მთავარი,სიახლეები

“9 საათი ზურგს უკან ხელებშეკრული ატარეს” – ადვოკატი დაკავებული მეგი დიასამიძის შესახებ

11.09.2025
“9 საათი ზურგს უკან ხელებშეკრული ატარეს” – ადვოკატი დაკავებული მეგი დიასამიძის შესახებ

„მთელი პერიოდის განმავლობაში [9 საათი] მეგის ჰქონდა ხელები შეკრული ზურგს უკან. მიუხედავად იმისა, რომ ითხოვა ბორკილების ან მოშვება ან ხელების წინ გადმოტანა ძალიან ცინიკურად უთხრეს, რომ ნაკლები ემოძრავა და ხელები აღარ ეტკინებოდა,“ – მეგი დიასამიძის ადვოკატი შოთა თუთბერიძე მეგი დიასამიძის დაკავების დეტალებს ჰყვება.

კახი კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ბრალდებით, 23 წლის სტუდენტი მეგი დიასამიძე სისხლის სამართლის წესით 10 სექტემბერს დააკავეს.

ადვოკატ შოთა თუთბერიძის განმარტებით, მეგი დიასამიძე დააკავეს ლანჩხუთში, გზაზე, როდესაც ის თბილისიდან აჭარაში მიდიოდა, საკუთარ სოფელში. მეგი დიასამიძეს დაკავებისთანავე წაართვეს ტელეფონი და მთელი 9 საათის განმავლობაში არ ეძლეოდა ადვოკატის მომსახურებით სარგებლობის საშუალება.

„გაკვირვებას იწვევს ის მასშტაბი და ის რესურსი, რომელიც დაიხარჯა სტუდენტი გოგონას დასაკავებლად. ჩატარდა ძალიან სასაცილო, პრიმიტიული სპეცოპერაცია. იგი მიდიოდა საკუთარ სახლში, მიემგზავრებოდა აჭარაში, რა დროსაც ჩაუსაფრდნენ სადღაც ლანჩხუთის მიმდებარე ტერიტორიაზე, გურიაში, ტყეში. ჯერ მივიდნენ მძღოლთან და ეჩხუბებოდნენ  პოლიციელები არარსებულ სამართალდარღვევაზე, თითქოს მძღოლმა რაღაც საგზაო მოძრაობის წესი დაარღვია, ხოლო ბრძანების მიღების შემდეგ მივიდნენ მეგისთან და პირველი, რაც გააკეთეს, წაართვეს ტელეფონი, მომდევნო 9 საათის განმავლობაში მას არ ჰქონდა საშუალება, რომ ადვოკატის მომსახურებით ესარგებლა,“-  უთხრა შოთა თუთბერიძემ „ნეტგაზეთს“.

შოთა თუთბერიძე ასევე საუბრობს დაკავებისას პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების გადაჭარბებაზე და ამბობს, რომ

დაკავების შემდეგ, თბილისში გადმოყვანამდე, დაახლოებით 9 საათის განმავლობაში მეგი დიასამიძეს ხელები ზურგს უკან ჰქონდა შეკრული, ხოლო მას შემდეგ, რაც დაკავებულმა სტუდენტმა ბორკილების ოდნავ მოშვება ან ხელების წინ გადმოტანა ითხოვა, ცინიკურად უთხრეს, რომ „ნაკლები ემოძრავა და ხელები აღარ ეტკინებოდა“.

„არცერთ მომენტში მეგი დიასამიძისთვის არ განუმარტავთ თუ რატომ არის ის დაკავებული. პოლიციელების ქცევას არ შეიძლება მიეცეს სამართლებრივი შეფასება, გარდა იმისა, რომ ეს არის დანაშაული, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, რაც მათ გააკეთეს.

სულ რომ დამნაშავე იყოს მეგი დიასამიძე, ნებისმიერ ბრალში, ის, რაც მას, როგორც დაკავებულს გაუკეთეს, არის სისხლის სამართლის დანაშაული,“ – უთხრა შოთა თუთბერიძემ „ნეტგაზეთს“.

მეგი დიასამიძე 10 სექტემბერს, კახი კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ბრალდებით დააკავეს. შსს-ს თანახმად, მეგი (ირმა) დიასამიძემ, „მელიქიშვილის გამზირზე, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის საარჩევნო ბანერი დააზიანა“.

გამოძიება 23 წლის სტუდენტი გოგოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს.

ამავე თემაზე: 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: