ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ბიზნესმენმა სარფში სახელმწიფო მიწა დაიკავა და სასტუმროს უკანონოდ აშენებს

04.10.2019 • 3668
ბიზნესმენმა სარფში სახელმწიფო მიწა დაიკავა და სასტუმროს უკანონოდ აშენებს

ექიმი და სამედიცინო ბიზნესით დაკავებული დიმიტრი ტვილდიანი, სარფში 3008 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთზე, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაა, სასტუმრო-კომპლექსს უკანონოდ აშენებს. სწორედ ეს მიწის ნაკვეთი გამოიტანა სახელმწიფომ ახლახანს აუქციონზე გასაყიდად. სავარაუდოდ მიწის ნაკვეთს სწორედ დიმიტრი ტვილდიანი იყიდის. მშენებლობაზე, როგორც ხელვაჩაურის, ასევე ბათუმის მერიას ნებართვა არ გაუცია, თუმცა უკანონო მშენებლობისთვის მშენებელი არც დაუჯარიმებია.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო აუქციონზე მიწის ნაკვეთს უკანონოდ მშენებარე ნაგებობასთან ერთად ყიდის. გასაყიდი მიწის მისამართად მითითებულია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელი სარფი. თუმცა, ხელვაჩაურის მერიაში გვითხრეს, რომ მიწის ნაკვეთი ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში შედის.

„აუქციონზე გამოტანილი ნაკვეთი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საზღვრებში არ შედის. მშენებლობის ნებართვა, მაგ ნაკვეთზე ჩვენი მუნიციპალიტეტის მიერ, ბუნებრივია, გაცემული არ არის, ამიტომ მიმდინარე მშენებლობაზეც რეაგირება ჩვენს კომპეტენციაში არ შედის,“ – გვითხრა ხელვაჩაურის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი ქურიძემ.

„ბათუმელებმა“ ნებართვის საკითხი გადაამოწმა ბათუმის მერიაშიც, სადაც ასევე განაცხადეს, რომ ნებართვა არ გაუციათ.

„რამდენადაც ვიცით, გასაყიდ მიწაზე მიმდინარე მშენებლობა უკანონოა და მას, სავარაუდოდ, მომიჯნავე ნაკვეთის მესაკუთრე აწარმოებს, თუმცა, დეტალებზე შესაბამის მუნიციპალიტეტს უნდა დაუკავშირდეთ. ჩვენ არც მშენებლობაზე და არც დემონტაჟზე ნებართვას არ გავცემთ. დღეს ეს მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს საკუთრებაა და მას სააგენტო აუქციონზე ყიდის,“ – გვითხრეს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, იმ ნომერზე, რომელიც აუქციონის გვერდზეა მითითებული.

 

აუქციონზე გამოტანილი მიწის ნაკვეთი მშენებარე ობიექტით / ფოტო ელექტრონული აუქციონის ვებგვერდიდან

აუქციონზე გამოტანილ 3008 კვადრატულ მეტრ ფართობის მიწის ნაკვეთს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო 246 ათას ლარად ყიდის. ვაჭრობის ბიჯი 2 ათასი ლარია [დაახლოებით 82 ლარი 1 კვ/მ]. ამ ნაკვეთს, დიდი ალბათობით, მომიჯნავე ნაკვეთის მესაკუთრე დიმიტრი ტვილდიანი შეისყიდის, რომელიც აუქციონზე გამოტანილ ნაკვეთზე სასტუმროს უკვე აშენებს. აუქციონი დაწყებულია და ის 7 ოქტომბერს დასრულდება.

საქმე იმაშია, რომ დიმიტრი ტვილდიანი უკანონოდ დაკავებული სახელმწიფო მიწის გვერდით სარფში ფლობს საკუთრებას, სადაც მრავალფუნქციურ კომპლექსს აშენებს [პირველ სართულზე პარკინგი, მეორე სართულის ნაწილი – კაფე, მესამე სართული – სასტუმრო]. მან თავის დროზე ეს მშენებლობაც  უნებართვოდ დაიწყო, 200 ლარით დააჯარიმეს და მშენებლობის ნებართვაც ამის შემდეგ მისცეს.

„ნებართვა გაცემულია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საზღვრებში მდებარე ნაკვეთზე. დაირღვა თუ არა პროექტი, ამას ალბათ ჩვენი ზედამხედველობის სამსახური გადაამოწმებს. პროექტში რაიმე ცვლილებისთვის ჩვენთვის ჯერ არ მოუმართავთ. თუ რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება იქნება, შესაძლოა ახალი ნებართვის გაცემა გახდეს საჭირო,“ – გვითხრა ხელვაჩაურის მერიის არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის განყოფილების უფროსმა ზეინაბ კაკაბაძემ.

„თუ მშენებლობის ნებართვა გაცემულია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და მშენებლობა გაგრძელდა, ვთქვათ, ბათუმის ტერიტორიაზე, მაშინ დარღვეულია პროექტი და რეაგირებაც ხელვაჩაურის მერიამ უნდა მოახდინოს. რაც შეეხება ქალაქის ტერიტორია არის თუ არა, საკადასტრო მონაცემებით ქალაქია, თუმცა, მაინც გადავამოწმებთ,“ – გვითხრა ირაკლი მოქიამ, ბათუმის მერიის ზედამხედველობის განყოფილების უფროსმა.

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, დიმიტრი ტვილდიანმა სარფში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, 2 670 არასასოფლო-სამეურნეო ნაკვეთი, რაზედაც  მშენებლობის ნებართვაა გაცემული, 2017 წლის მარტში დაირეგისტრირა.

ამის შემდეგ დიმიტრი ტვილდიანმა იქვე კიდევ 1 639 კვ/მ მიწა კერძო პირისგან შეიძინა, ხოლო 1 819 კვ/მ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწა კი, 2018 წელს სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ უპირობო აუქციონზე იყიდა.

მარცხენა ფოტო: დიმიტრი ტვილდიანის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები სარფში [ღია ყვითელი ფერით] და სახელმწიფო საკუთრება [მუქი ყვითელი ფერით], რომელიც აუქციონზე იყიდება და სადაც უკანონო მშენებლობა მიმდინარეობს. / წყარო: საჯარო რეესტრი;
მარჯვენა ფოტო: იგივე ტერიტორია, სადაც სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს. თანამგზავრის ფოტო, რომელიც 2019 წლის მაისშია გადაღებული / წყარო: Google.

აუქციონის პირობაში შენიშვნის სახით აღნიშნულია, რომ „საპრივატიზებო მიწის ნაკვეთი განთავსებულია ლანდშაფტურ სარეკრეაციო ზონაში (ლსზ)“. საქართველოს კანონმდებლობით კი „ლანდშაფტური-სარეკრეაციო ზონა წარმოადგენს დასახლების (ადმინისტრაციულ) საზღვრებში ბუნებრივი ლანდშაფტის ან ფასეული ხელოვნური ლანდშაფტის ტერიტორიას, სადაც შესაძლებელია მისი ფუნქციონირებისათვის უზრუნველმყოფი შენობა-ნაგებობების არსებობა კანონმდებლობის შესაბამისად“.

თუ ამჯერადაც დიმიტრი ტვილდიანი შეიძენს აუქციონზე გამოტანილ მიწის ნაკვეთს [ასეთი რამ უკვე მოხდა, როცა 1819 კვ/მ მიწა გამოიტანა სახელმწიფომ აუქციონზე], საქმე პარადოქსამდე მივა – აღმოჩნდება, რომ ერთი მუნიციპალიტეტის [ხელვჩაურის] მიერ გაცემული ნებართვით, შენობა ორი მუნიციპალიტეტის [ხელვაჩაურის და ბათუმის] ტერიტორიაზე შენდება. ანუ, ბათუმისა და ხელვაჩაურის საზღვარი ამ შენობაში გავა [ფაქტობრივად ეს საზღვარი დღეს მშენებარე ობიექტზე ისედაც გადის].

ასეთი რამ კი, როგორც ბათუმის მერიაში გვითხრეს, შეუძლებელია, ამიტომ გამოსავალი იქნება მუნიციპალიტეტებს შორის ადმინისტრაციული საზღვრისა და პროექტის ცვლილება.

შესაბამისად, თუ აუქციონზე გამოტანილ ნაკვეთს ტვილდიანი იყიდის [ამ ნაკვეთზე სასტუმროს უკანონოდ სწორედ ის აშენებს] ამას შესაძლოა ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებს შორის ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლა მოჰყვეს.

ამ თემაზე:

ექიმი, რომელიც სასტუმროს უკანონოდ აშენებს, 200 ლარით დააჯარიმეს და მშენებლობის ნებართვა მისცეს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: