„ოცნების“ მთავრობამ განმუხურში ქონება ხელახლა მიჰყიდა კომპანიას, რომელმაც პირობა ვერ შეასრულა

„ოცნების“ მთავრობამ, ირაკლი კობახიძის განცხადების მიუხედავად, რომ „უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის პრაქტიკა დასრულდა“, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება კერძო კომპანიას სწორედ პირდაპირი წესით მიჰყიდა.

საუბარია განმუხურში, ზღვისპირას, 14 686 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთსა და მასზე მდებარე 16 289 კვადრატულ მეტრ მშენებარე შენობაზე, რომელიც პირდაპირი წესით და პირობებით ამჯერად 950 ათას ლარად მიჰყიდეს შპს „ლაზიკა რეზიდენსს“.

ქონების პირდაპირი მიყიდვის პრაქტიკის დასრულებაზე  „ოცნების“ პრემიერმა 2025 წლის 27 ივნისს განაცხადა. კობახიძის ამ განცხადების მიუხედავად, ეს „პრაქტიკა“ მაინც გაგრძელდა. ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეში ერთ-ერთ კერძო კომპანიას პირდაპირი მიყიდვის ფორმით თბილისში 198 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა გადასცეს.

ამ თემაზე ვრცლად: „პირდაპირი მიყიდვა დასრულდა“ – კობახიძემ ამ განცხადების შემდეგ მიწა ისევ ამ წესით გაასხვისა

ამის შემდეგ ათამდე განკარგულება გამოიცა სახელმწიფო ქონების პირდაპირი წესით გაყიდვაზე. მათ შორის: 500 კვ.მ მიწა მიჰყიდეს 1 ლარად საპატრიარქოს ბახმაროში; რვა ერთეული ნაკვეთი [სათიბი] მიჰყიდეს მარნეულში ფიზიკურ პირს, რომლის ვინაობაც განკარგულებაში დამალულია; 118 კვ.მ მიწის ნაკვეთი პირდაპირი წესი მიჰყიდეს კომპანიას თბილისში და სხვ.

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ლაზიკა რეზიდენსისთვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისა და შპს „ლაზიკა რეზიდენსის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ განკარგულებას კი, ირაკლი კობახიძემ ხელი 2025 წლის 23 ოქტომბერს მოაწერა.

პირდაპირი წესით სახელმწიფო ქონების გაყიდვა, როგორც ჩანს, მომავალშიც გაგრძელდება. თუმცა განმუხურის შემთხვევაში 2011 წელს პირდაპირი წესით ერთხელ უკვე გაყიდული ქონება „ოცნების მთავრობამ“ ისევ იმ კომპანიას მიჰყიდა პირობებით, რომელმაც ადრე აღებული ვალდებულებები თავის დროზე არ შეასრულა.

საქმე იმაშია, რომ პირობის დამრღვევმა კომპანია შპს „განმუხურის სასტუმრომ“ უბრალოდ სახელწოდება შეიცვალა და დღეს ის არის შპს „ლაზიკა რეზიდენსი“.

განმუხური, „განმუხურის სასტუმროს“ მიერ დაწყებული მშენებლობა, რომელსაც ეს კომპანია ახალი „ლაზიკა რეზიდენსის“ სახელით გააგრძელებს / ფოტო „ბათუმელები“, 2023 წელი
  • რა ხდება?

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ განმუხურში, მეგობრობის ხეივანი №1-ში მდებარე 14686.00 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა №1 [მშენებარე], საერთო ფართით – 16289.69 კვ/მ, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, საპრივატიზებო თანხის – 950 000 ლარის გადახდის სანაცვლოდ, საკუთრებაში გადაეცეს შპს „ლაზიკა რეზიდენსს“ – აღნიშნულია 23 ოქტომბრის განკარგულებაში.

ამ განკარგულებით განსაზღვრული საპრივატიზებო პირობების მიხედვით:

  • ზემოთ აღნიშნული თანხა „ლაზიკა რეზიდენსმა“ შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 12 თვის ვადაში უნდა გადაიხადოს;
  • ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 24 თვის ვადაში კი, კომპანიამ უნდა უზრუნველყოს გადაცემულ უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, არანაკლებ 212 ნომრის მქონე სასტუმროს მშენებლობა, ექსპლუატაციაში მიღება და სასტუმროს ფუნქციონირების დაწყება.
  • ასევე, ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი თვის ვადაში 24 871 ლარი კომპენსაცია უნდა გადაიხადოს მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს შესაბამის სახაზინო ანგარიშზე.

ამავე განკარგულებით, შპს „ლაზიკა რეზიდენსი“ გათავისუფლდა „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „ლაზიკა რეზიდენსს“ [ყოფილი: შპს განმუხურის სასტუმრო“] შორის 2011 წლის 27 მაისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გარკვეული ვალდებულების შეუსრულებლობის, ასევე სხვა ვალდებულების ვადაგადაცილებით შესრულების გამო დაკისრებული პირგასამტეხლოსგან“, ოღონდ იმ პირობით, რომ შპს „ლაზიკა რეზიდენსი“ ამჯერად შეასრულებს იმ საპრივატიზებო პირობებს, რომლებიც ზემოთ აღნიშნული 2025 წლის 23 ოქტომბრის განკარგულებით არის განსაზღვრული.

განმუხური. ადგილი, სადაც შპს „განმუხურის სასტუმრომ“ სასტუმროს მშენებლობა დაიწყო და ვერ დაასრულა / ასევე ამ სასტუმროს რენდერი

2025 წლის განკარგულებით ირკვევა ასევე, რომ თავის დროზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება შპს „განმუხურის სასტუმროს“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 18 მაისის განკარგულებით გადაეცა. 2011 წლის განკარგულებაში 2019 წელს შესულა ცვლილებები, რითაც კომპანიას განსხვავებული პირობები დაუდგინეს.

2021 წლის სექტემბერში კი, გარკვეული დარღვევები ახალი პირობებით აპატიეს, თუმცა, პირგასამტეხლო „ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი საპრივატიზებო პირობების დარღვევის გამო“ მაინც დააკისრეს. სწორედ ეს პირგასამტეხლო აპატიეს „ლაზიკა რეზიდენსს“ უკვე 2025 წლის ოქტომბრის განკარგულებით განსაზღვრული ახალი პირობების შესრულების სანაცვლოდ [2011-19-21 წლების დოკუმენტები „ბათუმელებს“ ამ ეტაპზე არ აქვს, შესაბამისად, დეტალურად ძველ პირობებსა და ცვლილებებს ამ ეტაპზე ვერ განვიხილავთ].

  • კომპანიის რეგისტრაცია და სახელის ცვლილება

შპს „განმუხურის სასტუმრო“ ზუგდიდში 2011 წლის მაისში დარეგისტრირდა და მისი მესაკუთრე და დირექტორი მიხეილ ჩიქოვანი იყო.

2012 წელს, საჯარო რეესტრის მიხედვით, ამ კომპანიის დირექტორი თეიმურაზ ჩიქოვანია, ხოლო მესაკუთრე – ბესიკ ჩიქოვანი.

2019 წლიდან კომპანიის 5 პროცენტი წილის მესაკუთრედ დაფიქსირებულია ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე მეჰდი ღოლამიაზნაველე, ხოლო 95 პროცენტის მესაკუთრედ ბესიკ ჩიქოვანი. 2020 წლის იანვრიდან კი ისევ ბესიკ ჩიქოვანია კომპანიის 100 პროცენტის მფლობელი. 2021 წლის ამონაწერში კი მესაკუთრეებად ფიქსირდებიან პაატა გოგოხია [5%] და ბესიკ ჩიქოვანი – ორმაგი მოქალაქე / საქართველო, რუსეთის ფედერაცია [95%].

2024 წლის იანვრიდან „განმუხურის სასტუმროს“ დირექტორია თეიმურაზ ჩიქოვანი, რომელიც ასევე ფლობს კომპანიის 50%-ს. თანამესაკუთრეები არიან ასევე ბესიკ ჩიქოვანი [33,33%] და პაატა გოგოხია [17,17%]. 2024 წლის სექტემბრიდან „განმუხურის სასტუმროს“ შეუცვალეს სახელი და დაარქვეს „ლაზიკა რეზიდენსი“ [მეწილეები და დიროქტორი უცვლელი დარჩა].

ამასთან, თეიმურაზ ჩიქოვანმა პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიულ საქართველოს“,  2020 წელს, 15 000 ლარი შესწირა.

  • სახელმწიფო ქონება განმუხურში და მისი მესაკუთრეების ცვლილება

განმუხურის მიწის ნაკვეთს რაც შეეხება, რეესტრის მონაცემებით, 14 699 კვადრატული მეტრი შპს „განმუხურის სასტუმროს“ საკუთრებაში 2011 წელს გადაეცა ვალდებულებებით. კომპანიამ ამ ნაკვეთზე სასტუმროს მშენებლობა დაიწყო.

2024 წლის ნოემბრის ამონაწერით აღნიშნული ნაკვეთის მესაკუთრე უკვე შპს „ლაზიკა რეზიდენსია“ [ანუ ყოფილი „განბუხურის სასტუმრო“].

2025 წლის ოქტომბერში ამ ნაკვეთთან დაკავშირების საჯარო რეესტრს სახელმწიფომ მიმართა და რეგისტრაციის გაუქმება მოითხოვა. საჯარო რეესტმა დააკმაყოფილა მოთხოვნა და 13 ოქტომბრის ამონაწერით ნაკვეთის მესაკუთრედ „ლაზიკა რეზიდენსის“ ნაცვლად უკვე ისევ სახელმწიფოა.

სახელმწიფოს საკუთრებაში დაბრუნებულ ნაკვეთზე სახელმწიფომ რეესტრს საკადასტრო გეგმა მოსთხოვა 16 ოქტომბერს, უკვე 23 ოქტომბერს კი „ოცნების“ პრემიერის მიერ ხელმოწერილი ახალი განკარგულებით ნაკვეთი და მშენებერე ნაგებობა ისევ შპს „ლაზიკა რეზიდენსს“ მიჰყიდეს პირდაპირი წესით.

დღეს, 30 ოქტომბერს, საჯარო რეესტრს, განცხადებით მიმართა „ლაზიკა რეზიდენსმა“ სახელმწიფოს მიერ პრივატიზებულ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით და გადაიხადა 364 ლარი. საჯარო რეესტმა დღესვე გასცა ამონაწერი, რომლითაც განმუხურის ნაკვეთის მესაკუთრე ისევ „ლაზიკა რეზიდენსია“, თუმცა მას აქვს ვალდებულებებიც:

წყარო: საჯარო რეესტრი
განმუხური. მოწითალო ფერით მონიშნულია ტერიტორია, რომელიც პირდაპირი წესით ერთიდაიგივე კომპანიას მეორედ მიჰყიდეს

განმუხურთან დაკავშირებით მთავრობამ განკარგულება 2024 წელშიც გამოსცა, რომლითაც ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილის კომპანია „ბლექ სი რივიერას“ ნაკისრი ვალდებულებისგან ათავისუფლებდა იმ შემთხვევაში, თუ კომპანია ქვეყნის ბიუჯეტში 500 ათას ლარს გადაიხდიდა.

საუბარია 3 ჰექტარ ტერიტორიაზე, სადაც ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდს, მისივე ინფორმაციით, ჯამურად, 60 მილიონი დოლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა [ეს ტერიტორია „ლაზიკა რეზიდენსის“ ტერიტორიიდან დაახლოებით 1,1 კილომეტრითაა დაშორებული].

ამ თემაზე ვრცლად:

ივანიშვილის კომპანია განმუხურში ვალდებულებებს აღარ შეასრულებს – კობახიძის განკარგულება 

 

საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებს მეორე სამსახურში დასაქმება ეზღუდებათ

საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებს პირველი ნოემბრიდან მეორე სამსახურში დასაქმება ეზღუდებათ.

ცვლილება შევიდა „კორუფციის შესახებ კანონში“ და როგორც იურისტები აფასებენ, საჯარო სექტორში დასაქმებულთა უფლებრივი მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა.

  • რა იცვლება

მარტივად, თუ საჯარო სამსახურში ხართ დასაქმებული ან რომელიმე სახელმწიფო სსიპ-ში, სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ააიპ-ში, ან ისეთ საწარმოში, რომლის წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი, ორ სამსახურში მუშაობა შეეზღუდებათ.

ამავდროულად, 28 ოქტომბერს, „ქართული ოცნების“ პრემიერმა გამოსცა დადგენილება, რომლითაც განსაზღვრა საგამონაკლისო კატეგორიები.

ოღონდ ამ შემთხვევაშიც, თითოეულ პირს სჭირდება წერილობითი თანხმობა დაწესებულების ხელმძღვანელისგან. ნებართვა შეიძლება გაიცეს ერთჯერადად, მაქსიმუმ 1 წლით.

მაგალითად, ექიმმა, რომელიც დასაქმებულია ისეთ საავადმყოფოში, რომელიც თავის მხრივ სახელმწიფო შპს-ა, იმისთვის, რომ სხვა საავადმყოფოშიც იმუშაოს, წერილობითი ნებართვა უნდა აიღოს დამსაქმებლისგან.

მანდატურმა, რომელიც მუშაობს სკოლაში, მეორე სამსახურში სამუშაოდ, ასევე ნებართვა უნდა აიღოს ზემდგომისგან.

ბაღის პედაგოგმა/აღმზრდელმა, მეორე სამსახურში მუშაობის დასაწყებად ასევე ნებართვა უნდა აიღოს დაწესებულების ხელმძღვანელისგან.

იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულების ხელმძღვანელი პირი არ გასცემს თანხმობას, საჯარო სამსახურში დასაქმებულს აქვს უფლება გაასაჩივროს, მაგრამ გასაჩივრება არ აჩერებს ამ გადაწყვეტილების მოქმედებას.

ეს იმას ნიშნავს, რომ თუ უარი მიიღო, პირი მაინც ვერ შეძლებს შეთავსებით სხვა სამუშაოს შესრულებას.

მაკონტროლებელი ორგანო ხდება ანტიკორუფციული ბიურო, რომელსაც შეუძლია დააჯარიმოს ან გააფრთხილოს პირი, რომელიც კორუფციის შესახებ კანონს დაარღვევს.

„ამ ცვლილების შედეგად მკვეთრად მცირდება საჯარო სამსახურთან სხვა სამსახურის შეთავსების შესაძლებლობა,“ – ამბობს ნინო ხუციშვილი, საიას იურისტი.

იურისტი განმარტავს, რას გულისხმობს შეთავსებადობა.

„ეს გულისხმობს იმას, რომ საჯარო მოსამსახურეს შეეძლოს თავისი საჯარო საქმიანობის პარალელურად, არასამუშაო საათებში, სხვა დამატებითი ანაზღაურებადი სამუშაოზე დასაქმდეს.

გარკვეული საზღვრები ამ ცვლილების მიღებამდეც არსებობდა, არ ჰქონდა საჯარო მოსამსახურეს დამატებითი ანაზღაურებადი ან/და სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა, თუმცა ახლა უფრო გაფართოვდა ეს წრე,“ – განმარტავს იურისტი ნინო ხუციშვილი.

ნინო ხუციშვილი

მისი თქმით, საკანონმდებლო ცვლილება ეხება საჯარო სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებსაც.

იურისტის განმარტებით, ახალი კანონი დიდ უფლებამოსილებას ანიჭებს დაწესებულების ხელმძღვანელს.

ფაქტობრივად, ყველა ინდივიდუალურად, პირადი სიმპათიებით მიიღებს გადაწყვეტილებას, რადგან კანონში არ არის ნათლად განმარტებული, რა შემთხვევაში შეიძლება დაწესებულების ხელმძღვანელმა არ მისცეს თანხმობა დასაქმებულს.

„საკმაოდ დიდი რისკია ეს გახდეს ფავორიტიზმის საფუძველი და შეიქმნას არათანაბარი მოპყრობის შემთხვევები, როდესაც ზოგზე გაიცემა თანხმობა და ზოგზე – დაუსაბუთებლად არ გაიცემა. ამ მდგომარეობას ართულებს ის, რომ უარის გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას. პრაქტიკულად, დავის პერიოდში პირი მაინც ვერ შეძლებს საქმიანობის განხორციელებას. ეს რისკები ნამდვილად არსებობს და ძალიან რეალურია,“ – ამბობს ნინო ხუციშვილი.

ანტიკორუფციულ ბიუროს აქვს უფლება, გააკონტროლოს და დააჯარიმოს პირი, თუ ის კანონს დაარღვევს.

„ეს საჯარიმო სანქციები არ არის მცირე. თუ ანტიკორუფციული მონიტორინგის შედეგად გამოავლენს, რომ საჯარო სამსახურში დასაქმებულმა დაარღვია კანონის მოთხოვნები, ის გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობებიდან, მას ორი წლის განმავლობაში აეკრძალება საჯარო სამსახურში დასაქმება და, ამასთან, დაეკისრება იმ ხელფასის ბიუჯეტში დაბრუნება, რაც მიიღო იმ დროის განმავლობაში, როცა კანონით არ ჰქონდა უფლება სხვა სამსახურშიც ემუშავა“, – განმარტავს იურისტი ნინო ხუციშვილი.

თანხობრივად ბიუჯეტში დასაბრუნებელი თანხა განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რა ხელფასს იღებს დასაქმებული.

მაგალითად, თუ ბაღის მასწავლებლის ხელფასი 600 ლარია, მას ბიუჯეტში ამ თანხის დაბრუნება მოუწევს, თუ მერიაში ან სხვა საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირი 1500 ლარს იღებს, კანონის დარღვევის შემთხვევაში, ამ თანხას დააბრუნებს.

„თუ პირველი ნოემბრიდან, როდესაც კანონი იწყებს მოქმედებას, პირი მაინც ასრულებს სხვა შეთავსებით სამუშაოს, გამოვლენის შემთხვევაში, მას მოუწევს აკრძალვის მომენტიდან მიღებული ხელფასის ოდენობის უკან, ბიუჯეტში ჩარიცხვა. ეს ინდივიდუალურია, ვის რამდენი აქვს ხელფასი, მაგის მიხედვით განისაზღვრება საჯარიმო სანქცია. პრაქტიკულად, უკან აბრუნებს ამ პერიოდში მიღებულ თანხას,“ – განმარტავს იურისტი.

იურისტი განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ ახალი საკანონმდებლო ცვლილება სამმაგი დასჯის ფუნქციას ასრულებს და არაპროპორციულია.

„თუ პირი დაარღვევს ამ კანონს და ამას გამოავლენენ, სამმაგი სანქცია ეკისრება. ერთი მხრივ, ხდება ორწლიანი აკრძალვა საჯარო სამსახურში დასაქმებაზე, მეორე მხრივ ვალდებულია მიღებული ხელფასი უკან დააბრუნოს და ამავდროულად, მას ათავისუფლებენ სამსახურიდან,“ – ამბობს ნინო ხუციშვილი.

აქვს თუ არა რეფორმას დადებითი მხარე? იურისტის განმარტებით, ამ რეფორმის დადებითი მხარე შეიძლება იყოს ის, რომ ერთი და იმავე ადამიანებმა რამდენიმე თანამდებობა არ დაიკავონ საჯარო სამსახურებში.

მეორე მხრივ, ამ კანონით, საჯარო მოსამსახურეებს თითქმის ყველანაირ საქმიანობაზე სჭირდებათ თანხმობა ან პირდაპირ ეკრძალებათ დასაქმება. ეს შეიძლება განვიხილოთ, როგორც საჯარო მოხელეებისთვის დამატებითი შემოსავლის მიღების სრულად შეზღუდვა, მათ შორის ისეთ საქმიანობაზეც, რაც ხელს არ უშლის პროფესიულ საქმიანობას.

„მაგალითად, პედაგოგიურ საქმიანობაზე უარის თქმის შემთხვევაში, საჯარო მოსამსახურე ვეღარ შეძლებს მის განხორციელებას, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება მისი პროფესიული ზრდის შემაფერხებელიც გახდეს. შესაბამისად, ეს რეგულაციები საჯარო მოსამსახურეებისთვის არის მკვეთრად შემზღუდველი და დადებით მხარესთან შედარებით, უფრო უარყოფითი შეიძლება იყოს მათთვის,“ – განმარტავს იურისტი.

  • რა წერია კორუფციის შესახებ კანონში და რა დადგენილება მიიღო მთავრობამ

საჯარო მოსამსახურეს (გარდა საქართველოს პრეზიდენტისა, საქართველოს პარლამენტის წევრისა და საქართველოს მთავრობის წევრისა) არ აქვს უფლება, ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს.

კანონის მიხედვით, ეს აკრძალვა არ ვრცელდება სამეცნიერო, პედაგოგიური, შემოქმედებით საქმიანობებზე. ოღონდ, საჯარო მოსამსახურეს ამის უფლება მხოლოდ შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ნებართვით აქვს. ისიც „ერთჯერადად, არაუმეტეს 1 წლით გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე“.

ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ კონკრეტული საქმიანობის შესაბამისი ვადით. ამასთან, პირს, რომელიც საჯარო სამსახურში მუშაობს, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აკადემიური თანამდებობის დაკავება შეუძლია მხოლოდ შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის კონკრეტული საქმიანობის შესაბამისი ვადით გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე.

მსგავსი თანხმობის გასაცემად დაწესებულების ხელმძღვანელს 10-დღიანი ვადა აქვს, იმ შემთხვევაში თუკი თანამშრომლის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, ამ უკანასკნელს გასაჩივრება შეუძლია.

„ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას,“ – ნათქვამია კორუფციის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებეში. ამ ცვლილებებსაც ხელი „ქართული ოცნების“ პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა 29 ოქტომბერს მოაწერა.

ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის სახლი გაჩხრიკეს, მისი მოადგილე კი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია დააკავეს. ის საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის კურატორი იყო.

გამოძიების ფარგლებში პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკა ჩატარდა დაკავებულ კობა გაბუნიას, რეგიონული განვითარების ყოფილი მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის და სხვა პირების სახლებში – 20 სხვადასხვა ობიექტზე.

საგამოძიებო სამსახურის განმარტებით, მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ტაბიძემ, ფონდის პროგრამის მენეჯერმა და ამავე სამსახურის პროექტის მენეჯერმა სრულად ითანამშრომლეს გამოძიებასთან – მათ აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ გირაო შეუფარდა.

მუნიციპალური განვითარების ფონდიდან, 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი 9 მილიონ 365 801 ლარის თაღლითურად დაუფლებისა და 1 მილიონ 211 ათასი ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებულნი არიან შპს „ლაგი კაპიტალის“ ხელმძღვანელი პირები.

 

ირაკლი კობახიძეს ბათუმში მონა და მოღალატე დაუძახეს - ხათუნა ბერიძე ბათუმის პოლიციის უფროსმა დააკავა

ირაკლი კობახიძე, თორნიკე რიჟვაძე და ირაკლი ქარსელაძე ბათუმში რეაბილიტირებულ გმირთა ხეივანს ათვალიერებენ. აქედან მალევე გმირთა ხეივანში მოწყობილი ინფრასტრუქტურა მწყობრიდან გამოვიდა.

გამოძიების მასალების მიხედვით, შპს „ლაგი კაპიტალის“ მიერ 2023 წლის ივლისიდან 2024 წლის მაისამდე პერიოდში ფონდში წარდგენილი ავანსის მოთხოვნები იყო დაუსაბუთებელი და მხოლოდ ნაწილობრივ უზრუნველყოფილი.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ზემოთ დასახელებულმა პირებმა ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილის დავალებით სამსახურებრივი მოვალეობა ბოროტად გამოიყენეს და უპირატესობის მინიჭების მიზნით, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის მიერ 2023 წლის ივლისის თვეში მიღებული ავანსი არ იყო დახარჯული მიზნობრივად, 2023-2024 წლებში შპს „ლაგი კაპიტალზე“ ბაღების რეაბილიტაციისთვის  მაინც გასცეს 11 მილიონ 218 380 ლარის დაუსაბუთებელი ავანსი. აქედან 9 მილიონ 365 801 ლარს შპს „ლაგი კაპიტალის“ ხელმძღვანელი პირები თაღლითურად დაეუფლნენ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და 180-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, 194-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით და 362-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. ეს ბრალდება სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წელამდე ვადით.

მუნიციპალური განვითარების ფონდი მასშტაბურ პროექტებს ბათუმშიც ახორციელებს. კერძოდ, ძველ ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ისტორიული შენობების ფასადების აღდგენა-რეაბილიტაციის პროცესი დაწყებულია და ჯერ არ დასრულებულა.  

პროექტში 119 მილიონი ლარი იხარჯება, სამუშაოები ისე დაიწყო, რომ რეაბილიტაციის პროექტი არავის უნახავს.

ამავე ფონდმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 2 თვით ადრე ბათუმში რეაბილიტირებული ხეივანი პომპეზურად, პრემიერ-მინისტრის თანდასწრებით გახსნა, 2025 წლის ზაფხულში ხეივნის ინფრასტრუქტურა უკვე მწყობრიდან გამოსული იყო.

__

ამ თემაზე:

გმირთა ხეივანი, რომლის მოწყობაზე 25 მილიონი დაიხარჯა, მწყობრიდან გამოსულია

ქრისტიანობის ქადაგების ზნეობრივ დარღვევად მიჩნევა აბსურდია – ინტერვიუ თეოლოგთან არქიმანდრიტის დასჯაზე

„ქრისტიანი ადამიანი უნდა იღებდეს ხმას უსამართლობასა და ძალადობაზე… ოქსიმორონია ქრისტიანობის ქადაგების მიჩნევა ზნეობრივ დარღვევად. ეს ყველანაირ საზღვრებს სცდება,“ – მიიჩნევს თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი, რომელსაც არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის საქმეზე ვესაუბრეთ.

ეს ის სასულიერო პირია, რომელმაც ღიად გააკრიტიკა საპატრიარქო ანტიქრისტიანული პოზიციების გამო – მაგალითად, როცა ქუჩაში მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობენ, სასიკვდილოდ იმეტებენ, ამ დროს კი, საპატრიარქო არაფერს ამბობს. არქიმანდრიტი საპატრიარქომ დასაჯა და ქვემო ბეთლემის ტაძრის წინამძღვრობიდან გაათავისუფლა.

„სავარაუდოდ, საპატრიარქოში მიიჩნევენ, რომ დოროთეს ამ გზით შემოეცლება საკუთარი საძმო – გარკვეულ ჯგუფში ის იკავებს ლიდერის პოზიციას,“ – გვიყვება მირიან გამრეკელაშვილი და იხსენებს, ჯერ კიდევ სემინარიაში სწავლის დროს მესმოდა მამა დოროთეს შესახებ, სიმამაცეს ქადაგებდაო:

„დოროთე თავის საძმოში ყოველთვის ასწავლიდა იმას, რომ სიმამაცე და გაბედულება არის საფუძველი ადამიანის სუვერენობისა და, მით უმეტეს, მღვდლის, რომლის მთავარი იარაღიც არის სიტყვა, ხომ? თუ სიტყვის თქმას ვერ ბედავ, მაშინ შენი მღვდლობაც ფორმალობაა. ამას ამბობს მამა დოროთეს საძმოც, ახალგაზრდა მღვდლები და ისინი სრულიად მართლები არიან. ამიტომაც, საპატრიარქო ცდილობს, დოროთეს ეს საძმო შემოაცალოს,“ – ამბობს მირიან გამრეკელაშვილი.

რასთან გვაქვს საქმე, როცა საპატრიარქო პრაქტიკულად ქრისტიანობის ქადაგებას სჯის? – „ბათუმელებმა“ თეოლოგ მირიან გამრეკელაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა:

  • ბატონო მირიან, რა გამოჩნდა თქვენთვის არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის საქმით? იგი ბეთლემის ტაძრის წინამძღვრობიდან გაათავისუფლეს და გაამწესეს სამების ლავრაში.

საეპარქიო კომისია წმინდა წყლის ფორმალობაა – ეს გამოჩნდა უპირველესად. რეალურად კომისიამ გაიმეორა ფორმალური სასჯელი, რომელსაც თავის დროზე პატრიარქი ილია მეორე იყენებდა ხშირად – ადამიანების გადაყვანა, ასე ვთქვათ, ავთენტური ადგილიდან სამების საკათედრო ტაძარში, რომლის ფორმალურ წინამძღვრადაც ითვლება თავად პატრიარქი.

მაშინ, როდესაც პატრიარქი აქტიური იყო ფიზიკურად, ითვლებოდა, რომ ურჩ სასულიერო პირებს ის მეტ ყურადღებას მიაქცევდა. ეს იყო რაღაცნაირი მამობრივი სასჯელის ფორმა. ეს გაიმეორა მეუფე შიომ, რათა გამოჩენილიყო მაქსიმალურად, როგორც პატრიარქისებრი სასჯელი.

არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა, სხვათა შორის, დასვა კანონიკური საკითხიც: თუ მას დასჯიან, ვინ იქნება ამ სასჯელის ავტორი? პატრიარქი თუ მოსაყდრე, რომელიც მხოლოდ ფორმალურად, დროებით არის ამ თანამდებობაზე? ამის საპასუხოდ მას მისცეს ისეთი სასჯელი, რომ თითქოს აი, ეს გააკეთა პატრიარქმა.

  • დოროთე ყურაშვილი ამბობდა წუხანდელი გადაწყვეტილების შემდეგ, ანდრია ჯაღმაიძეს ეკლესიიდან ჩემი განკვეთა სურდა, პატრიარქმა დაიცვა ჩემი მღვდლობაო.

რომ არ დავეთანხმოთ, არ შეიძლება. მხოლოდ მოსაყდრის და მამა ანდრია ჯაღმაიძის გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო,  აუცილებლად განკვეთდნენ. შესაძლოა, პატრიარქს ჰკითხეს აზრი იმ მომენტში. ასევე, არსებობენ ადამიანები, რომლებიც პატრიარქის ცოცხალი მეხსიერების ჯაჭვს წარმოადგენენ: ახსოვთ პატრიარქი, რომელ სიტუაციაში რას მოიქმედებდა. მაგალითად, მიქაელ ბოტკოველს შეეძლო ეთქვა, პატრიარქი რას მოიმოქმედებდა, რადგან ის დიდი ხნის განმავლობაში იყო რეფერენტი და აფორმებდა პატრიარქის გადაწყვეტილებებს. შეიძლება, უთხრეს მეუფე შიოს, რომ თუ მივა ეს ამბავი პატრიარქის ყურამდე, რა იქნება კარგი.

მამა დოროთეს ამბავმა კიდევ რაც გამოაჩინა არის ის, რომ პატრიარქის ეპოქა დაგვრჩება სანატრელი.

  • თქვენი აზრით, რატომ არჩიეს ანდრია ჯაღმაიძემ და თანამოსაყდრე შიომ მიეღოთ ის გადაწყვეტილება, რაც პატრიარქისეული იქნებოდა?

იმიტომ, რომ მამა დოროთეს არაფერი ისეთი არ უთქვამს, რის გამოც, მაგალითად, მისთვის საეკლესიო სასჯელის დადება შეიძლებოდა. მკაცრი სასჯელი იქნებოდა სრულიად უსაფუძვლოდ დასჯა. გადაწყვეტილებაში რაღაც ფრაზები არის ამოკრეფილი, მაგრამ დოროთეს მთავარი გზავნილი რა იყო? – არ სცემოთ ჩვენს მრევლს. ყველამ ვნახეთ, როგორ სცემენ ადამიანებს აქციაზე, აჯარიმებენ, უმოწყალოდ ექცევიან. ამას ეწინააღმდეგება მამა დოროთე. ის არ უმხელიათ სხვა არაფერში.

  • „იკვეთება დისციპლინური და ზნეობრივი ხასიათის დარღვევები“ – ასეთი ჩანაწერია მცხეთა-თბილისის ეპარქიული კომისიის დასკვნაში.

ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. მამა დოროთემ თავიდანვე განაცხადა: ისეთმა ფურმა დამწიხლოს, ჩემზე მეტს იწველიდესო. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ზნეობრივ გადაცდომას, მაგალითად, წამალდამოკიდებულება, ალკოჰოლიზმი, ან რამე მსგავსს, ადგილი არ ჰქონია. მამა დოროთეს ერთადერთ ზნეობრივ გადაცდომად ჩაუთვალეს ის, რომ მან თქვა ეკლესიას გაუხარდა მსხვერპლიო და რადგან „ეკლესია“ ახსენა და არა „საპატრიარქო“ – ეს ჩაუთვალეს კანონიკური ფორმალობის დარღვევად.

  • დოროთე ყურაშვილს ასევე ჩაუთვალეს დარღვევად ფრაზა: „მე ვწმენდ ეკლესიას სინდისს და ნამუსს, მე ვწმენდ ეკლესიას იმ უნამუსობას, რომელიც ზოგიერთს ჩაუდენია და გაუკეთებია თავისი მდუმარებით თუნდაც“.

ამ ფრაზის გამო დავაჯილდოებდი, პირიქით – ახმოვანებს იმ კრიზისსა და პრობლემებს, რაც ეკლესიაშია და ახმოვანებს ქრისტიანობას, როგორც უნდა იქცეოდეს ქრისტიანი რეალურად: ქრისტიანი ადამიანი უნდა იღებდეს ხმას უსამართლობასა და ძალადობაზე.

ამ ფრაზის დარღვევად მიჩნევა არის აბსურდი, ოქსიმორონია ქრისტიანობის ქადაგების მიჩნევა ზნეობრივ დარღვევად. ეს ყველანაირ საზღვრებს სცდება, მაგრამ სხვა რა გზა დარჩენიათ?

  • რასთან გვაქვს საქმე, როცა რეალურად ქრისტიანობაზე არქიმანდრიტის ქადაგებას საპატრიარქო მიიჩნევს ზნეობრივ დარღვევად?

საპატრიარქო არის იმ ეტაპზე, რომელიც რაღაცნაირად წამოიწყო მეუფე შიოს ადმინისტრაციამ. ეს არის ეკლესიის სრული, ტოტალური დაქვემდებარება სახელმწიფო აპარატზე.

  • თავად დოროთე ყურაშვილი ამბობდა: „მე დღეს მსჯის რუსეთის ეკლესია და ბიძინა ივანიშვილი, ეს არის მათი დავალება“.

შემიძლია, მხოლოდ დავეთანხმო მამა დოროთეს.

რუსეთმა თანამოსაყდრის პოზიციაზე დასვა მისთვის სასურველი კადრი. ასეთი რამ მოხდა: ჯერ იყო კომისია ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეკლესიის მისიათა რეგულაციის, სადაც მონაწილეობდა მეუფე ისაია ჭანტურია. რუსებმა უთხრეს საქართველოს საპატრიარქოს, რომ ისაია ჭანტურია გაიყვანეთ და დანიშნეთ მეუფე შიო მუჯირიო, რაც ამათ შეასრულეს.

შემდეგ, როდესაც საქართველოში იმყოფებოდა ილარიონ ალფეევი, არ ვიცი, მას რა უთხრეს იმ დღეს ჩაის სმის დროს, თუმცა ფაქტია, რომ ამის შემდეგ პატრიარქმა განაცხადა, რომ ჩემი მოსაყდრე დღეიდან არის შიო მუჯირიო. მაშინ საქმე ეხებოდა საქართველოს ეკლესიის მონაწილეობა-არმონაწილეობის საკითხს კრეტის საერთო, წმინდა და დიდ კრებაზე…

სავარაუდოდ რუსეთის ეკლესიამ არა მხოლოდ პიროვნება დასვა რაღაც პოზიციაზე, რომელიც მას სურდა, არამედ მოახდინა იდეების ტრანსფერი. ეს მოიცავს გარკვეული ტიპის თვითაღქმის დამკვიდრებას: საქართველოს ეკლესიას –  განსხვავებით რუსეთის ეკლესიისაგან – საკუთარი თავი ესმოდა ყოველთვის, როგორც სუვერენული ორგანიზმი: პოლიტიკური თეოლოგიის შიგნით არსებობს გარკვეული მოძღვრება, რომელსაც ეძახიან ინტეგრალიზმს. ამ წარმოდგენის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე სახელმწიფო გახდება არაქრისტიანული და დაუპირისპირდება ქრისტიანულ ეკლესიას, ქრისტიანულ ეკლესიას შეუძლია სცადოს სახელმწიფოს ჩანაცვლება სრული სისავსით.

მსგავსი რამ საქართველოს ეკლესიასაც ჰქონდა – მელქისედეკ პირველი იყო პირველი კათოლიკოს-პატრიარქი, რომელმაც დაამკვიდრა საქართველოში ეს მოსაზრება. მელქისედეკ პირველიდან მოყოლებული, საქართველოში ეკლესია თანამშრომლობდა ყველა მთავრობასთან, ყველა მეფესთან და ასე შემდეგ, თუმცა საბოლოოდ მას საკუთარი თავი მაინც ესმოდა, როგორც დამოუკიდებელი ერთეული, რომელიც გადამწყვეტ მომენტში მზად არის შევიდეს სახელმწიფოსთან კონფლიქტში.

როცა ეკლესიის მმართველ პოზიციაზე დადგინდა მეუფე შიო, მან მეხსიერების ეს პლასტი შეცვალა და ცდილობს დაამკვიდროს ე.წ. რუსული მოდელი. რა არის ეს რუსული მოდელი? – რუსული მოდელი გახლავთ პეტრე პირველის შემდეგ დამკვიდრებული მოდელი, რომლის მიხედვითაც ეკლესია არის სახელმწიფო აპარატის დანამატი, სახელმწიფოს მსახური.

როდესაც რუსები საქართველოში შემოვიდნენ, ჩვენ ვამბობთ, რომ ავტოკეფალია გაგვიუქმეს, მაგრამ მათ თავადაც არ ჰქონდათ ავტოკეფალია – რუსეთში ეკლესია იმ დროსაც კი, უკვე გადაქცეული იყო სახელმწიფოს დაქვემდებარებულ ინსტიტუტად და ჩვენ უბრალოდ იმ დროისთვის არსებულ მოდელს დაგვაახლოვეს. დღეს რუსეთში პუტინი რასაც იტყვის, იმას მიჰყვება პატრიარქი კირილი, ხომ? თუ პუტინი იტყვის, რომ ომი გვსურს, კირილიც გაამართლებს ომს, თუ ხვალ შერიგდება რუსეთი უკრაინასთან, კირილი დაამტკიცებს, რომ მშვიდობა არის ის, რისთვისაც ისინი იღვწოდნენ.

ეკლესია რუსეთში მხოლოდ სახელმწიფო სისტემის დანამატია. იქ ეკლესიას არც ჰქონია ტრადიცია, რომ რამე შებედოს თვითმპყრობელს, „სამადერჟავიას“. მეუფე შიო სასულიერო პირად ჩამოყალიბდა მოსკოვში, ის ამას უყურებდა მთელი თავისი მოწაფეობის ასაკი. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ ის მოიხიბლა ამით: ემსახურები სახელმწიფოს, სამაგიეროდ სახელმწიფო გეხმარება, რომ მიაღწიო შენს მიზნებს, გაფინანსებს, დაცული ხარ, ცოტას გაშანტაჟებს, გაშინებს, მაგრამ საბოლოო ჯამში მოგებული ხარ.

  • თქვენი დაკვირვებით, ამ მოდელის დამკვიდრების მცდელობა საქართველოს საპატრიარქოში პერსონალურად თანამოსაყდრე შიოს უკავშირდება და არა თავად საპატრიარქოს, ან რუსეთის გავლენის გაძლიერებას?

ეს არის რუსეთის განზრახვა, რომელიც მათ სცადეს დაემკვიდრებინათ მეუფე შიოს დახმარებით, ანუ „რასაც უფროსი ძმა სთხოვს“.

ამის მიღმა მოხდა „ციანიდის საქმე“, რომელსაც ახლდა ჭორები გარკვეულ ზნეობრივ საკითხებზე, რომელიც საბოლოო ჯამში სამართლებრივად არ დადასტურდა, მაგრამ შეიქმნა გარკვეული ტიპის მითქმა-მოთქმის ბაზა, რომელზეც შემდეგ უკვე ძალიან კარგად დააფუძნა სახელმწიფომ „სუს-ის კრებსების თემა“. სახელმწიფო სისტემამ მოახდინა ეკლესიის, როგორც მორალური ავტორიტეტის სრული დისკრედიტაცია.

  • ე.წ. რუსული მოდელი რატომ შეიძლება აწყობდეს საქართველოში მთავრობას, თუ ეკლესია დაკარგავს ავტორიტეტს?

თქვენ აზროვნებთ ქართული სააზროვნო ტრადიციიდან გამომდინარე. ასე მესმის მეც, მაგრამ ამის მიღმა არსებობს რუსული სააზროვნო ტრადიცია, ასე ვთქვათ, პოლიტიკური ფილოსოფია, რომლის მიხედვითაც: სჯობს თუ შენ ხარ თვითმპყრობელი, შენ ირგვლივ მორალური ავტორიტეტები უბრალოდ არ არსებობენ. თუ ისინი იარსებებენ, სულ მოგიწევთ წახვიდეთ გარკვეული ტიპის გარიგებებზე, ან დააშინოთ ისინი, ან მოისყიდოთ. მთავრობას არ სურს შეცვალოს საკუთარი ქმედებები, მაგალითად, აღარ სცემონ, ახალგაზრდებს ქუჩებში და აღარ ჩაიდინონ სისასტიკეები, რასაც სჩადიან ყოველდღიურად.

  • ამ ლოგიკით, ხომ არ გამოდის, რომ უკან დაიხია საპატრიარქომ, როცა დოროთე ყურაშვილი არ განკვეთა ეკლესიიდან?

დოროთეს განკვეთა მართლაც სკანდალი იქნებოდა ეკლესიის შიგნითაც, ბოლოს და ბოლოს ეპისკოპოსების რაღაც ნაწილიც ხმას გაიღებდა. განკვეთო ადამიანის იმის გამო, რომ ის ქრისტიანობას ქადაგებს, ეს იქნებოდა – სლენგზე რომ ვთქვათ – სინაგლე, უკმეხობა.

ეს უკვე თვით შიოსაც დააზიანებდა, რომელსაც პირველ პირობაზე აქვს პრეტენზია.

  • სამების ლავრაში დოროთეს განმწესება რას ცვლის, მათ შორის, საპატრიარქოსთვის? არქიმანდრიტს ისევ შეეძლება გამოხატოს კრიტიკული პოზიცია.

ლავრაში ძალიან ბევრი ადამიანია. თუნდაც ის მომენტი, რომელიც დოროთეს ჰქონდა ტაძარში – ერთი ამბიონი და ერთი მქადაგებელი, ეს პრინციპი ლავრაში აღარ იქნება.

გარდა ამისა, სავარაუდოდ საპატრიარქოში მიიჩნევენ, რომ დოროთეს ამ გზით შემოეცლება საკუთარი საძმო – გარკვეულ ჯგუფში ის იკავებს ლიდერის პოზიციას.

ჯერ კიდევ სემინარიაში სწავლის დროს ვიცოდი მამა დოროთეს შესახებ, რომ წარგზავნეს სამხრეთ საქართველოში, სადაც ის მსახურობდა, მოღვაწეობდა და მონასტრის აღმშენებლობის პროცესში მონაწილეობდა. მისი მთავარი აქცენტი შეეხებოდა ერთ-ერთ ქრისტიანულ სათნოებას, რომელიც ყველამ დაივიწყა ფაქტობრივად – სიმამაცე.

სიმამაცე ქრისტიანული მოძღვრების მიხედვით, ერთ-ერთია შვიდი სათნოებიდან, რომელიც აუცილებლად უნდა ახასიათებდეს ჭეშმარიტ ქრისტიანს. დოროთე თავის საძმოში ყოველთვის ასწავლიდა იმას, რომ სიმამაცე და გაბედულება არის საფუძველი ადამიანის სუვერენობისა და, მით უმეტეს, მღვდლის, რომლის მთავარი იარაღიც არის სიტყვა, ხომ? თუ სიტყვის თქმას ვერ ბედავ, მაშინ შენი მღვდლობაც ფორმალობაა.

ამას ამბობს მამა დოროთეს საძმოც, ახალგაზრდა მღვდლები და ისინი სრულიად მართლები არიან. ამიტომაც, საპატრიარქო ცდილობს, დოროთეს ეს საძმო შემოაცალოს.

მეორე ვარიანტია ის, რომ სამების საკათედრო ტაძარი არის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ სახელმწიფოს მხრიდან. იქ ვიდეოსათვალთვალო კამერებია ყველგან და ეს განმარტებულია უსაფრთხოებით, მაგრამ როგორც ვიცით, საქართველოში კამერებს მხოლოდ უსაფრთხოების თვალსაზრისით არ იყენებენ.

  • სუს–ის კრებსებიც ხომ ამას ადასტურებს, რომ უსმენენ ყველას საქართველოში, არამხოლოდ სასულიერო პირებს.

დიახ და ალბათ ფიქრობენ, რომ ჰეტეროდოქსული სასულიერო პირისთვის სამების ლავრაში გადაყვანა სასჯელი თუ არა, მინიმუმ საფრთხეა. შეიძლება, ფიქრობენ, რომ რაღაც გამოჩნდება ისეთი, რის შედეგადაც მას აიძულებენ დადუმებას.

  • ეპარქიული კომისიის სხდომის საჯაროობაზეც მინდა გკითხოთ. საპატრიარქომ განმარტა, რომ ჟურნალისტები ვერ დაესწრებიან სხდომას, ეს დაუშვებელიაო. მედიის გარეშე სხდომას დოროთე ყურაშვილი არ დაესწრო. დაირღვეოდა საეკლესიო სამართალი, თუ სხდომა იქნებოდა საჯარო?

საეკლესიო ინსტიტუციას არ აქვს მსგავსი ტრადიცია – საჯარო განხილვები არასოდეს არ ყოფილა, თუმცა იყო კრებები, როცა სახელმწიფოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ ამ კრებებს. მხოლოდ ასეთი ტრადიცია არსებობს, რომ გარედან მოწვეული ექსპერტი საკითხის გასარკვევად შეგიძლია დაპატიჟო.

  • პატრიარქის ეპოქა დაგვრჩება სანატრელიო, საუბრის დასაწყისში ახსენეთ თქვენ. გამოუვა საპატრიარქოს ამ მოცემულობაში ე.წ. რუსული მოდელის დამკვიდრება?

ვგულისხმობდი საეკლესიო ადმინისტრაციას და სახელმწიფოსთან ურთიერთობას. ამ ურთიერთობაში პატრიარქს, ილია მეორეს ყოველთვის ჰქონდა გარკვეული შარმი, ის გამოდიოდა ქართული სააზროვნო ტრადიციიდან, მაგალითად, არ იყო დესპოტი კაცი სასჯელებთან მიმართებით, ასე თუ ისე, პატივს სცემდა ეკლესიის სუვერენიტეტს, ცდილობდა დაეცვა ეკლესია სახელმწიფოს ტოტალური კონტროლისგან. ბოლოს და ბოლოს, საბჭოთა პერიოდის ადამიანი იყო და იცოდა, როგორ გასულიყო ბეწვის ხიდზე, ანუ, როგორ მიეცა ღვთისთვის საღვთო და კეისრისთვის – კეისრისა.

მეუფე შიო, რომელიც არის მოსაყდრის პოზიციაზე, თუ მას გამოუვიდა საკუთარი თავის ინსტალაცია მომავალ პატრიარქად, ჩათვალეთ, რომ ჩვენ გავხდებით რუსეთის ეკლესიის პატარა ეპარქია. მეუფე შიო ეგზარქოსია თავისი ბუნებით და მისწრაფებებით.

ღმერთმა არ ქნას, მაგრამ თუ მეუფე შიო გახდება პატრიარქი, ჩათვალეთ, რომ ჩვენი ეკლესია გახდება ისევ საეგზარქოსო, ანუ 110 წლით დავბრუნდებით უკან.

ვის შეეხება ქონების გადასახადი და რატომ? – „შეიძლება ითქვას, მთელი ქვეყანა ბომბზე ზის“

ამ დღეებში თითქმის ყველა მოქალაქემ მიიღო სმს-ს შეტყობინება, რომ იწურება ქონებრივი დეკლარაციების წარდგენის ვადები და მოქალაქეებმა დროულად უნდა მიიღონ შესაბამისი ზომები, თუ არ უნდათ, რომ დაჯარიმდნენ ქონებრივი დეკლარაციების შეუვსებლობის გამო.

რატომ გახდა ეს საკითხი დღეს განსაკუთრებით აქტუალური და რამ გააჩინა კითხვა – მეკუთვნის თუ არა მე ქონების გადასახადი? ან რატომ მეკუთვნის?

რა შემთხვევაში იხდის ფიზიკური პირი ქონების გადასახადს და რატომ? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ეკონომისტ რომან გოცირიძეს ესაუბრა, რომელიც ამ თემას ყველაზე აქტიურად ეხმაურება სოციალურ ქსელში.

  • ბატონო რომან, რატომ გახდა განსაკუთრებით აქტუალური დღეს ქონებრივი გადასახადის საკითხი – ადამიანებს რეპრესიულ გარემოში მორიგი ჯარიმების შიში გაუჩნდათ. რაიმე შეიცვალა ამ მიმართულებით?

შარშან ასეთი აჟიოტაჟი არ იყო, მიუხედავად იმისა, რომ ვითარება იგივეა, თუმცა ეს განაპირობა რამდენიმე ფაქტორმა.

მოსახლეობის შემოსავლები გაიზარდა, ოღონდ ამ შემოსავლების ზრდა არ ნიშნავს მსყიდველუნარიანობის ზრდას. იმიტომ, რომ მარტო სურსათზე 12%-ით გაიზარდა ინფლაცია. ჯანდაცვაზე  – 10%-ით და ასე შემდეგ. შესაბამისად, ხელფასიც იზრდება, მაგრამ ინფლაციის ხარჯზე და უკვე ძალიან ბევრი მოქალაქის წლიურმა შემოსავალმა მიაღწია 40 000 ლარს, რის შემდეგაც ფიზიკური პირი ვალდებულია, შეავსოს ქონებრივი დეკლარაცია და გადაიხადოს გადასახადი.

ზოგს ეგონა, რომ 40 000 ლარი შემოსავალი ეს არის ერთ პირზე, თუმცა კანონი გულისხმობს საოჯახო შემოსავალს. მაგალითად, თუ ოჯახში მუშაობს სამი ადამიანი, შესაძლოა სამივეს წლიური შემოსავალი იყოს 40 ათასზე მეტი ლარი და მოუწიოთ გადასახადის გადახდა, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ეს ოჯახი სიღარიბის ზღვარზე მდგომიც კი იყოს.

ასეთი ოჯახი ბევრია ქვეყანაში და უკვე ძალიან ბევრს შეეხო ეს კანონი.

მეორე ფაქტორია ის, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას უკვე უჭირს ბიუჯეტის შევსება საერთაშორისო იზოლაციის ფონზე, მიუხედავად იმისა, რომ ამ იზოლაციის სუსხი ჯერ კიდევ არ გვიგრძნია ბოლომდე. მომავალ წელს ამ საშინელ კრიზისს ნათლად დაინახავს ქვეყანა, როცა პოლიტიკური პარტიების აკრძალვის და რეპრესიების შემდეგ კიდევ უფრო მეტად მოექცევა ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციაში. ძალიან ცუდი პასუხი მოჰყვება ამას დასავლეთისგან, ქვეყანაში ინვესტიციები გაჩერდება, ბიუჯეტს გაუჭირდება და ხალხი იგრძნობს, რომ დღეს თუ ხვალ მათაც მიადგებიან.

თავად “ქართული ოცნებაც“ გრძნობს ამას, რომ მომავალ წელს გაუჭირდება ბიუჯეტის შევსება და ამიტომაც დაუგზავნა მოქალაქეებს სმს-ები, ყველას, ვისაც ეკუთვნოდა ან არ ეკუთვნოდა დეკლარაციების შევსება.

გუშინ ერთმა დამირეკა და მკითხა, მეც უნდა შევავსო? რადგან უკვე აღარ ვარ დეპუტატი და მეხება თუ არაო. ვუთხარი, რომ ეხება, რადგან ამ დეკლარაციაში 2024 წლის შემოსავლები უნდა აისახოს.

ასევე, ახალი გაფრთხილება გაჩნდა დეკლარაციის შევსებისას, რომელიც აქამდე არ იყო, რომ თუ შევსებისას რაღაც შეცდომა მოგივათ, იცოდეთ, რომ ამას სერიოზული ჯარიმები მოჰყვებაო.

  • რა ითვლება შემოსავლად და რატომ არ უნდა შეეხოს ეს კანონი, ვთქვათ, ფიზიკურ პირს?

როგორც ვთქვი, იბეგრება ოჯახის წევრების შემოსავლების ჯამი და არა მხოლოდ ოჯახის ცალკე წევრის შემოსავალი. მაშინ, როცა ერთი ადამიანი ხელზე იღებს, ვთქვათ, 32 ათას ლარს, სინამდვილეში ეს რიცხვი კიდევ უფრო ნაკლებია, რადგან დაქირავებულ პირს დამატებით უკავდება 2% საპენსიო ფონდისათვის და 20% საშემოსავლო.

შემოსავლებში ითვლება არა მხოლოდ ხელფასები, არამედ ყველა სახის შემოსავალი, იქნება ეს გაქირავება, ჰონორარები, უცხოეთიდან გადმორიცხვები, ქონების რეალიზება, დივიდენდები და უამრავი სხვა რამ. ფულადი საჩუქარიც შემოსავალში ითვლება.

მაგალითად, თუ 5 ათასი ლარი შეუგროვეს ადამიანს, რომელსაც ჯარიმა დაეკისრა ქუჩის გადაკეტვისათვის, მან ეს ფული უნდა დაამატოს თავის სხვა შემოსავალს. სასაცილოა, მაგრამ ასეა. დაჯარიმებული პირი ამ „ნაზარდის“ გამო შეიძლება გახდეს ქონების გადასახადის გადამხდელი.

დღეს საქართველოში დაახლოებით ერთი მილიონი ადამიანი იღებს ხელფასს დაქირავებით, ნახევარ მილიონამდე არის თვითდასაქმებული, დაახლოებით 200-300 ათასი ოჯახი იღებს უცხოეთიდან ნათესავების მიერ გადმორიცხულ ფულს, ზუსტი რაოდენობა არავინ იცის, მაგრამ ყველა ეს შემოსავალი ჯამდება და თუ გადააჭარბა 40 ათას ლარს, მაშინ იბეგრება მისი უძრავი და მოძრავი ქონება.

უხეში დათვლით, ერთი ოჯახი დაახლოებით 400-600 დოლარს იღებს საშუალოდ თვეში უცხოეთიდან, რაც ერთი შეხედვით არაა საკმარისი იმისთვის, რომ წლიური ჯამი 40 ათასს მიუახლოვდეს, მაგრამ ამ შემოსავალს ემატება სხვა შემოსავლები.

კურიოზია ასევე ის, რომ ფიზიკური პირი თვითონ აფასებს დასაბეგრი საკუთარი ქონების ღირებულებას, მაგრამ თუ ეს არ მოეწონა მთავრობას, მაშინ დაგაჯარიმებს.

მაგალითად, ერთსა და იმავე კორპუსში მცხოვრებმა ორმა პირმა შეიძლება ერთნაირი ფართობის ბინის ღირებულება განსხვავებულად შეაფასოს. ასე შეიძლება მოხდეს ნებისმიერი ქონების შეფასებისას – იქნება ეს სახლი, ბინა, ავტოფარეხი, კომერციული ფართობი, მანქანა თუ სხვა.

შემდეგი კურიოზი ის არის, რომ როცა ეს კანონი შემოიღეს, ანუ 20 წლის წინ, მაშინ მოქალაქეთა 99 პროცენტი ქონების გადასახადს არ იხდიდა, რადგან საშუალო ხელფასი იყო დაახლოებით 200 ლარი, ახლა არის 2000 ლარამდე, ოღონდ ნომინალური და არა რეალური. იმ პერიოდთან შედარებით ფასები გაიზარდა დაახლოებით 3-ჯერ და ქონების გადასახადის გადამხდელი გახდა ლამის ყოველი მეორე ოჯახი.

თუმცა მისმა დიდმა ნაწილმა არც კი იცის ამ გადასახადის არსებობის შესახებ.

იმიტომ კი არ გაიზარდა გადამხდელთა რიცხვი, რომ ხალხი გამდიდრდა, არამედ იმიტომ, რომ ფასები და შემოსავლები გაიზარდა და აქედან გამომდინარე 40-ათასლარიანი ზღვარი ბევრ ოჯახს შეეხო. ისედაც ღარიბი მოსახლეობის დამატებითი დაბეგვრა ერთი მხრივ ფიზიკურად შეუძლებელი ხდება, მეორე მხრივ, სოციალურ აფეთქებას გამოიწვევს. დეკლარაცია 15 ნოემბრამდეა წარსადგენი, მოსახლეობის უდიდეს ნაწილს კი გადასახადის გადახდის საშუალება არ აქვს.

გარდა ამისა, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, ერთი მილიონი საქართველოს მოქალაქე გავიდა ქვეყნიდან, სტატისტიკურად სამუშაო ძალის აქტიური ნაწილი, ძირითადად. უკან დაბრუნდა დაახლოებით 700 000, ძირითადად, პენსიონერები.

შარშან სამ-ნახევარი მილიარდი დოლარი გადმოირიცხა საქართველოში და წელს კიდევ უფრო მეტი. ეს გააცნობიერა ბევრმა, რომ ეს ფული ითვლება იმ შემოსავალში, რომელმაც თუ მიაღწია 40 000 ლარს, მაშინ ქონების გადასახადის გადახდა უწევს.

  • შესაძლებელია, რომ ეს მექანიზმი გამოიყენონ რეპრესიებისთვის და კიდევ უფრო მეტად დაასუსტონ ის მოქალაქეები, რომლებიც პროტესტში იმყოფებიან? ფიქრობთ, რომ იქნება შერჩევითი მიდგომა?

შესაძლებელია, ვინაიდან მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა არც კი იცის, რომ გადასახადის გადამხდელია და შეიძლება, ხვალ-ზეგ მიადგეს იმ ნიშნით, ვინც არ არის ხელისუფლების მომხრე. მაგრამ საინტერესოა ის არის, რომ აღშფოთებას უკვე ვეღარ მალავენ „ქართული ოცნების“ მომხრეებიც კი. ბევრი პირადშიც მწერს ამაზე.

ვინაიდან ეს კანონი მოძველდა, მე ორჯერ მქონდა ინიციატივა პარლამენტში, ჯერ კიდევ ქუთაისის პარლამენტშიც და მაშინ მთავრობა დამეთანხმა, რომ სწორი ვიყავი და ბევრი მთხოვდა, რომ არ შევშვებოდი ამ საკითხს.

მაშინ მთავრობამ თქვა – ამას შევცვლი, ოღონდ, ფიზიკურ პირებთან ერთად იურიდიული პირების გადასახადის რეფორმასაც გავაკეთებო. აიჩემეს რაღაც ესტონური მოდელი, მიწასთან დაკავშირებით და ახლა თავს იმართლებენ, ბევრ ფულს დავკარგავთ ადგილობრივ ბიუჯეტშიო.

სინამდვილეში, ადგილობრივ ბიუჯეტში ქონების გადასახადიდან რა შემოსავლებიც შედის, 90% ეს იურიდიული პირების ქონების გადასახადიდანაა. არავითარი კავშირი იურიდიული პირების და ფიზიკური პირების გადასახადს ერთმანეთთან არა აქვს და იმის გამო, რომ იურიდიული პირების გადასახადის რეფორმაც გვინდაო, ამ რეფორმას აფერხებენ.

საწარმოების ქონების გადასახადის დაბეგვრა ჩვენთან ისეთია, რაც არის მთელ მსოფლიოში, აპრობირებული სქემაა და ამაზე უკეთესს ვერ გამოიგონებ, როგორც აღრიცხვისთვის, ისევე ადმინისტრირებისთვის. ერთადერთი, მაღალია განაკვეთი, რადგან საშინლად გაიზარდა ფასები ქონებაზე.

  • ვხედავთ, რომ ბევრ პარლამენტარს  უზარმაზარი ქონება აქვს დაგროვებული – აქვთ ათეულობით ბინა, აგარაკები, მიწები. ისინიც იმავე გადასახადს იხდიან ქონებაზე, რასაც, ვთქვათ, ის მოქალაქე, რომელსაც 40 ათასი ლარი გამოუვიდა წლიური შემოსავალი და ერთი ბინა აქვს?

დიახ, ეს ადამიანებიც პროცენტულად იმდენივეს იხდიან, რასაც სხვები.

40 000-დან 100 000-მდე – ქონების 0.2%. შემოსავალი 100 000-ს თუ გადააჭარბებს – ქონების 0.8%, მაგრამ იმ დეპუტატებს და სხვებს, ვისაც უზარმაზარი ქონება უფიქსირდებათ დეკლარაციაში, ეს არის ქონების მეათედი, დანარჩენი გადამალული აქვთ.

აგერ, 6.5 მილიონი დოლარი მაგიდაზე დაუდეს ადამიანს (ღარიბაშვილს). ორი ოქროს ზოდი იყო და ამ ქონების გადასახადს გადაიხდის ახლა ის? ყველას ზოდებში არ აქვს შენახული ქონება, ბევრს ბიტკოინებში აქვს გადატანილი და ვერც მიაგნებ, სამწუხაროდ. უზარმაზარი ქონებები აქვთ ასევე უცხოეთში შეძენილი და გადაფორმებული სხვებზე.

სხვათა შორის, თუ ქონების გადასახადი ადეკვატური იქნება და არა 0.8%-ი, როგორც დღეს არის და რომელიც ძალიან მაღალია, არც მდიდრები შეეცდებიან ქონების გადამალვას.

აქ არ ვგულისხმობ ხელისუფლებასთან დაკავშირებულ პირებს, რომლებმაც კორუფციით და ტენდერებით იშოვეს დიდი ფული. აგერ, შევხედოთ მოსამართლეების აგარაკებს. რატომ არ უნდა დაიბეგროს? უნდა დაიბეგრონ, რა თქმა უნდა, მოპარულია თუ არაა მოპარული, ქონების გადასახადი მთელ მსოფლიოში არსებობს და ამით იხდიან მერე ბიუჯეტიდან პენსიებს და ასე შემდეგ, მაგრამ ეს უნდა იყოს მიბმული სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობასთან.

ლეგალიზების შემთხვევაში, ბიუჯეტში ორჯერ მეტი შევა. ამიტომ, რაც უფრო დაბალი იქნება გადასახადი, უფრო მეტი შემოვა შეძლებული ადამიანებიდან, ხოლო ღარიბ ადამიანებს არ უნდა მოუწიოს ამხელა გადასახადის გახდა. რაღაც კატეგორია რომ უნდა გათავისუფლდეს ქონების გადასახადისგან, ეს ფაქტია.

ჩვენთან გადამხდელთა რაოდენობა გაიზარდა არა მარტო შემოსავლების ზრდიდან გამომდინარე, არამედ შემოსავალმა დაკარგა ფასი. ინფლაციის გამო 40 000 კი არა, 120 000 უნდა იყოს დღეს ზღვარი, მარტო ფასების ზრდა რომ იყოს კრიტერიუმი.

  • როგორ ფიქრობთ, გაჩნდება წინააღმდეგობა ხალხში ამ გადასახადების გამო, რა მოლოდინი გაქვთ თქვენ?

შეიძლება ითქვას, მთელი ქვეყანა ბომბზე ზის, რადგან ხვალ შესაძლოა ყოველ მეორეს მიადგეს ხელისუფლება და საშინელი ჯარიმები დააწესოს ამ გადასახადების გადაუხდელობის გამო და გააკოტროს მოსახლეობა.

ამიტომ, სასწრაფოდ უნდა აუწიოს ზღვარი 100 000-მდე, ხალხმა ცოტა რომ ამოისუნთქოს.  „ოცნებაც“ ხედავს, რომ უზარმაზარი უკმაყოფილებაა დაგროვილი ხალხში. მანამდეც ამჩნევდნენ ამას, მაგრამ მთავარი მაინც არის შიში მომავალი ბიუჯეტის, რომელსაც ვეღარ შეავსებენ იზოლაციის პირობებში.

„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის ნებართვა მიიღო 

„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ ხელოვნური კუნძულის ტერიტორიაზე სსიპ „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის ნებართვა გასცა. ნებართვის საფუძველზე მოცემულ ტერიტორიაზე ულტრათანამედროვე მრავალფუნქციური შენობის მშენებლობა დაიწყება, რომელიც თავის არსით, ისტორიულ მნიშვნელობას ატარებს, რადგან კუნძულის ტერიტორიაზე პირველ შენობა-ნაგებობას წარმოადგენს და მომხმარებლებს უკვე აქვთ შესაძლებლობა შეიძინონ მათთვის სასურველი საცხოვრებელი და საინვესტიციო უძრავი ქონება. აღნიშნული მრავალფუნქციური ნაგებობა აერთიანებს: საცხოვრებელ აპარტამენტებს, სასტუმროს, ღია და დახურულ აუზებს, ფიტნეს ცენტრებს, გასართობ-გამაჯანსაღებელ სივრცეებს, ბრენდულ ბუტიკურ მაღაზიებს და ვერტოდრომს.

კუნძულის პროექტს „ამბასადორი ჯგუფი“ სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიასთან თანამშრომლობით ახორციელებს. „ამბასადორი აილენდ ბათუმი,“ რომელიც ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის 84 ჰექტარზე, ზღვაში ფორმირებას ისახავს მიზნად, მდგრადი განვითარებისა და ჭკვიანი ქალაქის პრინციპების სრული დაცვით ვითარდება.

პროექტის 26 ჰა მიწის ფართობი უკვე მიღებულია ექსპლუატაციაში. „სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს” მიერ შავი ზღვის აკვატორიაში ხელოვნური კუნძულის პროექტის პირველ ფაზას, დასავლეთ ნახევარკუნძულის 26 ჰექტრის ექსპლუატაციაში მიღებას საფუძვლად დაედო პროექტის შესაბამისობის შესახებ სამხარაულის ეროვნული ბიუროს საექსპერტო დასკვნა, რომელიც როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით მომზადდა.

ამბასადორი აილენდის პროექტს, როგორც ტურისტული, ასევე რეგიონისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური დანიშნულება გააჩნია, რაც ბათუმსა და ზოგადად საქართველოს, მსოფლიოს ახალ საინვესტიციო რუკაზე მოახვედრებს.

საქართველოში რუსეთის 567 ათასი მოქალაქე შემოვიდა – მესამე კვარტალის მონაცემები

საქართველოს სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის მესამე კვარტალში [ივლისი-აგვისტო-სექტემბერი] ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა – 567.1 ათასი რუსეთის ფედერაციიდან დაფიქსირდა. ეს ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 26.1 პროცენტია. მეორე ადგილზე იყო თურქეთი 16.5%-იანი წილით, ხოლო მესამეზე – სომხეთი 11.8%-იანი წილით.

შესაბამისად, მესამე კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა რუსეთის ფედერაციის [664.6 ათასი], თურქეთისა [430.0 ათასი] და სომხეთის [329.3 ათასი] მოქალაქეების მიერ.

საქსტატის ინფორმაციით, „საერთო ჯამში 2025 წლის  მესამე კვარტალში საქართველოში 3 მილიონი საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაური შემოვიდა, რაც 6.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. შემოსულთაგან 40.7 პროცენტი 31-50 წლის მოგზაური იყო“.

სტატისტიკის სასამსახური

2025 წლის მესამე კვარტალში საერთაშორისო ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარის ა/რ-ში, შესაბამისად, 1 306.3 ათასი და 1 274.4 ათასი ვიზიტი.

2025 წლის მესამე კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6.3 ღამე შეადგინა, რაც 2024 წლის III კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე [6.2 ღამე] 2.1 პროცენტით მეტია. განხორციელებული ვიზიტების 73.3 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.

2025 წლის პირველ ორ კვარტალში – იანვრიდან ივნისის ჩათვლით კი, საქართველოში რუსეთის ფედერაციის 770 714 მოქალაქე შემოვიდა – ასეთია შს სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკა. 2025 წლის პირველ კვარტალში რუსეთიდან საქართველოში საზღვრის 271 988 კვეთა დაფიქსირდა, მეორე კვარტალში კი – 498 726.

სტატისტიკის თანახმად, ამავე პერიოდში, რუსეთის 535 048 მოქალაქემ დატოვა საქართველოს საზღვარი.

ბათუმის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ყოფილი კალათბურთელი გახდა

დღეს, 30 ოქტომბერს, ბათუმის ახალმა საკრებულომ მუშაობა დაიწყო. პირველ სხდომაზე ბათუმის საკრებულოს ახალ თავმჯდომარედ ივანე მაისურაძე აირჩიეს.

ივანე მაისურაძე ყოფილი კალათბურთელია, ის საკრებულოში არჩევამდე აჭარის სპორტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყო.

ბათუმის ახალ საკრებულოში 25 წევრია. აქედან 15 წევრი პროპორციული წესითაა არჩეული, ხოლო – 10 მაჟორიტარულით.

საკრებულოში თითო მანდატი აქვთ – „ლელოს“, „გახარია საქართველოსთვის“ და „გირჩს“. 22 მანდატს კი ,,ქართული ოცნება” ფლობს.

საკრებულოს ახალ თავმჯდომარედ ივანე მაისურაძის არჩევას მხარი „ქართული ოცნების“ 22-მა დეპუტატმა დაუჭირა.

ახალი საკრებულოს პირველ სხდომას ესწრებოდნენ “ლელოდან” და “გირჩიდან” ახლადარჩეული წევრები. თუმცა „ლელოს“ წევრმა ვაჟა დარჩიამ და „გირჩის“ წევრმა გიორგი მასალკინმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს. რაც შეეხება „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელს, საკრებულოში სიის პირველი ნომერი, ჯემალ ანანიძე მოხვდა, თუმცა მან პირველივე სხდომაზე წერილობითი განცხადებით მიმართა და მანდატზე უარი თქვა.

ჯემალ ანანიძე საქართველოს პარლამენტის დეპუტატი იქნება გახარიას პარტიიდან.

საკრებულოს სხდომა

„მისასალმებელია, რომ ჩვენი ქალაქი თანამედროვეობაშიც ინარჩუნებს ისტორიულ მემკვიდრეობას და თამამად მიაბიჯებს მომავლისკენ, სადაც თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია“, – თქვა ივანე მაისურაძემ საკრებულოს თავჯდომარედ არჩევის შემდეგ.

მას შემდეგ, რაც ივანე მაისურაძე „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს, ახალმა თავმჯდომარემ მოადგილეები დაასახელა.

საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ნატალია ზოიძე, ხოლო მოადგილეებად ირაკლი თავდგირიძე და ლევან ცხოიძე „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ისევ ერთხმად აირჩიეს.

2025 წლის 4 ოქტომბერს საქართველოში ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელშიც ოპოზიციის უმეტესი ნაწილი არ მონაწილეობდა.

არჩევნების შედეგად ქვეყნის მასშტაბით აირჩიეს მერები და საკრებულოები.  არჩეულმა მერებმა მუშაობა 29 ოქტომბერს დაიწყეს, დღეს კი საკრებულოები შეიკრიბნენ.

ამავე თემაზე:

„ოცნების“ ახალმა მერებმა დღეს მუშაობა დაიწყეს

აკაკი გვიანიძე გახარიას პარტიას ტოვებს – „ვემშვიდობები პარტიულ პოლიტიკას“

აკაკი გვიანიძე ტოვებს პარტიას – „გახარია საქართველოსთვის“. პარტიული პოლიტიკის დასრულების შესახებ მან ფეისბუქპოსტში დაწერა.

აკაკი გვიანიძე პარტიიდან „გახარია საქართველოსთვის“ ბათუმის საკრებულოს წევრი იყო. საკრებულოს წინა მოწვევის მანდატი დღეს, 30 ოქტომბერს, ამოიწურა.

აკაკი გვიანიძე ფეისბუქში წერს, რომ პირადი განცხადების საფუძველზე ტოვებს გახარიას პარტიის საპარლამენტო სიასაც.

„დიდი პატივი იყო მემსახურა საკრებულოში ჩვენი ქალაქისა და თანაქალაქელების ინტერესების სასიკეთოდ, რისთვისაც მადლობას ვუხდი ამომრჩეველსა და გუნდს, რომელმაც ამის შესაძლებლობა მომცა. ამ ეტაპისთვის ვემშვიდობები პარტიულ პოლიტიკასაც და პირადი განცხადების საფუძველზე ვტოვებ საპარლამენტო სიას.

ვაპირებ მეტი დრო დავუთმო სწავლის გაგრძელებასა და პედაგოგიურ საქმიანობას.

წარმატებას ვუსურვებ იმ ადამიანებს, ვის გვერდითაც ამ წლების განმავლობაში ვიბრძოდი მართალი საქმისთვის. ვრჩები აქტიურ მოქალაქედ და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილად,“ – წერს აკაკი გვიანიძე.

————–

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში 2025 წლის 28 ოქტომბერს შევიდა. გახარიას პარტიაში განაცხადეს, რომ  პარლამენტის ბოიკოტმა და მანდატებზე უარის თქმამ  „ოცნების“ ბოროტების მანქანა ვერ შეაჩერა და  ქვეყნისთვის დამაზიანებელი გადაწყვეტილებების პრევენცია ვერ შეძლო.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგების მიხედვით, გახარიას პარტიამ პარლამენტში 12 მანდატი მოიპოვა.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 30 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 30 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 140 860 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +960. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 305 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 23 514 ერთეული [+3]
  • საარტილერიო სისტემა – 34 089 ერთეული [+25]
  • MLRS – 1 531 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 232 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 428 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 346 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 75 707 ერთეული [+340]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 880 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 65 993 ერთეული [+128]
  • სპეცტექნიკა – 3 986 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 30 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 668 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 93 479 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 633 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 25 753 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 608 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 30 912 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 45 303 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ტრამპი პუტინზე: მათ სანაპიროსთან გვყავს მსოფლიოში უდიდესი ბირთვული წყალქვეშა ნავი

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

რა ელის რუსულ „ლუკოილს“ საქართველოში – კომპანია საერთაშორისო აქტივებს ყიდის

ფინანსური სანქციები, რომელიც აშშ-მ რუსულ ნავთობკომპანია „ლუკოილს“ დაუწესა, საქართველოში რეგისტრირებულ მის შვილობილ კომპანია „ლუკოილ-ჯორჯიასაც“ შეეხება.

აშშ-ს სანქციები „ლუკოილის“ საერთაშორისო აქტივებზე 21 ნოემბრიდან შევა ძალაში.

21 ნოემბრის შემდეგ რუსეთს გარეთ „ლუკოილის“ ვერცერთი შვილობილი კომპანია, მათ შორის „ლუკოილ-ჯორჯია“ – სადაც წილის 50 პროცენტზე მეტს პირდაპირ ან ირიბად თავად რუსული „ლუკოილი“ ფლობს – საბანკო გადარიცხვებს ვეღარ განახორციელებს.

იმ შემთხვევაში, თუ ვინმე სანქცირებული რუსული „ლუკოილის“ ბენზინგასამართ სადგურებზე საბანკო ბარათით ცდის გადახდას, ტრანზაქცია დაიბლოკება, ბანკს კი ეს სანქციების დარღვევად ჩაეთვლება.

„ვიზა და მასტერქარდი არის ამერიკული კომპანია. ნებისმიერი ოპერაცია, განხორციელებული ამ ბარათებით სანქცირებულ რუსულ კომპანიასთან, მაგალითად, „ლუკოილთან“ [მაგ. საბანკო ტერმინალებით] არის სანქციის დარღვევა და სერიოზული რისკის ქვეშ დადგებიან ბანკის აქციონერები და კლიენტები.

დოლარში განხორციელებული  გადარიცხვები ამ კომპანიების ანგარიშებიდან არის სანქცირებული, მაგალითად, საწვავის შესაძენად, სვიფტით თუ სხვა გზით. ნებისმიერი გადარიცხვა სანქცირებული კომპანიიდან [ევროში, დოლარში], რომელიც გაივლის ამერიკულ ბანკებს [ე.წ. საკორესპონდენტო ანგარიშებიდან], არის სანქციის დარღვევა… ვინ იყიდის „ლუკოილის“ სადგურებს [საქართველოში] ან შეწყვეტს თუ არა საქმიანობას, მალე გამოჩნდება,“ – განმარტავს ეკონომისტი რომან გოცირიძე.

28 ოქტომბერს “ლუკოილმა” განცხადება გამოაქვეყნა, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ სანქციების გამო ნავთობკომპანია საერთაშორისო აქტივების გაყიდვას გეგმავს.

რა ბედი ელის „ლუკოილის“ ბენზინგასამართ სადგურებს საქართველოში 2025 წლის 21 ნოემბრის შემდეგ? – ამ კითხვას კომპანიაში არ პასუხობენ. 

Reuters-ის ინფორმაციით კი, რუსულმა „ლუკოილმა“ უკვე განაცხადა, რომ დასავლეთის სანქციების გამო საერთაშორისო აქტივებს ყიდის. შესაბამისად, საქართველოში „ლუკოილის“ ბენზინგასამართი სადგურები ან უნდა გაიყიდოს, ან უბრალოდ შეწყვიტოს მუშაობა. 

„აქტივების გაყიდვა მიმდინარეობს აშშ-ს ხაზინის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის [OFAC] მიერ გაცემული საქმიანობის შეწყვეტის [wind down] ლიცენზიის ფარგლებში. საჭიროების შემთხვევაში, კომპანია გეგმავს ლიცენზიის ვადის გაგრძელების თაობაზე მიმართვას, რათა უზრუნველყოს თავისი საერთაშორისო აქტივების უწყვეტი ოპერირება – ნათქვამია „ლუკოილის“ განცხადებაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ პოტენციური მყიდველების წინადადებების განხილვა უკვე დაწყებულია,“ – წერს Reuters-ი.

„ლუკოილის“ ერთ-ერთმა ყოფილმა დირექტორმა ანონიმურობის დაცვით გამოცემა politico-სთან საუბრისას განაცხადა, რომ ამ ნაბიჯმა შესაძლოა კომპანიის შემოსავლები და მოგება „დაახლოებით 30 პროცენტით“ შეამციროს.

მისი თქმით, კომპანია იძულებულია გაყიდოს სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და მსოფლიოში არსებული თითქმის 5000 ბენზინგასამართი სადგურიდან დაახლოებით ნახევარი.

„ლუკოილი დასრულდა“ – თქვა კომპანიის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა politico-სთან საუბრისას.

ამ თემაზე: სანქციების გამო „ლუკოილი“ საერთაშორისო აქტივებს ყიდის

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის უმსხვილეს ნავთობკომპანიებს, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“, ასევე მათ შვილობილებს, სანქციები 2025 წლის 22 ოქტომბერს დაუწესა.

საქართველოში 2002 წელს რეგისტრირებული შპს „ლუკოილ-ჯორჯიას“ 100 პროცენტი წილის მესაკუთრე დღეს არის LUKOIL International GmbH-ი, რომელიც ავსტრიაშია რეგისტრირებული და რომელსაც საბოლოოდ აკონტროლებს რუსული LUKOIL-ი.

საჯარო რეესტრის ბოლო ამონაწერით, შპს „ლუკოილ ჯორჯიას“ დირექტორია რომან პეტრაშოვი, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე.

„ლუკოილ ჯორჯიას“ 2024 წლის ფინანსური ანგარიშგების დოკუმენტის მიხედვით, „კომპანიას გააჩნია საკუთარი 23 და იჯარით აღებული   27 ავტოგასამართი სადგური, ასევე 10 ფრანჩაიზინგის უფლებით მომუშავე ავტოგასამართი სადგური, რომლებიც განთავსებულია საქართველოს ყველა რეგიონში“. კომპანიაში სულ 600-მდე თანამშრომელია დასაქმებული.

„ლუკოილ ჯორჯიას“ სტრუქტურა / წყარო: კომპანიის ანგარიშგება

„სუპერი, პრემიუმი, ევროდიზელი, ევრორეგულარი და დიზელი“ – ესაა პროდუქტები, რომლებსაც „ლუკოილი“ საქართველოში ყიდის, მათ შორის ბითუმადაც.

„წარმოების ტექნოლოგია კომპანიას არ გააჩნია, რამდენადაც ახდენს მზა პროდუქტის იმპორტს და მის შემდგომ რეალიზაციას“ – წერია ანგარიშგებაში.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, „ლუკოილ-ჯორჯია“ ნავთობპროდუქტებს რუსული კომპანიისგან იღებს: „ძირითადი მომწოდებელი კომპანია არის LUKOIL NEFTOHIM BURGAS AD, რომელიც ასევე LUKOIL-ის ჯგუფში შემავალი კომპანიაა.

  • 2024 წელს, „ლუკოილ-ჯორჯიას“ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა შემოსავალმა 766 მილიონ 319 ათასი ლარი შეადგინა, ხოლო ამავე წელს წმინდა მოგებამ – 35 მილიონ 474 ათასი ლარი.
  • 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანიას 32 მილიონ 212 ათასი ლარის ოდენობით ფულადი სახსრები ჰქონდა ბანკში [შედარებისთვის: 2023 წლის 31 დეკემბერს ჰქონდა 10 მილიონ 203 ათასი ლარი].
  • 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით „ლუკოილ ჯორჯიას“ საკუთარი კაპიტალი 63 მილიონ 908 ათასი ლარი იყო, ხოლო კომპანიის აქტივების ღირებულება სულ 134 მილიონ 860 ათასი ლარი [აქედან გრძელვადიანი აქტივები 23 მილიონ 791 ათასი და მიმდინარე აქტივები – 111 მილიონ 69 ათასი ლარი]“.

ანგარიშგების დოკუმენტში „ლუკოილ-ჯორჯია“ აღნიშნავს, რომ „2025 წლის აპრილში შეერთებული შტატების მიერ გარკვეული კატეგორიის საქონლის იმპორტზე ტარიფების დაწესებამ ხელი შეუწყო გლობალურ ეკონომიკურ გაურკვევლობას. აღნიშნული ზომები გავლენას ახდენს საერთაშორისო სავაჭრო ნაკადებსა და ინვესტორების განწყობაზე. ტარიფებისა და სხვა პროტექციონისტული ზომების შემოღებამ, ნავთობის გლობალური ფასების არასტაბილურობამ და რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის მიმდინარე სამხედრო კონფლიქტმა კიდევ უფრო გაზარდა გაურკვევლობა ბიზნესგარემოში…“

აქედან გამომდინარე „ლუკოილ-ჯორჯია“ 2025 წლის მაისის ბოლოს დამტკიცებულ დოკუმენტში სამომავლო გეგმებზე წერს, რომ „კომპანიას დაგეგმილი არ აქვს ამ ეტაპზე განახორციელოს სხვა საწარმოს შეძენა ან საკუთარის გასხვისება. კომპანიის მიზანია, რომ შეინარჩუნოს და გაზარდოს არსებული ბაზრის წილი და ბენზინგასამართი სადგურების ქსელი კლიენტების მომსახურების გაუმჯობესების ხარჯზე.

სტრატეგიული განვითარების გეგმის მიხედვით, საკუთარ ექსპლუატაციაში შესულია ავტოგასამართ სადგურებზე არსებული 15 მაღაზია. ასევე, უმეტეს აგს-ებზე გარე სივრცეში მიმდინარეობს უალკოჰოლო სასმელების რეალიზაცია. სამომავლო მიზნებშია მაღაზიათა და აგს-ების ქსელის გაზრდა, მობილური აპლიკაციებისა და ლოიალურობის პროგრამის დანერგვა“.

როგორ აპირებს მუშაობის გაგრძელებას „ლუკოილ-ჯორჯია“ აშშ-ს მიერ დაწესებული სანქციების გამო 2025 წლის 21 ნოემბრიდან, როცა ეს ფინანსური სანქციები ამოქმედდება? – ამ კითხვაზე კომპანიაში არ პასუხობენ.

„როდესაც კომპანია გადაწყვეტს, რომ გააკეთოს რაიმე კომენტარი, აუცილებლად გავაკეთებთ საჯაროდ. ვაგრძელებთ ჩვეულებრივად მუშაობას და ამ ეტაპზე ჩვენთვის, ჯერჯერობით, არაფერი არ იცვლება. არ ვაკეთებთ კომენტარს ამ საკითხზე. ხელმძღვანელობა გადაწყვეტს და თვითონ გააკეთებს საჯარო კომენტარს“, – უთხრეს „ლუკოილ-ჯორჯიაში“ „ბათუმელებს“ 28 ოქტომბერს.

„ლუკოილის” ბენზინგასამართი სადგურების მდებარეობა საქართველოს ტერიტორიაზე

ბრიტანეთში შეიქმნა ვებგვერდი, რომელიც „იმედის“ ანტიდასავლურ სიყალბეს ამხელს – ინტერვიუ

„წინააღმდეგობის მოძრაობაში ჩართულმა ადამიანებმა შევქმენით ვებგვერდი – ImediWatch, რომელიც ხელოვნური ინტელექტის საშუალებით ავტომატურად გადათარგმნის და გაასაჯაროებს „იმედის“ და სხვა პროპაგანდისტული მედიასაშუალებების მიერ მომზადებულ ანტიდასავლურ ქარდებს, რაც საშუალებას მისცემს ფართო საზოგადოებას გაიგონ, თუ როგორ სიბინძურეს ავრცელებენ დასავლეთის წინააღმდეგ და როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდა“- ამბობს დავით ჯინჭარაძე, „თავისუფლების მოედნის“ წევრი.

„ბათუმელები“ დავით ჯინჭარაძეს ამ თემაზე ესაუბრა.

  • დავით, როგორ შეიქმნა ეს ვებგვერდი და რა პრინციპით მუშაობს?

ვებგვერდი შევქმენი მე,  ტექნიკურ საკითხებში მეგობრის დახმარებით.

ამ ვებგვერდის შექმნის მთავარი მიზანია, აჩვენოს დასავლურ საზოგადოებას, ვინ ეწევა საქართველოში ანტიდასავლურ პროპაგანდას.

4 ოქტომბრის შემდეგ კიდევ დაგვჭირდა იმის გადააზრება, ვის რა შეგვიძლია გავაკეთოთ ოლიგარქიული რეჟიმის დასასუსტებლად და ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ადამიანების გარკვეულ ნაწილს დავეხმაროთ, კრიტიკულად შეხედონ მიმდინარე მოვლენებს.

როგორც ვხედავთ, დღეს ოლიგარქია სხვადასხვა სვეტზე დგას, იქნება ეს შსს, სუს-ი თუ სხვა ადმინისტრაციული რესურსი და ამას ემატება პროპაგანდისტული მედიასაშუალებები, რომლებიც მიზანმიმართულად მუშაობენ დეზინფორმაციის გავრცელებაზე.

საზოგადოებას აქვს სურვილი, რომ „იმედი“ დასანქცირდეს ანტიდასავლური პროპაგანდის გავრცელებისთვის, მაგრამ საჭიროა იმის ჩვენება, რომ „იმედი“ ნამდვილად წარმოადგენს საფრთხეს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ზოგადად, დასავლური ცივილიზაციისთვის და ამის დემონსტრირება მოხდება სწორედ ამ ვებგვერდის საშუალებით.

ანტიდასავლურ პროპაგანდაში განსაკუთრებით შეიძლება გამოვყოთ „იმედის“ ქარდები, რომლებიც, თუ დავაკვირდებით, „იმედის“ ახალი ამბებისგანაც კი გამოირჩევა სიბინძურით.

„იმედის“ ქარდები გაცილებით უფრო ბინძურია, რადგან უფრო მეტ ტყუილს შეიცავს და პირდაპირ ურტყამს დასავლეთს. ოღონდ ურტყამს არა მხოლოდ ისე, რომ, ვთქვათ, წერენ არასწორ თარგმანს, რა თქვა, მაგალითად,  რომელიმე ევროპარლამენტარმა, არამედ ავრცელებენ ყალბ ინფორმაციას.

ამის აღრიცხვა აქამდე არ ხდებოდა და ახლა, ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით, მოხდება ამ სიყალბის მხილება.

  • ანუ ეს იქნება იმის ვიზუალიზაცია, თუ რა ფორმით ავრცელებენ „ოცნების“ პროპაგანდისტი მედიები დეზინფორმაციას?

დიახ.  მართალია, არასამთავრობოებიც მუშაობდნენ ზოგად ნარატივებზე, მაგრამ მაინც ჰაერში რჩებოდა თითქოს ეს ყველაფერი. ამის შემდეგ კი იქნება კონკრეტული, თვალხილული მასალები ამ ვებგვერდზე და ყველას შეეძლება ამ ინფორმაციის საკუთარი თვალით ხილვა, თუ რას წერს, მაგალითად, „იმედი“.

პოლიტიკური ნება არსებობს როგორც ბრიტანეთში, ასევე დასავლეთში პროპაგანდისტების დასანქცირების, მაგრამ იმისათვის, რომ პროცესი დაჩქარდეს, ვფიქრობ, ეს ინფორმაცია მათაც დაეხმარება.

ამიტომ გავაკეთეთ ეს ვებგვერდი – Imedi Watch.

  • რა პრინციპით მუშაობს ვებგვერდი და თქვენ გარდა ვინ იმუშავებს ამაზე?

ახლა ავარჩიე მოხალისეთა გუნდი, 4 მოხალისე მყავს, რომლებიც შეისწავლიან პროპაგანდისტული მედიასაშუალებების ვებგვერდებს, ასევე საზმაუს ვებგვერდსაც და აიღებენ იმ ქარდების ბმულებს, რომლებითაც დეზინფორმაცია ვრცელდება და ჩაუშვებენ სისტემაში. შემდეგ კი ყველაფერს გააკეთებს სისტემა.

  • AI მუშაობს ინფორმაციის თარგმნაზე?

დიახ, ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ხდება ტექსტების თარგმნა, თუმცა მოხალისეებიც ვაკონტროლებთ, რომ თარგმანი იყოს ზუსტი და საჭიროების შემთხვევაში ვარედაქტირებთ. დღეში 10 წუთის გამოყოფაც მნიშვნელოვანია პროპაგანდის წინააღმდეგ საბრძოლველად.

  • მხოლოდ ქარდები გადაითარგმნება, თუ გაიშიფრება, ვთქვათ, ნიუსები ან ვიდეოებიც?

ჯერჯერობით მხოლოდ ქარდები გადაითარგმნება, რადგან ჩვენი აზრით, „იმედის“ ქარდების შინაარსი ბევრ მათ თანამშრომელსაც კი არ მოსწონს, იმდენად ბინძურია.

მათი დანიშნულებაა, რომ იმ კონკრეტულ მომენტში გაცილებით ბინძურად დაარტყან დასავლეთს. შემდეგ ასეთ ქარდებს შლიან კიდეც, თუ დააკვირდებით, რადგან შეიძლება მოედავოს ვინმე, მაგალითად, ევროკავშირის რომელიმე ელჩი, დეზინფორმაციის გავრცელებისთვის.

აშკარად ცალკე ხალხს ამუშავებენ ამ ქარდებზე. თანაც, ქართული ქარდების შინაარსი გაცილებით ბინძურია, ინგლისურში ეს ტონი უფრო შერბილებულია.

ჩვენ ვთარგმნით ისეთ ქარდებს, რომლებითაც განსაკუთრებით ურტყამენ დასავლეთს.

ასევე, ვადარებთ, რომელ ამბავს ავრცელებს „იმედი“ ან სხვა პროპაგანდისტული მედია რუსული წყაროებიდან. ასეთ ინფორმაციას აწერია – „აღმოჩენილია რუსული კვალი“, შეგიძლია დააჭირო ღილაკზე და ნახო, როგორია რუსული პროპაგანდა.

მაგალითისთვის, გუშინ დავდე პოსტი, სადაც „იმედი“ ავრცელებდა ქარდს, რომ მიუნხენის საზოგადოებრივ ტრანსპორტში სექსუალური შევიწროების შესახებ ყოველი მეოთხე ახალგაზრდა ქალი აცხადებს. შემდეგ რუსულად მოვძებნე იგივე ამბავი და ვნახეთ, რომ რუსული წყაროდან ჰქონდათ ეს ინფორმაცია გადმოტანილი და მსგავსი რამ არ იძებნება სანდო გერმანულ გამოცემებში.

ადამიანებს შეუძლიათ ჩვენი ვებგვერდიდან ინფორმაციის გადაზიარება, ვთქვათ,  X-ზე და სხვა ინგლისურენოვან სოციალურ ქსელებში, რომ უფრო მეტი აუდიტორიისთვის გახდეს ხელმისაწვდომი, თუ როგორ ეწევა „იმედი“ ანტიდასავლურ პროპაგანდას.

„იმედის“ გარდა დაემატება საზმაუს, ,,რუსთავი 2″-ის და „პოსტ ტვ“-ის ქარდებიც ჩვენს ვებს და ამ მედიების მონიტორინგი განხორციელდება ინგლისურ ენაზე.

  • როგორც ვიცით, „ოცნების“ მთავარი პროპაგანდისტული არხის „იმედის“ მფლობელს, ირაკლი რუხაძეს სახლი აქვს ლონდონში. ხომ არ აპირებთ მასთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაცია მიაწოდოთ ბრიტანულ საზოგადოებას იმისთვის, რომ იცოდნენ, როგორ ცხოვრობს დიდ ბრიტანეთში რუსული პროპაგანდის შემქმნელი?

რუხაძის ბიზნესპარტნიორისთვის ალბათ არ იქნება ეს სიახლე, რადგან რუსი პარტნიორი ჰყავს, ალექსეევი, ამიტომ ერთნაირი ღირებულებები ექნებათ მის ბიზნესპარტნიორებსაც. თუმცა რუხაძე აშშ-ს მოქალაქეა და ამერიკული მოქალაქეობიდან გამომდინარე ვალდებულებები რას წარმოქმნის, ამ დეტალებში არ მინდა შევიდე.

რუხაძესთან დაკავშირებით მთავარი გამოძიებები „გარდიანს“ აქვს გაკეთებული, თუმცა, ბრიტანულ სანქციებს, ვფიქრობ, ჩვენ მიერ გავრცელებული ეს ინფორმაციებიც დაეხმარება.

ასევე, ჩვენს ვებგვერდზე არის ღილაკი, რომელიც შეუძლია გამოიყენოს ნებისმიერმა პირმა და მისწეროს ბრიტანეთის პარლამენტს „იმედის“ და მისი მფლობელის სანქცირებაზე.

აქვეა დამატებული სხვა ღილაკებიც, რომლებითაც შეუძლიათ ფინანსური მხარდაჭერა გამოუცხადონ როგორც ჩვენს ვებგვერდს, ასევე მედიასაშუალებებს, რომლებიც ჩართულნი არიან „სინათლის მოძრაობაში“.

სამწუხაროდ, ჯერ არ გვაქვს ინფორმაცია, როდის დასანქცირდებიან პროპაგანდისტები ბრიტანეთის მიერ, თუმცა ვიცით, რომ ყველა მონაცემი დევს მაგიდაზე და აუცილებლად იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება ამაზე მიღებული.

რაც შეეხება რუხაძეს, ლონდონში მცხოვრები აქტივისტები მივიდნენ ირაკლი რუხაძის სახლთან და „ოლე ოლა“ ჩაურთეს. მისთვის არ იქნებოდა ალბათ კომფორტული ამის მოსმენა, თუმცა ამ პროცესების დასაჩქარებლად საჭიროა კამპანია, რომ პროპაგანდისტები დროულად დასანქცირდნენ.

„ამბასადორი“ ქობულეთის სოფელ ხალაში დამატებით 350 ათას კუბ.მ წიაღისეულს მოიპოვებს ულიცენზიოდ

ხელოვნური კუნძულისა და ნახევარკუნძულების მოწყობის მიზნით კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ „ოცნების“ მთავრობამ ამჯერად  350 000 კუბური მეტრი სასარგებლო წიაღისეულის ულიცენზიოდ მოპოვების უფლება მისცა. კომპანია წიაღისეულს ქობულეთის მუნიციპალიტეტში, მაღალმთიან სოფელ ხალაში მოიპოვებს, 1 კუბურ მეტრში კი დაახლოებით 25 თეთრს გადაიხდის.

„ოცნების“ მთავრობა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან კომპანიის გათავისუფლების საფუძვლად „სახელმწიფოებრივ და საზოგადოებრივ ინტერესებს“ ასახელებს.

„სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, ქალაქ ბათუმში, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩის მიმდებარედ, შავი ზღვის აკვატორიაში ხელოვნური კუნძულის/ნახევარკუნძულის მოწყობის მიზნით, შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ 12 თვის ვადით გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან და მიეცეს უფლება, მოიპოვოს 350 000 კუბ.მეტრი სასარგებლო წიაღისეული [ხალას ანდეზიტები, ბაზალტები და ტუფობრექჩიები] ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ხალა“ – წერია 2025 წლის 20 ოქტომბრის განკარგულებაში, რომელსაც ხელს „ოცნების“ პრემიერი, ირაკლი კობახიძე აწერს.

„ამბასადორმა“ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული მხოლოდ ხელოვნური კუნძულის/ნახევარკუნძულის მოწყობის მიზნით უნდა გამოიყენოს.

ამასთან, კომპანიამ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისთვის აღნიშნული განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა უზრუნველყოს 85 ათას 217 ლარის გადახდა.

განკარგულების მიხედვით, ლიცენზიისაგან გათავისუფლების საფუძველზე, „ამბასადორის“ მიერ წიაღით სარგებლობის პირობების შესრულების ზედამხედველობა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა უნდა უზრუნველყოს.

„ამბასადორის“ ინფორმაციით 2025 წლის სექტემბრის მდგომარეობით ზღვაში ხელოვნურად უკვე შექმნილი იყო 38,2 ჰექტრის ხმელეთი [ფოტოზე მარცხნივ]. ფოტოს მარჯვენა მხარეს თეთრი ხაზებით მონიშნულია ტერიტორია ზღვაში, რომელზეც ხმელეთი უნდა მოეწყოს. ამ ტერიტორიის ხმელეთად გადაქცევით ორი ნახევარკუნძულისა და ერთი კუნძულის მოწყობა დასრულდება. ფოტოები „ამბასადორის“ ფეისბუქგვერდიდან
მთლიანობაში „ამბასადორზე“ ხელოვნური კუნძულის პროექტისთვის ზღვაში 1 443 223 კვადრატული მეტრი ფართობია გადაცემული აღნაგობის უფლებით. კომპანია ზღვაში ხელოვნურად შექმნილი ნახევარკუნძულის გარკვეულ ნაწილზე ცათამბჯენების მშენებლობას უკვე იწყებს.

რაც შეეხება წიაღისეულს, „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ქობულეთის სოფელ ხალაში მას ულიცენზიოდ აქამდეც მოიპოვებდა.

სოფელ ხალაში 2024 წლის სექტემბერში „ბათუმელებიც“ იმყოფებოდა. როგორც გავარკვიეთ, „ამბასადორს“ ხალას მთებში ახალი კარიერები გამოუყვეს. კომპანიას აქედან ხელოვნური კუნძულისთვის ქვები/ლოდები გააქვს.

ამ თემაზე ვრცლად:

„გზასაც კი არ გვიკეთებენ“ – რას ამბობენ სოფელში, სადაც ბათუმის ხელოვნური კუნძულისთვის მთას შლიან

„პარტიის სახელი ლეგალურად გვექნება თუ არა ფურცელზე, ამას მნიშვნელობა არა აქვს“ – ვაჟა დარჩია

„ლელო“ საკრებულოებში დარჩენას აპირებს იმის მიუხედავად, რომ „ოცნება“ ოპოზიციური პარტიების, მათ შორის „ლელოს“ აკრძალვას აპირებს. არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მოუფიქრა „ლელოს“ გამოსავალი – დამოუკიდებელ დეპუტატებად განაგრძონ მუშაობაო.

რას აპირებს ვაჟა დარჩია, რომელიც „ლელოს“ პარტიული სიით შედის ბათუმის საკრებულოში? – „ბათუმელები“ამ თემაზე ვაჟა დარჩიას ესაუბრა.

  • ბატონო ვაჟა, მაინც შეხვალთ ბათუმის საკრებულოში? „ოცნება“ „ლელოს“ აკრძალვასაც აპირებს. 

ჩვენ როცა ვიღებდით ამ გადაწყვეტილებას, ცხადია, ეს მოლოდინი გვქონდა: ბატონი ივანიშვილი საარჩევნო კამპანიის დროსაც, 2024 წლის არჩევნებს ვგულისხმობ, ამბობდა, რომ უნდოდა პარტიის აკრძალვა. ამ მოლოდინის მიუხედავად, მაინც მივიღეთ გადაწყვეტილება, რადგან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, მუნიციპალიტეტებში ოპოზიციის ხმა ისმოდეს.

ვიდრე ჩვენ გვექნება ფორმალურად შესაძლებლობა იმისა, რომ საკრებულოებში ვიბრძოლოთ, რა თქმა უნდა, ეს ბრძოლა გაგრძელდება.

  • აპირებთ იყოთ დამოუკიდებელი დეპუტატი, როგორც ეს არალეგიტიმური და ანტიკონსტიტუციური პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განსაზღვრა?

შეიძლება, ინდივიდუალურ დონეზეც წავიდნენ და გაგვიუქმონ მანდატები. თქვენ იცით, რომ გასაჩივრებული გვაქვს ეს ნორმები საკონსტიტუციო სასამართლოში, ვიდრე „ქართული ოცნება“ მიმართავდა საკონსტიტუციო სასამართლოს.

ეს არის ანტიდემოკრატიული პროცესი. აქ მნიშვნელოვანია, რომ რახან „ოცნების“ სარჩელზე უფრო ადრე შევიდა ჩვენი სარჩელი, საკონსტიტუციო სასამართლომ მინიმუმ პარალელურად უნდა იმსჯელოს „ოცნების“ სარჩელთან ერთად ამ ნორმების კონსტიტუციურობაზე.

სტრასბურგის სასამართლოშიც წავიღებთ ამ საქმეს და მაქსიმალურად მივყვებით, ვიდრე ფორმალური შესაძლებლობა გვექნება.

  • ამომრჩეველმა აგირჩიათ, როგორც „ლელოს“ წევრი. თუ პარტია გაუქმებულია, რა „ფორმალურ შესაძლებლობას“ გულისხმობთ?

ეს მანდატი არის პარტიის მანდატი, მაგრამ ეს მანდატი არ არსებობს ფურცელზე… პარტია შეიძლება აღარ იარსებებს, მაგრამ ადამიანები იქნებიან ისინი, ვის გამოც ამ პარტიას დაუჭირეს მხარი.

არასერიოზულია იმაზე ლაპარაკი, რომ „ლელოს” ფურცელზე არარსებობა არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ვაჟა დარჩიამ თუ სხვა საკრებულოებში წარმოდგენილმა ადამიანებმა ისაუბრონ რეალურ პრობლემებზე. ჩვენ პარტიის სახელი ლეგალურად გვექნება თუ არა ფორმალურად ფურცელზე, ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. ჩვენ რის გამოც შევდივართ, ეს ამბავი გაგრძელდება, მიუხედავად იმისა, „ლელო” იარსებებს თუ არა ფორმალურად ფურცელზე, იმიტომ, რომ პარტია არ არის ფურცელი.

  • გულწრფელად ფიქრობთ, რომ ამ მოცემულობაში, როცა არჩევნების უფლება მიტაცებულია და თქვენს პარტიასაც კრძალავენ, საკრებულოში ყოფნას ექნება რამე პოლიტიკური სარგებელი?

რა თქმა უნდა, ამას ექნება პოლიტიკური წონა. პოლიტიკური წონა ჩვენ მოგვანიჭეს ამომრჩევლებმა. ყველამ იცოდა, რომ ეს მოცემულობა შეიძლება დამდგარიყო, მიუხედავად ამისა, 100 000-მდე ადამიანმა ქვეყნის მასშტაბით მიიღო ეს გადაწყვეტილება და მივიდა არჩევნებზე.

ვიდრე გვექნება ფორმალურად იქ ყოფნის შესაძლებლობა, მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ 100 000 ადამიანის ხმა რაღაცნაირად ისმოდეს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში. თუ „ქართული ოცნება” მივა იქამდე, რომ ამ ინდივიდუალურ მანდატებს ადამიანებს მოუხსნის, მერე უკვე მოვძებნით სხვა სამართლებრივ გზებს, რომელიც პარალელურად ასევე ჩვენ დაწყებული გვაქვს. ამიტომ საკრებულოებიდან გამოსვლა, მიუხედავად იმისა, გაუქმდება თუ არა ჩვენი კოალიცია, არ იგეგმება.

  • ქუჩაში ვეღარ ხედავთ წინააღმდეგობის გაგრძელების აზრს და საკრებულოებიდან აპირებთ პოლიტიკური რეალობის შეცვლას?

ჩვენ ყველგან ვხედავთ ჩვენს ფუნქციას, სადაც არის წინააღმდეგობა, მათ შორის ქუჩაში, საკრებულოებში, სტრასბურგში – ყველგან, სადაც შეიძლება, რომ „ქართული ოცნება” დავაზიანოთ.

  • მაშინ რატომ აღარ ჩანხართ უწყვეტ საპროტესტო აქციებზე? მას შემდეგ, რაც თქვენ არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტეთ, „ლელოს“ წევრები აქციაზე იშვიათად ან საერთოდ აღარ ჩნდებიან.

ჩვენ ვართ აქციაზე. მე პირადად 26 ოქტომბერს ვიყავი ბათუმში აქციაზე, ასევე, ჩემი მეგობრები თბილისში ყოველდღიურად დადიან აქციაზე…

ჩვენი ამოცანა იყო ის, რომ ეს პროცესი არ დაზიანებულიყო. წინასაარჩევნო პერიოდში ბათუმში აქციებმა მიიღო ის სახე, რომელსაც ჩვენ არ ვეთანხმებოდით, ვგულისხმობ იმას, რომ ბათუმში აქცია უკვე გადაიქცა ბოიკოტის მოწოდებად, ამიტომ აქციაზე, რომელსაც მთავარ პოლიტიკურ მოთხოვნას ჩვენ არ ვეთანხმებოდით – როცა საარჩევნო კამპანიას ვაწარმოებდი – ამავდროულად ბოიკოტის აქციაზე ვერ დავრჩებოდი. როცა ეს პროცესი დასრულდა, 26 ოქტომბერს ვიყავი ისევ აქციაზე.

  • პროევროპულ აქციაზე ახლაც უცხადებენ ბოიკოტს „ოცნების“ რეჟიმის პირობებში ჩატარებულ არჩევნებს და მიაჩნიათ, რომ თქვენ არჩევნებში მონაწილეობით ხელი შეუწყვეთ „ოცნების“ ანტიკონსტიტუციური მთავრობის ლეგიტიმაციას…

ამ აქციაზე არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ, რას ნიშნავს? არჩევნები უკვე ჩატარდა, მე მთავარ პოლიტიკურ მოთხოვნას [ბოიკოტი] არ ვეთანხმებოდი და არასწორი იქნებოდა ამ შინაარსის აქციაზე ვყოფილიყავი.

მაშინ, როცა აქცია დაუბრუნდა მთავარ პოლიტიკურ მოთხოვნებს, რაც არის ახალი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ჩვენ ამ პროცესში ჩართულები ვართ, როგორც რეგიონულ დონეზე, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, ასევე – თბილისში.

Teacher and Civil Activist Nino Datashvili Released on Bail After Months in Pretrial Detention

On October 29, teacher and civil activist Nino Datashvili, who had been held in pretrial detention, was released from the Rustavi Women’s Prison after the court replaced her detention with bail.

Tbilisi City Court Judge Tamar Mchedlishvili granted the prosecution’s motion to substitute Datashvili’s pretrial detention with bail set at 5,000 GEL.

The prosecution’s decision to request bail came after alarming reports about Datashvili’s deteriorating health. While in prison, her condition worsened significantly — she suffered severe pain, was unable to attend court hearings, and, according to her lawyers and husband, had to be moved in a wheelchair.

Following the public outcry over her condition, the Prosecutor’s Office — which had previously opposed her release on bail — changed its stance and itself requested bail of 5,000 GEL. Activists say the full amount was raised within just eight minutes.

Supporters and fellow citizens greeted Datashvili outside the penitentiary upon her release.

Background:
Nino Datashvili, a civic education teacher and civil activist, was arrested on June 20 on charges of assaulting a court marshal. The prosecution accuses her under Article 353², Part 3 of Georgia’s Criminal Code — assaulting a public officer while performing official duties — a charge punishable by four to seven years in prison.

სტამბოლი-ბათუმის თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში ვერ ჯდება

სტამბოლი-ბათუმის თვითმფრინავმა [THY7JD] დღეს, 29 ოქტომბერს, ბათუმის აეროპორტში დაჯდომა მეორე მცდელობაზეც [17:22 სთ] ვერ მოახერხა.

ბათუმის აეროპორტის ინფორმაციით, მიზეზი უამინდობაა.

თვითმფრინავი ამ წუთებში ბათუმთან, ზღვის თავზე მანევრირებს.

ბათუმის აეროპორტისგან დამატებითი ინფორმაციის მიღებისთანავე მასალა განახლდება.

განახლება: თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში მესამე მცდელობისას დაჯდა დაახლოებით 17:57 საათზე.

სტამბოლი-ბათუმის თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში მეორე მცდელობაზეც ვერ დაჯდა / 29 ოქტომბერი, 2025 წელი
თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში მესამე მცდელობისას დაჯდა დაახლოებით 17:57 საათზე / 29.10.2025

 

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან.

 

 

ნინო დათაშვილი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს

დღეს, 29 ოქტომბერს, რუსთავის ქალთა ციხე გირაოს საფუძველზე დატოვა წინასწარ პატიმრობაში მყოფმა მასწავლებელმა, სამოქალაქო აქტივისტმა ნინო დათაშვილმა.

მასწავლებელსა და სინდისის პატიმარს, ნინო დათაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული წინასწარი პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა 5000-ლარიანი გირაოთი დღეს შეუცვალა პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე.

პროკურატურის მიერ შუამდგომლობის დაყენებას გირაოს შესახებ წინ უძღოდა შემაშფოთებელი ცნობები ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მკვეთრ გაუარესებაზე. ციხეში ყოფნისას მისი მდგომარეობა დამძიმდა, მწვავე ტკივილის გამო იგი ვეღარ ესწრებოდა სასამართლო სხდომებს, ადვოკატებისა და მეუღლის თქმით, ის გადაადგილდებოდა სავარძლის მეშვეობით.

ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. შედეგად, პროკურატურამ, რომელიც აქამდე არ თანხმდებოდა ნინო დათაშვილის გირაოთი გათავისუფლებას, დღეს თავად მოითხოვა გირაო, 5 000 ლარი.

ნინო დათაშვილისთვის გირაოს თანხა, 5 000 ლარი, აქტივისტების თქმით, ზუსტად 8 წუთში შეგროვდა.

ნინო დათაშვილს პენიტენციურ დაწესებულებასთან მოქალაქეები დახვდნენ.

  • რა ხდება? 

სამოქალაქო აქტივისტი, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ნინო დათაშვილი სასამართლოს მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით 20 ივნისს დააკავეს.

პროკურატურა მას ედავება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, კერძოდ, საჯარო მოსამსახურეზე – სასამართლოს მანდატურზე თავდასხმას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს.

Georgia Prosecutors Move to Replace Nino Datashvili’s Detention with Bail Amid Critical Health Concerns

The Prosecutor’s Office of Georgia announced on October 29 that it will request the court to replace the pretrial detention of imprisoned teacher and activist Nino Datashvili with bail, citing her deteriorating health.

According to the statement, recent medical examinations confirmed that Datashvili requires surgery and subsequent treatment.

“Taking into account the defendant’s health condition, the Prosecutor’s Office will file a motion today requesting that the court replace detention with bail,” the agency said.

Datashvili, a civic education teacher and civil activist, has been held in custody since June 20. She is charged under Part 3 of Article 353² of Georgia’s Criminal Code — assault on a court marshal — a charge punishable by four to seven years in prison.

Her defense team and supporters have been urging the authorities to release her, saying her condition has become critical and she urgently needs spinal surgery.

Imprisoned Teacher and Civil Activist Nino Datashvili’s Health in Critical Condition, Defense Team Seeks Her Release

„ოცნების“ ახალმა მერებმა დღეს მუშაობა დაიწყეს

დღეიდან, 29 ოქტომბრიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით ახალმა მერებმა მუშაობა დაიწყეს.

ახალი მერი ეყოლება ბათუმს, ქობულეთსა და ქედას, ხოლო ხელვაჩაურში, ხულოსა და შუახევში ძველი, მაგრამ ახალარჩეული მერები გააგრძელებენ მუშაობას.

ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე გახდა. ცესკოს მონაცემებით მას ხმა მისცა 42 815-მა ამომრჩეველმა. ბათუმში 157 439 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

ქობულეთის მერი ირაკლი ცეცხლაძე გახდა. ცესკოს მონაცემებით მას ხმა მისცა 26 718-მა ამომრჩეველმა. ამომრჩეველთა რაოდენობა ქობულეთში 66 376-ია.

ხელვაჩაურის მერი ზაზა დიასამიძე გახდა. ცესკოს მონაცემებით მას ხმა მისცა 16 015-მა ამომრჩეველმა. ხელვაჩაურში 43 401 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

ხულოს მერი ვახტანგ ბერიძე გახდა. ცესკოს მონაცემებით მას ხმა მისცა 7 658-მა ამომრჩეველმა. ამომრჩეველთა რაოდენობა ხულოში 23 305-ია.

ქედის მერი მამუკა თურმანიძე გახდა. ცესკოს მონაცემებით მას ხმა მისცა 7 438-მა ამომრჩეველმა. ქედაში 15 676 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

შუახევის მერი ომარ ტაკიძე გახდა. ცესკოს მონაცემებით მას ხმა მისცა 4 453-მა ამომრჩეველმა. შუახევში 14 418 ამომრჩეველია.

4 ოქტომბერს საქართველოში ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. არჩევნებამდე „ქართულმა ოცნებამ“ ერთპარტიულად შეცვალა საარჩევნო კანონმდებლობა. 4 ოქტომბრის არჩევნებში არ მონაწილეობდა ოპოზიციური პარტიების უმეტესობა.

ქართველ ექიმთა საერთაშორისო ასოციაციის განცხადება ნინო დათაშვილზე

ქართველ ექიმთა საერთაშორისო ასოციაცია ფეისბუქზე განცხადებით ეხმიანება ინფორმაციას პატიმრობაში მყოფი მასწავლებლის, ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესების შესახებ.

„ჩვენ, ქართველ ექიმთა საერთაშორისო ასოციაცია, ვაკვირდებით რა ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებსა და თავისუფლებააღკვეთილი ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობას, როგორც სამედიცინო ეთიკისა და ჰუმანური ღირებულებებისადმი ერთგული ორგანიზაცია, ვაცხადებთ და შევახსენებთ შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს, რომ ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა, ადეკვატური სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა და ჰუმანური მოპყრობა არის ფუნდამენტური უფლება, რომლის გარანტირება აუცილებელია ნებისმიერი მოქალაქისთვის, მიუხედავად მისი პოლიტიკური შეხედულებებისა.

ჩვენ განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოვთქვამთ ღირსეული პედაგოგის, ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რომელიც ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, პროგრესულად უარესდება დღიდან მისი თავისუფლების აღკვეთისა.

ნინო დათაშვილი საჭიროებს კვალიფიციური სამედიცინო დახმარების გაწევას, ქირურგიული ჩარევისა და შემდგომი, რთული რეაბილიტაციის პროცესის ჩათვლით, შესაბამის გარემო-პირობებში.

სწორედ ამიტომ, მოვუწოდებთ და ვთხოვთ, საქართველოს შესაბამის სახელმწიფო სამედიცინო სტრუქტურებს, დაიცვან სამედიცინო ეთიკისა და ადამიანის უფლებების სტანდარტები, რაც დემოკრატიული საზოგადოების საფუძველია.

ქართველ ექიმთა საერთაშორისო ასოციაცია ასევე, სოლიდარობას უცხადებს ყველა იმ პედაგოგსა და კოლეგას, ვინც თავიანთი საქმიანობა მიუძღვნეს ადამიანის ჯანმრთელობას, განათლებასა და კეთილდღეობას.

ჩვენ კვლავ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას ადამიანური ღირსების, ჯანმრთელობისა და პროფესიული პატიოსნების დაცვისადმი“ – ვკითხულობთ განცხადებაში.

ორგანიზაცია PHR-ის ცნობით, რომელიც ნინო დათაშვილის უფლებებს იცავს, პენიტენციურ დაწესებულებაში ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. დღეს, 29 ოქტომბერს, ნინო დათაშვილი თავის სასამართლო პროცესს ვერ ესწრება.

სამოქალაქო აქტივისტი, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ნინო დათაშვილი სასამართლოს მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით 20 ივნისს დააკავეს. პროკურატურა მას ედავება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, კერძოდ, საჯარო მოსამსახურეზე – სასამართლოს მანდატურზე თავდასხმას მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს.

Imprisoned Teacher and Civil Activist Nino Datashvili’s Health in Critical Condition, Defense Team Seeks Her Release

The health of imprisoned civil activist and teacher Nino Datashvili, a prisoner of conscience, has deteriorated sharply, raising serious concerns about her survival in detention.

Her husband, Godi Pruidze, wrote on Facebook that he visited Datashvili on October 28 at the Rustavi Women’s Colony and found her in alarming condition. According to Pruidze, Datashvili can barely move, suffers from severe spinal and neck pain, and was brought to their meeting in a wheelchair.

“Today I saw my wife, Nino, at the women’s penitentiary. She could not climb the stairs to the visiting room and was brought in a wheelchair, sitting stiffly with a frozen neck. She has lost movement in her right arm and leg, and even eating has become difficult,” Pruidze wrote.

“She urgently needs surgery and rehabilitation, not imprisonment. An innocent woman — a teacher, researcher, and master’s student — should not spend even an hour in such conditions. Without immediate medical intervention, she faces the risk of paralysis or even death.”

Pruidze also described harsh prison conditions, including poor hygiene, inadequate bedding, and lack of proper medical care. He said that despite her worsening state in mid-September, Datashvili was not transferred to a hospital but instead placed in an “adapted” cell, where sewage recently overflowed and dampness spread across the floor and walls.

A participant of pro-European protests, an activist Nino Kalandia, who spoke with Datashvili by phone, confirmed that her health has become “critically severe.”

Kalandia said that on October 24, Datashvili underwent an MRI scan at VivaMedi, which revealed herniated cervical discs (C5-C6) — a diagnosis not detected in earlier medical reports according to Kalandia. As the activist reports, the new findings indicate the need for two surgeries, with the cervical spine operation being the most urgent.

“Can you imagine the postoperative period in a prison cell?” Kalandia wrote. “After such a serious surgery, rehabilitation in those conditions would be hell. Nino told me that while she once feared paralysis below the waist, now she fears paralysis below the neck. She said, ‘Maybe I should write my will.’”

The human rights organization Partnership for Human Rights (PHR), which represents Datashvili in court, released a statement on October 28 saying her health has “sharply deteriorated” in prison.

PHR announced it will file a motion at hearing on October 29 requesting that the court replace Datashvili’s pretrial detention with an alternative measure, citing medical necessity.

Datashvili, a civic education teacher and civil activist, was arrested on June 20 and charged with assaulting a court marshal. The prosecution seeks to classify as “assault” an incident that occurred when marshals forcibly removed her from the courtroom. The case is being investigated under part 3, Article 3532  of Georgia’s Criminal Code, – punishable by four to seven years in prison.

Her supporters and lawyers argue that Datashvili is being persecuted for her activism and that the authorities are ignoring her critical medical condition.

“Instead of investigating the violence committed against her by court marshals, the state fabricated charges and locked her in prison,” said Pruidze. “Now they are slowly destroying her health.”

Calls for Urgent Action

Public outrage has been growing online, with activists, journalists, and rights defenders demanding Datashvili’s immediate transfer to a medical facility.

“She urgently needs surgery and rehabilitation,” wrote Pruidze. “If this continues, Georgia may soon bear responsibility for another preventable tragedy behind bars.”

მოძრაობა „300 ქალის“ განცხადება ნინო დათაშვილზე

საპროტესტო მოძრაობამ „300 ქალი“ პროკურატურას მიმართა პატიმრობაში მყოფი მასწავლებლის ნინო დათაშვილის შესახებ, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც ციხეში დამძიმდა.

„მოვითხოვთ მასწავლებელ ნინო დათაშვილისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა შეიცვალოს უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით და ნინო დათაშვილის მიმართ გამოყენებულ იქნას გირაო“ – ნათქვამია საპროტესტო მოძრაობის განცხადებაში. აქვე ვკითხულობთ, რომ განცხადებას ხელს 300-ზე მეტი ქალი აწერს.

28 ოქტომბერს ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR), რომელიც სინდისის პატიმრის, ნინო დათაშვილის უფლებებს იცავს სასამართლოში, ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე განცხადება გაავრცელა.

PHR-ის ცნობით, პენიტენციურ დაწესებულებაში ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. დღეს, 29 ოქტომბერს, ნინო დათაშვილი თავის სასამართლო პროცესს ვერ ესწრება.

სამოქალაქო აქტივისტი, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ნინო დათაშვილი სასამართლოს მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით 20 ივნისს დააკავეს. პროკურატურა ცდილობს თავდასხმად დააკვალიფიციროს ინციდენტი, რომელიც დათაშვილსა და მანდატურებს შორის მოხდა ნინოს სასამართლოდან ძალის გამოყენებით, იძულებით გაძევებისას. პროკურატურა მას ედავება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, კერძოდ, საჯარო მოსამსახურეზე – სასამართლოს მანდატურზე თავდასხმას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს.

ამავე თემაზე: 

„ნინო დღეს მოიყვანეს ეტლით, სადაც იჯდა გაცრეცილი, გაშეშებული კისრით“

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 29 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 29 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 139 900 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 150. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 303 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 23 511 ერთეული [+3]
  • საარტილერიო სისტემა – 34 064 ერთეული [+20]
  • MLRS – 1 530 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 230 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 428 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 346 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 75 367 ერთეული [+313]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 880 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 65 865 ერთეული [+79]
  • სპეცტექნიკა – 3 986 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 29 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 668 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 93 287 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 633 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 25 740 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 607 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 30 883 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 45 197 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ტრამპი პუტინზე: მათ სანაპიროსთან გვყავს მსოფლიოში უდიდესი ბირთვული წყალქვეშა ნავი

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„მე რატომ არ მაკავებენ?“ – „ოცნების“ მიერ დაჯილდოებული მასწავლებელი

27 ოქტომბერს „ქართულმა ოცნებამ“ სკოლის მასწავლებლები დააჯილდოვა. ღონისძიებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა.

დაჯილდოებულ პედაგოგებს 10-10 ათასი ლარი გადაეცათ ბიუჯეტიდან საჩუქრად.

აჭარიდან ორი მასწავლებელი დააჯილდოვა „ოცნებამ“. ერთი ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის მასწავლებელი მაგდანა მათითაიშვილია, მეორე კი – დაბა შუახევის საჯარო სკოლის პედაგოგი, თეიმურაზ დავითაძე.

რას ფიქრობენ „ოცნების“ მიერ დაჯილდოებული პედაგოგები განათლების სისტემაში დაანონსებულ ცვლილებებზე, პატიმრობაში მყოფ პედაგოგზე, ნინო დათაშვილსა და ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ პროცესებზე. „ბათუმელები“ ორივე პედაგოგს დაუკავშირდა.

აქედან ერთმა, მაგდა მათითაიშვილმა ტელეფონი პირველი კითხვის მოსმენისთანავე გათიშა. თქვა, რომ არ სურდა კობახიძის მიერ დაანონსებულ რეფორმაზე საკუთარი  აზრი გამოეთქვა. ამიტომ ამ თემებზე მხოლოდ თეიმურაზ დავითაძეს ვესაუბრეთ.

თეიმურაზ დავითაძე, მასწავლებელი.
  • ბატონო თეიმურაზ, რადგან „ოცნების“ ხელისუფლებამ გამოგარჩიათ და დაგაჯილდოვათ, გვაინტერესებს თქვენი აზრი „ოცნების“ რეფორმაზე – თქვენც ფიქრობთ, რომ სკოლებში მე-12 კლასი უნდა გაუქმდეს? 

საქმე რაშია ახლა, მე 56 წელია სკოლაში მათემატიკას ვასწავლი და მე-12 კლასში ფაქტობრივად ბავშვები დადიან იმისათვის, რომ უმაღლესში მივიდნენ. დადიან რეპეტიტორებთან ქვევით-ზევით და ფაქტობრივად, მე-12 კლასში ბავშვების ნაწილი უკვე არაა სკოლაში და მთელ წინააღმდეგობას გვიწევენ.

  • თუ რეპეტიტორთან დადიან და არა სკოლაში, ესე იგი, სკოლა ვერ აძლევს განათლებას?

მასწავლებელი არის დაქირავებული მუშაკი, რომელსაც ხელშეკრულებას უდებენ გარკვეული სამუშაოს შესრულებისათვის. არაჯეროვანი შესრულებისათვის დირექტორს უფლება აქვს დასაჯოს მასწავლებელი, შენიშვნა მისცეს, გაფრთხილება, ხელფასი დააკლოს და ბოლოს სამსახურიდანაც გაათავისუფლოს. მაგრამ მეც ხომ უნდა მიღირდეს ეს სამსახური.

რომ მიღირდეს, მაშინ ჩემს ნამუშევარში ანაზღაურება უნდა მქონდეს, მე სხვა სამუშაო არ უნდა მქონდეს. ახლა რა ხდება და კვალიფიკაციის პრობლემაც არის სკოლაში.

დავუშვათ, მე-12 კლასში სჭირდება რეპეტიტორი ხომ? მეხუთე კლასში რაში სჭირდება რეპეტიტორი? მე მივეცი, ვთქვათ, დავალება ბავშვს, მიდის რეპეტიტორთან და ის უწერს დავალებას, მოსწავლე ამოცანის ამოხსნაზე აღარ ფიქრობს. ამის გამო მათი ლოგიკური აზროვნების, ანალიტიკური აზროვნების დონე დადის ნულამდე.

  • ეს ბავშვის ბრალია, თუ სკოლის?

მე, თუ რამე ვერ გაუგია მოსწავლეს, დამიტოვებია და ამიხსნია, მაგრამ ამაში ფული არასდროს გამომირთმევია.

ჩვენ წუნიან პროდუქციას ვუშვებთ. მაშინ რას ვაკეთებ მე, როგორც მასწავლებელი?

  • სკოლებში კვალიფიკაციის პრობლემაა? ამაზე საუბრობთ?

რა თქმა უნდა. მასწავლებლებსაც აქვთ კვალიფიკაციის პრობლემა და დაინტერესებაც აღარაა. ამდენს მუშაობს მასწავლებელი და მოსწავლე კლასში რომ ზის, უკვე აღარ გისმენს. გაკვეთილზე კი ტელეფონი აქვს მოსწავლეს და იმით ერთობა, მაშინ, როცა გამრავლების ტაბულაც არ იცის.

  • თქვენ ახლა სისტემურ პრობლემაზე საუბრობთ და თუ სკოლა თავის ფუნქციას ვერ ასრულებს, ამიტომ მე-12 კლასი უნდა გავაუქმოთ და მოსწავლეები მოვწყვიტოთ საერთაშორისო განათლების სისტემას?

ჩემი აზრით, მე-10 კლასიდან უნდა იყოს პროფილური სწავლება. იქნება ეს ჰუმანიტარული, ტექნიკური, ქიმია-ბიოლოგია თუ სხვა და არც რეპეტიტორი დასჭირდება მოსწავლეს. ახლა კი იძულებულნი არიან, რომ მოვიდნენ სკოლაში, მაგრამ ფაქტობრივად, გაკვეთილები არ ტარდება, სწავლა არ არის.

  • მასწავლებელმა უნდა უკარნახოს სახელმწიფოს, რა როგორ ჯობს, თუ პირიქით? პედაგოგებს გკითხათ ვინმემ ამ რეფორმაზე აზრი?  

სკოლებისთვის რა უნდა ეკითხათ… ჩემზე უკეთესებიც არიან და მათ უფრო კარგად იციან და უფრო კარგად იცნობენ ამ სისტემას.

საქართველოში არის 45 კერძო უნივერსიტეტი და 19 სახელმწიფო, მერე დასაქმებაზე ვინმე ფიქრობს? რად გვინდა ისეთი სპეციალისტი, რომელმაც არაფერი არ იცის და ტყუილად უმუშევრად დარჩება. ბაზრის მოთხოვნის გათვალისწინებით უნდა ხდებოდეს მომზადება.

  • ნახეთ მერე სადმე ბაზრის კვლევა, წარმოგიდგინათ სამინისტრომ?

მე არ ვიცი ეგ. არ შემისწავლია და არც სახელმწიფოს არ უთქვამს, რამდენი იურისტი სჭირდება.

  • ერთ ქალაქში ერთი ფაკულტეტიო, რომ ამბობენ, ეს იდეა მოგწონთ?

მე გამოვლილი ვარ კომუნისტური წყობიდან და ბათუმში იყო პედაგოგიური და თბილისში იყო სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც იყო სამედიცინო. იყო იმდენი ექიმი, ახლა არ გვყავს ამდენი და იყვნენ კვალიფიციურები.

ყველა უნივერსიტეტი თბილისში არ უნდა იყოს. ყველაფერი გაძვირდა, ხალხმა თუ ვერ იცხოვრა, ბინა ვერ იქირავა… ბათუმშიც უნდა იყოს, ქუთაისშიც, სხვაგანაც.

  • კომუნისტების დროში დავბრუნდეთ? მსოფლიო ვითარდება, მეცნიერება წინ მიდის. თუ სტუდენტს ტექნოლოგიების სწავლა უნდა და არა პედაგოგიურის, თავის ქალაქში არ უნდა ჰქონდეს არჩევანის თავისუფლება? მაშინ ხომ ისედაც მოუწევს სხვა ქალაქში წასვლა და შესაძლოა ბევრად რთულ პირობებშიც ცხოვრება?

მე მგონი ამდენი სასწავლებელი აღარ იქნება.

თუმცა ეს ჯერ დადგენილი არაა. იდეის დონეზეა. თქვა ხომ მინისტრმა, პრემიერმა, ჩვენ ამას საზოგადოებას გავაცნობთ, შევჯერდებით და მერე ჩვენ ერთად გავაკეთებთ ყველაფერსო. პირდაპირ ხომ არ მიიღებენ, იქნება დისკუსიები.

  • ბოლონიის პროცესს რომ აშორებენ ქართულ სკოლას, ამაში ვერ ხედავთ პრობლემას?

არცერთ შემთხვევაში არ მოხდება ეს.

  • მე-12 კლასს თუ გააუქმებენ, ავტომატურად ჩამოვშორდებით დასავლურ სისტემას.

საზოგადოებაში იქნება განხილვები. მე ჩემს აზრს მოვახსენებ იმათ და მერე ვნახოთ. მეც ჩამოვყალიბდები. ვიცნობ კობახიძეს, განათლებული კაცია, ახალი მინისტრიც განათლებული პიროვნება ბრძანდება და ყველაფერი გადაწყდება ხალხთან შეთანხმებით და ხალხთან ერთად.

  • თუ მაინც გააუქმებენ მე-12 კლასს, მაშინ რას იტყვით?

არ იქნება მასე ხელაღებით. იქნება კონსულტაციები და თუ დამარწმუნებენ, რომ ასე კარგია, დავუდგები გვერდით.

  • თქვენ გჯერათ იმ ხალხის, ვინც არჩევნებამდე გეუბნებოდათ, რომ „ღირსებით მიდიოდნენ“ ევროპაში, შემდეგ კი უარი თქვეს ევროინტეგრაციაზე?  

დიახ. ჩვენ ჩვენი ტრადიციები გვაქვს, ჩვენი იდენტობა გვაქვს. ყველაფერს ევროპიდან ვერ გადმოვიღებთ და ყველაფერს, რასაც ევროპა გვეტყვის, ვერ ვიზამთ.

  • ფიქრობთ, რომ ჩვენი ფასეულობები ევროპულს ეწინააღმდეგება?

მომისმინეთ, ჩვენი თავი ჩვენ უნდა გვეკუთვნოდეს…

  • ვინ გვართმევს მერე ჩვენს თავს?

ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ. შენ, მე, იმან, ამან. ვერც გერმანელი, ვერც ფრანგი და ვერც ინგლისელი ვერ გვასწავლის ქართველებს, როგორი განათლება გვქონდეს. დარწმუნებული ვარ, ხელისუფლება ისე გადაწყვეტს, რომ ხვალ და ზეგ ვინმეს სალაპარაკო არ ექნება.

  • რა გადაგიწყვიტათ გერმანელმა და ფრანგმა – რას გულისხმობთ?

თქვენ რომ ამბობთ იქ 12 და 13 კლასია, რა მნიშვნელობა აქვს. ჩვენთან როგორც საჭირო იქნება, როგორც მოერგება, როგორც ქვეყნისათვის აუცილებელი იქნება, ისე გაკეთდება საქართველოში.

  • თქვენ ფიქრობთ, რომ მთაში დაბადებულ ნიჭიერ ახალგაზრდას, რომელსაც შანსი აქვს დღეს დასავლეთის საუკეთესო უნივერსიტეტში უფასოდ მოხვდეს, ამის შესაძლებლობა უნდა წავართვათ? ამ რეფორმით ხომ ამ გზას უკეტავენ ახალგაზრდებს.

არ იქნება ასე. ხელაღებით არ იქნება, იქნება კონსულტაციები საზოგადოებასთან. მჯერა ჩვენი მინისტრის, პრემიერის მჯერა და მე ვიცი, რომ ყველაფერი გადაწყდება დადებითად.

  • გუშინ, როცა დაჯილდოებიდან გამოდიოდით, გარეთ ბანერით იდგა მოქალაქე, სადაც ეწერა – „თავისუფლება ნინო დათაშვილს“. იცით, რომ ამ ხელისუფლებას პატიმრობაში ჰყავს თქვენი კოლეგა, რას ფიქრობთ ამაზე?

ძალიან აღფრთოვანებულ განწყობილებაზე ვიყავი და ალბათ ისე გამოვედი, ვერ შევამჩნიე. თავბრუდახვეული და აღფრთოვანებული გამოვედი.

რატომ ჰყავთ პატიმრობაში, არ ვიცი. არ ვარ მაგ საქმეში გარკვეული.

  • მასწავლებელი რომ ზის რეჟიმის ციხეში, ამაზე არაფერი გსმენიათ?

ტყუილად დააკავეს? თუ დააშავა, უნდა დაისაჯოს. მე რატომ არ მაკავებენ?

  • ეგ არავინ იცის. 

რატომ უნდა დამიჭირონ, არაფერს არ ვაშავებ.

არ ვიცი… და თუ დააშავა, უნდა აგოს პასუხი.

  • შეუძლებელია არ იცოდეთ რისთვის დააკავეს თქვენი კოლეგა. მთელი მედია ამაზე წერს, ინტერნეტში უამრავი ინფორმაციაა, არ დაინტერესებულხართ?

მე ის ვიცი, რომ წესრიგი უნდა იყოს ყველგან, კანონი უნდა დაიცვას ყველამ.

  • სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების გამო უნდა დაისაჯოს ადამიანი?

არა კაცო, მაგაზე ვინმე არ დაიჭერს. მაგრამ სად უნდა გამოხვიდე, როგორ უნდა გამოხვიდე, უნდა იცოდე. ახლა გამოხვიდე და მანქანები არ გაატარო ქუჩაში და რაღაცა, შეურაცხყოფა მიაყენო ვიღაცებს, ქვეყანას, პარლამენტის შენობა დააზიანო, ეგ არა.

ყველამ, ვინც დააშავებს, პასუხი უნდა აგოს – დიდმაც, პატარამაც, ერმაც და ბერმაც.

  • ის ხომ ნახეთ, დეკემბერში 400-მდე ადამიანი რომ დააკავეს, 100-მდე ადამიანს სასიკვდილოდ სცემეს, დაასისხლიანეს, მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის იბრძვის ეს ხალხი. ამაზე რას ფიქრობთ?

არ ვიცი… ვინც დააშავებს, პასუხი უნდა აგოს.

  • ანუ, ჟურნალისტების დასისხლიანება თქვენთვის მისაღებია?

ვინც სცემა, ისიც უნდა დაისაჯოს. არავის დატოვებენ დაუსჯელს, ჩემი აზრით.

  • სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება როგორ გესმით, როგორ ასწავლით ამას ბავშვებს სკოლაში?

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება რას ნიშნავს, იცით? ისეთი რამ უნდა გამოხატო, რომელიც კანონიერ ჩარჩოებშია და არ უნდა გასცდე.

  • მაგალითად, როგორც მოქალაქეს თუ მაქვს უფლება ვთქვა, რომ არ მომწონს ხელისუფლება და მათი გატარებული პოლიტიკა ცალკეულ საკითხებში?

ახლა შენ თუ ყველაფერზე იძახი, არ მომწონსო… არის ხალხი, რომელსაც არაფერი არ მოსწონს. ეს ხელისუფლება მოვა, არ მოსწონს, მეორე მოვა – არ მოსწონს, მესამე მოვა – არ მოსწონს. მათი მოსაწონი ხელისუფლება არ იქნება ამ ქვეყანაში.

ყველაფერზე იძახის, ეს არ მომწონს, ის არ მომწონს. მაგათ რომ მოეწონება, ისეთი საიდან მოვიყვანოთ, რომელი პლანეტიდან.

  • ამის თქმის გამო შეიძლება ადამიანი დასაჯო – დააჯარიმო, დააკავო?

თუ დააშავა, დასაპატიმრებელია.

  • ოპოზიციური პარტიები აკრძალეს ახლახან. ამაზე რას ფიქრობთ, როგორც პედაგოგი?

იმ პოლიტიკურმა პარტიებმა ძალიან ბევრი ხალხი უაზროდ გააუბედურა და რომელიც დასახურია და გასაუქმებელია, უნდა გაუქმდეს. ვინც ხალხს ქუჩაში გამოიყვანს და აი ამ საცობებს ქმნის ქუჩაში და ისეთ რაღაცებს. სამწუხაროდ, ბევრი ხალხი ქვეყნისთვის არ ფიქრობს, ყველას სკამი უნდა და ამ სკამს აყოლებს ქვეყანას.

  • „ქართული ოცნების“ ქმედებებიდან თქვენთვის რა არის ყველაზე მიუღებელი?

ყველაზე მეტად მიუღებელია ის, ვინც ამ ხალხის სატკივარზე არ ფიქრობს და ქვეყანა წაღმა კი არა, უკან უნდა რომ წაიყვანოს. ქვეყანა უნდა განვითარდეს და წავიდეს წინ და ხელს ნუ შეუშლიან.

ბოლოს და ბოლოს, უნდა გამოინახოს ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის საერთო ენა და ქვეყანა წინ უნდა წავიდეს.

______________

მთავარი ფოტო: „ოცნების“ მინისტრი პედაგოგებს აჯილდოებს.

„თივასთან ღვივის ნაპერწკალი. ეს ნერვების ომიცაა“ – ინტერვიუ „ოცნების“ პოლიტიკაზე

„ასეთი სიტუაციაა დაახლოებით, რომ წარმოვიდგინოთ: თივა და იქვე ღვივის ნაპერწკალი. ეს ნაპერწკალი პოტენციურად საკმარისია იმისთვის, რომ ხანძარი გაჩნდეს, მაგრამ ცეცხლი გაჩნდება იმ შემთხვევაში, თუ რაღაც მოხდება, მაგალითად, სიო დაუბერავს. რა შეიძლება იყოს სიოს გამომწვევი ფაქტორი, არავინ იცის.

ეს შეიძლება იყოს, როგორც საგარეო ფაქტორი, მაგალითად, უკრაინის ომის დამთავრება და მისი შედეგები ან საშინაო მოულოდნელი მოვლენა ან შემთხვევა, რომელიც არ იყო გათვალისწინებული. „ოცნებაშიც“ კარგად იციან, რომ მოულოდნელობის ფაქტორები ყოველთვის არსებობს პოლიტიკაში და ამიტომაც ბოლომდე ვერ გრძნობენ თავს კომფორტულად,“ – ამბობს პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია. მას ვესაუბრეთ „ოცნების“ რეჟიმის მორიგ გადაწყვეტილებაზე: „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სარჩელით სამი პოლიტიკური ძალის აკრძალვას ითხოვს.

  • ბატონო კორნელი, რა ეტაპზე გადადის „ოცნების“ რეჟიმი ოპოზიციური პარტიების აკრძალვით? 

ფაქტობრივად, საქართველო შედის პოსტკონსტიტუციურ მდგომარეობაში, როდესაც უკვე კონსტიტუციას და ქვეყნის ძირითად კანონებს არავითარი მნიშვნელობა აღარ ექნება, ისევე, როგორც კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს და სხვა დემოკრატიულ ღირებულებებს. ძალაუფლებაში მყოფი გუნდი ცდილობს, ავტორიტარიზმის კონსოლიდაცია მოახდინოს ბოლომდე.

შეიძლება, იმის სურვილიც ჰქონდეთ, რომ  დიქტატურული რეჟიმი დაამყარონ, თუ ხალხის ნება არ შეეწინააღმდეგება.

საქართველო უერთდება იმ ავტორიტარული ქვეყნების რიგს, სადაც ერთპარტიული სისტემაა, თუმცა ჩვენთან უფრო ოლიგარქიული სისტემაა, რომელიც ერთ არაანგარიშვალდებულ პიროვნებას ემორჩილება.

კორნელი კაკაჩია

მთელი სახელმწიფო აპარატი და მთელი პარტია ერთი ადამიანის პირად ინტერესებზეა მორგებული, რომელსაც საზოგადოებას ეროვნულ ინტერესად, ხოლო დემოკრატიული ინსტიტუტების დემონტაჟს, სუვერენიტეტის განმტკიცებად ასაღებენ.

აქამდეც იყო დიდი ნაპრალები ჩვენსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის, „ოცნების“ ანტიდემოკრატიული პოლიტიკიდან გამომდინარე, რამაც სერიოზულად დააზიანა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი. ახლა ეს ნაპრალი კიდევ უფრო იზრდება, მათ შორის, ისეთ სფეროებში, როგორიცაა განათლება.

რეპრესიული კანონების მიღებით კიდევ უფრო ვშორდებით დასავლეთს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანა შეუქცევადად მიდის თვითიზოლაციისკენ.

  • თქვენი დაკვირვებით, რატომ დასჭირდება „ოცნებას“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვა? ვგულისხმობ იმას, რომ დიქტატურაში არჩევნებს მაინც არ აქვს აზრი, ოპოზიციონერი ლიდერები ციხეში არიან, პოლიტიკურ აქტიურობას კი, ივანიშვილი პარტიის აკრძალვით ვერ შეაჩერებს…

„ქართული ოცნება“ ცდილობს მთლიანად გაანადგუროს ოპოზიციური სპექტრი და ზოგადად განსხვავებული აზრი, რომ მას პოლიტიკურ ველზე მომავალში არ ჰყავდეს სერიოზული მოწინააღმდეგე.

თუ სამოქალაქო საზოგადოება და თავისუფალი მედია არ იქნება, ოპოზიციური პარტიები აიკრძალება, არ არის გამორიცხული, „ოცნებამ“, რომელსაც, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ ლეგიტიმურობის სერიოზული პრობლემა აქვს, მომავალ წელს ჩაატაროს საპარლამენტო არჩევნები იმისათვის, რომ კონსტიტუციური უმრავლესობა მიიღოს და შემდეგ უკვე საბოლოოდ გაიფორმოს სახელმწიფოს მიტაცება ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე.

ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ, რა თქმა უნდა, ქართული საზოგადოება ამას წინ არ აღუდგება.

  • მაგრამ წინააღმდეგობა უწყვეტია და საპროტესტო აქცია გრძელდება.

დიახ, წინააღმდეგობა არსებობს. ამიტომაცაა, რომ ყოველდღიურად „ოცნების“ მიერ მიღებული კანონები კიდევ უფრო რეპრესიული ხდება. ეს უკვე ინდიკატორია იმის, რომ მანამდე არსებული შეზღუდვები არაეფექტური აღმოჩნდა და ისე არ მუშაობს, როგორც მის ავტორებს ჰქონდათ ჩაფიქრებული და განსაზღვრული.

ეს ნიშნავს ასევე იმას, რომ საზოგადოებრივი წინააღმდეგობა იზრდება და განსაკუთრებით დიდ ქალაქებში ეს აშკარად ჩანს.

  • ამ რეალობაში „ოცნებას“ მაინც აქვს იმის იმედი, რომ პროტესტის ჩახშობას, ხალხის დაშინებას შეძლებს?

„ოცნების“ მიზანია მთელი ქვეყანა, ქართველი ხალხი და საერთაშორისო საზოგადოება შეაგუოს იმ აზრს, რომ აქ საბოლოოდ მყარდება ოლიგარქის ინტერესს დაქვემდებარებული, ავტორიტარული რეჟიმი, რომელსაც არაფერი საერთო არა აქვს ევროპულ ღირებულებებთან. ამასთანავე, „ოცნების“ სურვილია ყველამ დროზე გააცნობიეროს და მიიღოს ადგილზე არსებული „ახალი რეალიები“.

ამისთვის „ოცნება“ წარმატებით იზიარებს პოსტსაბჭოთა ავტორიტარული რეჟიმების გამოცდილებას, იგივე რუსეთის, ბელარუსის, აზერბაიჯანის სახით. სწორედ იქიდან არის ეს პროცესი შთაგონებული. ამიტომაცაა, რომ საქართველოში ძალიან სწრაფად იღებენ რეპრესიულ კანონებს იგივე რუსეთისგან განსხვავებით, სადაც წლები დასჭირდა იმავე პროცესს. სხვანაირად რომ ვთქვათ, „ოცნებას“ აქვს ავტორიტარული მართვის გამზადებული შაბლონები და ამიტომაც, პირდაპირ გადმოიღეს ეს მოდელები და არ გასჭირვებიათ თავიანთ თავზე მორგება.

თუმცა ფაქტია ისიც, რომ სხვა ქვეყნების გამოცდილება საქართველოში ბოლომდე არ მუშაობს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქართველ ხალხს ისტორიულად გააჩნია პროტესტის კულტურა და უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლის უნარი.

აქედან გამომდინარე, სწორედ ახლა იქნება გადამწყვეტი მომენტი: რამდენად მოახერხებენ ისინი შეაგუონ საზოგადოება ავტორიტარიზმს. ფაქტია, რომ საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი არ და ვერ ეგუება ამ პროცესს.

ამ ხელისუფლების მთავარი სისუსტე ისიცაა, რომ მას არ აქვს ქართული საზოგადოების გაერთიანების უნარი და პოტენციალი. თავისი არსით ის უფრო „ეროვნული უთანხმოების“ მთავრობაა, ვიდრე პირიქით. ამ დროს ნებისმიერი პასუხისმგებელი ხელისუფლება დიალოგის გზით უნდა ცდილობდეს საზოგადოების კონსოლიდაციას საერთო-ეროვნული მიზნების გარშემო. ამას „ოცნება“ ვერ ახერხებს და ეს საკმაოდ ასუსტებს ქვეყნის მედეგობას.

მიუხედავად იმისა, რომ ჯიუტად უარყოფენ, ფაქტია, რომ „ოცნება“ რუსული ტიპის მმართველობისკენ არის მიდრეკილი, თუ ეს გამოუვიდათ.

არ მგონია, რომ ჩვენგან ახალი ბელარუსი გამოვიდეს. უფრო, იკვეთება სურვილი, რომ აზერბაიჯანის ტიპის ავტორიტარული სისტემა დაამკვიდრონ იმ განსხვავებით, რომ ჩვენთან ოჯახური დინასტიის ნაცვლად ოლიგარქი იქნება მმართველობაში განუსაზღვრელი ვადით. აზერბაიჯანი ატარებს „ფორმულა ერთის“ და სხვა საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებს, ანუ მთლად იზოლირებული არ არის. სავარაუდოდ, ასეთი მოდელი აქვთ, ალბათ, წარმოდგენილი.

გულახდილად რომ ვთქვათ, სომხეთის გარდა, ალბათ, ყველა მეზობელი კმაყოფილი იქნება ამ მოდელით: ჩვენს სამეზობლოს თუ გადავხედავთ, საქართველო იყო ყოველთვის თავისუფლების და დემოკრატიის ერთგვარი კუნძული და ოდნავ ამოვარდნილი იყო რეგიონული მოდელიდან. თუ ქართული დემოკრატიული სახელმწიფო გაქრება, ყველა ჩვენი ავტორიტარი მეზობელი კმაყოფილი იქნება. გადავხედოთ ჩვენს მეზობლებს: ირანი, თურქეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი – ყველა მეზობელი ასეთია.

უკვე საუბრობენ კიდეც სამხრეთ კავკასიაში ახალი რეგიონული წესრიგის შექმნაზე, რომელიც რეგიონის ქვეყნებს სწორედაც რომ ავტორიტარიზმის გარშემო გააერთიანებს.

  • ჩანს უკვე რეგიონში ამის ნიშნები?

ჯერჯერობით ბოლომდე არაა პროცესი მიყვანილი, რადგან სომხეთი აშკარად ამოვარდნილია ამ კონტექსტიდან. მომავალი წლის არჩევნებზეა დამოკიდებული სომხეთის დემოკრატიული განვითარების შესაძლებლობები. თუ რუსეთმა მოახერხა იქ ხელისუფლების შეცვლა, შემდეგ უკვე შესაძლებელი იქნება.

  • ამ ვითარებაში, როდესაც საქართველო პრაქტიკულად ქრება დასავლეთის პოლიტიკური დღის წესრიგიდან, რა ფაქტორებმა შეიძლება მოუტანოს წინააღმდეგობას საქართველოში წარმატება?

ვერ ვიტყოდი, რომ საქართველოს მიმართ დასავლეთის ინტერესი საბოლოოდ გამქრალია. მართალია, ამ ეტაპზე საქართველო არ მოიაზრება, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, მაგრამ ყურადღება არსებობს. ეს ინტერესი მკაფიოდ ჩანს იგივე ევროპული სტრუქტურების წარმომადგენლების განცხადებებსა და ქმედებებში.

თუმცა წინააღმდეგობის წარმატების ძირითადი ფაქტორი მაინც ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების სურვილზეა დამოკიდებული. რა სურს საზოგადოებას: გააგრძელოს დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა და ევროკავშირთან ინტეგრაცია, თუ მიიღოს ავტოკრატიული მმართველობა ოლიგარქიული ელფერით და დაუბრუნდეს იმ ნაცრისფერ ზონას, რომელსაც ძლივს დავაღწიეთ თავი.

ხელისუფლების აქტიური მცდელობების მიუხედავად, რომ ხალხი დააშინოს და შეაგუოს ამ პირობებს, საზოგადოება არ ეგუება ავტოკრატიულ მმართველობას. ეს ბრძოლა თავისებური „ნერვების ომიცაა“ და გარდამტეხი მომენტი დამოკიდებულია იმაზე, ვინ უფრო მეტს მოითმენს და ვის უმტყუნებს ნერვები. ჯერჯერობით „ოცნებამ“ ვერ მოახერხა ამ წინააღმდეგობის გატეხა.

ასეთი სიტუაციაა დაახლოებით, რომ წარმოვიდგინოთ: თივა და იქვე ღვივის ნაპერწკალი. ეს ნაპერწკალი პოტენციურად საკმარისია იმისთვის, რომ ხანძარი გაჩნდეს, მაგრამ ცეცხლი გაჩნდება იმ შემთხვევაში, თუ რაღაც მოხდება, მაგალითად, სიო დაუბერავს. რა შეიძლება იყოს სიოს გამომწვევი ფაქტორი, არავინ იცის.

ეს შეიძლება იყოს, როგორც საგარეო ფაქტორი, მაგალითად, უკრაინის ომის დამთავრება და მისი შედეგები ან საშინაო მოულოდნელი მოვლენა ან შემთხვევა რომელიც არ იყო გათვალისწინებული. „ოცნებაშიც“ კარგად იციან, რომ მოულოდნელობის ფაქტორები ყოველთვის არსებობს პოლიტიკაში და ამიტომაც ბოლომდე ვერ გრძნობენ თავს კომფორტულად.

  • პროტესტის პარალელურად „ოცნება“ მიტაცებული ძალაუფლებით ვერ გააძლიერებს ავტორიტარიზმს?

ძალიან გაჭირდება, რადგან საზოგადოებამ ლეგიტიმაცია უნდა მისცეს და მიიღოს მმართველობის ის რეჟიმი, რასაც „ოცნება“ ამკვიდრებს.

ამასთანავე, როგორც ზემოთ აღვნიშნე, „ოცნების“ პოლიტიკა არ არის მიმართული ეროვნული თანხმობისკენ და ამის მიღწევის რესურსი არა აქვს. პირიქით, ისინი ხელოვნურად ხელს უწყობენ საზოგადოების დაყოფას და გახლეჩას, მაგრამ ამ პოლიტიკით ვერ მიაღწევ ამ მიზნებს. პირიქით, ამ პოლიტიკით ბევრი გადაიმტერეს უკვე და ეს პროცესი გრძელდება.

საბოლოოდ ამ დაყოფის და რეპრესიების პოლიტიკით შეიძლება მიიღო ისეთი რეალობა, როცა თანდათანობით ყველა უკმაყოფილოა და შენ წინააღმდეგაა განწყობილი. თოვლის გუნდის პრინციპი მუშაობს: პატარა გუნდა მოძრაობაში შესაძლოა გადიდდეს გზადაგზა და საბოლოოდ ზვავიც კი გამოიწვიოს.

საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში საზოგადოებასთან აგრესიული დაპირისპირების პოლიტიკით აუცილებლად წააგებ, იმიტომ, რომ უბრალოდ, დროის საკითხია, როდის აღმოჩნდები უმცირესობაში. ეს პროცესი შესაძლოა კიდევ უფრო დაჩქარდეს იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლებას არა აქვს დიალოგის არც სურვილი და არც რესურსი.

„ნინო დღეს მოიყვანეს ეტლით, სადაც იჯდა გაცრეცილი, გაშეშებული კისრით“

გოდი ფრუიძე ფეისბუქზე წერს, რომ დღეს, 28 ოქტომბერს, რუსთავის ქალთა კოლონიაში მან მოინახულა პატიმრობაში მყოფი ნინო დათაშვილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შემაშფოთებელია.

„დღეს ნინო დათაშვილი, ჩემი მეუღლე, ვნახე (ქალთა) მეხუთე პენიტენციურ დაწესებულებაში მისივე მოთხოვნით (დილით დამირეკა), რათა მენახა მისი კიდევ უფრო გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობა და ამბავი მომეტანა ხალხთან.

ეს ბოლო სამი პაემანია, ნინო ვერ ამოდის პაემნების ოთახში კიბეებზე მეორე სართულზე და ამიტომ შეხვედრა გვაქვს პირველ სართულზე, ლოქერებიან ნახევრად კორიდორში, სადაც პერიოდულად გადი-გამოდიან თანამშრომლები და შეაქვთ/გამოაქვთ გზავნილები.

ნინო დღეს მოიყვანეს ეტლით, სადაც იჯდა გაცრეცილი, გაშეშებული კისრით და ოთახში, სადაც უნდა მენახა, ძლივს ავიყვანეთ (კიბის ერთ საფეხურზეა ფეხი ასაწევი). სკამზე დასმაც გაგვიჭირდა, რომ მისთვის ტკივილები კიდევ უფრო არ გაგვემძაფრებინა.

თვეზე მეტია, ნინო დადის გაშეშებული მარჯვენა ფეხით, ასევე მარჯვენა ხელიც აქვს გაშეშებული და 4 დღე ვერც ვამოძრავებდიო. ასევე კვირაზე მეტია, კისერი აქვს გაშეშებული მწვავე ტკივილით და წინა კვირას რომ მარცხენა ტერფს წვერით ადგამდა, ახლა კიდევ უფრო უჭირს მარცხენა ფეხის გამოყენებაც.

აგვისტოს სამედიცინო დასკვნების მიხედვით, 2019-ში ნაოპერაციები წელის დისკი L5 კიდევ საოპერაციოა ახლა, და არა მარტო ნაოპერაციევი მარცხენა ნაწილით, არამედ მარჯვნივაც აწვება ნერვს. ოქტომბერში ეს მდგომარეობა გაუარესებულია და ასევე ამას ემატება კისრის თიაქარი ორ მალაზე, რისი ოპერაციაც კიდევ უფრო სასწრაფოა. ნინომ თქვა, რომ თუ ადრე წელს ქვემოთ მოწყვეტის ეშინოდა, ახლა კისერს ქვემოთ შესაძლო მოწყვეტა გახდა სანერვიულო!

9 ივნისს რომ საქალაქო სასამართლოს მანდატურებმა იძალადეს ნინოზე და ათრიეს დერეფანში, სავარაუდოდ, კიდევ უფრო დაუზიანეს ნაოპერაციევი ხერხემალი და ასევე დაუზიანეს კისერიც. იმის ნაცვლად, გამოძიება დაწყებულიყო მის მიმართ ძალადობის საქმეზე, აქეთ მოსდეს შარი და უკანონოდ გამოამწყვდიეს ციხეში.

შეგახსენებთ, რომ ადვოკატებმა ნინოს პრობლემატური ჯანმრთელობის დასტურად სასამართლოში წარადგინეს სამედიცინო დოკუმენტები, რომ აღკვეთის ღონისძიება არ ყოფილიყო დაშვებული. პროკურატურამ და სასამართლომ ეს მდგომარეობა არათუ გაითვალისწინა, არამედ თითიდან გამოწოვილი მიზეზით მოინდომა ციხეში გამომწყვდეული ნინო დათაშვილის გიჟად შერაცხვა და ამაში მხარში ამოიყენა ნაზი შამანაურის ერთ-ერთი ჯალათი ფსიქიატრი დავით მაღრაძე. მხოლოდ ხალხის სამართლიანმა აღშფოთებამ გადაარჩინა ნინო ფსიქიატრიულში გამოკეტვას!

ნინომ რომ წელის თიაქრის ოპერაცია გაიკეთა 2019 წელს, მაშინ რამდენიმე თვე გაუმჯობესება არ იყო და დადგინდა ნაოპერაციევი თიაქრის რეციდივი, თუმცა სახლის პირობებში ჩემი მხრიდან დამატებითმა მზრუნველობამ, ასევე ფიზიოთერაპიის 10+5 პროცედურამ შედეგი გამოიღო და მისი ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდა ასე, სახლის პირობებში ზრუნვით მოაღწია ნინომ 2025 9 ივნისამდე.

რაც შეეხება ციხის პირობებს:

კვებაზე სერიოზული შეზღუდვაა, საპირფარეშო არის ჩეჩმა, რკინის საწოლი ვიწრო, ლეიბი ბუტაფორია, რომელიც საწოლზე სრიალებდა და ვარდებოდა; საბანი ისეთი იყო, ნინო ვერ იფარებდა და მთელი ზაფხული იყო უსაბნოდ, კონვერტის ამარა, სანამ არ გაურთულდა მდგომარეობა და სამი თვის თავზე არ დაგვრთეს პლედის შეტანის უფლება.

სექტემბრის შუა რიცხვებში გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მაინც არ გადაიყვანეს საავადმყოფოში წესიერი რეაბილიტაციისათვის და გადაიყვანეს ეგრეთ წოდებულ ადაპტირებულ ოთახში, სადაც საწოლი მაინც ხისტია, უბრალოდ ჩეჩმის ნაცვლად უნიტაზია და დუშიც პრივატულად არის, თუმცა თუ ნინო ისეთ სიტუაციაშია, მოძრაობა უჭირს, ეს დუში ვერაფერი ხეირია ორ კვირაში ერთხელ წვალებით ბანაობისთვის.

ამას ისიც ემატება, რომ ამ ადაპტირებულ საკანში ამ დილით კანალიზაციას ამოუხეთქავს და პარკეტზეც გადმოსულა, რის მერეც პარკეტმა შეიწოვა და კედლებიც 40 სანტიმეტრამდე სველი/ნესტიანიაო, გათბობა 30-ზე დავაყენე, იქნებ დროზე გამოშრეს, რათა ნესტმა კიდევ უფრო არ დამინგრიოს ჯანმრთელობაო! სოცმუშაკი ახალგაზრდა კაცი და ციხის თანამშრომელი ქალი შეესწრო ამ საუბარს და იმ ქალმა, პრობლემა ხომ მოგვარდაო… ტუალეტის სუნში და ბაქტერიებში რომ უნდა გაატაროს ისედაც დაუძლურებულმა და ცუდად მყოფმა ნინომ დღეები თუ თვეები, ამას უწოდებს ეს ქალბატონი „მოგვარებას“?!

არა, უდანაშაულო ნინომ არცერთი საათი არ უნდა გაატაროს ციხეში, მითუმეტეს ამ მდგომარეობაში! მას სჭირდება სასწრაფოდ რეაბილიტაცია, რომ ძვლის და სახსრების რეგრესიის ციხეში დაწყებული პროცესი სასწრაფოდ შეჩერდეს და ადამიანი, მოქალაქე, მასწავლებელი, მკვლევარი, განათლების ადმინისტრირების მაგისტრატურის მეორე კურსის სტუდენტი ნინო დათაშვილი გადარჩეს ხეიბრობას და შესაძლო სიკვდილს!“ – წერს გოდი ფრუიძე.

დღეს, 28 ოქტომბერს, ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR), რომელიც სინდისის პატიმრის, ნინო დათაშვილის უფლებებს იცავს სასამართლოში, ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე განცხადება გაავრცელა.

PHR-ი წერს, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და ხვალინდელ პროცესზე ორგანიზაცია სასამართლოს პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართავს.

სამოქალაქო აქტივისტი, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ნინო დათაშვილი სასამართლოს მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით 20 ივნისს დააკავეს. პროკურატურა ცდილობს თავდასხმად დააკვალიფიციროს ინციდენტი, რომელიც დათაშვილსა და მანდატურებს შორის მოხდა ნინოს სასამართლოდან ძალის გამოყენებით, იძულებით გაძევებისას.მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353 მუხლით დაიწყო.

 

„მარჯვენა ხელ-ფეხს ფაქტობრივად ვერ ამოძრავებს“ – აქტივისტი ნინო დათაშვილზე

პროევროპული აქციების მონაწილე, ნინო კალანდია ფეისბუქზე წერს, რომ ესაუბრა პატიმრობაში მყოფ მასწავლებელს, ნინო დათაშვილს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობას მნიშვნელოვნად დამძიმდა.

„ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად დამძიმდა.

24 ოქტომბერს „ვივამედში“ ჩაუტარდა მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია. დასკვნაში წერია, რომ გამოვლენილია დიაგნოზი, რაც არ იყო დაფიქსირებული ორი თვის წინ გაცემულ სამედიცინო დოკუმენტში. კერძოდ M50.2. კისრის სეგმენტის მალთაშუა დისკების ცდომები.C5 C6 დისკების თიაქრები, რომელიც საჭიროებს ქირურგიულ ოპერაციას.

დღევანდელი მდგომარეობით, ნინოს ესაჭიროება ორი ქირურგიული ოპერაცია. პრიორიტეტულად, პირველ რიგში გასაკეთებელია კისრის მალების ოპერაცია.

თქვენ წარმოგიდგენიათ ციხის პირობებში პოსტოპერაციული პერიოდი? ამ მძიმე ოპერაციის შემდეგ ციხის საკანში რეაბილიტაცია წარმოგიდგენიათ ვინმეს რა ჯოჯოხეთი იქნება?

დილას დამირეკა ნინომ და მითხრა, რომ აქამდე თუ წელსქვემოთ მოწყვეტის ეშინოდა, ახლა კისერს ქვემოთ მოწყვეტის ეშინია. მარჯვენა ხელს და ფეხს ფაქტობრივად ვერ ამოძრავებს. საჭმლის ჭამაც კი უჭირს.

და ამ ყველაფრის ფონზე, დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკის გამო ზის ციხეში, იმიტომ, რომ მედეა ცირამუას [პროკურორი] ჰგონია ასე.

ანდერძი დავწერეო – მითხრა. წარმოიდგინეთ ხალხო, რა დღეშია ადამიანი.

ხვალ, 12 საათზე ნინოს სასამართლო სხდომა გაიმართება და კი არ მჯერა რასაც ვამბობ, მაგრამ იქნებ შეერხეს რაღაც სიმები თამარ მჭედლიშვილს. მართლა რა სისასტიკეა ადამიანის ამ მდგომარეობამდე მიყვანა და ამაზე არ რეაგირება“ – წერს ნინო კალანდია.

დღეს, 28 ოქტომბერს, ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR), რომელიც სინდისის პატიმრის, ნინო დათაშვილის უფლებებს იცავს სასამართლოში, ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე განცხადება გაავრცელა.

PHR-ი წერს, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და ხვალინდელ პროცესზე ორგანიზაცია სასამართლოს პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართავს.

სამოქალაქო აქტივისტი, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ნინო დათაშვილი სასამართლოს მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით 20 ივნისს დააკავეს. პროკურატურა ცდილობს თავდასხმად დააკვალიფიციროს ინციდენტი, რომელიც დათაშვილსა და მანდატურებს შორის მოხდა ნინოს სასამართლოდან ძალის გამოყენებით, იძულებით გაძევებისას.მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353 მუხლით დაიწყო.

კატასტროფული იქნება ის შედეგები, რაც ამ „რეფორმას“ მოჰყვება – ნინო დობორჯგინიძე

„აკადემიური საზოგადოება არ არის ის საზოგადოება, რომელსაც დააშანტაჟებ იმით, რომ სახლში გადამალულ ოქროს ზოდებს ან დოლარებს გამოუფენ. ამ ქვეყანაში მთავარი გამჭოლი იდეა ყოველთვის იყო განათლება, სწორედ ამიტომ არ გამოვა ამათი გეგმა“, – ამბობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ნინო დობორჯგინიძე „ბათუმელებთან“.

მას „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებული რეფორმის საფრთხეებზე ვესაუბრეთ.

  • ქალბატონო ნინო, მინდა ილიაუნის მაგალითზე ვისაუბროთ იმ საფრთხეებზე, რაც ირაკლი კობახიძის მიერ დაანონსებული რეფორმით ემუქრება უნივერსიტეტებს. რა დარჩება მაგალითად ილიაუნისგან, თუკი ეს ცვლილება განხორციელდა?

ეს რეფორმა მარტო ილიას უნივერიტეტს არა, ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტს ეხება და კატასტროფული იქნება ის შედეგები, რაც ამას მოჰყვება. რეფორმის ავტორები, რომელთა შორის საერთოდ არ არიან  საუნივერსიტეტო სფეროს წარმოამდგენლები, ამბობენ, რომ ევროპული, დასავლური ტიპის საგანმანათლებლო პროგრამები უნდა შევთავაზოთ ქართველ ახალგაზრდებს, რომ სხვაგან არ დასჭირდეთ წასვლაო. ამ დროს რას აპირებენ? ყველაზე დასავლური სტანდარტების უნივერსიტეტს, რომელიც საერთაშორისო რეიტინგების მიხედვით ქვეყანაში პირველია საგანმანათლებლო პროგრამების, კვლევითი პროექტებისა თუ ინტერნაციონალიზაციის ხარისხით, „ჰპირდებიან“, რომ 70-იან წლებში პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი რომ იყო, იმის პროფილს დაგიტოვებო.

წარმოუდგენელი რაღაცაა.

იმ სამგვერდიან დოკუმენტში, რომელიც წარმოგვიდგინეს, საერთოდ არ არის ლაპარაკი თანამედროვე უნივერსიტეტების განვითარების კანონზომიერებაზე. იმაზე, ტექნოლოგიური პროგრესი რა გამოწვევების წინაშე დააყენებს უნივერსიტეტებს და რა სტრატეგია აქვს ქვეყანას, რომ დაეხმაროს ქართულ უნივერსიტეტებს. ამის შესახებ საერთოდ არაფერია ნათქვამი დოკუმენტში. ამდენად, ის აცდენილია თანამედროვე საუნივერსიტეტო განვითარების ლოგიკას.

  • წარსულში დაბრუნება რომ პროგრესი ვერ იქნება ფაქტია, არა? 

ცხადია. დღეს 21-ე საუკუნეში, იმაზე კი არ გვესაუბრებიან, როგორ დავძლიოთ მცირერესურსიან ქვეყანაში უნივერსიტეტების გამოწვევები, არამედ „გვპირდებიან“, რომ გაყიდიან საუნივერსიტეტო შენობებს და რეფორმას ამის ხარჯზე „გაატარებენ“.

ამ დროს დღე არ გავა ბრიფინგი არ გამართონ, როგორ დაიჭირეს ადამიანები, რომლებსაც საგანმანათლებლო სფეროში ინფრასტრუქტურული ვალდებულებები ჰქონდათ და არ შეასრულეს. ორი თვის წინ იყო, რომელიღაც მინისტრის ბიძაშვილი თუ მამიდაშვილი დაიჭირეს, რომელმაც 35 თუ 38 მილიონის ტენდერები მოიგო, სკოლები და ბაღები უნდა აეშენებინა, მაგრამ არაფერი გააკეთა და ხუთი წლის თავზე იჭერენ ამ კაცს. ახლა წარმოიდგინეთ, უნივერსიტეტის შენობები უნდა გაყიდონ თურმე და მერე უნდა დაიწყონ რაღაცის აშენება.

აქვე გვაქვს მაგალითი, როცა სპორტის უნივერსიტეტი გაყიდეს, ჯერ თქვეს, აქვე უნდა აშენდესო, მერე, როგორც ჩანს, მყიდველს პრობლემები შეექმნა და სპორტის უნივერსიტეტი დღემდე სხვა უნივერსიტეტის შენობაშია შეყუჟული. არ ვაპირებთ, ასეთი ბედი გაიზიაროს ილიას უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურამ. 

სპორტის უნივერსიტეტის ყოფილი კანცლერი, ბატონი  ბოჟაძე, ახლა „ქართული ოცნების“ დეპუტატია. ჰკითხეთ, რა გეგმა აქვთ, როდის აშენდება უნივერსიტეტის შენობა და სად. 

ქართული უნივერსიტეტები ურთულეს 90-იან წლებში იქ მომუშავე ადამიანების დიდი ძალისხმევით გადარჩა. არ მგონია, რომელიმე უნივერსიტეტი დათანხმდეს, რომ მათი სასწავლო და კვლევითი ინფრასტრუქტურა მიჰყიდოს სახელმწიფომ ვიღაც კერძო პირებს, რომელსაც ხუთი წლის მერე ბრალდებულის სკამზე ვიხილავთ.

სკოლას ვერ ნახავთ, გასარემონტებელი რომ არ იყოს. დაანგრიეს სკოლები და წლებია, ვერ ააშენეს, სამ ცვლაში სწავლობენ ბავშვები, მიუხედავად იმისა, რომ ამ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის ფული დიდწილად ევროკავშირის და სხვა დიდი ფონდების მიერ არის გამოყოფილი.

  • ილიაუნის გადატანას რუსთავში მოიაზრებენ, როგორც მოვისმინეთ. რამდენად რეალური იქნება იქ ასეთი მასშტაბური საუნივერსიტეტო ცენტრის აშენება?

სრულიად გაურკვეველია, როგორ წარმოუდგენიათ ეს „იყიდე-გაყიდე“ სწავლისა და კვლევის პროცესის პარალელურად. განსაკუთრებით საინტერესოა, რას უპირებენ წლების განმავლობაში ჩვენს უნივერსიტეტში სხვადასხვა საერთაშორისო პროექტის ფარგლებში შეძენილ და აწყობილ ურთულეს ლაბორატორიებს, თუ აღარაა საჭირო კვლევა და მხოლოდ მომსახურების სფეროს მოთხოვნის მიხედვით უნდა „ავაწყოთ“ ახალი პროგრამები?

ილიას უნივერსიტეტი ერთადერთი სახელმწიფო უნივერსიტეტია, რომელმაც საკუთარი სახსრებით ააშენა ახალი სასწავლო – ტექნოლოგიები სკოლისთვის, რომელიც უახლესი ლაბორატორიებითაა აღჭურვილი (მილენიუმის პროგრამის ფარგლებში), გვაქვს ამერიკული აკრედიტაციის პროგრამა, სამი პროგრამა  ახლა გადის აკრედიტაციის პროცესს. უზარმაზარი რესურსი ჩაიდო თანამედროვე სტანდარტების მონაცემთა ცენტრის შექმნაში, უძლიერესი პროფესურა გვყავს ამ მიმართულებით და ახლა სახელმწიფომ უნდა ამიკრძალოს ტექნოლოგიის პროგრამები  და დამავალდებულოს, გასული საუკუნის 70-იან წლებში რა პროგრამებიც იყო, ისაა შენი ტრადიციაო? აბსურდია! 

  • სტუდენტების მიღებასაც ხომ თავისი ლიმიტი აქვს?

ამას რომ თავი დავანებოთ, ქართულ საუნივერსიტეტო ტრადიციას თავისი „მეხსიერების ადგილები“ აქვს, ძალიან მნიშვნელოვანი ისტორია. წაიკითხონ აკაკი შანიძის, ივანე ჯავახიშვილის, პეტრე მელიქიშვილის და სხვების წერილები უნივერსიტეტის გახსნის წინ, 1918 წელს, ნახონ რას ეფუძნებოდა მათი არგუმენტაცია, როგორ წარმოედგინათ საუნივერსიტეტო განათლების განვითარება. არ შეიძლება, ასე ერთი ხელის მოსმით დაანგრიო ყველაფერი ისე, რომ არავის დაეკითხო. მათ შორის იმ სფეროს წარმომადგენლებს, რომელთა „გაჯანსაღებასაც“ აპირებ.

ეს რეფორმა გულისხმობს საგანმანათლებლო სექტორში სახელმწიფოს წილის მნიშვნელოვნად შემცირებას. სახელმწიფოს ექნება მინიმალური ვალდებულება და შენ თუ გინდა ისწავლო, ჩააბარე კერძო უნივერსიტეტში, რომლის ღირებულებაც კიდევ უფრო გაიზრდება. და რას ვეუბნებით სტუდენტებს, გორში რომ აგრონომიული, ან პედაგოგიური  გექნება მაინც და მაინც იქ ისწავლე, რადგან იქ დაიბადეო?

პროფესიული იქნება პრიორიტეტულიო რომ ამბობენ, კონკურენცია პროფესიულ განათლებაზე ნამდვილად არსებობს საქართველოში, ოღონდ კარგ პროფესიულ განათლებაზე. სცადეთ და ჩაეწეროთ კულინარიის აკადემიაში თავისუფალ უნივერსიტეტში, სამი და ოთხი სემესტრის ადგილები უკვე შევსებულია, მაგრამ მთელი საგანმანათლებლო სისტემა რესტორნების მომსახურე პერსონალად ხონ ვერ იქცევა? მეცნიერება და კვლევაც სჭირდება დანარჩენ საქართველოს.

კი ბატონო, ააშენონ რუსთავში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა. მაგალითად, ააშენონ ბიოქიმიური ლაბორატორიები, რომელიც ძალიან ძვირი ჯდება და არ მიუწვდება ხელი უნივერსიტეტებს, იყოს ის ხელმისაწვდომი ყველა უნივერსიტეტისთვის, საერთო საცხოვრებელი ააშენონ სტუდენტებისთვის. ჩვენ გვაქვს საერთო საცხოვრებლის აშენების გეგმა, ადგილიც გვაქვს, რომელზეც ავარიული შენობა დგას, მასში ლტოლვილები ცხოვრობენ. ვთხოვეთ მერიას დახმარება, რომ გაგვიცვალონ ნებისმიერ სხვა ადგილზე და იქ ავაშენებთ, მაგრამ სამწუხაროდ, უარი გვითხრეს. 

ქუთაისი რა, მზად არის, რომ ამდენი სტუდენტი მიიღოს? ის ქუთაისელი თბილისში ჩამოდის, რომ რამე სამსახური იშოვოს. რამე მოამზადეს საამისოდ? ყველაფერი ბუნდოვანია, გარდა ერთისა: შენობებს გავყიდით. 

  • ასეთი პარადოქსებიც გვაქვს, სამწუხაროდ.

დოკუმენტში უწერიათ, რომ სწავლება და კვლევა მჭირდოდ უნდა დავაკავშიროთ ერთმანეთთანო.  მეგონა ილიაუნი საუკეთესო პრაქტიკის მაგალითად იქნებოდა დასახელებული, იმიტომ, რომ საუკეთესო კვლევითი უნივერსიტეტია საქართველოში ინტერნაციონალიზაციის ყველაზე მაღალი ხარისხით, 14 ორმაგი და ერთობლივი ხარისხის პროგრამა მოვამზადეთ ცნობილ ევროპულ უნივერსიტეტებთან ერთად გავცემთ დიპლომებს. საქართველოს უნივერსიტეტები თუ იკავებენ 1200-დან 1500-მდე ადგილს საერთააშორისო რეიტინგებში, ილიაუნი ძალიან მნიშვნელოვანი დარგების მიხედვით 350-დან სადღაც 600-მდე უნივერსიტეტებს შორისაა კვლევის ციტირებით და გავლენით. და რა? უნდა ამიკრძალონ ამ ყველაზე წარმატებულ დარგებში პროგრამების ქონა? სხვათა შორის, ამ პროგრამებს უკვე გავლილი აქვს აკრედიტაცია 6 წლით. 

ერთი მხრივ, ამბობენ, კვლევა და საერთაშორისო სტანდარტების პროგრამებია ჩვენი პრიორიტეტიო და გვიპირებენ გადვაბრუნონ საბჭოთა კორუმპირებული პედინსტიტუტის „პროფილში“.

  • თუ ეს ყველაფერი მოიშალა, თქვენი პროგრამები ხომ აღარ იქნება თანხვედრაში დასავლურ მოდელთან. გამოდის, ყველაფერი ჩამოიშლება?

რომელ დასავლურ მოდელზეა ლაპარაკი. ბოლონიის პროცესსაც გამოვეთიშებით საერთოდ – მე ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით სახელმწიფო მის მიერ შექმნილ სისტემებს მთლიანად აუქმებს. თუ ასე მინისტრებმა უნდა გადაწყვიტონ, სად რა პროგრამა იქნება, ხარისხის ეროვნული ცენტრი რაღა საჭიროა? ან ხომ არ გგონიათ, რომ ასეთი ცენტრალიზებულად დაგეგმილი საბჭოური პროგრამებით დარჩება საქართველო საერთაშორისო სააკრედიტაციო ასოციაციების წევრად? 

არ არსებობს ქვეყანა, სადაც პრემიერ-მინისტრები და მაღალი რგოლი განსაზღვრავს, რომელ უნივერსიტეტში რომელი პროგრამა უნდა იყოს. სახელმწიფოს ამისთვის აქვს სტრუქტურები, მათ შორის ხარისხის ეროვნული ცენტრი, რომელიც ადგენს ხარისხის რა სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს პროგრამა.

სახელმწიფოს, რა თქმა უნდა, შეუძლია განსაზღვროს პრიორიტეტული დარგები და უნდა დაუკვეთოს უნივერსიტეტებს, აკონტროლოს, რამდენად ხარისხიან განათლებას აძლევენ სტუდენტებს, მაგრამ ამათ ახლა გადაწყვიტეს, თვითონ განსაზღვრონ, რომ თურმე ახალი „მეთოდოლოგია“ შემოიტანონ:  ერთი ფაკულტეტი უნდა იყოს ერთ ქალაქში. საბჭოთა კავშირშიც კი არ იყო ასე.

არანაირ მოდელში ეს არ ჯდება.

სკოლებში მე-12 კლასი უნდა გავაუქმოთ, ბავშვები მაინც არ დადიანო – იმიტომ არ დადიან, რომ სკოლა ვერ აძლევს განათლებას და მშობლები იძულებულები არიან, ეს განათლება კერძო მასწავლებლებთან მიაღებინონ თავიანთ შვილებს. იმის მაგიერ, რომ სკოლა გააუმჯობესონ, ხურავენ მეთორმეტე კლასს. რა, თქვენ გგონიათ მეთერთმეტე კლასში ივლიან? არა, იქაც კერძოდ უნდა მოემზადონ, ვინაიდან სკოლა ვერ ასრულებს თავის ფუნქციას. და რა გზას მიმართავენ? გააუქმებენ. 

ხელისუფლება ვალდებულია, ნებისმიერი ცვლილების მარეგულირებელი გავლენის შეფასება გააკეთოს. რა შედეგს მოიტანს, რა საფრთხეები და გამოწვევები შეიძლება ახლდეს ცვლილებას და ასე შემდეგ. ამათ კი ახლა დაამტკიცეს ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა, ახალი სახელმძღვანელოები დაბეჭდეს, მათ შორის მე-12 კლასის, 20 მილიონი მარტო მსოფლიო ბანკის გრანტი იყო, დანერგეს, დითირამბებს უმღეროდნენ, რა კარგიაო და ახლა ამბობენ, რომ თურმე ეს არ ვარგა და უნდა გავაუქმოთო.

სახელმწიფო ვერ ახერხებს მის მიერ დაწესებული სტანდარტის განხორციელებას, რომელიც მართლა თავსებადია საერთაშორისო სისტემასთან და ჩაკეტილი საგანმანათლებლო სისტემით იქნებიან თავსებადი მსოფლიოსთან?

თავი რომ დავანებოთ გლობალიზაციის ეპოქას, ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა არასდროს ყოფილა ჩაკეტილი.

შუა საუკუნეებშიც კი, ათონის მთაზე კოპტები, ეთიოპები, ბერძნები, სირიელები, ქართველები და სომხები რომ გვერდიგვერდ ეკლესიებში მოღვაწეობდნენ  და ერთსა და იმავე ტექსტებს თარგმნიდნენ, სწორედ გახსნილი, საერთაშორისო საგანმანათლებლო სტანდარტებით მუშაობდნენ. ახალი და მნიშვნელოვანი ტექსტი რომ დაიწერებოდა, ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელები, ეფრემ მცირე და სხვები, ცდილობდნენ, ეთარგმნათ, „გადმოეტჳფრათ ჩუენსა ენასა ზედა“, ბერძნულ-რომაულ, სირიულ, არაბულ და სომხურ კულტურებთან ინტენსიური თანამშრომლობით ვითარდებობდნენ და 21-ე საუკუნეში ვამბობთ ამაზე უარს? არ შეიძლება ასე დაუფიქრებლად, სწორედ ტრადიციისა და ისტორიის გათვალისწინების გარეშე შეცვალო საგანმანათლებლო სისტემა “იყიდე-გაყიდეთი“. 

სულ რამდენიმე ქვეყანაა, სადაც არ აქვთ 12-წლიანი სწავლება. რუსეთიც კი გადადის 12-წლიან სწავლებაზე.

ჩვენ 20 წელია ბოლონიის პროცესის ნაწილი ვართ, „ერაზმუსის“ თაობები გვყავს უკვე ქვეყანაში, ქართული უნივერსიტეტების სტუდენტები, რომლებიც ევროპის ცნობილ უნივერსიტეტებში ატარებენ 1 ან ორ სემესტრს და ჩვენი პროგრამები თავსებადია.  და ახლა უნდათ ყველაფერი წყალში ჩაყარონ?  ამას ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავუშვებთ.

ეს რეფორმა არის იზოლაციის საშიშროება მთელი ცივილიზებული სამყაროსგან. მიუღებელია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემის ჩახსნა აქედან.

  • როგორ წარმოგიდგენიათ ბრძოლა საპოლიციო რეჟიმის პირობებში, როცა მიტაცებულია ხელისუფლება, პარლამენტი, საზოგადოების ნაწილი კი არჩევს დუმილს?

ერთადერთი საშუალება, რაც ჩვენ, საუნივერსიტეტო საზოგადოებას გაგვაჩნია ამ ბრძოლაში, არის მტკიცე აკადემიური პოზიცია იმის დასაცავად, რასაც ამდენი ხანია ვაშენებთ. ეს არის ჩვენი ბრძოლის გზა. მართლა წითელი ხაზია, რომლის იქეთ მთელი საუნივერსიტეტო საზოგადოება ფეხზე დადგება. არა მგონია ამაზე უფრო ცინიკური რამ საუნივეტსიტეტო სივრცეში მომუშავე ადამიანებისთვის, ვიდრე ეს დაანონსებული ინფრასტურტურის გაყიდვა. არ მახსენდება მსგავსი ვაჭრობა საგანმანათლებლო სივრცეში.  

რთული იქნება, მაგრამ აკადემიური სიმტკიცით დავიცავთ ჩვენს პოზიციას.

აკადემიურ საზოგადოებას ვერ დააშანტაჟებ სახლში გადამალული ოქროს ზოდების ან დოლარების გამოფენით. ჩვენი სიმართლე ჩვენი ძალაა და ვითხოვთ გაიხსნას ინკლუზიური დიალოგი ამ საკითხებზე. ჩვენ შესახებ გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებენ ჩვენ გარეშე! 

უნივერსიტეტის რეფორმის შესახებ გადაწყვეტილებები არ მიიღება ძალოვანი მინისტრების კომისიაზე. მოვითხოვთ, გაიხსნას ღი სადისკუსიო სივრცე განათლების საკითხებზე, ეს არის ჩვენი მიზანი.

  • ღიაობა რომ სდომოდათ, ამ კონცეფციის დაწერამდე ხომ გაიგებდნენ სამეცნიერო საზოგადოების აზრს?

ამ ქვეყანაში მთავარი გამჭოლი იდეა ყოველთვის იყო განათლება, სწორედ ამიტომ არ გამოვა ამათი გეგმა. მე-19 საუკუნეში დაიწყო ჩვენი მთავარი ეროვნული პროექტი და რუსეთის გუბერნიიდან დამოუკიდებელ ქვეყნად ვიქეცით არა პოლიტიკური, არამედ სწორედ დიდი საგანმანათლებლო პროექტით, „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებით“.  ამიტომაც არის განათლება მთავარი ეროვნული იდეა ამის ასე შეცვლა არავის არასდროს არ გამოუვიდა, მათ შორის, ყველაზე ავტორიტარულ საბჭოთა კავშირსაც კი.

უნივერსიტეტი ყველაზე ჩაკეტილ საბჭოთა პერიოდშიც კი რჩებოდა ერის, ქვეყნის შეჭიდულობის გარანტად, რომელშიც 14 აპრილი გახდა შესაძლებელი, რასაც ნამდვილად არავინ ელოდა მაშინ. ქართული ენის სახელმწიფოებრივი ფუნქციის დაცვას ვგულისხმობ, როცა თითქოს საბჭოთა ჭაობში მიძინებულმა ქვეყანამ თქვა, რომ ჩვენ ცოცხლები ვართ და ეს სიცოცხლე, პირველ რიგში, ამ უნივერსიტეტშია.

ამიტომაც არიან ვალდებული, დაგველაპარაკონ და ჩვენი ბედი არ გადაწყვიტონ ჩვენ გარეშე!.

  • როგორც ვიცით, უცხოელი სტუდენტების მიღებაც აეკრძალება უნივერსიტეტებს. რას ამბობენ ამაზე თქვენი უცხოელი პარტნიორები?

ჩვენს უნივერსიტეტს ძალიან მჭიდრო სამეცნიერო კავშირები აქვს მსოფლიოს მრავალ ქვეყანასთან. ჩართული ვართ არაერთ დიდ პროექტში, იქნება ეს სიცოცხლის ბარკოდირება თუ კლიმატის გლობალური ცვლილების პროექტები თუ სხვა; აი, ამ ცოცხალი პროცესების და ურთიერთობების გარეშე წარმოუდგენელია უნივერსიტეტი, მით უმეტეს, ჩვენნაირი მცირერესურსიანი ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემა. დღემდე ყველა დიდი სამეცნიერო პროექტი სწორედ საერთაშორისო პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და ამ კავშირების დაკარგვა მომაკვდინებელი იქნება უნივერსიტეტებისთვის.

ჩვენ გვყავს 17 000 სტუდენტი და აქედან დაახლოებით 900-მდე სტუდენტი უცხოელია. რა კვლევას დაეყრდნენ, როცა ამბობენ, რომ ეს ცუდია სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის? ხომ არ არის ეს უნივერსიტეტების ფინანსური კონტროლის მექანიზმი? ეკომიურად მთლიანად დამოკიდებული გახადონ სახელმწიფო დაფინანსებაზე  და ამით კონტროლის უფლება მოიპოვონ?

უნივერსიტეტის არსებობა, ორი მთავარი რამის – ინსტიტუციური ავტონომიის და აკადემიური თავისუფლების გარეშე შეუძლებელია.

სასამართლო იწყებს სტუდენტ მეგი დიასამიძის საქმის განხილვას

დღეს, 28 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს არსებითად განსახილველად გადაეცა 23 წლის სტუდენტის, მეგი დიასამიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე.

მეგი დიასამიძეს პროკურატურა 9 სექტემბერს კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან კალაძისა და პარტიის გამოსახულებების დაზიანებას ედავება, ბანერზე გაკეთებული წარწერისთვის – „რუსული ოცნება“. 

პარტიისთვის მიყენებულმა ზიანმა მთელი 380 ლარი შეადგინა. წარწერა სველი ხელსაწმენდით რამდენიმე წუთში მოაშორეს, თუმცა პროკურატურის მიერ ჩატარებული ექსპერტიზა ამტკიცებს, რომ მეგი დიასამიძემ „წარუშლელი“ ზიანი მიაყენა სხვის ქონებას.

დღეს, 28 ოქტომბერს, წინასასამართლო სხდომა შედგა, რომელიც მოსამართლე ლელა კალიჩენკომ წარმართა. იმსჯელეს მხარეთა მტკიცებულებების დასაშვებობაზე. უნდა მიეღო თუ არა სასამართლოს საქმე არსებითად განსახილველად.

მოსამართლე კალიჩენკოს თქმით „სამართლებრივი დევნის შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს“.

მეგი დიასამიძე გირაოთია გათავისუფლებული და მუხლი, რომლითაც მას ედავებიან, ითვალისწინებს სხვადასხვა სიმძიმის სასჯელს, ჯარიმიდან დაწყებული, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის თუ შინაპატიმრობის ჩათვლით, 5-წლიან პატიმრობამდე.

მეგი დიასამიძე ბათუმისკენ მომავალი, ლანჩხუთთან აიყვანეს და თბილისში ზურგს უკან ბორკილებით გაკრული ხელებით ჩაიყვანეს. ის თავს დამნაშავედ არ ცნობს.

საქმის არსებითი განხილვა 11 ნოემბერს, 13 საათზე დაიწყება.

ამავე თემაზე:

“9 საათი ზურგს უკან ხელებშეკრული ატარეს” – ადვოკატი დაკავებული მეგი დიასამიძის შესახებ

21 Individuals Charged in Case Involving Embezzlement of Rural Development Agency Grants

According to the Investigation Service of the Ministry of Finance, as part of an ongoing probe into the legality of how grants allocated by the Rural Development Agency of the Ministry of Environmental Protection and Agriculture were spent, another member of an organized group has been arrested on charges of large-scale embezzlement of state funds, while criminal prosecution has been launched against seven others.

“The investigation has established that the leaders of the organized group obtained information on 219 beneficiaries interested in the state program for the modernization of the dairy industry and market access. They offered these individuals guaranteed approval of grants under the program, assistance in preparing the required documentation for submission to the agency, and help in covering their co-payment contributions. In exchange, the beneficiaries were asked to hand over to the group the funds they received from the agency as grants.

Out of the GEL 12,935,750 allocated by the Rural Development Agency as grants to the beneficiaries, the actual cost of the work carried out under the projects amounted to GEL 8,824,695, while the remaining GEL 4,111,055 was unlawfully appropriated by members of the organized group,” the Investigation Service of the Ministry of Finance said.

According to the agency, members of the organized group also unlawfully obtained an additional GEL 1,559,739 in grants from another program run by the agency — the state program for co-financing agricultural machinery and establishing processing and storage enterprises.

“To carry out their criminal activities, the defendants fabricated and used false invoices, delivery notes, and audit reports. In order to legalize the large amounts of property obtained through criminal means, the leaders of the organized group purchased and registered real estate and vehicles in the names of individuals and legal entities associated with them. These assets have been fully identified and seized during the investigation.

At this stage, the investigation has already confirmed the fraudulent appropriation of GEL 5,670,793 in state funds and the laundering of GEL 3,008,906 in illegal income by the defendants. A total of 21 individuals have been charged in connection with the case,” the Investigation Service stated.

It should be recalled that in June and August 2025, 13 individuals — including the head of the Projects and Technical Department of the Rural Development Agency and a former agency employee — were arrested on charges of large-scale embezzlement of agency funds, as well as for producing and using false tax and official documents.

„ბიაფი“ ბათუმში 12-17 დეკემბერს ჩატარდება, ჟიურისა და საკონკურსო პროგრამის გარეშე

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი – BIAFF წელს 2025 წლის მიწურულს, 12-17 დეკემბერს გაიმართება.

წელს „ბიაფი“ შეცვლილი ფორმატით გაიმართება. როგორც კინოფესტივალი ავრცელებს ინფორმაციას, წელს კინოფესტივალზე არ იქნება საკონკურსო პროგრამა და ჟიური.

„არსებული მცირე ბიუჯეტის პირობებში გადავწყვიტეთ, რომ ჩავატაროთ განსხვავებულ ფორმატში – გვექნება მხოლოდ კინოჩვენებები და რამდენიმე სექციაში წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალის მონაწილე (კანი, ვენეცია, სანდენსი, ბერლინალე, ტორონტო, კარლოვი ვარი, ლოკარნო და ა.შ.) წლის გამორჩეული ფილმები 20 ქვეყნიდან.

ჟიურის ნაცვლად კინომოყვარულებს შეეძლებათ შეაფასონ ფილმები და გამოავლინონ აუდიტორიის პრიზი“ – ნათქვამია განცხადებაში.

კინოკვირეულზე ნაჩვენები იქნება როგორც სრულმეტრაჟიანი, ისე მოკლემეტრაჟიანი ფილმების კოლექცია.

კინოჩვენებები გაიმართება კინოთეატრ CAVEA GRAND MALL-ში (ბათუმის გრანდ მოლში), ასევე, რამდენიმე კინოსეანსი გაიმართება ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის მცირე დარბაზში.

„მომავალ წელს ბიაფი დაუბრუნდება თავის ტრადიციულ ფორმატს და დარწმუნებული ვართ, ძალიან საინტერესო საიუბილეო წელი იქნება. მანამდე კი არ გამოტოვოთ BIAFF 2025 -ის ექსკლუზიური “Best of” კინოკოლექცია“ – ვკითხულობთ კინოფესტივალის განცხადებაში.

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი წელს მეოცედ იმართება.

კინოფესტივალი 2006 წელს დაარსდა და მისი ორგანიზატორია ბათუმის ხელოვანთა სახლი „არგანი“.

24 მლნ ლარის შესყიდვები ახალციხის საკრებულოს წევრებს და მათ ნათესავებს – „გამჭვირვალობა“

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ წერს, რომ 2021 წლის დეკემბრიდან დღემდე ახალციხის საკრებულოს დეპუტატებმა, მათი ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა, მხოლოდ ახალციხის მერიიდან და მისი იურიდიული პირებიდან, ჯამში, 24 811 129 ლარის შესყიდვები მიიღეს.

„გამჭვირვალობა – საქართველო“ აფასებს ახალციხის მუნიციპალიტეტის 2021 წლის მოწვევის საკრებულოს საქმიანობას. ანგარიში ეფუძნება საკრებულოდან გამოთხოვილ ინფორმაციას, საკრებულოს ოფიციალურ ვებგვერდზე არსებულ ინფორმაციას და ორგანიზაციის დაკვირვებებს. კვლევის საანგარიშო პერიოდია 2021 წლის დეკემბრიდან 2025 წლის 10 ივნისის ჩათვლით.

„გამჭვირვალობის“ შეფასებები ძირითადი მიგნებებია:

2021 წლის დეკემბრიდან დღემდე ახალციხის საკრებულოს დეპუტატებმა, მათი ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა, მხოლოდ ახალციხის მერიიდან და მისი იურიდიული პირებიდან, ჯამში, 24 811 129 ლარის შესყიდვები მიიღეს;

ახალციხის  საკრებულოს 22 თანამდებობის პირიდან 17 „ქართული ოცნების“ წარმომადგენელია. როგორც მათი ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგიდან ირკვევა, 6-ის ოჯახის წევრები  სხვადასხვა ფორმით იყვნენ ჩართულნი 2024 წლის საარჩევნო პროცესში;

საკრებულოს 39 დეპუტატიდან 6 ოპოზიციონერ დეპუტატს ყოველწლიური ანგარიშები არ წარუდგენია. 4-11 დეპუტატი წერს, რომ მათი ჩართულობით, 3 წლის განმავლობაში, ჯამში, 116 პრობლემა მოგვარდა, თუმცა მათი ნაწილი მეორდება, ნაწილი კი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელებულ პროექტებზე მოდის.

საკრებულოში მოქმედი სამი ფრაქციიდან ინიციატივა არცერთს არ წარუდგენია. ფრაქციების საქმიანობაზე, მხოლოდ 2 წელში, ბიუჯეტიდან 678 048 ლარი გაიწერა. 2024-2025 წლის ხარჯების შესახებ საკრებულომ ინფორმაცია „გამჭვირვალობას“ არ მიაწოდა. 

2021 წლის დეკემბრიდან 2023 წლის ჩათვლით საკრებულოს ხარჯმა 2 276 392 ლარია. ამ თანხის 89% ხელფასებში, დანამატებსა და ჯილდოებში გაიწერა. 2024-2025 წლების ხარჯებზე საკრებულომ ინფორმაცია ორგანიზაციას არ მიაწოდა. 

2021 წლის დეკემბრიდან 2023 წლის ჩათვლით საკრებულომ 66 835 ლიტრი საწვავი გახარჯა, რაშიც 198 889 ლარი დაიხარჯა. გახარჯული საწვავიდან 20 ტონაზე მეტი საკრებულოს თავმჯდომარემ და მისმა სამმა მოადგილემ გახარჯა. 2024-2025 წლების ხარჯებზე საკრებულომ „გამჭვირვალობას“ ინფორმაცია არ მიაწოდა.

„გამჭვირვალობა“ წერს, რომ საანგარიშო პერიოდში, საკრებულოს რაიმე სახის გადაცდომა მერის საქმიანობაში, ან ინტერესთა კონფლიქტი სახელმწიფო შესყიდვების პროცესში არ გამოუვლენია.

ამავე დროს, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საპირისპიროს აჩვენებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევები და აუდიტის სამსახურის დასკვნები.

კერძოდ, „გამჭვირვალობა“ წერს:

„2021 წლის დეკემბრიდან დღემდე ახალციხის საკრებულოს დეპუტატებმა, მათი ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა, მხოლოდ ახალციხის მერიიდან და მისი იურიდიული პირებიდან, ჯამში, 24 811 129 ლარი მიიღეს;

ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარის და სატენდერო კომისიის წევრის, ნოდარ ტალახაძის შვილის, ტარიელ ტალახაძის კომპანიამ 13 023 982 ლარი მიიღო;
ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარის და მიღება-ჩაბარების კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, ზოია ბალიაშვილის რძლის [1] კომპანიამ – 10 455 585 ლარი მიიღო, ასევე, მისმა შვილმა კობა ბალიაშვილმა – 62 983 ლარი;

დეპუტატ ზაზა მელიქიძის კომპანიამ – 194 876 ლარი მიიღო. მისი ცოლის ძმის, ხვიჩა ალავიძის კომპანიამ – 193 966 ლარი. ზაზა მელიქიძის ბიძაშვილის შვილმა, ლაშა თედორაძემ წელიწად-ნახევარში, 2023 წლის ოქტომბრიდან 2025 წლის ივლისის ჩათვლით – 408 724 ლარი. აქედან 345 987 ლარი (84.65%) პირდაპირი შესყიდვებითა და უკონკურენტოდ მოგებული ტენდერებით დაერიცხა. ლაშა თედორაძე, ასევე, ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის მოადგილის, ნანა ბერიძის სიძეა. ნანა ბერიძის და, ეკა ბერიძე კი ახალციხის საკრებულოში, პრესსამსახურის წარმომადგენელია;

დეპუტატ გელა ჭალიძის კომპანიებმა 300 973 ლარი მიიღო;

სახელმწიფო აუდიტის დასკვნის მიხედვით, 2022 წელს, „სამშენებლო სამუშაოების 3 გამარტივებული წესით შესყიდვისას, მუნიციპალიტეტმა არ დაიცვა კანონმდებლობა და 135.1 ათასი ლარი მიმწოდებლებს აუნაზღაურა ფაქტობრივი დანახარჯების დათვლისა და დადასტურების გარეშე. რაც ქმნის საბიუჯეტო სახსრების ზედმეტად ანაზღაურების რისკს“. აღნიშნული 3 შესყიდვიდან, ერთი, ახალციხის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა თავის მეგობარს და პირადი მძღოლის ძმას, გიორგი კაპანაძეს 44 095 ლარზე გაუფორმა. კაპანაძემ კიდევ ერთი პირდაპირი შესყიდვა ახალციხის მერიიდან 20 631 ლარზე მიიღო“.

ამავე დროს, „გამჭვირვალობა“ მიუთითებს, რომ მოქალაქეთა ჩართულობა საკრებულოს საქმიანობაში დაბალია – „საანგარიშო პერიოდში გამართული 50 სხდომიდან, კანონის მოთხოვნათა დაცვით, ერთი კვირით ადრე, არცერთი სხდომა არ დაანონსებულა. მათ შორის 28 სხდომის ანონსი, წინა დღით გამოქვეყნდა“.

ასევე, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ 2021 წლის მოწვევის საკრებულოში ორი პეტიცია დარეგისტრირდა და ორივეს ავტორი იყო „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“;

პირველი პეტიცია, 2022 წლის 13 აპრილს, 360 ადგილობრივის ხელმოწერით, „ქალაქ ახალციხეში, იაძის ქ. 12-ში მდებარე N4 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დემონტაჟისა და ახლის აშენების“ მოთხოვნით, დაკმაყოფილდა და ახალი ბაღი უკვე აშენდა, ხოლო მეორე პეტიცია, 2023 წლის 7 დეკემბერს, 400 ადგილობრივის ხელმოწერით, „ქალაქ ახალციხეში შშმ პირთა საჭიროებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ფართის (უზუფრუქტის ფორმით) გამოყოფის შესახებ“, ახალციხის საკრებულომ არ დაარეგისტრირა.

„გამჭვირვალობა“ წერს, რომ საკრებულოს ინფორმაციით, 2022-2024 წლებში ახალციხის საკრებულოს წევრებმა ჯამში 675 შეხვედრა გამართეს მოქალაქეებთან, თუმცა, საკრებულომ აღნიშნული შეხვედრების ოქმები ვერ წარმოადგინა.

„გამჭვირვალობის“ სრული შეფასება შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე. კვლევა დღეს, 28 ოქტომბერს გამოქვეყნდა.

____________________

„ვინც მამა დოროთეს იბარებს, ესე იგი, გვიბარებს ჩვენც“ – არქიმანდრიტი შიო კვარაცხელია

სამების საკათედრო ტაძრის არქიმანდრიტი შიო კვარაცხელია წერს, რომ ხვალ, 29 ოქტომბერს, არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის საეპარქიო სხდომას თავად და სხვა არქიმანდრიტებიც დაესწრებიან.

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი მის გამონათქვამებთან დაკავშირებით დაბარებულია საეპარქიო კომისიის სხდომაზე, რომელიც 29 ოქტომბერს, 14:00 საათზე გაიმართება.

„ხვალ, 2 საათზე, მამა დოროთე დაბარებულია საეპარქიო სხდომაზე.

მივდივართ ჩვენც — არქიმანდრიტი ილია, არქიმანდრიტი შიო, იღუმენი ანდრია.

ვინც მამაოს იბარებს პასუხის მოსათხოვად, ესე იგი,  გვიბარებს ჩვენც, რადგან ჩვენც იმავეს ვამბობთ და ვქადაგებთ.

ვპასუხობთ კითხვებს და ჩვენგან დასმულ კითხვებზეც ველოდებით პასუხს – ესაა სამართლიანობა. ჩვენი თანადგომა არქიმანდრიტ დოროთე (ყურაშვილს)“ – წერს არქიმანდრიტი შიო კვარაცხელია.

დოროთე ყურაშვილი აცხადებს, რომ აუცილებლად გამოცხადდება საეპარქიო კომისიის სხდომაზე და ჟურნალისტებს სთხოვს, ისინიც შეძლებისდაგვარად მივიდნენ, რათა საპატრიარქოს კარი გაიხსნას ერისთვის.

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი ხშირად ესწრება საპროტესტო აქციებს და ეხმიანება სინდისის პატიმრების სასამართლო სხდომებსა და „ოცნების“ ძალადობას პროევროპული აქციის მონაწილეებზე.

„ეს ახალგაზრდობა რომც გააჩუმოთ, ქვები დაიწყებენ ყვირილს თქვენს უსამართლობაზე“, – განაცხადა არქიმანდრიტმა 2025 წლის ივნისში.

დოროთე ყურაშვილი ბათუმში მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად სასამართლოზეც იმყოფებოდა.

„ნინო დათაშვილის ჯანმრთელობა მკვეთრად გაუარესდა“ – PHR

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR), რომელიც სინდისის პატიმრის, ნინო დათაშვილის უფლებებს იცავს სასამართლოში, ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე ინფორმაციას ავრცელებს.

განცხადებაში, რომელიც დღეს, 28 ოქტომბერს, გავრცელდა, PHR-ი წერს:

„პენიტენციურ დაწესებულებაში ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ხვალინდელ პროცესზე PHR სასამართლოს პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართავს. ნინო დათაშვილის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ, 29 ოქტომბერს, 12:00 საათზე გაგრძელდება.

დაპატიმრებიდან დაახლოებით 2 თვეში ნინოს დაეწყო ხერხემლის და კიდურების ტკივილი, რის გამოც, 2025 წლის 8 და 17 სექტემბერს, ვეღარ შეძლო თავის სასამართლო პროცესებში მონაწილეობა.

N5 პენიტენციური დაწესებულება ნინო დათაშვილს აწვდის სამედიცინო სერვისს, თუმცა, ციხის პირობებში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ვერ უმჯობესდება. პირიქით, ბოლო პერიოდში მისი მდგომარეობა გახდა კრიტიკულად მძიმე, რაც იმის დასტურია, რომ გაწეული სამედიცინო დახმარება არ არის ეფექტური.

2025 წლის 25 აგვისტოს, კლინიკა „ვივამედში“ ჩატარებული კვლევის შემდეგ, სადაც მითითებული იყო ხერხემლის ოსტეოქონდროზი, ნინო დათაშვილს დაენიშნა მედიკამენტოზური მკურნალობა და  ფიზიოთერაპია. ამავე სამედიცინო დოკუმენტის თანახმად, მკურნალობის არაეფექტურობის შემთხვევაში, პაციენტი გადაყვანილი უნდა ყოფილიყო კლინიკაში ქირურგიული ოპერაციისთვის. ორი თვის განმავლობაში, ნინო დათაშვილს უტარდებოდა გეგმური სამედიცინო მკურნალობა, თუმცა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო გაუარესდა.

2025 წლის 24 ოქტომბერს, ნინო დათაშვილი სამედიცინო შემოწმების მიზნით კვლავ გადაყვანილი იქნა კლინიკაში „ვივამედი“, სადაც ჩაუტარდა მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია. გაცემული სამედიცინო დოკუმენტის თანახმად, გამოვლენილია დიაგნოზი, რაც არ იყო დაფიქსირებული ორი თვის წინ გაცემულ სამედიცინო დოკუმენტში. კერძოდ M50.2. კისრის სეგმენტის მალთაშუა დისკების ცდომები. C5 C6 დისკების თიაქრები. რომელიც საჭიროებს ქირურგიული ოპერაციას.

დღევანდელი მდგომარეობით, ნინო დათაშვილს ესაჭიროება ორი ქირურგიული ოპერაცია. სამედიცინო დოკუმენტის თანახმად, პრიორიტეტულად გასაკეთებელია კისრის მალების ოპერაცია. სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნება ან გაათავისუფლოს ის პატიმრობიდან.

იმის გათვალისწინებით, რომ ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ციხის პირობებში გაუარესდა, ხვალინდელ პროცესზე PHR სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით მიმართავს“ – წერს PHR-ი.

________________

ამ თემაზე: 

„ბავშვზე მოძალადე გამოუშვეს, ნინო კი პატიმრობაში დატოვეს, ჯანმრთელობის მიუხედავად“ – ადვოკატი

ბათუმში გაავდრდება – ზღვაზე 4-5 ბალი ღელვაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 28 ოქტომბრის 21 საათიდან 29 ოქტომბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია  ღრუბლიანი ამინდი. ღამით – ზოგან, დღისით კი ყველგან იწვიმებს, პერიოდულად მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, მაღალ მთაში – თოვლ-ჭყაპი.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, შესაძლოა გაძლიერდეს 20-25 მეტრ წამამდე.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო

მთიან მუნიციპალიტეტებში:

  • დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 3 – 8 გრადუსი სითბო
    ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა ღამით 3-4 ბალი იქნება, დღით – 4-5 ბალი.

ზღვის წყლის ტემპერატურა +18 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 30 ოქტომბერს, ღამით, შენარჩუნებული იქნება წვიმიანი ამინდი, დღისით და მომდევნო 2 დღეს კი გამოიდარებს.

თურქეთში 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

27 ოქტომბერს, ღამით, 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა თურქეთში, ბალიქესირის პროვინციაში.

პირველადი ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად 30-მდე ადამიანი დაშავდა, ოფიციალური ცნობებით, მათ შორის იყვნენ ის პირებიც, რომლებიც მიწისძვრის დროს აივნიდან გადახტნენ და დაზიანებები მიიღეს.

თურქეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს (AFAD) ცნობით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 22:48 საათზე, 5.99 კილომეტრის სიღრმეზე მოხდა და იგრძნობოდა მარმარილოსა და ეგეოსის რეგიონებში, მათ შორის სტამბოლსა და იზმირში.

პირველადი ცნობების თანახმად დაინგრა სამი ცარიელი შენობა და ორსართულიანი მაღაზია.

პირველი ბიძგის შემდეგ, მიწისძვრით გამოწვეული ბიძგები გაგრძელდა, რამაც ბევრი მცხოვრები აიძულა ღამე გარეთ გაეთიათ ძლიერი წვიმის მიუხედავად.

_______________

ფოტო: www.hurriyetdailynews.com

მოამზადა მარია ბასილაძემ.

 

Exit mobile version