„ყველას მისი აზრი აქვს“ – რატომ არ უჭერს მხარს ანზორ ბოლქვაძე მაჟორიტარობის გაუქმებას 

„მე თავიდანვე არ მომიწერია ხელი კანონპროექტზე… საბოლოოდ არ მაქვს გადაწყვეტილება მიღებული, მაგრამ ალბათ მხარს არ დავუჭერ,“ – გვითხრა ხულოს, შუახევისა და ქედის მაჟორიტარმა დეპუტატმა პარლამენტში ანზორ ბოლქვაძემ. ის ერთ-ერთია მაჟორიტარ დეპუტატებს შორის, რომელიც „მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის“ გაუქმებას არ უჭერს მხარს. 

ანზორ ბოლქვაძე სამი მოწვევის პარლამენტის დეპუტატია. ის სამივეჯერ როგორც მაჟორიტარი, ისე გახდა დეპუტატი.

პროპორციულ სისტემაზე გადასვლის დაპირება მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ „20 ივნისის მოვლენების შემდეგ“ გასცა. თუმცა 12 ნოემბრის საპარლამენტო განხილვისას „ოცნების“ დეპუტატების ერთმა ჯგუფმა საკითხის მხარდაჭერა გადაიფიქრა. ანზორ ბოლქვაძეს ეს დაპირება შევახსენეთ.

„ყველას მისი აზრი აქვს… მოსახლეობის აზრი არის მნიშვნელოვანი. მე ვესაუბრები ხალხს და ვიცი, რომ ხალხს სჭირდება მაჟორიტარი დეპუტატი. მოსახლეობამ ამირჩია მე და ნდობა გამომიცხადა“, – უთხრა ანზორ ბოლქვაძემ „ბათუმელებს“.

რატომ მიიჩნევს დეპუტატი, რომ პარტია არ გამოხატავს ხალხის ინტერესს ან რას პასუხობს იგი იმ ფაქტობრივ მონაცემს, როცა მაჟორიტარებად მუდმივად მმართველი პარტიის კანდიდატებს ირჩევენ? – დეპუტატმა სხვა კითხვებზე აღარ გვიპასუხა და მოკლედ მოგვიგო: „მე უკვე დავაფიქსირე ჩემი აზრი“.

პარლამენტში დღეს, 13 ნოემბერს, მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას კენჭი უნდა უყარონ. ოპოზიცია აცხადებს, რომ მმართველ პარტიას საკითხის ჩაგდება სურს.

ბათუმში, ინასარიძის N7-ში სუპერმარკეტ „დეილის“ მესამე ფილიალი გაიხსნა

12 ნოემბერს ბათუმში, ინასარიძის ქ.N7-ში, საზეიმო ვითარებაში გაიხსნა სუპერმარკეტ „დეილის“ მრავალფუნქციური სივრცე. ჩვენ ვესტუმრეთ, დავათვალიერეთ და მონაწილეობა მივიღეთ ახალი ფილიალის გახსნაში.

გიზიარებთ რამდენიმე მიზეზს, თუ რატომ უნდა ეწვიოთ ქალაქის შუაგულში, 500 კვ.მ ფართობის მქონე „დეილის“ ქსელურ სუპერმარკეტს.

მაშ ასე, დავიწყოთ:

როგორი ფასებია „დეილში“?

„დეილი“ ბათუმში ოპერირებს დაბალი საფასო კატეგორიით. ეს იმას ნიშნავს, რომ არა ცალკეულ პოზიციებზე, არამედ აბსოლუტურად ყველა პროდუქტზე თქვენ შეძლებთ ისარგებლოთ მისაღები და კონკურენტუნარიანი ფასებით, შეიძინოთ ნაკლებ ფასად მეტი. გარდა დაბალი ფასებისა, კომპანია დამატებით სთავაზობს მომხმარებელს 300-მდე დასახელების აქციას თვის განმავლობაში, მათ შორის: თვეში ორჯერ 2-კვირიანი აქცია 200-ზე მეტი დასახელების პროდუქტზე; კვირაში 2-ჯერ – ყოველ ოთხშაბათ-ხუთშაბათ და შაბათ-კვირას შოკფასის აქციებს ტოპპროდუქტებზე და სხვა სპეციალურ აქციებსაც.

რა სიახლეები დაინერგა ფილიალში?

ინასარიძის N7-ში თქვენ მხოლოდ სტანდარტული სურსათის მაღაზია არ დაგხვდებათ. ფილიალში ასევე წარმოდგენილია „დეილი“ პურ-ფუნთუშეული და „დეილი“ საკონდიტროს ნაწარმი. სწორედ ასე შევიტყვეთ წარმოების შესახებ, რომელსაც კომპანია ფლობს ქუთაისში და სთავაზობს მომხმარებელს.

ამჟამად ინასარიძის ფილიალში საკონდიტროს ე.წ. სტანდარტული ხაზია წარმოდგენილი – ტორტები სხვადასხვა შიგთავსითა და ვიზუალით. სამომავლოდ „დეილი“ გეგმავს გააფართოვოს საკონდიტრო მიმართულება და ფიქრობს მზა საკვების დამატებაზეც, რაც, რაღა თქმა უნდა, დამოკიდებული იქნება მომხმარებლის მოთხოვნაზე.

„დეილის“ ხელსაყრელი მდებარეობა

როგორც უკვე აღვნიშნეთ, „დეილის“ ახალი ფილიალი 500 კვადრატულ მეტრს მოიცავს. გარდა პროდუქციის მრავალფეროვნებისა და კონკურენტუნარიანი ფასებისა, ფილიალს აქვს ძალიან ხელსაყრელი მდებარეობაც – ინასარიძის ქ.N7-ში, პარკინგისთვის გამოყოფილი სივრცით, შეგიძლიათ ესტუმროთ „დეილი“ სუპერმარკეტს, გაიმარტივოთ ყიდვის პროცესი და დაზოგოთ არამხოლოდ თანხა, არამედ დროც.

„დეილის“ წარმომადგენლები თამამად აცხადებენ, რომ მომხმარებელს სთავაზობენ საჭიროებების სრულ პაკეტს – დაბალ ფასებს, მრავალფეროვან არჩევანს, კომფორტულ ადგილმდებარეობას. წლის ბოლომდე ასევე დაგეგმილია რამდენიმე ახალი ფილიალის გახსნა ბათუმის სხვადასხვა უბანში.

„დეილი“ სუპერმარკეტი, გარდა ინასარიძის ფილიალისა, ბათუმში წარმოდგენილია თამარის დასახლების #4/44-ში და ა.აბაშიძის #33-შიც.

14 ნოემბერს დღისით რიკოთის გვირაბი 10 საათით ჩაიკეტება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2019 წლის 14 ნოემბერს, 08:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

„დროის ამ პერიოდში რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე, 2 სხვადასხვა ადგილას, უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე  მექანიზმების მორიგეობა.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება,“ – აცხადებს გზების დეპარტამენტი.

მთავარი ფოტო: რიკოთის გვირაბი / გზების დეპარტამენტის ფოტო

ფასიანი სექსისთვის დაჯარიმდებით თუ არა – სასამართლო განხილვას იწყებს

უნდა ჯარიმდებოდეს თუ არა „პროსტიტუციის ჩადენა“ ანუ ფასიანი სექსუალური მომსახურება? – ამ საკითხს საკონსტიტუციო სასამართლო დღეს, 13 ნოემბერს განიხილავს. მოსარჩელე „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაა“, მოპასუხე – პარლამენტი.

პროსტიტუციის ჩადენა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით არის დასჯადი. მოსარჩელის შეფასებით, „სადავო ნორმები არათანაზომიერად ზღუდავს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების კომპონენტს – სექსუალური ქცევის არჩევის თავისუფლებას.“ მოსარჩელე ასევე მიიჩნევს, რომ ბუნდოვანია, რას ნიშნავს ტერმინი „პროსტიტუცია“.

დღეს მოქმედი კანონმდებლობით, „პროსტიტუცია გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე“. იგივე მუხლი ითვალისწინებს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე, თუკი იმავე ქმედებას ადამიანი განმეორებით ჩაიდენს.

ამ თემაზე: დასჯადი სექსი

„ავერსის კლინიკის“ უფასო გასინჯვების აქცია ბათუმის „მედალფაში“

9 ნოემბერს ბათუმში კლინიკა „მედალფაში“ უფასო კონსულტაციების დღე მოეწყო. პროგრამის ფარგლებში „მედალფას“ ესტუმრნენ  „ავერსის კლინიკის“ წამყვანი სპეციალისტები, მათ შორის, კარდიოლოგი, ნევროლოგი, უროლოგი, გინეკოლოგი, ოფთალმოლოგი, ზოგადი ქირურგი, ბარიატრიული ქირურგი, ენდოკრინული ქირურგი, პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგი.

აქცია „ავერსის“ 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით მოეწყო და კომპანიის დამფუძნებლის, პაატა კურტანიძის მხარდაჭერით ხორციელდება. ამასთან, მთელი ნოემბრის განმავლობაში „მედალფაში“ ყველა სახის ამბულატორიულ ვიზიტზე 25%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს.

თინათინ ლომიძე, პაციენტი: “ეს აქცია ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან აქ არიან ჩამოსულები სხვადასხვა დარგის პროფესიონალები და ბათუმელებს უფასოდ გვეძლევა საშუალება მრავალმხრივი გამოკვლევა ჩავიტაროთ.”

დიმიტრი ჯორბენაძე

დიმიტრი ჯორბენაძე, „ავერსის კლინიკის“ გენერალური დირექტორი: „ავერსის კლინიკა“ ხშირად ატარებს სოციალურ აქციებს. ამ აქციების მიზანი სხვადასხვა დროს სხვადასხვა რამ არის. ძირითადად მაღალმთიან რეგიონებში გავდივართ და ვცდილობთ, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაზრდას. ბათუმში ეს პრობლემა არ არის, აქედან გამომდინარე, რადგან “მედალფა” ბათუმში შედარებით ახალგაზრდა კლინიკაა, ეს არის „ავერსის კლინიკის“ ერთგვარი მხარდამჭერი აქცია “მედალფასთვის”. პარალელურად, ვითვალისწინებთ მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას და გვინდა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ საზოგადო კეთილდღეობაში.”

გიორგი ამბროლიანი
გიორგი ამბროლიანი

გიორგი ამბროლიანი, „მედალფას“ გენერალური დირექტორი: „კომპანია “მედალფა” 2011 წლიდან არსებობს, ბათუმის კლინიკა არის კომპანიის ზრდის მაჩვენებელი, ჩვენი ერთ-ერთი ბოლო პროექტია. ცოტა უფრო ადრე, 2018 წელს, მახინჯაურში აღვადგინეთ და აღვჭურვეთ ამბულატორიული ცენტრი. მანამდე, როგორც სტაციონარული, ისე ამბულატორიული ხუთი დაწესებულებით ვიყავით წარმოდგენილები – თბილისში, კასპში და გურიის სამ რაიონში.

რაც შეეხება დღევანდელ აქციას, ეს არის ჩვენი, “მედალფას”, როგორც „ავერსი ჰოლდინგის“ წევრი ქსელის, ერთგვარი სოციალური კამპანია. ზოგადად, „ავერსი“, არამხოლოდ იღებს სოციალურ პროექტებში მონაწილეობას, არამედ თავადაც გეგმავს და ახორციელებს. ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო მჭიდრო კონტაქტი ხალხთან.“

ეკა ლაფაჩიშვილი

ეკა ლაფაჩიშვილი, ექიმი რადიოლოგი: „ამ კლინიკაში იმდენად კარგი აპარატურაა, რომ პრაქტიკულად ყველანაირი ტიპის გამოკვლევას ვატარებთ. მოგვეცა საშუალება ჩაგვეტარებინა ვაგინალური, დოპლეროგრაფიული კვლევები, პრაქტიკულად სრული სერვისი გვაქვს, ჩავატაროთ სრულყოფილი კვლევები.

უფრო მეტად ხაზი გაესვა ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებს, ყოველ შემთხვევაში, მომართვიანობა პაციენტების მხრიდან უფრო ამ საკითხზეა, ასევე მუცლის ღრუს კვლევები, საშარდე გზების, გინეკოლოგიური კვლევები. იყო რამდენიმე პათოლოგია, რომელიც გამოვლინდა და პაციენტებს მიეცათ კონკრეტული რეკომენდაციები.“

გამოკვლევების პარალელურად, „მედალფაში“ პლასტიკური ქირურგი თეიმურაზ გურჯიძე შეხვდა ადგილობრივ ექიმებს პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის საკითხებზე სასაუბროდ.

სოფო ადანაია, მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი:  „ნოემბერი „მედალფას“ კლინიკებისთვის არის „ავერსის“ თვე. ჰოსპიტალური ქსელი „მედალფა“ არის „ავერსის“ შემადგენლობაში შემავალი კომპანია. წელს, 14 ნოემბერს, არის ავერსის 25 წლის იუბილე და, შესაბამისად, ვუერთდებით ამის აღნიშვნას – “მედალფა” ბათუმის კლინიკაში გვაქვს 25%-იანი ფასდაკლება მთელი თვის განმავლობაში სპეციალისტებთან კონსულტაციებზე, ლაბორატორიულ კვლევაზე, ინსტრუმენტულ კვლევებზე, მათ შორის კომპიუტერული ტომოგრაფია, რენტგენი, ექოსკოპია და სხვაზე.
სამომავლოდ ვგეგმავთ კიდევ უფრო მეტ სოციალურ პროექტს, ექიმების გადამზადებას, კვალიფიკაციის ასამაღლებელ შეხვედრებს და გუნდის უფრო განვითარებას.“

წმინდანების დაფიცება და დაგინება პარლამენტში – „ეს იყო რეალობის მანიფესტაცია“ 

„მე ვიტყოდი, რომ ეს იყო რეალობის მანიფესტაცია. გედევან ფოფხაძის პირით ლაპარაკობს სრულიად საქართველო,“ – მიიჩნევს ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე პარლამენტარის მიერ წმინდანების დაფიცებით შეგინებაზე. გუშინ, 12 ნოემბერს, პარლამენტის წევრმა გედევან ფოფხაძემ დეპუტატ დაჩი  ბერაიას მისამართით ასე შეიგინა: ყველა წმინდა სალოცავს ვფიცავარ, მო…ავ როჟას!“. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დაძაბულობის მიზეზი საპატრიარქოს გარშემო მიმდინარე მოვლენები გახდა: „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთს  მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრედიტაციაში ადანაშაულებდნენ.

ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე ამბობს, რომ მას ახალი არაფერი უნახავს და მოუსმენია. იხსენებს, რომ ჩხუბი, გინება და ცემა პარლამენტში ხშირად ხდება, ხოლო წმინდანების დაფიცებით შეგინებაში ფილოსოფოსი „ზეავტორიტეტის მოხმობას“ ხედავს – ქრისტიანობის, რომელიც საქართველოში უკვე შინაარსისგან დაიცალა.

„ჩვენ გვაქვს მაგიური დამოკიდებულება რელიგიისადმი. როგორც დაფიცების დროს მოუხმობს ადამიანი რაღაც ძალას, ასე იყო ეს შეგინებაც. გედევან ფოფხაძის ამ რეპლიკაში კარგად გამოჩნდა, რა არის პრაქტიკული ფორმით ქრისტიანობა საქართველოში. დავინახეთ, რომ ამას საერთო არაფერი აქვს იმასთან, რაც ახალ აღთქმაში წერია და წმინდა კანონიკურ წერილებში… აქამდეც უნდა გვეგრძნო ეს, თვალი რომ გვქონოდა, ყური და გონება.

ფეისბუქკომენტარებში ვნახე, რომ გარკვეულ ადამიანებს გედევან ფოფხაძის ეს მოქმედება გაუკვირდათ. გედევან ფოფხაძე არ არის სეკულარული პოლიტიკოსი. ის ჩვეულებრივ, რელიგიურ ადამიანად წარმოაჩენს თავს. მან მოუხმო ზეავტორიტეტს. მრევლიც, ეკლესია, მორწმუნეები ასეთია და პარლამენტიც ასეთია, ბუნებრივია. ეს არის სრული ჰარმონია.

ახლა ხდება ის, რაც ცნობილ ზღაპარშია, როცა ბავშვი ყვირის: „მეფე შიშველია“.

ჩვენ შევქმენით ავტორიტეტული, ზესახელმწიფოებრივი ორგანიზაცია მართლმადიდებელი ეკლესიის სახით და იმ სახით, როგორიც ის დღეს არის. აღმოჩნდა, რომ ანაფორიანი მღვდლებიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან, ისეთივე კორუფციაა იქ, როგორც საზოგადოებაში…. ჩვენ გვქონდა იმის მოთხოვნილება, რაც ადამიანის ბუნებაშია – ავტორიტეტის შექმნა, რომელსაც დაემორჩილები და ბრმად გაჰყვები. პოლიტიკოსებმა ამ ეკლესიის ხარჯზე შექმნეს გარკვეული ბალანსი და იყენებდნენ სათავისოდ, შეიქმნა ალიანსი, რომ წარმატებით გაებითურებინათ მოსახლეობა და ემართათ. ამ ალიანსში გაჩნდა დისონანსები.

პოლიტიკოსები შეეცდებიან, ალიანსის ეს ფორმა შეინარჩუნონ, რადგან საქართველოში მოქმედი პოლიტიკოსების ინტელექტი საკმაოდ არამაღალია იმისთვის, რომ საკუთარი გამოიგონონ, თუნდაც იდეოლოგიური პოზიციების სახით. ისინი ეცდებიან, რომ მეფე ისევ შემოსონ.

ორმხრივი თვალთმაქცობა ეკლესიის და პოლიტიკოსების მხრიდან უნდა დამთავრდეს, მაგრამ პოლიტიკოსები ცდილობენ, როგორმე, დროებით, მომაკვდავი გააცოცხლონ, მაგრამ დიდი ხნით არსებობა ამ ალიანსის მუშაობას არ უწერია. ჩემი აზრით, ეს შეუწყობს ხელს პოლიტიკაში ახალი თაობის მოსვლას, რომელიც მეტად იქნება დაფუძნებული სეკულარულ იდეალებსა და გონიერებაზე,“ – გვითხრა გიორგი მაისურაძემ.

გურიაში 2 სოციალური საწარმო ყოფილი პატიმრებისთვის ვაკანსიებს აცხადებს

გურიაში 25 ნოემბრიდან ერთ სივრცეში განთავსებული ორი სოციალური საწარმო იხსნება – ერთ საწარმოში ქაღალდის პარკებს დაამზადებენ, მეორეში კი – ქვის გრავირებაზე იმუშავებენ. საწარმოები ვაკანტური სამუშაო ადგილების დასაკავებლად საჯარო კონკურსს აცხადებენ. დასაქმების მსურველი ყოფილი პატიმარი უნდა იყოს და ბოლო ათი წლის განმავლობაში ციხეში არანაკლებ 6 თვე უნდა ჰქონდეს გატარებული, დასაქმება შეუძლიათ ასევე პირობით მსჯავრდებულებს – პრობაციონერებსა და პატიმრების ოჯახის წევრებს.

გარდა ამ პირობისა, დასაქმების მსურველს უნდა ჰქონდეს მინიმალური ტექნიკური უნარები, რაც ახალ დანადგარებთან მუშაობის ათვისების უნარს გულისხმობს.

ხელფასი საწარმოებში დასაქმებულებს გამომუშავებით ექნებათ, საამქროს მოგების მიხედვით.

საწარმოებს ეყოლებათ მენეჯერები, რომლებიც დამკვეთების მოზიდვასა და  გაყიდვებს უზრუნველყოფენ.

დასაქმების მსურველებმა უნდა მიმართონ გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრს შემდეგ მისამართზე: ოზურგეთი, რუსთაველის ქ. #4. ან დაგვიკავშირდით შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 599156384; საქმიანობის დეტალური აღწერის სანახავად გადადით პორტალ jobs.ge – ის ლინკზე

შეიძლება ითქვას, რომ ამ სოციალურ საწარმოებში პირველად ასაქმებენ ხაზგასმით მხოლოდ ყოფილ პატიმრებს, მათ ოჯახის წევრებსა და პრობაციონერებს.

ცოტა ხნის წინ ასევე ზემოთ ჩამოთვლილი ჯგუფების დასასაქმებლად შეიქმნა გათბობა-გაგრილების სისტემების საწარმო ქუთაისში და კენკროვანი კულტურების სასათბურე მეურნეობა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში.

საწარმოებს სამომავლოდ გაფართოების პერსპექტივა აქვთ. გათბობა-გაგრილების სერვისცენტრი ქუთაისში, მაგალითად, გადამზადების ცენტრადაც უნდა იქცეს.

კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების დასასაქმებლად სოციალური საწარმოები ,,ყოფილი პატიმრების გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში მოეწყო. პროექტს „დემოკრატიის ინსტიტუტი“ ახორციელებს დასავლეთ საქართველოს ოთხ რეგიონში პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად.

განვითარებულ ქვეყნებში ბიზნესს ყოფილი პატიმრების დასაქმება ურჩევნია, რადგან სახელმწიფო ასეთ შემთხვევაში კომპანიებს გარკვეულ შეღავათებს უწესებს და მათთვის ეს ხელსაყრელია.

როგორც ,,ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის“ კოორდინატორი, ნინო ხაჩიძე ამბობს, საქართველოში მსგავსი პრაქტიკის დანერგვის მნიშვნელობაზე არავინ ამახვილებს ყურადღებას, მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის მინისტრი ხშირად საუბრობს სახელმწიფოს როლზე ყოფილი პატიმრების რეაბილიტაციის საქმეში.

„ერთადერთი არასამთავრობო ორგანიზაცია იყო სიდა, რომელიც ბიზნესს ესაუბრებოდა შეხვედრებზე როგორი მნიშვნელოვანია და რა ფასი აქვს ნასამართლევი პირების დასაქმებას, მაგრამ მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების მცდელობები სასურველ სტანდარტს ვერ ჩამოაყალიბებს. სახელმწიფო უნდა ესაუბრებოდეს კერძო სექტორს. საჯარო სამსახურებში არ ასაქმებენ ბენეფიციარებს და პირდაპირი აკრძალვაა ნარკოდანაშაულზე, მაგრამ არც სხვა, მსუბუქი მუხლის გამო ნასამართლობას ითვალისწინებენ და უარს ეუბნებიან დასაქმებაზე ყველა ნასამართლევს,“ – ამბობს ნინო ხაჩიძე.

ნინო ხაჩიძე – „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ,,ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის” კოორდინატორი

მისივე თქმით, ,,ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის“ განხორციელებისას  არასამთავრობო ორგანიზაციას შუამდგომლობა უწევდა კერძო სექტორთან ყოფილი პატიმრების დასასაქმებლად. ასევე ამ ჯგუფის ელემენტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლადაც ხანგრძლივი ბიუროკრატიული წინაღობების გადალახვა იყო საჭირო. ყოფილა შემთხვევები, მაგალითად, როცა ყოფილ პატიმრებს გათავისუფლების შემდეგ არ ჰქონდათ წასასვლელი, ღამის გასათევი. მათ თავშესაფარში განთავსებას კი უამრავი ძალისხმევა დასჭირდა.


მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

„ყ..ზე მკიდია კონსტიტუცია“ – რას მოჰყვა გინება და დაპირისპირება პარლამენტში

„შე ნაძირალა!“, „რა ჯიშის ხართ, რა რწმენის ხართ!“, „თქვენ ხართ ივანიშვილის გოშიები!“, „ვინ არის ეს ბუსუსებიანი რეზინა?!“ „შე ნაბ..ვარო!“ – ეს და სხვა შეურაცხმყოფელი რეპლიკები 12 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე არაერთხელ გაისმა.

საკანონმდებლო ორგანოში დაძაბულობის მიზეზი საპატრიარქოს გარშემო მიმდინარე მოვლენები გახდა. „ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთს ადანაშაულებდნენ მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრედიტაციაში.

დაპირისპირებაში ჩართული აღმოჩნდა დამოუკიდებელი დეპუტატი გედევან ფოფხაძეც. გამოსვლისას მან განაცხადა: „საპატრიარქოსთან მიმართებაში საქართველოს ხელისუფლებას აქვს თავისი პასუხისმგებლობა და დანაშაული. მოსთხოვეთ იმას, ვინც აშავებს და რეალურად ეს არის დღეს მოქმედი ხელისუფლება“.

მის გამოსვლას „ოცნების“ დეპუტატის, დაჩი ბერაიას რეპლიკა მოჰყვა იმის შესახებ, რომ ფოფხაძე „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგიას იზიარებს, რამაც გედევან ფოფხაძე გააღიზიანა და მან სალოცავები დაიფიცა, რომ ბერაიას „მო…ავს როჟას“ და „დაბრიდავს“.

მედიასაშუალებებმა პარლამენტში დაპირისპირების ამსახველი არაერთი ვიდეო გაავრცელეს. ერთ-ერთ ვიდეოში ისმის გედევან ფოფხაძის ხმა – „ყ..ზე მკიდია თქვენი კონსტიტუცია, გამოვიდეს გარეთ“. როგორც ჩანს, ფოფხაძის ეს წინადადება კვლავ ბერაიას მიემართება.

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, აღნიშნა, რომ დაპირისპირების დასამთავრებლად მზად არის „მხარეები პიტნის ჩაიზე დაპატიჟოს“.

 

 

ანთებული სიგარეტი დედას ხელზე მიადო და დანა დაუსვა – შვილის ჩვენება მამის წინააღმდეგ

„…მამამ  დედას გაშლილი ხელი დაარტყა სახეში. დედა ხელებს იფარებდა სახეზე… მამა განაგრძობდა ცემას. დედა ტიროდა და ამბობდა, რომ ტკიოდა…“ – მოსამართლეს ეს ბავშვებმა უთხრეს. მათი დედა ოჯახში ძალადობის მსხვერპლია. სამი არასრულწლოვნის მამა გაასამართლეს, თუმცა ის უკვე სახლშია. მას მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, რაც ჩაეთვალა პირობით სასჯელად.

შემთხვევა ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მცხოვრებ ერთ-ერთ ოჯახში მოხდა. პროკურატურის ვერსიით, ბრალდებულმა გურამ ბ.-მ 9 მაისს ცოლს ხელი სახეში დაარტყა და ფეხები – სხეულის სხვადასხვა არეში, 11 მაისს კი, ქმარმა ცოლს ცემის შემდეგ ხელზე ანთებული სიგარეტი მიადო და დანა დაუსვა. ბოლო შემთხვევას ორი არასრულწლოვანიც შეესწრო.

9 მაისის ეპიზოდში მოსამართლემ ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნია, რადგან პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობდა – დაზარალებულად ცნობილმა ქალმა სასამართლოში დუმილი არჩია.

მომზადდა ექსპერტიზის დასკვნაც:

„… აღენიშნებოდა ნაჭდევები, სისხლნაჟღენთები და დამწვრობითი უბანი სხეულის სხვადასხვა მიდამოში. დამწვრობითი უბანი განვითარებულია რაიმე მაღალი ტემპერატურის მოქმედების შედეგად. სხვა დანარჩენი დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით…“ – წერია ექსპერტიზის დასკვნაში.

მოსამართლეს ბრალდებულმა უთხრა, რომ 11 მაისს ცოლს მართლა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, მაგრამ უარყო სიგარეტით დამწვრობის მიყენება. განაჩენის მიხედვით, არც მოსამართლემ გამორიცხა ეს შემდეგი არგუმენტით:

„მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია დამწვრობით უბანზე, თავად ექსპერტმა მოწმის სახით დაკითხვისას არ გამორიცხა, ზოგადად, ასეთი სახის დაზიანების მიღება მაღალი ტემპერატურის საგანზე შეხების შედეგადაც; ზემოთ მითითებული მტკიცებულებების ანალიზის მიხედვით, სასამართლოს დადგენილად არ მიაჩნია ამ სახის ძალადობის ფაქტი (ანუ დამწვრობით დაზარალებულზე ბრალდებულის მხრიდან მიყენებული დაზიანება) ამ ფაქტის დასადასტურებლად საკმარისი მტკიცებულებები არ მოიპოვება საქმეში და, შესაბამისად, არც გამოკვლეულა,“ – აღნიშნავს მოსამართლე განაჩენში.

მოსამართლემ ვერ დაინახა ბრალდებულის დაპატიმრების საჭიროება. სასჯელის განსაზღვრის დროს, მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ აღნიშნა, რომ:

„სასჯელის სახის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ აღიარებს და ინანიებს, ჰყავს სამი არასრულწლოვანი შვილი, არ აპირებს დაზარალებულთან კონფლიქტის გაგრძელებას; აქედან გამომდინარე, სასამართლო არ მიიჩნევს მიზანშეწონილად, გაგრძელდეს მისი იზოლირება საზოგადოებისაგან. თვლის, რომ პირის რესოციალიზაციის საწყისი უკვე არის სახეზე“.

„ბათუმის ისტორიულ ცენტრში მიმდინარე პროცესები უმართავია“ – სტატია ICOMOS-ის ანგარიშში

წელს საერთაშორისო ორგანიზაცია ICOMOS-ი გამოსცემს საფრთხეში მყოფი მემკვიდრეობის ძეგლების 2016-2019 წლის ანგარიშს. ინგლისურენოვან ანგარიშში გამოქვეყნდება სტატია ისტორიული ბათუმის ურბანული მემკვიდრეობის განადგურების საფრთხეებზე. „ბათუმელები“ გთავაზობთ აღნიშნულ სტატიას.  

ქალაქ ბათუმის ურბანულ განვითარებას მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ჩაეყარა საფუძველი. მე-19 საუკუნის 80-იანი წლების მზარდი ეკონომიკური განვითარების შედეგად მიმდინარეობდა ქალაქის სწრაფი განვითარება. 1878-1885 წლებში, ბათუმში „პორტო ფრანკოს“ სტატუსმა ხელი შეუწყო ქალაქში კაპიტალის დაგროვებას. ბაქოში იმხანად აღმოჩენილი ნავთობის დანარჩენ მსოფლიოში გასატანად ყველაზე ხელსაყრელი გზა ბათუმის პორტზე გადიოდა. მისი გეგმარება განპირობებული იყო ბათუმის კონცხის ადგილმდებარეობითა და ტოპოგრაფიული მონაცემებით. ვაკეზე, სანაპირო ზოლის გაყოლებით გაშლილი განაშენიანება ადგილის არაჩვეულებრივი შეგრძნებით გამოირჩეოდა. ისტორიული ბათუმის სპეციფიკას და უნივერსალურ ღირებულებას წარმოადგენს მისი ჰომოგენური ურბანული ქსოვილი, განსაკუთრებული ლანდშაფტი და ზღვისპირა ქალაქის იდენტობა.

მხატვრულ-სტილისტური თვალსაზრისით ბათუმის არქიტექტურული იერსახისთვის დამახასიათებელია მხატვრულ სტილთა მრავალფეროვნება, სინთეზი და ეკლექტურობა, რაც გამოხატულებას პოულობს ეპოქისათვის სახასიათო კლასიცისტური, ბაროკული, რენესანსული თუ გოთური მოტივების სახით, რასაც მოგვიანებით ენაცვლება რომანტიზმით, მოდერნით თუ კონსტრუქტივიზმით შთაგონებული ნიმუშები.

XIX-XX სს-ის მიჯნის ქალაქის ურბანულ ქსოვილს ქმნიდა რეგულირებული გეგმარება, უწყვეტი კვარტალური განაშენიანება, კამერული ქუჩები, შენობათა ზომიერი, ჰარმონიული მასშტაბი, ნაგებობათა განთავსების თანაბარი რიტმი, სადა, მოკრძალებული, უმეტესად კლასიცისტური ფასადები, „ჩაკეტილი“ შიდა ეზოები და მხოლოდ ბათუმისთვის სახასიათო მრავალფეროვანი ეგზოტიკური მწვანე საფარი. ამდენად, ქალაქი ბათუმი მიეკუთვნება იმ ისტორიული ქალაქების რიცხვს, რომელიც მდიდარი კულტურული მემკვიდრეობითა და განსაკუთრებული ლანდშაფტით ხასიათდება. სწორედ ამ ორი კომპონენტის ჰარმონიული თანამშრომლობა განაპირობებს ქალაქის ძალზედ გამომსახველი მხატვრულ-არქიტექტურული სახის შექმნას.

ისტორიული ბათუმის შენარჩუნების მთავარ პრობლემას მისი ხანმოკლე ისტორიულ პერიოდში შექმნილი ჰომოგენური ურბანული ქსოვილის დაცვა წარმოადგენს. 2009 წლიდან ბათუმში განხორციელებულ რეაბილიტაცია–რეკონსტრუქციის პროცესს საფუძვლად დაედო ურბანული კულტურული მემკვიდრეობის მოდერნიზაციის და არა ისტორიული შენობების კონსერვაციის პრინციპები. კულტურული მემკვიდრეობის ბევრმა ძეგლმა დაკარგა თავისი ისტორიული მახასიათებლები. რამდენიმე მათგანი მიზანმიმართულად დაანგრიეს. ბევრ შემთხვევაში ძველი შენობები ჩანაცვლდა მრავალფუნქციური, უმასშტაბო, შეუსაბამო ნაგებობებით. ბათუმის „განახლებას“ შეეწირა ისტორიული ქალაქის ზომიერი და ადამიანური მასშტაბი, ძველი კვარტლების ინტიმურ-კამერული გარემო, განაშენიანების რიტმი, სტილისტური სისადავე, ტრადიციული გამწვანების ხასიათი. მნიშვნელოვნად დაზარალდა ბათუმის ისტორიული კონტექსტი – XIX-XX მიჯნის ურბანული ქსოვილი – რომელიც წარმოადგენდა ძველი ქალაქის მთავარ ხიბლს, მის მხატვრულ-ისტორიულ ღირებულებას, მისი „ადგილის სულს“.

ბათუმის ურბანული მემკვიდრეობის შესწავლასა და აღიარებას ხანგრძლივი ტრადიცია აქვს. ბათუმის ისტორიული უბნის დაცვითი ზონა პირველად 1987 წელს დამტკიცდა და მოგვიანებით უფრო გაფართოვდა. 2007 წელს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონის თანახმად, საქართველოს კულტურის სამინისტრომ დააფინანსა ბათუმის ისტორიული განაშენიანების ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმის შექმნა. ამ გეგმით გაფართოვდა ისტორიული დაცვის ზონის საზღვრები და განისაზღვრა ისტორიული უბნის კონსერვაციის ძირითადი პრინციპები. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში რეგისტრირებულია ბათუმის 250 ურბანული ძეგლი. მიუხედავად ამისა, ისტორიულ ცენტრში მიმდინარე პროცესები უმართავია და ბათუმის ურბანული მემკვიდრეობა საფრთხეშია, რაც იწვევს პროფესიული ჯგუფების, მემკვიდრეობის დამცველთა და ადგილობრივი თემის სამართლიან პროტესტს.

ისტორიული ბათუმის შენარჩუნების ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს ის გარემოება, რომ ურბანული მემკვიდრეობის ფასეულობანი არ არის მკაფიო და ერთნაირი ყველა ჩართული და დაინტერესებული მხარისთვის. ამას მოწმობს ადგილობრივი ხელისუფლების მერყევი პოზიცია და მყიფე პოლიტიკური ნება, როცა საქმე ეხება ისტორიული ქალაქის მართვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესს. ამაზე მეტყველებს შემდეგი ფაქტი: 2018 წლის ოქტომბერში ბათუმის მერიამ თვითნებურად ამოიღო ბათუმის ისტორიული პორტის არეალი, ე.წ. ბათუმი რივიერას ტერიტორია ისტორიული დაცვის ზონიდან. ამ ტერიტორიაზე განზრახულია ხუთი ცათამბჯენისა და იახტკლუბისთვის ხელოვნური არხის შემოყვანა.

ბათუმის, როგორც ისტორიული ზღვისპირა, საპორტო ქალაქის ავთენტურობის ერთ-ერთ მთავარ მახასიათებელს წარმოადგენს ისტორიული პორტის ტერიტორია. ბათუმის ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ამ ადგილის დაცვას: მისი გარემოსა და ისტორიულად ჩამოყალიბებული სივრცითი მოწყობის შენარჩუნებას; მის ჰარმონიულ კავშირს ბათუმის ისტორიული ნაწილის ბირთვთან; ბათუმის ისტორიული ნაწილის მთლიანობის (ინტეგრულობის) შენარჩუნებას; კვლევა ასევე მიუთითებს ზღვის მხრიდან პანორამის დაცვაზე და დაუშვებლად მიიჩნევს აქ საბინაო მშენებლობის გაშლას. წარმოდგენილი პროექტი საბოლოოდ გაანადგურებს ბათუმის, როგორც ზღვისპირა ქალაქის იდენტობას და ამოქოლავს იმ ერთადერთ ჯერ კიდევ შემორჩენილ ღია სივრცეს, რომლითაც ბათუმის ისტორიული ბირთვი უკავშირდება ზღვას და გარე სამყაროს, რაც ადგილობრივების პერმანენტულ საპროტესტო აქციებს იწვევს.

მემკვიდრეობის დაცვის ინსტიტუციური სტრუქტურის ანალიზი აჩვენებს, რომ ბათუმის ურბანული მემკვიდრეობის მართვის სისტემა დაფუძნებულია მხოლოდ პროცედურულ საკითხებზე და მთლიანად დაცლილია შინაარსისგან. ეს სისტემა ფოკუსირებულია მხოლოდ ისტორიული დაცვის ზონაში ნებართვების გაცემაზე ყოველგვარი პროფესიული, დარგობრივი ექსპერტიზის გარეშე. არ არსებობს ბათუმის ურბანული მემკვიდრეობის მართვის სააგენტო, რომელიც კოორდინაციას გაუწევს პროცესებს ისტორიული უბნის ზონაში.

კონსერვაციის ექსპერტები და ადგილობრივი მემკვიდრეობის დამცველები მოითხოვენ:

  • ბათუმის ისტორიული უბნისთვის რელევანტური მართვის სისტემის შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს მართვის იმ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტების გამოყენებას, რომლებიც საბედნიეროდ უკვე არსებობს;
  • ბათუმის ურბანული მართვის ფარგლებში ურბანული მემკვიდრეობის მართვის სააგენტოს/ტერიტორიული ერთეულის შექმნას;
  • ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის წახალისებას და მათი პოზიციის გათვალისწინებას გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
  • ბათუმის კონცხზე ცათამბჯენების მშენებლობის პროექტზე უარის თქმას და ბათუმის ისტორიული უბნის ნგრევის შეჩერებას.

 

აჭარის მაუწყებლის ბორდის თავმჯდომარედ გიგა ჩხარტიშვილი აირჩიეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ დღეს, 12 ნოემბერს [15:35], გიგა ჩხარტიშვილი აირჩიეს.

გიგა ჩხარტიშვილმა თავად შესთავაზა ბორდს  საკუთარი კანდიდატურა. კენჭისყრაზე მას კონკურენტი არ ჰყოლია.

გიგა ჩხარტიშვილს ოთხი მრჩევლიდან სამმა დაუჭირა მხარი.

გიგა ჩხარტიშვილი გასულ წელს აირჩიეს მრჩეველთა საბჭოს წევრად „ქართული ოცნების“ კვოტით. სწორედ მას ეკუთვნის აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების ინიციატივა. მიუხედავად იმისა, რომ ყოფილ ბორდს 8 თვე ჰქონდა დირექტორის ასარჩევად, მან ეს ვერ მოახერხა. მთელი ეს პერიოდი, როგორც დირექტორობის კანდიდატები, ისე მაუწყებლის ჟურნალისტები აცხადებდნენ, რომ ეს პროცესი იყო რისკი სარედაქციო დამოუკიდებლობისთვის.

აჭარის მაუწყებლის ახალი წევრები უმაღლესმა საბჭომ 25 ოქტომბერს აირჩია. მეხუთე მრჩევლის ასარჩევად კი განმეორებითი კონკურსი გამოაცხადა.

მაუწყებლის ახალ დირექტორს სწორედ ეს ბორდი აირჩევს.

ნახეთ ამ საკითხზე მაუწყებლის ჟურნალისტების განცხადება:

აჭარის ტელევიზიის თანამშრომლები საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავენ

 

წელს ბათუმის მთავარ ნაძვის ხეს ბულვარში მრგვალ შადრევანზე დადგამენ

2020 წელს ბათუმში ტრადიციულად ევროპის მოედანზე აღარ შეხვდებიან. ბათუმის მერია ბოლო წლებში დამკვიდრებულ ტრადიციას ცვლის, მთავარ ნაძვის ხეს ბათუმის ბულვარში, მრგვალ შადრევანზე დადგამენ. მთავარი კონცერტის სცენა კი, საზაფხულო თეატრთან დამონტაჟდება.

ბათუმის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელის, ჯონი საბაშვილის ინფორმაციით, მთავარ კონცერტში მონაწილეობას ისევ ადგილობრივი შემსრულებლები მიიღებენ.

საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებაზე კი ტენდერი ჯერ კიდევ  გამოცხადებული არ არის. ჯონი საბაშვილის ინფორმაციით, სატენდერო წინადადება მზადაა და ტენდერი ერთ კვირაში გამოცხადდება.

ბოლო წლებში დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით, კულტურის ცენტრი საახალწლო ღონისძიებების შესყიდვის მიზნით ტენდერს დაგვიანებით – ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისში აცხადებს.

ბოლო რამდენიმე წლის ტრადიციად იქცა ისიც, რომ ისედაც დაგვიანებით გამოცხადებული ტენდერი იშლება, შემდეგ კი მერიას საახალწლო ღონისძიებების ორგანიზების შესყიდვა ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე, ფორსმაჟორში უწევს.

დაირღვევა თუ არა წელს ეს ტრადიცია, ამას რამდენიმე დღეში გავიგებთ.

ბათუმის მთავარი ნაძვის ხე აინთო (ვიდეო)

გედევან ფოფხაძემ პარლამენტში წმინდა სალოცავებზე დაიფიცა და დაიგინა

გედევან ფოფხაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი: 

„ყველა წმინდა სალოცავს ვფიცავარ, მო…ავ როჟას!“

________________

გედევან ფოფხაძემ უმრავლესობის წევრის, დეპუტატ დაჩი  ბერაიას მისამართით შეიგინა. დეპუტატებს შორის დაპირისპირების მიზეზი ბერაიას რეპლიკა გახდა იმის შესახებ, რომ ფოფხაძე „ნაციონალების“ მხარესაა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს საპატრიარქოსთან დაკავშირებულ მოვლენებზე საუბრობდნენ.

ტრანსგენდერი გოგო: მარკეტში სახეში დამარტყეს, პოლიციამ მე დამაკავა

„მარკეტში მე და ჩემს მეგობარს შეურაცხყოფა მოგვაყენეს, სახეში რაღაც დამარტყეს, პოლიციელმა კი, ჯერ მარკეტიდან გამოგვყარა, მერე მანქანის კარზე სახე დამარტყმევინა,“ – ამბობს ტრანსგენდერი გოგო ქეთი მახარაძე. მისი თქმით, კონფლიქტი მარკეტში გუშინწინ, ღამის ორ საათზე იმის გამო მოხდა, რომ ის და მისი მეგობარი ტრანსი ქალები არიან.

„დაბადების დღიდან მოვდიოდით მე და ჩემი დაქალი, ნასვამი ვიყავით… ინასარიძის ქუჩაზე „იალჩინ მარკეტში“ შევიარეთ რაღაც პროდუქტების საყიდლად და იქ ერთმა ბიჭმა დაგვიწყო ხმამაღლა საუბარი, „ესენი გადაცმული პიდარასტები“ არიან, როგორ ყველგან არიან უკვეო… საშინელებებს ამბობდა. ჩვენ რომ გამოვეპასუხეთ, მერე მარკეტის თანამშრომელი ქალებიც გამოესარჩლნენ იმ ბიჭს. ირაკლი ერქვა. როგორც გავიგე, მენეჯერი შემცვლელი იყო. ქალები გვეძახდნენ, უსქესოები ხართ თქვენ, ურჯულოებიო. ერთმანეთს მივაყენეთ მე და იმ ბიჭმა სიტყვიერი შეურაცხყოფა და მერე იმან რაღაც გამომიქნია, არ ვიცი რა იყო, სახეში მომხვდა და ნაკაწრი მაქვს, მე პოლიცია გამოვიძახე,“ – გვიყვება ქეთი.

მისი თქმით, პოლიციელმა კონფლიქტის მონაწილე კაცი გაიყვანა და პოლიციის მანქანაში ჩასვა, პოლიციის სხვა მანქანაში ჩასვეს ქეთიც.

„პოლიციელს სიტყვით არაფერი უთქვამს, მაგრამ დამოკიდებულებაში ეტყობოდა აგრესია. ისე მომკიდა ხელი, ვუთხარი, მეტკინა, მოტეხილი მაქვს-მეთქი… შეურაცხყოფა მივაყენე პოლიციელსაც, ვაღიარებ და სასამართლოშიც ვთქვი ეს. ბორკილების დადების დროს სახე მანქანის კარს მივარტყი, ისე ძლიერ შემომაბრუნა,“ – აღნიშნავს ქეთი. მისივე მონათხრობის მიხედვით, მან მარკეტთან დატოვა მეგობარი ქალი, რომელსაც კონფლიქტის დროს მარკეტში ნაყიდი პროდუქტი ტროტუარზე დაუცვივდა. ქეთის თქმით, მის მეგობარს ვინაობის გამხელა არ სურს.

ქეთი მახარაძე პოლიციელებმა ადმინისტრაციული წესით დააკავეს წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობის მუხლებით. მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ ქეთი მახარაძეს გუშინ, 11 ნოემბერს, ერთი დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. მას ადვოკატი არ ჰყავდა.

რით დასაჯეს კონფლიქტში მონაწილე მეორე მხარე?

ტრანსგენდერი ქალის თქმით, ბიჭს ორკვირიანი პატიმრობა შეუფარდა სასამართლომ, თუმცა ამას არ ადასტურებს არც სასამართლო და არც შინაგან საქმეთა სამინისტრო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, ქალი მარკეტიდან პოლიციას არ გამოუყვანია და იგი „იალჩინ მარკეტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს ადმინისტრაციული წესით. პოლიციას იქვე სხვა პირი არ დაუკავებია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერ არ მოუწოდებია ინფორმაცია, რა გამოარკვიეს სამართალდამცველებმა მარკეტში მომხდარ კონფლიქტზე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მენეჯერის თქმით, „იალჩინ მარკეტში“ მომხდარ ინციდენტზე მხოლოდ ერთი – ტრანსგენდერი გოგოს საქმე განიხილა მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ და მას ერთი დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.

„მე პოლიციელებმა მითხრეს, რომ იმას ორი კვირა მოუწევს პატიმრობაო… სასამართლო პროცესს როცა ველოდებოდით, ჩემ წინ მანქანაში იჯდა, მაშინ მითხრეს. სასამართლოზე მე ბოდიში მოვიხადე, რომ პოლიციელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მივაყენე. მოსამართლე ლმობიერი აღმოჩნდა და მხოლოდ ერთი დღით დამაპატიმრა. მერე აღარ ვიცი, ტელეფონიც ჩამომართვეს და მთელი ღამე ვეღარ დავიძინე იზოლატორში“, – გვითხრა ქეთი მახარაძემ.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა „იალჩინ მარკეტის“ ერთ-ერთ მენეჯერს, რომელმაც გვითხრა, რომ კომენტარს ვერ გააკეთებდა. მან ჩვენთან საუბრის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერსიისგან განსხვავებით, დაადასტურა ის, რომ კონფლიქტი მარკეტში მოხდა და ამის ამსახველი ვიდეო-სათვალთვალო ჩანაწერიც არსებობს. მარკეტის მენეჯერის თქმით, ბიჭი, რომელსაც ტრანსგენდერ გოგოებთან კონფლიქტი ჰქონდა, მარკეტში მუშაობას აგრძელებს.

მთავრობამ ივანიშვილის კომპანიას 414 207 ლარით ნაკლებად მიჰყიდა მიწა მწვანე კონცხზე – აუდიტი

მწვანე კონცხზე მდებარე მიწის ნაკვეთები კომპანია „ბიზნეს დეველოპმენტს“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, პირდაპირი მიყიდვით, საბაზრო ფასთან შედარებით გაცილებით იაფად მიჰყიდა, – აუდიტის ანგარიშის მიხედვით დაახლოებით 414 207 ლარით ნაკლებად.

ქონება 2017 წელს გასხვისდა და ფასიც სამხარაულის ექსპერტიზის მიერ იყო დადგენილი, თუმცა სახელმწიფო აუდიტი აცხადებს, რომ რვათვიან შუალედში ექსპერტიზამ მომიჯნავე მიწის ნაკვეთები სხვადასხვა ფასად შეაფასა – ერთ შემთხვევაში 1 კვ.მ – 109 ლარად, ხოლო მეორე შემთხვევაში – 40 ლარად. სწორედ 40 ლარად მიჰყიდეს „ბიზნეს დეველოპმენტს“ 1 კვ.მ მიწა აუქციონის გარეშე.

ბიძინა ივანიშვილის კომპანია „ბიზნეს დეველოპმენტი“ მწვანე კონცხზე ახალი საბაგირო გზის აშენებას გეგმავს. ეს კომპანია მწვანე კონცხზე [ყოფილი აგრარული უნივერსიტეტის ადგილზე] მრავალფუნქციურ ტურისტულ კომპლექსს – „მაგნოლიასაც“ აშენებს.

დასასვენებელ კომპლექს „მაგნოლიას“ [Magnolia – Resort & SPA] პროექტის ინიციატორი და ინვესტორიც ბიძინა ივანიშვილია. ამის შესახებ თავის დროზე ივანიშვილისვე დაფუძნებულ „თანაინვესტირების ფონდში“ განაცხადეს.

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ქ. ბათუმში, მაგნოლიის ქუჩაზე მდებარე 32,67 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართობი, მწვანე კონცხის დასახლებაში ხუთ საკადასტრო ერთეულზე მდებარე 7944 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მათზე დამაგრებული 424,3 კვ.მ ორი ერთეული შენობა-ნაგებობა, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, საწყისი საპრივატიზებო ღირებულების ტოლ თანხად – 686 382 ლარად გაიყიდა [მყიდველი – „ბიზნეს დეველოპმენტი“].

2017 წლის 3 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, მყიდველის ვალდებულებად განისაზღვრა კვების ობიექტების, ღია ტიპის საცურაო აუზისა და საზოგადოებრივი დანიშნულების საბაგირო სადგურის მშენებლობა.

„აღსანიშნავია, რომ საპრივატიზებო ღირებულების განსაზღვრის მიზნით, სამინისტროს დაკვეთით, დამოუკიდებელი აუდიტორების მიერ შეფასებულია ხუთივე საკადასტრო ერთეულზე რიცხული მიწის ნაკვეთი, რომელთაგან ერთ-ერთ საკადასტო რკოდზე მდებარე 6003 კვ.მ მიწის ნაკვეთი [გასხვისებული ნაკვეთებიდან უდიდესი], ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს 2017 წლის 29 სექტემბრის დასკვნით 240 120 ლარად, ანუ 1 კვ.მ მიწის ნაკვეთის ღირებულება 40 ლარად შეფასდა.

მოპოვებული აუდიტორული მტკიცებულების შესაბამისად ირკვევა, რომ მითითებული მისამართის მომიჯნავედ არსებული 11 898 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ერთეული ფართობის ღირებულება, იმავე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით [8 თვით ადრე], 2017 წლის 18 იანვარს 109 ლარად არის შეფასებული.

აღნიშნული შეუსაბამობის მიუხედავად, სამინისტროს არ მოუთხოვია ქონების შეფასების დოკუმენტის გადამოწმება. შედეგად, ავტონომიური რესპუბლიკის ქონების
პრივატიზება, საბაზრო ფასთან მიმართებით, სავარაუდოდ 414 207 ლარით ნაკლები თანხით განხორციელდა“, – აცხადებს აუდიტი.

აუდიტის ანგარიშში ნახსენები 109 ლარად [1 კვ.მ] შეფასებული მიწის ნაკვეთი, ყოფილი აგრარული უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსის მიმდებარედაა, ხოლო 40 ლარად შეფასებული – იქვე, უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის მიმდებარედ. ორივე ნაკვეთი დღეს „ბიზნეს დეველოპმენტის“ საკუთრებაშია, სასწავლო კორპუსი კი დანგრეულია.

ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის თანადაფინანსებით უნდა განახორციელოს „სილქ როუდ ჯგუფმა“ პროექტი – „რივიერა ბათუმი“, რომელიც ხელოვნური ყურის შექმნასაც მოიცავს იახტების მისაღებად. „სილქ როუდ ჯგუფის“ შვილობილ კომპანია „რივიერას“ კი 1 ლარად 20 წლით გადასცეს ბათუმის იახტკლუბის ნავსაყუდელი და მიმდებარე ნაკვეთები. აღნიშნული გარიგებით, „სახელმწიფო ორგანიზაციებმა საერთო ჯამში ქონების წლიური საიჯარო ქირის სახით 380 094 ლარი დაკარგეს“, – აცხადებს აუდიტი.

ამ თემაზე: მთავრობამ 7,6 მილიონის ქონება „რივიერას“ 1 ლარად გადასცა, რა იზარალა ბათუმმა – აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშთან დაკავშირებით, რომელშიც აჭარის ქონების იაფად გასხვისებაზეა საუბარი, 11 ნოემბერს კომენტარი გააკეთა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ.

ამ თემაზე: თორნიკე რიჟვაძის განმარტება აჭარის ქონების იაფად გაყიდვაზე

 

მთავარი ფოტო: მწვანე კონცხი, სადაც „ბიზნეს დეველოპმენტი“ „მაგნოლიას“ აშენებს / 2017 წელი / მანანა ქველიაშვილის ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ვაკანსიები კაზინოში “მონტე კარლო”

წარმოგიდგენთ „მონტე კარლოში“ მიმდინარე ვაკანტურ პოზიციებს გოგოებისთვის, რომლებზეც შეგიძლიათ დასაქმდეთ:

მიმტანი:

მოთხოვნები:

  • თურქული ენის ცოდნა ( დამატებით სასურველია ინგლისური ან რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა)
  • სლოტ კლუბში/კაზინოში მუშაობის გამოცდილება

სამუშაო განაკვეთი:

2 დღე დღის საათებში მუშაობა, 2 დღე ღამის, მომდევნო 2 დღე დასვენება. სამუშაო დღე 12 საათი.

ხელფასი: 550 ლარი.

+ბონუსი, ჩაი, კვება კომპანიის, ანაზღაურებადი შვებულება

ოპერატორი:

მოთხოვნები:

  • თურქული ენის ცოდნა ( დამატებით სასურველია ინგლისური ან რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა)
  • სლოტ კლუბში/კაზინოში მუშაობის გამოცდილება

2 დღე დღის საათებში მუშაობა, 2 დღე ღამის, მომდევნო 2 დღე დასვენება. სამუშაო დღე 12 საათი.

ხელფასი: 700 ლარი

+ბონუსი, ჩაი, კვება კომპანიის, ანაზღაურებადი შვებულება

ვაიზერი/ზედამხედველი

მოთხოვნები:

  • თურქული ენის ცოდნა ( დამატებით სასურველია ინგლისური ან რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა)
  • სლოტ კლუბში/კაზინოში მუშაობის გამოცდილება
  • სლოტკლუბის/კაზინოს სპეციფიკის ცოდნა
  • ორგანიზებულობა

ვაიზერის მოვალეობა იქნება სათამაშო დარბაზის მონიტორინგი, თანამშრომლების საჭიროებისამებრ მობილიზება და სტუმრებთან კონტაქტი.

ხელფასი: 1000 ლარი

+ბონუსი, ჩაი, კვება კომპანიის, ანაზღაურებადი შვებულება

ვაკანსიებით დაინტერესების შემთხვევაში დარეკეთ ნომერზე: 595 43 88 66

CV უნდა წარმოადგინოთ გორგილაძის 2 ნომერში, სადაც ჩატარდება ასევე გასაუბრება.

ჩვენს შესახებ:

სლოტკლუბი „მონტე კარლო“ მდებარეობს ბათუმში, ჭავჭავაძის 5 ნომერში [ბათუმი პლაზაში]. კომპანიის დამფუძნებლები პოლონეთის მოქალაქეები არიან, რომლებიც სხვადასხვა ტიპის ბიზნესს მართავენ საქართველოში. Monte Carlo წელიწადზე მეტია, რაც არსებობს და ამ დროისთვის 30-მდე ადამიანი ჰყავს დასაქმებული. სლოტკლუბი სისტემატურად მასპინძლობს სხვადასხვა ტიპის სათამაშო ტურნირებს და მომხმარებლისთვის აწყობს სხვადასხვა გასართობ შოუ-პროგრამას.

ასევე “მონტე კარლო” გთავაზობთ ჯეკპოტებს.

[checklist]

  • 11 000 ₾
  • 1041 ₾
  • 500 ₾
  • 100 ₾ 

[/checklist]

გვეწვიეთ „მონტე კარლოში“, დაიჭირეთ აპარატში სამი წითელი ფოთოლი და მოიგეთ 11 000 ლარი.

მოსალოდნელია თბილი, უნალექო დღეები – ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით,  დღეს, 12  ნოემბრის  21 საათიდან 13 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 17-22 გრადუსი
  • ღამით: 6-11 გრადუსი 

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 13-18 გრადუსი 
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი 

ზღვის წყლის ტემპერატურა 19.2 გრადუსია. ტალღის სიმაღლე უახლოეს დღეებში იქნება: 2-7 დმ  – 1-2 ბალი.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 14-15 ნოემბერს, მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

___________________________

ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

მერაბ ბლადაძემ პატრიოტთა ალიანსი დატოვა: „ხედვების შეუთავსებლობა გვაქვს“

უმაღლესი საბჭოს წევრმა მერაბ ბლადაძემ „პატრიოტთა ალიანსი“ დატოვა. ის უმაღლეს საბჭოში ამ პარტიის სიით შევიდა.

„ხედვების შეუთავსებლობა გვაქვს. არის რაღაც საკითხები, რასაც არ ვეთანხმები… საუბარი მქონდა პარტიის პოლიტსაბჭოსთან და მივიღე ეს გადაწყვეტილება“, – გვითხრა მერაბ ბლადაძემ.

დეპუტატის თქმით, უთანხმოება ძირითადად აჭარის რეგიონში საკადრო საკითხს ეხებოდა.

„მე პატივს ვცემ ნებისმიერი ასაკის ადამიანს, მაგრამ ახალგაზრდების უფრო მეტი მობილიზება არის საჭირო. ახალგაზრდები არ მოდიოდნენ ჩვენს ორგანიზაციაში. ჩემი წინადადება იყო, ჩამოყალიბებულიყო უხუცესთა საბჭო, რომელიც კონსულტაციებს მოგვაწვდიდა და ახალგაზრდები გააქტიურდებოდნენ,“ – ამბობს მერაბ ბლადაძე.

დარჩა თუ არა მერაბ ბლადაძე „პატრიოტთა ალიანსის“ პოლიტიკური შეხედულებების ერთგული?

„მე მაქვს ჩემი ხედვები და პოზიცია. ვფიქრობ ასევე, რომ რუსეთი ოკუპანტია, ჩვენი მტერია, მაგრამ საჭიროა დიალოგი,“ – აღნიშნა მერაბ ბლადაძემ. მისი თქმით, უთანხმოება რუსეთთან დამოკიდებულებაზე პარტიის ლიდერებთან არ ჰქონია.

მერაბ ბლადაძე დამოუკიდებელი დეპუტატი იქნება უფლებამოსილების ამოწურვამდე.

____

მერაბ ბლადაძე უმაღლესი საბჭოს დეპუტატი მას შემდეგ გახდა, რაც ზაზა ოქუაშვილმა მანდატზე უარი თქვა. ზაზა ოქუაშვილი ამ პარტიის საარჩევნო სიის მეორე ნომერი იყო და უმაღლეს საბჭოში პირველი ნომრის – დავით თარხან-მოურავის ნაცვლად შევიდა. შესაბამისად, 2019 წლის 11 თებერვლიდან დღემდე მერაბ ბლადაძე უმაღლეს საბჭოში „პატრიოტთა ალიანსს“ წარმოადგენდა.

 

 

 

მშობლების მიერ მოყოლილი 10 ამბავი სკოლებიდან – ანგარიში

ეს ისტორიები შეკრებილია ცხელ ხაზზე შემოსული ზარების მიხედვით, რომელიც 2018 წლის ნოემბრიდან ამოქმედდა არასამთავრობო ორგანიზაციაში „მშობლები განათლებისთვის“. როგორც ორგანიზაციის ანგარიშშია აღნიშნული, ცენტრის მიზანია, დაეხმაროს მშობლებს ბავშვის ინტერესების დაცვაში და გაუადვილოს სკოლასთან ეფექტური კომუნიკაცია. ასევე, მოხდეს იმ პრობლემების განსაზღვრა, რაც მოსწავლეებსა და მათ მშობლებს ექმნებათ სკოლებში.

ზარების მიხედვით, საჯარო თუ კერძო სკოლებში გამოიკვეთა ბავშვის ჩაგვრის, ბულინგის, მოსწავლის უფლებების ხელყოფის, სხვადასხვა ფორმით დისკრიმინაციის ფაქტი, მათ შორის პედაგოგების მხრიდან. ასევე, არაპროფესიონალიზმისა და გულგრილობის შემთხვევები, როგორც სკოლის ადმინისტრაციის, ასევე სამინისტროს მხრიდანაც. გთავაზობთ ზარების შედეგად შეგროვებულ ისტორიებს, მცირე შემოკლებით.

ამბავი პირველი – „სხვაგან შეიკარი ეგ შენი ძუნძგლიანი თმა“

მასწავლებელი მოსწავლეებზე რეგულარულად ძალადობს. ზარის ავტორია მე-7 და მე-10-კლასელი მოსწავლეების მშობელი. ბიოლოგიის მასწავლებელი ბავშვებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს. უხეშია, არ აქვს მოსწავლეებთან გამონახული საერთო ენა და გაკვეთილების განმავლობაში ხშირად იყენებს სიძულვილის ენას. ბავშვები არ სწავლობენ  მის საგანს. მაგალითისთვის, მშობელი იხსენებს, რომ მასწავლებელმა 13 წლის გოგონას შემდეგი სიტყვებით მიმართა: „სხვაგან შეიკარი ეგ შენი ძუნძგლიანი თმა“.

იგივე მასწავლებელი ზარის ავტორის მეორე შვილს, მეათეკლასელ ბიჭსაც ასწავლის და ხშირად უშვებს მას გაკვეთილიდან. მშობლის თქმით, ამის შესახებ საქმის კურსში არ არიან მანდატურები, ადმინისტრაცია და დამრიგებელი. გარდა ამისა, მასწავლებელი შემაჯამებელ სამუშაოზე წინასწარ აკეთებს შეფასებას. კერძოდ, მოსწავლეებს მერხზე სუფთა ფურცელს უდებს, რომელზეც განმსაზღვრელი შეფასება/ქულა წინასწარ წერია.

ბავშვები მშობლებთან ამ ინფორმაციას ადასტურებენ, თუმცა ხმამაღლა თქმის ეშინიათ. საქმეს ართულებს ისიც, რომ დირექცია არ რეაგირებს აღნიშნულ ფაქტებზე. მშობელი განმარტავს, რომ დირექტორის იმედი რომ ჰქონდეთ, მოსწავლეებს გაუადვილდებოდათ სიმართლის თქმა. ამბავი ხდება თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში.

 ამბავი მეორე – „ამ ბავშვის ნერვები არ მაქვს“

ამბავი ამჯერადაც თბილისში ხდება. ზარის ავტორია მე-9-კლასელის მშობელი. „მე-9 კლასის მოსწავლე მათემატიკის მასწავლებელმა კლასიდან გააძევა იმის გამო, რომ ის იცინოდა გაკვეთილზე. მესამე დღეა იძახის, რომ ამ ბავშვის ნერვები არ აქვს და მოსწავლეს გაკვეთილზე არ უშვებს.

მშობელს ურეკავს დამრიგებელი, არ უხსნის საქმის ვითარებას დეტალურად და სასწრაფოდ იბარებს დირექტორთან. მშობლები მიდიან სკოლაში. კაბინეტში ხვდებათ დამრიგებელი და დირექტორი, რომელიც ითხოვს ბავშვის სხვა სკოლაში გადაყვანას, წინააღმდეგ შემთხვევაში იმუქრება გარიცხვით“.

 ამბავი მესამე – „ცუდ ოჯახში აღზრდილი გოგონა, თავადაც გზას აცდენილი გაიზრდება“

ამბავი ხდება თბილისის საჯარო სკოლაში, ზარის ავტორია მე-3-კლასელის ბებია. „ბებიის მონათხრობის მიხედვით, მისი მესამეკლასელი შვილთაშვილი გოგონა მუდმივად განიცდიდა ჩაგვრას მასწავლებლის, კლასელებისა და მათი მშობლების მხრიდან. ჩაგვრის საფუძველი გახდა ის ფაქტი, რომ მშობლებისგან მიტოვებულ გოგონას ბებიას კონფლიქტი მოუვიდა ერთ-ერთ მშობელთან.

ბებიის ცნობით, გოგონას თანაკლასელების მშობლები და მასწავლებლები მშობელთა კრებაზე საჯაროდ, ხოლო ზურგს უკან – ოჯახებში, შვილების გასაგონად განიხილავენ მის მდგომარეობას. ზოგიერთი მათგანი ამბობს, რომ ცუდ ოჯახში აღზრდილი გოგონა თავადაც გზას აცდენილი გაიზრდება. მშობლების დამოკიდებულება მოქმედებს ბავშვებზე და გოგონას მუდმივ რეჟიმში უხდება თავის დაცვა როგორც თანაკლასელებისგან, ისე მათი უფროსი და-ძმებისგან, მშობლებისგან და მასწავლებლისგანაც კი“.

ამბავი მეოთხე – მასწავლებელი იძულების გზით ბავშვს თავისი ხელით აწერინებს „ორიანს“

თბილისის საჯარო სკოლა. ზარის ავტორია მე-8-კლასელის ბებია.

„ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი არაგონივრული ზომის საშინაო დავალებას ატანს ბავშვებს. მაგალითად, 25 ზმნა გასარჩევად, პლუს ლიტერატურის შინაარსი და ანალიზი.

საშუალოდ 8-9-საათიანი სამუშაო მოაქვს ბავშვს, ბავშვი თავს ვერ ართმევს, ამდენი სამეცადინო იწვევს აგრესიას, ეძინება რვეულზე. სხვა საგნების მეცადინეობას ვეღარ ახერხებს. გამოიკვეთა ერთი რამ, თუ გამოძახებული ბავშვი თავს ვერ გაართმევს დაფასთან დავალებას, მთელი კლასი ისჯება.

მასწავლებელი იძულების გზით ბავშვს თავისი ხელით აწერინებს „ორიანს“ და განმარტებას, „იმის გამო, რომ დავალება სრულად არ მქონდა“. თუ მიხვალ და რაიმეს იტყვი, კივიან, წივიან, ისე წამოხვალ სკოლიდან, შეურაცხყოფილი“.

 ამბავი მეხუთე – „დავალებას თავს ართმევენ მხოლოდ ის ბავშვები, რომლებიც მასწავლებელთან ემზადებიან“

ფოთის საჯარო სკოლა. ზარის ავტორია მშობელი.

მშობლის ინფორმაციით, მათემატიკის მასწავლებელს შემაჯამებელ სამუშაოზე შეაქვს ისეთი საკითხები, რაც მოსწავლეებს საგაკვეთილო საათების ფარგლებში არ უსწავლიათ. „წერას თავს ართმევენ მხოლოდ ის ბავშვები, ვინც მასწავლებელთან ემზადებიან. სიტუაცია ფასდება ისე, რომ მას აქვს შერჩევითი პოლიტიკა და სწყალობს მხოლოდ იმ ბავშვებს, რომლებიც მასთან კერძოდ ემზადებიან. მშობელი ამბობს: „სახლში აქვს მოწყობილი ფართი საკლასო ოთახად და 15-მდე ბავშვს ერთად უტარებს კერძო გაკვეთილებს, რისთვისაც მშობლებისგან იღებს გასამრჯელოს“.

მშობელმა საქმის კურსში ჩააყენა სკოლის ადმინისტრაცია, თუმცა სკოლამ მოსწავლეების ინტერესების დასაცავად ქმედითი ნაბიჯები არ გადადგა.

 ამბავი მეექვსე – „ვინც მასთან ემზადება, მასწავლებელი წინასწარ ეუბნება, რა უნდა წერონ საკონტროლოში“

თბილისის საჯარო სკოლა. ზარის ავტორია საბაზო საფეხურის მოსწავლეების მშობელი. სკოლაში არიან მასწავლებლები, რომლებიც გაკვეთილების შემდეგ ტოვებენ ბავშვებს და ამეცადინებენ დამატებით, რაც არის ფასიანი მომსახურება. ვინც ემზადება მათთან, კარგ ნიშნებს იღებენ და მაღალი აკადემიური მოსწრება აქვთ. ვისაც ამის შესაძლებლობა არ აქვს, იჩაგრებიან.

მშობელი ამბობს: „ვინც მასთან ემზადება, მას მასწავლებელი წინასწარ ეუბნება, რა უნდა წერონ საკონტროლოში და ა.შ. შემდეგ ის ბავშვები მაღალ ქულებს იღებენ და ეს კლასში დაპირისპირების საგანია. იყო შემთხვევა, რომ ერთ-ერთმა დედამ ვეღარ შეძლო გადასახადის გადახდა, გამოიყვანა ბავშვი და მასწავლებელი ისევე გადაეკიდა მას, როგორც მანამდე ეპყრობოდა, ვიდრე მომზადებას დაიწყებდა“. მშობელი ამბობს, რომ ერიდება ღიად დაპირისპირებას, რადგან შიშობს, რომ მისი შვილები უფროსების მხრიდან ძალადობის მსხვერპლნი გახდებიან, მას კი, როგორც დედას, არც ფინანსური და არც ფიზიკური შესაძლებლობები არ აქვს, დაიცვას შვილები.

ამბავი მეშვიდე – „მშობელმა მოითხოვა, მისი შვილის პრობლემები არ განეხილა საჯაროდ მშობელთა კრებებზე“

თბილისის კერძო სკოლა. ზარის ავტორია საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეების მშობელი.

„9 წელია, რაც აღნიშნულ სკოლასთან ურთიერთობს, დაჰყავს 2 ბავშვი. უფროსი მე-12 კლასშია, უმცროსი კი  – მე-9 კლასში. ბავშვებს აქვთ მაღალი აკადემიური მოსწრება.

„პრობლემები გაჩნდა უმცროს შვილთან. მასწავლებელი არ მიმართავს ბავშვთან ურთიერთობის კონსტრუქციულ გზებს, აქვთ მუდმივი კონფლიქტი. მშობელმა შვილთან აღმზრდელობითი საუბრების შემდეგ მასწავლებელსაც სთხოვა, ბავშვთან უფრო რბილი მიდგომით მოეხერხებინა პრობლემის მოგვარება, ასევე მოითხოვა, რომ მისი შვილის პრობლემები არ განეხილა საჯაროდ მშობელთა კრებებზე. მშობლის ამ მოთხოვნამ გააღიზიანა მასწავლებელი და დირექცია, რასაც მოჰყვა სკოლის მხრიდან მშობლების არაერთჯერადი შეურაცხყოფა. საბოლოოდ სიტუაცია ისე გამწვავდა, რომ მშობელს მოსთხოვეს ორივე შვილი გაეყვანა სკოლიდან, პირადი განცხადების საფუძველზე. კონფლიქტს ემსხვერპლია უფროსი შვილიც. უსამართლობას ბავშვები და მათი მშობლები მძიმედ განიცდიან“.

 ამბავი მერვე – „სკოლა უარს აცხადებდა დიაბეტით დაავადებული ბავშვის მიღებაზე“

თბილისში კერძო სკოლა უარს აცხადებდა დიაბეტით დაავადებული ბავშვის მიღებაზე. ზარის ავტორია სასკოლო ასაკის ბავშვის მშობელი.

„მას შემდეგ, რაც მშობელმა გააპროტესტა მათი უარი, სკოლამ მიიწვია ის ამ თემასთან დაკავშირებით სასაუბროდ. საუბრის დროს მშობელმა აღნიშნა, რომ მისი უფროსი შვილი ამ სკოლაში დადიოდა და ამიტომ იყო მნიშვნელოვანი, უმცროსი შვილის იქ ტარებაც. მშობელმა დახმარება აღუთქვა სკოლას, კერძოდ სკოლაში დასაქმებული ექთნის კვალიფიკაციის ამაღლებაში დახმარებით. მიუხედავად ამისა, დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რომ ბავშვი სკოლაში მიეღოთ“.

 ამბავი მეცხრე – „სკოლაში მასწავლებელი ბავშვს არაჰუმანურად ექცევა“

არატიპური განვითარების ბავშვის ყოფა სკოლაშითბილისის საჯარო სკოლა. ზარის ავტორია მეოთხე კლასელი მოსწავლის დედა.

„ბიჭს აქვს ყურადღების დეფიციტი. ჰიპერაქტიურია. დადგენილი აქვს განვითარების შეფერხების საშუალო ხარისხი. მშობელს დაჰყავს რეაბილიტაციის ცენტრში თერაპიაზე. როგორც ამბობს, კარგი შედეგები აქვს. ფსიქოლოგი ჰპირდება, რომ წლის ბოლომდე განვითარებით დაეწევა ტიპურ ბავშვებს. თუმცა, სკოლაში მასწავლებელი ბავშვს არაჰუმანურად ექცევა. აყენებს კუთხეში, სჯის მკაცრად. მშობლის საჩივარზე პასუხად, სკოლა მას სპეცმასწავლებელს სთავაზობს. სტერეოტიპების შიშით მშობელს სპეცმასწავლებელი არ სურს. ამბობს, რომ მასწავლებელმა დახმარების უბრალოდ კეთილი ნება რომ გამოხატოს, ადვილად მიაღწევენ შედეგს, რადგან ბავშვი თერაპიაზე დაჰყავს და მის შვილს სკოლაში ინდივიდუალური პროგრამა არ სჭირდება“.

ამბავი მეათე – „მე-5 კლასის მოსწავლეები სხედან სკოლის გადატიხრულ დერეფანში“

ინფრასტრუქტურული პრობლემები სკოლაში და კომუნიკაციის სირთულეები მშობელსა და დირექტორს შორისთბილისის საჯარო სკოლა. ზარის ავტორია მეხუთეკლასელი მოსწავლის დედა.

„მე-5 კლასის მოსწავლეები სხედან სკოლის მე-4 სართულის გადატიხრულ დერეფანში, სადაც არ არის დაცული უსაფრთხოების ზომები. მშობელმა მიმართა დირექტორს კითხვით, როდემდე აპირებდა ბავშვების ასეთ საკლასო ოთახში გაჩერებას, რაზეც მიიღო ხისტი პასუხი, რომ 7 წელი არ აპირებდა ბავშვებისთვის ოთახის შეცვლას. გარდა ამისა, დირექტორის პოლიტიკის გამო (ფულის აგროვება რემონტისთვის) და სხვა დარღვევებზე მშობლის პროტესტის გამო მშობელსა და დირექტორს შორის წარმოიშვა კონფლიქტი. მშობელმა მიმართა განათლების სამინისტროს ცხელ ხაზზე, თუმცა ამას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია“.

 

მშობელთა ზარები ასევე შეეხებოდა სკოლებში არაჰიგიენურ მდგომარეობას, სველი წერტილების მოუწესრიგებლობას, სკოლების არაადაპტირებას სსმ ბავშვების შემთხვევაში, არასწორ კომუნიკაციას მშობელსა და მასწავლებელს, ასევე მასწავლებელსა და ბავშვს შორის. ისტორიები შეგროვებულია 2018-2019 წლებში.

_____________________________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

დააკავეს დედა, რომელიც 13 და 12 წლის შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში არასრულწლოვანთა შრომითი ექსპლუატაციის ფაქტი გამოავლინეს.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში დაკავებულია 1984 წელს დაბადებული ი.უ.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ქალი არასრულწლოვან შვილებს – 2006 წელს დაბადებულ მ.უ.-ს და 2007 წელს დაბადებულ ნ.უ.-ს უკანონო შრომით ექსპლუატაციას უწევდა.

კერძოდ, ი.უ. მათ, ფსიქოლოგიური ზეწოლის გზით, პეკინის გამზირზე მოწყალების შეგროვებას აიძულებდა. იმ შემთხვევაში, თუ მოზარდები საკმარის თანხას არ შეაგროვებდნენ, დედა შვილებს ფიზიკური ანგარიშსწორებით და სექსუალური ძალადობით ემუქრებოდა.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერა, ასევე, ფოტო გადაღება და ფარული სატელეფონო მიყურადება, რითაც ბრალდებულის მიერ არასრულწლოვანი შვილების სისტემატური შრომითი ექსპლუატაცია დადასტურდა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 143-ე პრიმა-2 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნით ვაჭრობას (ტრეფიკინგს) გულისხმობს. დანაშაული 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

_____________

ფოტოზე: კადრი შს სამინისტროს მიერ გავრცელებული ვიდეომასალიდან.

პირმა საბაჟოზე 66 488 ლარის ენერგეტიკული სასმელი უკანონოდ შემოიტანა – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს  საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე ერთი პირი ამხილეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული, სამეწარმეო საქმიანობისთვის დადგენილი შესაბამისი გადასახადებისთვის თავის არიდების მიზნით, ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას სახელმწიფო რეგისტრაციის გარეშე.

სამინისტროს ინფორმაციით, 2018-2019 წლის განვლილ პერიოდში ბრალდებულმა თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში შემოიტანა ჯამში – 66 488 ლარის ღირებულების პროდუქცია – ენერგეტიკული სასმელი და მოახდინა მისი რეალიზაცია აჭარის რეგიონში მდებარე სავაჭრო ობიექტებში, რითაც მიიღო დიდი ოდენობით უკანონო შემოსავალი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით.

13 დაშავებული – ავტობუსში ისხდნენ ის ადამიანები, ვინც ბათუმიდან ქედაში დადის სამუშაოდ

ქედის მერის ლევან გორგილაძის ინფორმაციით, ავტოავარიის შედეგად დაშავებული 13 ადამიანია გადაყვანილი ქედის საავადმყოფოში, მათი მდგომარეობა მძიმე არ არის, თუმცა ორს მაინც სჭირდება ბათუმში გადაყვანა დამატებითი კვლევებისთვის.

მერის ინფორმაციით, ავტობუსი, რომელიც დღეს გზაზე გადაბრუნდა,  ბათუმიდან ქედაში დასაქმებულებს ემსახურება. ავტოავარიის მიზეზი ჯერ  დადგენილი არ არის. მერის თქმით, ავტობუსში 20 მგზავრი იმყოფებოდა.

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

დაშავდა 10 ადამიანი – ავარია ქედაში

დაშავდა 10 ადამიანი – ავარია ქედაში

ქედაში ავტობუსი გადაბრუნდა, დაშავდა ათი ადამიანი. რამდენად რთული დაზიანებები მიიღეს დაშავებულებმა, ამის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გვაქვს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 -ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

დაშავებულების მოსანახულებლად ქედის საავადმყოფოში ამ წუთებში [10:05] იმყოფება მერი ლევან გორგილაძე. დაშავებულების მდგომარეობის შესახებ ის ინფორმაციის მოწოდებას დაგვპირდა, რასაც მოგვიანებით მოგაწვდით.

ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე და აჭარის სოფლებში ხვალ დენი გაითიშება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცნობით, ხვალ, 12 ნოემბერს, ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე და აჭარის მუნიციპალიტეტების სოფლებში ელექტროენერგია რამდენიმე საათით გაითიშება.

კერძოდ, ბათუმში დენი 11-დან 17 საათამდე გაითიშება შემდეგ ქუჩებზე:

[crosslist]

  • პუშკინის ქუჩაზე
  • სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე
  • გრიბოედოვის ქუჩაზე
  • ოძელაშვილისა და მის მიმდებარე ქუჩებზე [რამდენიმე კვეთაში][/crosslist]

ასევე, 10-დან 13 საათამდე ელექტროენერგია გაეთიშება დაბა ხელვაჩაურის ნაწილს;

დაბა შუახევში 11-დან 18 საათამდე დენის მიწოდება შეუწყდება თამარ მეფის ქუჩას და ასევე, სოფლებს: ოლადაურს, მაწყვალთასა და კარაპეტს.

ხულოში ელექტროენერგიის მიწოდება 11-დან 20 საათამდე მონაცვლეობით შეუწყდება შემდეგ სოფლებს:

[crosslist]

  • რიყეთს
  • ოქრუაშვილებს
  • უჩხოს
  • გორგაძეებს
  • ხიხაძირს
  • თხილვანას
  • დანისპარაულს
  • კვატიასა და მიმდებარე სოფლებს.

[/crosslist]

„მინის სამხეცე“ – ტენესი უილიამსის ცნობილი პიესა ბათუმის დრამატულ თეატრში

ბათუმის დრამატულ თეატრში 19-20 ნოემბერს, 19 საათზე, პოლონელი რეჟისორის, იან ნოვარას სპექტაკლი,  „მინის სამხეცე“ გაიმართება.

სპექტაკლში ქართველი მსახიობები თამაშობენ, ამანდას როლს ლია აბულაძე ასრულებს,  ტომის – ლაშა კონცელიძე, ლაურას – ანანო იაშვილი, ჯიმის როლს კი – მამუკა მანჯგალაძე.

სპექტაკლის მხატვარია მაგდალენა გაევსკა (პოლონეთი),  მუსიკალური გაფორმება – პაველ ნაფუსი (პოლონეთი), ქორეოგრაფი – ტომეკ დაევსკი (პოლონეთი); მულტიმედია – მარჩინ პაველჩაკი (პოლონეთი), რეჟისორის თანაშემწე – ნატო ღლონტი.

„მინის სამხეცე“ ცნობილი ამერიკელი დრამატურგის, ტენესი უილიამსის პიესაა.  „მინის სამხეცემ“ [ასევე ითარგმნება – „შუშის სამხეცე“] მას დიდი აღიარება მოუტანა. პიესა პირველად ჩიკაგოში დაიდგა 1944 წელს, ერთი წლის შემდეგ კი ტენესი უილიამსს პიესისთვის ნიუ იორკის დრამატული წრის კრიტიკოსების პრემია გადასცეს. პიესას დღესაც წარმატებით დგამენ სხვადასხვა ცნობილ სცენაზე. არსებობს ამავე პიესის რამდენიმე ეკრანიზაციაც.

სპექტაკლზე დასასწრები ბილეთის ფასი 15 ლარია.

კაცების ხელში აღარ იქნება ყველაფერი – ქალები აჭარის მთიდან

„მეზობლები მეუბნებოდნენ, ტყუილად წვალობ და დადიხარ მაგ ცენტრებში, მაინც კაცების ხელში იქნება ყველაფერიო,“ – ამას ხულოში, სოფელ განახლებაში მცხოვრები თამილა შანთაძე ამბობს. იგი ერთ-ერთია იმ ქალებს შორის, ვინც ასე გადაწყვიტა: „სახლში აღარ უნდა იჯდეს“. თამილა იმ პროექტში ჩაერთო, რომლის მიზანიც სოფლად მცხოვრები ქალების გააქტიურება და ეკონომიკური გაძლიერებაა. თამილა შანთაძე ახლა პროფესიული გადამზადების კურსს გადის და ისევ ხულოში სამოქალაქო განათლების მასწავლებლობას აპირებს.

ახლა მუნიციპალიტეტის ცენტრში სიარულის სურვილი თამილას მეზობლებმაც გამოთქვეს და სხვებმაც, რომლებიც აქამდე მხოლოდ ოჯახური საქმეებით იყვნენ დაკავებული. „ცენტრად“ ქალები რესურსცენტრის იმ შენობას მოიხსენებენ, სადაც ორგანიზაცია „საორსა“ პროექტს ახორციელებს – „სოფლად მცხოვრები ქალების ხმა“.

ამ პროექტის ფარგლებში ხულოს, შუახების და ქედის მუნიციპალიტეტიდან 10-10 ქალს სხვადასხვა თემაზე უტარდებათ ტრენინგი და ეს რამდენიმე დღეს გრძელდება. მთავარი აქცენტი უფლებების დაცვა და სამოქალაქო ცნობიერებაა, იმის გააზრება, თუ რა შეუძლიათ ქალებს, რომლებმაც უმაღლესი განათლება მიიღეს, ან ვერ მიიღეს, მაგრამ ახლა სურთ დასაქმება და სამოქალაქო აქტიურობა. ამ პროექტის ფინანსური მხარდამჭერი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოა საქართველოში, პარტნიორი – ბათუმის ამერიკული კუთხე.

თამილა შანთაძე: კომისიის წევრმა მითხრა, შეძლებ მერე შენ მაგასო? 

„შეგუებული ვიყავი მეც. მეც შევეჩვიე იმას, რომ ქალი სადღაც უკანა პლანზე უნდა იყოს,“ – გვიყვება თამილა შანთაძე, რომელსაც ვკითხეთ, როდის გაუჩნდა საზოგადოებრივი აქტიურობის სურვილი და როგორი იყო ამაზე საზოგადოების რეაქცია, – „თქვენ გგონიათ, რამე განსაკუთრებული ცენზურაა, არ წახვიდე სადმეო? – არა. ქალებს თვითონ აღარ სურთ არაფრის კეთება, ოჯახის ზრუნვის და შვილების გარდა.

მე ხიჭაურის უნივერსიტეტში დავამთავრე საჯარო მმართველობა. ცოტა ხანი საბავშვო ბიბლიოთეკაში ვიმუშავე. სხვადასხვა კონკურსში მივიღე მონაწილეობა, მაგრამ არაფერი. ერთხელ სოფლის რწმუნებულობის კონკურსი გამოაცხადეს, გადავედი გასაუბრების ეტაპზე და კომისიის წევრმა მკითხა: შეძლებ მერე შენ მაგასო?  არაფერი ვუპასუხე. მაშინ მივხვდი, რომ გავბრაზდი.

კომისიას პირდაპირ რამე არ უთქვამს, ამდენი იციან უკვე, ლოზუნგებია ყველგან, მაგრამ საბოლოოდ მაინც კაცი აიყვანეს.

თამილა შანთაძე

დედაჩემისთვის უნდა დამეჯერებინა. ამბობდა, ადრე ნუ გათხოვდებიო. მე მაინც გავთხოვდი. 25 წლის ვიყავი, არაა ეს ნაადრევი, მაგრამ ჯერ უნდა ისწავლო, დასაქმდე, დამოუკიდებელი გახდე და მერეა ყველაფერი კარგი. ჩემი ქმარი გვერდით მიდგას, თორემ ისე ვერ ვიზამდი ვერაფერს. ახლაც ბავშვს თვითონ იტოვებს, როცა მე გადამზადების ცენტრში მივდივარ. კარგია. მასწავლებელი ვიქნები. მასაც მოსწონს.

მთაშიც უჩნდებათ ქალებს პროტესტი. ისინი ყველაფერს გააკეთებენ, მაგრამ ბავშვების გამო იხევენ უკან. მე გამიმართლა, მაგრამ სხვებმა რა ქნან? ისინი ითმენენ და ჩერდებიან.

პირველი ნაბიჯის გადადგმაა რთული – მახსოვს, წლების წინ სოფლის კრებაზე მომინდა წასვლა. მეუხერხულებოდა, მარტო ვიქნები ამდენ კაცში-მეთქი, გზაში ვფიქრობდი, მაგრამ მაინც მივედი. ერთი კაცი ამბობდა, ქალები არ გამოდიან თვითონ გარეთ და ჩვენი რა ბრალიაო. ვკითხე, შენი ცოლი რატომ არ გამოგყავს კრებებზე-მეთქი?

ცენტრში ბევრი რამ გვასწავლეს: ქალთა უფლებები, დემოკრატია, პროექტები როგორ უნდა დავწეროთ, გრანტებიც ყოფილა სოფლად მცხოვრებ ქალებზე, გასაუბრებაზე რა უნდა ვთქვათ და ბევრი რამე. კურსების გავლის შემდეგ ჩვენ თვითონ უნდა ჩაგვეტარებინა ერთი შეხვედრა სხვებისთვის. მე ღორჯომში წავედი და იქ ნაადრევ ქორწინებაზე ვისაუბრე. იქ რა ვთქვი? – იქაც იგივე, რომ პირველი ნაბიჯის გადადგმაა რთული.

შორენა ბოლქვაძე: სასტუმროს მენეჯმენტს ვსწავლობ… სახლში აღარ დავჯდები

„მთავარი, რაც ამ ცენტრისგან მივიღე, თავდაჯერებულობაა. ახლა სულ სხვანაირი ვარ,“ – ასე დაიწყო საუბარი შუახევში, ჭვანას ხეობაში, ხაბელაშვილებში მცხოვრებმა შორენა ბოლქვაძემ. ისიც პროექტის „სოფლად მცხოვრები ქალების ხმა“ მონაწილეა. შორენამ ამ პროექტის გავლის შემდეგ პროფესიული განათლების მიღება გადაწყვიტა – სასტუმროს მენეჯმენტს სწავლობს.

ბავშვობაში პოლიციელობა მინდოდა, მაგრამ არ გამოვიდა, ხომ გესმით, ოჯახის გამო. ახლა უკვე ჩემი შვილები დიდები არიან: ერთი 15 წლისაა, მეორე – 12-ის. 19 წლის ვიყავი, როცა ოჯახი შევქმენით… უმაღლესი განათლება არ მაქვს, კულტურის ცენტრში ვმუშაობდი, მაგრამ მერე ძალიან დაბალი გამოდიოდა ხელფასი და წამოვედი, აღარ ღირდა.

„საორსამ“ სიცოცხლის სურვილი დამიბრუნა, მართლა ასეა. ბევრი სტერეოტიპი დავამსხვრიე, მათ შორის, ჩემში, გამოვედი მდგომარეობიდან…  მანამდე სულ სახლში ვიყავი. დარწმუნებული ვიყავი იმაში, რომ არაფერი შეიცვლებოდა. როცა დიასახლისი ხდები, ბავშვები გყავს, ფიქრობ, რომ სულ ესაა შენი ცხოვრება და დამთავრდა.

თავიდან იყო ლაპარაკი, სად დადის ეს ქალიო. ახლა აღარ მაინტერესებს სხვების აზრი: სადმე ფორუმია, თუ ტრენინგი, ყველგან დავდივარ. ძალიან საინტერესო თემებია, მომწონს“.

შორენა ბოლქვაძე 

დარო ბოლქვაძე: ვეღარ გავჩერდები

ხულოში, სოფელ დეკანაშვილებში მცხოვრები დარო ბოლქვაძე ახლა აპირებს მონაწილეობა მიიღოს პროექტში – „სოფლად მცხოვრები ქალების ხმა“. იგი 44 წლისაა და იმის მიუხედავად, რომ პროფესიით დაწყებითი განათლების პედაგოგია, ბოლო რამდენიმე წელი არსად უმუშავია. დარო ბოლქვაძისთვის ყველაზე მტკივნეული – ოჯახში ძალადობაა, რომლის მსხვერპლიც თვითონ გახდა. ის ამბობს, რომ მთაში ამ თემას ჯერ კიდევ ტაბუ ადევს.

„ამაზე საუბარი არავის უნდა, ყველა ეგუება, ეჩვევა… ძალადობა ყველა ფეხის ნაბიჯზეა, ვერც კი ჩამოთვლი იმდენია, მაგრამ აქ ქალებს არ აქვთ მოლოდინი, რომ რამე შეიცვლება.

მეც რამდენჯერმე გავხდი ძალადობის მსხვერპლი: ფსიქოლოგიურიც იყო, ფიზიკურიც, მატერიალურიც… დეტალებზე საუბარი აღარ მინდა. ერთი მინდა, რომ დაწეროთ – პოლიციის შემაკავებელი ორდერი ვერაფერს ცვლის. გავიდა დრო და ამაზე ლაპარაკი აღარ მინდა.

დარო ბოლქვაძე

ჩემი შვილი უკვე 23 წლისაა. ახლა ჩემს 4 ობოლ ძმისშვილს ვზრდი და ბედნიერი ვარ. როცა გავიგე ქალები სადღაც დადიანო, მეც მომინდა ძალიან. მერე ინტერნეტში განაცხადი შევავსე და გავაგზავნე სამოტივაციო.

მე ვფიქრობ, რომ განათლებიდან იწყება ყველაფერი. განათლება შეცვლის მერე მენტალიტეტს. ამის გამოა, რომ ქალები ხმას არ იღებენ და ჩუმდებიან, მაგრამ ახლა რომ ვაკვირდები, ამ ცენტრშიც სიარული ბევრს უნდა. მეც ვეღარ გავჩერდები“, -ასრულებს დარო ბოლქვაძე.

გვინდა ქალების ერთიანი სივრცე შევქმნათ, მთავარია სოლიდარობა 

„თავდაპირველად ყველას უჭირდა საუბარი. თითქოს რაღაცას ერიდებოდნენ, გაურბოდნენ ერთმანეთს, ყველა ერთმანეთს იცნობდა,“ – ასე იხსენებს შეხვედრის პირველ დღეებს ლია ფუტკარაძე, ორგანიზაცია „საორსას“ ხელმძღვანელი. იგი გვიყვება, რომ ქალებმა ხულოდან, შუახევიდან და ქედიდან მალე დაძლიეს შინაგანი ბარიერი და რეალურ პრობლემებსაც მოუყვნენ. ლია ამბობს, რომ ამჯერად ტრენინგების რაოდენობა 10-დან 16 დღემდე გაიზარდა. მოთხოვნის შესაბამისად გაიზარდა მონაწილეების ასაკიც: 35 წლიდან 45 წლამდე.

ლია ფუტკარაძე

„პროექტი მოიცავს სხვადასხვა აქტივობას: სამოქალაქო ჩართულობის ფორმალური და არაფორმალური მექანიზმები, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, დასაქმების უნარები და შესაძლებლობები, საგრანტო კონკურსები. რეპროდუქციული ჯანმრთელობა და შრომითი უფლებები, სოციალური მედია, ინტერნეტი როგორ შეიძლება გამოვიყენოთ… მათ უკვე შექმნეს საინიციატივო ჯგუფები. გვინდა, რომ შეიქმნას ქალების ერთიანი სივრცე, რადგან მთავარია სოლიდარობა,“ – გვიყვება ლია ფუტკარაძე.

30 კურსდამთვარებულიდან რამდენიმეს საგრანტო კონკურსისთვის ბიზნესგეგმაც მოუმზადებია. ლია ფუტკარაძეს იმედი აქვს, რომ ამ პროექტის კურსდამთავრებული ბიზნესმენებიც გახდებიან, თუმცა ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ მისთვის უფრო მთავარი ის ემოციები და რეპლიკებია, რასაც ამ ქალებისგან ისმენს:

„ჩემი ქმარი მეუბნება, შენ უკვე სხვანაირად საუბრობო… ერთი ყვებოდა, დედამთილს თურმე ეუბნებიან, სად დადის შენი რძალიო. მე მჯერა, რომ ისინი დაძლევენ შიშს“, – აღნიშნა ლია ფუტკარაძემ.

„საორსას“ საინფორმაციო შეხვედრა სოფლად მცხოვრებ ქალებთან

მთავრობამ 7,6 მილიონის ქონება „რივიერას“ 1 ლარად გადასცა, რა იზარალა ბათუმმა – აუდიტი

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, აჭარის საკუთრებაში არსებული შპს „ბათუმის ნავსაყუდელი 2015“, რომლის საწესდებო კაპიტალიდან მთავრობამ იახტკლუბის ნავსაყუდელი ამოიღო და „სილქ როუდ ჯგუფის“ შვილობილ „რივიერას“ იჯარით გადასცა, მომგებიანი კომპანია იყო.

„მომგებიანი კომპანიის საწესდებო კაპიტალიდან ქონების ამოღებით ამ კომპანიამ შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო დაკარგა. აღნიშნული გარიგებით, სახელმწიფო ორგანიზაციებმა საერთო ჯამში ქონების წლიური საიჯარო ქირის სახით 380 094 ლარი დაკარგეს“, – აცხადებს აუდიტი.

შპს „რივიერას“, ბათუმის ზღვისპირას მდებარე 12 533 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე 923 44 კვ.მ ნავსაყუდელი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის 2017 წლის ბრძანებით, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 ლარად გადაეცა სარგებლობაში.

გარდა ამისა, როგორც აუდიტი აღნიშნავს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სსიპ − ბათუმის ბულვარის სარგებლობის უფლება გაუქმდა ბათუმის ზღვისპირა ბულვარში მდებარე, საერთო ჯამში 5 455 კვ.მ მიწის 2 ნაკვეთზეც, რომლებსაც „ბულვარი“ იჯარით გასცემდა.

„ამრიგად, 7 601 880 ლარის საბაზრო ღირებულების საკურორტო ინფრასტრუქტურის ქონების, ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულთან [ბათუმის მუნიციპალიტეტთან – ავტ.] შეთანხმების გარეშე, 1 ლარად, 20 წლის ვადით სარგებლობაში გაცემის შედეგად, სახელმწიფო ორგანიზაციებმა საერთო ჯამში წლიური საიჯარო ქირის სახით 380 094 ლარი დაკარგეს მაშინ, როცა მოიჯარე კომპანიის საინვესტიციო ვალდებულება 20 წლის განმავლობაში, 3 მილიონი აშშ დოლარით განისაზღვრა [გაფორმებული ხელშეკრულების პირობების თანახმად, საიჯარო ვადის გასვლის შემდეგ, შპს „რივიერა“ ისარგებლებს ვადის გაგრძელების უპირატესი უფლებით.] ამასთანავე, აუდიტის პერიოდისათვის ვერ მოხერხდა იახტკლუბის განვითარების პროექტის სამინისტროსთან შეთანხმება და განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცება, რაც არ პასუხობს საინვესიტიციო გარემოს გაუმჯობესებისა და ეფექტიანი საბაზრო ეკონომიკის განვითარების პრინციპებს და შესაძლოა ავტონომიური რესპუბლიკის ქონების არამართლზომიერ განკარგვასთან იყოს დაკავშირებული“ – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

– – –

შპს „რივიერამ“, რომელსაც აჭარის მთავრობის წინაშე ბათუმის იახტკლუბის განვითარების ვალდებულება აქვს აღებული, ბათუმის იახტკლუბი ქვეიჯარით შპს „ბათუმის იახტ კლუბს“ გადასცა.

„ბათუმის იახტ კლუბი“, სახელმწიფოსგან ზღვის 1 ჰექტარამდე ფართობის 2037 წლამდე სარგებლობაში გადაცემასაც ითხოვს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ეს ტერიტორია მათ იახტების მოძრაობის უსაფრთხოებისთვის სჭირდებათ. ბათუმის იახტკლუბთან ზღვის აკვატორიის ნაწილი, სახელმწიფომ 2019 წელს მიწის ნაკვეთად, სწორედ ამ კომპანიის მიმართვის შემდეგ დაირეგისტრირა.

მთავარი ფოტო: ბათუმის იახტკლუბი/ფოტომონტაჟი იახტკლუბის განვითარების კონცეფციიდან

– – –

2017-2018 წლებში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ბათუმის მერიის მიერ ავტონომიური რესპუბლიკის, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტისა და ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, არსებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების მართვისა და განკარგვის მოქმედ კანონმდებლობასთან და სხვა მარეგულირებელ ნორმებთან შესაბამისობის ანგარიში, აუდიტის სამსახურმა 2019 წლის 8 ნოემბერს გამოაქვეყნა.

სახელმწიფო აუდიტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშთან დაკავშირებით, დღეს, 11 ნოემბერს, კომენტარი გააკეთა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ.

ამ თემაზე:

თორნიკე რიჟვაძის განმარტება აჭარის ქონების იაფად გაყიდვაზე

 

41-მილიონიანი ტენდერი „ოცნების ქალაქში“ კორპუსების ასაშენებლად

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ქალაქ ბათუმში, მეჯინისწყლის დასახლებაში მდებარე მიწის ნაკვეთზე [ფართობი: 9327 კვ.მ] მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 41 468 000 ლარია.

მშენებლობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვეში უნდა დასრულდეს.

პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით: „სოციალური მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის წარმოადგენს ცამეტსართულიან კარკასული ტიპის შენობას. გარე კედლებისათვის გამოყენებულია 60X30X20 სმ-იანი პენო ბლოკი. ±0.00 ნიშნულზე მოწყობილია პარკირების ზონა, რაც ხელს უწყობს +2.70 ნიშნულზე ბინების განიავებას. +0.30 ნიშნულზე არის საოფისე ფართობები. კომპლექსის პირველ და მეორე ბლოკს აქვს სამი კიბე და ორი ლიფტი, მესამე შენობას ორი კიბე და ერთი ლიფტი. გარე კედლებზე ბლოკის შემდეგ მოეწყობა ვენტილირებადი ფასადი“.

პროექტის მიხედვით, სამ შენობაში თორმეტ სართულზე მოეწყობა 582 საცხოვრებელი ბინა: I შენობა – 213 ბინა, II შენობა – 285, III შენობა – 84 ბინა. საცხოვრებელი ბინები „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ოჯახებისთვისაა განკუთვნილი.

ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის 8 დეკემბერს დაიწყება და 13 დეკემბერს დასრულდება.

„ოცნების ქალაქში“ ბინების მშენებლობაზე ტენდერის გამოცხადება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ რამდენიმე საათის წინ, ბრიფინგზე დააანონსა.

მთავარი ფოტო: „ოცნების ქალაქი“ / ფოტომონტაჟი ტენდერიდან

ამ თემაზე:

„ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლები ბინებს 2021 და 2023 წლებში მიიღებენ – პროგრამა

 

პენსია შეუწყვიტეს 67 წლის ქალს, რომელიც თანხას აგროვებდა ბანკში, საპენსიო ანგარიშზე

თუ პენსიონერი ხართ და კუთვნილი სახელწიფო პენსიის შეგროვება გადაწყვიტეთ საპენსიო ანგარიშზე ისე, რომ ჩარიცხულ პენსიას არ გამოიტანთ, ექვს თვეში სახელმწიფო  პენსიას საერთოდ შეგიჩერებთ.

ასეთი რეალობის წინაშე აღმოჩნდა 67 წლის პენსიონერი, მედეა კვაჭაძე თბილისში. მას საპენსიო სააგენტომ კუთვნილი 7 თვის პენსია, 1 260 ლარი [2019 წლის 1-ელ იანვრამდე საქართველოში პენსია 180 ლარი იყო] მხოლოდ იმიტომ არ მისცა, რომ პენსიონერს რამდენიმე თვის განმავლობაში პენსია ანგარიშიდან არ გაჰქონდა, რადგან თანხის შენახვა ჰქონდა გადაწყვეტილი.

„არ მაქვს ისეთი გაჭირვება, ოჯახში შვილებთან ერთად ვცხოვრობ, და მყავს ამერიკაში და იქედან რაღაცას მიგზავნის ხოლმე. გადავწყვიტე, პენსია მომეგროვებინა და შემენახა რემონტისთვის. ერთხელაც ბავშვებისთვის მინდოდა მეყიდა რაღაც, მივედი, გამოვიტანე ცოტა ფული და ვიკითხე, რამდენი დამრჩა ანგარიშზე. მცირე თანხა მითხრეს და გამიკვირდა, კი მაგრამ, ამდენი ხანია არ გამომიტანია, უფრო მეტი თანხა რატომ არ დაგროვდა-მეთქი. გადაამოწმა ოპერატორმა და მითხრა, თქვენ შეწყვეტილი გაქვთ პენსია რამდენი ხანიაო. ვუთხარი, რას ჰქვია შეწყვეტილია, გგონიათ მოვკვდი-თქო?“ – გვიყვება მედეა კვაჭაძე.

მედეა კვაჭაძის თქმით, მას პენსია ისე შეუწყვიტეს, რომ არავინ დაკავშირებია და არავის გაუფრთხილებია იმის თაობაზე, რომ თუ კი პენსიას ექვსი თვის განმავლობაში საპენსიო ანგარიშიდან არ გაიტანდა, პენსიას შეუწყვეტდნენ.

„არ უნდა დაერეკათ? როგორმე ხომ უნდა შეეტყობინებინათ ჩემთვის? რა საქციელია ეს? როგორ შეიძლება ამხელა ფულის დაკარგვა“, – ამბობს მედეა კვაჭაძე. 2019 წლის იანვარში მან განცხადებით მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს და მას პენსია აღუდგინეს, თუმცა  პენსიის შეჩერების პერიოდიდან – ერთი წელი და შვიდი თვე, სახელმწიფომ მხოლოდ ერთი წლის პენსია აუნაზღაურა და სოციალური მომსახურების სააგენტომ უარი განაცხადა პენსიონერისათვის აენაზღაურებინა დარჩენილი 7 თვის თანხა.

მედეა კვაჭაძემ მუშაობა 18 წლიდან დაიწყო, ჯერ რუსთავში მუშაობდა დამხმარე მუშად, შემდეგ – საავადმყოფოში, უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ კი ეკონომისტად – წლების განმავლობაში.

„ძალიან დავზარალდი, ვერ წარმომედგინა, რომ ასე დამეკარგებოდა ფული. მინდა სხვებისთვის მაინც იყოს გასათვალისწინებელი, მითხრეს, რომ შეიძლება რამე შეიცვალოს“, – გვითხრა მედეა კვაჭაძემ. მისი სახელით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ახლა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა სარჩელით.

საია ითხოვს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის და საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების იმ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც ითვალისწინებს პენსიის შეჩერებას, თუ პენსიონერმა 6 თვის განმავლობაში საბანკო ანგარიშზე დატოვა პენსია. პენსიონერს აქვს პენსიის განახლების მოთხოვნის უფლება, თუმცა მას აუნაზღაურდება მხოლოდ ერთი წლის პენსია.

„საპენსიო თანხებზე ადამიანს აქვს საკუთრების უფლება. საკუთრების უფლება ასევე გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას დაზოგვის გზით დააგროვოს უფრო მეტი თანხა, პენსიის შეჩერების გზით კი სახელმწიფო სჯის პენსიონერს თავისი ფულის მიმართ მესაკუთრული უფლებამოსილების გამოყენების გამო“, – აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

ამასთან, საიას არაკონსტიტუციურად მიაჩნია ის, რომ სახელმწიფო სრულად არ ანაზღაურებს მის მიერ არაკონსტიტუციურად შეჩერებული პენსიის თანხას და იხდის მხოლოდ ერთი წლის მიუღებელ პენსიას. საიას აზრით, გასაჩივრებული ნორმები ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-19 მუხლით აღიარებულ საკუთრების უფლებას.

ამავე თემაზე:

https://netgazeti.ge/news/385391/

თორნიკე რიჟვაძის განმარტება აჭარის ქონების იაფად გაყიდვაზე

დღეს, 11 ნოემბერს, აჭარის მთავრობაში ბრიფინგი გაიმართა, სადაც მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ დამტკიცდა „ოცნების ქალაქში“ დაგეგმილი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პროექტი და მალე ტენდერიც გამოცხადდება.

დღევანდელ ბრიფინგზე თორნიკე რიჟვაძემ გააკეთა კომენტარი სახელმწიფო აუდიტის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაზეც, სადაც წერია, რომ აჭარის მთავრობა საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასად ყიდის სახელმწიფო ქონებას.

„ჩვენ ამ ნაწილში გაგვიჭირდება დეტალებში შევიდეთ, რადგან ეს ეხება წინა წლებს, მაგრამ ეს რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება და ის განკარგულება, რომელიც მივიღეთ ჩვენ, დაახლოებით ერთი წლის წინ, ემსახურებოდა სწორედ ამ ნაკლოვანებების აღმოფხვრას და დღეის მდგომარეობით ყველა ბიზნესსუბიექტი აჭარაში ოპერირებს თანაბარ გამჭვირვალე ბიზნესგარემოში“, – აცხადებს თორნიკე რიჟვაძე.

აუდიტის დასკვნაში წერია, რომ „სამინისტროში (იგულისხმება ეკონომიკის სამინისტრო) ბუღალტრულად არ არის აღრიცხული უძრავი ქონების განკარგვასთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულების პირობების დარღვევისთვის დარიცხული პირგასამტეხლო“.

აუდიტის დასკვნაში საუბარია საჯარიმო თანხების ჩამოწერაზეც: „2018 წელს, აჭარის ქონების განკარგვის მიზნით გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის პირობებში, დარიცხული საჯარიმო სანქციის აღდგენის ნაცვლად, განხორციელდა პირგასამტეხლოს ჩამოწერა. ამასთანავე, ფიქსირდება აუცილებლობის დასაბუთების გარეშე პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების ფაქტები“.

თორნიკე რიჟვაძე თანხების ჩამოწერასთან დაკავშირებით აუდიტის ჩანაწერზე აცხადებს: „როცა საუბარია იმაზე, რომ ბიზნესს გავუკეთეთ ერთგვარი ამინისტია, სწორედ ამ რეკომენდაციების გათვალისწინებით მოხდა ერთიანი ჩარჩო-გარემოს შექმნა და სწორედ ამან დააბალანსა საჯარო და კერძო ინტერესი, რომ მომავალში გამოირიცხოს ნებისმიერი ამ ტიპის ნაკლოვანება სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ ქმედებებში“.

აუდიტის დასკვნაში ასევე ვკითხულობთ, რომ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შიდა კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველყოფს საინვესტიციო ხელშეკრულების პირობების შესრულების სათანადო მონიტორინგს, „რაც სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებაზე არადროული და არასათანადო კონტროლის დაწესებისა და ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის შესახებ აუდიტორულ დასკვნებში ფიქტიური მონაცემების დაფიქსირებაში გამოიხატება“.

საუბარია ასევე იმაზე, რომ შეფერხებებით ხორციელდება მსხვილი საინვესტიციო პროექტები. მაგალითად, „კურორტ გოდერძიზე გაფორმებული 19 ხელშეკრულებიდან, 2019 წლის 31 მაისის მდგომარეობით, 7 შემთხვევაში, ხელშეკრულების პირობები არ სრულდება, რაც 27 300 000 ლარის საინვესტიციო ღირებულების პროექტების შეფერხებას განაპირობებს,“ – აცხადებს აუდიტი, რაზეც თორნიკე რიჟვაძე ამბობს, რომ „ეს შეფერხებები იყო ადრე, ახლა კი ყველა საინვესტიციო პროექტი შეუფერხებლად მიმდინარეობს“.

 

აბორტების რიცხვი ბოლო 10 წელში 42%-მდე შემცირდა – ჯანდაცვა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო კვლევების მიხედვით, რეპროდუქციული ასაკის ქალებში აბორტების მაჩვენებელი დაახლოებით 42 პროცენტამდე შემცირდა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ეს მაჩვენებელი ოჯახის დაგეგმარებისა და სწორი კონტრაცეპციის დამსახურებაა.

„ბოლო ათი წლის განმავლობაში აბორტების მაჩვენებელი არის მნიშვნელოვნად შემცირებული. თუ მანამდე, ვთქვათ, კეთდებოდა 700 აბორტი, ახლა ეს მაჩვენებელი შემცირებულია 400-მდე და ეს სწორედ ოჯახის დაგეგმარების დამსახურებაა“, – ამბობს თამარ გაბუნია.

მისი თქმით, გაეროს მოსახლეობის 2015 წლის კვლევის მიხედვით, რეპროდუქციული ასაკის ქალების დაახლოებით 17 პროცენტი ამბობდა, რომ კონტრაცეპციაზე არ მიუწვდებოდა ხელი. „2017  წლის კვლევის მიხედვით კი, ეს მაჩვენებელი ჩამოსულია 15 პროცენტზე. ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ ეს 15 პროცენტიც აღარ იყოს და ყველას ჰქონდეს ხელმისაწვდომობა ოჯახის დაგეგმვის იმ მეთოდებზე, რომლებიც არის მისთვის უპირატესი და მოსახერხებელი და შესაბამისი იქნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან“.

თამარ გაბუნიას თქმით, სხვადასხვა კონტრაცეპტული საშუალებიდან, ყველაზე ნაკლები მოთხოვნა არის აბებზე, მიუხედავად იმისა, რომ ქალებს უფასოდ შეუძლიათ ამ მომსახურების მიღება დონორი ორგანიზაციების დახმარებით, რადგან აბები არ არის უნივერსალური საშუალება და შესაძლოა, ჰქონდეს გვერდითი ეფექტები.

თუ აბების გამოყენებაზე არ აქვს ქალს ექიმის დანიშნულება, ალტერნატიული საშუალება კი ფასიანია, თუ არსებობს სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც შეუძლია სოციალურად დაუცველ პირს ამ მომსახურების მიღება? – ამ კითხვის პასუხად თამარ გაბუნია ამბობს, რომ საჭიროა კონკრეტული შემთხვევის ინდივიდუალურ დონეზე განხილვა და „შესაძლოა ეს მომსახურება რომელიმე რეფერალური პროგრამის ფარგლებში მიიღოს პირმა“.

თამარ გაბუნიას თქმით, კონტრაცეპცია დღეს ყველა ქალისთვის არის ხელმისაწვდომი. თუმცა კითხვაზე, რა იგულისხმება ხელმისაწვდომობაში, კონტრაცეპტივის სიაფე თუ სახელმწიფო სერვისები, თამარ გაბუნია ამბობს, რომ ბარიერული საშუალებების გამოყენება (მაგალითად, კონდომი ან საშვილოსნოს შიდა კონტრაცეპცია (ე.წ სპირალი), არის ფასიანი, „მხოლოდ აბები შეუძლია მიიღოს ქალმა უფასოდ, თუმცა ცალკეული შემთხვევები შეიძლება განვიხილოთ ინდივიდუალურად“.

თამარ გაბუნიას თქმით, ფაქტია, რომ აბორტების შემცირების დინამიკა არის სტაბილური და ეს არის სწორედ ოჯახის დაგეგმარების, მოსახლეობის ინფორმირებულობის და პირველადი ჯანდაცვის დონეზე ინფორმაციის მიწოდების შედეგი.

„კონსულტაციის მიღების შესაძლებლობა ყველას აქვს პირველადი ჯანდაცვის დონეზე, რომელიც ფინანსდება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში და კონტრაცეპციის  სხვადასხვა მეთოდზე შეუძლიათ ქალებს ექიმისგან ინფორმაციის მიღება.

ფაქტია, რომ ეს სტრატეგია მუშაობს, ამიტომ განვიხილავთ ამ სტრატეგიას ყოველ წელს, რომ დალაგდეს პრიორიტეტები და უნივერსალურ ფორმატში, რაც საჭირო იქნება, იმაზე გაკეთდეს აქცენტები“, – ამბობს თამარ გაბუნია.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, აუცილებელია მოსახლეობის განათლება ამ მიმართულებით და სამედიცინო პერსონალის გადამზადება, რომ ყველა დონეზე იყოს მიწოდებული ინფორმაცია ოჯახის დაგეგმარებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ.

აჭარის მთავრობამ ქონების ფასი 4,9 მილიონით შეამცირა და ისე გაყიდა – აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, შემოწმების შედეგად დაფიქსირდა შემთხვევები, როცა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარდგინების საფუძველზე, ექსპერტის მიერ დადგენილი, ქონების საწყისი საპრივატიზებო ღირებულება, აჭარის მთავრობის შესაბამისი ბრძანებებით, „ყოველგვარი არგუმენტების გარეშეა“ შემცირებული.

მარტო 5 ქონების გასხვისების შემთხვევაში, აუდიტორის მიერ შეფასებული ქონების საერთო ღირებულება, მთავრობის მიერ 5 მილიონამდე ლარითაა შემცირებული და ისე არის გასხვისებული.

ინფორმაცია საწყისი საპრივატიზებო ღირებულების შემცირების შესახებ [აუდიტის ანგარიშიდან]:

აუდიტი აცხადებს, რომ „ცხრილში მოყვანილ შემთხვევებში, ექსპერტის მიერ შეფასებული ქონების ღირებულება, ყოველგვარი არგუმენტების გარეშე, ჯამში შემცირებულია 4 913 055 ლარით“.

„აუქციონები ფაქტობრივად უკონკურენტო გარემოში წარიმართა, რის შედეგად აღნიშნული ქონების პრივატიზება, საბაზრო ფასთან მიმართებით ნაკლები თანხით განხორციელდა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მოპოვებული ინფორმაციის შესაბამისად, გამარჯვებული კომპანიების მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები ვერ სრულდება ან/და ქონება დატვირთულია იპოთეკით, რაც საწყისი საპრივატიზებო ღირებულების შემცირებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების არაეფექტურობაზე მიუთითებს და საინვესტიციო პროექტების წარმატებით განხორციელების რისკებს შეიცავს“, – აღნიშნულია ანგარიშში.

აუდიტი ასევე აცხადებს, რომ ფიქსირდება საკითხისადმი არაერთგვაროვანი მიდგომა. კერძოდ:

„ქ. ქობულეთში, დავით აღმაშენებლის გამზირის N291-ში მდებარე 26213 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზება, მიწის ნორმატიული ღირებულებით (1 კვ.მ − 55 ლარი), 2017 წელს მოითხოვა შპს „რანჩომ“, რომლის წინადადება არ იქნა გაზიარებული.

შპს „ალიანსის“ თხოვნის შემთხვევაში კი, აუდიტორული კომპანია „ინტელექტ აუდიტის“ მიერ 1 790 760 ლარად შეფასებული ქონება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2018 წლის 13 თებერვლის ბრძანებით 367 260 ლარით შემცირდა და 1 423 500 ლარით განისაზღვრა (1 კვ.მ − 54,3 ლარი).

აუქციონი გამოცხადდა შპს „ალიანსის“ მიერ შემოთავაზებული წინადადების ანალოგიური პირობებით [ხელშეკრულების გაფორმებიდან 48 თვის ვადაში, არანაკლებ 200-ნომრიანი სასტუმროს, სპა ცენტრის, ბავშვთა გასართობი სივრცის, ღია სპორტული მოედნის და კვების ობიექტების მშენებლობას და ექსპლუატაციაში გაშვება; აღნიშნულ პროექტში არანაკლებ 25 000 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება], რის გამოც შესაძლოა შეიზღუდა კონკურენცია. 2018 წლის 12 მარტს ჩატარებული აუქციონი უკონკურენტო გარემოში წარიმართა და ერთადერთი პრეტენდენტის, შპს „ალიანსის“ გამარჯვებით დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მოტივით, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 თვის შემდეგ, 2018 წლის 12 აპრილს, კომპანიამ მოითხოვა უძრავი ქონების საკადასტრო ერთეულებად დაყოფა და ვალდებულების გარეშე გაყიდვის უფლება, რაზედაც უარი ეთქვა. ამასთანავე, წარმოდგენილი ასაშენებელი ობიექტის ვიზუალური ესკიზი, სამინისტრომ არ მოიწონა და მოთხოვნილია გაუმჯობესებული არქიტექტურული გადაწყვეტისა და იერსახის მქონე პროექტის წარმოდგენა“.

„სამინისტროში არ არის უზრუნველყოფილი ქონების საწყისი საპრივატიზებო/სარგებლობის ღირებულების ზუსტი განსაზღვრა, რაც ქონების არასრულყოფილ შეფასებებსა და საბაზრო ღირებულების გაუთვალისწინებლობაში გამოიხატება… საწყისი საპრივატიზებო ღირებულების შემცირების საკითხთან მიმართებით, ადგილი აქვს არაერთგვაროვან მიდგომას, რაც შესაძლოა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების არამართლზომიერი განკარგვის რისკებს შეიცავდეს. სამინისტრომ შეიმუშაოს და პრაქტიკაში დანერგოს შიდა კონტროლის სისტემა, რომელიც საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე დაყრდნობით, პრივატიზების/სარგებლობის ყოველი კონკრეტული შემთხვევისათვის, შეფასების საერთაშორისო სტანდარტების გამოყენებით განსაზღვრავს ქონების საწყის საპრივატიზებო/სარგებლობის ღირებულებას. ამასთანავე, საწყისი საპრივატიზებო საფასურის შემცირება შესაძლოა განხორციელდეს მხოლოდ კერძო და საჯარო ინტერესების დაცვის პრინციპებზე დაყრდნობით, სახელმწიფოს პრიორიტეტულ სფეროში განსახორციელებელი პროექტების მხარდაჭერის მიზნით,“ – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

2017-2018 წლებში სამინისტროსა და მერიის მიერ ავტონომიური რესპუბლიკის, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტისა და ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, არსებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების მართვისა და განკარგვის მოქმედ კანონმდებლობასთან და სხვა მარეგულირებელ ნორმებთან შესაბამისობის ანგარიში, აუდიტის სამსახურმა 2019 წლის 8 ნოემბერს გამოაქვეყნა.

– – –

სახელმწიფო აუდიტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშთან დაკავშირებით, დღეს, 11 ნოემბერს, კომენტარი გააკეთა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ.

ამ თემაზე:

საკონტეინერო გადაზიდვები 34 %-ით გაიზარდა

საქართველოს რკინიგზამ 2019 წლის 10 თვის განმავლობაში 64 000 კონტეინერი (TEU)  გაატარა, რაც რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს. ეს მონაცემები 34 %-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს და  გაორმაგებულია 2016 წლის მონაცემებთან შედარებით. 

საქართველოს რკინიგზის მიერ  მიმდინარე წელს გადაზიდული ტვირთების საერთო მოცულობა, ნედლი ნავთობის გარეშე,  8, 57 მილიონ ტონას შეადგენს, რაც 2018 წლის მაჩვენებელთან შედარებით 7%-ით მეტია.  

თუ კი  გასულ წლებში საქართველოს რკინიგზით უმეტესწილად ნედლეული – ნავთობი, მადნები, ხორბალი თუ სხვა საქონელი გადაიზიდებოდა, დღვანდელი მონაცემებით, მზარდია დამუშავებული პროდუქციის კონტეინერებით გადაზიდვა. 2019 წლის ცალკეული თვეების მიხედვით, რკინიგზას ყველაზე მაღალი დატვირთვა ოქტომბერში ჰქონდა, როდესაც მთლიანად გადაზიდული ტვირთების რაოდენობამ 1 მილიონ ტონას გადააჭარბა. 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში კი  825 ათასი ტონა ტვირთი გადაიზიდა. 

ბსუ-ს მედიკოსის ინგლისურენოვანმა პროგრამამ აკრედიტაცია გაიარა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანმა საგანმანათლებლო პროგრამამ აკრედიტაცია გაიარა.

დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი პროგრამა ბსუ-ში ერთსაფეხურიანია და ამ პროგრამაზე ძირითადად საერთაშორისო სტუდენტები სწავლობენ.

„პროგრამა აქამდეც მოქმედებდა, საჭირო იყო ხელახალი აკრედიტაცია და საკმაოდ დიდი მიღწევაა, რომ დიდი კონკურენციის ფონზე მოგვენიჭა აკრედიტაცია მომავალი 7 წლის განმავლობაში,“ – ამბობს პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი სოფიო ბერიძე.

დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვან პროგრამაზე სწავლა ექვსწლიანია, ამჟამად ბსუ-ში ამ პროგრამაზე 625 სტუდენტი სწავლობს.

უხარისხო ტუალეტი და 600 ლარი ქრთამი – ქობულეთის მერის წარმომადგენლების საქმე

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ქობულეთში დაკავებულ სამ საჯარო მოხელეს. გირაოთი მხოლოდ ავთანდილ ნემსიწვერიძე გაათავისუფლეს, რის მიზეზადაც მოსამართლემ ბრალდებულის ასაკი [68 წელი] და ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების პროცესი დღეს, 11 ნოემბერს გაიმართა.

“300 ხელმოწერა გვაქვს სოფლიდან. ისინი ადასტურებენ, რომ მათი სოფლის გამგებელი კეთილსინდისიერია,” – მიმართა მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძეს ადვოკატმა ილია წულუკიძემ. იგი ქობულეთში 8 ნოემბერს დაკავებული საჯარო მოხელეებიდან ერთ-ერთის – გიგა ცეცხლაძის ინტერესებს იცავს.

გიგა ცეცხლაძე ქობულეთის მერის წარმომადგენლად მუშაობდა სოფელ ხალაში. მას გამოძიება ქრთამის – 600 ლარის აღებას ედავება. პროკურატურის ვერსიით, სოფლის გამგებელმა ჩაქვისთავში საპირფარეშოს “ნაკლები მასალებით და მოცულობით” აშენებაზე დახუჭა თვალი.

გიგა ცეცხლაძესთან ერთად გამოძიებამ 8 ნოემბერს ქობულეთში კიდევ სამი საჯარო მოხელე დააკავა.

“ჩვენ პარლამენტარი მოვიყვანეთ თავდებად,” – განაგრძო ადვოკატმა ილია წულუკიძემ და მოსამართლეს ხელით მიუთითა დარბაზის იმ ნაწილისკენ, სადაც საქართველოს პარლამენტის ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი – კობა ნაკაიძე იჯდა. მან მოსამართლეს თავდებობაზე თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა.

“აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, არჩილ ხაბაძეცაა თანახმა თავდებობაზე. ის დღეს აქ არ არის,” – დასძინა ილია წულუკიძემ.

პროკურატურის ვერსიით, ოთხივე ბრალდებულის შემთხვევაში, სამუშაოები სოფლად “The independent bussines group”- ს უნდა შეესრულებია ტენდერის პირობების შესაბამისად. ოთხივე შემთხვევაში ამ კომპანიის წარმომადგენელი – ბადრი ჭიპაშვილი ფიგურირებს, რომელიც ამტკიცებს, რომ სოფლის რწმუნებულებმა ფული მოსთხოვეს, ხოლო ერთ-ერთ მათგანს ფული გადასცა და თან ფარულად ვიდეოც გადაუღო.

“ამ ბადრი ჭიპაშვილმა საკუთარი თაღლითობის დაფარვის მიზნით დაადანაშაულა საჯარო მოხელეები,” – აღნიშნა ადვოკატმა ილია წულუკიძემ.

იგივე მოსაზრება სხვა ადვოკატებმაც გაიზიარეს. მაგალითად, მზექალა ზოიძე მიიჩნევს, რომ ეს “დადგმული სცენა” იყო და ქრთამის ამღები რომ ყოფილიყო საჯარო მოხელე, ” სახლი გასარემონტებელი არ ექნებოდა”.

მზექალა ზოიძე გენადი ბერიძის ინტერესებს იცავს, რომელიც მერის წარმომადგენელი სოფელ საჩინოში იყო. გამოძიების ვერსიით, მან კომპანიის წარმომადგენელს – ბადრი ჭიპაშვილს ქრთამის, 500 ლარის სანაცვლოდ საკუთარი სახლის ეზოში ბეტონის დასხმა მოსთხოვა.

ამ შემთხვევაში დავის საგანი სალექციო დარბაზია, რომლის სრულყოფილი რეაბილიტაცია სოფელ ქვედა აჭყვაში არ განხორციელებულა. ამ სოფლის რწმუნებულიც გენადი ბერიძე იყო.

“კადრებიდან ჩანს, როგორ უხეშად აბამს დანაშაულში გენადი ბერიძეს. ამ ბადრიმ  ფაქტობრივად სარემონტო სამუშაოებზე კი არა, ამათ დაკავებაზე იმუშავა,” – დაამატა ადვოკატმა მზექალა ზოიძემ.

დუმილის უფლება შეინარჩუნა არჩილ მართალიშვილმაც. იგი მერის რწმუნებული სოფელ ქაქუთში იყო. ამ შემთხვევაშიც დავის საგანი საზოგადოებრივი ტუალეტია, რომლის მშენებლობასაც, გამოძიების ვერსიით, ბრალდებული “უმიზეზოდ იწუნებდა”, შემდეგ კი, ქრთამი – 500 ლარი მოითხოვა.

გამოძიების მტკიცებით, მერიის წარმომადგენლები ინსპექტორების ჯგუფში იყვნენ და როცა სარეაბილიტაციო სამუშაოებზე “ეკონომია გაკეთდა”, ამის შემდეგ ბრალდებულებს მიღება-ჩაბარების აქტებზე აღარ უნდა მოეწერათ ხელი.

“ეს ბრალი დაუსაბუთებელი და უკანონოა,” – მიმართა ადვოკატმა დავით საფარიძემ მოსამართლეს. მას არ დაუკონკრეტებია, რა არის უკანონო.

გამოძიების ვერსიით, ყველაზე მეტი ქრთამის სახით – 1000 ლარი ავთანდილ ნემსიწვერიძეს აუღია. იგი ქობულეთის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი სპეციალისტია. საქმეში დევს ნემსიწვერიძისგან თანხის აღების ამსახველი ვიდეო კადრებიც.

“სადმე ისმის ამ ჩანაწერში მიღება-ჩაბარება, ან დაპირება, რომ ხელს მოუწერს? – არ ისმის. მან ფული მისცა, როგორც კაცმა კაცს. კაცი ვარ და პატივს გცემო,” – თქვა ადვოკატმა რამინ პაპიძემ. იგი ავთანდილ ნემსიწვერიძის ინტერესებს იცავს.

ამ ადვოკატმა აქცენტი მთავარ მოწმეზე გააკეთა, ანუ კომპანიის წარმომადგენელ ბადრი ჭიპაშვილზე, რომელიც გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში არ ამბობს, რომ ნემსიწვერიძემ მას ფული მოსთხოვა.

“აქ წერია, რომ პირიქით, მან შესთავაზა 1000 ლარი, რაზეც ნემსიწვერიძე დამთანხმდაო… პროკურატურამ მიზანმიმართულად დაამახინჯა ეს ფაქტი, რომ საზოგადოებრივი განწყობა შექმნას,” – აღნიშნა რამინ პაპიძემ.

კიდევ ერთი დეტალი, რაზეც ადვოკატმა ისაუბრა, ავთანდილ ნემსიწვერიძის თანამდებობაა.

“პროკურორმა აქ გააჟღერა, რომ ავთანდილ ნემსიწვერიძე მერიის კონტროლის და ინსპექტირების ჯგუფს ხელმძღვანელობდა. ეს სიცრუეა. აი, დოკუმენტი, სადაც ჩანს, რომ ავთანდილ ნემსიწვერიძე მხოლოდ ინსპექტირების ჯგუფს ხელმძღვანელობდა,” – მომართა მოსამართლეს ადვოკატმა რამინ პაპიძემ და ის ოფიციალური დოკუმენტი ამოიღო საქმიდან, რომლის მიხედვითაც კონტროლის ჯგუფს ქობულეთის მერის მოადგილე – ლევან ზოიძე ხელმძღვანელობდა.

ლევან ზოიძე ან ქობულეთის მერიის სხვა მაღალჩინოსნები დღევანდელ პროცესს არ დასწრებიან.

რატომ გადაწყვიტა პარლამენტის წევრმა – კობა ნაკაიძემ ბრალდებულების მხარდაჭერა და ერთ-ერთი მათგანისთვის თავდებობაც?

“მე მჯერა მათი უდანაშაულობის… ვიცნობ მრავალი წელია,” – უთხრა “ბათუმელებს” პარლამენტის წევრმა, კობა ნაკაიძემ სასამართლო პროცესის დაწყებამდე. მან ასევე დაგვიდასტურა ის, რომ ბრალდებული, ვისაც იგი თავდებად დაუდგა, პოლიტიკური აქტივისტი იყო “ქართული ოცნების” სასარგებლოდ.

რატომ არ დადგა იმ კომპანიის პასუხისმგებლობა, რომელმაც ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოები სრულყოფილად ვერ შეასრულა? – ჩვენს ამ შეკითხვას სასამართლო პროცესის შემდეგ პროკურორმა ირაკლი დონდოლაძემ მოკლედ უპასუხა: “გამოძიება გრძელდება”.

 

 

 

 

 

ბათუმმა 1 მილიონზე მეტი ლარი დაკარგა პირსის უკანონოდ გამოყენების გამო – აუდიტი

ბათუმის ახალ ბულვარში მდებარე საზღვაო პირსის და მიწის ნაკვეთი ქალაქის მერიამ აუქციონზე გაიტანა, თუმცა, სახელმწიფო აუდიტის მიხედვით, მერიამ აუქციონზე გამარჯვებულთან ხელშეკრულება ვერ გააფორმა. მიზეზი აუდიტის მიხედვით იყო ის, რომ ბათუმის მერიამ ვერ უზრუნველყო ტერიტორიის უკანონოდ სარგებლობის აღკვეთა.

„ქონების უნებართვოდ გამოყენების აღსაკვეთად სამინისტროსა და მერიის შესაბამისი პასუხისმგებელი პირების უმოქმედობის შედეგად, ბიუჯეტმა, საერთო ჯამში, არანაკლებ 1 221 625 ლარის შემოსავლების მიღების შესაძლებლობა დაკარგა, რაც შესაძლოა არამართლზომიერი ქმედების რისკებს შეიცავდეს“, – აცხადებს აუდიტი.

აუდიტის ანგარიშის მიხედვით:

„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ხიმშიაშვილის ქუჩა N13-ის მოპირდაპირე, 271 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 444 კვ.მ ნაგებობის − საზღვაო პირსის იჯარის უფლებით სარგებლობაში გადაცემისათვის გამოცხადებულ აუქციონში გაიმარჯვა შპს „სანტორინომ“. აუქციონის შედეგების შესაბამისად, 36 000 ლარის საწყისი საიჯარო ღირებულების ქონების წლიური საიჯარო გადასახადი 1 126 000 ლარით განისაზღვრა.

საქმეში არსებული მასალებისა და მოპოვებული აუდიტორული მტკიცებულების შესაბამისად ირკვევა, რომ ზემოთ აღნიშნული ნაგებობით [პირსით] უნებართოდ სარგებლობდა  შპს „ეიაიეს გრუპი“ და ამავე ტერიტორიაზე, ფიზიკური პირის მიერ ასევე უნებართვოდ განთავსებული იყო კვების ობიექტი.

ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე მერიამ ვერ უზრუნველყო ტერიტორიის უკანონოდ სარგებლობის აღკვეთა, რაც გახდა ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმის საფუძველი.

„მერიამ 2018 წლის 6 აგვისტოს შპს „ეიაიეს გრუპისგან“, ხოლო 2018 წლის 8 ოქტომბერს ფიზიკური პირისგან მოითხოვა 2017 წლიდან თვითნებურად დაკავებული
ტერიტორიის გამოთავისუფლება და საიჯარო თანხების გადახდა, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებული მოთხოვნები იურიდიულ პირს – ორი თვის დაგვიანებით, ხოლო ფიზიკურ პირს – რვა თვის დაგვიანებით, აუდიტის მიმდინარეობის პერიოდში ჩაბარდა. ამასთანავე, აღნიშნულ პერიოდში მუნიციპალტეტის ქონების უნებართვოდ გამოყენება გრძელდებოდა და აუდიტის მიმდინარეობის პერიოდისთვის, საიჯარო გადასახადის სახით მერიის მიერ დაკისრებული თანხებიც არ არის გადახდილი. შედეგად, ბიუჯეტმა არანაკლებ 1 126 000 ლარის შემოსავლების მიღების შესაძლებლობა დაკარგა“ – აღნიშნულია ანგარიშში.

აუდიტის რეკომენდაციით, ბათუმის მერიამ უნდა შეიმუშაოს და პრაქტიკაში დანერგოს შიდა კონტროლის სისტემა, რომელიც სათანადო მონიტორინგის საფუძველზე დროულად გამოავლენს ბათუმის მუნიციპალიტეტის ქონების თვითნებურად გამოყენების ფაქტებს და მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

„ამასთანავე, მერიამ გაატაროს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები მუნიციპალიტეტის შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიმართ, რომლებსაც ევალებოდათ, ხიმშიაშვილის ქუჩა N13-ის მოპირდაპირედ, 271 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული 444 კვ.მ ნაგებობის – საზღვაო პირსის უნებართვოდ გამოყენების დროული გამოვლენა და სათანადო რეაგირება,“ – აცხადებს აუდიტი.

აუდიტის ანგარიში 2019 წლის 8 ნოემბერს გამოაქვეყნა.

დღეს არსებული სიტუაციით – ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩა N13-ის მოპირდაპირედ არსებული ნაკვეთი და ნაგებობა [პირსი], ბათუმის მერიას, საჯარო რეესტრის ბოლო ამონაწერის მიხედვით, 5-წლიანი იჯარით აქვს გადაცემული ფიზიკურ პირზე, რომელთანაც ხელშეკრულება 2019 წლის 13 მაისსაა გაფორმებული.

მთავარი ფოტო: ვერტმფრენი ბათუმის პირსზე / 2018 წლის ივნისი / ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

ამ თემაზე:

რა ღირს ბათუმში ვერტმფრენით გასეირნება

Exit mobile version