განათლება,სიახლეები

თოვლში საკითხავი წიგნები

08.02.2020 • 3922
თოვლში საკითხავი წიგნები

რა სჯობს იმას, თოვლიანი დღეები დასვენების დღეებს რომ ემთხვევა? შეგიძლია სახლში დარჩე, არაფერი არ აკეთო, ანდა რამე ცხელი სასმელ-საჭმელი მოიმზადო და იფიქრო, ახლა რამეს წაიკითხავდა ადამიანიო. ჰოდა, ჩვენც ვიფიქრეთ, ისეთ წიგნებზე მოგვეთხრო, რომელიც ოდესღაც საზამთროდ შემოვინახეთ, წავიკითხეთ და მოგვეწონა.

წიგნებს, რომლებსაც სეზონების მიხედვით ვარჩევთ, ის ჯადოსნურობა ახასიათებთ, რომ ზუსტად გვახსენებს, რა გვეცვა, რას ვჭამდით, გარეთ როგორი ამინდი იყო, რა მუსიკა ისმოდა კითხვის დროს. ამიტომაცაა, ალბათ, თოვლიანი წიგნები ერთი-ორად უფრო ჯადოსნური.

“ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა”

პირველი წიგნი, რომელსაც შემოგთავაზებთ არის ბრიტანელი მწერლის ჯოან როულინგის “ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა”. თუ აქამდე არ შეგიღიათ ჯადოსნური სამყაროს კარები, თუ არ იცით რა ამბები და ინტრიგები ტრიალებს ჰოგვორტსის ჯადოქრების სკოლაში, ზამთარი ამისთვის იდეალური დროა. დაიწყეთ კითხვა და ეგებ დანარჩენი ექვსის წაკითხვაც მოასწროთ, სანამ წელი მიიწურება. მსოფლიოში მილიონობით ადამიანი კითხულობს საგანგებოდ შობის წინ ჰარი პოტერის თავგადასავალს, უყურებენ ეკრანიზაციებს, ეს ერთგვარი ტრადიციაა “პოტერჰედებისთვის”.

“ლომი, კუდიანი და გარდერობი”

შემდეგი ამბის ავტორიც ბრიტანელია. კლაივ ლუისის ნარნიას ქრონიკებიდან უნდა გირჩიოთ ერთ-ერთი წიგნი. რიგითობის მიხედვით “ლომი, კუდიანი და გარდერობი” მეორეა შვიდნაწილიანი ქრონიკიდან. არ ვიცი, თქვენ რა განცდა გაქვთ, როცა ძველ გარდერობს ხედავთ საკუჭნაოში, მაგრამ “ნარნიელებმა” ვიცით, რომ ეს გარდერობი შეიძლება იყოს პორტალი ჯადოსნურ, თოვლით სავსე სამყაროში, რომელსაც ხანდახან შეიძლება ჩვენი დახმარება დასჭირდეს.

წიგნი სავსეა ბიბლიური, ისტორიული და მითოლოგიური ალუზიებით, ასე რომ მისი კითხვა როგორც ბავშვებისთვის, ისე ზრდასრულებისთვის სასიამოვნოა. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, კლაივ ლუისის თხრობის სტილია თავად ჯადოსნური. ის ხანდახან არღვევს ჩვენსა და ავტორს შორის არსებულ ე.წ. “მეოთხე კედელს” და პირადად გვესაუბრება. ასე რომ, ზამთრის არდადეგებისთვის ბებიასა და ბაბუასთან სტუმრობისას ნუ შეგეშინდებათ თუ კარადაში, დათბილული ქურთუკების მიღმა, გადათეთრებულ ნაძვნარს აღმოაჩენთ, ეგება და თქვენ ხართ მთავარი გმირი მერვე წიგნისა, რომელიც ჯერ არ დაწერილა.

“ჩარლი და შოკოლადის ქარხანა”

ბავშვობაში ისე განვიცდით შოკოლადის ქონა-არქონას, ისე გვახარებს ნაირ-ნაირი ტკბილეულის დანახვა მაღაზიებში, რომ ეს დამოკიდებულება დიდობაშიც არ გვტოვებს და ვინ იცის, რამდენი რთული დღე გადაგვიტანია ტკბილეულის დახმარებით. როალ დალის “ჩარლი და შოკოლადის ქარხანა” ის წიგნია, რომელიც ნებისმიერ მკითხველს დააბრუნებს ბავშვობაში, იმ განცდების სიახლოვეს, როცა ვნატრობდით, ნეტა სახლში მოსულმა მშობელმა თან ტკბილეული მოგვიტანოსო.

წიგნი ჩარლიზეა, რომელიც ოჯახთან ერთად ერთ პაწია სახლუკაში ცხოვრობს და იმის ფულიც კი არ აქვს, რომ ჩვეულებრვი შოკოლადი შეიძინოს. სრულიად შემთხვევით კი მომგებიანი შოკოლადის ფილა შეხვდება ოქროს ბილეთით ვილი ვონკას უდიდეს და ჯადოსნურ შოკოლადის ქარხანაში, რომელიც სავსეა ათასნაირი კანფეტით. ამ ამბით როალ დალი კვლავაც ეცდება დაგვანახოს სისადავის მშვენიერება, როგორი შეიძლება იყო კეთილი გამარჯვებული. ეკრანიზაცია, ალბათ, უკვე შეგხვედრიათ საახალწლო გადაცემების ბადეში, მაგრამ როგორც ყველა ნამდვილი წიგნის ჭია, ჩვენც ვფიქრობთ, რომ წიგნი უკეთესია. ასე რომ, ნუ გაატარებთ ზამთარს ვილი ვონკას ოინების გარეშე.

“შენი სახელი დამიძახე”

“შენი სახელი დამიძახე” ანდრე ასიმანის წიგნია, უნატიფესი ამბავია სიყვარულზე, რომელიც ახალგაზრდა ელიოსა და ფილოსოფიის სტუდენტს ოლივერს შორის იბადება შუაგულ ზაფხულში, ჭალასა და ზღვის ნაპირებზე იტალიის პატარა ქალაქში. ეს წიგნი ამ სიაში იმიტომ ჩავსვით, რომ ხანდახან ზამთრის დღეებში ძალიან რთულია წარმოიდგინო, როგორ ანათებს და ათბობს მზე სამყაროს, შენ კი წევხარ ნებიერად მწვანე ბალახზე და საერთოდ არანაირი გეგმა არ გაქვს შესასრულებელი. უბრალოდ უსმენ იმ პეპლების ფრთების მოქნევის ხმას, რომელიც სიყვარულმა ააშრიალა შენს გულ-მუცელში.

კი ხანდახან ცხვირგაყინულებს, ნამდვილად გვჭირდება ასეთი წიგნების კითხვა.

“უცხო”

მეორე “ცხელ” წიგნად ალბერ კამიუს “უცხოს” შემოგთავაზებთ. კამიუ გამორჩეული ავტორი ბევრი რამის გამოა, ერთ-ერთი ღირსება კი ისაა, რომ მის წიგნებს ხშირად კლდისპირამდე მივყავართ, თუმცა კამიუმ ისიც იცის, უკან როგორ მოგვაბრუნოს. უცხოს მოქმედება გავარვარებულ ალჟირში მიმდინარეობს. მთავარი გმირის, მერსოს, გაუცხოება იმ გარემოსადმი, სადაც ცხოვრობს და მისი ამბავი დაგვეხმარება კიდევ ერთხელ გადავიაზროთ ის ნორმები, რასაც ადამიანად ყოფნას ვაწერთ ხოლმე. 

ბევრი ლიტერატურული გამოცემა უცხოს დასაწყისს ერთ-ერთ საუკეთესო დასაწყისად მიიჩნევს: “დღეს დედა გარდაიცვალა, ან იქნებ-გუშინ”. ამ წინადადებიდანვე ხვდება გამოცდილი მკითხველი, რომ რაღაც განსაკუთრებულ ამბავთან აქვს საქმე.

მოკლედ, მეტად აღარ შეგაწყენთ თავს და დაგტოვებთ ზემოთ ჩამოთვლილ წიგნებთან მარტოებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: