სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების ანგარიში გამოაქვეყნა.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ მუნიციპალიტეტს თავისუფალი ნაშთის სახით საკუთარ ანგარიშზე გააჩნდა 420 ათასი ლარი, თუმცა სრულად ვერ უზრუნველყო ამ თანხის ათვისება, „მაშინ როდესაც მოსაწყობია სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი, ხოლო ზოგიერთი ობიექტი დაზიანებულია და საჭიროებს აღდგენას“.
„2018 წელს მუნიციპალიტეტმა პროგრამული ბიუჯეტი დაგეგმა ისე, რომ ნათლად არ არის განსაზღვრული მიზნები, შუალედური და საბოლოო შედეგები და მათი გაზომვის/შეფასების ინდიკატორები. აღნიშნული გარემოება ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის მათ მართვას, კონტროლსა და შეფასებას იმასთან დაკავშირებით, მიღწეულ იქნა თუ არა პროგრამის მიზნები და განხორციელდა თუ არა საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა პროდუქტიულად და ეფექტიანად“ – აცხადებს აუდიტი.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, შეისწავლეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელები, ჯამში 32 497 800 ლარი და აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:
[crosslist]
მუნიციპალიტეტს ნაშთის სახით საკუთარ ანგარიშზე გააჩნდა მნიშვნელოვანი თანხები. თუმცა ვერ უზრუნველყო თანხების გამოყენება ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების მოსაწყობად, ასევე დაუსრულებელი და დაზიანებული ობიექტების აღდგენისა და დასრულებისათვის. შედეგად არსებული ფულადი სახსრების ეფექტიანად გამოყენება არ ხდება.
ქონების განკარგვის პროცესში არსებული სისუსტეების გამო, მუნიციპალიტეტს იჯარის ფორმით გაცემული აქვს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები, რომელთა ღირებულება არაგონივრულად დაბალია საბაზრო ფასთან შედარებით. შედეგად, მუნიციპალიტეტის მიერ ქონების განკარგვა ხორციელდება არაპროდუქტიულად. ასევე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობდნენ არაუფლებამოსილი პირები.
მოსაკრებლების ადმინისტრირებაში არსებული სისუსტეების გამო, მუნიციპალიტეტის მიერ სათანადოდ არ ხორციელდება ფიზიკური პირებიდან დასუფთავების მოსაკრებლის ამოღება. შედეგად, ადგილობრივი ბიუჯეტი კარგავს დამატებითი შემოსავლების მიღების შესაძლებლობას.
ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვაში, შესრულებასა და კონტროლში არსებული სისუსტეების შედეგად, საგზაო და ნაპირსამაგრი სამუშაოების ნაწილი დაზიანებულია, რაც მიანიშნებს შესრულებული სამუშაოების ხარისხთან დაკავშირებულ პრობლემაზე. გარდა ამისა, საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილი დაზიანებულია. მუნიციპალიტეტს არ მიუმართავს მიმწოდებლებისათვის ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებულ საგარანტიო ვადაში ხარვეზების გამოსწორების მოთხოვნით. მუნიციპალიტეტმა არ შეისწავლა პრობლემის გამომწვევი მიზეზები და პასუხისმგებელი პირების მიმართ არ გაატარა შესაბამისი ღონისძიებები ზიანის ასანაზღაურებლად.
გარე განათების სისტემის საექსპლოატაციო მომსახურების შესყიდვის სატენდერო პროცესი წარიმართა ისე, რომ პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულება არ ეფუძნებოდა რეალურ გათვლებს. დაგეგმვის, შესრულების და კონტროლის პროცესში არსებულმა სისუსტეებმა გამოიწვია ის, რომ საბიუჯეტო თანხები გახარჯულია არაეფექტიანად.
ტექნიკური ზედამხედველები სათანადოდ არ ასრულებდნენ სატენდერო პირობებითა და ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. მუნიციპალიტეტმა ვერ დაასაბუთა რა აუცილებელი საჭიროებით იყო განპირობებული ტექნიკური ზედამხედველის მომსახურებისთვის ხარჯის გაღება, როდესაც ისინი რაიმე სახის განსაკუთრებულ სამუშაოებს არ ასრულებდნენ, რისი შესრულებაც არ შეეძლო მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურს და ინსპექტირების ჯგუფს. ამდენად, მერიის მიერ ტექნიკური ზედამხედველის მომსახურების შესყიდვისთვის გაწეულია არარაციონალური ხარჯი.
მუნიციპალიტეტის სოფლების წყალმომარაგებას ახორციელებდა მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი, რომელსაც არ გააჩნდა შესაბამისი ლიცენზია. სასმელი წყლის ხარისხი ზოგ შემთხვევაში არ შეესაბამებოდა მოთხოვნილ სტანდარტებს. ქალაქში წყლის გადასახადის ადმინისტრირება ხდება სულადობის მიხედვით, ხოლო სოფლებში საერთოდ არ ხორციელდება. აღნიშნული აუარესებს წყალმომარაგებას და ზრდის მუნიციპალიტეტიდან გაცემული სუბსიდიის მოცულობას.
დაგეგმვასა და კონტროლში არსებული მართვის სისუსტეების შედეგად, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ-ებში საშტატო რიცხოვნობა არაგონივრულადაა გაზრდილი. კერძოდ: ზოგიერთი მოსამსახურის მოვალეობები დუბლირებულია ან საერთოდ არ არის განსაზღვრული, ხოლო ზოგიერთი მოსამსახურე პრაქტიკულად არ არის ფუნქციურად დატვირთული. მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა საკმარისი და შესაფერისი მტკიცებულებები იმისა, თუ რა ობიექტური საჭიროებით იყო განპირობებული ა(ა)იპ-ებში ზოგიერთი შტატის არსებობა.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს არათანამდებობის პირებზე უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურებულია მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით, შესაბამისი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე.
სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა აღემატება მთავრობის დადგენილებით რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას. გარდა ამისა, სატრანსპორტო საშუალებებზე მოხსნილი იყო „აგაი“ სისტემა. აღნიშნული წარმოშობს არაავტორიზირებულ ავტომანქანაში როგორც საწვავის ჩასხმის, ასევე საწვავის არასამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენების რისკს. შესაბამისად, მერიამ ტრანსპორტის შენახვისა და ექსპლოატაციის ხარჯის გაწევისას არ დაიცვა საბიუჯეტო სახსრების რაციონალური და გონივრული ხარჯვის პრინციპები.
შიდა აუდიტის სამსახურს არ შეუფასებია, შეესაბამება თუ არა მუნიციპალიტეტის საქმიანობა დაგეგმილ მიზნებსა და ამოცანებს, რამდენად კანონიერად, მიზნობრივად და ეფექტიანად ხდება დაფინანსების გამოყენება, დანერგილია თუ არა ადეკვატური მართვისა და კონტროლის მექანიზმები და სხვ. სამსახურის საქმიანობა ვერ უზრუნველყოფდა მერიის ფინანსების მართვის გაუმჯობესებას, მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობას.
[/crosslist]
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რეზო ხარაზმა პარტიის ბათუმის ოფისში გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო აუდიტის შიდა სამუშაო დოკუმენტი, სადაც საუბარია ქობულეთის მუნიციპალიტეტში შესრულებულ სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოზე, 2019 წლის დეკემბერში წარმოადგინა.
აღნიშნულ საკითხზე მაშინ ქობულეთის მერიის პრესსამსახურმა მოგვაწოდა მერის, მირიან ქათამაძის კომენტარი, სადაც ის ამბობდა, რომ რადგან აუდიტის დოკუმენტი ჯერ ოფიციალურად არ იყო გამოქვეყნებული, საბოლოო შეფასებას ვერ გააკეთებდა:
თუმცა, 2020 წლის 7 თებერვალს, აუდიტის მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებულ ანგარიშში, ფაქტობრივად არაფერი შეცვლილა და ის ნაკლოვანებები და შენიშვნები მეორდება, რაც სამუშაო დოკუმენტში იყო ასახული.