მთავარი,სიახლეები

რუსმა გენერალმა ტოტლებენმა პირველივე ბრძოლაში უღალატა ერეკლეს – პედაგოგი

26.08.2025
რუსმა გენერალმა ტოტლებენმა პირველივე ბრძოლაში უღალატა ერეკლეს – პედაგოგი

კატასტროფაა ის, რასაც ამ ქვეყანას უპირებენ, რომ შესაძლოა დავკარგოთ ვიზალიბერალიზაცია, გამოგვაძევონ ევროსაბჭოდან და დავკარგოთ წვდომა ევროპულ სასამართლოზე მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას უნდა ერთ კაცს ემსახუროს“, – ამბობს ხათუნა ყოჩაშვილი, მასწავლებელი რუსთავიდან.

„ბათუმელები“ პედაგოგს ქვეყანაში არსებულ კრიზისზე ესაუბრა.

„გარდა იმისა, რომ პედაგოგი ვარ, ვარ მოქალაქე, ადამიანი, რომელიც ხედავს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, არ შემიძლია ისე გავატარო, თითქოს ეს ყველაფერი ჩემზე არ მოქმედებს.

დიახ, მოქმედებს ყველა ადამიანზე და არ მგონია, რომ ეს იყოს პოზიტიური მოქმედება – ეს ჩანს თვალნათლივ. ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ადამიანები საუბრობენ იმაზე, თუ რამდენად გართულდება ჩვენი ცხოვრება ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლის დაკარგვით. ამბობენ, რომ გართულდება მოგზაურობა, ხელი შეეშლებათ მკურნალობაში, ვეღარ დასაქმებიან, ოჯახები დაიშლება და ასე შემდეგ.

ეს არის პრობლემები, რომელიც ზედაპირზე ცურავს და მეტ-ნაკლებად ყველას ეხება, მაგრამ მე მაინც გავიხსენებ რისმაგ გორდეზიანის სიტყვებს, როცა თქვა, ევროპა ადგილი კი არ არის, ევროპა არის იდეა და იდეა არის ის ღირებულებები, რომლის შესახებ ადამიანებმა შესაძლოა იცოდნენ, მაგრამ ბოლომდე გათავისებული არ ჰქონდეთ.

ევროპული ღირებულება არის თავისუფლება, თანასწორობა, კანონმორჩილება, გახსნილობა, ღიაობა, ინდივიდუალიზმი, პლურალიზმი, მულტიკულტურალიზმი, სეკულარიზმი, ემანსიპაცია, სწრაფვა მშვიდობისკენ და მზადყოფნა ომისთვის.

თავისუფლების მნიშვნელობა თითქოს ყველას ესმის, მაგრამ ჩვენი ქვეყნის შემთხვევაში, ეს თავისუფლება გათელილია. მზია ამაღლობელის, ნინო დათაშვილის, ყველა სინდისის პატიმრის უფლებებია გათელილი. სხვანაირად როგორ შეიძლება აღიქვა, თუ არა ასე?

თანასწორობა ნიშნავს, რომ ეროვნების, რწმენის, რასის, წარმომავლობის, თანამდებობის, ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად, ყველა უნდა იყოს ერთმანეთთან თანასწორი ყველაფრის წინაშე. მაგრამ მე ამ თანასწორობას ვერ ვხედავ, მაგალითად, ანდრო ჭიჭინაძესა და პოლიციელს შორის, ქუჩაში ნაცემ ჟურნალისტებს, მომიტინგეების და პოლიციელებს შორის, რომლებიც ძალადობენ ხალხზე.

თანასწორობას ვერ ვხედავ, ვერ ვგრძნობ ვერსად.

კონსტიტუციაში კი გვიწერია, რომ ყველა ადამიანი თანასწორია, მაგრამ ერთია რა გიწერია, მეორეა – რას ვაკეთებთ და რას ვუწევთ პოპულარიზაციას. ყოველ შემთხვევაში, ვხედავ, რომ სიტყვა და საქმე განსხვავდება ჩვენს ქვეყანაში“, – ამბობს ხათუნა ყოჩაშვილი.

მისი აზრით, დღეს, „ქართული ოცნება“ ღირებულებების აღრევას ცდილობს.

„საკუთარი სურვილების დასაკმაყოფილებლად ცვლიან რეალობას. თეთრს აშავებენ და შავს ათეთრებენ. რატომ აკეთებენ ამას? რა თქმა უნდა, საკუთარი პირადი მიზნების მისაღწევად და ამაში ორი აზრი არ არსებობს.

„ოცნების“ უკან დგას რუსული პოლიტიკა, რუსეთი კი დამპყრობელი იყო ოდითგან. წარსულს თუ გადავხედავთ, არც ერთ პერიოდში რუსეთი ჩვენი მეგობარი არ ყოფილა. რუსმა გენერალმა ტოტლებენმა პირველივე ბრძოლაში უღალატა ერეკლეს, დახმარების ნაცვლად.

უახლოეს წარსულს გადავხედოთ. მე ვარ საბჭოთა მოსწავლე, რომელსაც ეკეთა ყელსახვევი და აღარ მაქვს სურვილი, ჩემი შვილიც ასე, ყელსახვევგაკეთებული გაიზარდოს ერთფეროვნებაში.

წლების განმავლობაში ჩაკეტილ სისტემაში ვიცხოვრეთ. ვხედავდი კორუფციას, ვხედავდი ადამიანების დაჩაგვრას, თანამდებობის ბოროტად გამოყენებას, უთანასწორობას ვხედავდი.

როცა უნივერსიტეტში ვაბარებდი, აღმოჩნდა, რომ ყველა ადგილი გაყიდული იყო და დავიწყეთ პროტესტი. მაშინ მედია დაგვიდგა გვერდით. „რუსთავი 2“, თავისუფალი მედია იყო მაშინ და მე ვერ გავხდებოდი სტუდენტი, მათ რომ არ გაეშუქებინათ ეს ამბავი. ამიტომ გვჭირდება საზოგადოებას თავისუფალი მედია.

სკოლა 89 წელს დავამთავრე და მოვესწარი 9 აპრილსაც. 8 აპრილს რუსთაველზე ვიყავი და ვნახე მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას ანთებული თვალები. ვნახე თავისუფლებისთვის ბრძოლა. ამიტომ აღარ მინდა დავბრუნდე იმ წარსულში, რომელსაც თავი ძლივს დავაღწიეთ.

მინდა ადამიანებს გვქონდეს სახელმწიფო ინსტიტუციების იმედი, გვქონდეს იმედი, რომ ჩვენს ნაშრომებს ობიექტურად შეაფასებენ უნივერსიტეტებში, სკოლებში. დღეს თითქმის ყველა ინსტიტუცია ჩამოშლილია. ვერაფერს მოკიდებ ხელს და ვერ იტყვი, რომ „აი, მე ამას ვენდობი“.

შშმ პირის, 13 წლის მოზარდის მდგომარეობა ვნახეთ ხომ ამ დღეებში, როგორ არ მიიღეს კლინიკებმა. წარმოუდგენელია, რომ ეს ხდება ჩვენს ქვეყანაში, 21-ე საუკუნეში.

ბევრი ისეთი რამ ხდება, რომელზე თვალის დახუჭვაc ნიშნავს ქვეყნის მოშლას და ეს ძალიან ცუდია. ფასეულობების რღვევა მიდის, მაგრამ ჩვენ, მასწავლებლებმა კარგად უნდა გადავხედოთ ჩვენს ეროვნულ მიზნებს და ისე ვიმოქმედოთ“, – ამბობს ხათუნა.

მისი აზრით, ადამიანი თუ თავისუფალია, რეალიზებულია საკუთარ პროფესიაში და არ არის ვიღაცის დახმარებით აღზევებული, ის არასდროს გახდება სხვისი მონა-მორჩილი.

„კატასტროფაა ის, რასაც ამ ქვეყანას უპირებენ, რომ შესაძლოა დავკარგოთ ვიზალიბერალიზაცია, გამოგვაძევონ ევროსაბჭოდან და დავკარგოთ წვდომა ევროპულ სასამართლოზე მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას უნდა, ერთ კაცს ემსახუროს.

ვიზალიბერალიზაცია არის ამ ქვეყნის გადარჩენა დღეს, რადგან უფრო მეტად დაიცლება ქვეყანა. ხომ ხედავთ როგორ იზრდება ემიგრანტების რაოდენობა, 5 500 ბავშვია ქვეყნიდან გასული ბოლო პერიოდში. მიდიან იმიტომ, რომ აქ არაფერი ეიმედებათ. თუ თავისუფალი მიმოსვლაც შეგვიჩერეს, საერთოდ აღარ მოუნდებათ აქ დარჩენა.

მე, უბრალოდ, მიკვირს იმ მასწავლებლების, ვინც დუმს ამ თემაზე. რადგან მასწავლებელი არაფერია, თუ არ არის ბავშვი. დღეს ერთი სკოლა დაიკეტება, ხვალ ორი და შეიძლება დაგვრჩეს ცარიელი სკოლები. 22 წლის ვიყავი, როცა პირველად სკოლაში მუშაობა დავიწყე და მაშინ პირველი ემიგრანტები, ჩემი მოსწავლეების მშობლები იყვნენ და ვხედავდი ამ ბავშვების ტრაგედიებს.

მერე დაიწყო ტვინების გადინება და ეს ყოველთვის პრობლემაა ქვეყნისთვის, რადგან თუ ახალგაზრდობა წავა, ერი დაბერდება და ვერ განვითარდება.

საბჭოთა კავშირი გვიკლავდა მოაზროვნე ადამიანებს, ახლა ქვეყნიდან გარბიან ახალგაზრდები, განათლებული ადამიანები, რადგან აქ არ აძლევენ არსებობის და რეალიზაციის საშუალებას, რომ სრულფასოვან ადამიანებად იგრძნონ თავი.

სამაგიეროდ, შემოდიან რუსეთის მოქალაქეები. საქართველო ქართველების გარეშე, ეს ყოველთვის იყო რუსეთის მიზანი და ამ ხალხს გვინაცვლებენ რუსებით“, – ამბობს ხათუნა ყოჩაშვილი.

მისი თქმით, ქვეყანა გადარჩება მაშინ, თუ ახალგაზრდობა არ დათმობს თავისუფლებას.

„ჩვენ ძალიან კარგი ახალგაზრდობა გვყავს. როდესაც პირველი საპროტესტო ტალღა წამოვიდა და ხალხი გამოვიდა ქუჩებში, ბევრი კარგი ახალგაზრდა გამოჩნდა. თუნდაც სინდისის პატიმრები ავიღოთ, როგორი გონიერი ახალგაზრდები არიან, არა? როგორი თანამედროვე.

როცა მათ ვუყურებ და ვუსმენ, ვფიქრობ ესენი არიან ნიმუში, როგორი უნდა იყოს პატრიოტი მოქალაქე. ვფიქრობ, უნდა გაერთიანდეს ეს ძალა და მართონ ქვეყანა.

ჩვენც უფრო მეტ ადამიანს უნდა დაველაპარაკოთ, კარდაკარ უნდა ვიაროთ, სინდისის პატიმრების დედების მსგავსად და ავუხსნათ ხალხს, რატომ გვჭირდება ევროკავშირი, რატომ არის ის ჩვენი ოცნება და არა ის თავსმოხვეული „ოცნება“, რომელიც  გვაშორებს მშვიდობას, განვითარებას და ჩაგრავს უდანაშაულო ადამიანებს.

________________

ამ თემაზე:

„აქ ადამიანები შიშით იღვიძებენ, კალაძისნაირები კი უკვე ცხოვრობენ ევროპაში“ – მასწავლებელი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: