შეექმნათ ბაზა ცხოველთა მოყვარულების, დამცველების, ამასთან, რომელი ძაღლი კასტრირებულია, რომელი ვაქცინირებულია. მაგრამ ეს ბაზები არ შექმნეს. ჩუმად დაიწყეს – ღამის 3-4 საათზე წაყვანა ძაღლების. ეს კითხვაც დავუსვი, რატომ ღამის 3-4 საათზე? რატომ დილის 5 საათზე? და პასუხი იცით რა იყო? რომ ტურისტები არ შეწუხდნენო.
ვუთხარი, ტურისტები კი არ წუხდებიან, ტურისტები უვლიან ჩვენს მიუსაფრებს და თქვენ იმიტომ აკეთებთ ამას, რომ არ დაინახოს ხალხმა, რა გენოციდს უწყობთ ძაღლებს-მეთქი. ამაზე პასუხი არ გამცეს.“
ნონა ჯიქია აქციის სხვა მონაწილეების მსგავსად ამბობს, რომ ისინი არ არიან ამ საპილოტე პროგრამის წინააღმდეგი, „უბრალოდ გეგმა შეიმუშავეს ძალიან ცუდად. ეს უნდა დაეწყოთ სოფლებიდან, სადაც არ სტერილიზდება, სადაც არ უკეთდება კასტრაცია და არა იქ, სადაც მოვლილი ძაღლებია. ბათუმის ძაღლები ხომ გააქრეს, არ ვიცით სად არიან, ახლა ავადმყოფი ძაღლები ბრუნდებიან. სუსტები, სხვა რეგიონის ძაღლები შემოდის ბათუმში. ვითომ აბრუნებენ ძაღლებს ლოკაციაზე, მაგრამ სინამდვილეში უცვლიან ტერიტორიას“.
„მე ვარ ლანა შაშიაშვილი, ცხოველთა დამცველი, „ბორა-ბორას“ ხელმძღვანელი. ვაცხადებ ამას თამამად, არავის მეშინია – იცით რას აკეთებენ? – ქრებიან ძაღლები. ქალაქში ვისაც დაბირკული არ ჰყავდა და ვისაც, მაგალითად, აი, რეგისტრირებული ჰყავდა და მოხალისეები ჩვეულებრივად კვებავდნენ, აი, ესენიც გაუჩინარებულები არიან.
ძალიან ცუდი ხმები მოდის, მდინარე ჩოლოქთან არის ბეიკერის ორმო და თურმე უამრავ ცუგებს იქ კლავენ. მე „ძაღლი“ სიტყვა არ მიყვარს… ჰოდა, შევწირავ თავს. კიდევ ერთხელ მივმართავ სურსათის სააგენტოს, რომ შეწყდეს ეს მარაზმი. ჩვენ არ შევჩერდებით.“
ლანა შაშიაშვილის თქმით, მთავარი მოთხოვნაა „ყველა ცუგა, რომელიც არის აჭარის რეგიონიდან გაყვანილი, დააბრუნონ. ღამით არ გავიდნენ – 4 საათზე და 3 საათზე რომ იპარავენ ქურდულად და ჩვენ, ცხოველთა დამცველებს და მოყვარულებს საქმის კურსში არ გვაყენებენ. ყველა ცუგას აღრიცხვიანობა უნდა მოხდეს, ვიდეოკამერა უნდა იყოს და ყველა უნდა იყოს იდენტიფიცირებული.
ჩვენ მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებსაც და ამ საქმეს მივხედავთ ერთიანად.“
ცხოველთა დამცველების აქცია ბათუმის ბულვარში / 23.08.2025
აქციის კიდევ ერთი მონაწილე, ცხოველთა მოყვარული ლია მგელაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ყველაზე მთავარი, რასაც ითხოვენ არის ის, რომ „შეწყდეს ძაღლების ხოცვა, რაც ყველაზე მტკივნეულია ჩვენთვის. ქრება ძაღლები, მიჰყავთ 100, მოჰყავთ უკან 10.“
„აუცილებელია ყველა რეგიონს ჰქონდეს თავისი თავშესაფარი, სადაც ჩვენ შევძლებთ დაავადებული ძაღლების განკურნებას, გადაყვანას და პატრონობას.
ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს ეტაპობრივად, ძალიან სწორი ნაბიჯებით – მოსაწესრიგებელია როგორც მიუსაფარი ძაღლების თემა, ასევე პატრონიანი ძაღლების თემაც. ამ ძაღლების გადაყვან-გადმოყვანა, ზოგი ქუთაისში რომ სტერილდება, ზოგი ბათუმში, ზოგი გურიაში, ეს უნდა დასრულდეს. ყველა რეგიონს უნდა ჰქონდეს თავისი თავშესაფარი და თავისი სტაციონარი“, – ამბობს ლია მგელაძე.
მისივე თქმით, თუ სურსათის ეროვნულ სააგენტოს უნდოდა მათთან თანამშრომლობა, სააგენტოში იცოდნენ მათი საქმიანობის შესახებ და მას შემდეგ არ უნდა დაეწყოთ საუბარი, რომ ითანამშრომლებენ, როდესაც „ძაღლები გაიყვანეს, ჩუმად მოგვპარეს და ვეძებდით ქუჩა-ქუჩა, ვერ ვპოულობდით და განგაშის შემდეგ დაიდო ინფორმაცია, რომ თურმე ახალი საპილოტე პროგრამა ამოქმედდა. ეს ყველაფერი უნდა მომხდარიყო მანამდე, ჩვენთან შეთანხმებულად. ჩვენ მივაწვდიდით ყველა ბაზას – რომელი ძაღლი იყო სტერილური, რომელი არ იყო სტერილური და რომელი იყო ვაქცინაგასაკეთებელი. ახლა კი რა გააკეთეს? – წაიყვანეს ის მოწესრიგებული ძაღლები ქალაქიდან, რომლებშიც უკვე ძალიან დიდი თანხა გვაქვს დახარჯული.“
თეონა ყურშუბაძე, პროფესიით პედაგოგი, ცხოველთა მოყვარული და დამცველი: „ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით სტერილიზაცია-კასტრაციას, პირიქით, მომხრე ვართ, მაგრამ არ მომხდარა ეს ჰუმანური გზით. ეს არ მომხდარა ადამიანურად, დალაგებულად, ორგანიზებულად და დაგეგმილად. ჩვენ ვნახეთ ვიდეოკადრები, როგორ ექცევიან ცხოველებს და როგორ სვამენ თუნდაც იმ მანქანის ვოლიერებში. ეს არ არის ნორმალური.
ძალიან ბევრი ცხოველი არის არეული. ანუ არავინ იცის, რომელი რეგიონიდან, ან ბათუმის რომელი ქუჩიდან რამდენი ცხოველი იყო გადაყვანილი, სად წერია და სად აქვთ აღრიცხული? რევაქცინაციისთვის ბათუმიდან ქუთაისში ცხოველის გადაყვანაც რა საჭირო იყო. რატომ არ შეიძლებოდა დაექირავებინათ ვეტექიმები. 12 კლინიკაა ბათუმში. ადგილზე მომხდარიყო ამ ცხოველების რევაქცინაცია.“
თეონა ყურშუბაძეც თვლის, რომ საპილოტე პროგრამა ბათუმით არ უნდა დაწყებულიყო: „ეს საპილოტე პროგრამა უნდა დაწყებულიყო სოფლებიდან, უკვე პატრონიანი ძაღლებით. იმიტომ, რომ სოფლებში ხალხი ცხოველს არ ასტერილებს, ან ვერ ასტერილებს. აი, აქედან უნდა დაიწყოს.
ექვს თვეში ზუსტად იგივე რაოდენობა მიუსაფარი ცხოველი იქნება ქალაქში, მოდიან სოფლებიდან, ყრიან ნაგავსაყრელზე, ის ცხოველები მრავლდებიან, შემოდიან მერე ქალაქში… ანუ, კარუსელი ტრიალებს და ფულიც თეთრდება.“
ცხოველთა დამცველების აქცია ბათუმის ბულვარში / 23.08.2025
აქციის მონაწილეებმა ერთობლივი წერილით მიმართეს სხვადასხვა უწყებას, მათ შორის ქვეყნის მთავრობას, რომ მიუსაფარი ცხოველების რეგულირების საპილოტე პროგრამა მნიშვნელოვანი დარღვევებით ხორციელდება და მათი მთავარი მოთხოვნაა „პროცესი განხორციელდეს გამჭვირვალედ და სრულყოფილი ანგარიშგებით“.
„ბათუმელები“ მიმართვას მცირე შემოკლებით გთავაზობთ:
„საქართველოს მთავრობას; საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს; სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს; ქალაქ ბათუმის მერიას; ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციას
მოგმართავთ საპილოტე პროგრამის – მიუსაფარი ცხოველების რეგულირების და მიმდინარეობასთან დაკავშირებით. არსებული მონაცემებით, პროცესი არასწორი მიმართულებით ვითარდება და ხორციელდება მნიშვნელოვანი დარღვევებით. კერძოდ:
პროგრამის ფარგლებში ხდება უკვე სტერილური/კასტრირებული და ცოფის ვაქცინით აცრილი [ასევე კომპლექსური ვაქცინით აცრილი] ცხოველების გადაყვანა, რაც რესურსების და ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვას იწვევს.
პროგრამის დაწყებამდე შესაბამისი ორგანოები არ შეხვედრიან ადგილობრივ ცხოველთა მოყვარულებს, მოხალისეებს და მიმკედლებლებს, რათა მათგან სრულყოფილად მოეპოვებინათ ინფორმაცია კონკრეტულ ცხოველებზე.
პროცესი მიმდინარეობს გაუმჭვირვალედ [მალულად] – არ არსებობს ღია, საჯარო პლატფორმა [ვებგვერდი ან სოციალური გვერდი], სადაც აისახება, რომელ უბნიდან [აჭარის მასშტაბით], რომელი ცხოველია გადაყვანილი [ლოკაციების მიხედვით], სად ჩატარდა მასზე მანიპულაციები და როდის დაბრუნდა, ასევე არ არის თანდართული ფოტო-ვიდეო მასალა.
დაფიქსირდა ცხოველებზე და მოხალისეებზე არასათანადო მოპყრობის ფაქტები – მათ შორის, უკვე გასტერილებული ცხოველები ღია, სისხლმდენი ჭრილობებით დაბრუნდნენ.
ცხოველების გადამყვანი პირების მხრიდან გამოვლენილია უხეში ქცევა და ფიზიკური შეურაცხყოფაც ადგილობრივი ცხოველთა მოყვარულის მიმართ, რომელსაც მის მიერ მიკედლებულ ცხოველზე ყველა საჭირო პროცედურა უკვე ჰქონდა გაწეული [უკვე კასტრირებული, სტერილური, ვაქცინირებული, ჭიაზე და ტკიპაზე დამუშავებული].
არ ხდება სამი უწყების – გარემოს დაცვის სამინისტროს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს გუნდური მუშაობა; ჩვენს სატელეფონო ზარებზე გვპასუხობენ, რომ მათ ეს საკითხი არ ეხებათ და გვამისამართებენ სხვადასხვა ცხელ ხაზზე, თბილისის მერიის ცხელ ხაზზეც კი. ყველა იხსნის პასუხისმგებლობას.
ვაცხადებთ მოთხოვნებს:
პროცესი უნდა ხორციელდებოდეს გამჭვირვალედ, სრულყოფილი ანგარიშგებით, საჯარო მონაცემებითა და დოკუმენტაციით.
დაუყოვნებლივ შეწყდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიიდან ცხოველების გადაყვანა ქუთაისის თავშესაფარში, სადაც ინფიცირების მაღალი რისკია.
გათვალისწინებულ იქნას, რომ შპს „CEBEP“ [ახლანდელი შპს „რესიკაბ“ – ავტ.] არის კომპანია, რომელიც გამარჯვებულია ელექტრონულ ტენდერებში ბათუმში, ქედაში, შუახევსა და ხულოში და ასრულებს უპატრონო შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის რეგულირების ღონისძიებების მომსახურებას [კომპლექსური/ცოფის ვაქცინაციას], რის შედეგადაც ბათუმში აღარ ფიქსირდება ჭირისა და ენტერიტის შემთხვევები, ცოფი კი ისედაც არ დაფიქსირებულა.
გაფორმდეს ხელშეკრულება ბათუმში/ქობულეთში მოქმედ ვეტერინარულ კლინიკებთან, ასევე შპს „CEBEP“-თან, რათა ცხოველების რევაქცინაცია და სხვა აუცილებელი მანიპულაციები ჩატარდეს ადგილზე, დამატებითი გადაყვანის გარეშე [ცხოველები საათობით გამომწყვდეულია მანქანებში, რაც არის მათი წამება].
მოგმართავთ, დროულად იმოქმედოთ, რათა ზემოაღნიშნული პილოტური პროგრამით რეალურად მოხდეს მიუსაფარი ცხოველების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გაუმჯობესება და არ გახდეს მათი გენოციდისა და ინფიცირების წყარო.“
———-
ბათუმში მიუსაფარი/მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამის ამოქმედების შესახებ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განცხადება რამდენიმე დღის წინ გაავრცელა, თუმცა პროგრამის დეტალების შესახებ სააგენტო „ბათუმელების“ შეკითხვებს ამ დრომდე არ პასუხობს.
შეკითხვებს არ პასუხობს არც ბათუმის მერია, რომელიც საპილოტე პროგრამაშიცაა ჩართული და თავის მხრივ ცალკე ანალოგიურ მუნიციპალურ პროგრამასაც ახორციელებს.
ავარია მოხდა დღეს, 24 აგვისტოს, ბათუმში, ჯავახიშვილისა და პუშკინის ქუჩების კვეთაში. „ბათუმელების“ ინფორმაციით შემთხვევის გამო დაშავებული 1 პირი კლინიკაში გადაიყვანეს. შემთხვევის შედეგად კი 4 მსუბუქი ავტომანქანა დაიმტვრა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით დაწყებულია გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
კადრები შემთხვევის ამსახველი ვიდეოდან, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა
ბათუმი[ჭოროხი]-სარფის მაგისტრალური ახალი გზის მშენებლობის პროექტის ზედამხედველობისთვის საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა. საკონსულტაციო მომსახურებისთვის, დღევანდელი გათვლებით, 13,9 მილიონი აშშ დოლარია გათვალისწინებული.
„პროექტი განხორციელდება აზიის განვითარების ბანკის სესხისა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით. ზედამხედველობის მომსახურების ვადა 48 თვეა.
დაინტერესებულმა კომპანიებმა წინადადებები ინგლისურ ენაზე აზიის განვითარების ბანკის ვებ-გვერდის მეშვეობით არაუგვიანეს 2025 წლის 22 სექტემბრისა უნდა წარადგინონ. მომსახურების სავარაუდო ღირებულება 13 986 483 აშშ დოლარს შეადგენს.
ბათუმი-სარფის 11.3 კმ-იანი გზა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მნიშვნელოვანი მონაკვეთია, რომელიც ბათუმის შემოვლით მაგისტრალურ გზას შეუერთდება და საქართველოს საზღვარს თურქეთის რესპუბლიკასთან დააკავშირებს.“ – აცხადებს გზების დეპარტამენტი.
რაც შეეხება ბათუმი [ჭოროხი]-სარფის გზას, ახალი ავტობანი დაიწყება ქალაქის სამრეწველო ზონაში, ფრიდონ ხალვაშის გამზირთან [სადაც სპეციალური საგზაო კვანძით დაუკავშირდება ბათუმის შემოვლით გზას]; აშენდება ახალი ხიდი მდინარე ჭოროხზე; ახალი ხიდიდან გზა გაგრძელდება ახალსოფლისა და ჭარნალის ტერიტორიაზე და 7,6-კილომეტრიანი გვირაბით გამოვა სარფში [ანდრიას ჩანჩქერის მიმდებარედ], სადაც დაუკავშირდება სარფი-ბათუმის არსებულ გზას – აქ დაგეგმილია ზღვის სანაპიროს გამაგრება.
რა თანხაა გამოყოფილი მთლიანობაში ბათუმი[ჭოროხი]-სარფის გზის პროექტისთვის და როდის გამოაცხადებენ ტენდერს უშუალოდ ავტომაგისტრალის მშენებლობაზე, ამ დროისთვის უცნობია.
„ქართული ოცნების“ 2016 წლის საარჩევნო დაპირებით ეს ავტობანი კარგა ხნის აშენებული უნდა იყოს, თუმცა, „ოცნების“ მთავრობამ ბათუმი-სარფის ავტობანის მშენებლობისთვის საჭირო სესხის ასაღებად [სასესხო შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით] უცხოურ ორგანიზაციასთან მოლაპარაკებების დაწყებაზე განკარგულება 2025 წლის 24 ივლისს გამოსცა.
გარდაიცვალა ოთარ [ოთო] ქათამაძე, ბათუმელი რეჟისორი, დრამატურგი და მსახიობი.
ოთო ქათამაძის გადასარჩენად საზოგადოება ცოტა ხნის წინ გაერთიანდა. მას ანევრიზმა გაუსკდა და რეანიმაციაში იყო მოთავსებული. მოგვიანებით სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ოთარ [ოთო] ქათამაძე დაიბადა 1983 წლის 9 ივლისს.
2004 წელს დაამთავრა ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.
2014 წელს დაამთავრა ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი, რეჟისურა, მაგისტრი.
2004-2006 წლებში იყო თბილისის თეატრალური სარდაფის მსახიობი.
გამოცემული აქვს პიესების კრებული.
ოთო ქათამაძე იყო არაერთი ფესტივალისა და პროექტის ავტორი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 24 აგვისტოს 21 საათიდან 25 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, უმეტეს რაიონში ელჭექის ხასიათის წვიმა;
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში:
დღისით: 25 – 30 გრადუსი სითბო
ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო
მაღალმთიან ზონაში:
დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო
ღამით: 7 – 12 გრადუსი სითბო
ზღვის ღელვა ღამით 2-3 ბალი, დღისით 3-4 ბალი; ზღვის წყლის ტემპერატურა +27 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით 26 აგვისტოს მოსალოდნელია ზოგან ელჭექის ხასიათის წვიმა; მომდევნო ორ დღეს – 27 და 28 აგვისტოს კი აჭარაში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.
ბათუმის საფეხბურთო სტადიონთან ახლოს, ტბელ აბუსერიძის 17 ნომერში მდებარე 2 244 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთის გასხვისება იგეგმება. ნაკვეთი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია, თუმცა მის განკარგვამდე აჭარის არალეგიტიმური მთავრობა გეგმავს ამ ნაკვეთთან გააერთიანოს მომიჯნავე 36 კვადრატული მეტრი ფართობის ნაკვეთი, რომელიც ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია.
როგორც ქალაქის საკრებულოში წარდგენილი დოკუმენტებიდან ირკვევა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო უკვე გაერთიანებული ნაკვეთის ერთ ლოტად გასხვისებას აპირებს [ანუ, 2 280 კვ.მ-ის, ან 2 232 კვ.მ-ის, ვინაიდან აბუსერიძის 17-ის მიმდებარედ კიდევ ერთი ნაკვეთია აჭარის საკუთრებაში, რომელიც 52 კვ.მ-ია].
ბათუმის საკრებულო კი, 36 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთის აჭარის საკუთრებაში გადაცემაზე 2025 წლის 29 აგვისტოს ჩანიშნულ სხდომაზე იმსჯელებს.
საკრებულოს განკარგულების პროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის“ შესაბამისი წერილი ბათუმის მერიაში 22 აგვისტოს შევიდა. მერიას კი, განკარგულების პროექტი ქონების გადაცემაზე საკრებულოში იმავე დღეს შეუტანია.
ნაკვეთები ბათუმში, რომელთა გაერთიანებას და განკარგვას აჭარის მთავრობა გეგმავს [წითელი ფერით აღნიშნულია 36 კვ/მ ნაკვეთი, რომელიც ბათუმის საკუთრებაშია; მომწვანო ფერით აღნიშნული ნაკვეთები კი, აჭარის ავტონომიის საკუთრებაა]„ვინაიდან, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ განიხილება 36 კვ.მ მიწის ნაკვეთის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთებთან გაერთიანება, შემდგომში ერთ ლოტად განკარგვის მიზნით, სამინისტროს შესაძლებლად მიაჩნია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში გადმოეცეს ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩა N17-ის მიმდებარედ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული 36 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი“. – აღნიშნულია განკარგულების პროექტის განმარტებით ბარათში.
მიწის ნაკვეთით დაინტერესებულია შპს „,პრემიუმ მეტროპოლ ინკ“. საჯარო რეესტრის ბოლო ამონაწერით, ამ კომპანიის დირექტორი გიორგი შარაშიძეა, მესაკუთრეები კი შპს „პრემიუმ ჯგუფი“[25%] და შპს „ბიჩ ბილდინგი“[75%].
თავის მხრივ „პრემიუმ ჯგუფის“ მესაკუთრეა ჯემალ ჩურუკბა; ხოლო „ბიჩ ბილდინგის“ 2024 წლის თებერვალში შეუცვალეს სახელწოდება და დღეს არის „მეტროპოლ ჰოლდინგი“, რომელსაც რამდენინე მესაკუთრე ჰყავს: ვანო გიგლემიანი, კნიაზ დასენი [ორმაგი მოქალაქე საქართველო, რუსეთის ფედერაცია], გიორგი ჩხეიძე, გოჩა ხაჩიძე, ლევანი ახვლედიანი, თემურ მიქელაძე, გიორგი მხეიძე და ალექსანდრე გიგლემიანი.
კომპანია „პრემიუმ მეტროპოლ ინკ“ ზემოთ აღნიშნული ნაკვეთიდან 70 მეტრში, ფიროსმანისა და შარტავას ქუჩების კვეთაში, ცათამბჯენს აშენებს, რომლის კონსტრუქციული სიმაღლე 144 მეტრი იქნება, ხოლო სართულების რაოდენობა – 44. ფიროსმანის 21-ში მდებარე ეს სამშენებლო ფართობი – 3 769 კვ.მეტრი – აჭარის მთავრობამ პირობიანი აუქციონის წესით 2016 წელს გაყიდა.
ამ ნაკვეთის გასხვისებისა და მიმდინარე მშენებლობის დეტალებზე ვრცლად ნახეთ ამ ბმულზე:
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 24 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 076 910 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +910]
ტანკი – 11 129 ერთეული [+0]
ჯავშანტექნიკა – 23 167 ერთეული [+3]
საარტილერიო სისტემა – 31 898 ერთეული [+40]
MLRS – 1 472 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 211 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 422 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 340 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 53 056 ერთეული [+121]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 598 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 59 593 ერთეული [+81]
სპეცტექნიკა – 3 944 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 24 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
665 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
79 322 უპილოტო საფრენი აპარატი
625 საზენიტო სარაკეტო სისტემა
24 755 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 588 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
28 873 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
40 314 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
უკრაინა დღეს, 24 აგვისტოს, დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.
ბათუმის საკრებულო ბათუმში, გოგოლის ქუჩის ნაწილისთვის კომპოზიტორ გიორგი ცაბაძის სახელის მინიჭებას გეგმავს. საკითხს ქალაქის საკრებულო 2025 წლის 29 აგვისტოს სხდომაზე განიხილავს.
გოგოლის ქუჩის ეს მონაკვეთი, რომელსაც სახელი უნდა შეუცვალონ, წმინდა სევერიანე აჭარელის [ყოფილი მაიაკოვსკის] ქუჩიდან იოსებ ნონეშვილის ქუჩის კვეთამდე გრძელდება და მისი სიგრძე დაახლოებით 640 მეტრია. ეს მონაკვეთი ბონის დასახლებას ბარცხანასთან აკავშირებს.
ქუჩის ამ მონაკვეთის ერთ მხარეს ბათუმის ნავთობტერმინალის ტერიტორიაა, მეორე მხარეს კი რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს. ამავე მხარესაა „მეტრო ტერმინალისა“ და „ტექნო პარკ ბათუმის“ ტერიტორიები [„მეტროს“ მიერ უკანონოდ აშენებული კორპუსებით].
ბათუმში გოგოლის ქუჩის მონაკვეთი, რომელსაც გიორგი ცაბაძის სახელი უნდა დაარქვან [მონიშნულია წითელი ხაზით]ბათუმის საკრებულოში შეტანილ განკარგულების პროექტში აღნიშნილია, რომ „საკრებულოს მიმიდინარე წელს საქართველოს პარლამენტის წევრმა არჩილ ბერიძემ და აღნიშნულ მისამართზე მცხოვრებმა მოსახლეობამ [საერთო ხელმოწერებით] ინიციატივით მომართა ქალაქ ბათუმში, წმინდა სევერიანე აჭარელის ქუჩიდან იოსებ ნონეშვილის ქუჩამდე მონაკვეთისათვის [ნიკოლოზ გოგოლის ქუჩა] ნიკოლოზ გოგოლის სახელის ნაცვლად ქართველი კომპოზიტორის, სახალხო არტისტის – გიორგი ცაბაძის სახელის მინიჭების შესახებ.“
განკარგულების პროექტს აღნიშნული საინიციატივო წერილი არ ახლავს, თუმცა განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ „წარმოდგენილი ინიციატივა მნიშვნელოვანია იმით, რომ ქალაქ ბათუმმა 2021 წელს იუნესკოს მუსიკის ქალაქის წოდება მიიღო, ასევე 2025 წელს ქალაქი ბათუმი საქართველოს კულტურის დედაქალაქად გამოცხადდა. აქედან გამომდინარე ზემოთ აღნიშნულ მონაკვეთს [ნიკოლოზ გოგოლის ქუჩა], რომელიც მოსახლეობის თანხმობითაც არის წარმოდგენილი, მართებული იქნება ცნობილი კომპოზიტორის და სახალხო არტისტის გიორგი ცაბაძის სახელის მინიჭება.“
განმარტებითი ბარათის მიხედვით, გოგოლის ქუჩის ნაწილისთვის სახელის შეცვლაზე თანახმაა „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
სამინისტროსთან არსებული გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული
ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისია“.
2025 წლის 29 აგვისტოს ჩანიშნულ სხდომაზე საკრებულოს მიერ განკარგულების მიღების შემდეგ ბათუმის მერიას დაევალება „განახორციელოს შესაბამისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებები“.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 23 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 075 160 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +840]
ტანკი – 11 129 ერთეული [+5]
ჯავშანტექნიკა – 23 164 ერთეული [+4]
საარტილერიო სისტემა – 31 858 ერთეული [+23]
MLRS – 1 472 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 210 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 422 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 340 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 52 935 ერთეული [+148]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 598 ერთეული [+33]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 59 512 ერთეული [+86]
სპეცტექნიკა – 3 944 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 23 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
665 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
79 150 უპილოტო საფრენი აპარატი
625 საზენიტო სარაკეტო სისტემა
24 741 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 588 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
28 845 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
40 259 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
საქართველოში, ბოლო წლებში, სულ უფრო და უფრო მზარდი ანტიდასავლური რიტორიკა ხშირად ასახავს იმ ნარატივებს, რომლებიც წლებია რუსეთში გამოიყენება. სუვერენიტეტის დაცვის ილუზია, „ტრადიციული ღირებულებებით“ მანიპულირება და დასავლეთის დემონიზაცია – ეს თემები ოკუპანტი სახელმწიფოს საინფორმაციო პოლიტიკის საყრდენია, რომელიც დღეს ქართულ პოლიტიკურ რეალობაში უფრო აქტიურად ჟღერს.
ანტიდასავლური გზავნილები – რუსული ეკოსისტემის ნაწილი
მედიის განვითარების ფონდი (MDF) 2014 წლიდან აკვირდება ქვეყანაში ანტიდასავლურ პროპაგანდას. ორგანიზაციის კვლევები ადასტურებს, რომ საქართველოში გავრცელებული ანტიდასავლური გზავნილები ხშირად რუსული დეზინფორმაციის ეკოსისტემის ნაწილია, მაგალითად, პროპაგანდა ხშირად წარმოაჩენს დასავლეთს, განსაკუთრებით აშშ-სა და ევროკავშირს, როგორც საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართულ ძალას.
ეს გზავნილი ამტკიცებს, რომ დასავლური სახელმწიფოები ცდილობენ გავლენა მოახდინონ საქართველოს შიდა პოლიტიკაზე, კანონმდებლობასა და საგარეო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, რაც ქვეყნის დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნის. სწორედ აქ ერთიანდება კრემლისა და “ქართული ოცნების” ნარატივები „ფერადი რევოლუციის“ თეორიის, “მაიდნის” მოწყობისა და ომში ჩათრევის მუქარის შესახებ.
„ტრადიციული ღირებულებები“
კრემლისა და “ქართლი ოცნების” ანტიდასავლურ პროპაგანდაში, კიდევ ერთ საერთო ხაზზე საუბრობს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს (IDFI) მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელი, ისტორიკოსი ანტონ ვაჭარაძე. მისი თქმით, ორივეგან ერთ-ერთი ძირითადი ხაზი არის „ტრადიციული ღირებულებების“ თემატიკაზე თამაში:
„აი, ამ თემატიკას მრავალი სხვადასხვა ასპექტი აქვს, მასში ერთიანდება როგორც ეს ე.წ. ოჯახური ღირებულებები, იგივე ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა…”. მისივე თქმით, ეს ნარატივი მრავალმხრივია და ხშირად ხელოვნურად წამოწეული ისეთ კონტექსტში, სადაც საზოგადოებას გაცილებით უფრო რეალური პრობლემები აქვს.
საბჭოთა პროპაგანდის კვალდაკვალ
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს (IDFI), რომელიც 16 წელია საქართველოში ანალიტიკურ და ხელისუფლების მაკონტროლებელ საქმიანობას ეწევა, დეზინფორმაციის მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი კვლევა აქვს ჩატარებული. ერთ-ერთი მათგანია „ანტიდასავლური პროპაგანდის საბჭოთა საწყისები“, რომელიც 1970-იანი წლების გაზეთ „კომუნისტის” მიხედვით არის ჩატარებული.
ანტონ ვაჭარაძე ამბობს, რომ თანამედროვე ანტიდასავლური ნარატივი, რომელსაც კრემლი აწარმოებს, საბჭოთა პროპაგანდას ეფუძნება, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ საინფორმაციო მანქანად ითვლება და იყენებდა ამ ჟანრის „საუკეთესო მიღწევებს“, მათ შორის ნაცისტური პროპაგანდის ტექნიკებს: „იქ სპეციალური აგიტაცია-პროპაგანდის განყოფილებები არსებობდა… იყო პირდაპირი ინსტრუქციები, რა უნდა გასულიყო საინფორმაციო ველში და რა არა“, – ამბობს ვაჭარაძე.
საბჭოთა და თანამედროვე პროპაგანდის დასავლეთის წინააღმდეგ
საბჭოთა და თანამედროვე კრემლის ანტიდასავლური პროპაგანდის ძირითადი სტრატეგიები ნაწილობრივ ტრანსფორმირდა, თუმცა დასავლეთის აგრესორად,რუსეთის კი მშვიდობისმყოფელად წარმოჩენის სტრატეგია – იგივე დარჩა. მაგალითად საბჭოთა პრესაში აქტიურად იბეჭდებოდა კრიტიკული სტატიები ნატოს გეგმებისა და წვრთნების შესახებ.
„დაუპატიჟებელი სტუმრის უადგილო ჩარევა“ – ეს კარიკატურის მინაწერია გაზეთ „კომუნისტის“ 75 წლის თებერვლის ნომერში. 1970-იანი წლების საბჭოთა პრესისთვის დამახასიათებელი იყო დასავლური სამყაროს, როგორც განხეთქილების შემომტანად და კონფლიქტის წამახალისებელ აქტორად წარმოდგენა.
საბჭოთა პერიოდში ანტიდასავლური პროპაგანდის მთავარი საყრდენი კომუნისტური იდეოლოგია და ანტიკაპიტალიზმი იყო. თანამედროვე რუსულ პროპაგანდაში ეს იდეოლოგიური საფუძველი შეიცვალა და მის საფუძვლად „ტრადიციული ღირებულებები“, გვევლინება. ეს, ძირითადად, ლგბტ თემის დემონიზაციასა და დასავლეთის კულტურული „დეგრადაციის“ ხაზგასმას გულისხმობს.
ამავდროულად IDFI-ს ანტიდასავლური პროპაგანდის საბჭოთა საწყისების შესახებ კვლევაშივკითხულობთ:„თანამედროვე ანტიდასავლური წარმოდგენების ფესვებს დავინახავთ ასევე 1970-იანი წლების პრესაში დასავლური ცხოვრების სტილის აღწერაზე დაკვირვებისას. საბჭოური პროპაგანდა დასავლურ ცხოვრების სტილს ცალსახად უკავშირებდა ნარკომანიას, ძალადობასა და რასიზმს, ამ უკანასკნელზე განსაკუთრებული ხაზგასმით”.
ომით მანიპულაცია
კრემლის ანტიდასავლური პროპაგანდის კიდევ ერთი ცენტრალური ხერხია ომით მანიპულაცია. ნიშანდობლივია, რომ დასავლეთს, ომში ჩამთრევ, ბოროტ ძალად წარმოაჩენს „ქართული ოცნებაც“.
ანტონ ვაჭარაძე ამბობს, რომ ომის თემით მანიპულირება არის კლასიკური საბჭოთა მეთოდი და ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი ხელისუფლების მაქსიმალურად გასახანგრძლივებლად:
„ქართული ოცნების“ მმართველობის ბოლო სამი წლის განმავლობაში ომის შიშის ნარატივმა საუკეთესოდ იმუშავა, ამის გარშემო შეუძლიათ ახლა ხალხის გაერთიანება და კონტროლი. 17 წლის წინ ვნახეთ ეს საშინელება ჩვენს ქვეყანაში და დღეს ონლაინ რეჟიმში ვუყურებთ კიდევ უფრო დიდ მასშტაბურ საშინელებას უკრაინაში. ამ ომით დაშინებამ, რომ თუ ჩვენ არ ვიქნებით ომი დაიწყება, ესეც ერთ-ერთი საბჭოთა პროპაგანდის მეთოდია. ეს არის მეთოდი ხელისუფლებაში რაც შეიძლება დიდ ხანს ყოფნისთვის“, – ამბობს ის.
ამასთან, აქტიურად გამოიყენება „ომში ჩათრევის“ თემა – სხვადასხვა ინტერვიუდან ამოკრებილი ცალკეული ციტატებისგან იქმნება ნარატივი, თითქოს ხელისუფლების ყველა ოპონენტი ომის მომხრეა და მიზანმიმართულად ითრევს ქვეყანას კონფლიქტში.
IDFI: თანამედროვე რუსული პროპაგანდა, საკუთარ განსაკუთრებულ როლს სხვადასხვა ღირებულების დაცვის კუთხით მუდმივად უსვამს ხაზს, იქნება ეს ქრისტიანობა/ სულიერება, ოჯახი თუ სხვა ასოცირებული ცნებები. ამ მიზნით, 2000-იანი წლებიდან აქტიურად ხორციელდება ე.წ. Русский мир-ის კონცეფციის კულტივირება, რომელიც ყოფილ საბჭოთა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს რუსული გავლენისა და ორბიტის ქვეშ მოიაზრებს; რუსეთისთვის ჩარევის უფლებას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუ ეს ქვეყნები რუსეთისთვის მიუღებელ საგარეო კურსს აირჩევენ. რუსეთის შიგნით კი Русский мир-ის კონცეფცია ხაზს უსვამს რუსული ცივილიზაციის, როგორც ტრადიციული ღირებულებებისა და ქრისტიანობის უკანასკნელ ბასტიონის, გამორჩეულობას. Русский мир-ს საქართველოშიც ჰყავს პარტნიორები.
დასავლეთის დისკრედიტაცია – პროპაგანდის უცვლელი მეთოდი
კიდევ ერთი მსგავსება საბჭოთა და თანამედროვე ანტიდასავლურ პროპაგანდას შორის არის დასავლეთის ცხოვრების პირობების მიზანმიმართული დისკრედიტაცია. IDFI-ს კვლევის მიხედვით, საბჭოთა კავშირში მრავალფეროვანი ნარატივები და ვიზუალური მასალა იქმნებოდა, დასავლეთში არსებული რეალობის შესახებ და პრესის მეშვეობით ვრცელდებოდა. მათი მიზანი იყო დაერწმუნებინა მკითხველი, რომ – დასავლეთში ცხოვრება უარესია, ვიდრე საბჭოთა კავშირში.
მსგავსი გზავნილი დღესაც ისმის „ქართული ოცნების“ ლიდერებისა და სპიკერებისგან. მაგალითად, „ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ „საქართველო ევროკავშირის წევრ ათამდე სახელმწიფოსაც კი უსწრებს პრაქტიკულად, ყველა პარამეტრით“; „ოცნების” დეპუტატი ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ „ამერიკა, როგორც დემოკრატიის შუქურა, ჩაფლავდა“; ხოლო “ოცნების” ყოფილი მინისტრი ლევან დავითაშვილის განცხადებით, Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველო ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანას და კანდიდატის სტატუსის მქონე ყველა სახელმწიფოს უსწრებს.
ასეთი განცხადებები, როგორც საბჭოთა პერიოდში, ისე დღეს, მიზნად ისახავს დასავლეთის ღირებულებებისა და განვითარების მოდელის დაკნინებას – ქვეყნის შიდა აუდიტორიის დარწმუნებას, რომ ადგილობრივი სისტემა უფრო წარმატებულია.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგია, რაც თანამედროვე ანტიდასავლურ პროპაგანდას აქვს ინფორმაციის გავრცელების არხების გაფართოებაა, კერძოდ ის, რომ ტრადიციული მედიასთან ერთად გამოიყენება სოციალური ქსელები და ტროლ-ფაბრიკები.
MDF-ის ანგარიშებიდან დასტურდება, რომ დეზინფორმაციის და პროპაგანდის ტექნიკა ხშირად, ვიზუალური და ვიდეო მანიპულაციებია. ასევე დაჭრილი ციტატებისა და კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზების გამოყენება. ასევე, სოციალურ მედიასა და ტრადიციულ მედიაში კოორდინირებული გავრცელება.
IDFI-ის კვლევაში ვკითხულობთ, რომ საბჭოთა კავშირში მედიის საქმიანობას პრესის სააგენტო „ნოვოსტი“ (Агентство печати «Новости») არეგულირებდა, რომელიც 1961 წელს დაარსდა. მისი მიზანი საზღვარგარეთ საბჭოთა პროპაგანდის გავრცელება იყო. დღეს იგი სახეშეცვლილი სახით, როგორც „რია ნოვოსტი“ (РИА Новости), კვლავ ფუნქციონირებს და ეკუთვნის სახელმწიფო კომპანიას „Россия сегодня-ს“. ამ მედიაჯგუფში შედის РИА და „სპუტნიკი“, რომლებიც რუსეთის მთავარ პროპაგანდისტულ არხებია საზღვარგარეთ.
ვაჭარაძის შეფასებით, მნიშვნელობა არ აქვს, ეს ნარატივები პირდაპირი დირექტივით მოდის რუსეთიდან თუ კოპირებით: „ფაქტია, რომ ეს ხდება“. გვერდიგვერდ დალაგებული განცხადებები „პრაქტიკულად იდენტურია“, თუმცა „ამას აქვს კიდევ ადგილობრივი ხასიათიც, ადგილობრივი მარილსაც მოაყრიან ხოლმე“, – ამბობს ის. შემდეგ კი რუსი პროპაგანდისტები – მათ შორის მარგარიტა სიმონიანი – ამ ხაზს საჯაროდ აქებენ, თითქოს საქართველო „ხუთიანზე ასრულებს დავალებას“ „დიფ სთეითთან“ ბრძოლაში.
ანტონ ვაჭარაძე განმარტავს, რომ პროპაგანდისტული ნარატივების გაღრმავების მთავარი საფრთხე, საზოგადოებაში არასწორი წარმოდგენებისა და შთაბეჭდილებების ჩამოყალიბებაა, რაც მას უფრო ადვილად მართვადს ხდის და ასუსტებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას.
„მაშინ, როცა ასეთ ანკესზე არის წამოგებული, ადამიანების დიდი ჯგუფი, გაცილებით უფრო ადვილია მათი მართვა, მათ გადაწყვეტილებებზე ზემოქმედება, მათი ჯიბეების დაცარიელება და ასე შემდეგ. საზოგადოება ხდება მოწყვლადი… ეს ყველაფერი იწვევს თავდაცვის უნარიანობის შესუსტებას ყველა ფრონტზე, მათ შორის საინფორმაციო, განათლების და ასე შემდეგ“.
წინააღმდეგობის მთავარ გზად ის განათლების დონის ამაღლებას მიიჩნევს: „თუ საერთო განათლების დონე არ წავიდა, აქეთა მხარეს არ არის რესურსი, რომ ამხელა მანქანას დაუპირისპირდეს“.
მისი შეფასებით, დეზინფორმაციასთან ბრძოლა არათანაბარ პირობებში მიმდინარეობს: „იქითა მხრიდან პირდაპირ ისვრიან… არანაირი ეთიკის ნორმები არ აქვთ, ხოლო აქეთ მხარეს ყოველი სიტყვა უნდა იყოს ფაქტებზე დაყრდნობილი“.
სწორედ ეს განაპირობებს, რომ მიუხედავად მცდელობისა, პროპაგანდის მასშტაბი და სისწრაფე ხშირად აჭარბებს სიმართლის გავრცელების შესაძლებლობებს.
წყარო: IDFI
სტატია აშშ-ის სამხედრო ძალებში ახალი ტიპის იარაღის დანერგვის შესახებ: „უკვე სამი ათეული წელია ამერიკის სამხედრო ხროვა ცდილობს ბევრი ცხოველის ინსტინქტები და ჩვევები მილიტარისტული მიზნებით გამოიყენოს“. სტატიაში საუბარია სხვადასხვა ცხოველისა თუ ფრინველის – სელაპი, დელფინი, თოლია, ღამურა, სკუნსი – სამხედრო მიზნით გაწვრთნაზე. მაგ.: ფეთქებადი ნივთიერებით დატვირთულ დელფინს უნდა ამოეცნო მოწინააღმდეგის წყალქვეშა ნავი და აეფეთქებინა.
პროპაგანდისთვის აქტუალური თემა იყო სპორტიც, განსაკუთრებით 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადის კონტექსტში, რომელსაც ბოიკოტი გამოუცხადა დაახლოებით 70 ქვეყანამ — საბჭოთა კავშირის მიერ ავღანეთში დაწყებული ომის საპასუხოდ. წყარო: IDFI
40 წლის იყო, როცა 7 წლის შვილთან და დედასთან ერთად რუსების მიერ ოკუპირებული გაგრა დატოვა. გაგრის დაცემის შემდეგ ორი თვე დაყო ქალაქში და ქუჩაში მიტოვებული ჯარისკაცების ცხედრებს მარხავდა.
ახლა 71 წლისაა და ისევ რუსეთს ებრძვის. საპროტესტო აქციების დაწყების დღიდან აზა ჩილაჩავა რუსთაველზე დგას და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის იბრძვის.
„მე ვიბრძოლებ ბოლომდე, არ გავჩერდები, ვერ გავჩერდები, უბრალოდ“, – ამბობს აზა „ბათუმელებთან“ და ამ ბრძოლის აუცილებლობაზე გვესაუბრება.
„აფხაზეთში ომი რომ დაიწყო, სადღაც 40 წლის ვიქნებოდი. მეუღლე ომამდე გარდამეცვალა და 7 წლის გოგონას მარტო ვზრდიდი. გაგრა რომ დაეცა, ქალაქიდან გასვლა ვერ მოვასწარი და ორი თვე ოკუპირებულ ქალაქში დავრჩი.
დაღუპული ჯარისკაცები ქუჩებში ეყარა. ერთი ძალიან ახალგაზრდა იყო, ალბათ უცოლშვილო… ჩემი ხელით დავმარხე.
მერე დედაჩემი მოვძებნე და ბინაში რომ დავბრუნდი, სახლში ბოევიკები დამხვდნენ. ვინ ხარო – მკითხეს. ეს ჩემი ბინაა, აქ ვცხოვრობ-მეთქი – ვუთხარი. შენი ბინა საქართველოშია, წადი აქედანო, მითხრეს და გამომაგდეს. დედაჩემს ცოტა ფული და ოქროს სამკაულები ჰქონდა, ყველაფერი წაგვართვეს. კიდევ კარგი, რომ არ მოგვკლეს.
ორი თვე აფხაზმა მეზობლებმა შეგვიფარეს, მაგრამ მერე მითხრეს, უნდა წახვიდეთ, თორემ მოგკლავენო და გამოგვაცილეს.
ასე წამოვედით, სრულიად უყველაფროდ“, – ამბობს აზა ჩილაჩავა.
აზა ჩილაჩავა საპროტესტო აქციაზე/ფოტო: მარიამ ნიკურაძე.
საკუთარ ქალაქიდან დევნილი აზა და მისი გოგონა დედასთან ერთად წყალტუბოში დასახლდა. გაუსაძლის პირობებში უწევდათ ცხოვრება და თავის გატანა.
„ზურგით დავათრევდი შაქრის ტომრებს და ვყიდდი, რომ თავი გვერჩინა. საკმარისი საკვები არ გვქონდა. ჩემი შვილი სკოლიდან რომ დაბრუნდებოდა და საჭმელს დავუდებდი, მეტყოდა – „დედა, შენც ჭამე“. მე ვატყუებდი, შენს მოსვლამდე ვჭამე-მეთქი. ბავშვს თუ რამე მორჩებოდა, იმით გამქონდა თავი.
ბოლოს თურქეთში წავედი სამუშაოდ და 15 წელი ემიგრაციაში ვიყავი.
თბილისში კუს ტბაზე, პატარა ოთახი ვიყიდე. ახლაც აქ ვცხოვრობთ. მზის შუქიც კი არ აღწევს წესიერად.
ჩემი გოგონა 27 წლის რომ გახდა, მხოლოდ მაშინ მოახერხა უნივერსიტეტში ჩაბარება. გრანტიც მოიპოვა, მანამდე ვერ ვასწავლე.
ახლა ადგა და იტალიაში წავიდა სამუშაოდ. შეეშინდა, თუ ვიზალიბერალიზაცია გაგვიუქმეს, მერე ვეღარ გავაღწევ აქედან და თავი როგორ ვირჩინოთო. სესხები გვაქვს, გადახდა ხომ უნდა.
ასე დავრჩი მარტოდ. თუ უვიზო მიმოსვლა დავკარგეთ, ალბათ ჩემს შვილს ინტერნეტით თუ ვნახავ აწი. ამაზე ძალიან ვდარდობ“, – გვეუბნება აზა ჩილაჩავა.
მან გვითხრა, რომ არ არსებობს დღე, რომ საპროტესტო აქციაზე არ წავიდეს. აზას თქმით, ახლა სწორედ რუსთაველზე დგომაა გადამწყვეტი, რომ ივანიშვილის მიერ მიტაცებული საქართველო გადარჩეს.
„დარბევების დროსაც იქ ვიყავი და ახლაც, ყოველ ღამე ვდგავარ რუსთაველზე. საზმაუს მარშს ვუერთდები და შემდეგ იქიდან მივდივართ რუსთაველზე.
დარბევების დროს, ერთ ახალგაზრდას გადავეფარე და პოლიციელებმა ძირს დამაგდეს, გადამიარეს. ყველაფერი მტკიოდა და რამდენიმე დღე ჩაწოლილი ვიყავი. მერე წამლები მივიღე, ვიტამინებიც დავლიე და ფეხზე დავდექი. ახლა ნაკლებად მიჭირს და ყოველ დღე აქციაზე ვარ.
ერთმა პოლიციელმა ძალიან მომიშალა ნერვები, როცა მითხრა, არ ხარ შენ აფხაზეთიდან, თვალით არ გაქვს ნანახი აფხაზეთიო. მერე აქციის მონაწილეებმა მითხრეს, ბებო, შენ რომ ნერვები მოგიშალა, ეგ ცრუმოწმეაო და ასე ეძახდნენ კიდეც – „ცრუმოწმე, ცრუმოწმე“, – გვიყვება აზა.
აზა ჩილაჩავა იდგა მზია ამაღლობელის მხარდასაჭერ აქციაზე და ფარნებიც აანთო თავისუფალი მედიის მხარდასაჭერად.
„მზიას მხარდასაჭერ აქციაზე მანქანების ზოლში რომ ვიდექი, უკნიდან ვიღაცამ ბოთლი მესროლა და რაღაც მომაძახა. თუმცა სხვა ახალგაზრდა მოვიდა და ჩამეხუტა.
დავდივარ სინდისის პატიმრების სასამართლოებზეც. დღეს მუსელიანცს მიუსაჯეს და ვიტირე. რატომ ტანჯავენ ასე ახალგაზრდებს…
ჩემთან უბანში დევნილები ცხოვრობენ და ზოგი მეუბნება, რომ რუსი მოსწონს. საკუთარი სახლებიდან რომ აყარა, იმათზე მეუბნებიან მომწონსო. არ ვიცი რა სჭირს ამ ხალხს. მოვკვდები და ამას არასდროს ვიტყვი. ყოველთვის ვამბობ, რომ რუსი ჩვენი მტერია.
ვფიქრობ, უფრო შიში აქვთ რუსის, ვიდრე სიყვარული, რადგან ამბობენ – „რას იზამ, ბომბი რომ დაგიშინონო“. აბა რა გინდათ, დავუჩოქოთ, რუსებს მივცეთ ქვეყანა-მეთქი?
იცით, რამდენი ნანობს აფხაზეთში ჩვენს აქეთ წამოსვლას? იმიტომ, რომ უარესი ცხოვრება აქვთ დღეს. თავიანთ ენაზეც კი ვეღარ ლაპარაკობენ ახალგაზრდები. ეგონათ კარგად იცხოვრებდნენ, მაგრამ უარესი მიიღეს. მათაც ასე ატყუებდნენ რუსები.
განა ჩვენი წინაპრები ყოველთვის არ იბრძოდნენ? მაგრამ ის აქვთ ჩაჭედილი ტვინში, რასაც „ოცნება“ იმეორებს.
ამხელა უბნიდან ორი ადამიანი დავდივართ მარტო აქციაზე, წარმოგიდგენიათ? „ჰე, წავიდა მიტინგა“ – ასე მომაძახებენ ხოლმე, დამცინიან.
ფოტო: მარიამ ნიკურაძე
71 წლის ქალი ვარ და ხალისით დავდივარ აქციაზე, რადგან ვიცი, რომ ჩემი ქვეყნისთვის, ჩვენი ახალგაზრდების მომავლისთვის ვიბრძვი. ქვეყნის ბედი მადარდებს, თორემ ჩემი ცხოვრება ისედაც გაილია. მინდა ახალგაზრდებმა მაინც იცხოვრონ ევროპაში.
ევროპაში გვექნება მშვიდობაც, რადგან ომი მარტო რუსეთს უნდა. ან როდის იყო, რომ ქართველები სადმე ომს ვიწყებდით. ან რა ენა უტრიალდებათ ანწუხელიძის გმირობას რომ აუფასურებენ.
მე ბოლომდე ვიბრძოლებ, არ გავჩერდები, ვერ გავჩერდები, უბრალოდ. ღამეებიც მაქვს ნათენები, მოწამლულიც ვარ გაზისგან, ფეხქვეშაც გამიგდეს პოლიციელმა, მაგრამ სულ ვიძახი, რომ მე ჩემი დრო მოჭმული მაქვს, აქ ახალგაზრდების მომავლისთვის ვდგავარ.
რუსების ხელში ერთი დღე არ მინახავს. ვიბრძვი, რომ ეს ქვეყანა გათავისუფლდეს და ასე ვიქნები ბოლომდე ახალგაზრდების გვერდით.
ისეთ სიკვდილს ვნატრობ, ქვეყნის დარდი რომ არ გამყვეს, რომ გული მქონდეს კმაყოფილი იმით, რომ რუსებს მოვიშორებთ და ვიქნებით ევროპაში. მაშინ გვექნება წესიერი ჯანდაცვა, წესიერი პენსია და წესიერი სასამართლო. არა ისეთი უსამართლო სასამართლო, როგორც დღეს გვაქვს.
არ მინდა შემეშინდეს იმის, ქუჩაში როცა მივდივარ პოლიციელმა დაცვის ნაცვლად თავში არ ჩამარტყას. კარგი ცხოვრება მინდა რომ გვქონდეს.
მეც შემიძლია სახლში ჯდომა, მაგრამ ვერ დავჯდები, ახალგაზრდების გულისთვის ვიბრძვი.
უნდა გამოფხიზლდნენ ადამიანები და გამოვიდნენ საბრძოლველად. ერთი გოგო მეუბნება, ბებო, სულ გხედავ, როგორ დადიხარ აქციაზე და მეც მომეცი მოტივაცია, ვნანობ, რომ ცხრა თვე სახლში ვიჯექი და აწი სულ ვივლიო. ძალიან გამიხარდა, რომ ვიღაცისთვის მაინც ვარ მაგალითი.
ერთ-ერთი აქციის მონაწილეს დაბადების დღე ჰქონდა და ტორტი გავუკეთე. ვუთხარი, როცა გავიმარჯვებთ, უფრო დიდ ტორტს გამოვაცხობ-მეთქი. მჯერა, რომ გავიმარჯვებთ. აუცილებლად.
4 ოქტომბერს ბევრ ხალხს ველოდები საპროტესტო აქციაზე. ძალიან ბევრი უნდა გამოვიდეთ. მე მაშინ დავმშვიდდები, როცა „ოცნება“ წავა და ეს ქვეყანა აყვავდება. ივანიშვილის გარეშე, რა თქმა უნდა“, – ამბობს აზა ჩილაჩავა.
__________________
მთავარ ფოტოზე: აზა ჩილაჩავა/ფოტო: მარიამ ნიკურაძე.
19მიწის ნაკვეთი, სამი სახლი, ექვსი ბინა, სამი ავტოფარეხი, 6 ავტომანქანა, 2 მილიონი ლარი ანაბარზე – ეს ვეტერანთა სამახურის უფროსის მოადგილის, ნიკოლოზ კვეზერელის და მისი ოჯახის ქონების არასრული ჩამონათვალია.
ნიკოლოზ კვეზერელი სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილეა 2016 წლიდან დღემდე. მან ბოლოს ქონებრივი დეკლარაცია 2025 წლის ივნისში შეავსო.
დეკლარაციის მიხედვით, ქონების ნაწილი, კერძოდ მიწის ნაკვეთი, 653 კვ.მეტრი კოჯორში და 3 გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ქოდალოში [1912 კვ.მეტრი] მას 2025 წელს შეუძენია. ამ ქონებაში ნიკოლოზ კვეზერელმა 100 000 დოლარი და 48 000 ლარი გადაიხადა.
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2025 წელს ნიკოლოზ კვეზერელის ოჯახმა 500 000 ლარამდე დახარჯა, მათ შორის არის სესხების მომსახურებაც.
სახლი, რომლის ფართობიც 2 391.57 კვ. მეტრია
კვეზერელის უძრავ ქონებებს შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს სახლი თბილისში, პიმენ ყურაშვილის ქუჩაზე – მისი ფართობი 2 391.57 კვ. მეტრია [მათ შორის I სართული 971.14 კვ.მ, II სართული 986.36 კვ.მ, მანსარდი 80.02 კვ.მ. სხვენები 225.89 კვ.მ. ტერასა 128.16 კვ.მ, N2 ფართით 35.23 კვ.მ, N3 ფართით 64.08 კვ.მ, N4 ფართით 111.77 კვ.მ] ეს სახლი აშენებულია მიწის ნაკვეთზე, რომლის ფართობიც 5552 კვ.მეტრია.
ნიკოზ კვეზერელი ბოლოს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში წერს, რომ მიწის ნაკვეთი პიმენ ყურაშვილის ქუჩაზე 30 000 დოლარად იყიდა 2016 წელს. კვეზერელი მიერ შევსებული მონაცემებით, მას ერთ კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთში 5.4 დოლარი აქვს გადახდილი. იქვე შენიშვნის სახით უთითებს, რომ სახლი აშენებულია მესაკუთრის მიერ და მისი ღირებულება 1 მილიონი ლარია.
ნიკოლოზ კვეზერელის სახლი, რომელიც მას 2016 წელს შეუძენიასახლს ირგვლივ მაღალი გალავანი აქვს შემოვლებული
ის ფლობს ასევე საცხოვრებელ სახლს და მიწის ნაკვეთს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში, სახლის ფართობი 217.4 კვ.მეტრია, მიწის ნაკვეთის ფართობი 5823 კვ.მეტრი. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით ეს ქონება მას 2022 წელს 10 000 ლარად შეუძენია.
კვეზერელის ოჯახი კიდევ ერთ სახლს ფლობს ბახმაროში, ეს სახლი ნიკოლოზ კვეზერელის მეუღლის, სალომე კვეზერელის სახელზეა დარეგისტრირებული. გარდა ამისა, ნიკოლოზ კვეზერელი და მისი ოჯახი 6 ბინას ფლობს თბილისში, სხვადასხვა მისამართზე.
მიწის ნაკვეთები
ნიკოლოზ კვეზერელი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ქოდალოში 4 მიწის ნაკვეთს ფლობს, ამ ნაკვეთების ფართობი ჯამში 3521 კვ.მეტრია. გარდა ამისა 2022 – 2023 წლებში მან გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში რამდენიმე მიწის ნაკვეთი დაირეგისტრა – მათი საერთო ფართობი 11 ჰექტარზე მეტია.
მიწის ნაკვეთი 1 ლარად
ნიკოლოზ კვეზერელმა მიწის ნაკვეთი გუდაურში სიმბოლურ ფასად, ნაკისრი ვალდებულების შესრულების პირობით იყიდა და შემდეგ გაყიდა. მან ამ ნაკვეთთან დაკავშირებით დეკლარაციაში ჩაწერა, რომ ყაზბეგში, დაბა გუდაურის ტერიტორიაზე – 12 799 კვ.მეტრი მიწა 2019 წელს 1 ლარად შეიძინა. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ეს ნაკვეთი 2025 წლის აპრილში შპს „არპა ჯგუფმა“ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დაირეგიტრირა. რეესტრში დარეგიტრირდა გასხვისების პირობაც, რაც ნასყიდობის ფასის გადახდამდე გამყიდველის წინასწარი თანხმობის გარეშე, ქონების იპოთეკით დატვირთვას ან გადაყიდვას ზღუდავდა.
ამონარიდი ქონებრივი დეკლარაციიდან
ნიკოლოზ კვეზერელმა დეკლარაციაში მიუთითა, რომ 2025 წელს მიწის გაყიდვიდან შემოსავლის სახით 150 000 დოლარი მიიღო.
გუდაურში მიწის გაყიდვის შემდეგ, ამავე ნაკვეთის 2025 წლის აპრილის ამონაწერში არის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც მყიდველს გარკვეული შეზღუდვები ქონების ღირებულების სრულად გადახდამდე ჰქონდა, ახლა ეს ვალდებულება ამონაწერში აღარ ფიქსირდება. შესაბამისად, მომავალ წელს შევსებულ დეკლარაციაში უნდა გამოჩნდეს, ზუსტად რამდენი გადაუხადეს 1 ლარად შესყიდულ მიწაში.
„არპა ჯგუფის“ ასი პროცენტის მფლობელი ირაკლი ვარშალომიძეა.
გარდა ამისა, ნიკოლოზ კვეზერელმა 2025 წელს257 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი შეისყიდა თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე. ამ ქონებას ის რამდენიმე მესაკუთრესთან ერთად ფლობს და როგორც დეკლარაციაშია მითითებული, ქონების მცირე ნაწილი – 44 კვადრატულის 1/3 – შეძენილია 2016 წელს.
„პორშე“ და სხვა ავტომანქანები
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2024 წლის ივნისში ნიკოლოზ კვეზერელის შვილმა, ანასტასია კვეზრელემა „თეგეტასთან“ გარიგების საფუძველზე იყიდა ავტომანქანა „პორშე“ [porsche cayenne coupe] 105 000 ევროდ. მალევე მან ეს მანქანა 80 000 ევროდ გაყიდა, 65 000 ევროდ გაყიდა ასევე 2024 წელს 147 182 დოლარად შეძენილი LAND ROVER. დეკლარაციაში მითითებულია, რომ ყიდვა-გაყიდა სამმხრივი გარიგების საფუძველზე განხორციელდა.
ნიკოლოზ კვეზერელის და მისი ოჯახის საკუთრებაშია რამდენიმე ავტომობილი : „მერსედესი“, „ტოიოტა პრიუსი“, „ჰიუნდაი“, „შკოდა“, „მაზდა“, „პობედა“, აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა – ტრაქტორი, რომელიც ნიკოლოზ კვეზერელს 2024 წელს 62 849 ლარად შეუძენია.
ნიკოლოზ კვეზერელი წილებს ფლობს ასევე შპს „ნიუ პეტროლში“ [ 50%] , შპს „დ და კომპანია“ – ში [ 30%] შპს „მუხა“ – ში [ 40%]
კვეზერელი ფლობს 100%-იან წილს რამდენიმე კომპანიაში. მათ შორის არის „კორეან-ჯორჯიან ინვესტმენტ გრუპი“, „ელმონდ გარდენ-35“, „ჯორჯიან ფრუთ გარდენს“ სერიები, „ოლე 7“ და „ოლე 8“ და ნაწილობრივ წილს სხვა კომპანიებში, როგორიცაა „ნიუ პეტროლი“ [50%)] და „დ და კომპანია“ [30%].
2016 წელს ნიკოლოზ კვეზერელს დაუფუძნებია შპს „საქართველო რუსეთის საინვესტიციო ჯგუფი“. დოკუმენტების მიხედვით, ამ კომპანიის მთავარი საქმიანობა სამშენებლო მასალებით ვაჭრობა უნდა ყოფილიღო. კომპანიის დირქტორად მირზა ლიპარტელიანი ფიქსირდება. 2016 წელის შემდეგ ამ კომპანიის ახალი ამონაწერი არ მოუმზადებიათ.
ასევე, მისი მეუღლე სალომე კვეზერელი ფლობს 60%-იან წილს კომპანიებში – „ვაშლის ბაღები შინდისში“ და „შინდისის ბაღი“.
რეესტრის მონაცემებით, ნიკოლოზ კვეზრელის და მისი ოჯახის საკუთრებაში არსებული კომპანიები ჰექტრობით მიწის ნაკვეთს ფლობენ ან საიჯარო ხელშეკრულებებით სარგებლობენ.
მაგალითად შპს „ჯორჯიან ფრუთ გარდენს“- თან დაკავშირებულ კომპანიებს რამდენიმე ქვეიჯარა აქვთ გაფორმებული – სახელმწიფო ქონებით რამდენიმე ათეული მიწის ნაკვეთით სარგებლობენ, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში.
შპს „ჯოჯიან ფრუიტ გარდენს 3“ – ქვეიჯარის ხელშეკრულების საფუძველზე სარგებლობს სახელმწიფოს მიწის ნაკვეთით სოფელ შინდისში – კომპანიას ქვეიჯარით აქ 5 ჰექტარი აქვს აღებული. ხუთი ჰექტარი ფართობი აქვს ქვეიჯარით „ჯოჯიან ფრუიტ გარდენ 4“ -საც.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში შპს „ოლე 8“-ს დარეგისტრირებული აქვს 6 ჰეტარზე მეტი, ეს ქონება იპოთეკით არის დატვირთული. 3 ჰექტარზე მეტს „ოლე 7“ ფლობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში და ასე შემდეგ …
ნიკოლოზ კვეზერელის კომპანია შპს „ჯორჯიან ფრუთ გარდენს 8“ გორში, სოფელ შინდისში ფლობს 4 ჰექტარზე მეტს.
სახელმწიფო სუბსიდია სოფლის მეურნეობის დარგში – ვაშლის ბაღები
შპს „ვაშლის ბაღები შინდისში“ იმ კომპანიების ჩამონათვალშია, რომლებმაც სოფლის მეურნეობის პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოსგან დაფინანსება მიიღეს. სააგენტოს მონაცმებით, ნიკოლოზ კვზერლის ცოლის კომპანიამ 2023 წელს სახელმწიფო სუბსიდიიდს სახით 350 000 ლარი მიიღო.
2019 წელს სახელმწიფო სუბსიდია სოფლის მეურნების პროგრამის ფარგლებში მიიღო შპს „ნუშის ბაღებმაც“, რომლის 33. 3 პროცენტს ნიკოლოზ კვეზერელი ფლობდა, შემდეგ კი გაასხვისა, იგივე კომპანიაში 33.4% პროცენტის მფლობელი იყო გიორგი მღებრიშივილი, საგანგებო სიტუაციების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი.
„საარჩევნო ხმის გაყიდვა რეალურად ნიჰილიზმთან არის დაკავშირებული და არა მაინცდამაინც უქონლობასა და სიღატაკესთან. ქართულ პოლიტიკაში ხელისუფლების მიერ მოსახლეობი დაშინება, ხმის ყიდვის მცდელობა ყოველთვის იყო, მაგრამ როდესაც ოპოზიციას ჰქონდა სწორი მესიჯი და ახერხებდა ქვეყანაში მოსალოდნელი ცვლილებების ატმოსფეროს შექმნას, ეს მუქარა აღარ მუშაობდა.
საზოგადოებაში არსებული ნიჰილიზმი, უალტერნატივობის შეგრძნება, უნდა გაიფანტოს ოპოზიციის წარმატებული, რეალისტური გზავნილებით. როცა ეს მოხდება, აღარც ეს მუქარა იმუშავებს და არც ხმის ყიდვის მცდელობა,“ – ამბობს აღმოსავლეთმცოდნე სანდრო ბაკურაძე. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.
როცა ვლაპარაკობთ რეჟიმზე, რა სახის რეჟიმად იქცა „ქართული ოცნება“, როგორია მისი ბუნება და რაზე დგას?
„ქართული ოცნება“ არის ჩვეულებრივი მემარჯვენე პოპულისტური რეჟიმი, რომელიც დაფუძნებულია მანამდე მიღებული ჭეშმარიტების ცნების სრულიად გაუფასურებაზე და არსებული ნორმების გაუფასურების გზით საკუთარი ლეგიტიმაციის გაღრმავებაზე.
ასევე დაფუძნებულია მანამდე ტრადიციულად მიჩნეული ფასეულობების, ჩვეულებების, ნორმების, ღირებულებების და პარადიგმების სრულ გაუფასურებაზე.
„ოცნება“ აქტიურად მიმართავს მანამდე არსებული ნაციონალისტური პარადიგმების, მიდგომების გაუფასურების პოლიტიკას.
საზოგადოებაში ისპობა ჭეშმარიტების, ღირებულებების ცნება და მსგავსი რაღაცები, იმ მიზნით, რომ მათ ნიადაგზე ვერ მოხდეს ხელისუფლების წინააღმდეგ ორგანიზება.
რა პოლიტტექნოლოგიას იყენებს რეჟიმი საზოგადოების დასამორჩილებლად?
ამათი პოლიტტექნოლოგიის ერთ-ერთი მახასიათებელია ის, რომ აქამდე წარმოუდგენელი, მიუღებელი რიტორიკაც კი, სხვადასხვა დოზით მიეწოდება საზოგადოებას.
მათი მთავარი მიზანი ამ მიუღებელი რიტორიკის ნორმალიზაცია და პოზიტიურად წარმოჩენა კი არ არის, არამედ ის, რომ ეს უნდა გახდეს ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი. იმდენად უნდა გაჩვეულებრივდნენ, რომ საზოგადოებას ამაზე არანაირი რეაქცია აღარ უნდა ჰქონდეს.
„რუსებო“, „სამშობლოს მოღალატეებო“ – ეს არის ოპოზიციის რიტორიკა ხელისუფლებისადმი. თქვენ ფიქრობთ, რომ ამასაც ყური შეეჩვია და მსგავს შეფასებებზე აღარ აქვთ ხელისუფლებას ან მის მომხრეებს რეაქცია?
ეს პროცესი საკმაოდ დიდი ხანია მიდის, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი საზოგადოების წარსული როგორია. გავიხსენოთ ზვიად გამსახურდიას მონაწილეობით გადაღებული ცნობილი ვიდეო, სადაც ასე ვთქვათ, აგენტებს ასამართლებენ.
ყველამ ვიცით ეს ვიდეო. რეალურად, ამის სათავეები ჯერ კიდევ 80-იანი წლების ბოლოს, ეროვნულ მოძრაობამდე და ჩვენთან არსებულ პოლიტიკის კეთების სტილამდე მიდის.
ჯერ კიდევ გამსახურდიას პერიოდის რიტორიკით – „ამათ ვამხელ, იმათ ვამხელ, აგერ არქივები გაიხსნება, აგერ სუკ-ის შენობაში ეს დევს, ის დევს“ – 90-იანებშივე დაიწყო სამშობლოს მოღალატის და აგენტის ცნების გაუფასურების პროცესი.
შევარდნაძის და მერე უკვე სააკაშვილის პერიოდში, ისეთი სიტუაცია იყო, რომ ამ საკითხზე მსგავსი მიდგომა, საჭირო აღარ გამხდარა. თუ არ ჩავთვლით სააკაშვილის მმართველობის ბოლო პერიოდში დაწყებულ „ენვერის“ ტიპის სპეცოპერაციებს. მაშინ ეს ყველაფერი ისე მართეს, რომ „მოღალატის“, „რუსეთუმეს“ და მსგავსი ტიპის ცნებები გააუფასურა.
სანდრო ბაკურაძე
შესაბამისად, ეს საკმაოდ ადრე დაწყებული პროცესია, რომელსაც ახლა „ოცნებამ“ სათავისო ფორმა მისცა.
ანუ „ოცნების“ ინოვაციასთან კი არ გვაქვს საქმე, არამედ ქვეყანაში უკვე არსებული პოლიტიკის კეთების სტილის აპროპრიაციასთან.
რაც შეეხება პერსპექტივებს, თუკი რაიმე რეალური იდეოლოგიური ცვლილება არ მოხდა, საბოლოოდ ალბათ მივალთ იქამდე, როდესაც ყველა პოლიტიკური და კულტურული ცნება, რომელიც ტრიალებდა ჩვენ პოლიტიკურ სპექტრში, გაუფასურდება და საკმაოდ ნიჰილისტურად განწყობილ საზოგადოებას მივიღებთ.
როგორ უნდა ველაპარაკოთ მაშინ რეჟიმს, ანუ რაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი?
პირველ რიგში, ვფიქრობ, სრულიად რეალური ნათელი მომავლის ცნებაა საჭირო, მაგალითად, შეღავათიანი კრედიტების თემა წამოვწიოთ, სოფლის განვითარების საკითხი. თუ ვაპირებთ ალტერნატიული ხელისუფლების შეთავაზებას, ვინ, რის საფუძველზე და როგორ აპირებს ამ ქვეყნის მართვას და რა უმაგრებს ამას ზურგს – ამ თემაზე უნდა ელაპარაკოს ოპოზიცია ხალხს.
ყველა ქვეყანაში, სადაც მემარჯვენე პოპულისტებმა წაიფორხილეს, იმუშავა სრულიად რეალისტურმა, გასაგებმა ნათელი მომავლის ცნებამ. იმუშავა ოპტიმისტურმა პოლიტიკამ, რომელიც აგებული იყო არა ხელისუფლებაში მყოფ პოლიტიკოსთან პოლემიკაში შესვლაზე, არამედ იმაზე, თუ რას გააკეთებდნენ თავად მომავალში.
თურქეთის მაგალითი რომ ავიღოთ, სტამბოლის მერის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ექრემ იმამოღლუს მთელი პოლიტიკა ხალხთან პირისპირ კომუნიკაციას ემყარებოდა. მან მოიგო უდიდეს ქალაქში არჩევნები.
იმამოღლუს მთელი ყურადღება გადატანილი ჰქონდა იმაზე, თვითონ ვინ იყო და რას გააკეთებდა. არ ლაპარაკობდა იმაზე ვინ იყო ხელისუფლება. ალტერნატივის განცდა გააჩინა. ხელისუფლება თითქოს არც არსებობდა.
როცა სტამბოლის მართვის საშუალება მიეცა, საქმის გამკეთებელი კაცის იმიჯზე ააგო დანარჩენი პოლიტიკური იმიჯი.
ავიღოთ უნგრეთი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პეტერ მადიარი. უნგრეთი ორბანის პერიოდში ნამდვილად არ არის სახარბიელო მდგომარეობაში ევროკავშირის დანარჩენ ქვეყნებთან შედარებით, მაგრამ განსხვავებით ორბანისაგან, მადიარმა მომავალზე გააკეთა აქცენტი.
პეტერ მადიარი ლაპარაკობს რას გააკეთებს, როგორ და რა ვადაში. ამ რიტორიკაში ორბანი მხოლოდ წარსულის გადმონაშთად იქცა, მთავარი აქცენტი კი მომავალზე კეთდება.
პროპაგანდაც სათავისოდ გამოიყენა მადიარმა. მან თქვა, „თუკი Deep State-ი ასეთი ძლიერია, დავალაგოთ ურთიერთობა და ვიმეგობროთ Deep State-თან“. პეტერ მადიარმა, როდესაც საშუალება მიეცა, ხელისუფლების რიტორიკა ხელისუფლებისავე წინააღმდეგ თავის სასარგებლოდ შეაბრუნა.
მაგრამ დავაკვირდეთ, ორივე შემთხვევაში, ნაცვლად ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ პოლემიკაში ჩართვისა, პოლიტიკოსებმა რესურსი დახარჯეს საკუთარი მესიჯების გადაცემაზე. ორივე შემთხვევაში აქტიურად იმუშავა მთელი ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთან პირისპირ კომუნიკაციის სტრატეგიამ.
მაგალითად, პიტერ მადიარი ტრანსილვანიაშიც კი ჩავიდა ადგილობრივ უნგრელებთან სასაუბროდ, მიუხედავად იმისა, რომ ტრანსილვანია რუმინეთის შემადგენლობაშია და იქაური უნგრელები ტექნიკურად, როგორც დიასპორა, ისე აძლევენ ხმას.
ანუ ნაცვლად ბუდაპეშტის კომფორტულ უბანში ყოფნისა, პიტერ მადიარი ტრანსილვანიის სოფლებშიც კი ჩავიდა.
ჩვენთან კიდევ მსგავსს ვერაფერს ვხედავთ.
ოპოზიცია ვერ გვპირდება ვერაფერს, თან ნაწილი ისევ წარსულის რომანტიზებითაა დაკავებული. ვგულისხმობ იგივე სააკაშვილის მმართველობის პერიოდს, რომლის ისტორიული შეფასებაც რეალურად საკმაოდ ორაზროვანია და ნებისმიერ ოპოზიციას ძალიან ცუდ მდგომარეობაში აყენებს.
ამ დროს ხელისუფლებას, რომელიც ბევრად უფრო შორეული წარსულის რომანტიზებითაა დაკავებული, როდესაც საქმეს სჭირდება, ვერანაირად ვერ აჯობებ.
ერეკლე მეორის პერიოდი რომ ახსოვდეს, ისეთი ადამიანი დღეს ცოცხალი აღარ არის. შესაბამისად, ის პერიოდი ბევრად უფრო იოლია, მოჭრა შენს გემოზე და მის რომანტიზება მოახდინო, თავისი გეორგიევსკის ტრაქტატით, რუსეთთან კარგი ურთიერთობების მითებით, რაღაცეები დაამახინჯო, რაღაც ვარდისფერი სურათი შექმნა.
მაგრამ მიხეილ სააკაშვილის პერიოდის მომსწრე მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილია ჩვენს ქვეყანაში – მათთვის ევროინტეგრაციის და რეფორმების პერიოდის თემის მიყიდვა ბევრად უფრო რთულია.
შესაბამისად, მომავალზე ორიენტირების გარდა, რას, როგორ, რანაირად გავაკეთებთ, სხვა გზა არ არსებობს.
მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკა უნდა იყოს იმაზე, ქვეყნის შიგნით რას ვაკეთებთ. ვინაიდან, ევროინტეგრაცია, ნატოში გაწევრიანება და ასე შემდეგ, ისეთი ფაქტორებია, რის გამოც ქართული პუბლიკა არაერთხელ, საკმაოდ სერიოზული იმედგაცრუების მსხვერპლი გახდა. თუკი მთლიანად საგარეო პოლიტიკაზე და ევროინტეგრაციაზე იქნება აგებული ოპოზიციის პოლიტიკური მესიჯი, ამას ძალიან ბევრი ისეთი სუსტი წერტილი აქვს, რომელსაც თუკი ხელისუფლება გამოიყენებს, მაშინ ვერაფერს ვერ დაუპირისპირებ. შესაბამისად, ეს მომავალზე ორიენტირებული რიტორიკაც პირველ რიგში შიდა პოლიტიკურ გეგმაზე უნდა იყოს დაფუძნებული.
თქვენი აზრით, კონკრეტულად რა გეგმა უნდა შესთავაზოს ოპოზიციამ ხალხს?
პირველ რიგში, პოზიტიური და რეალისტური მესიჯები უნდა იყოს და იმდენად დიდი მნიშვნელობა არ აქვს კონკრეტულად ეს რა იქნება. მთავარია, იყოს შესრულებადი და როდესაც გკითხავენ, როგორ შეასრულებ, იცოდე პასუხი.
მაგალითად, მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში იმ დროს კორუფციასთან ბრძოლის მესიჯმა იმუშავა. ვინაიდან ეს იყო მარტივად გასაგები და პრინციპში განხორციელებადიც.
ბიძინას შემთხვევაში, უფასო ფულის და მსგავსი ტიპის რიტორიკამ იმუშავა. უფასო ფულის ამბავი, ცოტა ფინანსური განათლება თუ გაქვს საზოგადოებას, რა თქმა უნდა სისულელეა, მაგრამ პოზიტიური მესიჯი იყო და იმუშავა.
მთავარია, რეალისტური და გასაგები მესიჯი იყოს.
პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ როდესაც ხელისუფლების მესიჯებს პოლემიკაში არავინ არ მიჰყვება, ამ მესიჯებს ძალიან მალე ივიწყებენ.
თქვენ ფიქრობთ, რომ შიდა კეთილდღეობაზე დამყარებული გზავნილები სჭირდება დღეს ოპოზიციას, რაშიც თითოეული მოქალაქე თავის თავს დაინახავს?
კი, ასეა.
ერთ მაგალითს გეტყვით, ჩვენთან უყვართ წამოძახება „კარტოფილზე გაცვალა ხმა“ და ა.შ. მაგრამ გვაქვს იგივე 2012 წლის მაგალითი, ამას გარდა ჩვენს მეზობელ ქვეყნებში არსებული მაგალითები გვაჩვენებს, რომ თუკი ცვლილებების ატმოსფერო იქმნება ქვეყანაში, თუ ოპოზიციის მესიჯი, იმიჯი პოზიტიურია, ეს ხალხი ხმას აღარ ყიდის.
საარჩევნო ხმის გაყიდვა რეალურად ნიჰილიზმთან არის დაკავშირებული და არა მაინცდამაინც უქონლობასა და სიღატაკესთან. ქართულ პოლიტიკაში ხელისუფლების მიერ მოსახლეობი დაშინება, ხმის ყიდვის მცდელობა ყოველთვის იყო, მაგრამ როდესაც ოპოზიციას ჰქონდა სწორი მესიჯი და ახერხებდა ქვეყანაში მოსალოდნელი ცვლილებების ატმოსფეროს შექმნას, ეს მუქარა აღარ მუშაობდა.
უნდა მივიდეთ იქამდე, რომ საზოგადოებაში არსებული ნიჰილიზმი, უალტერნატივობის შეგრძნება, გაიფანტოს ოპოზიციის წარმატებული, რეალისტური გზავნილებით. ეს როცა მოხდება, აღარც მუქარა იმუშავებს და არც ხმის ყიდვა.
„უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეჩერება ძალიან დიდი უკუსვლა იქნება… ხალხს უნდა ესმოდეს, რომ მთავრობა ემსახურება ხალხს და არა ხალხი ემსახუროს მთავრობას“ – ამბობს საფრანგეთში მცხოვრები ლაშა ხუბაშვილი. ის დოქტორანტია და მესამე წელია გრენობლში სწავლობს სამოქალაქო ინჟინერიას და ენერგეტიკულ პოლიტიკას.
ლაშა ხუბაშვილს ვკითხეთ, რას ფიქრობს უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე – „ოცნების“ არალეგიტიმურ მთავრობას ევროკომისიამ კონკრეტული პირობების შესასრულებლად და დემოკრატიულ გზაზე დასაბრუნებლად ვადა 2025 წლის აგვისტოს ბოლომდე მისცა, თუმცა „ქართული ოცნება“, რომელიც წარმოადგენს საქართველოს არაკონსტიტურ ხელისუფლებას, ევროკავშირის რეკომენდაციების გათვალისწინებას არ აპირებს.
როგორ აისახება საქართველოზე ევროპისკენ მიმავალი გზის ჩაკეტვა?
„არ ვიცი, საიდან დავიწყო, რამდენ რამეს დავკარგავთ. პირველ რიგში, დავკარგავთ სერიოზულ კავშირებს“, – გვიყვება ლაშა ხუბაშვილი, „- უვიზოს გაუქმების შემთხვევაში შესაძლოა შეუძლებელიც კი გახდეს, მაგალითად, მოკლევადიანი ვიზიტები, კვლევებისთვის აქ ჩამოსვლა, კონფერენციები. საქართველოში ისედაც ძალიან ცუდი მდგომარეობაა კვლევების მიმართულებით და უვიზო მიმოსვლის გაუქმება ამ მდგომარეობას კიდევ უფრო გააუარესებს. საქართველოში ამ კუთხით არც ტექნიკური და მატერიალური რესურსებია სამწუხაროდ და არც გონებრივი.
მახსოვს, როცა ჩამოვედი და დამჭირდა ხანგრძლივი ვიზა უკვე სასწავლო მიზნით, მოთხოვნის გაკეთებამდე მარტივად ჩამოვედი საფრანგეთში და შემდეგ მივმართე შესაბამის სამსახურს, ჩემი ჯგუფელები კი, მაგალითად, ინდოეთიდან, ან სხვა ქვეყნებიდან ორი თვის დაგვიანებით ჩამოვიდნენ ვიზის პრობლემიდან გამომდინარე. მე ლექციებს ვესწრებოდი მანამდე ჩვეულებრივად.
ხშირად ჩამოდიან სტუდენტები საქართველოდან საფრანგეთში კონფერენციებზე, ლაბორატორიებში კვლევების ჩასატარებლად, ან დასასწრებად. ეს არის განათლების მიღების ძალიან დიდი საშუალება – უვიზოს გარეშე, ეს ყველაფერი უბრალოდ ზღაპარი იქნება.
ტექნიკურად გართულდება მინიმუმ ვიზის მიღება. როცა, მაგალითად, ვინმეს ევროპის ამა თუ იმ ქვეყანაში კონფერენციაზე უნდა დასწრება, დღეს შეიძლება უბრალოდ ბილეთი იყიდო და გაფრინდე, დაესწრო კონფერენციას და უკან დაბრუნდე. ვიზის მოთხოვნას კი, რამდენი პროცედურა ახლავს? პლუს დამატებით თანხაა საჭირო, რადგან ვიზის მომსახურება ფასიანია.
ეს დიდი თანხა არ არის, მაგრამ სტუდენტს შესაძლოა ამის თანხაც არ ჰქონდეს. ამიტომაც, იგივე კონფერენციაზე დასწრებაც შესაძლოა ქართველმა სტუდენტმა ვეღარ შეძლოს“, – გვითხრა ლაშა ხუბაშვილმა და დასძინა, საქართველოში ტექნიკურ უნივერსიტეტში მივიღე უმაღლესი განათლება, ინჟინრად მუშაობაც კი დავიწყე, მაგრამ შემდეგ პროფესიული უხერხულობა ვიგრძენიო:
„ერთ-ერთ დიდ კომპანიაში ვმუშაობდი საქართველოში მთავარი ინჟინრის პოზიციაზე. კონკრეტულ სიტუაციაში შევეჩეხე პრობლემას, რომ საინჟინრო გადაწყვეტილებაში არ ვიყავი კომპეტენტური, ამ დროს მთავარი ინჟინერი მერქვა. გადავწყვიტე, რომ უნდა მომეძიებინა ცოდნა. თავდაპირველად გერმანიას დავუკავშირდი“ – გვითხრა ლაშა ხუბაშვილმა.
ლაშა ხუბაშვილი
საფრანგეთში მცხოვრები ქართველი დოქტორანტი ყურადღებას ამახვილებს ემიგრაციის კიდევ ერთ მხარეზე:
„ერთია ხილული, იურიდიული მხარე, მოგზაურობა იქნება ეს, თუ სწავლა ევროპაში, პროფესიული განვითარება, ბიზნესის მიმართულება, მაგრამ მეორეა არაოფიციალური მხარე: საქართველოში, სავარაუდოდ, ყოველი მესამე ოჯახიდან ვიღაც ემიგრანტია, რომ თავი გადაირჩინოს. ჩამოდიან სამკურნალო მიზნებით და ითხოვენ ლტოლვილის სტატუსს. ისინი ძალიან რთულ გზას, დამოკიდებული არიან სრულიად უცხო ადამიანების კეთილ ნებაზე. ისინიც ვეღარ მიიღებენ ამ სიკეთეს.
ახლაც, როცა თქვენ გესაუბრებით, მესიჯი მომწერეს საქართველოდან, გრენობლში კარგი კლინიკები თუ არის, რომელს გვირჩევდიო.
იგივე ბიზნესმენმა, ვისაც ბიზნესი აქვს საქართველოში, ბიზნესპარტნიორს ევროპაში უნდა მიწეროს, ორი თვე მაინც დამჭირდება, ვიზა უნდა ავიღო, მერე შეიძლება ჩამოვიდე და შეგხვდეო,“ – აღნიშნა ლაშა ხუბაშვილმა.
ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ამ რეალობაზე და რა შეიძლება შევცვალოთ?
„ეს დაკავშირებულია ჩვენი პოლიტიკოსების გადაწყვეტილებასთან. „ქართული ოცნება“ მიუთითებს რაღაც საფრთხეებზე, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს საქართველოსთვის, მაგალითად ლგბტქ პროპაგანდა. სინამდვილეში ევროპა ითხოვს იმას, რომ არ იყოს დისკრიმინაცია, ჩაგვრა.
ევროპასთან დაშორება ამ კუთხითაც იქნება ცუდი, რომ უფრო მეტად ამუშავდება ანტიდასავლური პროპაგანდა – ადამიანები საკუთარი თვალით ნაკლებად ნახავენ, როგორ ცხოვრობენ სინამდვილეში ევროპელები. სიმართლის დანახვა კიდევ უფრო რთული გახდება.
პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებს ეკისრებათ.
მინდა, ოპტიმისტად დავრჩე. ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყანა გადარჩება – ბევრი მსგავსი სირთულე გადაგვიტანია. ადამიანებმა სწორად უნდა გაანალიზონ, რა ხდება სინამდვილეში. გამოსავალი ესაა,“- მიიჩნევს ლაშა ხუბაშვილი.