საქართველოს განათლების სამინისტრომ 628 ათას ლარზე ხელშეკრულება გააფორმა კომპანიასთან, რომელმაც „ოცნების“ კულტურის მინისტრს, თინათინ რუხაძეს მრჩევლობაში ხელფასის სახით 260 ათასი ლარი გადაუხადა ერთი წლის განმავლობაში.
კომპანია, რომელსაც განათლების სამინისტრომ ტენდერის გარეშე მისცა ნახევარ მილიონ ლარზე მეტი, შპს „თიხარტია“, რომლის დამფუძნებელი და ერთპიროვნული მმართველიც ნინო [ზუზუ] ნოდიაა. ნინო ნოდია ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის „ახალი დღის“ წამყვანია.
ის, რომ ნინო ნოდიას ახლო, მეგობრული კავშირები აქვს „ოცნების“ კულტურის მინისტრთან, თინათინ რუხაძესთან, ეს თავად ნინო ნოდიამ დაადასტურა ტელეკომპანია „პირველის“ საგამოძიებო სიუჟეტში. ჟურნალისტთან საუბრისას ნინო ნოდიამ ზუსტად ვერ გაიხსენა, ნამდვილად გადაუხადა თუ არა თინათინ რუხაძეს მრჩევლობაში 260 ათასი ლარი, თუმცა მასთან მეგობრობის შესახებ დასმულ კითხვას ასე უპასუხა – „ჩვენ ერთად ვცხოვრობთ ფაქტიურად“.
თინათინ რუხაძის მიერ 260 ათასი ლარის მიღება, მის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციითაც დასტურდება.

ამონარიდი თინათინ რუხაძის ქონებრივი დეკლარაციიდან/დეკლარაცია გამოქვეყნებულია 2025 წლის 15 იანვარს.
კომპანია „თიხარტს“ ტენდერების გვერდის ავლით, ანუ პირდაპირი შესყიდვის ფორმით სახელმწიფოსთან 34 ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. პირველი მსხვილი დაკვეთა – 756 720 ლარი, მას თბილისის მერიისგან აქვს მიღებული 2021 წელს, საახალწლო გალა კონცერტის ორგანიზებისთვის.
მთლიანობაში კომპანია „თიხარტს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 მლნ 700 000 ლარი აქვს მიღებული ტენდერების გარეშე.
რაც შეეხება განათლების სამინისტროსთან დადებულ ხელშეკრულებას, გივი მიქანაძის უწყებამ „თიხარტთან“ ტენდერის გარეშე ხელშეკრულება 2025 წლის 15 ოქტომბერს გააფორმა.
შესყიდვების დოკუმენტის მიხედვით, რომელზეც ხელს „ოცნების“ განათლების მინისტრის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი აწერს, წერია, რომ სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტმა ღონისძიების შესყიდვებთან დაკავშირებით დოკუმენტაცია „შესაბამისი გამოცდილების მქონე“ მხოლოდ 3 კომპანიას გაუგზავნა.
ამ სამიდან ერთმა – „ანი პირველი“, უარი განაცხადა სამინისტროსთან თანამშრომლობაზე, კომპანია „ვანილა ივენთიმ“, როგორც სამინისტრო ამბობს, ვერ დააკმაყოფილა ტექნიკური მოთხოვნები და დადებითი შეფასება მხოლოდ შპს „თიხარტიმ“ მიიღო. ეს იმას ნიშნავდა, რომ განათლების სამინისტრო სწორედ ამ კომპანიასთან გააფორმებდა საბოლოოდ ხელშეკრულებას.
ამ ხელშეკრულების მიხედვით, განათლების სამინისტროს მიერ დაფუძნებული „მასწავლებლის ეროვნული დღის“ ცერემონია 27 ოქტომბერს უნდა გაიმართოს.
ღონისძიებაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 628 288 ლარი დაიხარჯება.
განათლების სამინისტრომ მასწავლებლის ეროვნული დღე 2023 წელს დააარსა, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ საპირწონედ და ღონისძიებაზე ძირითადად, მმართველი პარტიის მიმართ კეთილგანწყობილ მასწავლებლებს აჯილდოებს.
მასწავლებლების დაჯილდოებისთვის სამინისტრო ცალკე დახარჯავს 100 ათას ლარს – შერჩეულ 10 მასწავლებელს 10-10 ათასი ლარი გადაეცემათ საჩუქრად.
__________________
მთავარი ფოტო: გივი მიქანაძე მასწავლებლებს აჯილდოებს.






