მთავარი,სიახლეები

75 წლის კაცის მოგებული საქმე ხელვაჩაურის მიწის კომისიამ სასამართლოში გაასაჩივრა

04.10.2019 • 1204
75 წლის კაცის მოგებული საქმე ხელვაჩაურის მიწის კომისიამ სასამართლოში გაასაჩივრა

ხელვაჩაურის მიწის კომისიამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქმე, რომელიც 75 წლის იუსუფ წულუკიძესთან წააგო. ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ მოქალაქის სარჩელი დააკმაყოფილა და მიიჩნია, რომ ხელვაჩაურის მიწის კომისიის გადაწყვეტილება უკანონოა.

იუსუფ წულუკიძე მამაპაპისეული მიწის აღიარებას წლების განმავლობაში ითხოვს და მიწის კომისიამ მას უარი უთხრა იმ მოტივით, რომ მიწა, სადაც იუსუფ წულუკიძე ახლა მარტო ცხოვრობს, სახელმწიფოს საკუთრებაა. იმის გამო, რომ იუსუფ წულუკიძეს საკუთრება ამ დრომდე არ ჰქონდა, მის საცხოვრებელ სახლში არც გაზია და არც წყალი. სასამართლომ ხელვაჩაურის მიწის კომისია დაავალდებულა, ხელახლა შეისწავლოს „იუსუფ წულუკიძის საქმე“.

„ჩვენ ვალდებული ვიყავით, გაგვესაჩივრებია ეს გადაწყვეტილება,“ – გვიპასუხა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარემ, თემურ ხალვაშმა. მას ვკითხეთ, რატომ ჩათვალა საჭიროდ კომისიამ ისევ ედავა სასამართლოში მოხუცის წინააღმდეგ. კომისიის თავმჯდომარეს ვთხოვეთ დაესახელებინა სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც იყო კომისია ვალდებული ედავა მოხუცის წინააღმდეგ.

„ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს, რომ დაიცვას მის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტი. ჩვენ ვალდებული ვიყავით, დაგვეცვა ეს გადაწყვეტილება,“ – გვითხრა თემურ ხალვაშმა.

„არც ერთი კანონი არ ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს, რომ გაასაჩივროს მის საწინააღმდეგოდ გამოტანილი გადაწყვეტილება,“ – ამბობს ანა ბერძენიშვილი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი. ეს ორგანიზაცია სასამართლოში იუსუფ წულუკიძის ინტერესებს იცავს.

ანა ბერძენიშვილი „გონიოს მიწების საქმეს“ იხსენებს, სადაც გონიოლებმა მოიგეს საქმე ბათუმის მერიის საკუთრების კომისიის წინააღმდეგ, მაგრამ კომისიას გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია.

„მით უმეტეს, ამ შემთხვევაში, 15 წელია ბატონი იუსუფი ითხოვს საკუთრების აღიარებას… ცნობილია, ასევე საქმეების გადატვირთულობა სასამართლოებში. კომისიას რომ არ გაესაჩივრებია ეს გადაწყვეტილება, ახლა კომისიას უკვე ნამსჯელი ექნებოდა იუსუფ წულუკიძის საქმეზე,“ – გვითხრა ანა ბერძენიშვილმა.

ხელვაჩაურის მიწის კომისიის თავმჯდომარის, თემურ ხალვაშის ლოგიკით, იუსუფ წულუკიძე მორალურად მართალია, კანონით – არა.

„სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მორალური თვალსაზრისით, შესაძლებელია, მართებულია ეს პიროვნება და ვთქვათ, მართალიც არის. კანონიერი თვალსაზრისით, მუნიციპალიტეტის კომისია მართალია, რადგან კანონი ჩვენ არ გვაძლევს საშუალებას, ვინმეს დავურეგისტრიროთ სახელმწიფო ქონება, თან ეს იყო სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტი, სამხედრო ობიექტი იყო ადრე,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ თემურ ხალვაშმა.

სააპელაციო სასამართლოში უკვე გაიმართა „იუსუფ წულუკიძის საქმის“ განხილვა. სასამართლო გადაწყვეტილებას 22 ოქტომბერს გამოაცხადებს.

იუსუფ წულუკიძე ხელვაჩაურში, სოფელ მაჭახლისპირში 674 და 2500 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთების საკუთრებაში აღიარებას ითხოვდა. ერთ-ერთ მიწის ნაკვეთზე იუსუფის წინაპრების ძველი სახლი იდგა, რაც დაინგრა. იუსუფმა მიწის ამ ნაკვეთზე ხეხილის ბაღი გააშენა და დღემდე სარგებლობს. სახლის დანგრევის შემდეგ, ანუ 1997 წლიდან, იუსუფ წულუკიძემ  იქვე არსებული ძველი სასადილოს შენობაში დაიწყო ცხოვრება. ეს შენობა მან თვითნებურად დაიკავა. იუსუფ წულუკიძეს მეუღლე გასულ წელს გარდაეცვალა, შვილი – პატიმარია.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: