მთავარი,სიახლეები

სხვის ანგარიშზე შევიდა და ფული მოიპარა – განაჩენი

08.02.2020
სხვის ანგარიშზე შევიდა და ფული მოიპარა – განაჩენი

კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევისა და ქურდობისთვის მოსამართლემ ბათუმში მცხოვრებ გ.ვ.-ს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რაც პირობით ჩაუთვალა გამოსაცდელი ვადით. ბრალდებულმა ინტერნეტ-ტოტალიზატორ „ბეთლაივის“ ანგარიშზე ორჯერ მოახერხა შესვლა.

განაჩენის მიხედვით, ორივე შემთხვევა ბათუმში, ერთ-ერთ ინტერნეტ კაფეში მოხდა – დაზარალებულად ცნობილი ლ.კ. ერთ-ერთი კომპიუტერიდან ინტერნეტ-ტოტალიზატორ „ბეთლაივის“ საკუთარ ანგარიშზე შევიდა.

„…დაათვალიერა მის მიერ სისტემურ ელექტრონული ფორმით განთავსებული ფსონი, რომლის სავარაუდო მოგება შეადგენდა 499 ლარს. შერჩეული მატჩების დასრულებამდე სისტემა მომხმარებელს სთავაზობდა მის მიერ უკვე გამოცნობილი პოზიციების შესაბამისი კოეფიციენტების პროპორციულად 245 ლარის გატანას [ე.წ. „ქეშაუტი“].“ – აღნიშნულია განაჩენში.

რამდენიმე წუთში ინტერნეტ კაფეში მყოფმა გ.ვ. დაზარალებულის „ბეთლაივის“ ანგარიშზე შევიდა, ისარგებლა „ქეშაუტის“ სისტემით და „Georgian Card“-ზე გადარიცხა სისტემის მიერ შეთავაზებული 245 ლარი, საიდანაც 240 ლარს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა.

რამდენიმე დღეში იგივე ინტერნეტ კაფეში გ.ვ. ისევ შევიდა ლ.კ.-ს კუთვნილ „ბეთლაივის“ ანგარიშზე. ამჯერად ბრალდებულმა 298 ლარის მითვისება შეძლო.

ბრალდებულმა თავი დამნაშავედ სცნო. მას სადავოდ არ გაუხდია არცერთი მტკიცებულება, რომელიც ამ საქმისთვის შეაგროვეს გამომძიებლებმა. მოსამართლეს მოწმეებისთვის აღარ მოუსმენია და არც ბრალდებულისთვის, რომელსაც არ განუმარტავს, როგორ მოახერხა სხვის ანგარიშზე შესვლა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: