მთავარი,სიახლეები

სახელმწიფო ელექტროსისტემამ 76 მილიონის ზარალის პირობებში 12 მილიონი პრემიად გასცა – აუდიტი

05.10.2019 • 2099
სახელმწიფო ელექტროსისტემამ 76 მილიონის ზარალის პირობებში 12 მილიონი პრემიად გასცა – აუდიტი

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ 2014-2017 წლები 76,7 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა, თუმცა, ამავე პერიოდში პრემიის სახით 12,1 მილიონი ლარი გასცა. აღნიშნული წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო ელექტროსისტემას ამ პრემიის გაცემის საფუძველი არ ჰქონდა.

„2014-2017 საანგარიშგებო წლები ელექტროსისტემამ დაასრულა ზარალით, რაც ჯამში 76 708 726 ლარს შეადგენს. ასევე, უარყოფითი ფინანსური შედეგებია ოთხივე წლის განმავლობაში, წინა წლის ბოლო 6 თვისა და მიმდინარე წლის პირველი 6 თვის მონაცემების მიხედვითაც. ამრიგად, კომპანიას შინაგანაწესის თანახმად, რომელიც ამავდროულად დასაქმებულთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, არ ჰქონდა ერთდროული პრემიის [საყოველთაო პრემია, რომელიც ერთდროულად გაიცემა ყველა თანამშრომელზე] გაცემის საფუძველი, რამაც 2014-2017 წლებში 12 184 091 ლარი შეადგინა“ – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

აუდიტი ხაზს უსვამს, რომ სახელმწიფო ელექტროსისტემაში შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებით ხარვეზებია: „რეაბილიტაციის გეგმის მოთხოვნის მიუხედავად, კომპანიაში არ არის დადგენილი შრომის ანაზღაურების ოდენობები კონკრეტული თანამდებობების მიხედვით. ზოგიერთ შემთხვევაში ერთსა და
იმავე სტრუქტურულ ერთეულში, იდენტურ პოზიციებზე დასაქმებული პერსონალის შრომის ანაზღაურებებს შორის სხვაობა 100%-ს აჭარბებს. არსებული პრაქტიკა ვერ უზრუნველყოფს სახელფასო პოლიტიკის გამჭვირვალობას და ქმნის შრომის არასამართლიანი ანაზღაურების შესაძლებლობას“.

ამავე ანგარიშით, 2014-2017 წლებში 12 მლნ ლარზე მეტი პრემია გაცემულია კომპანიაში დამტკიცებული პრემირების წესის მოთხოვნების შეუსაბამოდ, რომელიც გულისხმობს პრემიის გაცემის შესაძლებლობას ფინანსური შედეგების (მოგების) გათვალისწინებით: „რამდენადაც კომპანიის წმინდა ფინანსური შედეგები ოთხივე წლის შემთხვევაში უარყოფითია, კომპანიას აღნიშნული პრემიების გაცემის უფლება არ ჰქონდა. რაც შეეხება უშუალოდ მენეჯმენტის პრემირების წესს, რომლის განსაზღვრაც აქციონერის უფლებამოსილებაა, დამტკიცებულია კომპანიის რეაბილიტაციის მმართველის მიერ და არ არის შეთანხმებული აქციონერთან“.

საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, სს „საპარტნიორო ფონდის“ [ელექტროსისტემა ამ ფონდში 100% წილითაა წარმოდგენილი] აღმასრულებელი დირექტორის უფლებამოსილებას წარმოადგენს შვილობილი კომპანიების მენეჯმენტის ბონუსების ან/და საბონუსე სისტემის დამტკიცება. ელექტროსისტემაში მოქმედი პრემირების წესი კი გამოიყენება როგორც რიგითი თანამშრომლების, ასევე მენეჯმენტის მიმართ. ელექტროსისტემის მიერ არ არის წარმოდგენილი აქციონერის გადაწყვეტილება დამტკიცებულ პრემირების წესთან დაკავშირებით“.

აუდიტი აცხადებს, რომ „ასევე არ არის მიზანშეწონილი, მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის, მმართველთა საბჭოს წევრებისა და მათი თანმხლები პირებისათვის საზღვარგარეთ მივლინების დროს საცხოვრებელი ფართობის ხარჯების ულიმიტოდ გაწევა, რისი შესაძლებლობაც განსაზღვრულია ელექტროსისტემის ბრძანებით“.

„კომპანია ანაზღაურებს თანამშრომელთა მივლინების ადგილზე ტრანსპორტის დაქირავების და როუმინგის ხარჯებს. 2014-2017 წლებში როუმინგული მომსახურებისათვის ელექტროსისტემის მიერ გაწეული ხარჯი შეადგენს 227 199 ლარს. მათ შორის, მხოლოდ რეაბილიტაციის მმართველის როუმინგული მომსახურებისთვის ელექტროსისტემამ გადაიხადა 156 738 ლარი. ყურადღებას იქცევს 2014 წლის აგვისტოში რეაბილიტაციის მმართველის როუმინგულ მომსახურებაში, ხუთ დღეში გადახდილი 29 254 ლარი, რაც შეუსაბამოდ მაღალ, არაგონივრულ ხარჯს წარმოადგენს“ – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

„ვერ დავრწმუნდით დაახლოებით 800 000 ლარის წარმომადგენლობითი ხარჯის ეკონომიურობაში. მითუმეტეს, კომპანიის 2014-2017 წლების ფინანსური შედეგები არ იძლეოდა აღნიშნული ხარჯების გაწევის შესაძლებლობას, რადგან კომპანიამ ყველა წელი ზარალით დაასრულა“ – აცხადებს აუდიტი.

ამავე თემაზე:

“სახელმწიფო ელექტროსისტემა” ნებართვის გარეშე მშენებლობის დაწყების გამო 3 წელში 25-ჯერ დაჯარიმდა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: