მთავარი,სიახლეები

გახარია ნატოს საბჭოს შეხვედრაზე: საქართველოს წევრობას ნატოში მხარს უჭერს მოქალაქეების 71%-ზე მეტი

03.10.2019 •
გახარია ნატოს საბჭოს შეხვედრაზე: საქართველოს წევრობას ნატოში მხარს უჭერს მოქალაქეების 71%-ზე მეტი

ამ წუთებში ბათუმში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა იმართება. რამდენიმე წუთის წინ ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) შეხვედრა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ როუზ გოტმიოლერმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნეს.

ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის გამოსვლის შემდეგ, მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა გიორგი გახარია, რომელმაც მადლობა გადაუხადა ნატოს წევრ ქვეყნებს იმისთვის, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მის დამოუკიდებლობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ასევე, ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას.

“ეს გახლავთ მე-5 სტუმრობა ჩრდილოატლანტიკური საბჭოსი საქართველოში, რაც პირდაპირ მიუთითებს ნატოს მიერ საქართველოს მხარდაჭერას, რისთვისაც საქართველოს მთავრობის სახელით გიხდით მადლობას. მინდა ასევე თითოეულ ნატოს წევრს გადავუხადო მადლობა, რამეთუ ნატოსთან მტკიცე ურთიერთობა არის საფუძველი საქართველოს საგარეო პოლიტიკის და მისი უსაფრთხოების. ეს ვიზიტი, რომელიც ხორციელდება ბათუმში, არის სიმბოლური, რამეთუ სულ ახლა ნატოსა და საქართველოს თანამშრომლობაში გაჩნდა ახალი  სივრცე, რომელიც ეხება შავი ზღვის უსაფრთხოებას.

ყველას გვესმის, რომ უსაფრთხო შავი ზღვა არის უსაფრთხო ჩრდილოატლანტიკური სივრცის გარანტია და მას შემდგომ, რაც ანექსირებული ყირიმის შემდგომ მოხდა რუსეთის გაძლიერება შავი ზღვის სივრცეში, რა თქმა  უნდა, ნატოს წარმომადგენლობა შავ ზღვაში არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი.

2002 წელს საქართველომ მიმართა ნატოს წევრობის თხოვნით და მას შემდგომ ქვეყანამ გამოიარა ბევრი განსაცდელი, თუმცა ასევე აჩვენა ძალიან სერიოზული წინსვლა. ეს წინსვლა კიდევ ერთხელ დადასტურდა ბუქარესტის 2008 წლის სამიტზე, როდესაც საქართველომ მიიღო დაპირება წევრი ქვეყნებისგან, რომ საქართველო გახდებოდა ნატოს წევრი. ეს დაპირება ამოძრავებს თითოეულ ქართველ მოქალაქეს. საქართველოს წევრობას ნატოში დღეს მხარს უჭერს მოქალაქეების 71%-ზე მეტი, რაც დიდ სიმტკიცეს მატებს ჩვენს ევროატლანტიკურ მისწრაფებას.

წელს ნატო აღნიშნავს 70 წლისთავს და ეს კიდევ ერთხელ უდნა იქნეს დადასტურებული, ამ წლისთავის ფარგლებში ნატოს ღია კარის პოლიტიკა, ღია კარის პოლიტიკამ კიდევ ერთხელ დაადასტურა წლების განმავლობაში, რომ თავად არის უსაფრთხოების გარანტი ბევრ რეგიონში და, რა თქმა უნდა, შესძენს იმედს მცირე ერებს, როგორიც არის საქართველო. დღეს ჩვენ აქ გვყავს სტუმრად ჩრდილოეთმაკედონიის წარმომადგენელი, რომელმაც კარგი შრომა, მძიმე გზა გაიარა და სულ მალე გახდება 21-ე წევრი და ეს არის კიდევ ერთი იმედი საქართველოსთვის, რომ მის მიღწევებს როგორც დემოკრატიზაციის, ასევე სამხედრო თანამშრომლობის და ასევე, მისი თავსებადობის ხარისხის მნიშვნელოვანი ზრდის შესაბამისი პოლიტიკური დაფასება  და შეფასება მოხდება პროგნოზირებად მომავალში”.

ბათუმში მყოფ ნატოს დელეგაციას ხელმძღვანელობს ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე, როუზ გოტმიოლერი, ხოლო დელეგაციის შემადგენლობაში არიან ალიანსის 29 წევრი ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლები. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ნატოს გენერალური მდივნის თავმჯდომარეობით.

3-4 ოქტომბერს ჩრდილოატლანტიკური კომიტეტი, ასევე, თავის მხრივ, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და პარლამენტის წევრებთან, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ასევე გაიმართება შეხვედრები არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: