ბათუმი,მთავარი,სიახლეები

აჭარის ტელევიზიის მხარდასაჭერად დღეს მორიგი აქცია გაიმართება

06.10.2019 • 2430
აჭარის ტელევიზიის მხარდასაჭერად დღეს მორიგი აქცია გაიმართება

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მხარდასაჭერად დღეს, 6 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ბათუმში,  „აჭარის ტელევიზიის“ შენობის წინ, აქცია გაიმართება. საპროტესტო აქციის ორგანიზატორია მოძრაობა – „ქვეყნის სამსახურში“.

„ჩვენ, მოქალაქეები, ყოველდღიურად ვხედავთ, როგორ უზღუდავს ხელისუფლება კრიტიკულ მედიასაშუალებებსა და კონკრეტულ ჟურნალისტებს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, როგორ ცდილობს, ჩაერიოს დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციების სარედაქციო პოლიტიკაში, რისთვისაც იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს.

მთელი წლის განმავლობაში ვაკვირდებოდით, როგორ ხორციელდებოდა ზეწოლა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე. დღეს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სარედაქციო დამოუკიდებლობა საფრთხის ქვეშაა – ნათია კაპანაძის, მაუწყებლის დირექტორის, იმპიჩმენტის შემდეგ, მრჩეველთა საბჭომ ამ დრომდე ვერ მოახერხა ახალი დირექტორის არჩევა. არსებობს ძალიან დიდი საშიშროება, რომ ახალშერჩეულმა მრჩეველთა საბჭომ ხელისუფლებისთვის მისაღები კანდიდატი დირექტორად აირჩიოს, რითაც საფრთხე დაემუქრება ტელევიზიის, როგორც ხელისუფლების მაკონტროლებლის ფუნქციის, შესრულებას. ჟურნალისტები ვეღარ შეძლებენ დამოუკიდებლად მოქმედებას, ვეღარ შეძლებენ ჩვენი, მოქალაქეებისთვის, პრობლემური საკითხების ობიექტურად და კრიტიკულად გაშუქებასა და ინფორმირებას.

აღნიშნულ საფრთხეებზე მიუთითებენ თავად აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტები და სხვა თანამშრომლები, რომლებიც საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან მხარდაჭერას ითხოვენ. შესაბამისად, მოგიწოდებთ თქვენ, თითოეულ მოქალაქეს, შემოგვიერთდეთ აქციაზე [6 ოქტომბერს] 17:00 საათზე. ერთად დავუჭიროთ მხარი აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტებს, რათა ქვეყანაში შევინარჩუნოთ სიტყვის თავისუფლება. საზოგადოებრივი მაუწყებელი ეკუთვნის ხალხს და არა ხელისუფლებას!“ – აღნიშნულია მოძრაობის- „ქვეყნის სამსახურში“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

_ _ _

აჭარის ტელევიზიის თანამშრომლებმა 30 სექტემბერს საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართეს და თქვეს, რომ არსებობს სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის საფრთხე. „აჭარის ტელევიზიის“ მხარდასაჭერად მოქალაქეები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, იმავე დღეს ბათუმში, ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ.

აჭარის უმაღლესმა საბჭომ, პირველ ოქტომბერს, გამოაქვეყნა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრობის კანდიდატების საბოლოო სია. სიაში სულ 23 კანდიდატია.

ამ თემაზე: ვინ არის აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წევრობის 23 კანდიდატი

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორობის კანდიდატის, გიორგი კოხრეიძის სარჩელთან დაკავშირებით კი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ განცხადება გაავრცელა. სწორედ კოხრეიძის სარჩელის საფუძველზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მეოთხე კონკურსი შეაჩერა.

ამ თემაზე: საია: გიორგი კოხრეიძის სარჩელზე სასამართლოს ხარვეზი უნდა დაედგინა

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: