მთავარი,სიახლეები

როგორ აპირებს ბათუმის მერი უნებართვო მშენებლობების აღკვეთას

22.06.2018 • 2732
როგორ აპირებს ბათუმის მერი უნებართვო მშენებლობების აღკვეთას

ბათუმის მერიამ აჭარის უმაღლეს საბჭოს კანონმდებლობაში ცვლილებასთან დაკავშირებული პროექტების მომზადება სთხოვა და დასახელებულ საკითხებთან დაკავშირებით პრობლემის გადაჭრის საკუთარი ხედვა შესთავაზა. მერიაში მიიჩნევენ,  რომ ცვლილებები ბათუმში რამდენიმე მწვავე პრობლემის მოგვარებას შეუწყობს ხელს.

მერიის მიერ დასახელებული პრობლემების ჩამონათვალშია უნებართვო ან სანებართვო პირობების დარღვევით განხორციელებული მშენებლობები, კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობების მთლიანი ან ნაწილობრივი დემონტაჟის შესახებ მერიის დადგენილების აღსრულება, რაც უნებართვოდ აშენებული ან მიშენებული ფართობების მოშლას გულისხმობს.

პრობლემის არსს მერია ასე აღწერს:

„როგორც სასამართლო გადაწყვეტილების, ასევე ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოტანილი დადგენილებების და მასზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულება სააღსრულებო ბიუროს კომპეტენციაა. შესაბამისად, უკანონო მშენებლობის, პროექტის დარღვევით მიმდინარე მშენებლობის, უნებართვოდ ობიექტის დემონტაჟის აღმოჩენის შემთხვევაში, ზედამხედველობის სამსახური გამოსცემს დადგენილებას,რომლითაც სამართალდამრღვევს აჯარიმებენ და სთხოვენ, დაუყოვნებლივ შეაჩეროს უნებართვო მშენებლობა, ამ დადგენილებით ასევე  განისაზღვრება უკვე განხორციელებული უკანონო მშენებლობის დემონტაჟი და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის ვალდებულება, რაზედაც გაიცემა სააღსრულებო ფურცელი.“

მერიის განმარტებით, იმის გამო, რომ ზედამხედველობის სამსახურს არ გააჩნია რაიმე სახის იძულების მექანიზმები [საპოლიციო თუ სხვა], გაცემული დადგენილება და სააღსრულებო ფურცელი იგზავნება სააღსრულებო ბიუროში, მისი აღსრულების მიზნით.

ბიურო, ისევე როგორც მერიის ზედამხედველობის სამსახური, კანონდამრღვევს აფრთხილებს შეაჩეროს უნებართვო ან სანებართვო პირობების დარღვევით მიმდინარე მშენებლობა და ამით ასრულებს ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლების საფუძველზე მიმდინარე საქმისწარმოებას.

გაფრთხილების მიუხედვად სამართალდამრღვევები მაინც აგრძელებენ მშენებლობებს უნებართვოდ ან პროექტის დარღვევით. მერიის ინფორმაციით სააღსრულებო ბიურო ვერ ახერხებს კანონიერი მოთხოვნების შესასრულებლად გაფრთხილების გარდა სხვა იძულებითი ღონისძიებების განხორციელებას. ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში სააღსრულებო ბიუროს უფლებამოსილი პირები მერიას განუმარტავენ, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს სხვა სახის იძულებით აღსრულებას.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თუ მოქმედება არ შეიძლება შეასრულოს მესამე პირმა, რადგან ეს დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ კანონდამრღვევის ნებაზე, რომელიც არ ასრულებს მითითებას, ამ შემთხვევაში მას  შეიძლება დაეკისროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. მიუხედავად ამისა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, დანაშაულად მიიჩნევა  და დასჯადია მხოლოდ და მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ან მისი შესრულებისათვის ხელშეშლა. რადგან ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოცემული დადგენილებებისა და სააღსრულებო ფურცლების შეუსრულებლობა არ არის სისხლის სამართლის დანაშაული, ფაქტობრივად ვერ ხორციელდება სამშენებლო სამართალდარღვევათა სფეროში სახელმწიფოს მხრიდან საჭირო და ეფექტური ღონისძიებები.

ამ პრობლემის გადაჭრის მიზნით მერია უმაღლეს საბჭოს სთხოვს, მოამზადოს შესაბამისი ცვლილების პროექტი კანონმდებლობაში და „მსგავსად სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობისა, სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას დაექვემდებაროს  ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედახედველობის სამსახურის დადგენილებების საფუძველზე გამოწერილი სააღსრულებო ფურცლის შეუსრულებლობა ან შემოღებულ იქნას სხვა ქმედითი რეგულაციები აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით.“

მერიაში ასევე განმარტავენ, რომ სამშენებლო სამართალდარღვევების კუთხით პრობლემაა უნებართვოდ ან პროექტის დარღვევით განხორციელებული მშენებლობების საჯარო რეესტრში მხოლოდ აზომვითი ნახაზის საფუძველზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციის საკითხი, რის გამოც ფაქტობრივად ლეგალიზებული ხდება უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობები.

საჯარო რეესტრში ასეთი ფართობების მხოლოდ აზომვითი ნახაზის საფუძველზე საკუთრებაში რეგისტრაციის შემდგომ, დამრღვევი პირები ასაჩივრებენ  მერიის ზედახედველობის სამსახურის დადგენილებებს სასამართლოში და ითხოვენ მათ გაუქმებას იმ მოტივით, რომ ამ დადგენილებებით ხორციელდება საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრირებული ფართობების დემონტაჟი.

მერიის ინფორმაციით, დღეს დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკით ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედახედველობის სამსახურის დადგენილებები დემონტაჟის ნაწილში უქმდება იმის გამო, რომ უნებართვოდ ან პროექტის დარღვევით განხორციელებული მშენებლობების შედეგად შექმნილი ფართობები საკუთრების უფლებით დარეგისტრირებულია მხოლოდ და მხოლოდ აზომვითი ნახაზის საფუძველზე.

„ამდენად, გვაქვს სიტუაცია, როდესაც ხორციელდება უნებართვოდ ან პროექტის დარღვევით განხორციელებული მშენებლობების ირიბი ლეგალიზაცია [საჯარო რეესტრში უფლების დამდგენი დოკუმენტის გარეშე, მხოლოდ აზომვითი ნახაზის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გამო], ხოლო ამის გამო ზედახედველობის სამსახური მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უძლურია განახორციელოს ღონისძიებები ასეთი ობიექტების დემონტაჟის მიზნით“.

მერია ითხოვს, საჯარო რეესტრის საქმიანობის მარეგულირებელ საკანონმდებლო აქტებში ამ კუთხით განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებები და საჯარო რეესტრმა მხოლოდ აზომვითი ნახაზის საფუძველზე არ დაარეგისტრიროს ქონება და ამისათვის სავალდებულო გახდეს უფლების დამდგენი დოკუმენტების წარდგენა.

უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, ნინო ჩხეტიას ინფორმაციით, უმაღლეს საბჭოში მერის რამდენიმე ინიციატივას განიხილავენ, მათ შორის, მერიის დადგენილების აღსრულებისა და საჯარო რეესტრში საკუთრების მხოლოდ ნახაზზე დაყრდნობით საკუთრების უფლების რეგისტრაციის საკითხს, თუმცა ამ კონკრეტულ ინიციატივას  პროექტის სახე ჯერ არ აქვს. მერმა უმაღლეს საბჭოს ინიციატივით 2018 წლის თებერვალში მიმართა.

მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის ბათუმში უკანონოდ აშენებული და დაურეგისტრირებელი 9000 კვადრატული მეტრია, ამ მონაცემებში არ შედის ის ფართობები, რომლებიც მშენებლებმა ბოლო წლებში უკანონოდ ააშენეს და მათი კანონის ჩარჩოში მოქცევა მშენებლობის დასრულების შემდეგ შეძლეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: