27 ოქტომბერს „ქართულმა ოცნებამ“ სკოლის მასწავლებლები დააჯილდოვა. ღონისძიებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა.
დაჯილდოებულ პედაგოგებს 10-10 ათასი ლარი გადაეცათ ბიუჯეტიდან საჩუქრად.
აჭარიდან ორი მასწავლებელი დააჯილდოვა „ოცნებამ“. ერთი ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის მასწავლებელი მაგდანა მათითაიშვილია, მეორე კი – დაბა შუახევის საჯარო სკოლის პედაგოგი, თეიმურაზ დავითაძე.
რას ფიქრობენ „ოცნების“ მიერ დაჯილდოებული პედაგოგები განათლების სისტემაში დაანონსებულ ცვლილებებზე, პატიმრობაში მყოფ პედაგოგზე, ნინო დათაშვილსა და ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ პროცესებზე. „ბათუმელები“ ორივე პედაგოგს დაუკავშირდა.
აქედან ერთმა, მაგდა მათითაიშვილმა ტელეფონი პირველი კითხვის მოსმენისთანავე გათიშა. თქვა, რომ არ სურდა კობახიძის მიერ დაანონსებულ რეფორმაზე საკუთარი აზრი გამოეთქვა. ამიტომ ამ თემებზე მხოლოდ თეიმურაზ დავითაძეს ვესაუბრეთ.

თეიმურაზ დავითაძე, მასწავლებელი.
- ბატონო თეიმურაზ, რადგან „ოცნების“ ხელისუფლებამ გამოგარჩიათ და დაგაჯილდოვათ, გვაინტერესებს თქვენი აზრი „ოცნების“ რეფორმაზე – თქვენც ფიქრობთ, რომ სკოლებში მე-12 კლასი უნდა გაუქმდეს?
საქმე რაშია ახლა, მე 56 წელია სკოლაში მათემატიკას ვასწავლი და მე-12 კლასში ფაქტობრივად ბავშვები დადიან იმისათვის, რომ უმაღლესში მივიდნენ. დადიან რეპეტიტორებთან ქვევით-ზევით და ფაქტობრივად, მე-12 კლასში ბავშვების ნაწილი უკვე არაა სკოლაში და მთელ წინააღმდეგობას გვიწევენ.
- თუ რეპეტიტორთან დადიან და არა სკოლაში, ესე იგი, სკოლა ვერ აძლევს განათლებას?
მასწავლებელი არის დაქირავებული მუშაკი, რომელსაც ხელშეკრულებას უდებენ გარკვეული სამუშაოს შესრულებისათვის. არაჯეროვანი შესრულებისათვის დირექტორს უფლება აქვს დასაჯოს მასწავლებელი, შენიშვნა მისცეს, გაფრთხილება, ხელფასი დააკლოს და ბოლოს სამსახურიდანაც გაათავისუფლოს. მაგრამ მეც ხომ უნდა მიღირდეს ეს სამსახური.
რომ მიღირდეს, მაშინ ჩემს ნამუშევარში ანაზღაურება უნდა მქონდეს, მე სხვა სამუშაო არ უნდა მქონდეს. ახლა რა ხდება და კვალიფიკაციის პრობლემაც არის სკოლაში.
დავუშვათ, მე-12 კლასში სჭირდება რეპეტიტორი ხომ? მეხუთე კლასში რაში სჭირდება რეპეტიტორი? მე მივეცი, ვთქვათ, დავალება ბავშვს, მიდის რეპეტიტორთან და ის უწერს დავალებას, მოსწავლე ამოცანის ამოხსნაზე აღარ ფიქრობს. ამის გამო მათი ლოგიკური აზროვნების, ანალიტიკური აზროვნების დონე დადის ნულამდე.
- ეს ბავშვის ბრალია, თუ სკოლის?
მე, თუ რამე ვერ გაუგია მოსწავლეს, დამიტოვებია და ამიხსნია, მაგრამ ამაში ფული არასდროს გამომირთმევია.
ჩვენ წუნიან პროდუქციას ვუშვებთ. მაშინ რას ვაკეთებ მე, როგორც მასწავლებელი?
- სკოლებში კვალიფიკაციის პრობლემაა? ამაზე საუბრობთ?
რა თქმა უნდა. მასწავლებლებსაც აქვთ კვალიფიკაციის პრობლემა და დაინტერესებაც აღარაა. ამდენს მუშაობს მასწავლებელი და მოსწავლე კლასში რომ ზის, უკვე აღარ გისმენს. გაკვეთილზე კი ტელეფონი აქვს მოსწავლეს და იმით ერთობა, მაშინ, როცა გამრავლების ტაბულაც არ იცის.
- თქვენ ახლა სისტემურ პრობლემაზე საუბრობთ და თუ სკოლა თავის ფუნქციას ვერ ასრულებს, ამიტომ მე-12 კლასი უნდა გავაუქმოთ და მოსწავლეები მოვწყვიტოთ საერთაშორისო განათლების სისტემას?
ჩემი აზრით, მე-10 კლასიდან უნდა იყოს პროფილური სწავლება. იქნება ეს ჰუმანიტარული, ტექნიკური, ქიმია-ბიოლოგია თუ სხვა და არც რეპეტიტორი დასჭირდება მოსწავლეს. ახლა კი იძულებულნი არიან, რომ მოვიდნენ სკოლაში, მაგრამ ფაქტობრივად, გაკვეთილები არ ტარდება, სწავლა არ არის.
- მასწავლებელმა უნდა უკარნახოს სახელმწიფოს, რა როგორ ჯობს, თუ პირიქით? პედაგოგებს გკითხათ ვინმემ ამ რეფორმაზე აზრი?
სკოლებისთვის რა უნდა ეკითხათ… ჩემზე უკეთესებიც არიან და მათ უფრო კარგად იციან და უფრო კარგად იცნობენ ამ სისტემას.
საქართველოში არის 45 კერძო უნივერსიტეტი და 19 სახელმწიფო, მერე დასაქმებაზე ვინმე ფიქრობს? რად გვინდა ისეთი სპეციალისტი, რომელმაც არაფერი არ იცის და ტყუილად უმუშევრად დარჩება. ბაზრის მოთხოვნის გათვალისწინებით უნდა ხდებოდეს მომზადება.
- ნახეთ მერე სადმე ბაზრის კვლევა, წარმოგიდგინათ სამინისტრომ?
მე არ ვიცი ეგ. არ შემისწავლია და არც სახელმწიფოს არ უთქვამს, რამდენი იურისტი სჭირდება.
- ერთ ქალაქში ერთი ფაკულტეტიო, რომ ამბობენ, ეს იდეა მოგწონთ?
მე გამოვლილი ვარ კომუნისტური წყობიდან და ბათუმში იყო პედაგოგიური და თბილისში იყო სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც იყო სამედიცინო. იყო იმდენი ექიმი, ახლა არ გვყავს ამდენი და იყვნენ კვალიფიციურები.
ყველა უნივერსიტეტი თბილისში არ უნდა იყოს. ყველაფერი გაძვირდა, ხალხმა თუ ვერ იცხოვრა, ბინა ვერ იქირავა… ბათუმშიც უნდა იყოს, ქუთაისშიც, სხვაგანაც.
- კომუნისტების დროში დავბრუნდეთ? მსოფლიო ვითარდება, მეცნიერება წინ მიდის. თუ სტუდენტს ტექნოლოგიების სწავლა უნდა და არა პედაგოგიურის, თავის ქალაქში არ უნდა ჰქონდეს არჩევანის თავისუფლება? მაშინ ხომ ისედაც მოუწევს სხვა ქალაქში წასვლა და შესაძლოა ბევრად რთულ პირობებშიც ცხოვრება?
მე მგონი ამდენი სასწავლებელი აღარ იქნება.
თუმცა ეს ჯერ დადგენილი არაა. იდეის დონეზეა. თქვა ხომ მინისტრმა, პრემიერმა, ჩვენ ამას საზოგადოებას გავაცნობთ, შევჯერდებით და მერე ჩვენ ერთად გავაკეთებთ ყველაფერსო. პირდაპირ ხომ არ მიიღებენ, იქნება დისკუსიები.
- ბოლონიის პროცესს რომ აშორებენ ქართულ სკოლას, ამაში ვერ ხედავთ პრობლემას?
არცერთ შემთხვევაში არ მოხდება ეს.
- მე-12 კლასს თუ გააუქმებენ, ავტომატურად ჩამოვშორდებით დასავლურ სისტემას.
საზოგადოებაში იქნება განხილვები. მე ჩემს აზრს მოვახსენებ იმათ და მერე ვნახოთ. მეც ჩამოვყალიბდები. ვიცნობ კობახიძეს, განათლებული კაცია, ახალი მინისტრიც განათლებული პიროვნება ბრძანდება და ყველაფერი გადაწყდება ხალხთან შეთანხმებით და ხალხთან ერთად.
- თუ მაინც გააუქმებენ მე-12 კლასს, მაშინ რას იტყვით?
არ იქნება მასე ხელაღებით. იქნება კონსულტაციები და თუ დამარწმუნებენ, რომ ასე კარგია, დავუდგები გვერდით.
- თქვენ გჯერათ იმ ხალხის, ვინც არჩევნებამდე გეუბნებოდათ, რომ „ღირსებით მიდიოდნენ“ ევროპაში, შემდეგ კი უარი თქვეს ევროინტეგრაციაზე?
დიახ. ჩვენ ჩვენი ტრადიციები გვაქვს, ჩვენი იდენტობა გვაქვს. ყველაფერს ევროპიდან ვერ გადმოვიღებთ და ყველაფერს, რასაც ევროპა გვეტყვის, ვერ ვიზამთ.
- ფიქრობთ, რომ ჩვენი ფასეულობები ევროპულს ეწინააღმდეგება?
მომისმინეთ, ჩვენი თავი ჩვენ უნდა გვეკუთვნოდეს…
- ვინ გვართმევს მერე ჩვენს თავს?
ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ. შენ, მე, იმან, ამან. ვერც გერმანელი, ვერც ფრანგი და ვერც ინგლისელი ვერ გვასწავლის ქართველებს, როგორი განათლება გვქონდეს. დარწმუნებული ვარ, ხელისუფლება ისე გადაწყვეტს, რომ ხვალ და ზეგ ვინმეს სალაპარაკო არ ექნება.
- რა გადაგიწყვიტათ გერმანელმა და ფრანგმა – რას გულისხმობთ?
თქვენ რომ ამბობთ იქ 12 და 13 კლასია, რა მნიშვნელობა აქვს. ჩვენთან როგორც საჭირო იქნება, როგორც მოერგება, როგორც ქვეყნისათვის აუცილებელი იქნება, ისე გაკეთდება საქართველოში.
- თქვენ ფიქრობთ, რომ მთაში დაბადებულ ნიჭიერ ახალგაზრდას, რომელსაც შანსი აქვს დღეს დასავლეთის საუკეთესო უნივერსიტეტში უფასოდ მოხვდეს, ამის შესაძლებლობა უნდა წავართვათ? ამ რეფორმით ხომ ამ გზას უკეტავენ ახალგაზრდებს.
არ იქნება ასე. ხელაღებით არ იქნება, იქნება კონსულტაციები საზოგადოებასთან. მჯერა ჩვენი მინისტრის, პრემიერის მჯერა და მე ვიცი, რომ ყველაფერი გადაწყდება დადებითად.
- გუშინ, როცა დაჯილდოებიდან გამოდიოდით, გარეთ ბანერით იდგა მოქალაქე, სადაც ეწერა – „თავისუფლება ნინო დათაშვილს“. იცით, რომ ამ ხელისუფლებას პატიმრობაში ჰყავს თქვენი კოლეგა, რას ფიქრობთ ამაზე?
ძალიან აღფრთოვანებულ განწყობილებაზე ვიყავი და ალბათ ისე გამოვედი, ვერ შევამჩნიე. თავბრუდახვეული და აღფრთოვანებული გამოვედი.
რატომ ჰყავთ პატიმრობაში, არ ვიცი. არ ვარ მაგ საქმეში გარკვეული.
- მასწავლებელი რომ ზის რეჟიმის ციხეში, ამაზე არაფერი გსმენიათ?
ტყუილად დააკავეს? თუ დააშავა, უნდა დაისაჯოს. მე რატომ არ მაკავებენ?
- ეგ არავინ იცის.
რატომ უნდა დამიჭირონ, არაფერს არ ვაშავებ.
- ნინო დათაშვილმა რა დააშავა, როგორ ფიქრობთ?
არ ვიცი… და თუ დააშავა, უნდა აგოს პასუხი.
- შეუძლებელია არ იცოდეთ რისთვის დააკავეს თქვენი კოლეგა. მთელი მედია ამაზე წერს, ინტერნეტში უამრავი ინფორმაციაა, არ დაინტერესებულხართ?
მე ის ვიცი, რომ წესრიგი უნდა იყოს ყველგან, კანონი უნდა დაიცვას ყველამ.
- სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების გამო უნდა დაისაჯოს ადამიანი?
არა კაცო, მაგაზე ვინმე არ დაიჭერს. მაგრამ სად უნდა გამოხვიდე, როგორ უნდა გამოხვიდე, უნდა იცოდე. ახლა გამოხვიდე და მანქანები არ გაატარო ქუჩაში და რაღაცა, შეურაცხყოფა მიაყენო ვიღაცებს, ქვეყანას, პარლამენტის შენობა დააზიანო, ეგ არა.
ყველამ, ვინც დააშავებს, პასუხი უნდა აგოს – დიდმაც, პატარამაც, ერმაც და ბერმაც.
- ის ხომ ნახეთ, დეკემბერში 400-მდე ადამიანი რომ დააკავეს, 100-მდე ადამიანს სასიკვდილოდ სცემეს, დაასისხლიანეს, მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის იბრძვის ეს ხალხი. ამაზე რას ფიქრობთ?
არ ვიცი… ვინც დააშავებს, პასუხი უნდა აგოს.
- ანუ, ჟურნალისტების დასისხლიანება თქვენთვის მისაღებია?
ვინც სცემა, ისიც უნდა დაისაჯოს. არავის დატოვებენ დაუსჯელს, ჩემი აზრით.
- სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება როგორ გესმით, როგორ ასწავლით ამას ბავშვებს სკოლაში?
სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება რას ნიშნავს, იცით? ისეთი რამ უნდა გამოხატო, რომელიც კანონიერ ჩარჩოებშია და არ უნდა გასცდე.
- მაგალითად, როგორც მოქალაქეს თუ მაქვს უფლება ვთქვა, რომ არ მომწონს ხელისუფლება და მათი გატარებული პოლიტიკა ცალკეულ საკითხებში?
ახლა შენ თუ ყველაფერზე იძახი, არ მომწონსო… არის ხალხი, რომელსაც არაფერი არ მოსწონს. ეს ხელისუფლება მოვა, არ მოსწონს, მეორე მოვა – არ მოსწონს, მესამე მოვა – არ მოსწონს. მათი მოსაწონი ხელისუფლება არ იქნება ამ ქვეყანაში.
ყველაფერზე იძახის, ეს არ მომწონს, ის არ მომწონს. მაგათ რომ მოეწონება, ისეთი საიდან მოვიყვანოთ, რომელი პლანეტიდან.
- ამის თქმის გამო შეიძლება ადამიანი დასაჯო – დააჯარიმო, დააკავო?
თუ დააშავა, დასაპატიმრებელია.
- ოპოზიციური პარტიები აკრძალეს ახლახან. ამაზე რას ფიქრობთ, როგორც პედაგოგი?
იმ პოლიტიკურმა პარტიებმა ძალიან ბევრი ხალხი უაზროდ გააუბედურა და რომელიც დასახურია და გასაუქმებელია, უნდა გაუქმდეს. ვინც ხალხს ქუჩაში გამოიყვანს და აი ამ საცობებს ქმნის ქუჩაში და ისეთ რაღაცებს. სამწუხაროდ, ბევრი ხალხი ქვეყნისთვის არ ფიქრობს, ყველას სკამი უნდა და ამ სკამს აყოლებს ქვეყანას.
- „ქართული ოცნების“ ქმედებებიდან თქვენთვის რა არის ყველაზე მიუღებელი?
ყველაზე მეტად მიუღებელია ის, ვინც ამ ხალხის სატკივარზე არ ფიქრობს და ქვეყანა წაღმა კი არა, უკან უნდა რომ წაიყვანოს. ქვეყანა უნდა განვითარდეს და წავიდეს წინ და ხელს ნუ შეუშლიან.
ბოლოს და ბოლოს, უნდა გამოინახოს ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის საერთო ენა და ქვეყანა წინ უნდა წავიდეს.
______________
მთავარი ფოტო: „ოცნების“ მინისტრი პედაგოგებს აჯილდოებს.






