მთავარი,სიახლეები

„ბავშვზე მოძალადე გამოუშვეს, ნინო კი პატიმრობაში დატოვეს, ჯანმრთელობის მიუხედავად“ – ადვოკატი

18.09.2025
„ბავშვზე მოძალადე გამოუშვეს, ნინო კი პატიმრობაში დატოვეს, ჯანმრთელობის მიუხედავად“ – ადვოკატი

„ციხე არ არის ის ადგილი, სადაც შეიძლება გამოსწორდეს ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

არც სასჯელის და არც პატიმრობის მიზანი არ არის ადამიანის ტანჯვა და როდესაც ადამიანს აქვს გაუსაძლისი ტკივილი და უჭირს გადაადგილება, უჭირს საკუთარი თავის მოვლა და საკვების მიღება, რა თქმა უნდა, ეს არის მისი ტანჯვა და არაადამიანურ მდგომარეობაში ჩაყენება“- ამბობს ადვოკატი თამარ გაბოძე უკანონო პატიმრობაში მყოფ პედაგოგზე, ნინო დათაშვილზე.

ნინო დათაშვილი 90 დღეა უკანონო პატიმრობაშია. მასწავლებელი, სამოქალაქო აქტივისტი ნინო დათაშვილი 2025 წლის 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდების მხარე თბილისის საქალაქო სასამართლოში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას ედავება. საუბარია 2025 წლის 9 ივნისს მომხდარ შემთხვევაზე, როცა თბილისის საქალაქო სასამართლოში, სინდისის პატიმრების პროცესზე დასასწრებად მისული ნინო დათაშვილი სასამართლოს მანდატურებმა ძალის გამოყენებით გაიყვანეს შენობიდან, ნინო დათაშვილმა კი მათ წინააღმდეგობა გაუწია. 

ბოლო ორ სასამართლო პროცესს თბილისის საქალაქო სასამართლოში ნინო დათაშვილი არ დასწრებია ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო. ნინოს ხერხემლის პრობლემები აქვს. მიუხედავად ამისა, სასამართლო არ ითვალისწინებს მის მდგომარეობას და პატიმრობაში ტოვებს მას.

ნინო დათაშვილის რა უფლებებს არღვევს სახელმწიფო? – ამ საკითხზე „ბათუმელები“ ნინო დათაშვილის ადვოკატს, თამარ გაბოძეს ესაუბრა.

„ნინოს ჯანმრთელობის მდგომარეობა სახარბიელო არც დაკავების დროს იყო, რადგან მას ხერხემალზე ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული და სჭირდებოდა მეორე ოპერაცია.

დაკავებამდე ის მუდმივად იტარებდა სხვადასხვა კურსს, – ფიზიოთერაპიის, მედიკამენტოზურს და ასე შემდეგ, რისი შესაძლებლობაც ციხეში აღარ აქვს“ – ამბობს თამარ გაბოძე.

მისი თქმით, ნინო დათაშვილს, ხერხემლის მძიმე პრობლემებიდან გამომდინარე, სჭირდება მასზე მორგებული ინკლუზიური გარემო, როგორც ინდივიდუალური საჭიროების მქონე ადამიანს, რაც საკანში არ გააჩნია.

„სჭირდება სპეციალური საწოლი, მაგიდა, სითბო… ანთებით პროცესებს სჭირდება მასზე მორგებული გარემო, რაც საკნის პირობებში არ აქვს და ამიტომაც დამძიმდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

მოსამართლეს პატიმრობის გამოყენებისას ევალება გაითვალისწინოს ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ჩვენ ამაზე ვუთითებდით სასამართლოს, თუმცა ეს მოთხოვნა უგულებელყოფილი იქნა“ – ამბობს თამარ გაბოძე.

ადვოკატი მიიჩნევს, რომ პროკურატურა შეეცადა, ნინოს ჯანმრთელობის მდგომარეობა სინდისის პატიმარზე ზეწოლის მიზნით გამოეყენებინა.

„აპელირებდა იმაზე, რომ ნინო დათაშვილი ხშირად ტიროდა საკანში, რაც რეალურად გამოწვეული იყო ხერხემლის მდგომარეობით, პროკურატურამ კი ამ ფაქტის გამოყენება სცადა ნინოს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში განთავსების მიზნით.

ნინოს გაცნობიერებული თანხმობა არ ჰქონდათ, როდესაც ექსპერტიზას ატარებდნენ, რაც დაუშვებელია. შესაბამისად, ექსპერტიზის ეს დასკვნაც კანონის არსებითი დარღვევით არის მოპოვებული და ჩვენ ამის გამო მივიღებთ შესაბამის ზომებს.

თუმცა, ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ ნინოს არანაირი საჭიროება არ აქვს ამ კუთხით“ – ამბობს გაბოძე.

სასამართლოს მანდატურებმა ნინო დათაშვილზე ფიზიკურად იძალადეს

მისი თქმით, დაცვის მხარე ნათლად ხედავდა იმ რისკებს, რომ ნინოს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდებოდა პატიმრობაში და ასეც მოხდა:

„არც სასჯელის და არც პატიმრობის მიზანი არ არის ადამიანის ტანჯვა და როდესაც ადამიანს აქვს გაუსაძლისი ტკივილი და უჭირს გადაადგილება, უჭირს საკუთარი თავის მოვლა და საკვების მიღება, რა თქმა უნდა, ეს არის მისი ტანჯვა და არაადამიანურ მდგომარეობაში ჩაყენება.

ამის მიუხედავად, სასამართლომ მაინც მიიჩნია, რომ თურმე ნინოს მხრიდან ისევ არსებობს „ახალი დანაშაულის“ ჩადენის რისკი. ანუ განგრძობადი დანაშაულებრივი საქმიანობის რისკი მიიჩნია რელევანტურად და მაღალ საფრთხედ სასამართლომ, რაც არაფრით არ არის გამყარებული და დადასტურებული.

როდესაც პატიმრობის გაგრძელებაზე ან ზოგადად პატიმრობაზე არის საუბარი, გადაწყვეტილების მიმღებს ევალება მიუთითოს კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებები, თუ რა არის ეს საფრთხეები. არა ზოგადი და ბუნდოვანი, არამედ უშუალოდ, კონკრეტული ფაქტებით გაჯერებული და ეს საფრთხეები იმდენად მაღალი სტანდარტის უნდა იყოს და მაღალი ხარისხის, რომ უნდა გადაწონოს ადამიანის თავისუფლებაში ყოფნის უფლება.

მაგრამ სამწუხარო არის ის, რომ როდესაც პროკურორებს აქვთ უკანონო მოთხოვნები და დაუსაბუთებელი მოთხოვნები, სასამართლო მაინც აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს. ასე მოხდა ნონო დათაშვილის შემთხვევაშიც.

ნინო დათაშვილის სასამართლო პროცესის პარალელურად მკლავჭიდელი ქალის სასამართლო მიმდინარეობდა, რომელმაც 14 წლის მოზარდს მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით სცემა. ეს ქალი 3000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გამოუშვეს, ნინო კი პატიმრობაში დატოვეს, მისი მდგომარეობის მიუხედავად.

ჩვენ ვნახეთ კადრები, როგორ უმოწყალოდ ურტყამს მკლავჭიდელი ქალი მოზარდს ქუჩაში და აქ არ არსებობს დანაშაულის განმეორებით ჩადენის საფრთხე?!

მაშინ, როცა ძალადობასთან ერთად სასამართლომ უნდა იმსჯელოს არასრულწლოვნისთვის მიყენებულ ზიანზეც და იფიქროს პრევენციაზეც, რომ აღარ მოხდეს მსგავსი რამ, თუნდაც ამ არასრულწლოვანთან მიმართებაში, იქნება ეს მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე თუ სხვა საფრთხეები უნდა შეაფასოს ერთობლიობაში, თუმცა ამაზე არ უმსჯელია სასამართლოს.

ვნახეთ, რომ მხოლოდ 3000 ლარად შეფასდა ის საფრთხეები, რომლებიც არსებობს არასრულწლოვანთან მიმართებაში. ბავშვზე მოძალადე გამოუშვეს, ნინო კი დატოვეს პატიმრობაში“ – ამბობს თამარ გაბოძე.

მისი თქმით, როცა საქმე ხელისუფლების სახელით მოქმედი პოლიტიკური ძალის ინტერესებს ეხება, იქ სამართალი ხდება მიკერძოებული და უსამართლო.

„ეს ძალიან აშკარაა. როდესაც მზია ამაღლობელი ასე დემონსტრაციულად დასაჯეს და ასე დემონსტრაციულად სჯიან ნინოს.

მაშინ როცა, გარშემო არაერთი ადამიანი იმყოფება გირაოს ქვეშ, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი მტკიცებულება არსებობს მათ წინააღმდეგ, რომ ახალ დანაშაულსაც ჩაიდენენ და საშიშიც არიან საზოგადოებისთვის.

გვაქვს უამრავი შემთხვევა ბავშვებზე, ქალებზე ძალადობის, როცა მოძალადე დანაშაულის არაერთგზის გამეორების მიუხედავად, არ დატოვეს პატიმრობაში და გარეთ გამოუშვეს. სინდისის პატიმრებს კი არც გირაოს სანაცვლოდ ათავისუფლებენ.

ეს შერჩევითი მიდგომა ძალიან აშკარაა.

სამწუხაროდ, მოსამართლეებს ამაზე არ აქვთ მიმღებლობა და ბრაზდებიან, სწყინთ ხოლმე, როცა ვუთითებთ ამაზე, მაგრამ სხვა რა არის ეს, თუ არა შერჩევითი დამოკიდებულება?

გუშინაც მქონდა ამაზე საუბარი სასამართლო პროცესზე, რომ ეს სისხლის სამართლის კანონმდებლობა ორი ხომ არ არის? ერთია და ერთნაირად უნდა გაიგოს პროკურორმაც, მოსამართლემაც და ადვოკატმაც და როდესაც ერთ კონკრეტულ შემთხვევაში ადამიანები ბავშვთა ძალადობის თუ ქალთა ძალადობის საქმეებზე თავისუფლებაში რჩებიან, სადაც მაღალია დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხე, მეორე მხრივ კი, ქალები სრულიად უსაფუძვლოდ არიან ციხეში, რომლებიც თვითონ არიან რეჟიმის მსხვერპლები, რა თქმა უნდა, ეს მიკერძოება ძალიან ნათელია“ – ამბობს თამარ გაბოძე.

დაკავებული მასწავლებლის, ნინო დათაშვილისთვის ორთოპედიული ლეიბის შეგზავნას ადვოკატი ორი თვეა ითხოვდა:

„თუმცა სანამ სახალხო დამცველმა არ მიმართა იუსტიციის მინისტრს რეკომენდაციით, რომ მიეწოდებინათ ორთოპედიული ლეიბის პატიმრისთვის, ამაზე რეაგირება სისტემას არ ჰქონია. ორი დღეა რაც მიაწოდეს ახალი ლეიბი, მთლად ორთოპედიული არც ეს არის, მაგრამ მაინც“ – გვეუბნება თამარ გაბოძე.

„ლეიბის შეტანას, რომ მინიმუმ სახალხო დამცველის რეკომენდაცია სჭირდება იუსტიციის მინისტრთან, ძალიან უხერხულია. ქალს, რომელსაც ასეთი ტკივილები აქვს, წესით, ხელი უნდა შეუწყონ.

მე არ ვამბობ იმას, რომ ციხეში ნინო ექიმს არ უნახავს და მკურნალობის კურსი არ დაუნიშნავს-მეთქი, მაგრამ მკურნალობის ეს კურსები ეფექტური არ აღმოჩნდა. ოთხჯერ შეუცვალეს მკურნალობის კურსი და არცერთი არ აღმოჩნდა ეფექტური.

საერთაშორისო სტანდარტი არის ისეთი, რომ როდესაც სახელმწიფო თუ სახელმწიფოს სახელით მოქმედი პირი ვერ უზრუნველყოფს პატიმრის ჯანმრთელობის უფლების დაცვას, ის ვალდებულია პატიმარი დაუყოვნებლივ გადაიყვანოს ქალაქის პროფილის საავადმყოფოში და მიაწოდოს ყველა შესაბამისი სერვისი. თუ ეს მკურნალობაც არ არის ეფექტური, სახელმწიფომ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს დაკავებული, იმიტომ, რომ ადამიანის ტანჯვა არ არის სასჯელის მიზანი.

ადამიანის არასათანადო მოპყრობა დაუშვებელია ნებისმიერ სივრცეში. მით უმეტეს, ისეთ სივრცეში, სადაც ჩაკეტილია ადამიანი და სახელმწიფოს აქვს მასზე კონტროლი.

სახელმწიფოს ევალება ყველა პატიმრის უფლებების დაცვა, მათ შორის ჯანმრთელობის უფლების დაცვა, იმიტომ რომ სახელმწიფომ შეუზღუდა ამ ადამიანს თავისუფლება, მოაქცია იზოლაციაში და შესაბამისად, ყველაფერი, რაც ამას მოჰყვება, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა“- ამბობს თამარ გაბოძე.

დაცვის მხარე ნინო დათაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს.

„სამწუხაროდ, ამას არ იღებენ ყურად და არ ითვალისწინებენ. მიუხედავად იმისა, რომ ნინოს აბსოლუტურად არასწორად აქვს ბრალი წაყენებული და ის თავად არის დაზარალებული.

არსებობენ თვითმხილველი მოწმეები, ობიექტური მოწმეები, არსებობს ვიდეომტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ნინო დათაშვილზე ფიზიკურ ძალას იყენებენ მანდატურის თანამშრომლები. იმის ნაცვლად, რომ ეს გამოეძიებინათ, ქალი მოათავსეს ციხეში, მერე მიჰყავდათ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, გაურთულდა ჯანმრთელობის მდგომარეობა და კვლავ ტოვებენ პატიმრობაში.

ამაზეც ძალიან ბევრი მოთხოვნა იყო ჩვენგან, რომ პროკურატურას გამოძიება დაეწყო ნინო დათაშვილზე ძალადობის ფაქტზე, თუმცა ჯერჯერობით არაფერი ისმის“- ამბობს ადვოკატი თამარ გაბოძე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: