მთავარი,სიახლეები

20 წუთში ავტომანქანაში ჩაასხეს 188 ლიტრი საწვავი, როცა ავზის მოცულობა 60 ლიტრია – აუდიტი

09.12.2019 • 3981
20 წუთში ავტომანქანაში ჩაასხეს 188 ლიტრი საწვავი, როცა ავზის მოცულობა 60 ლიტრია – აუდიტი

ქობულეთის მერიაში 2018 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით 18 ერთეული მსუბუქი, მაღალი გამავლობის სამორიგეო ავტომანქანა ირიცხებოდა. არსებული რაოდენობა აღემატება მთავრობის დადგენილებით რეკომენდებულ ზღვრულ ნორმას – აღნიშნულია აუდიტის სამუშაო დოკუმენტში, რომელიც დღეს, 9 დეკემბერს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რეზო ხარაზმა ბრიფინგზე წარმოადგინა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სამორიგეო ავტომობილების მიერ 2018 წელს სულ დახარჯულია 46 011 ლიტრი საწვავი, ღირებულებით – 99.5 ათასი ლარი. ამასთან, მუნიციპალიტეტებში სატრანსპორტო ლიმიტის ფარგლებში საწვავის ხარჯი დადგენილია „აგაი“ (ნომრიანი პლასტიკური ბარათების) სისტემის მეშვეობით, თუმცა:

„აუდიტის ჯგუფმა დაათვალიერა მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული ავტომანქანები და გამოვლინდა, რომ 12 ავტომანქანას მოხსნილი ჰქონდა „აგაი“ სისტემა, რაც წარმოშობს არაავტორიზებულ ავტომანქანებში როგორც ჩასხმის, ასევე საწვავის არასამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენების რისკს“.

„აღნიშნული დადასტურდა ფაქტობრივი გარემოებებით“, – აღნიშნულია გავრცელებულ დოკუმენტში. – „წარმოდგენილი „აგაი“ სისტემის ამონაწერის შესწავლით გამოვლინდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ცალკეულ ავტომანქანებზე ერთი დღის განმავლობაში, დროის მცირე ინტერვალში, საწვავი ჩასხმულია რამდენჯერმე და მათი ჯამური მოცულობა აღემატება ავტომანქანის საწვავის ავზის მოცულობას. მაგალითად, ერთ-ერთ ავტომანქანაში 20-წუთიან ინტერვალში ჩასხმულია 188 ლიტრი საწვავი, მაშინ, როცა ავტომანქანის საწვავის ავზის მოცულობა 60 ლიტრია“.

ამავე დოკუმენტში წერია, რომ აუდიტის ჯგუფის მიერ ჩატარებული მოკვლევის დროს, ქობულეთის მერიაში გამოვლენილია სხვადასხვა სახის კონკრეტული დარღვევები, რომელთა გამოსწორების მიზნით გაცემულია რეკომენდაციები.

„ეს არის აუდიტის მიგნებები, რომელიც მუშავდება და გადაეგზავნება მუნიციპალიტეტს, საკუთარი მოსაზრების დასაფიქსირებლად“, – უთხრეს „ბათუმელებს“ დოკუმენტთან დაკავშირებით აუდიტის სამსახურში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: