მთავარი,სიახლეები

რა შეჭამოს თხამ? – პრობლემა, რომელსაც ხელისუფლება არ იმჩნევს

04.10.2019 • 2777
რა შეჭამოს თხამ? – პრობლემა, რომელსაც ხელისუფლება არ იმჩნევს

ხელვაჩაურში, სოფელ კირნათში მცხოვრები თამაზ ცინცაძე ერთ-ერთია მათ შორის, ვისაც თხები ჰყავს და პრობლემა შეექმნა მას შემდეგ, რაც თხებს ვეღარ აძოვებს იმ ტერიტორიაზე, რომელიც „მაჭახელას ეროვნულ პარკად“ გამოცხადდა. პრობლემის მოგვარებაზე არავინ ზრუნავს. კირნათში 6 ოჯახს დაახლოებით 200 სული თხა ჰყავს. მათ გაზაფხულზე თხები ჯავახეთში გადაჰყავთ, შემოდგომაზე – უკან ბრუნდებიან.

„200 კილომეტრი ფეხით უკვე გამოვიარე და გუშინ დავბრუნდი სახლში… თუ საძოვრით ვერ ვისარგებლებ, როგორ შევძლებ თხების შენახვას? ბალახი ძვირია,“ – გვიყვება თამაზ ცინცაძე. მწყემსების პრობლემაზე „ბათუმელები“ წელს აგვისტოშიც წერდა.

მაჭახლის ხეობის ნაწილის ეროვნულ პარკად გამოცხადება მოსწონს თამაზ ცინცაძესაც, თუმცა, მისი აზრით, ხელისუფლებამ გამოსავალი იმ ადამიანებსაც უნდა შესთავაზოს, ვისაც თხები ან საქონელი ჰყავს.

„ახლა ვარიდებთ პარკის ტერიტორიას თხებს. გვითხრეს, რომ დაგვაჯარიმებენ, თუ პარკის ტერიტორიაზე შევა თხა… გაზაფხულამდე ჯავახეთში ვერ წავალთ, არ ვიცი, რით შევინახოთ თხა,“ – გვიყვება თამაზ ცინცაძე.

პრობლემის შესახებ ინფორმირებულია სოფელ კირნათის რწმუნებული ხასან კახაბერიძე. ის ამბობს, რომ რამდენიმე დღეში ეცოდინება, რა გამოსავალს შესთავაზებს ადგილობრივი მთავრობა თხების მესაკუთრეებს.

„პრობლემა არ არსებობს. ჩვენ დაველაპარაკეთ ეროვნული პარკის ადმინისტრაციას და გარკვეული რეგულაციების დაცვის შემთხვევაში, თხების იქ შეყვანა შესაძლებელი იქნება,“ – გვითხრა ხელვაჩაურის მერმა, ჯუმბერ ვარდმანიძემ. მან ვერ დაგვიკონკრეტა, რა რეგულაციების დაცვა მოუწევთ მწყემსებს. ხელვაჩაურის მერმა ასევე თქვა, რომ შეთანხმება ამ ეტაპზე წერილობით არ გაფორმებულა.

„პარკის ტერიტორიაზე თხების ძოვება დაუშვებელია. მსგავსი შეთანხმება არ არსებობს,“ – ამბობს მაჭახელას ეროვნული პარკის დირექტორი, გიორგი ქურიძე. მისი თქმით, შეთანხმება მხოლოდ თხის გავლას შეეხება პარკის ტერიტორიაზე და არა ხანგრძლივად გაჩერებას და ძოვებას.

„საქონლის შემთხვევაში შესაძლებელია ტრადიციულ ზონაში ძოვება, აკრძალვა მოქმედებს მხოლოდ მკაცრი დაცვის ზონაში. ეს ზონები გამიჯნულია. რაც შეეხება წვრილფეხა პირუტყვს და კონკრეტულად თხას, ცნობილია, რომ ის მავნებელია… თხამ სადაც გაიარა, არცერთმა მცენარემ აღარ გაიხარა,“ – გვითხრა გიორგი ქურიძემ.

გიორგი ქურიძის თქმით, პარკის ტერიტორიაზე მსხვილფეხა ან წვრილფეხა საქონლის ძოვებისთვის ამ დრომდე არავინ დაუჯარიმებიათ. ჯარიმა დაზიანების შესაბამისად 50 ლარიდან იწყება.

რა გამოსავალს სთავაზობს ადგილობრივი ხელისუფლება თხის მესაკუთრეებს? – პასუხი ვერ მივიღეთ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან. უწყების პრესცენტრში გვითხრეს, რომ მათ ამ თემის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: