პარტია „თავისუფლების მოედანი“ საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისა და ახალი პარლამენტის შეკრების შემდეგ ლუსტრაციის კანონის ინიციირებას გეგმავს.
ლუსტრაციის კანონი მე-20 საუკუნის 90-იან წლებში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში შემოიღეს. გერმანიაში, პოლონეთში, ბალტიის ქვეყნებში სპეციალურმა ინსტიტუტებმა შეისწავლეს, თუ ვინ მონაწილეობდა საბჭოთა რეპრესიებში და საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის გამტკიცებაში. შესწავლის შედეგად ეს ადამიანები სახელმწიფო სამსახურებს დროებით ან სამუდამოდ ჩამოშორდნენ.
როგორ გეგმავს „თავისუფლების მოედანი“ საქართველოში ლუსტრაციის კანონის ამოქმედებას?
პარტიის გეგმა ასეთია – პარლამენტის მიერ შეიქმნება „ეროვნული მეხსიერების საბჭო“, რომლის შემადგენლობა დაკომპლექტდება მთავრობის, პარლამენტის, სასამართლოს და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებით; საბჭო შეისწავლის ყოფილი საბჭოთა უშიშროების ორგანოების, კომუნისტური პარტიისა და სხვა ტოტალიტარული ორგანიზაციების არქივებს და გამოავლენს იმ ადამიანებს, ვინც ტოტალიტარული სისტემის განმტკიცებას ემსახურებოდა, მოხალისეობრივად ან იძულებით თანამშრომლობდა სისტემასთან.
„ბათუმელები“ ლუსტრაციის კანონის შესახებ ესაუბრა „თავისუფლების მოედნის“ ერთ-ერთ ლიდერს, ლევან ცუცქირიძეს.
- ბატონო ლევან, რატომ სჭირდება საქართველოს ლუსტრაციის კანონი?
გარდა იმისა, რომ საზოგადოებას ვუთხრათ, რატომ უნდა წავიდეს „ქართული ოცნება“ ხელისუფლებიდან, ასევე, უნდა ვუთხრათ რა შეიცვლება სახელმწიფოს მმართველობაში, რა შეიცვლება პოლიტიკაში „ოცნების“ წასვლის შემდეგ.
ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ, არა მხოლოდ სახელების და გვარების ცვლილებისთვის, არამედ პოლიტიკის კეთების ფუნდამენტურად გადააზრებისთვის ამ ქვეყანაში.
„თავისუფლების მოედანში“ ვფიქრობთ, რომ როდესაც გარდამავალი პერიოდი დადგება, რამდენიმე საკვანძო რეფორმა უნდა განხორციელდეს. მათ შორის, ერთ-ერთი არის ლუსტრაციის კანონი.
ჩვენ ლუსტრაციის კანონს ვხედავთ, როგორც დემოკრატიის ერთგვარ იმუნიზაციას ავტორიტარიზმის ვირუსისგან.
ეს აქამდე არასდროს არ გაგვიკეთებია.
სულ გვქონდა რაღაც ძვრები, ცვლილებები, რაღაც ფრაგმენტული რეფორმები, მაგრამ დემოკრატიის გაძლიერება და დემოკრატიის დაცვა ავტორიტარიზმისგან, სამწუხაროდ, არ გვქონია პრიორიტეტად არასდროს.
ახლა აღმოვჩნდით ამ ვითარებაში, როდესაც პირდაპირ კეთდება რუსული სპეცსამსახურების საქმე საქართველოში.
ამიტომ მიგვაჩნია, რომ ლუსტრაციის კანონი არის ერთ-ერთი სასწრაფოდ გასაკეთებელი რამ, რომ სახელმწიფოსთან ურთიერთობას ჩამოვაცილოთ ის ადამიანები, რომლებიც რუსულ, საბჭოთა და რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდნენ ან ახლაც თანამშრომლობენ.
- როგორ წარმოგიდგენიათ ლუსტრაციის კანონის მიღება და ამოქმედება ჩვენს ქვეყანაში?
აუცილებელია, ეს ისე გაკეთდეს, რომ ლუსტრაციის პროცესი არ იქცეს ნადირობად პოლიტიკურ ოპონენტებზე ან ადამიანებზე, რომლებსაც არ ვეთანხმებით. არ უნდა დავუშვათ ეს.
როგორ უნდა გაკეთდეს? უპირველეს ყოვლისა, უნდა შეიქმნას ისეთი დამოუკიდებელი ორგანო, რომლის მთავარი ამოცანა იქნება ლუსტრაციის პროცესის გაძღოლა და ხელმძღვანელობა. ჩვენ კანონპროექტში ამას ვუწოდებთ „ეროვნული მეხსიერების საბჭოს,“ რომელიც უნდა დაკომპლექტდეს როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების, ისე საზოგადოების წარმომადგენლებისგან. ამ საბჭოს შექმნისა და დაკომპლექტების პროცესი, ასევე, უნდა იყოს გამჭვირვალე. საბჭოში უნდა აღმოჩნდნენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც ექნებათ საზოგადოების ნდობა. უნდა იყვნენ მიუკერძოებლები და სამართლიანი ადამიანები საკუთარ საქმეში.
გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია კონსენსუსი ამ საკითხზე. ჩვენ თუ გვინდა, რომ ნდობა ჰქონდეს ამ პროცესს, უნდა მოვემზადოთ ამისთვის. ლუსტრაციის პროცესის მომზადება, მანამდე უნდა დავიწყოთ, სანამ ეს უკვე პოლიტიკურად და ტექნიკურად შესაძლებელი იქნება.
ამიტომაც ჩვენ სპეციალისტებთან ერთად ვმართავთ საჯარო შეხვედრებს და საჯარო განხილვებს, რომ აი, ამ კითხვებს გავცეთ პასუხები და ადამიანებს მივცეთ ზუსტი ინფორმაცია იმაზე, როგორ ვხედავთ ლუსტრაციის პროცესს.
თუმცა, მხოლოდ „ეროვნული მეხსიერების საბჭო“ ვერ იქნება მარტო ამის სამართლიანად და ობიექტურად წარმმართველი. ამას სჭირდება, რა თქმა უნდა, დემოკრატიული არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტი, რომელიც საზოგადოების ნდობით სარგებლობს, იმიტომ, რომ პარლამენტში უნდა დაიწყოს ეს პროცესი. ამ პროცესს, ასევე, სჭირდება სხვა ინსტიტუტები, რომელთა რეფორმირებაც არის აუცილებელი. მაგალითად, სასამართლო.
დამოუკიდებელი სასამართლოს გარეშე, ამის გაკეთება რთული იქნება, ისევე, როგორც პარტიული კონტროლისგან თავისუფალი პოლიციის, გამოძიების და ზოგადად ძალოვანი სისტემის გარეშე. ამიტომ, როდესაც ვლაპარაკობთ ლუსტრაციაზე, სინამდვილეში, ასევე, ვგულისხმობთ იმას, რომ სახელმწიფოს გაჯანსაღებაზე ვსაუბრობთ. ლუსტრაცია ამის მნიშვნელოვანი ეტაპია, მაგრამ ის იზოლაციაში ვერ განხორციელდება.
ჩვენი გარდამავალი პერიოდის პროგრამა მოიცავს სწრაფ და საკვანძო რეფორმებს სასამართლოში, შსს-ში, პროკურატურაში, თვითმმართველობებში, საარჩევნო სისტემებში. რამდენიმე სხვა კრიტიკულ საკითხია – მაგალითად, საჯარო სექტორის დეპოლიტიზაცია.
ჯამში, ეს უზრუნველყოფს იმას, რომ ლუსტრაციის პროცესი გახდეს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი.
- რა არის ლუსტრაციის კანონის ძირითადი ამოცანა და როგორ მიიღწევა ის?
პირველი ამოცანა არის ისტორიული სამართლიანობის აღდგენა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. თუ შევხედავთ საბჭოთა წარსულის მქონე ქვეყნებს, რომლებმაც ლუსტრაციის პროცესი განახორციელეს, დღეს მათ ბევრად უფრო ჯანსაღი სახელმწიფო ორგანიზმი გააჩნიათ, ვიდრე იმ ქვეყნებს, რომლებმაც ეს არ გააკეთეს.
ამიტომ, ისტორიული სამართლიანობის აღდგენა და რთული წარსულისთვის თვალის გასწორება არის ჩვენი იმუნიტეტის აღდგენისთვის, რეაბილიტაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანი რამ.
მეორე ამოცანა აქ არის იმ ადამიანების, ვინც საბჭოთა სისტემის ორგანოებთან თანამშრომლობდა, ჩამოცილება სახელმწიფო მმართველობიდან და არა მხოლოდ მმართველობიდან, არამედ სახელმწიფოსთან რაიმე მნიშვნელოვან შეხებასთან.
მესამე ამოცანა არის ის, რომ დავიცვათ დემოკრატია და აღარ დავუშვათ იმის გამეორება, რაც, მაგალითად, ახლა ხდება საქართველოში.
აი, ეს სამი ძირითადი მიზანი გვაქვს, რასაც გვინდა, მივაღწიოთ.
- თქვენ დადიხართ რეგიონებში, ხვდებით ხალხს, აწყობთ საჯარო განხილვებს. რა კითხვები მოდის საზოგადოებიდან ლუსტრაციის კანონის შესახებ?
არცერთ შეხვედრაზე, რაც გვქონდა, არ ყოფილა შემთხვევა ვინმეს ეთქვას, რომ ლუსტრაციის კანონი არ გვჭირდება. პირიქით, საყოველთაო მხარდაჭერა ჰქონდა ამ იდეას. რაც შეეხება შეკითხვებს, ადამიანებს აინტერესებთ, უნდა შეეხოს თუ არა ეს კანონი იმ ადამიანებს, ვინც დღესაც მუშაობს, დღესაც აგრძელებს რუსულ სპეცსამსახურებთან ურთიერთობას და მათ ან პროპაგანდისტულ საქმიანობაში ეხმარება, ან დეზინფორმაციაში, ან ჰიბრიდულ ომში.
ამაზე ჩვენი პასუხია და მეც ვფიქრობ, რომ კი, უნდა შეეხოთ.
მეორე საკითხი, რაზეც კითხვები ისმება – შეეხება თუ არა ლუსტრაციის კანონი იმ ადამიანებს, რომლებიც, წარსულში იყვნენ კომუნისტური პარტიის წევრები.
ადამიანი შეიძლება იყო კომუნისტური პარტიის რიგითი წევრი, ან კომკავშირში იყო, ან უწევდა პარტიული ბილეთის აღება, იმისათვის, რომ სამსახური ეშოვა ან რაღაც ასეთი… რა თქმა უნდა, ეს კანონი მათ არ შეეხებათ.
ლუსტრაციის კანონი შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც პირდაპირ, შეგნებულად იყვნენ ჩართული სპეცსამსახურების საქმიანობაში და მათი მიზნების რეალიზაციაში ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ.
ასევე, არის ხოლმე შეკითხვები ნდობასთან დაკავშირებით.
როგორ შეგვიძლია ვენდოთ სახელმწიფო ინსტიტუტების წარმომადგენლებს.
ლუსტრაციის პროცესის შემთხვევაში, მნიშვნელოვანი როლი ენიჭება შინაგან საქმეთა სამინისტროს, მათ შორის, ჩვენთანაც, რომლის ხელშიც არის არქივების დიდი ნაწილი.
იმ პირობებში, როდესაც აბსოლუტურად მორყეულია რწმენა სამართალდამცავი ინსტიტუტების მიმართ, ეს შეკითხვა ბუნებრივად ჩნდება. ვინ არის ეს ხალხი და რამდენად კეთილსინდისიერად გააკეთებს საქმეს?!
ამიტომაც არის, რომ ჩვენ ამ ლუსტრაციის პროცესს მოვიაზრებ სხვა რეფორმებთან ერთად. ამის ნაწილია შსს-ს და ზოგადად, სამართალდამცავი სისტემის ძირეული და სწრაფი რეფორმა.
ლუსტრაციის პროცესი ვერ მოხდება ვერც ერთი ცალკე პარტიის მიერ, ეს უნდა იყოს ეროვნული შეთანხმების საგანი და ფართო მხარდაჭერა ჰქონდეს საზოგადოებაში. ეს შეხვედრები გვეხმარება, რომ უკეთესი კანონპროექტი მოვამზადოთ.
ახლა რასაც განვიხილავთ, არის პირველი, პრინციპების დონეზე მომზადებული ტექსტი. ამ შეხვედრების რაუნდის შემდეგ, მერე უკვე განახლებულ ტექსტს წარვუდგენთ საზოგადოებას.
- რა იქნება ამ საჯარო განხილვების მერე, რა პროცესია რეალურ კანონად ქცევამდე გასავლელი?
ჩვენი მიზანია ახალი არჩევნებისთვის, გვქონდეს რამდენიმე საკვანძო საკითხზე, მათ შორის, ლუსტრაციასთან დაკავშირებით, უკვე შემდგარი კონსენსუსი, ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერა.
გვინდა მოხდეს ინტერპარტიული კონსენსუსი. იმისთვის, რომ სწრაფად მოვახდინოთ გარღვევა, იმ მძიმე დანაკარგების ანაზღაურება, რაც „ქართული ოცნების“ მმართველობამ მოიტანა, ჩვენ წინასწარ რაღაცებზე უნდა შევთანხმდეთ.
ამიტომ, ჩვენი სურვილი და მიზანია ამ დისკუსიების შემდეგ ძალიან მალე განახლებული ტექსტი წარვადგინოთ, შევათანხმოთ პოლიტიკურ აქტორებთან, სხვა დაინტერესებულ მხარეებთან და ვიცოდეთ, რომ როდესაც ჩატარდება ახალი არჩევანი, ეს იქნება ერთ-ერთი პირველი კანონპროექტი, რომლის გატანასაც შევძლებთ.
„თავისუფლების მოედნისთვის“ ეს იქნება ერთ-ერთი პირველი კანონპროექტი, რომელსაც ახალ და თავისუფალ პარლამენტში წარვადგენთ.






