კულტურული მემკვიდრეობა,სიახლეები

ბათუმის ისტორიული ზონის დამტკიცების საკითხი განუსაზღვრელი ვადით გადაიდო

04.10.2019
ბათუმის ისტორიული ზონის დამტკიცების საკითხი განუსაზღვრელი ვადით გადაიდო

ბათუმის მერიაში ისევ ვერ ასახელებენ კონკრეტულ ვადას, თუ როდის განაახლებენ  ბათუმის ისტორიული ზონის დამტკიცების პროცედურებს. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ საკითხთან დაკავშირებით მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელები კომპანია  „გეოგრაფიკს“ კონსულტაციების გავლის მიზნით ორჯერ შეხვდნენ და ისევ გეგმავენ შეხვედრას.

„გეოგრაფიკთან“ ერთად მერიის სპეციალისტები ბათუმის ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონასთან დაკავშირებით, ამავე კომპანიის მიერ ისტორიული ბათუმის  უკვე დადგენილი საზღვრების გადახედვას გეგმავენ. გარდა ამისა, როგორც მერი ამბობდა, უნდა გაიარონ კიდევ რამდენიმე საკითხი დოკუმენტების დასაკორექტირებლად.

ბათუმის მერიის მიერ თვითნებურად დაკორექტირებული ეს დოკუმენტი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ 2019 წლის 15 თებერვალს გაფართოებულ სხდომაზე განიხილა და დაიწუნა. ამის მიზეზად კი უკვე დადგენილი საზღვრებიდან ბათუმის კონცხისა და ბულვარის ტერიტორიის ამოღება დაასახელეს. მერიას კი მისცეს რეკომენდაცია სააგენტოსთვის „გეოგრაფიკის“ მიერ დადგენილი საზღვრების პირველადი დოკუმენტი წარედგინა.

სწორედ ამის შემდეგ მერიაში გადაწყვიტეს, რომ დოკუმენტების განახლებაზე უნდა იმუშაონ.

როდის შედგება მერიასა და „გეოგრაფიკს“ შორის მორიგი შეხვედრა, დაზუსტებით ჯერ ესეც არ ვიცით. შესაბამისად, ბათუმში ძეგლების დამცველები საფუძვლიანად ვარაუდობენ, რომ ბათუმის დამცავი ზონების დამტკიცება 2019 წელს ვერ მოხერხდება. მომავალ წელს კი, სავარაუდოდ, მერია დოკუმენტის განახლებაზე ტენდერს გამოაცხადებს, რაც პროცედურულად ისედაც ითვალისწინებს გარკვეულ ვადას.

ვიდრე მერია გადაწყვეტილების მიღებას აჭიანურებს, ძეგლების დამცველები შიშობენ, რომ ბათუმის ისტორიულ ზონაში კიდევ ბევრი ქუჩა დაკარგავს ძველი ბათუმისთვის დამახასიათებელ ინფრასტრუქტურას, რადგან მშენებლების ინტერესი სწორედ ამ ტერიტორიის მიმართ არის მაღალი და ისინი აქ ნებართვის მისაღებად კანონდარღვევასაც არ ერიდებიან. უნებართვო მშენებლობების თუ დემონტაჟის წინააღმდეგ ბათუმის მერიის ზედამხედველობის განყოფილების ძალისხმევა რომ არ არის საკმარისი, ეს ბათუმში ბევრჯერ გამოჩნდა.

დამცავი ზონების დამტკიცების გარეშე ისტორიული ბათუმის იერსახის რღვევის რისკები რომ მაღალია, ამ მოსაზრებას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოშიც ეთანხმებიან:

„ზონების დამტკიცება, რომ რთული პროცესია და დროში იწელება ამას ვეთანხმები. თუმცა, რა თქმა უნდა, ვეთანხმებით იმასაც, რომ ამ საკითხის გაჭიანურება გარკვეულ რისკებს შეიცავს. რისკის ქვეშ დგება მემკვიდრეობის თვალსაზრისით სენსიტიური ადგილები, რადგან სხვა სამართლებრივი ბერკეტი არ არსებობს კულტურული მემკვიდრეობისთვის, გარდა ამ ზონების დადგენისა“, – ამბობს სააგენტოს სპეციალისტი მანანა ვარძელაშვილი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: