საია: გიორგი კოხრეიძის სარჩელზე სასამართლოს ხარვეზი უნდა დაედგინა


აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორობის კანდიდატის, გიორგი კოხრეიძის სარჩელთან დაკავშირებით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს. კოხრეიძის სარჩელის საფუძველზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მეოთხე კონკურსი შეაჩერა.

„საიამ შეისწავლა აღნიშნული განჩინებები და მიიჩნევს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გიორგი კოხრეიძის სარჩელზე ხარვეზი უნდა დაედგინა და განჩინებაში მითითებული საფუძვლით არ უნდა მომხდარიყო დირექტორის თანამდებობაზე გამოცხადებული ახალი კონკურსის შეჩერება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილმა განაცხადა, რომ ტელევიზია სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის საფრთხის წინაშეა, განსაკუთრებით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მაუწყებლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის შეჩერების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გამო.

სასამართლო განჩინებებთან დაკავშირებული პრობლემები კი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სარედაქციო დამოუკიდებლობის საფრთხის რეალურობას აჭარის ტელევიზიაში,“ – აღნიშნულია საიას განცხადებაში.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებაშივე განმარტავს, რატომ არ უნდა მიეღო წარმოებაში სასამართლოს გიორგი კოხრეიძის სარჩელი.

„გიორგი კოხრეიძის სარჩელი წარდგენილია სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს მიმართ, რომელიც ხელმძღვანელი ორგანოა და დამოუკიდებელ სამართლებრივ სუბიექტს არ წარმოადგენს.

ცალკე აღებული მრჩეველთა საბჭო ვერ იქნება ის სუბიექტი, რომლის მიმართაც შესაძლებელია სარჩელის წარდგენა. მრჩეველთა საბჭოს ორგანიზაცის მესამე პირებთან ურთიერთობაში წარმომადგენლობის უფლებამოსილებაც კი არ გააჩნია. გიორგი კოხრეიძის მოპასუხე ამ შემთხვევაში პირდაპირ სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოა.

ვინაიდან სარჩელი წარდგენილია ისეთი პირის მიმართ, რომელიც ვერ იქნება მოპასუხე, სასამართლოს უნდა დაედგინა ხარვეზი და დაენიშნა ვადა მის შესავსებად. შესაბამისად, თუ ხარვეზი დადგენილ ვადაში არ აღმოიფხვრებოდა, სასამართლოს სარჩელი არ უნდა მიეღო წარმოებაში,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

აქვე ვკითხულობთ:

„სასამართლომ შეაჩერა დირექტორის პოზიციაზე კონკურსის გამოცხადების შესახებ მრჩეველთა საბჭოს 2019 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილება. საფუძვლად  მიუთითა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლი და იმსჯელა გასაჩივრებული აქტის მოქმედების შეჩერებაზე.

სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის მმართველთა საბჭოს 2019 წლის 25 აგვისტოს  აქტის კანონიერებაზე გიორგი კოხრეიძე არ დავობს. შესაბამისად, გაურკვეველია როგორ მიიღო კონკურსის შეჩერების გადაწყვეტილება ზემოაღნიშნული საფუძვლით სასამართლომ. ამ მოცემულობაში სასამართლოს გიორგი კოხრეიძის შუამდგომლობა არ უნდა დაეკმაყოფილებინა.

აღსანიშნავია ისიც, რომ სარჩელიდან არ იკვეთება რა საფუძვლით ითხოვდა დირექტორის პოზიციაზე გამოცხადებული კონკურსის შეჩერებას გიორგი კოხრეიძე. ამიტომ  სასამართლოს მხრიდან შუამდგომლობის განხილვამდე მიზანშეწონილი იქნებოდა მოსარჩელესთვის დაეკონკრეტებინა კონკურსის შეჩერების შესახებ მისი შუამდგომლობა  ეხებოდა ადმინისტრაციული აქტის –  დირექტორის პოზიციაზე კონკურსის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების შეჩერებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელიმე ღონისძიების გამოყენებას.“

აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დირექტორის კონკურსის შეჩერების განჩინება გაასაჩივრა. დოკუმენტი, რომელსაც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია ზოიძე აწერს ხელს, სასამართლოში უკვე გაგზავნილია.

30 სექტემბერს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლებმა საგანგებო განცხადება გაავრცელეს. მათ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს მიმართეს თხოვნით, ყურადღებით ადევნონ თვალი აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებს.

„გვაქვს გონივრული მოლოდინი, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში განვითარებული პროცესები დასასრულს უახლოვდება და იგი სარედაქციო პოლიტიკის ვექტორის შეცვლას გამოიწვევს,“ – აღნიშნულია განცხადებაში

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მხარდასაჭერად 30 სექტემბერს ბათუმში აქციაც გაიმართა, რომელშიც მოქალაქეები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჟურნალისტები და პოლიტიკოსები მონაწილეობდნენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com