ალექს ჩიღვინაძე, მწერალი
ბოშები არათუ საკმარისად ინტეგრირებული, მგონი, ერთ-ერთი ყველაზე მარგინალიზებული ჯგუფია და მათ ცხოვრებაზე ბუნდოვანი წარმოდგენები გვაქვს.
მე, პირადად, არ გამიგია, რომ ქართული სახელმწიფო რამეს აკეთებდეს არათუ ბოშათა პრობლემების მოსაგვარებლად, ზოგადად, ნებისმიერი უმცირესობისა და მარგინალიზებული ჯგუფისთვის. სამწუხაროდ, ქართული სახელმწიფო დაკავებულია დღესასწაულების გამოგონებით, ამ დღესასწაულების აღსანიშნავი ზეიმების ორგანიზებით და არაფერს აკეთებს იმ უფსკრულის ამოსავსებად, რომელიც ჩვენს უთანასწორო საზოგადოებაში არის გაჩენილი და ამ უფსკრულში, რა თქმა უნდა, ბოშები საერთოდ ჩაკარგულები არიან.
სტერეოტიპები არსებობს, თუმცა როგორც კი პრობლემას ვაღიარებთ და მათ მოსაგვარებლად ნაბიჯებს გადავდგამთ, ეს სტერეოტიპები გზადაგზა ჩაიკარგება და გაცვდება.
როგორც კი ელემენტარულ პირობებს შევუქმნით ბოშებს, როგორც კი ექნებათ სწავლისა და განვითარების საშუალება, ისინი თვითონვე დაამსხვრევენ მათ გარშემო არსებულ სტერეოტიპებს.