მთავარი,სიახლეები

ანა დოლიძე: სამწუხაროდ, მურუსიძე-ჩინჩალაძის ფასს საქართველო ნატოს წინაშეც გადაიხდის

03.10.2019 • 2193
ანა დოლიძე: სამწუხაროდ, მურუსიძე-ჩინჩალაძის ფასს საქართველო ნატოს წინაშეც გადაიხდის

„ბოლო წლების განმავლობაში მე ძალიან მწვავედ ვსვამდი სამართალდამცავი და მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის საკითხებს. დიდი ხანია შეიმჩნევა ნიშნები, რომ პროკურატურა და სასამართლო არ არის დამოუკიდებელი და ახორციელებენ პოლიტიკურ დავალებებს.

ბოლო დროს ეუთოს, ევროსაბჭოს და ახლა უკვე NATO-ს წინაშე დადგება ეს საკითხი. ჩვენ ვისმენთ და ვიგებთ ძალიან გამძაფრებულ ინტერესს და კითხვის ნიშნებს სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებით. მურუსიძე-ჩინჩალაძის კოლექტიური ფენომენი უკვე აღარ არის იუსტიციის საბჭოს ან საქართველოს კუთვნილება, ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციები, რომლებსაც როგორც სამხედრო საკითხები ადარდებთ, ასევე ადარდებთ დემოკრატიის საკითხებიც და, ბუნებრივია, დაინტერესდებიან მართლმსაჯულება არის თუ არა ქვეყანაში დამოუკიდებელი და ჩემგან რასაც მოისმენენ, გასაგებია.

სამწუხაროა ის არის, რომ მურუსიძე-ჩინჩალაძის ფასს, საქართველოს მოსახლეობა და საქართველო, როგორც სახელმწიფო, ამჯერად უკვე ნატოს წინაშე გადაიხდის“, – განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ, დღეს 3 ოქტომბერს ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსთან შეხვედრის წინ.

შეგახსენებთ, რომ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი საქართველოში წელს მეხუთედ იმართება.

ამავე დღეს ანა დოლიძემ ჟურნალისტებთან ახალი მოძრაობის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ მოძრაობას ძალიან მალე იხილავს საზოგადოება.

„მე როგორც ადრე ვმუშაობდი საზოგადოებრივი აქტიურობისთვის, ამას ნახავთ უფრო ფართო მასშტაბით და ნახავთ იმ გუნდს, რომელიც იქნება ჩემთან ერთად“, – განაცხადა მან.

ანა დოლიძის თქმით, მოძრაობა ახალ ფართომასშტაბიან ეტაპზე გადავა: „ყველა ადამიანთან, ვისთანაც შევთანხმდები სამომავლო ხედვის პრინციპებზე, ჩემი კარი მათთვის ღიაა, თუ რა თქმა უნდა, მათ ასევე ექნებათ შესაბამისი კომპეტენცია თავისი დადასტურებული საქმიანობით.

ბევრი საჯარო და არასაჯარო ფიგურა შეიძლება იხილოთ ამ მოძრაობაში. არ გამოვრიცხავ პოლიტიკურ გეგმებს, თუმცა ამ ეტაპზე გადავდივარ საზოგადოებრივი საქმიანობის ახალ, უფრო აქტიურ ეტაპზე“.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში იმყოფება ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე, როუზ გოტმიოლერი, ხოლო დელეგაციის შემადგენლობაში არიან ალიანსის 29 წევრი ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლები. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თავმჯდომარეობით.

3-4 ოქტომბერს ჩრდილოატლანტიკური კომიტეტი, ასევე, თავის მხრივ, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და პარლამენტის წევრებთან, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ასევე გაიმართება შეხვედრები არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: