მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერია წელს 360 თანამშრომელს გადაამზადებს

06.10.2019 • 1265
ბათუმის მერია წელს 360 თანამშრომელს გადაამზადებს

ბათუმის მუნიციპალიტეტის 360 საჯარო მოხელის კვალიფიკაციის ასამაღლებლად ტრენინგების ორგანიზებისთვის ქალაქის მერიას ბიუჯეტში 54 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული. მერიის განცხადებით, ტრენინგები ხელს შეუწყობს „თანამშრომლების პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების დახვეწას“. მომსახურების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერია გამოცხადებული.

ტენდერის პირობის მიხედვით ტრენინგი თემატურად უნდა მოიცავდეს შემდეგ საკითხებს [მოდულებს]:
მუნიციპალური ბიუჯეტი; მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა;
მუნიციპალური ქონების მართვა-განკარგვა;
მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და ანალიზის მეთოდები და საშუალებები;
საჯარო მმართველობის ღიაობა და მოქალაქეთა მონაწილეობა;
შიდა აუდიტი; ადამიანური რესურსების მართვა;
პროექტის ციკლის მართვა; სამხედრო გაწვევის საკითხები;
სახელმწიფო შესყიდვები; მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მართვა;
საქმისწარმოება (ეფექტური მომსახურების ტექნოლოგიები);
ინვესტიციების ხელშეწყობა რეგიონებში (ფონდები, მექანიზნები, ინსტრუმენტები, საერთაშორისო გამოცდილება);
რისკების მართვა; გენდერული თანასწორობა; ტრენერთა ტრენინგი;
მოხელის მენეჯერული უნარები; პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარების კურსი.

სხვა პირობებთან ერთად, ბათუმის მერიის მოთხოვნაა:

[checklist]

  • „სატრენინგო კურსები ჩატარდეს სასწავლო მიზნების შესაბამისად მატერიალურ-ტექნიკური თვალსაზრისით აღჭურვილ, კეთილმოწყობილ (კონდიცირება, წყალმომარაგება, კომპიუტერული და ტრენინგებისათვის საჭირო სპეციალური ტექნიკით აღჭურვილი, მათ შორის ლეპტოპებით, პროექტორითა და საპროექტო ეკრანით, საპრეზენტაციო დაფით) შენობაში განთავსებულ საკონფერენციო დარბაზში, რომელიც მდებარეობს ქალაქ ბათუმის ცენტრალურ ნაწილში, ამავე შენობაში უნდა მოხერხდეს ლანჩის გამართვა“;
  • „ბათუმის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების ტრენინგები სხვადასხვა სფეროში შეიძლება გაგრძელდეს 2019 წლის ბოლომდე, თითოეული მოდულის შესწავლას უნდა დაეთმოს არანაკლებ 2 დღე. დღის განმავლობაში კურსის ხანგრძლივობა 5 საათი (შუალედში შესვენება ლანჩით, 40 წუთის განმავლობაში, ყავა რძით, ჩაი, ნატურალური წვენი, ხაჭაპური, პიცა, ლობიანი, ხილის ასორტი და სხვა. ასევე ტრენინგის მსვლელობის პერიოდში სასმელი წყლით უზრუნველყოფა“;
  • „ტრენინგ-კურსის დასრულების შემდეგ, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მონაწილეთათვის სერტიფიკატების გადაცემა, შემსყიდველის [ბათუმის მერიის] სახელით;

[/checklist]

რაც შეეხება ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის გამოცდილებას, მას „უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში (2016, 2017, 2018) და 2019 წლის 1-ელ ოქტომბრამდე უნდა გააჩნდეს ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების (ტრენინგი) ჩატარების გამოცდილება. ტენდერით გათვალისწინებული მოდულებიდან პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს არანაკლებ 10 (ათი) ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის თემაში ტრენინგის ჩატარების გამოცდილება. აღნიშნული ინფორმაცია წარმოდგენილ იქნეს ცხრილის მიხედვით, ასევე წარმოდგენილი უნდა იქნეს გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები (ხელშეკრულების ასლები, მიღება-ჩაბარების აქტების ასლები);

პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტების თანამშრომლებისთვის ტრენინგების განხორციელების გამოცდილება. წარმოდგენილი უნდა იქნეს გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები (ხელშეკრულების ასლები, მიღება-ჩაბარების აქტების ასლები)“.

პრეტენდენტს ასევე უნდა გააჩნდეს:

„ხარისხის მართვის სისტემის (ხარისხის მენეჯმენტის სისტემის) საერთაშორისო სტანდარტის არანაკლებ ISO 9001:2008 სერტიფიკატი; პროფესიული განვითარების საბაზისო პროგრამების: „მოხელის მენეჯერული უნარები“ და „პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარება“ აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი“.

ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის 13 ოქტომბერს დაიწყება და 15 ოქტომბერს დასრულდება.

თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ეტაპობრივად სწავლების ორგანიზებას მერიას თვითმმართველობის კოდექსი ავალდებულებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: