ბათუმის აეროპორტის ასაფრენი ზოლიდან ახალ ბულვარში არსებულ პირსამდე პლაჟი ხელოვნურად მოეწყობა. ნაპირდაცვის პროექტის ფარგლებში, უშუალოდ პლაჟის მოწყობის სამუშაოები უკვე დაიწყო. პროექტს, რომლის ღირებულება დაახლოებით 30 მილიონი ლარია, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი 2017 წლიდან ახორციელებს. სამუშაოები მიმდინარე წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოების მწარმოებელ კომპანიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ პროექტის დასრულებას 1,5 წელი მაინც დასჭირდება.
პროექტი ითვალისწინებს დაახლოებით 2 კმ ნაპირსამაგრი ნაგებობის მოწყობას და სანაპიროს აღდგენას ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით. პლაჟის შესაქმნელად ქვიშა-ხრეშის ამოღება ბათუმის კონცხთანაა დაგეგმილი [ანბანის კოშკის მიმდებარედ ტერიტორია]. ამასთან, ახალი ბულვარიდან ახალშექმნილ პლაჟზე რომ მოხვდე, საჭირო იქნება ნაპირსამაგრ ნაგებობაზე გადასვლა, რისთვისაც სპეციალური გადასასვლელი ხიდები მოეწყობა. სანაპირო ზოლთან დაკავშირების მიზნით ასეთი 12 საფეხმავლო ხიდის აგებაა დაგეგმილი.
მშენებარე კომპანიაში ამბობენ, რომ პლაჟის შესანარჩუნებლად საჭირო იქნება წელიწადში ორჯერ მაინც მთელი პლაჟის სიგრძეზე ქვიშა-ხრეშის ხელოვნურად დაყრა: „ძლიერი შტორმის დროს, შესაძლოა პლაჟი გაფართოვდეს, ან პირიქით, წაირეცხოს დამცავ ნაგებობამდე. ბოლო შტორმის დროს, მაგალითად, ერთ ადგილზე სადაც პლაჟი არ იყო, რამდენიმე მეტრი სიგანის პლაჟი წარმოიქმნა“.
ახალი ბულვარის ველობილიკიდან ნაპირსამაგრ ნაგებობამდე მანძილი 15 მეტრამდე იქნება, ნაგებობის იქეთ კი პლაჟის სიგანე მთელ ზოლზე – 20 მეტრი.
ნაპირსამაგრი ნაგებობა დიდი ფლეთილი ქვებით შენდება. ასეთივე ქვები განთავსდება მიწის ქვეშ იმ ადგილზე, სადაც ქვიშა უნდა დაიყაროს პლაჟის შექმნის მიზნით.
დამცავი ნაგებობა ადრე აშენდა მდინარე ჭოროხის შესართავიდან აეროპორტის ასაფრენ ზოლამდე მონაკვეთში [აქ პლაჟი სამომავლოდ შესაძლოა აღარ იყოს და არც გადასასვლელი ხიდების მოწყობაა დაგეგმილი]. ჰოლანდიური კომპანია STRUIJK GROUP კი სამუშაოებს ასაფრენი ზოლიდან ახალ ბულვარში მდებარე პირსამდე ჩაატარებს. პროექტი იტალიურმა საკონსულტაციო კომპანიამ შექმნა.
„იტალიური პროექტი სპეციალისტთა ჯგუფმა დავიწუნეთ… მე მაშინ ხმამაღლა ვუთხარი მთავრობას, რომ თუ ამ პროექტით ჩატარდება ნაპირდაცვითი სამუშაოები, ეს იქნება ბათუმის სანაპიროს დეგრადაციის დასაწყისი. ეს იქნება არა ნაპირგამაგრება, არამედ ეკოლოგიურად დასახიჩრება ნაპირების,“ – ეს განცხადება ორი წლის წინ „ბათუმელებთან“ საშა ხორავამ, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორმა, ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა გააკეთა.
როგორც მაშინ „ბათუმელებმა“ გაარკვია, პლაჟების შენარჩუნებისთვის მომდევნო წლებში კვლავ უნდა გაგრძელდეს ზღვაში ნატანის ხელოვნურად ჩაყრა. ზოგიერთი სპეციალისტის თქმით კი, პროექტის განხორციელების შემდეგ ზღვა ძველი ბულვარის ტერიტორიას წარეცხავს. ამასთან, ბათუმის კონცხთან ქვიშა-ხრეშის ამოღება სპეციალისტების მკაცრი კონტროლის ქვეშ უნდა ჩატარდეს.
ახალი ნაგებობის საგარანტიო ვადა 50 წელია.
ამავე თემაზე:
https://batumelebi.netgazeti.ge/news/63452/#sthash.076WSRqf.1qIQy80b.dpbs