„ლელო“ საკრებულოებში დარჩენას აპირებს იმის მიუხედავად, რომ „ოცნება“ ოპოზიციური პარტიების, მათ შორის „ლელოს“ აკრძალვას აპირებს. არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მოუფიქრა „ლელოს“ გამოსავალი – დამოუკიდებელ დეპუტატებად განაგრძონ მუშაობაო.
რას აპირებს ვაჟა დარჩია, რომელიც „ლელოს“ პარტიული სიით შედის ბათუმის საკრებულოში? – „ბათუმელები“ამ თემაზე ვაჟა დარჩიას ესაუბრა.
- ბატონო ვაჟა, მაინც შეხვალთ ბათუმის საკრებულოში? „ოცნება“ „ლელოს“ აკრძალვასაც აპირებს.
ჩვენ როცა ვიღებდით ამ გადაწყვეტილებას, ცხადია, ეს მოლოდინი გვქონდა: ბატონი ივანიშვილი საარჩევნო კამპანიის დროსაც, 2024 წლის არჩევნებს ვგულისხმობ, ამბობდა, რომ უნდოდა პარტიის აკრძალვა. ამ მოლოდინის მიუხედავად, მაინც მივიღეთ გადაწყვეტილება, რადგან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, მუნიციპალიტეტებში ოპოზიციის ხმა ისმოდეს.
ვიდრე ჩვენ გვექნება ფორმალურად შესაძლებლობა იმისა, რომ საკრებულოებში ვიბრძოლოთ, რა თქმა უნდა, ეს ბრძოლა გაგრძელდება.
- აპირებთ იყოთ დამოუკიდებელი დეპუტატი, როგორც ეს არალეგიტიმური და ანტიკონსტიტუციური პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განსაზღვრა?
შეიძლება, ინდივიდუალურ დონეზეც წავიდნენ და გაგვიუქმონ მანდატები. თქვენ იცით, რომ გასაჩივრებული გვაქვს ეს ნორმები საკონსტიტუციო სასამართლოში, ვიდრე „ქართული ოცნება“ მიმართავდა საკონსტიტუციო სასამართლოს.
ეს არის ანტიდემოკრატიული პროცესი. აქ მნიშვნელოვანია, რომ რახან „ოცნების“ სარჩელზე უფრო ადრე შევიდა ჩვენი სარჩელი, საკონსტიტუციო სასამართლომ მინიმუმ პარალელურად უნდა იმსჯელოს „ოცნების“ სარჩელთან ერთად ამ ნორმების კონსტიტუციურობაზე.
სტრასბურგის სასამართლოშიც წავიღებთ ამ საქმეს და მაქსიმალურად მივყვებით, ვიდრე ფორმალური შესაძლებლობა გვექნება.
- ამომრჩეველმა აგირჩიათ, როგორც „ლელოს“ წევრი. თუ პარტია გაუქმებულია, რა „ფორმალურ შესაძლებლობას“ გულისხმობთ?
ეს მანდატი არის პარტიის მანდატი, მაგრამ ეს მანდატი არ არსებობს ფურცელზე… პარტია შეიძლება აღარ იარსებებს, მაგრამ ადამიანები იქნებიან ისინი, ვის გამოც ამ პარტიას დაუჭირეს მხარი.
არასერიოზულია იმაზე ლაპარაკი, რომ „ლელოს” ფურცელზე არარსებობა არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ვაჟა დარჩიამ თუ სხვა საკრებულოებში წარმოდგენილმა ადამიანებმა ისაუბრონ რეალურ პრობლემებზე. ჩვენ პარტიის სახელი ლეგალურად გვექნება თუ არა ფორმალურად ფურცელზე, ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. ჩვენ რის გამოც შევდივართ, ეს ამბავი გაგრძელდება, მიუხედავად იმისა, „ლელო” იარსებებს თუ არა ფორმალურად ფურცელზე, იმიტომ, რომ პარტია არ არის ფურცელი.
- გულწრფელად ფიქრობთ, რომ ამ მოცემულობაში, როცა არჩევნების უფლება მიტაცებულია და თქვენს პარტიასაც კრძალავენ, საკრებულოში ყოფნას ექნება რამე პოლიტიკური სარგებელი?
რა თქმა უნდა, ამას ექნება პოლიტიკური წონა. პოლიტიკური წონა ჩვენ მოგვანიჭეს ამომრჩევლებმა. ყველამ იცოდა, რომ ეს მოცემულობა შეიძლება დამდგარიყო, მიუხედავად ამისა, 100 000-მდე ადამიანმა ქვეყნის მასშტაბით მიიღო ეს გადაწყვეტილება და მივიდა არჩევნებზე.
ვიდრე გვექნება ფორმალურად იქ ყოფნის შესაძლებლობა, მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ 100 000 ადამიანის ხმა რაღაცნაირად ისმოდეს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში. თუ „ქართული ოცნება” მივა იქამდე, რომ ამ ინდივიდუალურ მანდატებს ადამიანებს მოუხსნის, მერე უკვე მოვძებნით სხვა სამართლებრივ გზებს, რომელიც პარალელურად ასევე ჩვენ დაწყებული გვაქვს. ამიტომ საკრებულოებიდან გამოსვლა, მიუხედავად იმისა, გაუქმდება თუ არა ჩვენი კოალიცია, არ იგეგმება.
- ქუჩაში ვეღარ ხედავთ წინააღმდეგობის გაგრძელების აზრს და საკრებულოებიდან აპირებთ პოლიტიკური რეალობის შეცვლას?
ჩვენ ყველგან ვხედავთ ჩვენს ფუნქციას, სადაც არის წინააღმდეგობა, მათ შორის ქუჩაში, საკრებულოებში, სტრასბურგში – ყველგან, სადაც შეიძლება, რომ „ქართული ოცნება” დავაზიანოთ.
- მაშინ რატომ აღარ ჩანხართ უწყვეტ საპროტესტო აქციებზე? მას შემდეგ, რაც თქვენ არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტეთ, „ლელოს“ წევრები აქციაზე იშვიათად ან საერთოდ აღარ ჩნდებიან.
ჩვენ ვართ აქციაზე. მე პირადად 26 ოქტომბერს ვიყავი ბათუმში აქციაზე, ასევე, ჩემი მეგობრები თბილისში ყოველდღიურად დადიან აქციაზე…
ჩვენი ამოცანა იყო ის, რომ ეს პროცესი არ დაზიანებულიყო. წინასაარჩევნო პერიოდში ბათუმში აქციებმა მიიღო ის სახე, რომელსაც ჩვენ არ ვეთანხმებოდით, ვგულისხმობ იმას, რომ ბათუმში აქცია უკვე გადაიქცა ბოიკოტის მოწოდებად, ამიტომ აქციაზე, რომელსაც მთავარ პოლიტიკურ მოთხოვნას ჩვენ არ ვეთანხმებოდით – როცა საარჩევნო კამპანიას ვაწარმოებდი – ამავდროულად ბოიკოტის აქციაზე ვერ დავრჩებოდი. როცა ეს პროცესი დასრულდა, 26 ოქტომბერს ვიყავი ისევ აქციაზე.
- პროევროპულ აქციაზე ახლაც უცხადებენ ბოიკოტს „ოცნების“ რეჟიმის პირობებში ჩატარებულ არჩევნებს და მიაჩნიათ, რომ თქვენ არჩევნებში მონაწილეობით ხელი შეუწყვეთ „ოცნების“ ანტიკონსტიტუციური მთავრობის ლეგიტიმაციას…
ამ აქციაზე არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ, რას ნიშნავს? არჩევნები უკვე ჩატარდა, მე მთავარ პოლიტიკურ მოთხოვნას [ბოიკოტი] არ ვეთანხმებოდი და არასწორი იქნებოდა ამ შინაარსის აქციაზე ვყოფილიყავი.
მაშინ, როცა აქცია დაუბრუნდა მთავარ პოლიტიკურ მოთხოვნებს, რაც არის ახალი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ჩვენ ამ პროცესში ჩართულები ვართ, როგორც რეგიონულ დონეზე, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, ასევე – თბილისში.






