„წინააღმდეგობის მოძრაობაში ჩართულმა ადამიანებმა შევქმენით ვებგვერდი – ImediWatch, რომელიც ხელოვნური ინტელექტის საშუალებით ავტომატურად გადათარგმნის და გაასაჯაროებს „იმედის“ და სხვა პროპაგანდისტული მედიასაშუალებების მიერ მომზადებულ ანტიდასავლურ ქარდებს, რაც საშუალებას მისცემს ფართო საზოგადოებას გაიგონ, თუ როგორ სიბინძურეს ავრცელებენ დასავლეთის წინააღმდეგ და როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდა“- ამბობს დავით ჯინჭარაძე, „თავისუფლების მოედნის“ წევრი.
„ბათუმელები“ დავით ჯინჭარაძეს ამ თემაზე ესაუბრა.
- დავით, როგორ შეიქმნა ეს ვებგვერდი და რა პრინციპით მუშაობს?
ვებგვერდი შევქმენი მე, ტექნიკურ საკითხებში მეგობრის დახმარებით.
ამ ვებგვერდის შექმნის მთავარი მიზანია, აჩვენოს დასავლურ საზოგადოებას, ვინ ეწევა საქართველოში ანტიდასავლურ პროპაგანდას.
4 ოქტომბრის შემდეგ კიდევ დაგვჭირდა იმის გადააზრება, ვის რა შეგვიძლია გავაკეთოთ ოლიგარქიული რეჟიმის დასასუსტებლად და ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ადამიანების გარკვეულ ნაწილს დავეხმაროთ, კრიტიკულად შეხედონ მიმდინარე მოვლენებს.
როგორც ვხედავთ, დღეს ოლიგარქია სხვადასხვა სვეტზე დგას, იქნება ეს შსს, სუს-ი თუ სხვა ადმინისტრაციული რესურსი და ამას ემატება პროპაგანდისტული მედიასაშუალებები, რომლებიც მიზანმიმართულად მუშაობენ დეზინფორმაციის გავრცელებაზე.
საზოგადოებას აქვს სურვილი, რომ „იმედი“ დასანქცირდეს ანტიდასავლური პროპაგანდის გავრცელებისთვის, მაგრამ საჭიროა იმის ჩვენება, რომ „იმედი“ ნამდვილად წარმოადგენს საფრთხეს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ზოგადად, დასავლური ცივილიზაციისთვის და ამის დემონსტრირება მოხდება სწორედ ამ ვებგვერდის საშუალებით.
ანტიდასავლურ პროპაგანდაში განსაკუთრებით შეიძლება გამოვყოთ „იმედის“ ქარდები, რომლებიც, თუ დავაკვირდებით, „იმედის“ ახალი ამბებისგანაც კი გამოირჩევა სიბინძურით.
„იმედის“ ქარდები გაცილებით უფრო ბინძურია, რადგან უფრო მეტ ტყუილს შეიცავს და პირდაპირ ურტყამს დასავლეთს. ოღონდ ურტყამს არა მხოლოდ ისე, რომ, ვთქვათ, წერენ არასწორ თარგმანს, რა თქვა, მაგალითად, რომელიმე ევროპარლამენტარმა, არამედ ავრცელებენ ყალბ ინფორმაციას.
ამის აღრიცხვა აქამდე არ ხდებოდა და ახლა, ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით, მოხდება ამ სიყალბის მხილება.
- ანუ ეს იქნება იმის ვიზუალიზაცია, თუ რა ფორმით ავრცელებენ „ოცნების“ პროპაგანდისტი მედიები დეზინფორმაციას?
დიახ. მართალია, არასამთავრობოებიც მუშაობდნენ ზოგად ნარატივებზე, მაგრამ მაინც ჰაერში რჩებოდა თითქოს ეს ყველაფერი. ამის შემდეგ კი იქნება კონკრეტული, თვალხილული მასალები ამ ვებგვერდზე და ყველას შეეძლება ამ ინფორმაციის საკუთარი თვალით ხილვა, თუ რას წერს, მაგალითად, „იმედი“.
პოლიტიკური ნება არსებობს როგორც ბრიტანეთში, ასევე დასავლეთში პროპაგანდისტების დასანქცირების, მაგრამ იმისათვის, რომ პროცესი დაჩქარდეს, ვფიქრობ, ეს ინფორმაცია მათაც დაეხმარება.
ამიტომ გავაკეთეთ ეს ვებგვერდი – Imedi Watch.
- რა პრინციპით მუშაობს ვებგვერდი და თქვენ გარდა ვინ იმუშავებს ამაზე?
ახლა ავარჩიე მოხალისეთა გუნდი, 4 მოხალისე მყავს, რომლებიც შეისწავლიან პროპაგანდისტული მედიასაშუალებების ვებგვერდებს, ასევე საზმაუს ვებგვერდსაც და აიღებენ იმ ქარდების ბმულებს, რომლებითაც დეზინფორმაცია ვრცელდება და ჩაუშვებენ სისტემაში. შემდეგ კი ყველაფერს გააკეთებს სისტემა.
- AI მუშაობს ინფორმაციის თარგმნაზე?
დიახ, ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ხდება ტექსტების თარგმნა, თუმცა მოხალისეებიც ვაკონტროლებთ, რომ თარგმანი იყოს ზუსტი და საჭიროების შემთხვევაში ვარედაქტირებთ. დღეში 10 წუთის გამოყოფაც მნიშვნელოვანია პროპაგანდის წინააღმდეგ საბრძოლველად.
- მხოლოდ ქარდები გადაითარგმნება, თუ გაიშიფრება, ვთქვათ, ნიუსები ან ვიდეოებიც?
ჯერჯერობით მხოლოდ ქარდები გადაითარგმნება, რადგან ჩვენი აზრით, „იმედის“ ქარდების შინაარსი ბევრ მათ თანამშრომელსაც კი არ მოსწონს, იმდენად ბინძურია.
მათი დანიშნულებაა, რომ იმ კონკრეტულ მომენტში გაცილებით ბინძურად დაარტყან დასავლეთს. შემდეგ ასეთ ქარდებს შლიან კიდეც, თუ დააკვირდებით, რადგან შეიძლება მოედავოს ვინმე, მაგალითად, ევროკავშირის რომელიმე ელჩი, დეზინფორმაციის გავრცელებისთვის.
აშკარად ცალკე ხალხს ამუშავებენ ამ ქარდებზე. თანაც, ქართული ქარდების შინაარსი გაცილებით ბინძურია, ინგლისურში ეს ტონი უფრო შერბილებულია.
ჩვენ ვთარგმნით ისეთ ქარდებს, რომლებითაც განსაკუთრებით ურტყამენ დასავლეთს.
ასევე, ვადარებთ, რომელ ამბავს ავრცელებს „იმედი“ ან სხვა პროპაგანდისტული მედია რუსული წყაროებიდან. ასეთ ინფორმაციას აწერია – „აღმოჩენილია რუსული კვალი“, შეგიძლია დააჭირო ღილაკზე და ნახო, როგორია რუსული პროპაგანდა.
მაგალითისთვის, გუშინ დავდე პოსტი, სადაც „იმედი“ ავრცელებდა ქარდს, რომ მიუნხენის საზოგადოებრივ ტრანსპორტში სექსუალური შევიწროების შესახებ ყოველი მეოთხე ახალგაზრდა ქალი აცხადებს. შემდეგ რუსულად მოვძებნე იგივე ამბავი და ვნახეთ, რომ რუსული წყაროდან ჰქონდათ ეს ინფორმაცია გადმოტანილი და მსგავსი რამ არ იძებნება სანდო გერმანულ გამოცემებში.
ადამიანებს შეუძლიათ ჩვენი ვებგვერდიდან ინფორმაციის გადაზიარება, ვთქვათ, X-ზე და სხვა ინგლისურენოვან სოციალურ ქსელებში, რომ უფრო მეტი აუდიტორიისთვის გახდეს ხელმისაწვდომი, თუ როგორ ეწევა „იმედი“ ანტიდასავლურ პროპაგანდას.
„იმედის“ გარდა დაემატება საზმაუს, ,,რუსთავი 2″-ის და „პოსტ ტვ“-ის ქარდებიც ჩვენს ვებს და ამ მედიების მონიტორინგი განხორციელდება ინგლისურ ენაზე.
- როგორც ვიცით, „ოცნების“ მთავარი პროპაგანდისტული არხის „იმედის“ მფლობელს, ირაკლი რუხაძეს სახლი აქვს ლონდონში. ხომ არ აპირებთ მასთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაცია მიაწოდოთ ბრიტანულ საზოგადოებას იმისთვის, რომ იცოდნენ, როგორ ცხოვრობს დიდ ბრიტანეთში რუსული პროპაგანდის შემქმნელი?
რუხაძის ბიზნესპარტნიორისთვის ალბათ არ იქნება ეს სიახლე, რადგან რუსი პარტნიორი ჰყავს, ალექსეევი, ამიტომ ერთნაირი ღირებულებები ექნებათ მის ბიზნესპარტნიორებსაც. თუმცა რუხაძე აშშ-ს მოქალაქეა და ამერიკული მოქალაქეობიდან გამომდინარე ვალდებულებები რას წარმოქმნის, ამ დეტალებში არ მინდა შევიდე.
რუხაძესთან დაკავშირებით მთავარი გამოძიებები „გარდიანს“ აქვს გაკეთებული, თუმცა, ბრიტანულ სანქციებს, ვფიქრობ, ჩვენ მიერ გავრცელებული ეს ინფორმაციებიც დაეხმარება.
ასევე, ჩვენს ვებგვერდზე არის ღილაკი, რომელიც შეუძლია გამოიყენოს ნებისმიერმა პირმა და მისწეროს ბრიტანეთის პარლამენტს „იმედის“ და მისი მფლობელის სანქცირებაზე.
აქვეა დამატებული სხვა ღილაკებიც, რომლებითაც შეუძლიათ ფინანსური მხარდაჭერა გამოუცხადონ როგორც ჩვენს ვებგვერდს, ასევე მედიასაშუალებებს, რომლებიც ჩართულნი არიან „სინათლის მოძრაობაში“.
სამწუხაროდ, ჯერ არ გვაქვს ინფორმაცია, როდის დასანქცირდებიან პროპაგანდისტები ბრიტანეთის მიერ, თუმცა ვიცით, რომ ყველა მონაცემი დევს მაგიდაზე და აუცილებლად იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება ამაზე მიღებული.
რაც შეეხება რუხაძეს, ლონდონში მცხოვრები აქტივისტები მივიდნენ ირაკლი რუხაძის სახლთან და „ოლე ოლა“ ჩაურთეს. მისთვის არ იქნებოდა ალბათ კომფორტული ამის მოსმენა, თუმცა ამ პროცესების დასაჩქარებლად საჭიროა კამპანია, რომ პროპაგანდისტები დროულად დასანქცირდნენ.






