მთავარი,სიახლეები

„კითხვარი შედგენილია მოსკოვში“ – NATO-ს წინააღმდეგ „პატრიოტთა ალიანსის“ გამოკითხვა

26.09.2019 • 3090
„კითხვარი შედგენილია მოსკოვში“ – NATO-ს წინააღმდეგ „პატრიოტთა ალიანსის“ გამოკითხვა

გამოკითხვა, რომელსაც „პატრიოტთა ალიანსი“ ბათუმში ატარებს, NATO ნახსენები საერთოდ არ არის, თუმცა იგი იწყება კითხვით „სამხედრო მიუმხრობლობის“ შესახებ. აქვე განმარტებულია „მიუმხრობლობა“ რასაც გულისხმობს: „საქართველო არ იქნება არც ერთი სამხედრო ბლოკის წევრი“. მიუმხრობლობის გარდა, ნახავთ კითხვას „პირდაპირ დიალოგზე აფხაზეთთან და ცხინვალთან“. მესამე შეკითხვა რეზოლუციის მიღებას ეხება: „ნაციონალური მოძრაობის“  მმართველობა გამოცხადდეს სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად“.

გამოკითხვის ფურცელში აღნიშნულია, რომ მას „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ ატარებს. „პატრიოტთა ალიანსის“ პრესცენტრში გვითხრეს, რომ პარტია არავითარ გამოკითხვას არ ატარებს. შემდეგ „ბათუმელები“ ირმა ინაშვილს დაუკავშირდა. მის ტელეფონზე თანაშემწემ გვიპასუხა და თქვა, რომ ინაშვილი დაკავებულია და კითხვას „პატრიოტთა ალიანსის“ თანამშრომელი – მარინა მოლოდინი უპასუხებს.

„კი, ჩვენ ვატარებთ გამოკითხვას. ბათუმში დავიწყეთ და შემდეგ სხვა ქალაქებშიც ჩატარდება… მიზანი არის ის, რომ პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტი შეიტანოს „პატრიოტთა ალიანსმა“, – გვიპასუხა მარინა მოლოდინმა.

რას ნიშნავს რეალურად „სამხედრო მიუმხრობლობა“, ან რამდენად რეალურია საუბარი „პირდაპირ დიალოგზე აფხაზეთთან და ოსეთთან“? -„პატრიოტთა ალიანსის“ გამოკითხვის კითხვარის შეფასება „საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ ვიცე-პრეზიდენტს, ბათუ ქუთელიას ვთხოვეთ.

  • ბატონო ბათუ, პირველი შეკითხვა ეხება „სამხედრო მიუმხრობლობას“. აქვე განმარტებული აქვთ, რას  გულისხმობენ „მიუმხრობლობაში“ – საქართველო არ იქნება არც ერთი სამხედრო ბლოკის წევრი, საქართველოს ტერიტორიაზე არ განთავსდება უცხო ქვეყნის სამხედრო ბაზები, საქართველოს ტერიტორიაზე არ ჩატარდება წვრთნები უცხო ქვეყნების მონაწილეობით. ამავე კითხვაში არის ფრაზა: „ევროინტეგრაციის შენარჩუნებასთან ერთად“. არის თუ არა „მიუმხრობლობა“ უარი ნატო-ში ინტეგრაციაზე და ე.წ. ნეიტრალიტეტის მხარდაჭერა, რაზეც რუსეთი საუბრობს? 

რა თქმა უნდა, ევროატლანტიკური ინტეგრაცია ნიშნავს სამხედრო ბლოკში გაერთიანებას. ყველა დანარჩენი პასუხი არის წმინდა წყლის რუსული პროპაგანდა. რეალურად ნატო-ში გაწევრიანება სურს ქვეყნის მოსახლეობის 80 პროცენტს, რადგან ეს არის ერთადერთი მექანიზმი იმის, რომ დიდი ხნით შეძლოს ჩვენმა ქვეყანამ უსაფრთხოების დაცვა და მშვიდობიანად აღიდგინოს ტერიტორიული მთლიანობა. ამ საკითხის ასეთი ფორმით გამოტანის დროს ისინი ემსახურებიან იმ მიზანს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური არჩევანი დააზიანონ.

რა შუაშია მიუმხრობლობა რუსეთს, თურქეთს, ამერიკას და ნატოს შორის? როგორ შეიძლება ამ ქვეყნების ერთ სიბრტყეში დაყენება? რუსეთი არის მტერი და იპყრობს ჩვენს ტერიტორიებს, ნატო – მოკავშირე. სინამდვილეში ძალიან მარტივია: მტერი არის მტერი, მოყვარე არის მოყვარე და, ბუნებრივია, მას უნდა მიემხრო.

  • რეალურად, რა სარგებელი მოაქვს ჩვენთვის სამხედრო წვრთნებს უცხო ქვეყნების მონაწილეობით? 

ეს წვრთნები ნიშნავს იმას, რომ საქართველომ მიიღოს დასავლური შეიარაღება და საქართველოს ჯარი იყოს გაწვრთნილი თანამედროვე სტანდარტით. საქართველოს ტერიტორიებზე წვრთნებს აქვს ის ფასი, რომ ქართულ ჯარს შეეძლოს საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცება. ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

გარდა ამისა, საქართველო არ ვითარდება როგორც სახელმწიფო, კონტექსტიდან ამოგლეჯილად. ჩვენ გვყავს პარტნიორი ქვეყნები, ვისთანაც ჩვენი ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. ექსტრემიზმი, ტერორიზმი ან რუსული აგრესიის შეკავება არ არის მხოლოდ ერთი რომელიმე ქვეყნის საფრთხე. რეგიონული თანამშრომლობა, მაგალითად, შავი ზღვის თანამშრომლობა არის მნიშვნელოვანი სწორედ ამ კონტექსტში. აქედან გამომდინარე, ასეთი ტიპის წვრთნები საქართველოს თავდაცვისუნარიანობას და უსაფრთხოებას აძლიერებს. გარდა ამისა, ჩვენ ჩვენი წილი უნდა შევიტანოთ უსაფრთხოების დაცვაში. განყენებულად, იზოლირებულად არ უნდა განვიხილოთ ეს უსაფრთხოება. გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინება არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები.

  • გამოკითხვის მეორე კითხვა ასეთია:მიგაჩნიათ თუ არა, რომ საქართველოს ერთიანობის აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ რუსეთთან სამშვიდობო პოლიტიკით, მოსკოვთან, სოხუმთან და ცხინვალთან პირდაპირი დიალოგით, ეკონომიკური ურთიერთობების და საჰაერო კომუნიკაციის აღდგენით, სავიზო რეჟიმის გაუქმებით“? 

ეს საფუძველშივე არასწორი კითხვაა. რუსეთი არის მტერი და მუდმივად სურს, რომ არშემდგარი სახელმწიფო იყოს საქართველო. ამისთვის იგი აკეთებს ყველაფერს. საქართველოს დემოკრატიული გზა 180 გრადუსით სხვაგან მიდის, ვიდრე რუსეთთან ენის მოჩლექით საუბარი. რუსეთის დახმარებით პრობლემის მოგვარებაზე საუბარი არის მცდარი.

საქართველო თუ იქნება წარმატებული დემოკრატია, ბუნებრივია, საქართველოს ექნება უფრო მყარი პოზიციები და მას ექნება დიალოგი რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ოსეთში ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებთან. ჩვენ ამ პროცესში გვჭირდება დასავლელი პარტნიორები და არა რუსეთი, რომლის შეიარაღებული ძალები ახლაც დგანან ოკუპირებულ ტერიტორიაზე. მოსკოვის ჩართვით ამ პროცესში რუსეთს ვაძლევთ მთავარ ბერკეტს იმისთვის, რომ საქართველომ ვერასდროს აღიდგინოს ტერიტორიული მთლიანობა.

  • შესაძლებელია თუ არა კითხვების ამგვარი ფორმულირებით, „პატრიოტთა ალიანსმა“ მიიღოს გამოკითხული პირის თანხმობა, მაგალითად, „პირდაპირ დიალოგზე აფხაზეთთან“ იმ რისკის გათვალისწინებით, რაზეც ახლა ისაუბრეთ? 

ჩემი აზრით, ეს კითხვარი შედგენილია პირდაპირ მოსკოვში. ეს პირდაპირ რუსი პოლიტტექნოლოგების მიერ დაწერილი კითხვებია. ეს არ არის ახალი. მსგავსი ტექნოლოგიებით იმუშავა რუსეთმა ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, ბალტიისპირეთში ცდილობდა შეეჩერებინა ევროინტეგრაცია, მაგრამ ეს არ გამოუვიდათ. იმედი მაქვს, რომ არც საქართველოში გამოუვათ. რა თქმა უნდა, გამოკითხვაში ნახსენები პირდაპირი დიალოგი მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარი კითხვაა: რუსეთს რა როლი აქვს ამ პროცესში? რუსეთი არის მტერი და ეს არის აქ წყალგამყოფი. გამოკითხვის ავტორები ცდილობენ, დააბნიონ მოქალაქე, რომელსაც შესაძლოა მოსწონდეს ეს „პირდაპირი დიალოგი“.

  • რა მიზანი აქვს ამ დროს რუსულ პროპაგანდას. თქვენ ახსენეთ, რომ საქართველოში ჩატარებულ სოციოლოგიურ კვლევებში ნატო-ში გაწევრიანებას მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს.

საქართველოში ძნელია დამალო, როცა რუსული პროპაგანდის რუპორი ხარ. მოსახლეობა ამ კავშირს პირდაპირ ხედავს. მოსახლეობამ იცის, რომ რუსეთი აწარმოებდა ომს ჩვენ წინააღმდეგ და ახლაც გვართმევს ტერიტორიებს, დაინახა, რომ უკრაინის წინააღმდეგაც იმავეს აკეთებს. მოსახლეობა ხედავს, რომ ერთადერთი საშუალება უსაფრთხოების დასაცავად არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ეს არჩევანი ძალიან ნათელია.

რუსული პროპაგანდა ცდილობს ე.წ. ნეიტრალიტეტის შემოგდებას, ანუ მიუმხრობლობის მიმართ მხარდაჭერის გაჩენას. ევროინტეგრაციის პროცესში მნიშვნელოვანია საზოგადოების კონსენსუსი. ეს კონსენსუსი საქართველოში დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან არსებობს. რუსული პროპაგანდის ამოცანაა – ბზარი გააჩინოს ამ კონსენსუსში. თუკი ჩვენ ხელს ჩავიქნევთ, ამით დამთავრდება საქართველოს ყველა პერსპექტივა.

ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გავაცნობიეროთ, რას ნიშნავს ნატო-ში გაწევრიანება. ეს ნიშნავს დიდი ხნით საქართველოს შეუქცევად უსაფრთხოებას და დაცულობის გარანტიებს, ეკონომიკურ კეთილდღეობას, სტაბილურობას, ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენას… ამაზე უარი კი ნიშნავს იმას, რომ რუსეთის ღარიბ, პერიფერიულ დანამატად იქცე, ვერასდროს ჩამოყალიბდე დემოკრატიულ და წელში გამართულ სახელმწიფოდ.

„პატრიოტთა ალიანსის“ კითხვარი, რომლითაც ბათუმში გამოკითხვებს ატარებენ

 

 

 

გადაბეჭდვის წესი