მთავარი,სიახლეები

ბოკერია: რაზეც ინაშვილმა ნატოს საბჭოსთან შეხვედრაზე ისაუბრა, ეს არის პუტინის პროპაგანდა

04.10.2019 • 1476
ბოკერია: რაზეც ინაშვილმა ნატოს საბჭოსთან შეხვედრაზე ისაუბრა, ეს არის პუტინის პროპაგანდა

ბათუმში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საბჭოს ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები იმართება ნატოსა და საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა შტოს შორის. დღეს, 4 ოქტომბერს, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრები საქართველოს პარლამენტის წევრებს შეხვდნენ.

შეხვედრის შემდეგ პარლამენტის წევრმა, „ევროპული საქართველს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ  შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრის, ირმა ინაშვილის ამ შეხვედრაზე ყოფნა პარადოქსია, მაგრამ სასარგებლო, რადგან ჩვენს დასავლელ პარტნიორებს უნდა ენახათ, რასთან გვაქვს საქმე და უშუალოდ ენახათ, რას ნიშნავს რუსული პროპაგანდა, რომ ეს რეალურია, რადგან რაც ინაშვილმა ისაუბრა, ეს არის პუტინის პროპაგანდა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მისი თქმით, ინაშვილის მიერ წამოწეული ნეიტრალიტეტის თემა სხვა არაფერია თუ არა პუტინის პროპაგანდა:

„ნეიტრალიტეტი ნიშნავს რუსეთის გავლენის სფეროში დარჩენას. ჩვენმა პარტნიორებმა ასევე იციან, რომ  ეს პარტია არის არა ერთი მარგინალური პარტია, არამედ ივანიშვილის პარტნიორი პარტია, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დანაყოფი, ამიტომ ეს გზავნილი არის სასარგებლო იმ მხრივ, რომ ეს ყველამ დაინახოს“.

გიგა ბოკერიას თქმით, „ევროპული საქართველოს“ და ქართული საზოგადოების გზავნილი არის ორი:

„პირველი გზავნილია ის, რომ არსებობს საფრთხე ჩვენი სუვერენიტეტის და თავისუფლების და ეს არის რუსეთი, პუტინის რუსეთის მოქმედებები და საჭიროებაა, რომ თავისუფალმა სამყარომ, ჩვენმა მოკავშირეებმა, რომლებიც მხარს გვიჭერენ, უფრო კოორდინირებული და სტრატეგიული წინააღმდეგობა გაუწიონ რუსეთის აგრესიას საქართველოში, უკრაინაში და მსოფლიოში.

მეორე გზავნილი ეს არის ის საფრთხეები, რაც გველის ქვეყნის შიგნით არჩევნების წინ, ივანიშვილის რეჟიმის მიერ გადადგმული ძალიან სარისკო ნაბიჯების გამო, ძალადობა, არმიუღებლობა შესაძლო მარცხის. ჩვენმა მოკავშირეებმა ეს უნდა იცოდნენ. ამ ორ საკითხზე იყო შეხვედრის დროს დისკუსია.

ჩვენი მოკავშირეების გზავნილი არის მარტივი, – დემოკრატია გულისხმობს იმას, რომ მთავრობები აგებენ არჩევნებს და მერე ეგუებიან ამ შედეგს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

კითხვაზე – რა შეიძლება იყოს ნატო-საქართველოს ურთიერთობის ახალი ეტაპი, გიგა ბოკერია პასუხობს, რომ, პირველ რიგში, აუცილებელია მუშაობა აშშ-ში, შემდეგ კი კოალიციების შეკვრა იმ მოკავშირეებს შორის, ვისაც უფრო მხარდამჭერი პოზიცია აქვს საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე.

„არგუმენტი, რომელიც ზოგიერთ სკეპტიკოსს აქვს, რომ ნატოში გაწევრიანება ნიშნავს რუსეთთან ომს, ეს გავანეიტრალოთ და სწორედ ამის არგუმენტია ის, რომ მეხუთე მუხლი არ გავრცელდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომ ეს დაშლა კი არ არის ქვეყნის, არამედ გამთლიანების გზა. მაგრამ ჩვენ არ გვყავს მთავრობა, რომელიც ამ საკითხებით სერიოზულად დაკავდება“, – ამბობს გიგა ბოკერია.

ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის ფარგლებში დღეს ასევე დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის და NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილის, როუზ გოტმიოლერის შეხვედრა.

____

დღეს „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საბჭოს ვიზიტის ფარგლებში ბათუმში მიმდინარე შეხვედრას დაესწრო. მან მედიას უთხრა, თუ რის თქმას აპირებდა ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებისთვის – რომ  საქართველოს მოსახლეობის განწყობა ნატოსთან დაკავშირებით არის შეცვლილი და, მაგალითად, ბათუმში მცხოვრები 53 130 მოქალაქე მხარს უჭერს ქვეყნის სამხედრო მიუმხრობლობას.

ამავე თემაზე:

პატრიოტთა ალიანსის გამოკითხვა – კვლევა თუ პოლიტიკური მანიპულაცია?

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: