200 კილომეტრი თხებთან ერთად ფეხით – მწყემსების 5-დღიანი გზა [ვიდეო]


სამი მწყემსი – თამაზ ცინცაძე, ჯემალ ბეჟანიძე და ალიკა კახაბერიძე უკვე მეხუთე დღეა ადიგენიდან 200 თხას ბათუმის მიმართულებით მიერეკებიან. ისინი თხების გაყიდვას ბათუმში აპირებენ. ამბობენ, რომ დაახლოებით 200 კილომეტრი გამოიარეს ფეხით და დაახლოებით 30 კილომეტრი კიდევ უნდა იარონ.

ბათუმი-ახალციხის მაგისტრალის ქედის [მახუნცეთი] მონაკვეთზე თხის ფარის ხილვა ავტომანქანებში მსხდომ ადამიანებს კარგ ხასიათზე აყენებს. მანქანაში მოკალათებულები მწყემსებს ხელს უქნევენ და ღიმილით ესალმებიან. მწყემსები კი ამბობენ, რომ ძალიან დაიღალნენ, მათი პროფესია ურთულესია და მალე ამ საქმეს ვეღარ გააგრძელებენ. ამ სამ მწყემსს ის საფიქრალიც აქვს, რომ ბათუმში ჩამოყვანილი თხები როგორმე მალე გაყიდონ და დროულად დაბრუნდნენ ადიგენში, სადაც კიდევ 500 სული თხა  ჰყავთ დატოვებული.

მწყემსები კამერის ჩართვისთანავე თავიანთ გასაჭირზე იწყებენ საუბარს. მათი პირველი საწუხარი ის არის, რომ დარჩენილ თხებს ადიგენის მთებიდან გამოსაზამთრებლად სამ თვეში გადმორეკავენ, მაგრამ წელს პირველად არ იციან, სად უნდა წაიყვანონ წვრილფეხა პირუტყვი გამოსაზამთრებლად.

„ზამთარში თივა გვინდა, ხომ? ჩვენს ტერიტორიაზე გამოცხადდა მაჭახლის ეროვნული პარკი. ეს პარკი ჩვენი სოფლის მიმდებარედ არის, სადაც ვცხოვრობთ და თხებს ვაბალახებდით. თუ არ შეგვიშვეს და იქნება ეროვნული პარკი, სად უნდა წავიდეთ“, – გვითხრა თამაზ ცინცაძემ.

ჯემალ ბეჟანიძე სრულიად სხვა პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას: „მთაში, სადაც ვართ, გზა არ არის. სამი კილომეტრი ბილიკებზე დავდივართ – ფეხით გამოგვაქვს ტვირთი, პროდუქტი, რასაც ვაწარმოებთ. ცხენით უნდა გადმოიტანო ან ზურგით. 3-4 თვეა იქ ვართ. ჩვენი ხელისუფლება ამ საკითხზე არ ზრუნავს, რომ გლეხს ხელი შეუწყოს“.

თამაზ ცინცაძე და ჯემალ ბეჟანიძე

მწყემსები ამბობენ, რომ მათი პროფესია უკვე მილევადია. „ეს ყველაზე მძიმე პროფესიაა – თხები ძნელი მოსავლელია. აჭარაში გარკვეული რაოდენობის პირუტყვი ყოველთვის იყო, ახლა ეს რაოდენობა ძალიან შემცირდა და 2-3 წელიწადში აღარ იქნება წვრილფეხა პირუტყვი. პირობები არ არის, სახელმწიფო ხელს არ გვიწყობს, ახალგაზრდებს ეს საქმე არ აინტერესებთ“, – გვითხრა თამაზ ცინცაძემ.

თამაზ ცინცაძეს თავის ორ კოლეგასთან ერთად კიდევ 30 კილომეტრის გავლა მოუწევს. სავარაუდოდ, ისინი მხოლოდ ამაღამ, გვიან ღამით ჩააღწევენ ბათუმამდე. გზადაგზა თხებს აბალახებენ, ზურგზე მოგდებულ ფუთებში კი ერთი დღის საგზალი საკუთარი თავისთვის ისევ აქვთ გადანახული.

ბათუმში ჩამოსულები თხების მყიდველებს დაელოდებიან და როცა გაყიდიან, ისევ მთებს მიაშურებენ.

200 კილომეტრი ფეხით

მწყემსები თამაზ ცინცაძე და ჯემალ ბეჟანიძე უკვე მეხუთე დღეა ადიგენიდან 200 თხას ბათუმის მიმართულებით მიერეკებიან. ისინი თხების გაყიდვას ბათუმში აპირებენ. ამბობენ, რომ დაახლოებით 200 კილომეტრი გამოიარეს ფეხით.ნახეთ სტატია: https://batumelebi.netgazeti.ge/news/222037/

Posted by ბათუმელები • Batumelebi.ge on ოთხშაბათი, 07 აგვისტო, 2019

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ეთერ თურაძე არის გაზეთ "ბათუმელების" მთავარი რედაქტორი 2001 წლიდან