მთავარი,სიახლეები

ვიდრე ბათუმის მერი დაპირებას შეასრულებს, ძველ ბათუმში კიდევ 2 სახლს ანგრევენ

03.10.2019 • 2515
ვიდრე ბათუმის მერი დაპირებას შეასრულებს, ძველ ბათუმში კიდევ 2 სახლს ანგრევენ

ვიდრე ბათუმის მერი ლაშა კომახიძე დაპირებას შეასრულებს და ბათუმის ისტორიული ზონის დამტკიცების საკითხს ბოლომდე მიიყვანს, ძველ ბათუმში კიდევ ორ სახლს ანგრევენ. შპს „პროგრეს სიტიმ“ სახლების დემონტაჟის დასაწყებად მათი შემოღობვა უკვე დაიწყო. უახლოეს დღეებში დაიწყებენ დემონტაჟის სამუშაოებსაც. მერიაში აცხადებენ, რომ უარი უთხრეს, თუმცა კომპანიამ სასამართლოს მიმართა და პროცესი მოიგო, რადგან სამშენებლო ნებართვის მისაღებად პირველი ორი ეტაპი ადრე ჰქონდა შეთანხმებული.

მაზნიაშვილისა და ჟორდანიას ქუჩების კვეთაში ორი სახლის დანგრევასა და ახალი 15 მეტრი სიმაღლის სასტუმროს მშენებლობაზე ახალი პროექტი ჯერ ზონალურმა საბჭომ შეითანხმა იმავე მიზეზით: „სასამართლომ დაგვავალდებულა“, შემდეგ კი ნებართვა მერიამ გასცა.

რატომ დაავალა სასამართლომ ბათუმის მერიას, რომ მისცეს თანხმობა კომპანია „პროგრეს სიტის“ 15 მეტრი სიმაღლის მშენებლობაზე და რატომ გავრცელდა ეს გადაწყვეტილება ავტომატურად კულტურული მემკვიდრეობის ზონალურ საბჭოზე? – ვინ მიიღო ამ ორი სახლის დანგრევის გადაწყვეტილება და როდის? – ამ კითხვებზე პასუხი ასეთია:

თავდაპირველად „პროგრეს სიტიმ“ ბათუმის მერიას სამშენებლო პროექტის შეთანხმებაზე 2017 წლის დასაწყისში მიმართა. გამომდინარე იქედან, რომ კომპანია მშენებლობას ძეგლის დაცვის ზონაში ითხოვდა, მერიამ ის განსახილველად კულტურული მემკვიდრეობის ზონალურ საბჭოს გადაუგზავნა. ზონალურმა საბჭომ პროექტი 2017 წლის 12 ოქტომბერს განიხილა და თანხმობა მისცა. ამ დროს სააგენტოს და, შესაბამისად, ზონალურ საბჭოსაც ლაშა ასლანიშვილი ხელმძღვანელობდა. მართალია, ის წინააღმდეგი იყო ამ სიმაღლის მშენებლობაზე ნებართვა გაეცა, თუმცა საკითხი მაინც კომპანიის სასარგებლოდ გადაწყდა:

ამონარიდი ზონალური საბჭოს სხდომის ოქმიდან

ამის შემდეგ პროექტი მერიას [დადებითი რეკომენდაციით] დაუბრუნდა. ამ დროს მერს ლაშა კომახიძეს უკვე გაცხადებული, ხოლო საკრებულოს დადგენილი ჰქონდა 12-მეტრიანი შეზღუდვა ძველ ბათუმში და კომპანიას უარი უთხრა იმ მოტივით, რომ პროექტი დადგენილზე მაღალი იყო.

კომპანიამ სასამართლოს მიმართა, რომელმაც მერიას განუმარტა, რომ ზონალურმა საბჭომ პროექტი შეათანხმა მაშინ, როცა 15 მეტრი სიმაღლე ძველ ბათუმში დაშვებული იყო და ახალი შეზღუდვა მასზე ვერ გავრცელდებოდა.

ზონალური საბჭოს დღეს მოქმედი წევრებიდან პროექტის შეთანხმებაზე ხმა წინააღმდეგ მხოლოდ გაიოზ ფარცხალაძემ მისცა. საბჭოს სხდომის ოქმის მიხედვით, მან პროექტის არქიტექტურული სტილის დახვეწა მოითხოვა.

შპს „პროგრეს სიტი“ 2017 წელს არის დაფუძნებული. კომპანიის 70% თემურ ბიწაძეს, შპს „ალიანსის“ დამფუძნებლის – გია ბიწაძის შვილს ეკუთვნის, დარჩენილი 30% კი ზურაბ ინაიშვილის საკუთრებაა.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალურ საბჭოს კომპანიამ 2017 წელს პროექტის ეს ორი ვარიანტი  წარუდგინა

გადაბეჭდვის წესი