„დიდი ოდენობით თოვლი ძალიან სწრაფად მოვიდა. შეფერხება იყო იმიტომ, რომ ავტომანქანები უკან მიყვებოდნენ ტექნიკას, რომელიც გზას წმენდდა,“ – გვითხრეს საქართველოს საავტომობილო გზების პრესცენტრში ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე, სადაც დღეს, 9 თებერვალს, მოძრაობა შეფერხდა. მახინჯაურიდან გვირაბის მიმართულებით საცობი იყო. მძღოლების თქმით, გზაზე არც ტექნიკური მარილი იყო დაყრილი.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ტექნიკა ინტენსიურად მუშაობს გზის გაწმენდაზე და ტექნიკური მარილიც დაყრილია. „ჩვენ გავაფრთხილეთ კონტაქტორი კომპანია და დაიმატებენ ტექნიკას,“ – აღნიშნეს გზების დეპარტამენტში.
ქუჩების გაწმენდა დაწყებულია ბათუმის ქუჩებშიც. ბათუმის მერიის პრესცენტრის ინფორმაციით, ქუჩებში 30 ერთეული სპეცტექნიკაა მობილიზებული და სადაც ქუჩას წმენდენ, იქ ტექნიკურ მარილსაც ყრიან. ამ დროისთვის სპეცტენიკა ცენტრალურ ქუჩებზე მუშაობს.