ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ოკეანოლოგი საშა ხორავა, ერთ-ერთია იმ სპეციალისტთაგან, რომლებიც წლების მანძილზე ამბობდნენ, რომ ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები არასწორად ხორციელდებოდა.
„როგორც მდინარის კალაპოტში არ შეიძლება სახლის მშენებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, წყალდიდობის დროს მდინარე წაიღებს, ასევე, პლაჟზე არანაირი კაპიტალური მშენებლობა არ შეიძლება. ტალღას თავისი მოქმედების ზონა აქვს. ეს ერთხელ და სამუდამოდ ყველამ უნდა გაითავისოს,“ – ამბობს საშა ხორავა და იმ მიზეზებზე საუბრობს, რამაც ახალი ბულვარის ტერიტორიის ერთი მონაკვეთის დანგრევა გამოიწვია.
„ახალი ბულვარის ადგილას წლების განმავლობაში იყრებოდა ინერტული მასალა. შედეგად პლაჟი გაიზარდა 50 მეტრის ფარგლებში. ახალგაკეთებულ პლაჟზე დაიგო ბულვარის ბილიკიც, გზაც გაკეთდა და ღამის განათების ბოძებიც აქვე იყო დამაგრებული. შედეგად, ტალღის მოქმედების ზონაში აღმოჩნდა ეს მონაკვეთი, ბულვარის ბილიკი დაზიანდა და ბოძები წაიქცა. ყველამ უნდა გაიგოს, იქ სადაც არის პლაჟი, არის ტალღის მოქმედების ზონა. შესაბამისად ამ ზონაში არავითარი კაპიტალური მშენებლობები არ შეიძლება,“ – ამბობს საშა ხორავა.
შტორმის შემდეგ
შტორმის შედეგებზე საუბრისას სამშენებლო ნორმების უგულებელყოფას უსვამს ხაზს აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელი ვახო წულაძე. მისი თქმით, მსგავსი ტიპის შტორმი რეგულარულად ხდება.
„ბევრ შემთხვევაში, ახალი ინფრასტრუქტურული ნაგებობების მშენებლობის დროს არ იყო დაცული სანიტარული ზონები, ბუფერული ზონა რასაც ჰქვია. წესით, სანაპიროდან 75 მეტრი უნდა იყოს დაცული, ტალღას თავისი სამუშაო ზონა უნდა ჰქონდეს შტორმის დროს, რომ არაფერი დააზიანოს. ამასთან, ის ხელოვნური კვება, ინერტული მასალის ჩაყრა, რომელიც ამ მონაკვეთზე ხორციელდებოდა, იყო ძალიან მცირე რაოდენობის. რეალურად დიდი სამუშაო იყო განსახორციელებელი. რაც შეეხება აეროპორტის ტერიტორიას და ჭოროხისკენ მიმავალ ახალ გზას, არ იყო დაცული 75-მეტრიანი ბუფერული ზონა და ფაქტობრივად ზღვამ იმუშავა სანაპირო ზოლში. სანაპირო ზოლში აშენდა ინფრასტრუქტურა, სანამდეც ზღვა მივიდა. ის არის ზღვის სანაპირო, ზღვის საკუთრება. იქ არ უნდა შეიჭრა.
ჩაქვის მიმდებარე ტერიტორიაზე საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა. 1983 წლიდან 1990 წლამდე ამ ტერიტორიაზე 750 ათასი კუბური მეტრი ინერტული მასალა იქნა ჩაყრილი, რამაც საკმაოდ დიდი ზოლის პლაჟი შექმნა. შემდეგ სამუშაოები გაჩერდა. ქობულეთშიც იგივე სიტუაციაა. ჩამორეცხილია კედელი, გაჩენილი აქვს ბზარები. იმ ადგილზე, სადაც ჩავარდნა მოხდა, რამდენჯერმე გამორეცხილი აქვს ძირი კედელს,“ – ამბობს ვახო წულაძე.
გარემოს დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სანაპირო ზოლის ხელოვნური კვება არასაკმარისი იყო, წლების მანძილზე ინერტული მასალის შეტანა რომ არ მომხდარიყო, ბევრად უფრო სავალალო შედეგები იქნებოდა.
რატომ არ ხორციელდებოდა საკმარისი რაოდენობით ინერტული მასალის შეტანა და რატომ ხდებოდა პლაჟზე მძიმე კონსტრუქციების მშენებლობა? ვახო წულაძე, რომელიც აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გახდა, სამსახურში მისვლის პერიოდს იხსენებს და ამბობს:
„როდესაც მოვედი და ვიკითხე, რამდენია საჭირო, რომ ნაპირები გავამაგროთ წელს-მეთქი, მიპასუხეს: რამდენსაც გამოგვიყოფს ბიუჯეტი თანხასო. ეგ დამოკიდებულება არ უნდა ყოფილიყო. უნდა ეზრუნა ხელისუფლებას იმაზე, რომ მომხდარიყო ამის გამაგრება, უნდა დამჯდარიყვნენ და დაეთვალათ. წელს რამდენიც საჭირო იყო, ჩვენმა მთავრობამ იმდენი გამოყო,“ – აცხადებს წულაძე.
რა უნდა გაკეთდეს იმისთვის რომ სტიქიის დროს ზარალი მაქსიმალურად იყოს შემცირებული? არასამთავრობო ორგანიზაცია „ფლორა და ფაუნას~ გამგეობის თავმჯდომარე არჩილ გუჩმანიძე ამბობს, რომ ინერტული მასალის დროებითი ჩაყრა მოკლევადიან ეფექტს იძლევა, საბოლოოდ კი შედეგს ვერ გვაძლევს.
„ჩაყრებით გამაგრებას ჩვენ ცოტა სკეპტიკურად ვუყურებთ. ჩვენი სკეპტიციზმი გამომდინარეობს იქიდან, რომ ეს არის დროებითი ღონისძიება, რომელიც გარკვეულწილად, მცირედი პერიოდით იცავს ნაპირს, მაგრამ ის ვერ უზრუნველყოფს ნაპირების დაცვას მდგრად ვარიანტში და ვერ უზრუნველყოფს ხანგრძლივვადიან პერიოდში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჯობს თუნდაც ქვეყანამ სესხი აიღოს და მუდმივი დაცვა გააკეთოს. მოგეხსენებათ, ჩრდილოეთით გვაქვს ბათუმის კანიონი. ადლიაში რომ ვყრით და ახალ ბულვართან ინერტულ მასალას, მოდის, მოდის და შემდეგ ზვავდება ბათუმის კანიონში. იმ კანიონის ამოვსებას ათეულობით წლები არ ეყოფა. აქედან გამომდინარე ჩვენ ვკარგავთ უძვირფასეს ინერტულ მასალას. შედეგად ვიღებთ დროებით ეფექტს. წარმოიდგინეთ, არის მცენარე, რომელიც ჩვენ არ მოგვწონს და ვსხლავთ. ის ხომ მაინც გაიზრდება? უფრო სერიოზული ღონისძიებებია აქ მისაღები,“ – აცხადებს გუჩმანიძე.
მიმდინარე წელს აჭარის სანაპიროებზე ინერტული მასალის ჩასაყრელად სამი მილიონ 240 ათასი ლარი დაიხარჯება. სამუშაოები ყველა პრობლემურ ადგილას ჩატარდება.
დაზიანებული სანაპირო ზოლი
„2008 წლიდან 2013 წლამდე აჭარის სანაპიროების გასამაგრებლად ჩაყრილია დაახლოებით 350 ათასი კუბური მეტრი ინერტული მასალა. ძირითადად მიმდინარეობდა ადლიაში ჩაყრა და ბათუმის პლაჟების გამაგრება.
წელს ბიუჯეტიდან გამოყოფილია სამი მილიონ 240 ათასი ლარი. ამ თანხიდან 20 ათასი ლარი არის საპროექტო სამუშაოებისთვის. 20 ათასი – არის შესრულების ზედამხედველობის ხარჯები, ხოლო სამი მილიონ 200 ათასი ლარი არის გამოყოფილი ინერტული მასალის ამოღებასა და ტრანსპორტირებაზე. წელს 350 ათასი კუბური მეტრი ინერტული მასალის შეტანა განხორციელდება აჭარის პლაჟებზე, 150 ათასი ჩაიყრება ადლიის მიმდებარე ტერიტორიაზე და შტორმების შედეგად ზღვა თვითონ გადაანაწილებს ადლიიდან ბათუმის პორტამდე. 50 კუბური მეტრის ჩაიყრება ჩაქვის მიმდებარე ტერიტორიაზე, 50 ათასი კუბური მეტრი კი – ბობოყვათში. ქობულეთში ორ წერტილად ჩაიყრება, 50-50 ათასი კუბური მეტრი ინერტული მასალა,“ – ამბობს ვახო წულაძე.
მისივე თქმით, ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება და სამუშაოები აპრილის ბოლოს დაიწყება. რაც შეეხება ქობულეთს, იქ სამუშაოები სექტემბერში ჩატარდება.