მთავარი,სიახლეები

ბათუმში შს სამინისტროს 88 თანამშრომლისთვის 2 კორპუსი შენდება

05.10.2019
ბათუმში შს სამინისტროს 88 თანამშრომლისთვის 2 კორპუსი შენდება

ბათუმში ორი მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი შენდება, რომლებიც სამინისტროს 88 თანამშრომლის ოჯახზეა გათვლილი – ამის შესახებ საქართველოს შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა აჭარის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო თათბირზე, რომელსაც სამინისტროს აჭარის რეგიონის დანაყოფებისა და პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ხუთ ქალაქში – ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, თბილისსა და რუსთავში აშენებს 10 კორპუსს 400 თანამშრომლისთვის. მშენებელ კომპანიებთან ხელშეკრულებები ჯამში 33 465 912 ლარზეა გაფორმებული.

მშენებლობის ღირებულების 40%-ს, ანუ 13 386 364 ლარს შსს გადაიხდის, ხოლო 60%-ს, ანუ 20 079 547 ლარს – ბინის მომავალი მესაკუთრე, პროექტში ჩართული სამინისტროს თანამშრომელი.

აღნიშნულ ქალაქებში პროექტში ჩართული შსს-ს თითოეული თანამშრომელი 77 კვადრატული მეტრი ფართობის მქონე საცხოვრებელ ბინას ე.წ. „თეთრი კარკასის“ მდგომარეობით მიიღებს. მშენებლობა 2020 წელში უნდა დასრულდეს.

შსს-ს ინფორმაციით, ბინის მომავალი მესაკუთრე, საქართველოს ქალაქების მიხედვით, საცხოვრებელ ბინაში გადაიხდის: ბათუმში – 45 517 ლარს, ზუგდიდში – 49 350 ლარს, ქუთაისში – 45 590 ლარს, თბილისში – 49 909 ლარს, რუსთავში – 49 530 ლარს.

კორპუსები ბათუმში, ადლიის ქუჩის N112-ში შენდება.

სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „პროექტში გამარჯვებული თანამშრომელი ბინის საფასურს საკუთარი სახსრებით ან შეღავათიანი იპოთეკური სესხით ფარავს… პროექტში გამარჯვებულებს შესაძლებლობა აქვთ, გადასახდელი თანხის სრულ ოდენობაზე გააკეთონ განაცხადი ნებისმიერ ბანკში“.

შსს-ს თანამშრომლებისთვის საცხოვრებელ კორპუსებს ბათუმში კომპანია „აიდურგეო“ აშენებს. ხელშეკრულება 6 497 839.98 ლარზეა გაფორმებული.

ვრცლად ამ თემაზე: 

თანხის 2/3-ს თანამშრომლები გადაიხდიან – შსს-ს განმარტება კორპუსების მშენებლობაზე

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: