მთავარი,სიახლეები

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საარჩევნოდ მედიის მუშაობას ვეღარ დააკვირდება

26.08.2025
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საარჩევნოდ მედიის მუშაობას ვეღარ დააკვირდება

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ დღეს, 26 აგვისტოს, განცხადებას ავრცელებს თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ მიღებული რეპრესიული კანონების გამო, ქარტია ვეღარ გაუწევს მონიტორინგ მედიების მიერ საარჩევნო საკითხების გაშუქებასთან დაკავშირებით.

„2012 წლის შემდეგ პირველად, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია არ გაუწევს მონიტორინგს წინასაარჩევნო პერიოდში მედიასაშუალებების მიერ არჩევნებთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებას პოლიტიკური მიკერძოების გამოსავლენად და პროფესიულ სტანდარტებთან მისი შესაბამისობის დასადგენად.

„ქართული ოცნების“ მიერ მიღებულმა რეპრესიულმა კანონებმა და მის მიერ მედიის მიმართ გატარებულმა დამაზიანებელმა პოლიტიკამ მსგავსი საქმიანობის განხორციელება წელს შეუძლებელი გახადა.

„ქართული ოცნების“ მეცადინეობით ქარტიამ დაკარგა წვდომა იმ დასავლელი დონორების ფინანსებზე, რომელთა მხარდაჭერითაც ქარტია წლების განმავლობაში ახორციელებდა მედიამონიტორინგის მასშტაბურ და კომპლექსურ პროექტებს.

მედიაკონტენტის მონიტორინგი, რომელიც იძლევა არჩევნების სამართლიანობის შესაფასებლად საყურადღებო ინფორმაციას, მნიშვნელოვანია თავად მედიასაშუალებებისთვისაც, შეცდომების დასანახად და სამომავლოდ მათი გამოსწორებისთვის.

საერთაშორისო ექსპერტების ხელშეწყობით შემუშავებული მეთოდოლოგიის გამოყენებით, საარჩევნო კონტენტის მონიტორინგი ქარტიამ პირველად 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს განახორციელა, ხოლო ბოლოს – 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ.

წინა მუნიციპალური არჩევნების დროს, 2021 წელს, ქარტია დააკვირდა ახალი ამბების გაშუქებას და პოლიტიკური ტოკშოუებს ექვს ნაციონალურ ტელეარხზე და ცხრა ონლაინ მედიასაშუალებაში.

ამ ეტაპისთვის ქარტია მოხალისეობრივ საწყისებზე განაგრძობს საბაზისო ფუნქციების შესრულებას, მათ შორის, მოქალაქეთა განცხადებების განხილვას პროფესიული სტანდარტების დარღვევაზე, თუმცა, ის პროექტების განხორციელებას და საზოგადოებისა და ჟურნალისტური თემისათვის ამ და სხვა საჭირო სერვისების მიწოდებას ვეღარ ახერხებს“ – ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: