„ასეთი სიტუაციაა დაახლოებით, რომ წარმოვიდგინოთ: თივა და იქვე ღვივის ნაპერწკალი. ეს ნაპერწკალი პოტენციურად საკმარისია იმისთვის, რომ ხანძარი გაჩნდეს, მაგრამ ცეცხლი გაჩნდება იმ შემთხვევაში, თუ რაღაც მოხდება, მაგალითად, სიო დაუბერავს. რა შეიძლება იყოს სიოს გამომწვევი ფაქტორი, არავინ იცის.
ეს შეიძლება იყოს, როგორც საგარეო ფაქტორი, მაგალითად, უკრაინის ომის დამთავრება და მისი შედეგები ან საშინაო მოულოდნელი მოვლენა ან შემთხვევა, რომელიც არ იყო გათვალისწინებული. „ოცნებაშიც“ კარგად იციან, რომ მოულოდნელობის ფაქტორები ყოველთვის არსებობს პოლიტიკაში და ამიტომაც ბოლომდე ვერ გრძნობენ თავს კომფორტულად,“ – ამბობს პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია. მას ვესაუბრეთ „ოცნების“ რეჟიმის მორიგ გადაწყვეტილებაზე: „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სარჩელით სამი პოლიტიკური ძალის აკრძალვას ითხოვს.
- ბატონო კორნელი, რა ეტაპზე გადადის „ოცნების“ რეჟიმი ოპოზიციური პარტიების აკრძალვით?
ფაქტობრივად, საქართველო შედის პოსტკონსტიტუციურ მდგომარეობაში, როდესაც უკვე კონსტიტუციას და ქვეყნის ძირითად კანონებს არავითარი მნიშვნელობა აღარ ექნება, ისევე, როგორც კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს და სხვა დემოკრატიულ ღირებულებებს. ძალაუფლებაში მყოფი გუნდი ცდილობს, ავტორიტარიზმის კონსოლიდაცია მოახდინოს ბოლომდე.
შეიძლება, იმის სურვილიც ჰქონდეთ, რომ დიქტატურული რეჟიმი დაამყარონ, თუ ხალხის ნება არ შეეწინააღმდეგება.
საქართველო უერთდება იმ ავტორიტარული ქვეყნების რიგს, სადაც ერთპარტიული სისტემაა, თუმცა ჩვენთან უფრო ოლიგარქიული სისტემაა, რომელიც ერთ არაანგარიშვალდებულ პიროვნებას ემორჩილება.

კორნელი კაკაჩია
მთელი სახელმწიფო აპარატი და მთელი პარტია ერთი ადამიანის პირად ინტერესებზეა მორგებული, რომელსაც საზოგადოებას ეროვნულ ინტერესად, ხოლო დემოკრატიული ინსტიტუტების დემონტაჟს, სუვერენიტეტის განმტკიცებად ასაღებენ.
აქამდეც იყო დიდი ნაპრალები ჩვენსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის, „ოცნების“ ანტიდემოკრატიული პოლიტიკიდან გამომდინარე, რამაც სერიოზულად დააზიანა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი. ახლა ეს ნაპრალი კიდევ უფრო იზრდება, მათ შორის, ისეთ სფეროებში, როგორიცაა განათლება.
რეპრესიული კანონების მიღებით კიდევ უფრო ვშორდებით დასავლეთს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანა შეუქცევადად მიდის თვითიზოლაციისკენ.
- თქვენი დაკვირვებით, რატომ დასჭირდება „ოცნებას“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვა? ვგულისხმობ იმას, რომ დიქტატურაში არჩევნებს მაინც არ აქვს აზრი, ოპოზიციონერი ლიდერები ციხეში არიან, პოლიტიკურ აქტიურობას კი, ივანიშვილი პარტიის აკრძალვით ვერ შეაჩერებს…
„ქართული ოცნება“ ცდილობს მთლიანად გაანადგუროს ოპოზიციური სპექტრი და ზოგადად განსხვავებული აზრი, რომ მას პოლიტიკურ ველზე მომავალში არ ჰყავდეს სერიოზული მოწინააღმდეგე.
თუ სამოქალაქო საზოგადოება და თავისუფალი მედია არ იქნება, ოპოზიციური პარტიები აიკრძალება, არ არის გამორიცხული, „ოცნებამ“, რომელსაც, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ ლეგიტიმურობის სერიოზული პრობლემა აქვს, მომავალ წელს ჩაატაროს საპარლამენტო არჩევნები იმისათვის, რომ კონსტიტუციური უმრავლესობა მიიღოს და შემდეგ უკვე საბოლოოდ გაიფორმოს სახელმწიფოს მიტაცება ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე.
ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ, რა თქმა უნდა, ქართული საზოგადოება ამას წინ არ აღუდგება.
- მაგრამ წინააღმდეგობა უწყვეტია და საპროტესტო აქცია გრძელდება.
დიახ, წინააღმდეგობა არსებობს. ამიტომაცაა, რომ ყოველდღიურად „ოცნების“ მიერ მიღებული კანონები კიდევ უფრო რეპრესიული ხდება. ეს უკვე ინდიკატორია იმის, რომ მანამდე არსებული შეზღუდვები არაეფექტური აღმოჩნდა და ისე არ მუშაობს, როგორც მის ავტორებს ჰქონდათ ჩაფიქრებული და განსაზღვრული.
ეს ნიშნავს ასევე იმას, რომ საზოგადოებრივი წინააღმდეგობა იზრდება და განსაკუთრებით დიდ ქალაქებში ეს აშკარად ჩანს.
- ამ რეალობაში „ოცნებას“ მაინც აქვს იმის იმედი, რომ პროტესტის ჩახშობას, ხალხის დაშინებას შეძლებს?
„ოცნების“ მიზანია მთელი ქვეყანა, ქართველი ხალხი და საერთაშორისო საზოგადოება შეაგუოს იმ აზრს, რომ აქ საბოლოოდ მყარდება ოლიგარქის ინტერესს დაქვემდებარებული, ავტორიტარული რეჟიმი, რომელსაც არაფერი საერთო არა აქვს ევროპულ ღირებულებებთან. ამასთანავე, „ოცნების“ სურვილია ყველამ დროზე გააცნობიეროს და მიიღოს ადგილზე არსებული „ახალი რეალიები“.
ამისთვის „ოცნება“ წარმატებით იზიარებს პოსტსაბჭოთა ავტორიტარული რეჟიმების გამოცდილებას, იგივე რუსეთის, ბელარუსის, აზერბაიჯანის სახით. სწორედ იქიდან არის ეს პროცესი შთაგონებული. ამიტომაცაა, რომ საქართველოში ძალიან სწრაფად იღებენ რეპრესიულ კანონებს იგივე რუსეთისგან განსხვავებით, სადაც წლები დასჭირდა იმავე პროცესს. სხვანაირად რომ ვთქვათ, „ოცნებას“ აქვს ავტორიტარული მართვის გამზადებული შაბლონები და ამიტომაც, პირდაპირ გადმოიღეს ეს მოდელები და არ გასჭირვებიათ თავიანთ თავზე მორგება.
თუმცა ფაქტია ისიც, რომ სხვა ქვეყნების გამოცდილება საქართველოში ბოლომდე არ მუშაობს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქართველ ხალხს ისტორიულად გააჩნია პროტესტის კულტურა და უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლის უნარი.
აქედან გამომდინარე, სწორედ ახლა იქნება გადამწყვეტი მომენტი: რამდენად მოახერხებენ ისინი შეაგუონ საზოგადოება ავტორიტარიზმს. ფაქტია, რომ საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი არ და ვერ ეგუება ამ პროცესს.
ამ ხელისუფლების მთავარი სისუსტე ისიცაა, რომ მას არ აქვს ქართული საზოგადოების გაერთიანების უნარი და პოტენციალი. თავისი არსით ის უფრო „ეროვნული უთანხმოების“ მთავრობაა, ვიდრე პირიქით. ამ დროს ნებისმიერი პასუხისმგებელი ხელისუფლება დიალოგის გზით უნდა ცდილობდეს საზოგადოების კონსოლიდაციას საერთო-ეროვნული მიზნების გარშემო. ამას „ოცნება“ ვერ ახერხებს და ეს საკმაოდ ასუსტებს ქვეყნის მედეგობას.
მიუხედავად იმისა, რომ ჯიუტად უარყოფენ, ფაქტია, რომ „ოცნება“ რუსული ტიპის მმართველობისკენ არის მიდრეკილი, თუ ეს გამოუვიდათ.
არ მგონია, რომ ჩვენგან ახალი ბელარუსი გამოვიდეს. უფრო, იკვეთება სურვილი, რომ აზერბაიჯანის ტიპის ავტორიტარული სისტემა დაამკვიდრონ იმ განსხვავებით, რომ ჩვენთან ოჯახური დინასტიის ნაცვლად ოლიგარქი იქნება მმართველობაში განუსაზღვრელი ვადით. აზერბაიჯანი ატარებს „ფორმულა ერთის“ და სხვა საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებს, ანუ მთლად იზოლირებული არ არის. სავარაუდოდ, ასეთი მოდელი აქვთ, ალბათ, წარმოდგენილი.
გულახდილად რომ ვთქვათ, სომხეთის გარდა, ალბათ, ყველა მეზობელი კმაყოფილი იქნება ამ მოდელით: ჩვენს სამეზობლოს თუ გადავხედავთ, საქართველო იყო ყოველთვის თავისუფლების და დემოკრატიის ერთგვარი კუნძული და ოდნავ ამოვარდნილი იყო რეგიონული მოდელიდან. თუ ქართული დემოკრატიული სახელმწიფო გაქრება, ყველა ჩვენი ავტორიტარი მეზობელი კმაყოფილი იქნება. გადავხედოთ ჩვენს მეზობლებს: ირანი, თურქეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი – ყველა მეზობელი ასეთია.
უკვე საუბრობენ კიდეც სამხრეთ კავკასიაში ახალი რეგიონული წესრიგის შექმნაზე, რომელიც რეგიონის ქვეყნებს სწორედაც რომ ავტორიტარიზმის გარშემო გააერთიანებს.
- ჩანს უკვე რეგიონში ამის ნიშნები?
ჯერჯერობით ბოლომდე არაა პროცესი მიყვანილი, რადგან სომხეთი აშკარად ამოვარდნილია ამ კონტექსტიდან. მომავალი წლის არჩევნებზეა დამოკიდებული სომხეთის დემოკრატიული განვითარების შესაძლებლობები. თუ რუსეთმა მოახერხა იქ ხელისუფლების შეცვლა, შემდეგ უკვე შესაძლებელი იქნება.
- ამ ვითარებაში, როდესაც საქართველო პრაქტიკულად ქრება დასავლეთის პოლიტიკური დღის წესრიგიდან, რა ფაქტორებმა შეიძლება მოუტანოს წინააღმდეგობას საქართველოში წარმატება?
ვერ ვიტყოდი, რომ საქართველოს მიმართ დასავლეთის ინტერესი საბოლოოდ გამქრალია. მართალია, ამ ეტაპზე საქართველო არ მოიაზრება, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, მაგრამ ყურადღება არსებობს. ეს ინტერესი მკაფიოდ ჩანს იგივე ევროპული სტრუქტურების წარმომადგენლების განცხადებებსა და ქმედებებში.
თუმცა წინააღმდეგობის წარმატების ძირითადი ფაქტორი მაინც ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების სურვილზეა დამოკიდებული. რა სურს საზოგადოებას: გააგრძელოს დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა და ევროკავშირთან ინტეგრაცია, თუ მიიღოს ავტოკრატიული მმართველობა ოლიგარქიული ელფერით და დაუბრუნდეს იმ ნაცრისფერ ზონას, რომელსაც ძლივს დავაღწიეთ თავი.
ხელისუფლების აქტიური მცდელობების მიუხედავად, რომ ხალხი დააშინოს და შეაგუოს ამ პირობებს, საზოგადოება არ ეგუება ავტოკრატიულ მმართველობას. ეს ბრძოლა თავისებური „ნერვების ომიცაა“ და გარდამტეხი მომენტი დამოკიდებულია იმაზე, ვინ უფრო მეტს მოითმენს და ვის უმტყუნებს ნერვები. ჯერჯერობით „ოცნებამ“ ვერ მოახერხა ამ წინააღმდეგობის გატეხა.
ასეთი სიტუაციაა დაახლოებით, რომ წარმოვიდგინოთ: თივა და იქვე ღვივის ნაპერწკალი. ეს ნაპერწკალი პოტენციურად საკმარისია იმისთვის, რომ ხანძარი გაჩნდეს, მაგრამ ცეცხლი გაჩნდება იმ შემთხვევაში, თუ რაღაც მოხდება, მაგალითად, სიო დაუბერავს. რა შეიძლება იყოს სიოს გამომწვევი ფაქტორი, არავინ იცის.
ეს შეიძლება იყოს, როგორც საგარეო ფაქტორი, მაგალითად, უკრაინის ომის დამთავრება და მისი შედეგები ან საშინაო მოულოდნელი მოვლენა ან შემთხვევა რომელიც არ იყო გათვალისწინებული. „ოცნებაშიც“ კარგად იციან, რომ მოულოდნელობის ფაქტორები ყოველთვის არსებობს პოლიტიკაში და ამიტომაც ბოლომდე ვერ გრძნობენ თავს კომფორტულად.
- პროტესტის პარალელურად „ოცნება“ მიტაცებული ძალაუფლებით ვერ გააძლიერებს ავტორიტარიზმს?
ძალიან გაჭირდება, რადგან საზოგადოებამ ლეგიტიმაცია უნდა მისცეს და მიიღოს მმართველობის ის რეჟიმი, რასაც „ოცნება“ ამკვიდრებს.
ამასთანავე, როგორც ზემოთ აღვნიშნე, „ოცნების“ პოლიტიკა არ არის მიმართული ეროვნული თანხმობისკენ და ამის მიღწევის რესურსი არა აქვს. პირიქით, ისინი ხელოვნურად ხელს უწყობენ საზოგადოების დაყოფას და გახლეჩას, მაგრამ ამ პოლიტიკით ვერ მიაღწევ ამ მიზნებს. პირიქით, ამ პოლიტიკით ბევრი გადაიმტერეს უკვე და ეს პროცესი გრძელდება.
საბოლოოდ ამ დაყოფის და რეპრესიების პოლიტიკით შეიძლება მიიღო ისეთი რეალობა, როცა თანდათანობით ყველა უკმაყოფილოა და შენ წინააღმდეგაა განწყობილი. თოვლის გუნდის პრინციპი მუშაობს: პატარა გუნდა მოძრაობაში შესაძლოა გადიდდეს გზადაგზა და საბოლოოდ ზვავიც კი გამოიწვიოს.
საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში საზოგადოებასთან აგრესიული დაპირისპირების პოლიტიკით აუცილებლად წააგებ, იმიტომ, რომ უბრალოდ, დროის საკითხია, როდის აღმოჩნდები უმცირესობაში. ეს პროცესი შესაძლოა კიდევ უფრო დაჩქარდეს იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლებას არა აქვს დიალოგის არც სურვილი და არც რესურსი.






