მთავარი,სიახლეები

276 შემთხვევაში ქობულეთის პლაჟს უფასოდ სარგებლობდნენ – აუდიტის სამუშაო დოკუმენტი

09.12.2019
276 შემთხვევაში ქობულეთის პლაჟს უფასოდ სარგებლობდნენ – აუდიტის სამუშაო დოკუმენტი

დღეს, 9 დეკემბერს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რეზო ხარაზმა, პარტიის ბათუმის ოფისში ბრიფინგი გამართა, სადაც წარმოადგინა აუდიტის შიდა სამუშაო დოკუმენტი, რომელიც ქობულეთის მუნიციპალიტეტში შესრულებულ სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოს ეხება. დოკუმენტში საუბარია არაერთ დარღვევაზე, რომელზეც „ქობულეთის მერიას შესაბამისი რეაგირება არ მოუხდენია“. აუდიტის სამსახურში გვითხრეს, რომ დოკუმენტი საბოლოო არ არის.

აუდიტის ჯგუფმა შეისწავლა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების განკარგვის მდგომარეობა. აღმოჩნდა, რომ 2019 წელს ამ ქონებით სარგებლობდნენ არაუფლებამოსილი პირები და ფართობის სარგებლობისთვის არ იხდიდნენ შესაბამის საფასურს:

„კერძოდ, 2019 წლის 2-11 ივლისის ჩათვლით გამოვლინდა, რომ ქალაქის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 13 755 კვ.მ ფართის არასასოფლო დანიშნულების მიწა, სულ 400 ობიექტი დაკავებულია პირების მიერ, რომლებიც სეზონურად ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას. პლაჟის ტერიტორიაზე შეზლონგებით, თამარ მეფის ქუჩაზე კაფე-ბარები, სავაჭრო და გასართობი ჯიხურები, აღმაშენებლის ქუჩაზე – გარე ვაჭრობის ადგილები და სხვა ობიექტებიდან მუნიციპალიტეტმა წარმოადგინა მხოლოდ 6 758 კვ.მ ფართობის სარგებლობისთვის გაფორმებული 124 ხელშეკრულება. 276 შემთხვევაში კი საერთო ფართით – 6 997 კვ.მეტრ ფართზე კი არ ჰქონდა გაფორმებული ხელშეკრულებები და პირები არ იხდიდნენ შესაბამის საფასურს“.

აუდიტის დოკუმენტის მიხედვით, შერჩევითი პრინციპით გადამოწმების შედეგად გამოვლინდა შემთხვევები, როცა მერიის საკუთრებაში არსებული ქონებით გარდა სეზონურისა, მრავალი წლის განმავლობაშიც სარგებლობდნენ არაუფლებამოსილი პირები. კერძოდ, სოფელ ცეცხლაურში 7 694 კვ.მეტრის მიწის ნაკვეთით 2011 წლიდან 3 პირი სარგებლობს, ფართობზე გაშენებულია მრავალწლიანი ნარგავები თხილისა და ციტრუსის პლანტაციები. აუდიტი ამბობს, რომ ამ მიწებზე არც ადრე და არც ახლა ქობულეთის მერიას არ აქვს საიჯარო ხელშეკრულებები გაფორმებული.

ამავე დოკუმენტში წერია, რომ 2019 წელს გამოვლინდა შემთხვევები, როცა კერძო პირებს უკანონოდ ჰქონდათ დაკავებული მერიის ქონება და აწარმოებდნენ უკანონო მშენებლობებს, თუმცა ზედამხედველობის სამსახურს არ ჰქონდა შესაბამისი ღონისძიებები გატარებული:

„აუდიტის ჯგუფის მიერ გამოვლენილი გარემოების შემდგომ მერიამ 32 პირი დააჯარიმა 2 ათასი ლარით, ხოლო 7 პირს მისცა გაფრთხილება“.

„ეს არის აუდიტს მიგნებები, რომელიც მუშავდება და გადაეგზავნება მუნიციპალიტეტს, საკუთარი მოსაზრების დასაფიქსირებლად“, – უთხრეს „ბათუმელებს“ დოკუმენტთან დაკავშირებით აუდიტის სამსახურში. ამის შემდეგ გამოქვეყნდება აუდიტის საბოლოო ანგარიში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: