მთავარი,სიახლეები

თალაკვაძე: ოკუპაცია არ არის ის, რაც უკვე მოხდა, ოკუპაცია გრძელდება

04.10.2019
თალაკვაძე: ოკუპაცია არ არის ის, რაც უკვე მოხდა, ოკუპაცია გრძელდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ, დღეს, 4 ოქტომბერს, ბათუმში ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ პარტნიორ მხარესთან ისაუბრეს იმ პროგრესსა და ვალდებულებებზე, რომელიც საქართველოს აქვს ნატოსთან ინტეგრაციის ფარგლებში.

„ვისაუბრეთ რეფორმებზე, რომელსაც ხელისუფლება და პარლამენტი ოპოზიციის ჩართულობით ახორციელებს. ეს არის საარჩევნო რეფორმა, მართლმსაჯულების სისტემა და სასამართლო რეფორმა. ასევე, ეკონომიკური, განათლების რეფორმები და ინფრასტრუქტურის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები,“ – ამბობს თალაკვაძე.

მის თქმით, დემოკრატიის ეს დონე მოითხოვს უფრო ძლიერ ეკონომიკურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას პარტნიორების მხრიდან:

„სწორედ ამაზე ვესაუბრე ჩვენს პარტნიორებს, რომ საქართველოს კიდევ უფრო ძლიერი, მათ შორის ეკონომიკური მხარდაჭერა ესაჭიროება დღეს და ჩვენ ამ მიმართულებით გვექნება ძალიან აქტიური კომუნიკაცია“.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი იყო ოკუპაციაზე.

„ყველა ხედავს, რომ საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია ეს არ არის ის, რაც უკვე მოხდა, არამედ ოკუპაცია გრძელდება და რეალურ საფრთხეებს უქმნის ჩვენს მიღწევებს დემოკრატიის, ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროში.

ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლიანი და პრაგმატული საგარეო პოლიტიკა, დღეს საქართველო არის ძალიან ახლოს ნატოს წევრობასთან და ასევე, მნიშვნელოვანია პროგრესი, რომელიც ჩვენ წევრობის მისაღწევად ამ პროცესში შევქმენით ნატოსგან და პარტნიორებთან ერთად,“ – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მან კომენტარი გააკეთა „პატრიოტთა ალიანსის“ მხრიდან გააქტიურებულ ანტიდასავლურ აქტივობებზეც და განაცხადა, რომ საქართველოს მიზანი არის გაწევრიანდეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში და ეს წერია კიდეც საქართველოს კონსტიტუციაში.

„ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება ერთი წლის წინ და ეს მიზანი ასახულია ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო დოკუმენტში. ასევე, არჩევნები ადასტურებს, რომ საქართველოში საზოგადოების უდიდესი მხარდაჭერა აქვს იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც თავის პროგრამაში და საგარეო პოლიტიკაში  მყარად აქვთ მოცემული ქვეყნის საგარეო პოლიტიკური არჩევანი და ეს არის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია.

თუ ჩვენს საზოგადოებაში რჩებიან ისეთი მოქალაქეები, ვისთვისაც ჯერ კიდევ კარგად არ არის გასაგები და ნაკლები ინფორმაცია აქვს რას ნიშნავს ნატო, ევროკავშირი და ჩვენი თანამშრომლობა აშშ-სთან, ჩვენი მოვალეობაა, მათ შორის მედიისაც, რომ კიდევ უფრო ახლოს მივიდეთ ამ მოქალაქეებთან და ავუხსნათ, მივცეთ მეტი ინფორმაცია, თუ რატომ არის ეს მნიშვნელოვანი,“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, დღესდღეობით საქართველოს არჩევანი არის ევროპული და ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაცია, „ეს პოლიტიკური კურსი ჩვენი ხელისუფლების პირობებში არ შეიცვლება,“ – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: