ფინანსური სანქციები, რომელიც აშშ-მ რუსულ ნავთობკომპანია „ლუკოილს“ დაუწესა, საქართველოში რეგისტრირებულ მის შვილობილ კომპანია „ლუკოილ-ჯორჯიასაც“ შეეხება.
აშშ-ს სანქციები „ლუკოილის“ საერთაშორისო აქტივებზე 21 ნოემბრიდან შევა ძალაში.
21 ნოემბრის შემდეგ რუსეთს გარეთ „ლუკოილის“ ვერცერთი შვილობილი კომპანია, მათ შორის „ლუკოილ-ჯორჯია“ – სადაც წილის 50 პროცენტზე მეტს პირდაპირ ან ირიბად თავად რუსული „ლუკოილი“ ფლობს – საბანკო გადარიცხვებს ვეღარ განახორციელებს.
იმ შემთხვევაში, თუ ვინმე სანქცირებული რუსული „ლუკოილის“ ბენზინგასამართ სადგურებზე საბანკო ბარათით ცდის გადახდას, ტრანზაქცია დაიბლოკება, ბანკს კი ეს სანქციების დარღვევად ჩაეთვლება.
„ვიზა და მასტერქარდი არის ამერიკული კომპანია. ნებისმიერი ოპერაცია, განხორციელებული ამ ბარათებით სანქცირებულ რუსულ კომპანიასთან, მაგალითად, „ლუკოილთან“ [მაგ. საბანკო ტერმინალებით] არის სანქციის დარღვევა და სერიოზული რისკის ქვეშ დადგებიან ბანკის აქციონერები და კლიენტები.
დოლარში განხორციელებული გადარიცხვები ამ კომპანიების ანგარიშებიდან არის სანქცირებული, მაგალითად, საწვავის შესაძენად, სვიფტით თუ სხვა გზით. ნებისმიერი გადარიცხვა სანქცირებული კომპანიიდან [ევროში, დოლარში], რომელიც გაივლის ამერიკულ ბანკებს [ე.წ. საკორესპონდენტო ანგარიშებიდან], არის სანქციის დარღვევა… ვინ იყიდის „ლუკოილის“ სადგურებს [საქართველოში] ან შეწყვეტს თუ არა საქმიანობას, მალე გამოჩნდება,“ – განმარტავს ეკონომისტი რომან გოცირიძე.
28 ოქტომბერს “ლუკოილმა” განცხადება გამოაქვეყნა, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ სანქციების გამო ნავთობკომპანია საერთაშორისო აქტივების გაყიდვას გეგმავს.
რა ბედი ელის „ლუკოილის“ ბენზინგასამართ სადგურებს საქართველოში 2025 წლის 21 ნოემბრის შემდეგ? – ამ კითხვას კომპანიაში არ პასუხობენ.
Reuters-ის ინფორმაციით კი, რუსულმა „ლუკოილმა“ უკვე განაცხადა, რომ დასავლეთის სანქციების გამო საერთაშორისო აქტივებს ყიდის. შესაბამისად, საქართველოში „ლუკოილის“ ბენზინგასამართი სადგურები ან უნდა გაიყიდოს, ან უბრალოდ შეწყვიტოს მუშაობა.
„აქტივების გაყიდვა მიმდინარეობს აშშ-ს ხაზინის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის [OFAC] მიერ გაცემული საქმიანობის შეწყვეტის [wind down] ლიცენზიის ფარგლებში. საჭიროების შემთხვევაში, კომპანია გეგმავს ლიცენზიის ვადის გაგრძელების თაობაზე მიმართვას, რათა უზრუნველყოს თავისი საერთაშორისო აქტივების უწყვეტი ოპერირება – ნათქვამია „ლუკოილის“ განცხადებაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ პოტენციური მყიდველების წინადადებების განხილვა უკვე დაწყებულია,“ – წერს Reuters-ი.
„ლუკოილის“ ერთ-ერთმა ყოფილმა დირექტორმა ანონიმურობის დაცვით გამოცემა politico-სთან საუბრისას განაცხადა, რომ ამ ნაბიჯმა შესაძლოა კომპანიის შემოსავლები და მოგება „დაახლოებით 30 პროცენტით“ შეამციროს.
მისი თქმით, კომპანია იძულებულია გაყიდოს სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და მსოფლიოში არსებული თითქმის 5000 ბენზინგასამართი სადგურიდან დაახლოებით ნახევარი.
„ლუკოილი დასრულდა“ – თქვა კომპანიის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა politico-სთან საუბრისას.
ამ თემაზე: სანქციების გამო „ლუკოილი“ საერთაშორისო აქტივებს ყიდის
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის უმსხვილეს ნავთობკომპანიებს, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“, ასევე მათ შვილობილებს, სანქციები 2025 წლის 22 ოქტომბერს დაუწესა.
საქართველოში 2002 წელს რეგისტრირებული შპს „ლუკოილ-ჯორჯიას“ 100 პროცენტი წილის მესაკუთრე დღეს არის LUKOIL International GmbH-ი, რომელიც ავსტრიაშია რეგისტრირებული და რომელსაც საბოლოოდ აკონტროლებს რუსული LUKOIL-ი.
საჯარო რეესტრის ბოლო ამონაწერით, შპს „ლუკოილ ჯორჯიას“ დირექტორია რომან პეტრაშოვი, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე.
„ლუკოილ ჯორჯიას“ 2024 წლის ფინანსური ანგარიშგების დოკუმენტის მიხედვით, „კომპანიას გააჩნია საკუთარი 23 და იჯარით აღებული 27 ავტოგასამართი სადგური, ასევე 10 ფრანჩაიზინგის უფლებით მომუშავე ავტოგასამართი სადგური, რომლებიც განთავსებულია საქართველოს ყველა რეგიონში“. კომპანიაში სულ 600-მდე თანამშრომელია დასაქმებული.

„ლუკოილ ჯორჯიას“ სტრუქტურა / წყარო: კომპანიის ანგარიშგება
„სუპერი, პრემიუმი, ევროდიზელი, ევრორეგულარი და დიზელი“ – ესაა პროდუქტები, რომლებსაც „ლუკოილი“ საქართველოში ყიდის, მათ შორის ბითუმადაც.
„წარმოების ტექნოლოგია კომპანიას არ გააჩნია, რამდენადაც ახდენს მზა პროდუქტის იმპორტს და მის შემდგომ რეალიზაციას“ – წერია ანგარიშგებაში.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, „ლუკოილ-ჯორჯია“ ნავთობპროდუქტებს რუსული კომპანიისგან იღებს: „ძირითადი მომწოდებელი კომპანია არის LUKOIL NEFTOHIM BURGAS AD, რომელიც ასევე LUKOIL-ის ჯგუფში შემავალი კომპანიაა.
- 2024 წელს, „ლუკოილ-ჯორჯიას“ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა შემოსავალმა 766 მილიონ 319 ათასი ლარი შეადგინა, ხოლო ამავე წელს წმინდა მოგებამ – 35 მილიონ 474 ათასი ლარი.
- 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანიას 32 მილიონ 212 ათასი ლარის ოდენობით ფულადი სახსრები ჰქონდა ბანკში [შედარებისთვის: 2023 წლის 31 დეკემბერს ჰქონდა 10 მილიონ 203 ათასი ლარი].
- 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით „ლუკოილ ჯორჯიას“ საკუთარი კაპიტალი 63 მილიონ 908 ათასი ლარი იყო, ხოლო კომპანიის აქტივების ღირებულება სულ 134 მილიონ 860 ათასი ლარი [აქედან გრძელვადიანი აქტივები 23 მილიონ 791 ათასი და მიმდინარე აქტივები – 111 მილიონ 69 ათასი ლარი]“.
ანგარიშგების დოკუმენტში „ლუკოილ-ჯორჯია“ აღნიშნავს, რომ „2025 წლის აპრილში შეერთებული შტატების მიერ გარკვეული კატეგორიის საქონლის იმპორტზე ტარიფების დაწესებამ ხელი შეუწყო გლობალურ ეკონომიკურ გაურკვევლობას. აღნიშნული ზომები გავლენას ახდენს საერთაშორისო სავაჭრო ნაკადებსა და ინვესტორების განწყობაზე. ტარიფებისა და სხვა პროტექციონისტული ზომების შემოღებამ, ნავთობის გლობალური ფასების არასტაბილურობამ და რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის მიმდინარე სამხედრო კონფლიქტმა კიდევ უფრო გაზარდა გაურკვევლობა ბიზნესგარემოში…“
აქედან გამომდინარე „ლუკოილ-ჯორჯია“ 2025 წლის მაისის ბოლოს დამტკიცებულ დოკუმენტში სამომავლო გეგმებზე წერს, რომ „კომპანიას დაგეგმილი არ აქვს ამ ეტაპზე განახორციელოს სხვა საწარმოს შეძენა ან საკუთარის გასხვისება. კომპანიის მიზანია, რომ შეინარჩუნოს და გაზარდოს არსებული ბაზრის წილი და ბენზინგასამართი სადგურების ქსელი კლიენტების მომსახურების გაუმჯობესების ხარჯზე.
სტრატეგიული განვითარების გეგმის მიხედვით, საკუთარ ექსპლუატაციაში შესულია ავტოგასამართ სადგურებზე არსებული 15 მაღაზია. ასევე, უმეტეს აგს-ებზე გარე სივრცეში მიმდინარეობს უალკოჰოლო სასმელების რეალიზაცია. სამომავლო მიზნებშია მაღაზიათა და აგს-ების ქსელის გაზრდა, მობილური აპლიკაციებისა და ლოიალურობის პროგრამის დანერგვა“.
როგორ აპირებს მუშაობის გაგრძელებას „ლუკოილ-ჯორჯია“ აშშ-ს მიერ დაწესებული სანქციების გამო 2025 წლის 21 ნოემბრიდან, როცა ეს ფინანსური სანქციები ამოქმედდება? – ამ კითხვაზე კომპანიაში არ პასუხობენ.
„როდესაც კომპანია გადაწყვეტს, რომ გააკეთოს რაიმე კომენტარი, აუცილებლად გავაკეთებთ საჯაროდ. ვაგრძელებთ ჩვეულებრივად მუშაობას და ამ ეტაპზე ჩვენთვის, ჯერჯერობით, არაფერი არ იცვლება. არ ვაკეთებთ კომენტარს ამ საკითხზე. ხელმძღვანელობა გადაწყვეტს და თვითონ გააკეთებს საჯარო კომენტარს“, – უთხრეს „ლუკოილ-ჯორჯიაში“ „ბათუმელებს“ 28 ოქტომბერს.

„ლუკოილის” ბენზინგასამართი სადგურების მდებარეობა საქართველოს ტერიტორიაზე






